აშშ-ს საელჩოს განცხადება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 15 ივლისი 2021 17:16

ამერიკის შეერთებული შტატების (აშშ) ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: "პარლამენტის 12 ივლისის გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში ექვსი მოსამართლის დანიშვნასთან დაკავშირებით, მიუხედავად საქართველოს პოლიტიკურ ლიდერთა 19 აპრილის მკაფიო შეთანხმებისა, „თავი შეიკავონ უზენაეს სასამრთლოში არსებული წესებით მოსამართლეთა დანიშვნისგან“ უაღრესად გულდასაწყვეტია. სამწუხაროა, რომ ამ წარდგენისა და დანიშვნის პროცესით და ინკლუზიური და ფართო სასამართლო რეფორმის განუხორციელებლობით, ვერ შესრულდა საქართველოს ლიდერების, მათ შორის, მმართველი პარტიის მიერ აღებული 19 აპრილის შეთანხმების კეთილსინდისიერად შესრულების ვალდებულება.

პარტიები შეთანხმდნენ ამბიციური სასამართლო რეფორმის განხორციელებაზე ფართო და გამჭვირვალე პროცესის მეშვეობით, სამართლის ექსპერტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციური პარტიების მონაწილეობით. ცალმხრივი საკანონმდებლო ცვლილებები, მიღებული საერთაშორისო პარტნიორების რჩევის საწინააღმდეგოდ, იმ დროს, როდესაც ჯერ კიდევ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა 19 აპრილის შეთანხმებაზე, არ შეესაბამება ამ შეთანხმების შინაარსსა და სულისკვეთებას. განსაკუთრებით, საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში აპრილის დასაწყისში შესული ცვლილები, რომელმაც სრულად ვერ ასახა ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, მათ შორის, მთავარი რეკომენდაცია მოსამართლეთა დანიშვნების გადავადებასთან დაკავშირებით.

ფართო და ყოვლისმომცველი სასამართლო რეფორმის განხორციელებამდე დანიშვნის არ შეჩერებას რეალური შედეგები აქვს. სამართლის ექსპერტებმა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ პარლამენტის ხარვეზიანმა პროცესმა ვერ უზრუნველყო ყველაზე კვალიფიციური კანდიდატების დაწინაურება, შედეგად კი, ნაკლებად კვალიფიციური კანდიდატები უვადოდ გამწესდნენ სასამართლოში. როგორც ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) 9 ივლისის ანგარიშშია აღნიშნული „კანდიდატების წარდგენა განხორციელდა გარემოში, სადაც სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის მიმართ საზოგადოების ნდობა მწირია” და „იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ განხორციელებული შერჩევის, მოკვლევისა და ინტერვიუების პროცესი ვერ პასუხობდა საერთაშორისო სტანდარტებს“. აღნიშნული კონტექსტის გათვალისწინებით, აუცილებელი იყო, პარლამენტს შეეჩერებინა დანიშვნის პროცესი ინკლუზიური, ყოვლისმომცველი რეფორმის განხორციელების მიზნით, რომელშიც ასახული იქნებოდა სამართლის ექსპერტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის მოსაზრებები. პარლამენტს ჰქონდა ამგვარი მოქმედების უფლებამოსილება და დანიშვნების შეჩერება არ გამოიწვევდა სასამართლო სისტემის ზედმეტ გადატვირთვას. შესაბამისად, ამგვარად არ მოქცევის გადაწყვეტილება ძალიან შემაშფოთებელია და წარმოადგენს მნიშვნელოვან დაკარგულ შესაძლებლობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ ნდობის გაძლიერებისა და დემოკრატიული განვითარების კუთხით.

შეერთებული შტატები მზადაა გააგრძელოს პარლამენტისა და ქართველის ხალხის მხარდაჭერა საქართველოში სასამართლო სისტემისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებისთვის დამაჯერებელ ძალისხმევაში", - ნათქვამია აშშ-ს საელჩოს განცხადებაში.

წაკითხულია 122 ჯერ

Related items

  • განცხადება საკონსულტაციო ჯგუფთან დაკავშირებით

    ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) დღეს საკონსულტაციო ჯგუფთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართა. როგორც ცესკოს პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა, წლევანდელი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გამორჩეული იქნება უმნიშვნელოვანესი საკანონმდებლო სიახლეებითა და ტექნოლოგიური ინოვაციებით, რომლებიც მიმართულია მაქსიმალურად ინკლუზიური და გამჭვირვალე საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფისკენ. ხსენებული სიახლეები და ინოვაციები შეჯერებული იქნა ჩართულ მხარეებს შორის ინტენსიური დიალოგის, დისკუსიების პროცესში, პრაქტიკულად სრული კონსენსუსის საფუძველზე.

    „როგორც მოგეხსენებათ, ერთ-ერთი ინიციატივა ამ მიმართულებით, იყო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის მიერ წარდგენილი კანდიდატებით დაკომპლექტებული საკონსულტაციო ჯგუფის იდეა, საჩივრების განხილვის პროცესთან დაკავშირებით ცესკოსთვის გარკვეული რეკომენდაციების წარსადგენად.

    ინოვაციურობისა და სამოქალაქო ინიციატივებისადმი გახსნილობის სტრატეგიიდან გამომდინარე, ცესკომ გამოთქვა სრული მზაობა ამ ინიციატივისადმიც და გადადგა მთელი რიგი კონკრეტული ნაბიჯები ჯგუფის სამართლებრივი, საორგანიზაციო, ტექნიკური და ლოგისტიკური მხარდაჭერისთვის.

    აღნიშნულის მიუხედავად, სამწუხაროდ თავად მესამე სექტორის მხრიდან ჩართული სუბიექტების შიგნით არ შეინიშნება საკმარისი რესურსი და ნება ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული კონსტრუქციული თანამშრომლობისათვის.

    ცესკოს ხელმძღვანელობამ იტვირთა გარკვეული მედიატორის ფუნქციაც მონაწილე მხარეებს შორის, გაიმართა შეხვედრები ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, შესაბამის სამართლებრივ ბაზაში, ცესკოს კომპეტენციის ფარგლებში შეტანილი იქნა საჭირო ცვლილებები, რათა არ დაზარალებულიყო ჯგუფის გადაწყვეტილებისუნარიანობა მის შიგნით აზრთა გარკვეული სხვადასხვაობის დროსაც, თუმცა სამწუხაროდ საარჩევნო პროცესის ხელშესაწყობად ჩაფიქრებული ეს დამატებითი მექანიზმი, ზოგიერთი მხრიდან გახდა ნიჰილისტური დამოკიდებულების დანერგვაზე და პროცესში ქაოსის შეტანაზე ორიენტირებული მიზანმიმართული თავდასხმების ობიექტი, რამაც შესაძლოა, განაპირობა რიგი წევრების მიერ საკონსულტაციო ჯგუფის დატოვება.

    ეს ნამდვილად დასანანია ჩვენთვის, თუმცა კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ არსებობს ყველა  სამართლებრივი, საორგანიზაციო, ტექნიკური და სხვა აუცილებელი ინსტრუმენტი და რაც მთავარია, საზოგადოების დაკვეთა და ჩვენი მტკიცე ნება, რომ მიუხედავად ცალკეული დესტრუქციული მცდელობებისა, წლევანდელი არჩევნები იყოს უპრეცედენტოდ ინკლუზიური, გამჭვირვალე და დემოკრატიული,“- განაცხადა ნათია იოსელიანმა დღევანდელ ბრიფინგზე.

  • საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება 11 სექტემბრის ტერაქტის 20 წლისთავთან დაკვაშირებით

    20 წლის წინ, ამ დღეს, ამერიკის შეერთებულ შტატებში განხორციელებულმა სასტიკმა ტერორისტულმა აქტებმა ათასობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, დაშავდა და დაზიანდა კიდევ უფრო მეტი. ეს დაუნდობელი მოვლენები დიდი დარტყმა იყო, რომელმაც მსოფლიო სამუდამოდ შეცვალა. ამის შესახებ საგარეოს ადმინისტრაცია იტყობინება.

    დღეს, საქართველო კიდევ ერთხელ იხსენებს და პატივს მიაგებს ამ ტრაგედიის ყველა მსხვერპლს, მათ ოჯახებს, მეგობრებსა და საყვარელ ადამიანებს. ჩვენ პატივს მივაგებთ ნამდვილ გმირებს, პოლიციის მამაც ოფიცრებსა და მეხანძრეებს, რომლებმაც მრავალი სიცოცხლე გადაარჩინეს, ზოგიერთ შემთხვევაში საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასად.

    ჩვენ ვგმობთ ტერორიზმს და მის ყოველგვარ გამოვლინებას. საქართველომ დაამტკიცა, რომ ის სანდო პარტნიორია ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად ჩვენი საერთო მიზნისთვის, რაც მსოფლიოში უსაფრთხოების განმტკიცებას გულისხმობს. 2001 წლის 11 სექტემბრის მსხვერპლთათვის და ამ დღეს გადარჩენილთათვის პატივის მიგების საუკეთესო გზა უფრო მეტად მშვიდობიანი მსოფლიოსათვის ერთობლივ სწრაფვაზე გადის.

  • აშშ-ის კონგრესმენების ჯგუფის ვიზიტი საქართველოში

    2021 წლის 7 სექტემბერს საქართველოს ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა საქართველოში ვიზიტად მყოფ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრების ჯგუფთან, რომლის შემადგენლობაში შედიან კონგრესმენები ალექს მუნი (დასავლეთ ვირჯინია), ბრაიან სტილი (ვისკონსინი), კელი არმსტრონგი (ჩრდ. დაკოტა), კეროლ მილერი (დასავლეთ ვირჯინია) და რონ ესტესი (კანზასი). დელეგაციაში შემავალი კონგრესმენების უმრავლესობა 2021 წლის თებერვალში წარმომადგენელთა პალატაში ინიცირებული „საქართველოს მხარდამჭერი აქტის“ თანასპონსორია. ვიზტი საქართველოს პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მასპინძლობით იმართება.
    სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართული შეხვედრისას განხილულ იქნა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის საკითხების ფართო სპექტრი და ქვეყნებს შორის არსებული მტკიცე და დინამიური თანამშრომლობ ყველა პრიორიტეტული მიმართულებით. განსაკუთრებული ყურადღება იქნა გამახვილებული აშშ-სა და საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე, ვაჭრობისა და ეკონომიკის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაზე.
    მხარეებმა, ასევე, განიხილეს რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული ვითარება, აშშ-ის კონგრესის განსაკუთრებული როლი დეოკუპაციისა და კონფლიქტის მოგვარების პროცესში და შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების საკითხები. დავით ზალკალიანმა კონგრესმენებს მადლობა გადაუხადა საქართველოს მიმართ აშშ-ის კონგრესის მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერისთვის.
    საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოში კონგრესმენების ვიზიტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების რთული გარემოს ფონზე და განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა „საქართველოს მხარდამჭერი აქტის“ წარმომადგენელთა პალატაში თანასპონსორობის გამო, რომელიც საკანონმდებლო დონეზე ამყარებს საქართველოსადმი აშშ-ის მხარდაჭერას და თვისობრივად ახალ დონეზე აჰყავს აშშ-სა და საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა. ასევე, მადლიერებით აღინიშნა აშშ-ის თანმიმდევრული მხარდაჭერა და აქტიური ჩართულობა საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების შემდგომი კონსოლიდაციის პროცესში. დავით ზალკალიანმა შეხვედრისას კონგრესმენებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების შესახებ.
    მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის, მცოცავი ანექსიისა და ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის ფაქტებზე. ხაზი გაესვა საერთაშორისო თანამეგობრობის, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების ჩართულობისა და მხარდაჭერის მნიშვნელობას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და დეოკუპაციის საქმეში. კონგრესმენებმა, რომელთაც ვიზიტის ფარგლებში უკვე მოინახულეს საოკუპაციო ხაზი, კიდევ ერთხელ დაადასტურეს აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. შეხვედრაზე, ასევე, განხილულ იქნა რეგიონული უსაფრთხოების საკითხები და ხაზი გაესვა აშშ-ის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებაში. აღინიშნა საქართველოს მონაწილეობა და მნიშვნელოვანი როლი ავღანეთში უსაფრთხოების გარემოს გაუარესების ფონზე ქაბულიდან გადაუდებელი ევაკუაციის პროცესში. თავის მხრივ, კონგრესმენებმა შეხვედრაზე მადლიერება გამოხატეს საქართველოს წვლილისთვის საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში .
    კონგრესმენებთან შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა აშშ-საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობის გაღრმავებაზე და საქართველოში მეტი ამერიკული ინვესტიციის მოზიდვის მნიშვნელობაზე. ხაზი გაესვა აშშ-ის კონგრესის მხარდაჭერისა და ჩართულობის მნიშვნელობას ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების წახალისების კუთხით.
    მხარეებმა დაადასტურეს მზაობა განაგრძონ მუშაობა აშშ-საქართველოს სტარტეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისა და გაფართოების მიზნით.

    საგარეოს პრეს-რელიზი

  • საქართველო 30 მლნ დოლარის ღირებულების „ჯაველინის“ რაკეტებსა და მასთან დაკავშირებულ აღჭურვილობას მიიღებს

    ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვითი უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტომ საქართველოსთვის 30 მილიონი დოლარის ღირებულების „ჯაველინის“ რაკეტებისა და მასთან დაკავშირებული აღჭურვილობის შესაძლო გაყიდვა დაამტკიცა. ამის შესახებ სააგენტომ კონგრესს დღეს აცნობა.

    სააგენტოს განცხადების თანახმად, საქართველოს მთავრობამ მოითხოვა „ჯაველინის“ ტანკსაწინააღმდეგო მართვადი 82 რაკეტისა და 46 მართვადი გამშვები დანადგარის შესყიდვა.

    „აღნიშნული შემოთავაზებული გაყიდვა, საქართველოს უსაფრთხოების გაუმჯობესების გზით, გააძლიერებს ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკასა და ეროვნულ უსაფრთხოებას.
    საქართველო ადვილად შეძლებს აღნიშნული სისტემის შეთავსებას საკუთარ შეიარაღებულ ძალებთან.
    საქართველო სტრატეგიული პარტნიორია და რეგიონის უსაფრთხოებასა და სტაბილურობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. „ჯაველინის“ სისტემა დაეხმარება საქართველოს, გააძლიეროს საკუთარი თავდაცვისუნარიანობა და დაიცვას თავისი სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა. აღნიშნული აღჭურვილობის შემოთავაზებული გაყიდვა და მხარდაჭერა არ შეცვლის რეგიონში ძირითად სამხედრო ბალანსს“, – ნათქვამია თავდაცვითი უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტოს განცხადებაში.

  • Agile Spirit 2021-ის ფარგლებში საჰაერო-სადესანტო წვრთნა გაიმართა (ვიდეო)

    საქართველოში ჩატარებული მრავალეროვნული სწავლებების ისტორიაში პირველად, ქართველი და ამერიკელი სამხედროების მონაწილეობით ერთობლივი საჰაერო-სადესანტო კომპონენტის საჩვენებელი სწავლება გაიმართა. სწავლება ორ ქვეყანას - საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის პარტნიორულ ურთიერთობებს უსვამს ხაზს. Agile Spirit 2021-ის ფარგლებში ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე  საჰაერო სადესანტო წვრთნა საქართველოს თავდაცვის ძალების, ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიისა და ევროპაში აშშ-ის საჰაერო ძალების ერთობლივი მონაწილეობით ჩატარდა.

    საჩვენებელ სწავლებას თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და მისი მოადგილეები, Agile Spirit 2021-ის ქართველი და ამერიკელი ხელმძღვანელები და თავდაცვის ძალების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ. ვაზიანის აეროდრომზე იმყოფებოდნენ „გენერალ მაზნიაშვილის ახალგაზრდული ლეგიონის“ წარმომადგენლებიც.

    საჰაერო-სადესანტო კომპონენტის საჩვენებელი სწავლება ევროპაში აშშ-ის საჰაერო ძალების შვიდი ერთეული C-130 ჰერკულესის ტიპის თვითმფრინავით განხორციელდა. C-130 თვითმფრინავები გერმანიაში, რამშტეინის ბაზაზე არიან დისლოცირებული, Agile Spirit 2021-ის ფარგლებში საჰაერო კომპონენტის მხარდასაჭერად კი, ბორტ ალექსეევკას შერეულ საავიაციო ბაზაზე იმყოფება.

    საჰაერო-სადესანტო კომპონენტის საჩვენებელი სწავლება ვაზიანის აეროდრომის ტერიტორიაზე C-130 თვითმფრინავიდან სამხედრო მძიმე ტექნიკის გადმოსროლით დაიწყო, რის შემდეგაც დანარჩენი თვითმფრინავებიდან პირადი შემადგენლობის დესანტირება განხორციელდა. პარაშუტებით გადმოხტომისას სამხედროებმა Agile Spirit 2021-ში მონაწილე ქვეყნების დროშები გაშალეს. საჰაერო დესანტირების შემდეგ სადესანტო ჯგუფების ქართველმა და ამერიკელმა ხელმძღვანელებმა პარტნიორობისა და მეგობრობის ნიშნად ერთმანეთს პარაშუტისტების ბეჯებიგაუცვალეს. 

    სწრაფი რეაგირების ძალების გადმოსროლის ერთობლივ წვრთნაში საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების სპეციალური ოპერაციების ბატალიონის (დასავლეთი) რეინჯერთა ასეული, იტალიის ქალაქ ვიჩენზაში დისლოცირებული ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის 1-91 საკაველერიო პოლკისა და 173-ე სადესანტო ბრიგადის ორი ასეულის ზომის ქვედანაყოფი მონაწილეობდა.

    სცენარის მიხედვით, მედესანტეებმა სამხედრო აეროდრომის დაკავების ოპერაცია შემდგომში მომყოლი მოკავშირე მრავალეროვნული ძალების მიღებისა და მათ მიერ აეროდრომის დაკავების მიზნით ჩაატარეს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური