ირაკლი ღარიბაშვილმა და რიკ დემსმა შარლ მიშელის შუამავლობით მიღწეულ შეთანხმებაზე ისაუბრეს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 27 ივლისი 2021 17:10

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ რიკ დემსს შეხვდა.
ირაკლი ღარიბაშვილმა რიკ დემსს საქართველოს დემოკრატიული რეფორმირების პროცესში მისი კონსტრუქციული ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველო რჩება ევროკავშირის ერთგულ მოკავშირედ და დემოკრატიის მნიშვნელოვან დასაყრდენად გეოპოლიტიკურად რთულ რეგიონში. ყურადღება გამახვილდა კავკასიაში საქართველოს პოზიტიურ როლზე და საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარმატებულ მედიაციაზე, რომლის შედეგადაც, სომხეთის 15 მოქალაქე გათავისუფლდა, ხოლო აზერბაიჯანს მნიშვნელოვანი რუკები გადაეცა დანაღმული ტერიტორიების შესახებ.
მხარეებმა 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ისაუბრეს. მთავრობის მეთაურმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს პანდემიის მიუხედავად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამკვირვებლების გამოგზავნისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება მოტივირებულია, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდეს მშვიდ და გამჭვირვალე გარემოში. პრემიერ-მინისტრმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს თხოვნით მიმართა, რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი ჩამოვიდეს ევროპის საპარლამენტო ასამბლეიდან, რათა არავის მიეცეს ნებისმიერი მიზეზით არჩევნებთან დაკავშირებით სპეკულაციის საშუალება.
ირაკლი ღარიბაშვილმა და რიკ დემსმა შარლ მიშელის შუამავლობით მიღწეულ შეთანხმებაზე ისაუბრეს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მმართველმა გუნდმა შეთანხმებით გათვალისწინებული პუნქტები შეასრულა და პროცესი გრძელდება. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ოპოზიციის დიდ ნაწილს ხელი არ აქვს მოწერილი შარლ მიშელის შეთანხმებაზე, რაც პოლიტიკური ვითარების სტაბილიზაციისა და დამშვიდებისთვის შემაფერხებელი ფაქტორია.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ პოლიციამ მაღალ დონეზე იმუშავა, ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი ყველა ძალადობის ფაქტი მოკლე დროში იქნება გამოძიებული და ყველა დამნაშავე სათანადოდ დაისჯება.
პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობა, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჟურნალისტებს თავისუფალი მუშაობის შესაძლებლობა ჰქონდეთ. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ 2012 წლის შემდეგ საქართველო ყველა რეიტინგებით მოწინავე ქვეყანაა, ევროკავშირის ბევრ ქვეყანას უსწრებს წინ და მედია თავისუფლება გარანტირებულია.
მთავრობის მეთაურმა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, რუსეთი განაგრძობს უკანონო ქმედებებს აღმოსავლეთ ევროპაში და ადამიანის უფლებების საკითხებს მანიპულაციისა და პოლიტიკური მიზნებისათვის იყენებს. მისი თქმით, უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის გათავისუფლება დიდი წარმატებაა, რაც საქართველოს და საერთაშორისო პარტნიორების ერთობლივი ძალისხმევით მოხდა. პრემიერმა ხაზი გაუსვა უკანონოდ დაკავებული ირაკლი ბებუას გათავისუფლებისკენ მიმართული ძალისხმევის გაძლიერების მნიშვნელობას.
მთავრობის მეთაურმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების და ნდობის აღდგენის პროცესში ევროპის საბჭოს მიერ გაწეული ძალისხმევისთვის და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციები ადეკვატურად ასახავს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ რთულ უსაფრთხოების და ჰუმანიტარულ ვითარებას. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ კვლავ ხმამაღლა ისაუბროს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების შესახებ და შესაბამისი ნაბიჯები გადადგას იმისთვის, რომ რუსეთის ფედერაციამ მის მიერ აღებული პოლიტიკური და სამართლებრივი ვალდებულებები, მათ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება შეასრულოს.

მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური

წაკითხულია 172 ჯერ

Related items

  • ადამიანის უფლებათა კომისარს სახალხო დამცველმა ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ

    2022 წლის 25 იანვარს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ სტრასბურგში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარ დუნია მიატოვიჩთან. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ სახალხო დამცველის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    ადამიანის უფლებათა კომისარს სახალხო დამცველმა ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ. განიხილეს ასევე, მედია გარემო, თანასწორობის თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მონიტორინგის აუცილებლობა.

    ნინო ლომჯარიამ ხაზი გაუსვა კომისრის მხრიდან უფლებადამცველთა და მედიის წარმომადგენელთა მხარდაჭერის მნიშვნელობას, რომელთა მიმართაც ბოლო წლებში განსაკუთრებით გახშირდა ზეწოლა და თავდასხმები.

    საუბარი შეეხო ასევე სახელმწიფო ინსპექტორის ინსტიტუტის გაუქმებას. სახალხო დამცველმა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს გააცნო საკონსტიტუციო სარჩელი რომლითაც ომბუდსმენი საქართველოს პარლამენტის მიერ 2021 წლის 30 დეკემბერს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს.

  • პრემიერ-მინისტრ ი. ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა

    საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის სხდომა გაიმართა.
    სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 2021 წლის ეკონომიკური შედეგები შეაჯამა.
    ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, 11 თვის წინასწარი მონაცემების მიხედვით, ეკონომიკური ზრდა 10,7%-ს შეადგენს; ჯამში, 10,7 პროცენტის დონეზეა მოსალოდნელი წლიური ზრდის ტემპიც, რაც 2,5-ჯერ მეტია თავდაპირველად პროგნოზირებულ მაჩვენებელზე.
    „მინდა ჩვენს საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, როგორ დავასრულეთ გასული საბიუჯეტო წელი და როგორია 2021 წლის ძირითადი მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრები, მიუხედავად იმ გამოწვევებისა, რომელიც გლობალური პანდემიიდან გამომდინარე, 2021 წელსაც ჰქონდა ქვეყანას.
    როგორც ი. ღარიბაშვილმა აღნიშნა, წელს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პროექტი იქნება ახალი სამუშაო ადგილების შექმნის საკითხი. მან ასევე განაცხადა, მისი ინიციატივით უკვე დაიწყო საზოგადოებრივი სამუშაო ადგილების შექმნაზე მუშაობა და ეკონომიკურმა გუნდმა ამ მიმართულებით ევროპის რამდენიმე ქვეყნის წარმატებული მაგალითები დაამუშავა.

  • ირაკლი ღარიბაშვილმა თურქეთთან ურთიერთობები შეაფასა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ისინი კმაყოფილნი არიან თურქეთთან არსებული სტრატეგიული ურთიერთობებით და განაცხადა, რომ ორმხრივი ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს. ამის შესახებ "TRT-ქართული" იტყობინება.

    მათი ინფორმაციით, ი. ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში გამოსვლისას,  2021 წელს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკა, მთელი წლის განმავლობაში გატარებული ეკონომიკური რეფორმები და სხვა საკითხები შეაფასა. მან პირდაპირ ეთერში, საქართველო-თურქეთის ურთიერთობებზეც ისაუბრა და აღნიშნა: „თურქეთთან ძალიან მჭიდრო, მეგობრული და ძმური ურთიერთობა გვაქვს. მიმდინარე წლის ივნისის თვეში ანკარაში ვიზიტის დროს, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მხრიდან, განსაკუთრებული და თბილი დახვედრისთვის მადლობელი ვარ. მას შემდეგაც ჩვენ გვქონდა არა ერთი სატელეფონო და სხვა კომუნიკაცია. ჩვენ თურქეთთან გვაქვს, ღია და გულწრფელი ურთიერთობა. თურქეთი რა თქმა უნდა,  ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა რეგიონში და ჩვენ გვახარებს მასთან სტრატეგიული პარტნიორობა. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ, გავაძლიეროთ და გავაღრმავოთ ეს ურთიერთობები. ამ მიმართულებით ყველაფერს ვაკეთებ და მიხარია, რომ იგივე მიდგომა აქვს თურქეთის პრეზიდენტსაც. ვფიქრობ, დღეს არის ძალიან კარგი შანსია ამ ურთიერთობის კიდევ უფრო განმტკიცებისთვის,“ განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში.

  • საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ზურაბ აზარაშვილი დანიშნა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ზურაბ აზარაშვილი დანიშნა. ამის შესახებ ი. ღარიბაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
    მისი თქმით, ზ. აზარაშვილის ხელმძღვანელობით ქვეყანაში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, და მათ შორის ქართული ავიაციის აღდგენის საქმეში.
    „ზ. აზარაშვილი არის ძალიან წესიერი, განათლებული ადამიანი. იგი გაიზარდა ექიმის ოჯახში, აქვს ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი, და ფინანსური მენეჯმენტის დიდი გამოცდილება. ასევე კარგად იცის თუ რა პრობლემები აქვს დღეს საქართველოს მოსახლეობას. მინდა ვუსურვო მას წარმატებები ახალ თანამდებობაზე მუშაობისას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
    ზურაბ აზარაშვილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. მიმდინარე წლის 2 თებერვლამდე იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტას“ გენერალური დირექტორი. ასევე იყო შპს „თბილავიამშენის“ გენერალური დირექტორი.
    გარდა ამისა, რამდენიმე წელი მუშაობდა კომერციულ სტრუქტურებში.
    შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მინისტრის თანამდებობა, საკუთარი სურვილით 9 დეკემბერს დატოვა.

  • საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრების თავმჯდომარეობით, ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართა

    საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრების თავმჯდომარეობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართა. 
    კომისიის სხდომა ირაკლი ღარიბაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა გახსნეს. 
    საქართველოს მთავრობის მეთაურმა სომეხ კოლეგას საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე. 
    „მოგესალმებით ბატონო პრემიერ-მინისტრო, პატივცემულო დელეგაციის წევრებო, ძვირფასო სტუმრებო, ჩემთვის დიდი პატივია გიმასპინძლოთ საქართველოში. მივესალმები ჩემს მეგობარს, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს თბილისში.  ამ წელს ეს თქვენი რიგით მეორე ვიზიტია საქართველოში. ერევანში ოფიციალური ვიზიტით ორჯერ ვიყავი და სიამოვნებით და კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, რომ ეს მართლაც მიუთითებს მჭიდრო ურთიერთობაზე, თანამშრომლობაზე, კეთილგანწყობაზე, რომელიც ჩვენს შორის არსებობს და მე მინდა ამ განწყობისა და დამოკიდებულებისთვის მადლობა გადაგიხადოთ. მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ ჩვენი ინიციატივით და მოლაპარაკებით დღეს გამართული ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისია ჩვენს დონეზე, პრემიერ-მინისტრების დონეზე იმართება. რა თქმა უნდა, თქვენი პირადი ჩართულობით განახლდა ეს კომისია, რომელიც წლების განმავლობაში არ იმართებოდა. რა თქმა უნდა, ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ ჩვენს შორის არსებული ძალიან მჭიდრო, მეგობრული თანამშრომლობა კონვერტირდეს რეალურ საქმედ. უნდა განვავითაროთ მჭიდროდ ჩვენი სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები, ვისაუბროთ რეგიონულ პროექტებზე, ინფრასტრუქტურაზე, სხვა პროექტებზე, რომელიც საინტერესო იქნება ორივე ქვეყნისთვის. სწორედ ამ მიზნით, ამ მოტივით შევიკრიბეთ დღეს. ჩვენს შორის ურთიერთობა უმაღლეს დონეზეა. სიამაყით და სიამოვნებით უნდა ითქვას, რომ ასეთი ურთიერთობა არ ყოფილა ჩვენს ქვეყნებს შორის. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყოველთვის გვქონდა ძალიან მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობა, მაგრამ უნდა ითქვას, რომ სწორედ ჩვენი დამსახურებაა ის, რომ ჩვენს მთავრობებს, ქვეყნებს შორის არავითარი გაუგებრობა არ არსებობს და მართლაც იდეალური ურთიერთობა გვაქვს. ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ რეგიონში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა. საქართველო ყოველთვის არის მოტივირებული, რომ ამ პროცესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს და სწორედ ამ მიზნით გავაჟღერე  „მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივა".  მინდა, დაგიდასტუროთ, ბატონო პრემიერ-მინისტრო, რომ ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, მივიღოთ მონაწილეობა რეგიონის მასშტაბით და წვლილი შევიტანოთ რეგიონში მშვიდობის და სტაბილურობის განვითარებაში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 
    საქართველოს მთავრობის მეთაურს სომხეთის დელეგაციის მაღალ დონეზე მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა. 
    „ღრმად პატივცემულო პრემიერ-მინისტრო, ძვირფასო ირაკლი, სხდომის პატივცემულო მონაწილეებო, ქალბატონებო და ბატონებო, გულითადად მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და სომხეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომის მონაწილეებს. უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ქართველ კოლეგებს ტრადიციული, თბილი მიღებისთვის. 

    მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ, საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრებმა ხელი მოაწერეს საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის ეკონომიკურ საკითხებზე თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომის ოქმს. 
    კომისიის სხდომაში საქართველოსა და სომხეთის მთავრობის წევრები და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

    მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური

     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური