საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თურქეთმა ტექნიკური მომსახურების მანქანები გადასცა

გამოქვეყნებულია სამხედრო
სამშაბათი, 20 ივლისი 2021 11:50

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თურქეთის რესპუბლიკამ ტექნიკური მომსახურების მანქანები გადასცა. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაცია იუწყება. მათი მონაცემებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ფატმა ჯერენ იაზგანი ორხევის საავტომობილო ბაზაზე ტექნიკური საშუალებების გადაცემის ოფიციალურ ღონისძიებას დაესწრნენ. თურქეთის რესპუბლიკის სამხედრო მანქანების უმსხვილესი კომპანია BMC-ის მიერ წარმოებული 4 ერთეული ტექნიკური მომსახურების მანქანა, თურქეთის რესპუბლიკის მთავრობამ საქართველოს თავდაცვის ძალებს გადასცა. კომპანია BMC-სთან 4 ერთეული ტექნიკური მომსახურების მანქანის მიწოდების თაობაზე ხელშეკრულება 2020 წლის ოქტომბერში გაფორმდა. აღნიშნული ტექნიკის საერთო ღირებულებამ 866,400.00 აშშ დოლარი შეადგინა. 

წაკითხულია 143 ჯერ

Related items

  • საერთაშორისო სწავლება Agile Spirit 2021 ოფიციალურად გაიხსნა

    მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „მტკიცე სული 2021“ (Agile Spirit 2021), რომელიც წელს საიუბილეოა და მას საქართველო უკვე მეათედ მასპინძლობს, ოფიციალურად დღეიდან დაიწყო. საერთაშორისო წვრთნების გახსნის ცერემონიალი სენაკში, მე-2 ქვეითი ბრიგადის ბაზაზე გაიმართა. როგორც "ნიუს დეი საქართველოს" თავდაცვის უწყებაში განუცხადეს, სამწყობრო მოედანზე მოწყობილ სწავლებაში მონაწილე ნატოს წევრი 12 და პარტნიორი 3 ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ მიმართა და აღნიშნა, რომ ერთობლივი წვრთნებით კიდევ უფრო გაღრმავდება მონაწილე ქვეყნების სამხედრო ქვედანაყოფებს შორის  ურთიერთთავსებადობა და საბრძოლო შესაძლებლობები. მინისტრმა  მრავალეროვნული სწავლებების საქართველოში ჩატარების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ეს ზრდის ნატოს არსებობას საქართველოში და ხელს უწყობს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას.    

    სამწყობრო მოედანზე მოწყობილ 15 ქვეყნის სამხედროებს Agile Spirit 2021-ის ოფიციალური დაწყება თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმაც მიულოცა და წვრთნების წარმატებით აღსრულება უსურვა. სიტყვით გამოსვლისას გენერალმა საქართველოს თავდაცვის ძალებისა და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო ქვედანაყოფებს შორის პარტნიორული შესაძლებლობების გაძლიერებასა და მზადყოფნის შენარჩუნებაზე ისაუბრა, რასაც მრავალეროვნული სწავლება ემსახურება.  

    Agile Spirit 2021-ის გახსნას თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები, წვრთნებში მონაწილე ქვეყნების თავდაცვის ატაშეები, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის გუბერნატორი და სენაკის მუნიციპალიტეტის მერი დაესწრნენ. 

    Agile Spirit 2021 საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობისა და ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის სარდლობის ორგანიზებით იმართება, რომელსაც დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია ხელმძღვანელობს. საერთაშორისო წვრთნები საქართველოში 6 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება და ხუთ ლოკაციაზე იქნება გაშლილი. წვრთნები ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების ქვედანაყოფებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლებას, მრავალეროვნულ გარემოში ოპერაციების დაგეგმვისა და აღსრულების დროს ოპერატიული შესაძლებლობების დახვეწასა და გაძლიერებას, ასევე მრავალეროვნული მზადყოფნისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის განვითარებას ისახავს მიზნად. 

  • თურქეთის საელჩოში დემოკრატიისა და ეროვნული ერთიანობის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა

    თბილისში, თურქეთის საელჩოში, 15 ივლისის, დემოკრატიისა და ეროვნული ერთიანობის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა. ამის შესახებ "TRT-ქართული" იუწყება.

    მათი ინფორმაციით, ღონისძიებაზე სიტყვით გამოსულმა თურქეთის ელჩმა საქართველოში, ფატმა ჯერენ იაზგანმა ამ დღის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და დასძინა, რომ იმის გამო, რომ ფეთულაჰის ტერორისტულმა ორგანიზაციამ ანუ FETÖ-მ, საქართველო-თურქეთის ურთიერთობას ზიანი არ მიაყენოს, ქართულ მხარესთან ერთად მუშაობას განაგრძობენ ყველა სფეროში.

    ღონისძიების ფარგლებში დამსწრე საზოგადოებამ კიდევ ერთხელ პატივი მიაგო დემოკრატიისათვის დაღუპულთა ხსოვნას.

     

  • ჯუანშერ ბურჭულაძე ჩეხეთის ელჩს შეხვდა

    საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, პეტერ მიკისკას შეხვდა. როგორც "ნიუს დეი საქართველოს" თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს, თავდაცვის მინისტრმა ჩეხ დიპლომატს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებას. მინისტრმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციის საქმეში ჩეხეთის მნიშვნელოვან წვლილზე ისაუბრა. მან, ასევე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში (EUMM) ჩეხი დამკვირვებლების მონაწილეობა დადებითად შეაფასა. ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ რეგიონის უსაფრთხოებისათვის მნიშვნელოვანია საქართველოს ტრანსფორმაცია, რაშიც საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის, ჩეხეთის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. მხარეებმა დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების სოციალური და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის კუთხით ჩეხეთთან თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. აღნიშნული მიმართულებით, სამომავლოდ, საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროებს შორის სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების მხარდაჭერის მიზნით მემორანდუმის გაფორმება იგეგმება. საუბარი, ასევე, შეეხო სამხედრო განათლების კუთხით თანამშრომლობის საკითხებს.

  • საქართველოსა და იტალიის თავდაცვის უწყებებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გაფორმდა

    საქართველოში ვიზიტით იტალიის თავდაცვის ძალების დელეგაცია იმყოფება, რომელსაც იტალიის თავდაცვის შტაბის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი, ბრიგადის გენერალი დავიდ მორპურგო ხელმძღვანელობს. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    იტალიის თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტისა და თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის წარმომადგენლებმა უმასპინძლეს. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და იტალიას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.
    ქართულმა მხარემ დელეგაციის წევრებს იტალიის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და საქართველოს თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციის პროცესს, რომელიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და ნატოსთან თავსებადობის გაზრდას ისახავს მიზნად.
    ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) წარმატებულ მიმდინარეობაზე. ხაზგასმით აღინიშნა SNGP-ის ინიციატივების - ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIBS) განვითარებაში იტალიის წვლილი. საუბარი შეეხო სამხედრო პოლიციასა და კარაბინიერებისკორპუსს შორის, ასევე სამხედრო განათლების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებს. 

    შეხვედრის დასასრულს იტალიისა და საქართველოს თავდაცვის უწყებებს შორის 2021 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გაფორმდა, რომელიც მიმდინარე წლის თანამშრომლობის მიმართულებებს განსაზღვრავს. დოკუმენტს ხელი საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსმა შალვა კვინიხიძემ და იტალიის თავდაცვის შტაბის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა დავიდ მორპურგომ მოაწერეს ხელი. 

  • თავდაცვის მინისტრი ბრიტანული ხომალდ HMS DEFENDER-ზე მიღებას დაესწრო (ვიდეო)
    საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურთან ერთად ბათუმში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საზღვაო ძალების ხომალდ HMS DEFENDER-ზე მიღებას დაესწრო. ამის შესახებ თადაცვის სამინისტროს ადმინისტრაცია იუწყება.
    მინისტრებს მასპინძლობა საქართველოში ბრიტანეთის ელჩმა მარკ კლეიტონმა და ხომალდის მეთაურმა, II რანგის კაპიტანმა ვინს ოუენმა გაუწიეს. ხომალდის მეთაურმა სტუმრებს HMS DEFENDER დაათვალიერებინა  და მისი ტექნიკური მახასიათებლებისა და საზღვაო ოპერაციების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.
    ხომალდზე გამართულ მიღებას შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, გენერალ-მაიორი ნიკოლოზ შარაძე, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორი, I რანგის კაპიტანი რამაზ პაპიძე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძეც დაესწრნენ.
    დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს სამხედრო საზღვაო ფლოტის საჰაერო თავდაცვის თანამედროვე ტიპის გამანადგურებელი HMS DEFENDER საქართველოში 26 ივნისს შემოვიდა. ხომალდის ვიზიტი მიზნად თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის დემონსტრირებას ისახავს.
    ვიზიტის ფარგლებში, ორი ქვეყნის საზღვაო დანაყოფების წარმომადგენლები საინფორმაციო შეხვედრებს გამართავენ და ბრიტანული ხომალდ HMS DEFENDER-სა და საქართველოს სანაპირო დაცვის ხომალდის მონაწილეობით შავ ზღვაში ერთობლივი საზღვაო წვრთნებსაც გამართავენ.
     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური