ევროკომისიის პრეს-სპიკერის განცხადება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 14 ივლისი 2021 11:09
ორშაბათს, საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა უზენაესი სასამართლოს ექვს მოსამართლეს, მიუხედავად ევროკავშირის მოწოდებისა მომხდარიყო დანიშვნის პროცესში პაუზის გაკეთება და ამ პროცესის გადახედვა, ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (ODIHR) ახლახან თავის შუალედურ ანგარიშში შეშფოთება გამოთქვა კანდიდატების წარდგენის პროცესის სამართლიანობასა და თანასწორობასთან დაკავშირებით.
დანიშვნები ეწინააღმდეგება 19 აპრილის შეთანხმების საკვანძო დებულებებს, რომელთა თანახმად უნდა გაკეთდეს პაუზა ყველა მიმდინარე დანიშვნასთან დაკავშირებით, სრულად შესრულდეს ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია და ზოგადად გაიზარდოს მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი ფართომასშტაბიანი, ინკლუზიური და ყველა პარტიის მონაწილეობით შემუშავებული რეფორმის პროცესში.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის დაწყებამდე მათი შერჩევის პროცესის გადახედვა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად ასევე არის საქართველოსთვის ევროკავშირის მოქმედი პროგრამით გათვალისწინებული მაკრო-ფინანსური დახმარების მეორე ტრანშის გამოყოფის შეთანხმებული წინაპირობა, რომელზეც ამ ნაბიჯმა შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს.
ამიტომ ეს კენჭისყრა საქართველოს ხელისუფლებისთვის არის დაკარგული შესაძლებლობა სასამართლო სისტემის ჭეშმარიტი და ყოვლისმომცველი რეფორმის მიმართ თავისი ერთგულების დამტკიცებისთვის. ეს მოვლენები სასამართლოს დამოუკიდებლობისა და საზოგადოების ნდობისთვის ზიანის მიყენების საფრთხის შემცველია.
ევროკავშირი ღიაა შემდგომი მოლაპარაკებებისთვის უმაღლეს დონეზე, რათა განიხილოს სასამართლო სისტემის რეფორმა და მომავალი ქმედებები ამ მოვლენების შემდეგ, განსაკუთრებით 19 აპრილის შეთანხმებისა და საქართველოსთვის ევროკავშირის მაკრო-ფინანსური დახმარების შესახებ გადაწყვეტილებების კონტექსტში.
წაკითხულია 280 ჯერ

Related items

  • ევროკომისია დათანხმდა შეამციროს ბუნებრივი აირის მოხმარება 15 პროცენტით

    ევროკავშირის როტაციულმა თავმჯდომარეობამ განაცხადა, რომ წევრმა ქვეყნებმა მიიღეს ევროკომისიის გეგმა ბუნებრივი აირის მოხმარების 15 პროცენტით შემცირების შესახებ. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" წერს.

    ევროკავშირის როტაციულმა თავმჯდომარეობამ, რომელსაც ამჟამად ჩეხეთის რესპუბლიკა ახორციელებს, განაცხადა, რომ ევროკომისია დათანხმდა რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შეშემცირების და ენერგიის დაზოგვის მიზნით შეამციროს აირის მოხმარება 15 პროცენტით.

    ევროკავშირის თავმჯდომარეობის Twitter-ზე გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია: „მინისტრები შეთანხმდნენ პოლიტიკურ ნიადაგზე, რომ მომავალ ზამთრამდე შეამცირონ გაზის მოთხოვნა“.

  • დასაქმების პორტალი, EURES გაძლევთ საშუალებას, მოიძიოთ კონკრეტული ტიპის სამუშაო ევროპაში

    ევროკომისიამ შექმნა სხვადასხვა სახის ონლაინინსტრუმენტები, რომლებიც სწავლის პარალელურად თუ დასრულების მერე სამუშაოს პოვნაში და საკუთარი უნარებისა და კვალიფიკაციის ევროპის მასშტაბით წარმოჩენაში დაგეხმარებათ. 

    დასაქმების პორტალი, EURES გაძლევთ საშუალებას, მოიძიოთ კონკრეტული ტიპის სამუშაო და ძიების შედეგები  ქვეყნის, ენის თუ საჭირო განათლების დონის მიხედვით გაფილტროთ. გარდა ამისა, აქ თქვენ ნახავთ ინფორმაციას სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრების თუ სამუშაოს პირობების შესახებ, შრომის ბაზრის მდგომარეობის აღწერას, განცხადებებს საერთაშორისო დასაქმების ბაზრების შესახებ, სადაც დამსაქმებელთან უშუალოდ შეხვედრაა შესაძლებელი და სხვა.

    EURES-ზე ამ ტიპის ინფორმაცია მოიპოვება ევროკავშირის 27 ქვეყანაზე, ასევე ისლანდიაზე, ლიხტენშტაინზე, ნორვეგიასა და შვეიცარიაზე. 

    მეორე პორტალი – Europass – სტუდენტებს, დასაქმებულებს და ევროპის მასშტაბით დასაქმების მაძიებლებს საკუთარი უნარების და კვალიფიკაციის შესახებ ინფორმაციის ეფექტიანად გავრცელებაში ეხმარება. ამ ინსტრუმენტის მეშვეობით, თქვენ რეზიუმეს (CV) და სამოტივაციო წერილის შედგენას და თქვენი სერტიფიკატებისა და დიპლომის დანართების ერთ ადგილზე თავმოყრას შეძლებთ. 

    ევროკავშირის მოქალაქეობის არმქონე პირებს ევროკავშირის ქვეყანაში სამუშაოდ ისეთი დამატებითი დოკუმენტაცია შეიძლება დასჭირდეთ, როგორიც ევროკავშირის ცისფერი ბარათია. ამის გამო ევროკომისია გაძლევთ რეკომენდაციას, რომ ვიზის და/ან სამუშაოს უფლების მიღებაზე ზრუნვა ბოლო წუთისთვის არ მოიტოვოთ.

    დამატებითი ინფორმაცია

    პრესრელიზი

  • ევროკომისიის მოსაზრება საქართველოს ევროპული პერსპექტივის შესახებ ოფიციალურად იქნა აღიარებული

    საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის მინიჭების შესახებ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება და ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრის პეტერ სიიარტოს შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები.

    ირაკლი ღარიბაშვილმა პეტერ სიიარტოს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისადმი მკაფიო მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მადლიერია პრინციპული პოზიციის დაფიქსირებისთვის.

    მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ევროკომისიის მოსაზრება საქართველოს ევროპული პერსპექტივის შესახებ ოფიციალურად იქნა აღიარებული, რაც ევროკომისიის რეკომენდაციით, ევროპულმა საბჭომ კიდევ ერთხელ დაადასტურა.

    პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ასოცირების დღის წესრიგში ჩაწერილ ყველა რეფორმაზე მუშაობას აგრძელებს და დემოკრატიული რეფორმების გატარების მიმართულებით აღებულ ყველა ვალდებულებას ბოლომდე მიიყვანს.

    ირაკლი ღარიბაშვილმა პეტერ სიიარტოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. თავის მხრივ, უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაადასტურა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, აგრეთვე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესისადმი.
    შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და უნგრეთს შორის არაერთი მიმართულებით არსებულ წარმატებულ პარტნიორობას და აღნიშნული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების მზაობა გამოითქვა.
    მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ანა მარია შიკო, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უნგრეთში ზაალ გოგსაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე ესწრებოდნენ.

    მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური

  • ილია დარჩიაშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

    2022 წლის 17 ივნისს, გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის შეხვედრა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, მარგარეტა სედერფელტთან.
    შეხვედრისას მხარეები მიესალმნენ   საქართველოსა და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეას შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას.
    მხარეებმა განიხილეს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებული ვითარება. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე და კონსოლიდირებული მხარდაჭერის მნიშვნელობას, მინისტრმა მადლობა გადაუხადა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს და ასამბლეას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის, რაც არაერთხელ გამოიხატა სხვადასხვა რეზოლუციებსა და განცხადებებში.  მხარეები შეეხნენ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების საკითხს. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკას და ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს.
    შეხვედრაზე მხარეებმა ასევე მიმოიხილეს რეგიონში არსებული ვითარება, უკრაინაში მიმდინარე ომი და მისი გავლენა უსაფრთხოების გარემოზე. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს გააცნეს ინფორმაცია საქართველოს მხრიდან უკრაინისთვის გაწეული პოლიტიკური და ჰუმანიტარულ დახმარების შესახებ.
    საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესზე საუბრისას, ხაზი გაესვა ევროკომისიის რეკომენდაციის მნიშვნელობას, რომლითაც საქართველოს გაეცა გაწევრიანების პერსპექტივა და  აღინიშნა, რომ ქვეყანა მტკიცედ გააგრძელებს ამ მიმართულებით სვლას.

  • პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ეუთოს თანათავმჯდომარეობის როლს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესში

    საქართველოსა და ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) შორის თანამშრომლობა, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციის გენერალური მდივნის ჰელგა მარია შმიდის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები.

    პრემიერ-მინისტრმა ეუთოს გენერალურ მდივანს საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისა და ომით გაყოფილ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის პროცესში გაწეული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა ეუთოს თანათავმჯდომარეობის როლს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების შემდგომი რაუნდის უახლოეს მომავალში ჩატარების აუცილებლობას.

    აღინიშნა, რომ მიუხედავად უსაფრთხოების და ჰუმანიტარული კუთხით არსებული რთული გამოწვევებისა, საქართველოს მთავრობა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესის ერთგული რჩება.

    ირაკლი ღარიბაშვილმა და ჰელგა მარია შმიდმა უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებზე ისაუბრეს. პრემიერ-მინისტრმა უკრაინის მიმართ სოლიდარობა კიდევ ერთხელ დაადასტურა და ომის უმოკლეს ვადაში დასრულების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

     

    მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური