საერთაშორისო სწავლება Agile Spirit 2021 ოფიციალურად გაიხსნა

გამოქვეყნებულია სამხედრო
ორშაბათი, 26 ივლისი 2021 15:37

მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „მტკიცე სული 2021“ (Agile Spirit 2021), რომელიც წელს საიუბილეოა და მას საქართველო უკვე მეათედ მასპინძლობს, ოფიციალურად დღეიდან დაიწყო. საერთაშორისო წვრთნების გახსნის ცერემონიალი სენაკში, მე-2 ქვეითი ბრიგადის ბაზაზე გაიმართა. როგორც "ნიუს დეი საქართველოს" თავდაცვის უწყებაში განუცხადეს, სამწყობრო მოედანზე მოწყობილ სწავლებაში მონაწილე ნატოს წევრი 12 და პარტნიორი 3 ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ მიმართა და აღნიშნა, რომ ერთობლივი წვრთნებით კიდევ უფრო გაღრმავდება მონაწილე ქვეყნების სამხედრო ქვედანაყოფებს შორის  ურთიერთთავსებადობა და საბრძოლო შესაძლებლობები. მინისტრმა  მრავალეროვნული სწავლებების საქართველოში ჩატარების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ეს ზრდის ნატოს არსებობას საქართველოში და ხელს უწყობს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას.    

სამწყობრო მოედანზე მოწყობილ 15 ქვეყნის სამხედროებს Agile Spirit 2021-ის ოფიციალური დაწყება თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმაც მიულოცა და წვრთნების წარმატებით აღსრულება უსურვა. სიტყვით გამოსვლისას გენერალმა საქართველოს თავდაცვის ძალებისა და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო ქვედანაყოფებს შორის პარტნიორული შესაძლებლობების გაძლიერებასა და მზადყოფნის შენარჩუნებაზე ისაუბრა, რასაც მრავალეროვნული სწავლება ემსახურება.  

Agile Spirit 2021-ის გახსნას თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები, წვრთნებში მონაწილე ქვეყნების თავდაცვის ატაშეები, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის გუბერნატორი და სენაკის მუნიციპალიტეტის მერი დაესწრნენ. 

Agile Spirit 2021 საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობისა და ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის სარდლობის ორგანიზებით იმართება, რომელსაც დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია ხელმძღვანელობს. საერთაშორისო წვრთნები საქართველოში 6 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება და ხუთ ლოკაციაზე იქნება გაშლილი. წვრთნები ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების ქვედანაყოფებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლებას, მრავალეროვნულ გარემოში ოპერაციების დაგეგმვისა და აღსრულების დროს ოპერატიული შესაძლებლობების დახვეწასა და გაძლიერებას, ასევე მრავალეროვნული მზადყოფნისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის განვითარებას ისახავს მიზნად. 

წაკითხულია 160 ჯერ

Related items

  • შს მინისტრი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებსა და საელჩოების წარმომადგენლებს შეხვდა

    შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან - კარლ ჰარცელთან, ასევე, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებსა და საელჩოების წარმომადგენლებათნ შეხვედრა გამართა. ამის შესახებ შსს-ს ადმინისტრაცია იუწყება.

    შეხვედრაში მონაწილეობდნენ: ავსტრიის, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, საფრანგეთის, იტალიის, ლატვიის, ლიეტუვას, პოლონეთის, შვედეთის სამეფოსა და სლოვენიის ელჩები, აგრეთვე, ბელგიის სამეფოს, ბულგარეთის, ესპანეთის სამეფოს, საბერძნეთის, უნგრეთისა და ნიდერლანდების სამეფოს საელჩოების წარმომადგენლები.
    შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს 2 ოქტომბრის მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და საარჩევნო პროცესის უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
    ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ამოცანაა, ქვეყნის მასშტაბით მართლწესრიგის დაცვა და არჩევნების თავისუფალ, დემოკრატიულ, უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველყოფა. მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო არჩევნებთან დაკავშირებული დანაშაულის პრევენციისა და ეფექტიანი რეაგირების მიზნით, კანონით გათვალისწინებულ შესაბამის ღონისძიებებს ახორციელებს.
    შინაგან საქმეთა მინისტრმა ევროპელ პარტნიორებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მიმდინარე წლის 5-6 ივლისს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სამინისტროს მიერ ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შესახებ.
    შეხვედრის დასასრულს, ვახტანგ გომელაურმა ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელს და ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქტიური და მჭიდრო თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
     
     
  • სპეციალური ოპერაციების ძალებმა რუმინელ სამხედროებთან ერთად საველე სწავლება ჩაატარეს

    საქართველოსა და რუმინეთის თავდაცვის სამინისტროებს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, ორი ქვეყნის სპეციალური ოპერაციების ძალების წარმომადგენლები ყოველწლიურ ერთობლივ სწავლებებს ატარებენ. 
    თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, ერთობლივი გაცვლითი წვრთნების „JCET“ ფარგლებში საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალების სნაიპერთა მომზადების სკოლა რუმინეთის სპეციალური ოპერაციების ძალების მებრძოლებს სნაიპერის კურსს უტარებს.
    6-კვირიანი მომზადების პროგრამა მოიცავს ისეთ კომპონენტებს, როგორიცაა: ავიაციის ჩართულობით ცეცხლის წარმოება, სამთო სროლები, ტაქტიკური მომზადება, კულმინაციური სწავლება და საცეცხლე მომზადება. სწავლების მიზანი სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედროების მომზადების დონის ამაღლებაა.
    აღსანიშნავია, რომ საქართველოში მიმდინარე სწავლების პარალელურად, რუმინეთში სპეციალური ოპერაციების ძალების სპეციალური დანიშნულების ჯგუფის წარმომადგენლები ქართველ კოლეგებს საპარაშუტო მომზადების კურსს უტარებენ, რომელიც თავისუფალი ვარდნის სწავლებას მოიცავს. სწავლების მიმდინარეობისას სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედროები 3000-3500 მეტრიდან ხტომებს ახორციელებენ.

  • Agile Spirit 2021-ის ფარგლებში საჰაერო-სადესანტო წვრთნა გაიმართა (ვიდეო)

    საქართველოში ჩატარებული მრავალეროვნული სწავლებების ისტორიაში პირველად, ქართველი და ამერიკელი სამხედროების მონაწილეობით ერთობლივი საჰაერო-სადესანტო კომპონენტის საჩვენებელი სწავლება გაიმართა. სწავლება ორ ქვეყანას - საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის პარტნიორულ ურთიერთობებს უსვამს ხაზს. Agile Spirit 2021-ის ფარგლებში ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე  საჰაერო სადესანტო წვრთნა საქართველოს თავდაცვის ძალების, ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიისა და ევროპაში აშშ-ის საჰაერო ძალების ერთობლივი მონაწილეობით ჩატარდა.

    საჩვენებელ სწავლებას თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და მისი მოადგილეები, Agile Spirit 2021-ის ქართველი და ამერიკელი ხელმძღვანელები და თავდაცვის ძალების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ. ვაზიანის აეროდრომზე იმყოფებოდნენ „გენერალ მაზნიაშვილის ახალგაზრდული ლეგიონის“ წარმომადგენლებიც.

    საჰაერო-სადესანტო კომპონენტის საჩვენებელი სწავლება ევროპაში აშშ-ის საჰაერო ძალების შვიდი ერთეული C-130 ჰერკულესის ტიპის თვითმფრინავით განხორციელდა. C-130 თვითმფრინავები გერმანიაში, რამშტეინის ბაზაზე არიან დისლოცირებული, Agile Spirit 2021-ის ფარგლებში საჰაერო კომპონენტის მხარდასაჭერად კი, ბორტ ალექსეევკას შერეულ საავიაციო ბაზაზე იმყოფება.

    საჰაერო-სადესანტო კომპონენტის საჩვენებელი სწავლება ვაზიანის აეროდრომის ტერიტორიაზე C-130 თვითმფრინავიდან სამხედრო მძიმე ტექნიკის გადმოსროლით დაიწყო, რის შემდეგაც დანარჩენი თვითმფრინავებიდან პირადი შემადგენლობის დესანტირება განხორციელდა. პარაშუტებით გადმოხტომისას სამხედროებმა Agile Spirit 2021-ში მონაწილე ქვეყნების დროშები გაშალეს. საჰაერო დესანტირების შემდეგ სადესანტო ჯგუფების ქართველმა და ამერიკელმა ხელმძღვანელებმა პარტნიორობისა და მეგობრობის ნიშნად ერთმანეთს პარაშუტისტების ბეჯებიგაუცვალეს. 

    სწრაფი რეაგირების ძალების გადმოსროლის ერთობლივ წვრთნაში საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების სპეციალური ოპერაციების ბატალიონის (დასავლეთი) რეინჯერთა ასეული, იტალიის ქალაქ ვიჩენზაში დისლოცირებული ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის 1-91 საკაველერიო პოლკისა და 173-ე სადესანტო ბრიგადის ორი ასეულის ზომის ქვედანაყოფი მონაწილეობდა.

    სცენარის მიხედვით, მედესანტეებმა სამხედრო აეროდრომის დაკავების ოპერაცია შემდგომში მომყოლი მოკავშირე მრავალეროვნული ძალების მიღებისა და მათ მიერ აეროდრომის დაკავების მიზნით ჩაატარეს.

  • შინაგან საქმეთა მინისტრი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა (ვიდეო)

    საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, რიკ დემსთან შეხვედრა გამართა.

    შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს მიმდინარე აქტუალური საკითხები, მათ შორის მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და საარჩევნო პროცესის უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების მნიშვნელობა.

    შინაგან საქმეთა მინისტრმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მიმდინარე წლის 5 ივლისს თბილისში განვითარებული მოვლენებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ გამოვლენილი ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებების შესახებ.

    ვახტანგ გომელაურმა რიკ დემსს მადლობა გადაუხადა საქართველოში დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერისთვის.

    შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა ევროპის საბჭოსთან სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.

  • Agile Spirit 2021-ში მონაწილე ამერიკული სამხედრო ტექნიკა საქართველოშია

    საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობა მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit 2021-ის მასპინძლობისთვის ემზადება. როგორც "ნიუს დეი საქართველოს" თავდაცვის უწყებაში განუცხადეს, წვრთნების ოფიციალურ გახსნამდე სწავლებაში მონაწილე სხვადასხვა ქვეყნის პირადი შემადგენლობა და სამხედრო ტექნიკა საქართველოში საჰაერო და საზღვაო გზებით ჩამოდის.

    ფოთის პორტში რუმინეთიდან, კონსტანცას პორტიდან, სატვირთო გემით OBIRIX უკვე შემოვიდა აშშ-ის არმიის 173-ე სადესანტო ქვეითი ბრიგადისა და სამხედრო პოლიციის მე-18 ბრიგადის კუთვნილი შეჯავშნული ჰამერები (HMMWVs) და სხვადასხვა სახის ლოჯისტიკური მხარდამჭერი ტექნიკა. საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის J-4 ლოჯისტიკის დაგეგმვის დეპარტამენტის გადაადგილების ეროვნულმა საკოორდინაციო ცენტრმა უზრუნველყო აღნიშნული ტექნიკის მიღების, განთავსების და მარშრუტზე შემდგომი გადაადგილების დაგეგმვა, მართვა და კოორდინაცია. სწავლების აქტიურ ფაზაში მონაწილეობის მისაღებად ამერიკული ტექნიკა უკვე ორფოლოსა და ვაზიანის პოლიგონებზეა გადაყვანილი.

    სწავლებაში მონაწილეობის მისაღებად ამერიკელი სამხედროები საქართველოში საჰაერო გზით ეტაპობრივად ჩამოვლენ და სწავლების ლოკაციებზე - სენაკში, ორფოლოსა და ვაზიანში გადანაწილდებიან. წელს საქართველო მრავალეროვნულ სწავლებას Agile Spirit უკვე მეათედ უმასპინძლებს, რომელიც 5 ლოკაციაზე ჩატარდება.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური