„ბორჯომი“ ლეგენდას აცოცხლებს!

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 23 ივლისი 2021 15:38

რგოლი, რომელსაც მთელი მსოფლიო გაიცნობს, იუვენილური, ანუ პირველქმნილი წყლის აღმოჩენის ისტორიაზეა, ამის შესახებ ნათქვამია კომპანია "IDS ბორჯომი საქართველოს" ადმინისტრაციის განცხადებაში.

130 წლიანი ისტორიის მქონე მინერალური წყალი „ბორჯომი“, ახალ კამპანიას იწყებს, რომელშიც აქცენტს იუვენილური, ანუ პირველქმნილი წყლის აღმოჩენის ისტორიაზე აკეთებს. ვიდეო რგოლი „ბორჯომის“ შესახებ ლეგენდას გვიამბობს, რომლის თანახმად, მონადირეებისგან დაჭრილი ირემი, სწორედ „ბორჯომის“ უნიკალური წყლით განიკურნა.

წლების განმავლობაში ჩატარებული კვლევები ადასტურებს, რომ „ბორჯომი“ იუვენილური წარმოშობის წყალია, რომლის შემადგენლობაშიც 60-ზე მეტი სასარგებლო მინერალია. სწორედ წყლის უნიკალური შემადგენლობა და სასარგებლო თვისებები გახდა ახალი კამპანიის საფუძველი.  

მაცოცხლებელი წყალი, ცოცხალი ლეგენდა - სწორედ ეს არის ახალი კომუნიკაციის მთავარი გზავნილი, რადგან ეს არის წყალი, რომელიც აცოცხლებს სხეულს, გონებასა და სულს.

ირინა კეიდია, „ბორჯომის“ ბრენდ მენეჯერი:

„ქართულ ლეგენდარულ მინერალურ წყალს - “ბორჯომს“ საკმაოდ ამბიციური გლობალური გეგმები აქვს, ვვითარდებით საექსპორტო ბაზრებზე მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ ახალ კომუნიკაციაში აქცენტი „ბორჯომის“ ქართულ წარმოშობაზე და მის უნიკალურ თვისებებზე გაგვეკეთებინა. სწორედ ამიტომ, იუვენილური წყლის აღმოჩენის ისტორია გამოვიყენეთ.  მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ახალი სარეკლამო რგოლის პრეზენტაცია პირველად საქართველოში მოხდება, შემდეგ კი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გავრცელდება.“

ვიდეო რგოლი,  ევროპულმა  კრეატიულმა სააგენტო Virtue-მ საქართველოში, კერძოდ კი ბორჯომის ხეობაში, მარტვილის კანიონში, ზღაპრულ პრომეთეს მღვიმესა და თბილისში გადაიღო. ვიდეოს მთავარი გმირი მოდელი ლიკა რიგვავაა, დიზაინერი -  იკა ბობოხიძე. ზღაპრულ გარემოში, ბრენდი კომპოზიტორ ნიკოლოზ რაჭველისა და ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მიერ, სპეციალურად „ბორჯომისთვის“  შექმნილი მუსიკის ფონზე გვამოგზაურებს.   

ნიკოლოზ რაჭველი, კომპოზიტორი:

„ბორჯომთან ბევრი საინტერესო მოგონება მაკავშირებს, რის გამოც განსაკუთრებით ემოციური იყო ჩემთვის სამუშაო პროცესი. მთავარი ამოცანა იყო, რამდენიმე წამში, მეჩვენებინა ჩვენი ეროვნული იდენტობა. მინდა რომ ვიდეოს ნახვის შემდეგ, მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანს, წარმოდგენა შეექმნას არა მხოლოდ „ბორჯომზე“, არამედ მთელ საქართველოზე, როგორც „ბორჯომის“ სამშობლოზე. მუსიკის პირველ ეპიზოდში ლელა თათარაიძის სიმღერა „სამშობლოს“ რამდენიმე წამი გამოვიყენე, მეორე ნაწილი კი უკვე სპეციალურად  „ბორჯომისთვის“ შევქმენი. მუსიკის სიმფონიური ნაწილი საქართველოს ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა ჩაწერა. ელექტრონულ ნაწილზე კი გიორგი შამანაურმა იმუშავა.“

 ვიდეო რგოლში მხატვრული ელემენტები და ქართული სიმბოლოებია გამოყენებული. შეიქმნა ბოლნისის ჯვრის ფორმაზე დაფუძნებული,  სპეციალური სიმბოლო-ორნამენტი, რომელიც დატანილია საქართველოს დროშაზეც. სიმბოლო-ორნამენტი ერთმანეთში აერთიანებს „ბორჯომის“ წყაროს, ქართულ იდენტობას და ირემს, როგორც „ბორჯომის“ სიმბოლოს. იმისთვის, რომ საერთაშორისო ბაზრებზე, ბრენდის ქართული იდენტობა კიდევ უფრო ხაზგასმული ყოფილიყო, კომუნიკაციის ტიპოგრაფიაში, „ბორჯომი“ ქართულ მხედრულ დამწერლობას სხვადასხვა ქვეყნის დამწერლობასთან აერთიანებს.

„ბორჯომის ახალი სარეკლამო რგოლი საქართველოს სატელევიზიო სივრცეში დღეიდან ჩაეშვება, მოგვიანებით კი სარეკლამო რგოლი ევროპაში, ცენტრალურ აზიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში გავრცელდება.  

ვიდეო: https://www.facebook.com/borjomi/videos/530295378094471

წაკითხულია 97 ჯერ

Related items

  • კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს ახალი დირექტორი ჰყავს

    კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს გენერალური დირექტორის თანამდებობაზე ივანე მაჭავარიანი დაინიშნა. კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს ადმინისტრაციის ცნობით, საკადრო ცვლილება, კომპანიის ტრანსფორმაციის პროექტის ფარგლებში, სტრუქტურული გარდაქმნის და განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლას უკავშირდება.

    ივანე მაჭავარიანი ქალაქ თბილისში, 1974 წლის 11 თებერვალს დაიბადა. პროფესიული კარიერა მან კომპანია „ჯეოსელში“ 1997 წელს დაიწყო, სადაც 21 წლის განმავლობაში, სხვადასხვა წამყვან პოზიციაზე იმუშავა. 2018 წლის 12 ივლისიდან 2021 წლის 31 მარტამდე, ივანე მაჭავარიანი საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ხოლო 2021 წლის 25 თებერვლიდან, ვიცე პრემიერის თანამდებობას იკავებდა.

    ახალი დირექტორი კომპანიაში საქმიანობას დღეიდან შეუდგა.

  • ბორჯომის ხელმძღვანელობასა და გაფიცულ თანამშრომლებს შორის შეთანხმება შედგა

    ბორჯომის ხელმძღვანელობასა და გაფიცულ თანამშრომლებს შორის შეთანხმება შედგა. ამის შესახებ კომპანია "IDS ბორჯომი საქართველოს" ადმინისტრაცია ავრცელებს განცხადებას.
    მასში აღნიშნულია, რომ ბორჯომის N1 ქარხნის ახალი დირექტორი მერაბ ახმეტელი, გაფიცულ თანამშრომლებს შეხვდა და რიგი სიახლეები გააცნო, რომელსაც კომპანია მათ სთავაზობს. ახალი დირექტორი იმედს გამოთქვამს რომ სამუშაო პროცესის აღდგენა ქარხანაში ხვალიდან დაიწყება.

    აღსანიშნავია რომ საკადრო ცვლილებების შესახებ გადაწყვეტილება კომპანიამ შექმნილი ვითარების გამო მიიღო, ნათქვამია განცხადებაში.

     

  • IDS ბორჯომი საქართველოს თანამშრომლების დიდი ნაწილი გამოთქვამს სურვილს, რაც შეიძლება სწრაფად განაახლონ მუშაობა

    კომპანია "IDS ბორჯომი საქართველოს" ადმინისტრაციამ დღეს გაავრცელა განცხადება, რომელსაც "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ:

    "შექმნილი ვითარების გამო, გვსურს კიდევ ერთხელ და ცხადად დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია. უკვე მესამე დღეა, რაც ბორჯომის ჩამომსხმელი ქარხნები გაჩერებულია. წარმოების პროცესის შეჩერება სატრანსპორტო საშუალებების უკანონო ბლოკირებამ გამოიწვია, რომელიც ინიცირებული იყო პროფკავშირების ლიდერის და სხვა აქტივისტების მიერ.

    კომპანია IDS ბორჯომი საქართველო აგრძელებს დიალოგს თანამშრომლებთან. უნდა აღინიშნოს, რომ მათი დიდი ნაწილი გამოთქვამს სურვილს, რომ რაც შეიძლება სწრაფად განაახლონ მუშაობა.

    ერთადერთი ფაქტორი რაც ხელს უშლის ბორჯომის ქარხნების მუშაობის განახლებას, ეს არის უპასუხისმგებლო მოქმედებები, რომლებიც ქარხნებში სატრანსპორტო შესასვლელებს ბლოკავს", - აღნიშნულია კომპანია IDS "ბორჯომი საქართველოს" ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.  .

  • IDS ბორჯომი საქართველო პროფკავშირების დესტრუქციული ქმედებების გამო თანამშრომლებთან მოლაპარაკებებს ვერ ახერხებს

    კომპანია IDS ბორჯომი საქართველო ახალ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ IDS ბორჯომი საქართველო პროფკავშირების დესტრუქციული ქმედებების გამო თანამშრომლებთან მოლაპარაკებებს ვერ ახერხებს.

    კომპანია IDS ბორჯომი საქართველო კიდევ ერთხელ ადასტურებს  მზადყოფნას, დაუკმაყოფილოს გაფიცულ თანამშრომლებს ხელფასების ზრდის მოთხოვნა, მათთვის ბოლო შეხვედრაზე გაჟღერებული კიდევ უფრო გაუმჯობესებული პირობებით.

    თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ კომპანიის ხელმძღვანელობასთან თანამშრომლების პირდაპირი მოლაპარაკება სამწუხაროდ, შეუძლებელია გაფიცვების ორგანიზატორი, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფესიული კავშირის დესტრუქციული ქმედებების გამო, რომელიც უკრძალავს ჩვენს თანამშრომლებს დამსაქმებლებთან შეხვედრას მისი ჩართულობის გარეშე, რაც კომპანიისთვის კატეგორიულად მიუღებელია.

    გვსურს კიდევ ერთხელ და ცხადად განვმარტოთ კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს პოზიცია.

    ბორჯომის ქარხნებში წარმოების პროცესი დროებით შევაჩერეთ, რადგან უკანონო ქმედებები, რომელსაც ადგილი ჰქონდა აქციაზე, საფრთხეს უქმნის ადამიანების ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას. გზების უკანონო ბლოკირება პროვოცირებული და ორგანიზებული იყო აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფესიული კავშირის თავმჯდომარის - გიორგი დიასამიძის მიერ. მიგვაჩნია, რომ დიასამიძე მოქმედებს მხოლოდ პირადი ინტერესებიდან გამომდინარე და არ ზრუნავს ჩვენი თანამშრომლების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე, სწორედ ამიტომ ვთვლით, რომ მისი მონაწილეობა პროცესის წარმატებით დასრულებას ხელს შეუშლის.

    ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობდით და ვსაუბრობთ ჩვენს თანამშრომლებთან, მათ შორის პროფკავშირებში გაერთიანებულებთანაც და ახლაც ნებისმიერ დროს მზად ვართ შესახვედრად და მოსალაპარაკებლად.

  • ბორჯომის ქარხნების მუშაობა არ გაჩერებულა - კომპანია "ბორჯომი" გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

    კომპანია "IDS ბორჯომი საქართველოს" ადმინისტრაციამ დღეს გაავრცელა განცხადება, რომელსაც "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ.

    კომპანია "IDS ბორჯომი საქართველოს" განცხადება!

    "ქალაქ ბორჯომში, პროფესიული კავშირების გაერთიანების მიერ ორგანიზებული,  IDS ბორჯომი საქართველოს ჩამომსხმელი ქარხნების თანამშრომლების ნაწილის გაფიცვა მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ პროფ. კავშირების მიერ გაფიცვის დროდ მოწოდებული იქნა 18 მაისის დილის 10.00 საათი, დღეს დილით 08.00 საათზე პირველი ცვლა სამსახურში არ გამოცხადდა, რაც წარმოადგენს მიზანმიმართული საბოტაჟის მცდელობას, რომელიც ორგანიზებულია პროფკავშირების მიერ. გაფიცული თანამშრომლების მოთხოვნა ხელფასების 50% ზრდაა.

    ვწუხვართ შექმნილი ვითარების გამო, და  გვსურს აღვნიშნოთ, რომ კომპანია IDS ბორჯომი საქართველო, როგორც პასუხისმგებლიანი დამსაქმებელი, ზედმიწევნით იცავს საკუთარ სოციალურ ვალდებულებებს. ჩვენი თანამშრომლების ანაზღაურება 30-40%-ით მეტია დღეს, შრომის ბაზარზე არსებულ საშუალო სტატისტიკურ მაჩვენებელზე. გარდა ამისა, კომპანიაში არსებობს ბონუსების, ფულადი დახმარებების, შვილების სწავლების დაფინანსების პროგრამები, ჯანმრთელობის დაზღვევა, კვება და  სხვა სახის შეღავათები. მნიშვნელოვანია, რომ პანდემიის გამო ეკონომიკური კრიზისის და კომპანიის შემცირებული შემოსავლის მიუხედავად, 100%-იანი ხელფასით შევინარჩუნეთ თითოეული თანამშრომელი და მეტიც სწორედ პანდემიის დროს, მაშინ როდესაც 2020 წელს ინფლაციის ოფიციალური მაჩვენებელი 6.5% იყო, 2020 წლის აპრილში გავზარდე სახელფასო ფონდის 10%-ით, რაც თითოეული თანამშრომლის ანაზღაურებაზე აისახა. კომპანიაში შევქმენით მაქსიმალურად უსაფრთხო გარემო თანამშრომლებისთვის.

    კომპანია ამჯერადაც მზად არის, პანდემიის დროს, უკვე მეორედ უზრუნველყოს ხელფასების მატება  პოზიციების მიხედვით, სამართლიანი გადანაწილების პრინციპით. რაც სამწუხაროდ გაფიცული თანამშრომლებისთვის მისაღები არ აღმოჩნდა.  

    აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის ბორჯომის ჩამომსხმელი N1 და N2 ქარხნები მცირედი შეფერხებებით აგრძელებს მუშაობს.

    ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი კომპანია, მზად ვართ სამართლებრივ ჭრილში გავმართოთ კონსტრუქციული დიალოგი ჩვენს თანამშრომლებთან, რის მცდელობაც ბოლო პერიოდში არაერთხელ გვქონდა. ამიტომ ჩვენ გაფიცულ თანამშრომლებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, გამოიჩინონ მეტი პასუხისმგებლობა და იმედს ვიტოვებთ, რომ მოლაპარაკებების გზით მივიღებთ ყველასთვის ოპტიმალურ გადაწყვეტილებას", - აღნიშნულია კომპანია IDS "ბორჯომი საქართველოს" ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.  

     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური