Agile Spirit 2021-ში მონაწილე ამერიკული სამხედრო ტექნიკა საქართველოშია

გამოქვეყნებულია სამხედრო
ოთხშაბათი, 21 ივლისი 2021 15:00

საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობა მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit 2021-ის მასპინძლობისთვის ემზადება. როგორც "ნიუს დეი საქართველოს" თავდაცვის უწყებაში განუცხადეს, წვრთნების ოფიციალურ გახსნამდე სწავლებაში მონაწილე სხვადასხვა ქვეყნის პირადი შემადგენლობა და სამხედრო ტექნიკა საქართველოში საჰაერო და საზღვაო გზებით ჩამოდის.

ფოთის პორტში რუმინეთიდან, კონსტანცას პორტიდან, სატვირთო გემით OBIRIX უკვე შემოვიდა აშშ-ის არმიის 173-ე სადესანტო ქვეითი ბრიგადისა და სამხედრო პოლიციის მე-18 ბრიგადის კუთვნილი შეჯავშნული ჰამერები (HMMWVs) და სხვადასხვა სახის ლოჯისტიკური მხარდამჭერი ტექნიკა. საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის J-4 ლოჯისტიკის დაგეგმვის დეპარტამენტის გადაადგილების ეროვნულმა საკოორდინაციო ცენტრმა უზრუნველყო აღნიშნული ტექნიკის მიღების, განთავსების და მარშრუტზე შემდგომი გადაადგილების დაგეგმვა, მართვა და კოორდინაცია. სწავლების აქტიურ ფაზაში მონაწილეობის მისაღებად ამერიკული ტექნიკა უკვე ორფოლოსა და ვაზიანის პოლიგონებზეა გადაყვანილი.

სწავლებაში მონაწილეობის მისაღებად ამერიკელი სამხედროები საქართველოში საჰაერო გზით ეტაპობრივად ჩამოვლენ და სწავლების ლოკაციებზე - სენაკში, ორფოლოსა და ვაზიანში გადანაწილდებიან. წელს საქართველო მრავალეროვნულ სწავლებას Agile Spirit უკვე მეათედ უმასპინძლებს, რომელიც 5 ლოკაციაზე ჩატარდება.

წაკითხულია 86 ჯერ

Related items

  • სპეციალური ოპერაციების ძალებმა „გაერთიანებული ერთობლივი გაცვლითი წვრთნები“ ჩაატარა (ვიდეო)

    საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების დასავლეთის ბატალიონმა და აშშ-ის არმიის ოპერატიული ქვედანაყოფის „ალფა“ ჯგუფმა „გაერთიანებული ერთობლივი გაცვლითი წვრთნები“ (JCET) დაასრულა. კულმინაციური წვრთნები ქობულეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა, რომელიც თავდაცვის ძალების მე-3 ქვეითი ბრიგადის, ეროვნული გვარდიის მეათე კადრირებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებისა და „გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ლეგიონის“ მხარდაჭერით მიმდინარეობდა.
    10-კვირიანი წვრთნები არაკონვენციური და ასიმეტრიული ბრძოლების წარმოებაზე იყო ორიენტირებული. სწავლება ორ ფაზად - მოსამზადებელი და კულმინაციური წვრთნებით განხორციელდა. მოსამზადებელ ფაზაში სამედიცინო, საცეცხლე, ტაქტიკური და არაკონვენციური ბრძოლების მომზადების სავარჯიშოები ჩატარდა. კულმინაციურ ფაზაში კი, შექმნილი სცენარის მიხედვით მოხდა პირობით მოწინააღმდეგეზე შეტევითი ოპერაციის, რეიდის განხორციელება.
    სწავლება აშშ-ის არმიის ოპერატიული ქვედანაყოფის „ალფა“ ჯგუფთან გამოცდილების გაზიარებას და სპეციალური ოპერაციების ძალების პირადი შემადგენლობის ასიმეტრიული ბრძოლების წარმოების დროს ერთობლივი მოქმედებების დახვეწას ისახავდა მიზნად. წვრთნების მიზანი ასევე, თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებთან და სამოქალაქო პირებთან ერთად კოორდინირებული მოქმედებების განხორციელება იყო.

     

  • სპეციალური ოპერაციების ძალებმა რუმინელ სამხედროებთან ერთად საველე სწავლება ჩაატარეს

    საქართველოსა და რუმინეთის თავდაცვის სამინისტროებს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, ორი ქვეყნის სპეციალური ოპერაციების ძალების წარმომადგენლები ყოველწლიურ ერთობლივ სწავლებებს ატარებენ. 
    თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, ერთობლივი გაცვლითი წვრთნების „JCET“ ფარგლებში საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალების სნაიპერთა მომზადების სკოლა რუმინეთის სპეციალური ოპერაციების ძალების მებრძოლებს სნაიპერის კურსს უტარებს.
    6-კვირიანი მომზადების პროგრამა მოიცავს ისეთ კომპონენტებს, როგორიცაა: ავიაციის ჩართულობით ცეცხლის წარმოება, სამთო სროლები, ტაქტიკური მომზადება, კულმინაციური სწავლება და საცეცხლე მომზადება. სწავლების მიზანი სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედროების მომზადების დონის ამაღლებაა.
    აღსანიშნავია, რომ საქართველოში მიმდინარე სწავლების პარალელურად, რუმინეთში სპეციალური ოპერაციების ძალების სპეციალური დანიშნულების ჯგუფის წარმომადგენლები ქართველ კოლეგებს საპარაშუტო მომზადების კურსს უტარებენ, რომელიც თავისუფალი ვარდნის სწავლებას მოიცავს. სწავლების მიმდინარეობისას სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედროები 3000-3500 მეტრიდან ხტომებს ახორციელებენ.

  • Agile Spirit 2021-ის ფარგლებში საჰაერო-სადესანტო წვრთნა გაიმართა (ვიდეო)

    საქართველოში ჩატარებული მრავალეროვნული სწავლებების ისტორიაში პირველად, ქართველი და ამერიკელი სამხედროების მონაწილეობით ერთობლივი საჰაერო-სადესანტო კომპონენტის საჩვენებელი სწავლება გაიმართა. სწავლება ორ ქვეყანას - საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის პარტნიორულ ურთიერთობებს უსვამს ხაზს. Agile Spirit 2021-ის ფარგლებში ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე  საჰაერო სადესანტო წვრთნა საქართველოს თავდაცვის ძალების, ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიისა და ევროპაში აშშ-ის საჰაერო ძალების ერთობლივი მონაწილეობით ჩატარდა.

    საჩვენებელ სწავლებას თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და მისი მოადგილეები, Agile Spirit 2021-ის ქართველი და ამერიკელი ხელმძღვანელები და თავდაცვის ძალების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ. ვაზიანის აეროდრომზე იმყოფებოდნენ „გენერალ მაზნიაშვილის ახალგაზრდული ლეგიონის“ წარმომადგენლებიც.

    საჰაერო-სადესანტო კომპონენტის საჩვენებელი სწავლება ევროპაში აშშ-ის საჰაერო ძალების შვიდი ერთეული C-130 ჰერკულესის ტიპის თვითმფრინავით განხორციელდა. C-130 თვითმფრინავები გერმანიაში, რამშტეინის ბაზაზე არიან დისლოცირებული, Agile Spirit 2021-ის ფარგლებში საჰაერო კომპონენტის მხარდასაჭერად კი, ბორტ ალექსეევკას შერეულ საავიაციო ბაზაზე იმყოფება.

    საჰაერო-სადესანტო კომპონენტის საჩვენებელი სწავლება ვაზიანის აეროდრომის ტერიტორიაზე C-130 თვითმფრინავიდან სამხედრო მძიმე ტექნიკის გადმოსროლით დაიწყო, რის შემდეგაც დანარჩენი თვითმფრინავებიდან პირადი შემადგენლობის დესანტირება განხორციელდა. პარაშუტებით გადმოხტომისას სამხედროებმა Agile Spirit 2021-ში მონაწილე ქვეყნების დროშები გაშალეს. საჰაერო დესანტირების შემდეგ სადესანტო ჯგუფების ქართველმა და ამერიკელმა ხელმძღვანელებმა პარტნიორობისა და მეგობრობის ნიშნად ერთმანეთს პარაშუტისტების ბეჯებიგაუცვალეს. 

    სწრაფი რეაგირების ძალების გადმოსროლის ერთობლივ წვრთნაში საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების სპეციალური ოპერაციების ბატალიონის (დასავლეთი) რეინჯერთა ასეული, იტალიის ქალაქ ვიჩენზაში დისლოცირებული ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის 1-91 საკაველერიო პოლკისა და 173-ე სადესანტო ბრიგადის ორი ასეულის ზომის ქვედანაყოფი მონაწილეობდა.

    სცენარის მიხედვით, მედესანტეებმა სამხედრო აეროდრომის დაკავების ოპერაცია შემდგომში მომყოლი მოკავშირე მრავალეროვნული ძალების მიღებისა და მათ მიერ აეროდრომის დაკავების მიზნით ჩაატარეს.

  • Agile Spirit 2021-ის ფარგლებში ვაზიანის პოლიგონზე ქართულ-ამერიკული ერთობლივი წვრთნა გაიმართა (ვიდეო)

    Agile Spirit 2021 აქტიურ ფაზაშია შესული. სწავლება 5 ლოკაციაზეა გაშლილი, სადაც სხვადასხვა აქტივობა ერთმანეთის პარალელურად - სენაკში, მე-2 ქვეითი ბრიგადის ბაზაზე, სორტა/ეკის საწვრთნელ ბანაკში, ორფოლოს პოლიგონზე, ვაზიანის პოლიგონსა და ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე მიმდინარეობს.
    დღეს Agile Spirit 2021-ის ფარგლებში ვაზიანის მე-11 პოლიგონზე ქართულ-ამერიკული ერთობლივი წვრთნა ჩატარდა. სცენარის მიხედვით, სათვალთვალო საგუშაგოზე თავდასხმა განხორციელდა, რა დროსაც ერთ-ერთი სამხედრო დაიჭრა. მისი სამედიცინო ევაკუაცია საველე სამედიცინო პუნქტში საქართველოს თავდაცვის ძალების შეიარაღებაში არსებული ქართული წარმოების ჯავშანტექნიკით „დიდგორი მედევაკი“ განხორცილდა, სადაც დაჭრილ სამხედროს პირველადი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა და ჯანმრთელობის მდგომარეობის დასტაბილურება მოხდა. 
    ერთობლივ სწავლებაში საქართველოს თავდაცვის ძალების III ქვეითი ბრიგადის ასეულის პირადი შემადგენლობა და IV მექანიზებული ბრიგადის სამედიცინო ასეული იყო ჩართული. აშშ-ის მხრიდან კი, ერთობლივ წვრთნებში ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის სარდლობის 1-91-ე საკავალერიო პოლკის პირადი შემადგენლობა მონაწილეობდა. 
    Agile Spirit 2021 საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობისა და ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის სარდლობის ორგანიზებით იმართება, რომელსაც დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია ხელმძღვანელობს. საერთაშორისო წვრთნები საქართველოში 6 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. 

  • საერთაშორისო სწავლება Agile Spirit 2021 ოფიციალურად გაიხსნა

    მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „მტკიცე სული 2021“ (Agile Spirit 2021), რომელიც წელს საიუბილეოა და მას საქართველო უკვე მეათედ მასპინძლობს, ოფიციალურად დღეიდან დაიწყო. საერთაშორისო წვრთნების გახსნის ცერემონიალი სენაკში, მე-2 ქვეითი ბრიგადის ბაზაზე გაიმართა. როგორც "ნიუს დეი საქართველოს" თავდაცვის უწყებაში განუცხადეს, სამწყობრო მოედანზე მოწყობილ სწავლებაში მონაწილე ნატოს წევრი 12 და პარტნიორი 3 ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ მიმართა და აღნიშნა, რომ ერთობლივი წვრთნებით კიდევ უფრო გაღრმავდება მონაწილე ქვეყნების სამხედრო ქვედანაყოფებს შორის  ურთიერთთავსებადობა და საბრძოლო შესაძლებლობები. მინისტრმა  მრავალეროვნული სწავლებების საქართველოში ჩატარების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ეს ზრდის ნატოს არსებობას საქართველოში და ხელს უწყობს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას.    

    სამწყობრო მოედანზე მოწყობილ 15 ქვეყნის სამხედროებს Agile Spirit 2021-ის ოფიციალური დაწყება თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმაც მიულოცა და წვრთნების წარმატებით აღსრულება უსურვა. სიტყვით გამოსვლისას გენერალმა საქართველოს თავდაცვის ძალებისა და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო ქვედანაყოფებს შორის პარტნიორული შესაძლებლობების გაძლიერებასა და მზადყოფნის შენარჩუნებაზე ისაუბრა, რასაც მრავალეროვნული სწავლება ემსახურება.  

    Agile Spirit 2021-ის გახსნას თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები, წვრთნებში მონაწილე ქვეყნების თავდაცვის ატაშეები, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის გუბერნატორი და სენაკის მუნიციპალიტეტის მერი დაესწრნენ. 

    Agile Spirit 2021 საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობისა და ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის სარდლობის ორგანიზებით იმართება, რომელსაც დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია ხელმძღვანელობს. საერთაშორისო წვრთნები საქართველოში 6 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება და ხუთ ლოკაციაზე იქნება გაშლილი. წვრთნები ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების ქვედანაყოფებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლებას, მრავალეროვნულ გარემოში ოპერაციების დაგეგმვისა და აღსრულების დროს ოპერატიული შესაძლებლობების დახვეწასა და გაძლიერებას, ასევე მრავალეროვნული მზადყოფნისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის განვითარებას ისახავს მიზნად. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური