23 ივლისს ტოკიოში ოფიციალურად გაიხსნება ზაფხულის XXXII ოლიმპიური თამაშები

გამოქვეყნებულია სპორტი
ხუთშაბათი, 22 ივლისი 2021 14:34
23 ივლისს ტოკიოში ოფიციალურად გაიხსნება ზაფხულის XXXII ოლიმპიური თამაშები, რომელშიც 35 ქართველი სპორტსმენი სპორტის 11 სახეობაში იასპარეზებს. როგორც საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო იტყობინება, ქართველი ოლიმპიელების ძირითადი ნაწილი უკვე ტოკიოშია და შეჯიბრებების დაწყებამდე ოლიმპიადისთვის მოწყობილ არენებზე ვარჯიშობს.
️დღეს ტოკიოში „Asaka shooting” არენაზე მორიგი ვარჯიში გამართა ტყვიის სროლაში ოლიმპიურმა ჩემპიონმა ნინო სალუქვაძემ, რომელიც მეცხრე ოლიმპიური თამაშებისთვის ემზადება. ნინო სალუქვაძე 23 ივლისს ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გახსნის ღონისძიებაზე, კიდევ ერთ ოლიმპიურ ჩემპიონთან ძალოსან ლაშა ტალახაძესთან ერთად საქართველოს ოლიმპიური გუნდის მედროშე იქნება. აღსანიშნავია, რომ ნინო სალუქვაძე ერთადერთი ქალი სპორტსმენია ოლიმპიური თამაშების ისტორიაში, ვინც მეცხრე ოლიმპიურ თამაშებზე წარდგება.
საქართველოს ოლიმპიური გუნდის ერთ-ერთი ლიდერი 25 ივლისს, ამავე არენაზე 10 მეტრიდან პნევმატური პისტოლეტით სროლაში წარდგება. 29 ივლისს კი 25 მეტრიდან სპორტული პისტოლეტით სროლაში იასპარეზებს. ოლიმპიურმა რეკორდსმენმა, საქართველოს ოლიმპიური გუნდის ვიცე-პრეზიდენტმა ნინო სალუქვაძემ ტოკიოში გამართული ვარჯიშის შემდეგ სამინისტროს პრესსამსახურთან მოახლოებულ ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებით შემდეგი კომენტარი გააკეთა.
ნინო სალუქვაძე (ოლიმპიური ჩემპიონი): „დამღლელი გზის და საზღვარზე არსებული მკაცრი რეგულაციების გავლის შემდეგ იაპონიაში შემოვედით და აკლიმატიზაციის პროცესს გავდივართ. ჩვენი ექიმები ყველაფერს აკეთებენ საიმისოდ რომ ეს რთული ეტაპი წარმატებით დავძლიოთ და შეჯიბრებებს სრულ მზადყოფნაში შევხვდეთ, თუმცა დრო ძალიან ცოტა რჩება. ეს ოლიმპიადა რიგით მეცხრეა ჩემთვის და ალბათ ყველაზე რთული. პანდემია სავარჯიშო და საშეჯიბრო პროცესს სერიოზულ ზიანს აყენებს, თუმცა ამ თვალსაზრისით ყველა ერთნაირ პირობებში ვართ.
ოლიმპიური გუნდის მედროშეობა დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა. საქართველოს ოლიმპიური გუნდის მედროშე პირველად 2012 წელს ლონდონში გამართულ ოლიმპიურ თამაშებზე ვიყავი. მეორედ ეს პატივი ტოკიოში ურთულეს ოლიმპიურ თამაშებზე მერგო. საქართველო იაპონიაში გამოცდილი და ნიჭიერი ახალგაზრდების გუნდით არის წარმოდგენილი და თითოეული მათგანი ყველაფერს გააკეთებს საიმისოდ, რომ ქართველი გულშემატკივარი გაახაროს.
გუნდში ყველა ჯანმრთელადაა. სავარჯიშო პროცესში აქტიურად არიან ჩართულები და დანარჩენი უკვე უშუალოდ თამაშებზე გამოჩნდება. საქართველოს ოლიმპიური გუნდის თითოეულ წევრს წარმატებას ვუსურვებ“.
წაკითხულია 151 ჯერ

Related items

  • პანდას ბელები პირველად გამოჩნდნენ ზოოპარკის დამთვალიერებლების წინაშე (ვიდეო)

    პანდას ტყუპმა ბელებმა, „შაო შაომ“ და მისმა დამ „ლეი ლეიმ“, რომლებიც ივნისში ტოკიოს ზოოპარკში დაიბადნენ, პირველი ნაბიჯები გადადგეს და აღფრთოვანებული თაყვანისმცემლების სმარტფონების წინ პოზირებაც კი გადაწყვიტეს.

    ტოკიოს ზოოპარკის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ნაჩვენებია პანდას ბელები, რომლებიც ერთად სხედან ხეზე და თამაშობენ. ისინი მიირთმევენ ბამბუკს, და ცდილობენ ერთმანეთს დაასწრონ ხეზე ასვლა, რასაც თან ახლავს ხალხის სიმხიარულე და აღფრთოვანება.

    საჯარო დებიუტის მოსამზადებლად პანდას ტყუპები და მათი დედა ზოოპარკის ახალ გარემოში სპეციალურად გადაიყვანეს, სადაც ისინი მიეჩვივნენ ხმაურს და ადამიანის ხმებს.

    შეგახსენებთ, რომ ტყუპი ბელების დაბადება პირველი იყო ტოკიოს უენოს ზოოპარკისთვის, იაპონიის უძველესი ზოოპარკისთვის, მას შემდეგ რაც დაარსდა - 1882 წელს. ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზაციის აღსანიშნავად, ჩინეთმა იაპონიას პანდა პირველად 1972 წელს აჩუქა. 


     

  • WHO: პეკინში ოლიმპიური თამაშების ჩატარება უსაფრთხოა

    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) საგანგებო ვითარებათა ჯანდაცვის პროგრამის დირექტორის მაიკლ რაიანის განცხადებით, პეკინში ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩატარება ჩინეთის მიერ COVID-19-ის წინააღმდეგ მიღებული ზომების გათვალისწინებით, ინფექციის გავრცელების კუთხით, საფრთხეს არ წარმოადგენს.

    "ისევე როგორც ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, ჩინეთის ხელისუფლებასთან და IOC-თან ზამთრის ოლიმპიური თამაშების უსაფრთხოდ ჩატარების რეკომენდაციათა წარსადგენად ვმუშაობთ. ჩინეთის ხელისუფლებამ მკაცრი ზომები მიიღო და რამდენიმე გზამკვლევი გამოუშვა, რომელთა შეფასებასაც IOC-თან ერთად ვაგრძელებთ. დარწმუნებული ვარ, მიღებული ინფორმაციით და მეტად სერიოზული ზომების გათვალისწინებით, ვირუსის გავრცელების ზრდის რისკს ვერ ვხედავთ ," - აცხადებს მ. რაიანი.

  • ჩინეთ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წელი სრულდება - ინტერვიუ ჩინეთის ელჩთან

    ახალ 2022 წელს, ჩინეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან  30 წელი სრულდება. ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების გეგმებზე, ურთიერთობის პერსპეტქივებზე, პანდემისთან ბრძოლოს კუთხით მხარდაჭერასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე „ჯორჯიან თაიმსს“ ჩინეთის საგანგებო და სრულუფლებიანი  ელჩი საქართველოში - ლი იენი ესაუბრა:

    -  ჩინეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წელთან  დაკავშირებით,  თქვენ, როგორც ჩინეთის ელჩი, ამჟამინდელ ურთიერთობებსა და „სარტყლისა და გზის“ ფარგლებში არსებულ ორმხრივ თანამშრომლობას როგორ შეაფასებდით?  და  რა პერსპექტივა აქვს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შემდგომ განვითარებას?

    -  დიახ, მომავალ წელს, ჩინეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30-ე წლისთავია. კარგი ფაქტია ის, რომ 30 წლის მანძილზე, ამ ორ ქვეყანას შორის ორმხრივმა ურთიერთობებმა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობამ სწრაფი განვითარება პოვა; რომ  ჩინელ და ქართველ ხალხს შორის ურთიერთგაგება და მეგობრობა მუდმივად იზრდება. ბოლო წლებში კი,  მაღალ დონეზე კავშირები ნარჩუნდება; სახელმწიფო საბჭოს წევრი და საგარეო საქმეთა მინისტრი - ვანგ ი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოში, ხოლო, საქართველოს პრემიერ-მინისტრი და სხვა მაღალი თანამდებობის პირები ჩინეთში ესწრებოდნენ დავოსის ფორუმს, ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის ექსპოსა და სხვა მნიშვნელოვან ღონისძიებებს. ისტორიული თუ დღევანდელი გადმოსახედიდან, ჩინურ-ქართული ურთიერთობების განვითარებას ყოველთვის დიდი პერსპექტივა ჰქონდა. იმედი მაქვს, ორი ქვეყანა დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავის მომენტს გამოიყენებს პოლიტიკური ურთიერთნდობის უფრო გასაღრმავებლად, „სარტყლისა და გზის“ და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გასაძლიერებლად, რათა ორმხრივი ურთიერთობები ახალ საფეხურზე გადავიდეს და მეტი კეთილდღეობა მოუტანოს ჩინელ და ქართველ ხალხს. 

    „სარტყლისა და გზის“ ერთობლივი მშენებლობა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ნაწილია. „სარტყლისა და გზის“ თანამშრომლობის რვა წლის შედეგების და გამოცდილების შეჯამებისას, გენერალურმა მდივანმა სი ძინფინგმა ხაზი გაუსვა „ერთობლივი კონსულტაციების, ერთობლივი მშენებლობისა და ურთიერთგაზიარების“ პრინციპის დაცვას, ინფრასტრუქტურის, როგორც „მყარი კავშირის“ და ნორმებისა და სტანდარტების, როგორც „რბილი კავშირის“ მნიშვნელობას, ინიციატივის მონაწილე ქვეყნებს შორის „ხალხთაშორისი კავშირების“ გაზრდასა და „სარტყლისა და გზის“ მაღალი ხარისხით განვითარებას. ჩვენ სწორედ ამ იდეებით ვხელმძღვანელობთ და საქართველოსთან „სარტყლისა და გზის“ თანამშრომლობას ინტენსიურად ვაძლიერებთ. ქართული მხარის ორგანიზებით, უკვე სამჯერ ჩატარდა თბილისის აბრეშუმის გზის საერთაშორისო ფორუმი. საქართველო ასევე მაღალ დონეზე იყო წარმოდგენილი ჩინეთში გამართულ „სარტყლისა და გზის საერთაშორისო თანამშრომლობის ფორუმზე“. ჩინური კომპანიები საქართველოში ახორციელებენ ინფრასტრუქტურულ პროექტებს და მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ქვეყნებს შორის „მყარი კავშირის“ დასამყარებლად. 2018 წ. ძალაში შევიდა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება. საქართველო გახდა ევრაზიის რეგიონში პირველი ქვეყანა, რომელმაც ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გააფორმა. „რბილი კავშირის“ სტიმულით ორმხრივი სავაჭრო ბრუნვა ზედიზედ რამდენიმე წელია სტაბილურად იზრდება. ჩინეთი ასევე სტაბილურად ინარჩუნებს საქართველოს რიგით მესამე სავაჭრო პარტნიორის პოზიციას და უკვე ნომერ პირველი საექსპორტო ბაზარიც გახდა. კულტურის, განათლების, ტურიზმისა და სხვა სფეროებში თანამშრომლობა ხელს უწყობს ორ ქვეყანას შორის „ხალხთაშორისი კავშირების“ გაზრდას. სულ უფრო მეტი ქართველი ახალგაზრდა ეუფლება ჩინურ ენას, ჩინეთის ახალ საინფორმაციო საიტებზე სულ უფრო ხშირად შეხვდებით ბლოგებს საქართველოს შესახებ, ჩინელი ახალგაზრდობაც სულ უფრო მეტად ეცნობა საქართველოს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩინეთსა და საქართველოს შორის „სარტყლისა და გზის“ ფარგლებში თანამშრომლობას რეალური და ხელშესახები შედეგები აქვს.

    -  წარმოების შესაძლებლობების ზრდის კუთხით თანამშრომლობისა და განვითარების სტრატეგიების დაახლოების გარდა, თქვენი აზრით, კიდევ რა მიმართულებით შეიძლება განვითარდეს ჩინეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა?

    -  ჩინეთი და საქართველო განვითარებადი ქვეყნებია, ამიტომ, მათ მსგავსი განვითარების საჭიროებები აქვთ. პოლიტიკის დონეზე ბევრი საერთო შეხების წერტილია, მაგრამ, ერთმანეთისგანაც ბევრის სწავლა შეგვიძლია. საქართველოს, როგორც „სარტყლისა და გზის“ გასწვრივ მდებარე ქვეყანას, ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა აქვს. საქართველოს მთავრობაც დიდ ყურადღებას უთმობს ამ უპირატესობის გამოყენებას და ქვეყნის ევრაზიის დამაკავშირებელი დერეფნის როლის განვითარებას და ქვეყნის შიგნით ინფრასტრუქტურის შექმნასა და გაუმჯობესებას აქტიურად უწყობს ხელს. ინფრასტრუქტურის შექმნის კუთხით, ჩინეთს ტექნიკური უპირატესობა და მდიდარი საინჟინრო გამოცდილება აქვს. ორი ქვეყანა უკვე არაერთ პრიორიტეტულ პროექტს ახორციელებს და თანამშრომლობის განვითარებისთვის უზარმაზარი პოტენციალიც არსებობს. 

    საქართველო ჩინეთთან სავაჭრო კავშირებს უწყვეტად აღრმავებს. 2018 წ. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ, ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის ზრდის ტენდენცია სახეზეა. ეპიდემიით გამოწვეული საერთო კლების მიმართ ორმხრივი ვაჭრობა საკმაოდ მედეგი აღმოჩნდა. მჯერა, მომავალში საქონლით ვაჭრობა კიდევ უფრო მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს და ორი ქვეყნის მოსახლეობა უკეთ შეძლებს მეორე ქვეყნის საუკეთესო პროდუქტებითა და სერვისებით სარგებლობას. 

    აღსანიშნავია ისიც, რომ სოფლის მეურნეობას საქართველოს წარმოებაში წამყვანი ადგილი უჭირავს. ორმხრივი ძალისხმევით, ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობის მიმართულებით საკმაოდ ბევრი თანამშრომლობის პროექტი ხორციელდება, მათ შორის, აღსანიშნავია სასათბურე მეურნეობების მხარდამჭერი პროექტი. აგრარულ სექტორს  ჩინეთშიც მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, ამიტომ, ჩვენ კარგად გვესმის, რომ სოფლის მეურნეობის განვითარება და გლეხების კეთილდღეობა მჭიდროდ არის ერთმანეთთან დაკავშირებული. ჩინეთმა სულ ცოტა ხნის წინ აღმოფხვრა უკიდურესი სიღარიბე. მჯერა, რომ ეს საერთაშორისო თანამეგობრობისთვის და მათ შორის, საქართველოსთვის ინსპირაციის წყარო იქნება. მზად ვართ, ქართულ მხარეს გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება და ცოდნა. მზად ვართ, მომავალშიც შევუწყოთ ხელი საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარებას. 

    სინამდვილეში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას ძალიან ბევრი მიმართულებით აქვს პოტენციალი, მაგ. ტურიზმის, კულტურის, განათლების და ა.შ. თუმცა, პანდემიის ზეგავლენით, ამ სფეროებში კომპლექსური თანამშრომლობის განვითარება დროებით შეუძლებელია. დარწმუნებული ვარ, პანდემიის დასრულების შემდეგ, ჩინეთსა და საქართველოს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობა უფრო მძაფრად გაიზრდება და ორმხრივი ურთიერთობების განვითარება ჩქაროსნულ ზოლში გადავა. 

    - როგორ შეაფასებდით ჩინეთსა და საქართველოს შორის კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო თანამშრომლობას? ბოლო დროს საქართველოში ეპიდ-მდგომარეობა არც ისე კარგია, კოვიდ-19-ის ახალი შტამის - ომიკრონის გავრცელების შემთხვევაში, ჩინეთი დამატებით დახმარებას თუ გაუწევს საქართველოს?

    -  მისასალმებელია ის ფაქტი, რომ ეპიდემიის დაწყების შემდეგ, ჩვენი ქვეყნები და მოსახლეობა მუდამ ერთმანეთს უჭერენ მხარს  და ეხმარებიან. რეალური ქმედებებით დავამტკიცეთ, რომ მეგობარი გაჭირვებაში იცნობა. ჩინური მხარე „საერთო მომავლის მქონე საზოგადოების“ კონცეფციას ემხრობა, ხელს უწყობს „საერთო ჯანდაცვის მქონე საზოგადოების“ ჩამოყალიბებას, საქართველოს აქტიურად უზიარებს ეპიდემიასთან ბრძოლის გამოცდილებას, საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში ეხმარება კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო პროდუქციით, 200 000 დოზა ვაქცინა საჩუქრად გადასცა, ხოლო 2 600 000 ვაქცინის ექსპორტი მოახდინა, რითაც აქტიური როლი ითამაშა საქართველოში კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში. ქართული მხარეც აქტიურად ეხმარება ჩინეთს: ქვეყანამ საელჩოს მხარი დაუჭირა ჩინეთის მოქალაქეების ვაქცინაციის ორგანიზებაში, რითაც საქართველოში მცხოვრები ჩინელების სიცოცხლე და ჯანმრთელობა უზრუნველყო.

    სამწუხაროდ, მსოფლიოში პანდემია კვლავაც მძვინვარებს. საქართველოში ეპიდ-სიტუაცია შედარებით მძიმეა. რამდენიმე დღის წინ, საქართველოში პირველად დაფიქსირდა ომიკრონის შტამით ინფიცირების შემთხვევა. სპეციალისტების თანახმად, ომიკრონის შტამი ვირუსის წინა შტამებზე 3-4-ჯერ უფრო სწრაფად ვრცელდება, ამიტომ, საქართველო დიდი საფრთხის წინაშე დგას. ჩინეთი ყოველთვის აქტიურად პასუხობს საქართველოს საჭიროებებს და თავისი შესაძლებლობების ფარგლებში აქტიურად ეხმარება მას. ჩინეთი მზადაა დაეხმაროს საქართველოს, რაც შეიძლება მალე გამოვიდეს ეპიდემიის ჩრდილიდან, აღადგინოს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარება.

    -  პეკინის ზამთრის ოლიმპიადა მალე დაიწყება. როგორ ემზადება ჩინეთი ამ ღონისძიებისთვის?

    -  24-ე ზამთრის ოლიმპიური თამაშები პეკინში, 2022 წლის 4 თებერვალს, ოფიციალურად გაიხსნება. ეს მთელი მსოფლიოს სპორტსმენებისა და ზამთრის სპორტის მოყვარულებისთვის გრანდიოზული ღონისძიებაა. პეკინი პირველი ქალაქი იქნება მსოფლიოში, რომელიც, როგორც ზაფხულის, ისე ზამთრის ოლიმპიადას უმასპინძლებს, რითაც ჩინეთისა და ოლიმპიური თამაშების ისტორიაში ახალი თავი დაიწერება. 

    მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარებაა, ჩინეთი ამ ღონისძიებისთვის მაინც მაქსიმალურად ემზადება. იგი ყველაფერს აკეთებს ეპიდემიის პრევენციისათვის და ცდილობს, რომ მსოფლიოს „უბრალო, უსაფრთხო და ბრწყინვალე“ ზამთრის ოლიმპიადა აჩუქოს. წარმატებული ოლიმპიადა მთელი მსოფლიოს ხალხებს რწმენას შემატებს და ეპიდემიის წინააღმდეგ გაერთიანებასაც ხელს შეუწყობს. ვფიქრობ, სწორედ ეს არის ოლიმპიური სულისკვეთება. ზოგიერთ ქვეყანასა და პიროვნებას სპორტის პოლიტიზება სურთ, რასაც, მსოფლიო ქვეყნების უმეტესობის მხრიდან წინააღმდეგობა მოჰყვა. საბოლოოდ მათ მაინც მოუწევთ, რომ მარცხს შეეგუონ.

    მოგეხსენებათ, თხილამურებითა და ციგურებით სრიალი და ზამთრის სპორტის სხვა სახეობები საქართველოშიც ძალიან პოპულარულია. ქვეყანაში არაერთი ცნობილი სამთო-სათხილამურო კურორტია. უკვე 8 ქართველმა სპორტსმენმა მოიპოვა პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის კვალიფიკაცია. იმედია, სამომავლოდ კიდევ უფრო მეტი ქართველი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას  პეკინის ზამთრის ოლიმპიადაში, საკუთარ ნიჭს სრულად წარმოაჩენს და შესანიშნავ შედეგებსაც მიაღწევს.

  • ლაშა ტალახაძე და ლაშა ბექაური 2021 წლის საუკეთესო სპორტსმენებად დასახელდნენ

    გუშინ სასტუმრო ,,ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისში" გაიმართა სეოკ-ის საანგარიშო სესია და 2021 წლის სპორტული შედეგებით საუკეთესოთა დაჯილდოების ცერემონიალი.

    საანგარიშო სესიის დამთავრებისთანავე გაიმართა სეოკ-ის ვერსიით 2021 წლის სპორტული შედეგებით საუკეთესოთა დაჯილდოების ცერემონიალი, რომელსაც უძღვებოდა ოთარ ტატიშვილი.

    დაჯილდოების ცერემონიალი გაიხსნა ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ამსახველი სპეციალური ვიდეო რგოლით.

    სეოკ-ის ვერსიით საქართველოს 2021 წლის საუკეთესო სპორტსმენებად დასახელდნენ ტოკიო-2020-ის ჩემპიონები - ძიუდოისტი ლაშა ბექაური და ძალოსანი ლაშა ტალახაძე, რომლებმაც სეოკ-ის გან მიიღეს საგანგებო პრიზი, ცნობილი მოქანდაკის ლევან ვარდოსანიძის სკულპტურა - ,,ოლიმპიური ალი".

    სხვა ნომინაციებში გამარჯვებულებად გამოცხადნენ:

    საქართველოს 2021 წლის საუკეთესო სპორტსმენი ქალი - ეთერ ლიპარტელიანი (ძიუდო).

    საქართველოს 2021 წლის საუკეთესო მწვრთნელი-ლაშა გუჯეჯიანი(ძიუდო).

    2021 წელს ქალთა სპორტში დასაქმებული საუკეთესო მწვრთნელი-ლალი დოლიძე-ჯანტეზი (მხატვრული ტანვარჯიში).

    საქართველოს 2021 წლის საუკეთესო ფედერაცია-საქართველოს ძალოსნობის ფედერაცია.

    2021 წლის აღმოჩენა, ,,ოლიმპიური იმედი\"-ლერი აბულაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა).

    2021 წლის აღმოჩენა ,,,ოლიმპიური იმედი\"-მარიამ ქერდიკაშვილი (კანოე).

    საქართველოს 2021 წლის საუკეთესო სპორტსმენი სპორტის ზამთრის სახეობებში -მორის ყვითელაშვილი (ფიგურული ციგურაობა).

    საქართველოს 2021 წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი სპორტის სათამაშო სახეობაში-გიორგი მაგრაქველიძე (წყალბურთი).

    საქართველოს ოლიმპიური გუნდის მაღალი დონის სამედიცინო უზრუნველყოფისთვის - საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაცია.

    2021 წელს ოლიმპიური სპორტის მხარდაჭერისთვის- სეოკ-ის გენერალური სპონსორი ს/ს ,,საქართველოს ბანკი.\"

    ოლიმპიური მოძრაობის მედია-მხარდაჭერისთვის-საქართველოს პირველი არხი

    ზაფხულის XXXII ოლიმპიური თამაშების პროფესიონალურად გაშუქებისთვის დაჯილდოვდა სპორტული ჟურნალისტი ლაშა გოდუაძე.

    2021 წლის საუკეთესო რეგიონალური ორგანიზაცია - სეოკ-ის იმერეთის რეგიონალური ორგანიზაცია

    ოლიმპიურ მოძრაობაში მოპოვებული უნიკალური მიღწევებისთვის სპეციალური ჯილდო გადაეცა ნინო სალუქვაძეს.

    ოლიმპიურ მოძრაობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სპეციალური ჯილდო გადაეცა სს,, საქართველოს ბანკის\" გენერალურ დირექტორს არჩილ გაჩეჩილაძეს.

    საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პარტნიორობისთვის - კომპანია ,,თელიანი ველი"

    ოლიმპიურ მოძრაობაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის სპეციალური ჯილდო გადაეცა კომპანია ,, ავერსის\" დამფუძნებელს პაატა კურტანიძეს.

    სეოკ-ის გენერალური სპონსორის სს,, საქართველოს ბანკის\" გადაწყვეტილებით, ,,ტოკიო 2020\" ოლიმპიური თამაშების მედალოსნებს ერთი წლის განმავლობაში დაენიშნებათ ყოველთვიური ხელფასი, ხოლო ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონ-პრიზიორების პირად მწვრთნელებს გადაეცემათ ერთჯერადი ფულადი ჯილდო.

    ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძე, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი, ოლიმპიური ჩემპიონები, სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონ-პრიზიორები , მწვრთნელები, მოწვეული სტუმრები და მედიის წარმომადგენლები.

    წლის ლაურეატების დაჯილდოების ცერემონიალი იყო სეოკ-ისა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთობლივი ღონისძიება. 

  • მოახდენს თუ არა გავლენას კორონავირუსის ახალი შტამი პეკინი-2022-ის ჩატარებაზე

    საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) ცნობით, ახალი შტამის - ომიკრონის გამოჩენის გათვალისწინებით, პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებათა გეგმა შეიძლება გადახალისდეს.

    როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია  განმარტავს, ომიკრონს პოტენციურად შეუძლია ვაქცინის ეფექტურობის შემცირება და სხვა შტამებთან შედარებით უფრო სწრაფად ვრცელდება.

    „COVID-19-თან დაკავშირებული ბოლო მოვლენები ხაზს უსვამს სახელმძღვანელო წიგნში (Playbooks) გაწერილი გეგმის მნიშვნელობას, რომელიც აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება შეიცვალოს და მოერგოს საყოველთაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის კონკრეტულ ამოცანებს," - ნათქვამია IOC-ის განცხადებაში.

    პეკინის ზამთრის XXIV ოლიმპიური თამაშების სტარტს აიღებს 4 თებერვალს. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კორონავირუსის ახალი შტამის - ომიკრონის გავრცელებამ შეიძლება გარკვეული პრობლემები წარმოქმნას დაავადებათა კონტროლის და პროფილაქტიკის სფეროში, მაგრამ ჩინეთს აქვს COVID-19-თან ბრძოლის გამოცდილება და სჯერა, რომ პეკინის ოლიმპიურ თამაშებს წარმატებით და მშვიდად უმასპინძლებს.

    საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი უახლოეს პერიოდში გამოსცემს ოლიმპიური დელეგაციებისთვის განკუთვნილი სახელმძღვანელო წიგნის (Playbooks) განახლებულ ვერსიას.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური