ჩინური კორპორაციის პრეზიდენტმა აღინიშნა, რომ კომპანია განიხილავს საქართველოში რეგიონული წარმომადგენლობის გახსნის საკითხს

გამოქვეყნებულია ეკონომიკა
სამშაბათი, 20 ივლისი 2021 14:15

საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში არსებული მდგომარეობა და ლიბერალური საინვესტიციო გარემოს შესახებ ისაუბრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ენერგეტიკული მანქანა-დანადგარების მწარმოებელი კორპორაციის „დონგფანგის“ (Dongfang Electric Corporation) პრეზიდენტთან ჩენ ციანგთან, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" ეკონომიკის სამინისტროს ადმინისტრაციაში განუცხადეს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი ჩიქოვანი და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე. 

შეხვედრაზე ნათია თურნავამ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში არსებული ვითარების, ქვეყნის ენერგეტიკული პოტენციალისა და ლიბერალური საინვესტიციო და ბიზნეს გარემოს შესახებ. მისი თქმით, საქართველომ საკმაოდ მალე დაძლია პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური გამოწვევები და უკვე მიმდინარე წლის ბოლოს შეძლებს, საპროგნოზო ზრდის ტემპი დააფიქსიროს. მინისტრის განცხადებით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია ახალი საერთაშორისო ინვესტიციების შემოსვლა, რისთვისაც საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს. 

ჩინური კორპორაციის პრეზიდენტმა აღინიშნა, რომ კორპორაცია განიხილავს საქართველოში რეგიონული წარმომადგენლობის გახსნის საკითხს. ითქვა, რომ „დონგფანგი“, როგორც ჩინეთში ელექტროსადგურებისთვის განკუთვნილი მანქანა-დანადგარების უმსხვილესი მწარმოებლების სამეულში შემავალი კორპორაცია, გეგმავს როგორც ინვესტიციის განხორციელებას საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში, განსაკუთრებით, განახლებად ენერგეტიკაში, ასევე თანამშრომლობას ქვეყანაში დაგეგმილი მსხვილი ენერგეტიკული პროექტების ფარგლებში.  

ჩინეთის სახელმწიფო კორპორაცია „დონგფანგი“ 1984 წელს დაარსდა. ის ჰიდრო, თბო და განახლებადი ენერგოსადგურების მანქანა-დანადგარებსა და მოწყობილობებს აწარმოებს. კორპორაციის წარმომადგენლობები აზიის რეგიონის არაერთ ქვეყანაში, მათ შორის, ინდოეთში, პაკისტანში, ვიეტნამში და სხვა ქვეყნებში ფუნქციონირებს. 

წაკითხულია 322 ჯერ

Related items

  • ეკონომიკის მინისტრი უკრაინის სამთავრობო დელეგაციის წევრ მინისტრებს შეხვდა

    ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა უკრაინის მინისტრთა კაბინეტის მინისტრს ოლეგ ნემჩინოვსა და უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის მინისტრს ოლეკსანდრ ტკაჩენკოს შეხვდა. როგორც "ნიუს დეი საქართველოს" ეკონომიკის სამინისტროს ადმინისტრაციაში განუცხადეს, შეხვედრა საქართველოში უკრაინის პრემიერ-მინისტრის დენის შმიგალის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შედგა.

    შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინასა და საქართველოს შორის მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობასა და სტრატეგიულ პარტნიორობას. აღინიშნა, რომ საქართველოსა და უკრაინის ორმხრივი ურთიერთობების დინამიკური განვითარების ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ქვეყნებს შორის არსებული ეკონომიკური თანამშრომლობაა. ამასთან, ხაზი გაესვა ამ მიმართულებით გადადგმულ მნიშვნელოვან პროგრესს, თუმცა ითქვა, რომ ამ პროგრესის განვითარებისთვის კიდევ ბევრია გასაკეთებელი.

    შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების ზრდას, უკრაინული ინვესტიციების მოზიდვას, ტურიზმის, ენერგეტიკის, საბორნე და სარკინიგზო მიმოსვლის, ავიაციისა და სახმელეთო მიმოსვლის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას.

    2021 წლის პირველი ოთხი თვის მონაცემებით, უკრაინა საქართველოს ერთ-ერთი მსხვილი სავაჭრო პარტნიორია. ამ პერიოდში სავაჭრო ბრუნვამ 218.85 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 25%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან.

    როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ნათია თურნავამ აღნიშნა, უახლოეს პერიოდში, სავარაუდოდ სექტემბერში, თბილისში საქართველო-უკრაინის მთავრობათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება, რომელიც გასულ წელს პანდემიის გამო გადაიდო.

    „წელს ჩვენ გვაქვს ყველა წინაპირობა, რომ ეს კომისია ჩავატაროთ. ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი დაგროვდა, პირველ რიგში, ეს არის მზარდი ექსპორტი საქართველოდან უკრაინაში, ზოგადად მზარდი ვაჭრობა. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ კიდევ უფრო გავზარდოთ ექსპორტი, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის გადამამუშავებელი პროდუქტებისა და სამრეწველო პროდუქტების კვალობაზე. ასევე საუბარი შეეხო როგორ წავახალისოთ ორ ქვეყანას შორის შავი ზღვის პორტებით საბორნე მიმოსვლა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი ლოგისტიკური კავშირი გვქონდეს ამ დერეფანში. უკრაინელები ჩვენი ტრადიციული პარტნიორები არიან და საჭიროა, გავზარდოთ მიმოსვლის სიხშირე და თანამშრომლობა ტურიზმის სფეროში, რათა მოვიზიდო უფრო მეტი უკრაინელი ტურისტი და უფრო მეტი უკრაინელი ინვესტორი საქართველოში. ჩვენ ძალიან საინტერესო გეგმები გვაქვს დასახული სამომავლოდ“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

  • ელჩი დეგნანის კომენტარი ეკონომიკის მინისტრ თურნავასთან შეხვედრის შემდეგ

    ეს იყო შესანიშნავი შესაძლებლობა განგვეხილა საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის დივერსიფიკაციის მნიშვნელობა. საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს დამოკიდებულია მრავალფეროვანი და კარგად განვითარებული ენერგეტიკული ბაზრის არსებობაზე. ვფიქრობ, რომ საჭიროა კარგი დიალოგი თემებთან, რომლებზეც გავლენას ახდენს სხვადასხვა ენერგეტიკული პროექტები და ეს არის USAID– ის ერთ – ერთი მნიშვნელოვანი ახალი პროგრამის – „საქართველოს ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფა “ – რომელიც დაიწყება უახლოეს თვეებში. პროგრამის იდეაა დავრწმუნდეთ, რომ საზოგადოებას ესმის, თუ რამდენად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის განვითარება და დივერსიფიკაცია, მაგრამ ასევე დავრწმუნდეთ, რომ საზოგადოებას კარგად აქვს გააზრებული და გათავისებული საკითხი, და ჩართულია ამ პროცესში. შეხვედრა ძალიან კარგი შესაძლებლობა იყო იმისთვის, რომ მე და მინისტრს გვესაუბრა რამდენიმე პროექტის და ინიციატივის შესახებ, რომელთა განხორციელებას საქართველო განიხილავს, ასევე გესაუბრა იმ გზებზე თუ როგორ შეიძლება ამერიკის შეერთებული შტატები დაეხმაროს საქართველოს ამ მნიშვნელოვანი სექტორის განვითარებაში.

    შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აშშ-ის ელჩს საქართველოში კელი დეგნანს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოს ენერგოსექტორში მიმდინარე რეფორმებზე, ელექტროენერგეტიკის ბაზრის განვითარებასა და ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე. ასევე ხაზი გაესვა საკუთარი ენერგორესურსების განვითარების აუცილებლობას, რათა ქვეყანა მზარდი დეფიციტის შემცირებას გაუმკლავდეს. 

    საქართველოში აშშ-ს საელჩოს პრესის განყოფილება

  • საქართველოსა და კომპანია OMV Petrom S.A-ს შორის შავი ზღვის შელფზე ნავთობისა და გაზის ძიება-მოპოვებაზე ხელშკრულება გაფორმდა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა ნავთობკომპანია OMV Petrom SA-ის ხელმძღვანელებს შეხვდნენ, რომელიც საქართველოში ნავთობისა და გაზის მოპოვებას განახორციელებს. 

    მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა პროექტის მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ ხელშეკრულების გაფორმების შედეგად საქართველო იმ ქვეყნებს შეუერთდება, სადაც შელფურ ნაწილზე ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიება მიმდინარეობს. 

    პროექტი გულისხმობს შავი ზღვის კონტინენტურ შელფში (ფართობი 5 282 კვ.კმ), 25 წლის ვადით, გეოლოგიური და გეოფიზიკური მონაცემების მოპოვებას, შეძენასა და დამუშავებას ნავთობისა და გაზის მოსაპოვებლად.

    პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მიესალმება თანამშრომლობას ევროპის ნავთობმომპოვებელი კომპანიების ათეულში შემავალი OMV-ის შვილობილ კომპანიასთან - OMV PETROM-თან და მზად არის, მხარი დაუჭიროს მას პროექტის წარმატებით განხორციელების პროცესში.

    ნათია თურნავას შეფასებით, საქართველოში OMV Petrom S.A-ის დონის მაღალი რეპუტაციის  მქონე, ძლიერი კომპანიის საქართველოში შემოსვლა, სწორედ ახლა, როდესაც ჩვენი ეკონომიკა კოვიდ-ის გამო სირთულეებს განიცდის, არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი უცხოელი ინვესტორების მიმართ. მისი თქმით, მთავარი რამაც ამ კომპანიის შემოსვლა განაპირობა, არის გახსნილობა, საუკეთესო ბიზნესგარემო, პოლიტიკური და მაკროეკონომიკური სტაბილურობა, მათ შორის, ის, რომ ჩვენი მთავრობა ერთგულია ევროპული რეფორმების კურსის. 

    შეხვედრაში OMV PETROM-ის მხრიდან მონაწილეობდნენ კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი კრისტინა ვეჩერე, შეფასებისა და კვლევების დირექტორი ბერნარდ კრაინერი და ბიზნესის განვითარებისა და კომერციული დირექტორი ხოსე რაფაელ დუქ-რამირესი.

    შეხვედრის დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში გაფორმდა ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოაწერეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი ტატიშვილმა, ხოლო OMV Petrom SA-ის მხრიდან - ხოსე რაფაელ დუქ-რამირესმა და ბერნარდ კრაინერმა. 

    საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ნავთობისა და გაზის სააგენტომ ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის მოსაპოვებლად შავი ზღვის II და III სალიცენზიო ბლოკზე ღია საერთაშორისო ტენდერი 2020 წლის 22 ივნისს ჩაატარა, რომლის დროსაც II სალიცენზიო ბლოკზე გამარჯვებულად გამოცხადდა უმსხვილესი ავსტრიული ნავთობკომპანიის OMV ჯგუფის წევრი კომპანია OMV PETROM SA.

    ტენდერში გამარჯვებული კომპანია განახორციელებს ორ და სამგანზომილებიან სეისმო-საძიებო სამუშაოებს, ბოლო ეტაპზე კი, დაიწყება ბურღვა. ბურღვის ეტაპის ღირებულება დამოკიდებულია კვლევების შედეგებზე.  

    ანალოგიური პროექტი - რუმინეთის ტერიტორიულ წყლებში არსებული „დომინოს“ საბადოს აღმოჩენა, რომელიც ავსტრიულ OMV-ს უკავშირდება, 1,5 მლრდ აშშ დოლარის ღირებულებისაა. შავი ზღვის აუზის ქვეყნებიდან საძიებო ოპერაციები ხორციელდება თურქეთში, რუსეთში, ბულგარეთში, რუმინეთსა და უკრაინაში. ძებნა-ძიების შედეგად აღმოჩენილია ნახშირწყალბადების დიდი საბადოები რუმინეთსა და უკრაინაში. კომერციულ აღმოჩენასთან ახლოსაა ბულგარეთი, სადაც კომპანია ოპერირებს.

    ეკონომიკის სამინისტროს პრეს-რელიზი

  • ეკონომიკის მინისტრი USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის სამუშაო გეგმას გაეცნო

    ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელ გუნდს შეხვდა, რომლის დროსაც საუბარი წარიმართა პროგრამის ფარგლებში ბოლო დროს განხორციელებულ და მიმდინარე პროექტების შესახებ. ასევე, განიხილეს სამომავლოდ დაგეგმილი პროექტები. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" ეკონომიკის სამინისტროს პრეს-ცენტრში განუცხადეს.

    შეხვედრას ესწრებოდნენ USAID-ის ეკონომიკური ზრდის ოფისის დირექტორი მარიკა ოლსონი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, აგრეთვე სამინისტროს შემავალი სსიპ-ების - სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირები.  

    ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მადლობა გადაუხადა აშშ-ს მთავრობასა და ამერიკელ ხალხს, რომლებიც USAID-ისა და კონკრეტულად კი ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მეშვეობით ხელს უწყობს საქართველოს ეკონომიკის განვითარებას და განსაკუთრებით პანდემიის შედეგად არსებული  გამოწვევების დაძლევას. 

    შეხვედრაზე USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელმა მარკ მაკორდმა მინისტრს გააცნო პროგრამის მიერ გაწეული საქმიანობა. ყურადღება გამახვილდა სამინისტროს სისტემაში შემავალ სააგენტოებთან თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებზე, რომლებიც მოიცავს ისეთ სექტორებს, როგორიცაა ტურიზმი, მსუბუქი მრეწველობა, ინოვაციები და სხვ. ხაზი გაესვა პოსტ-პანდემიურ პერიოდში ტურიზმის ხელშეწყობის მნიშვნელობას და ამ მიმართულებით თანამშრომლობას. ასევე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში ინვესტიციების მოზიდვის, სტარტაპების მხარდაჭერისა და მცირე და საშუალო მეწარმეობის ხელშეწყობის მიმართულებებზე.

  • ხელი მოეწერა იაპონიასა და საქართველოს შორის ორ სტრატეგიულ საერთაშორისო ხელშეკრულებას
    დღეს ხელი მოეწერა იაპონიასა და საქართველოს შორის ორ სტრატეგიულ საერთაშორისო ხელშეკრულებას, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას: ე.წ. „საინვესტიციო შეთანხმება“ მნიშვნელოვნად გაზრდის ეკონომიკური თანამშრომლობის შესაძლებლობებს ინვესტიციების ლიბერალიზაციით, ხოლო ე.წ. „საგადასახადო შეთანხმება“ ხელს შეუწყობს ეკონომიკურ თანამშრომლობას ორმაგი დაბეგვრისგან გათავისუფლებით - საქართველოს დამოუკიდებლობიდან მსგავსი შეთანხმებები იაპონიასთან პირველად ფორმდება.
    ელჩი იმამურა: „საქართველოს ხელსაყრელი ბიზნეს გარემო საერთაშორისო დონეზეა ცნობილი და იაპონური კომპანიები უფრო და უფრო ინტერესდებიან საქართველოთი. ამ ორი ხელშეკრულების ხელმოწერით, იაპონური ბიზნეს კომპანიები შეძლებენ მეტი სტაბილურობის გარანტიით მოახდინონ ინვესტირება საქართველოში და მოსალოდნელია, რომ ეს გააღრმავებს იაპონიასა და საქართველოს შორის ეკონომიკურ თანამშრომლობას.“
    ე.წ. „საინვესტიციო შეთანხმებას“ (შეთანხმება იაპონიასა და საქართველოს შორის ინვესტიციების ლიბერალიზაციის, განვითარებისა და დაცვისთვის) ხელი მოაწერა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა - ქალბატონმა ნათია თურნავამ, ხოლო ე.წ. „საგადასახადო შეთანხმებას“ (იაპონიასა და საქართველოს შორის კონვენცია ორმაგი გადასახადების თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის თავიდან არიდებისათვის) ხელი მოაწერა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა - ბატონმა ივანე მაჭავარიანმა, 29 იანვარს, 2021 წელს. იაპონიის მთავრობის სახელით, ხელშეკრულებებს ხელი მოაწერა ელჩმა - ბატონმა იმამურა აკირამ.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური