"ერთად ლექსოსთვის, არა ძალადობას” – ამ ლოზუნგით მედია საშუალებების წარმომადგენლები საპროტესტო აქციას მართავენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 11 ივლისი 2021 21:45

“ერთად ლექსოსთვის, არა ძალადობას” – ამ ლოზუნგით სხვადასხვა მედია საშუალებების წარმომადგენლები რუსთაველზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქციას მართავენ.

ჟურნალისტებმა და ოპერატორებმა სოლიდარობის ნიშნად კამერები და მიკროფონები ძირს დააწყვეს.

როგორც ცნობილია, თბილისში, მოძალადეობრივი ჯგუფების მიერ ნაცემი „ტელეკომპანია პირველის“ ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ, დღეს პარლამენტის შენობასთან საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და მისი მთავრობის გადადგომის მოთხოვნით ათასობით ადამიანი შეიკრიბა.

დღესვე მედიის წარმომადგენლებმა ერთობლივი განცხადებით საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ საელჩოებს მიმართეს, რათა მათ მყისიერი რეაგირება მოახდინონ 5 ივლისს ჟურნალისტების მიმართ დევნასა და ხელისუფლების უმოქმედობაზე.

შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე ლაშქარავა 11 ივლისს დილით, საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს. 5 ივლისს ლგბტ თემის უფლებადამცველი ორგანიზაცია „თბილისი პრაიდის“ მიერ ორგანიზებული „ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგე აქციის მონაწილეები მას პროფესიული საქმიანობის შესრულებისას თავს დაესხნენ და სასტიკად სცემეს. ალექსანდრე ლაშქარავას ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. გარდაცვალების მიზეზის დადგენას ექსპერტიზა ცდილობს. საგულისხმოა, რომ პროცესის მიმართ ოჯახს უნდობლობა აქვს გამოცხადებული.

 

წაკითხულია 146 ჯერ

Related items

  • ტრენინგი მედიის წარმომადგენლებისთვის საარჩევნო საკითხებზე

    მედიის წარმომადგენლებმა საარჩევნო საკითხებზე ტრენინგი გაიარეს. ორდღიანი სწავლება, რომელიც თელავში გაიმართა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარემ მოადგილეებთან და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორთან ერთად გახსნა.

    ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი საქმიანობების შესახებ ისაუბრა.

    საარჩევნო ადმინისტრაციის, ცესკოს სწავლების ცენტრის და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს დეტალურად გააცნეს შემდეგი საკითხები: მედიის როლი საარჩევნო პროცესში; მედიის როლი და უფლებრივი მდგომარეობა კენჭისყრის პროცესში; კენჭისყრის დღეს ფოტო/ვიდეო გადაღების რეგულაციები; სიძულვილის ენასთან ბრძოლა საარჩევნო პროცესში და მედიის როლის მნიშვნელობა; მედიის და სხვა ჩართული მხარეების როლი უსაფრთხო საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად; პანდემიის პირობებში არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებული რეგულაციები; საარჩევნო კანონმდებლობის სიახლეები და ა.შ. ტრენინგის მიმდინარეობისას გაიმართა დისკუსია და ჟურნალისტების კითხვებს ტრენერებთან ერთად ცესკოს ხელმძღვანელმა პირებმა უპასუხეს.

    ტრენინგი მედიის წარმომადგენლებისთვის საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით განხორციელდა და მასში მედიის 17 წარმომადგენელი მონაწილეობდა.

  • საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება

    მინდა, რამდენიმე განცხადება გავაკეთო, ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, მე მსურს, კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი გულწრფელი მწუხარება და სამძიმარი გამოვუცხადო ალექსანდრე ლაშქარავას ოჯახს, მის ახლობლებს, კოლეგებს და ყველას. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ადამიანის გარდაცვალება, ეს არის ტრაგედია. მნიშვნელობა არ აქვს, რა მიზეზი შეიძლება იყოს ამის უკან.

    მე მინდა, მოსახლეობას ვუთხრა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს. გუშინვე ძალიან ოპერატიულად ჩაატარა შესაბამისი სამუშაოები. ამას გარდა, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა, გარდაცვლილის ოჯახის ინიციატივით და ტელევიზიის მოთხოვნით, პროცესში ჩართულია დამოუკიდებელი ექსპერტი და ყველა კითხვას გაეცემა ამომწურავი, სრულყოფილი პასუხი უმოკლეს ვადებში. გარდა ამისა, ბატონი ვახტანგ გომელაურის უწყებამ გუშინვე გააკეთა მიმართვა და განაცხადა იმის თაობაზე, რომ დამოუკიდებელი, საერთაშორისო ექსპერტი ჩაერთვება აღნიშნულ პროცესში, იმისათვის, რომ არც ერთ კითხვაზე არ დარჩეს გაუცემელი პასუხი.
    ასევე, მინდა, გითხრათ ჩემი შეფასება, ზოგადად, ამ დღეების განმავლობაში როგორ განვითარდა მოვლენები.
    რა თქმა უნდა, ეს არის მორიგი წარუმატებელი შეთქმულება სახელმწიფოს წინააღმდეგ. ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეკლესიური ძალების მიერ დაგეგმილი შეთქმულება ვერ შედგა და ვერასოდეს ვერ შედგება ჩვენს ქვეყანაში.
    ჩვენ ვნახეთ ყველამ, რომ ამ ადამიანის ტრაგედია სცადეს, გამოეყენებინათ საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. რა შეიძლება იყოს იმაზე ამორალური, როცა გარდაცვლილი ადამიანის ტრაგედიით ცდილობ საკუთარი პოლიტიკური მიზნების მიღწევას.
    რა თქმა უნდა, მნიშვნელობა არ აქვს, რა მიზეზით დაიღუპა ბატონი ალექსანდრე ლაშქარავა, ყველა მოძალადე იქნება აბსოლუტურად მთელი სიმკაცრით დასჯილი. პოლიციამ უკვე დააკავა 4 პირი, რომლებიც ჩართული იყვნენ აღნიშნული პირის ცემის საქმეში.
    მე კიდევ ერთხელ მსურს განვაცხადო, რომ ნებისმიერი ძალადობა არის მიუღებელი. ჩვენ ვგმობთ, ყოველთვის დავგმობთ და ხელს შევუშლით ნებისმიერ ძალადობას ქვეყანაში. ჩვენ არ დავუშვებთ ძალადობას ჩვენს სახელმწიფოში.
    რაც შეეხება, ზოგადად, ჩემს მიერ გაკეთებულ რეაგირებას - მეორე დილითვე, მე, რა თქმა უნდა, დავგმე აღნიშნული ფაქტი. რა თქმა უნდა, ჟურნალისტებისა და ოპერატორების წინააღმდეგ მიმართული აღნიშნული წარმოუდგენელი ძალადობა არის აბსოლუტურად მიუღებელი. ეს არის წარმოუდგენელი ფაქტი და რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ვგმობთ. პოლიციამ მყისიერად, მეორე დღესვე მოახდინა ამის თაობაზე რეაგირება.
    მეორეს მხრივ, მინდა, კიდევ ერთხელ შევახსენო საზოგადოებას, როგორ განვითარდა მანამდე მოვლენები და როგორ მოვედით აქამდე.
    მოგეხსენებათ, 5 ივლისს, მთავრობის სხდომაზე მე წინასწარ განვაცხადე, რომ იგეგმებოდა ძალიან დიდი, მასშტაბური პროვოკაცია ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის წინააღმდეგ. მე კონკრეტული სახელი და გვარიც ვთქვი, ვინც ამ რევანშისტული, რადიკალური შეთქმულების უკან დგას, ეს არის ბატონი სააკაშვილი და მისი რადიკალური ჯგუფი. კითხვები დაისვა, თუ რა კავშირი ჰქონდა მაგალითად ლგბტ თემს და მათ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას კონკრეტულად სააკაშვილთან. აღნიშნული ღონისძიების ერთ-ერთი თანაორგანიზატორი და მხარდამჭერი იყო ორგანიზაცია „სირცხვილია", რომელიც აბსოლუტურად სრულად იმართება სააკაშვილის ორგანიზაციების მიერ. ეს არის დადასტურებული ფაქტი, მეგობრებო. ასევე მინდა გითხრათ, რომ იგეგმებოდა ფართომასშტაბიანი სამოქალაქო დაპირისპირება, რაშიც უნდა მომხდარიყო საპოლიციო ჯარების ჩართულობა და მათი მიზანი იყო, რომ სახელმწიფოს გამოეყენებინა ძალა საკუთარი ხალხის და მოქალაქეების წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ჩვენ ეს თავიდან ავიცილეთ, ჩვენ ეს რისკები წინასწარ გვქონდა შეფასებული და ეს არ დავუშვით. რაც მოხდა, კიდევ ვიმეორებ, არის ძალიან ცუდი და სამწუხარო, მაგრამ მინდა, ყველას შევახსენო, რომ ძალადობა ხდება ყველგან და ყველა ქვეყანაში. რამდენიმე ფაქტს შევახსენებ ჩვენს მოქალაქეებს. ევროპის შუაგულში, საფრანგეთში და არა მხოლოდ, დიდ ბრიტანეთში, ყველგან, ჩვენ გვახსოვს კვირების განმავლობაში განუწყვეტელი, ასე ვთქვათ ძალადობრივი, აგრესიული მანიფესტაციები, დემონსტრაციები, სადაც ათეულობით და ასეულობით ადამიანი დაშავდა, უამრავი დაიღუპა და დასახიჩრდა. გვახსოვს აშშ-ში, თვეების განმავლობაში მიმდინარე ძალადობრივი, აგრესიული დემონსტრაციები. მთელ ქალაქებში, სადაც მოხდა ავტომობილების გადაწვა, კერძო ქონებების დაზიანება და ადამიანების დახოცვა. ჩვენს ქვეყანაში, კიდევ ვიმეორებ, ჩვენ ეს რისკები წინასწარ შევაფასეთ, ვთქვით, რომ ეს არის დაუშვებელი. ჩვენ მათ, ლგბტ საზოგადოებას წინასწარ ვუთხარით, ასევე, ჩვენს პარტნიორი ქვეყნების ელჩებს, რომ ამ ე.წ აღლუმის რუსთაველის გამზირზე ჩატარება შეიცავდა პროვოკაციულ ხასიათს და ამის ჩატარება იყო დაუშვებელი. სახელმწიფოში, სადაც, ბუნებრივია, ხდება ძალადობაც, დანაშაულიც და კრიმინალიც, არ შეიძლება ამის განზოგადება. რა თქმა უნდა, ეს შეიძლება მოხდეს ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ქვეყანაში, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა მივიღოთ ქაოსი და უწესრიგობა. მინდა, კიდევ ერთხელ განვაცხადო, მე გარანტიას ვიძლევი, რომ ყველა ის მოძალადე, რომელიც ჩართული იყო აღნიშნულ პროვოკაციაში, იქნება სამაგალითოდ დასჯილი. არ მინდა სპეკულაციებზე საუბარი. გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს, მათ შორის, იმ ვერსიაზე, თუ როგორ მოხვდნენ აღნიშნული აგრესიული პირები, რატომ მაინცდამაინც ჟურნალისტებზე და ოპერატორებზე გააკეთეს მიზანმიმართული შეტევა. ეს არის ლეგიტიმური კითხვა, რასაც გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი. არსებობს ვერსია, რომ, შესაძლოა, აღნიშნული პროვოკატორების უკან იდგეს ასევე რევანშისტული, რადიკალური ძალა. ჩვენ კარგად გვახსოვს და არავის დაავიწყდება ამ ქვეყანაში, თუ რა მეთოდებით მართავდნენ აღნიშნული მოძალადეები და მკვლელები ჩვენს ქვეყანას. როდესაც ხდებოდა ტერორისტული აქტების დადგმაც კი, საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ.
    რაც შეეხება ზოგადად, გუშინდელ აქციას, მინდა, ჩემი მოსაზრება და შეფასება ვუთხრა ჩვენს ხალხს. ეს იყო კლასიკური ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეკლესიური და მაშასადამე ანტიეროვნული გზავნილები, რომელიც გუშინ ჩვენ მოვისმინეთ. გზავნილები, მაგალითად იმის თაობაზე, რომ აგრესიული გამომსვლელები ითხოვდნენ პატრიარქის დაკავებას პოლიციის მიერ. ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, რომ აღნიშნულს ვიმეორებ. გარდა იმისა, რომ ისინი ითხოვდნენ ჩვენს გადადგომას, ეს გასაგებია, ეს ნორმალურია ეს არის მათი ოცნება. მაგრამ, მე მინდა მოსახლეობას ვუთხრა, ვინ ითხოვდა ამ ყველაფერს. ჩვენ ზოგადად, მივესალმებით დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი მედიის არსებობას ქვეყანაში და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ თავისუფალი და მიუკერძოებელი მედია განვითარდეს ქვეყანაში და მიუკერძოებელი ჟურნალისტები განვითარდნენ. ჩვენ მათ ყველაფერს გავუკეთებთ, რაც საჭიროა. მე კიდევ ერთხელ ვუდასტურებ პატივისცემას, ბევრი პროფესიონალი მუშაობს მედიაში, მაგრამ მოდით, თავს ნუ მოვიტყუებთ, ზედმეტი კეკლუცობა არ არის საჭირო, ვთქვათ პირდაპირ - ოპოზიციური ტელევიზიები, მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის, „მთავარი", „ტვ პირველი", „ფორმულა", პირდაპირ იმართება სააკაშვილის მიერ და მათი მოპარული ფინანსებით. შესაბამისად, მათი დღის წესრიგი და „ნაცმოძრაობის" და რევანშისტული, რადიკალური ძალის დღის წესრიგი არის აბსოლუტურად იდენტური. მათ აქვთ ერთი მიზანი - როგორმე ჩამოაგდონ ხელისუფლება და ისევ ძალადობრივი გზით მოვიდნენ ხელისუფლებაში, რაც რა თქმა უნდა, მიუღწეველია, ამას ჩვენ არ დავუშვებთ. მათ მინდა შევახსენო, ხელისუფლებაში მოსვლის ერთადერთი გზა არის არჩევნებში მონაწილეობა, მეგობრებო. კარგად მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე არჩევნებია, აგებენ ყველა არჩევნებს. კიდევ ერთხელ მოუწევთ მათ წაგება და ჩვენ დამაჯერებლად მოვიგებთ მოახლოებულ არჩევნებს.
    მინდა, კიდევ ერთხელ გითხრათ ჩემი შეფასება, თუ რატომ ვიყავი წინააღმდეგი აღნიშნული ე.წ. აღლუმის; ჯერ ერთი, აღლუმი რა სახელია?! მე ვიცი ერთი აღლუმი, ეს არის ჩვენი ჯარის აღლუმი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ჩატარდება. სხვა ღონისძიებებისთვის, რომლებიც, შესაძლოა, ჩატარდეს განსხვავებული აზრის გამოსახატად, არსებობს ნებისმიერი სხვა ლოკაცია, რომელიც პოლიციამ შესთავაზა ლგბტ თემს. საზოგადოებას შევახსენებ, რომ მანამდე, 3 დღის განმავლობაში აბსოლუტურად ყოველგვარი შეფერხების გარეშე ისინი იკრიბებოდნენ და აღნიშნავდნენ ამ კვირეულს. არავითარი შეფერხება და აგრესია არ ყოფილა, პოლიციამ ყველაფრის პრევენცია მოახდინა. მაგრამ, როდესაც ჩვენი მოსახლეობის 95% არის წინააღმდეგი დემონსტრაციულად პროპაგანდისტული მარშის თუ აღლუმის ჩატარების, ამას, მეგობრებო, ყველანი უნდა დავემორჩილოთ. ეს არის ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის აზრი. ჩვენ, როგორც ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, იძულებული ვართ, ამას ანგარიში გავუწიოთ. ამას ყოველთვის გავუწევთ ანგარიშს. ისე აღარ იქნება, როგორც უმცირესობა წყვეტდა ყოველთვის უმრავლესობის ბედს, როდესაც მათი ძალადობრივი ხელწერით ნებისმიერ გადაწყვეტილებას იღებდნენ საქართველოში.
    შევახსენებ საზოგადოებას, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ და გამოხატვის უფლება, როგორც კონსტიტუციით, ისე კანონით არის გარანტირებული; მათ შორის, ჩვენმა ხელისუფლებამ მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი, იმისთვის, რომ აღმოიფხვრას დისკრიმინაცია ნებისმიერი ფორმით, ნებისმიერი სახის და ჩვენს მოქალაქეებს არავითარი პრობლემა არ აქვთ განსხვავებული ორიენტაციის ადამიანების მიმართ ჩვეულებრივ, ყოველდღიურ ცხოვრებაში, მაგრამ როდესაც ყველაფრის ორგანიზება ხდება პროვოკაციული და პოლიტიკური მიზნით, ეს მიუღებელია. ამას ჩვენ შევეწინააღმდეგებით, ვინაიდან ვიცით, თუ რა დგას ამ მიზნის უკან. ამ მიზნის უკან დგას პოლიტიკური მიზანი, სხვა არაფერი. პოლიციამ დააკავა მოძალადეები. არავითარი კომპრომისი არ იქნება ჩვენი მხრიდან, ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ, ყველა მოძალადეს ვაგებინებთ პასუხს. მეორეს მხრივ, მეორე დღეს, როდესაც არსებობდა რისკი იმისა, რომ მომხდარიყო დაპირისპირებულ მხარეებს შორის შეტაკება, პოლიციამ ძალიან მაღალ დონეზე იმუშავა და 100 პირი დააკავა მეორე დღეს აქციის დროს. 5 ივლისს 3500-მდე პოლიციელი იყო მთელს ქალაქში მობილიზებული. შევახსენებთ საზოგადოებას, რომ ჩვენ ძირითად ღონისძიებას ველოდებოდით 17:00 და 18:00 საათზე. რა თქმა უნდა, აღნიშნული ძალადობრივი ფაქტები არ იყო არც მთავრობის და არც ეკლესიის ინტერესებში. შესაბამისად, ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ ერთი ადამიანის და ერთი რევანშისტული პოლიტიკური ძალის ინტერესებში. შეიძლება სავსებით თავისუფლად ითქვას, რომ ეს იყო რუსეთის ინტერესებშიც, რომ მოხდეს ეროვნული განხეთქილების შემოტანა, ისედაც დაყოფილი საზოგადოების ხელახლა გახლეჩა და თუნდაც ევროპული ფასეულობების არასწორი ფორმით ჩვენება და დისკრედიტაცია. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ძალიან კარგად ესმით ჩვენს ოპონენტებს, მაგრამ ისინი გამიზნულად იმეორებენ და აკეთებენ იმას, რაც არ არის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში.
    შესაბამისად, მე მინდა, კიდევ ერთხელ, ჩვენს მოსახლეობას ვუთხრა, რომ ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად სრული კონტროლი სიტუაციაზე. ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ დროს, მნიშვნელობა არ აქვს მედიის წარმომადგენელია ის, ოპოზიციური მედიის წარმომადგენელია თუ არა, აქვს უფლება შეიკრიბოს, გამოხატოს საკუთარი აზრი, კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში. მაგრამ, აქვე მინდა ვთქვა, რომ ნებისმიერი მცდელობა, რომ გასცდეს მათი ქმედება კანონის და კონსტიტუციის ფარგლებს, იქნება მაქსიმალური სიმკაცრით აღკვეთილი. სახელმწიფოს და კანონის სახელით, ყველა დაისჯება უმკაცრესად, ვინც გასცდება კანონის და კონსტიტუციის ფარგლებს.
    ჩვენ ახლა მთავარი დღის წესრიგი გვაქვს ჩვენი ქვეყნის განვითარება, ჩვენი ეკონომიკის სწრაფი აღდგენა. პოზიტიური დინამიკა გვაქვს და მოგეხსენებათ, რომ ძალიან მაღალი ზრდა გვქონდა ეკონომიკაში - 45%, 25% მაისის თვეში, პირველ 5 თვეში ჩვენ გვქონდა 11%-იანი ზრდა.
    ჩვენ ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან განახლებით პროგრამებს ყველა მუნიციპალიტეტში, უახლოეს 1-2 კვირაში.
    ამ ყველაფრის შეფერხება სურთ ამ დესტრუქციულ ოპოზიციურ ძალებს, სამწუხაროდ, მაგრამ ისინი ამას წინ ვერ აღუდგებიან. ჩვენ ვიძლევით ამის გარანტიას, რომ ეს პროცესი, განვითარების გზა გაგრძელდება. რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება არჩევნები ოქტომბრის თვეში, ყველა უნდა ვიყოთ მობილიზებული, მთელი სახელმწიფო და ვართ კიდეც მობილიზებული, რომ მაქსიმალურად ღიად, მშვიდად ჩატარდეს არჩევნები და ჩვენმა მოსახლეობამ, კიდევ ერთხელ, დააფიქსიროს საკუთარი არჩევანი.
    და აქვე, მინდა ბოლო გადაწყვეტილება გაცნობოთ, ჩვენ დღეს ვნიშნავთ ორ ვიცე-პრემიერს - ქალბატონი თეა წულუკიანი და ბატონი ლევან დავითაშვილი", - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.

  • საინფორმაციო სააგენტო შპს "ნიუს დეი საქართველოს" ადმინისტრაციის განცხადება

    საინფორმაციო სააგენტო შპს "ნიუს დეი საქართველოს" (www.newsday.ge) ადმინისტრაცია სამძიმარს უცხადებს ტელეკომპანია "პირველს", ოპერატორის ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით. 

    "ნიუს დეი საქართველო" გმობს ძალადობრივი და რადიკალური ჯგუფების მხრიდან ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტებს და მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს მთავრობას დაუყოვნებლივ გამოძიოს 5 ივლისს მედიაზე განხორციელებული თავდასხმის ყველა ფაქტი. შესაბამისად, გამოძიების შემდეგ, დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ კანონის სრული სიმკაცრით.

    "ნიუს დეი საქართველოს" ადმინისტრაცია ასევე მოუწოდებს საქართველოს მთავრობას გააკეთოს ყველაფერი, რათა ყველა მედიასაშუალებას მიეცეს თავისუფლად მუშაობის შესაძლებლობა.

     

     

  • ”დემოკრატია საქართველოში საფრთხეშია და ყველა სუბიექტმა, მათ შორის მთავრობამ, სრული პასუხისმგებლობით უნდა იმოქმედოს” - ჩეხეთის ელჩი საქართველოში

    ”დემოკრატია საქართველოში საფრთხეშია და ყველა სუბიექტმა, მათ შორის მთავრობამ, სრული პასუხისმგებლობით უნდა იმოქმედოს”. ამის შესახებ ჩეხეთის ელჩმა საქართველოში პეტრ მიკისკამ განაცხადა და საჯაროდ დაგმო გუშინ თბილისში მომხდარი ძალადობრივი მოვლენები.

    ”შოკისმომგვრელი იყო ძალადობის სცენები, ჟურნალისტებზე თავდასხმები და ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებზე. დამნაშავეებმა დაუყოვნებლივ უნდა წარსდგნენ სასამართლოს წინაშე და პასუხი აგონ არსებული კანონის ფარგლებში. ასევე დაცული უნდა იყოს თითოეულის კონსტიტუციური უფლებები. დემოკრატია საქართველოში საფრთხის ქვეშაა და ყველა მოქმედმა პირმა, მათ შორის მთავრობამ, სრული პასუხისმგებლობით უნდა იმოქმედოს” - დაწერა ჩეხეთის ელჩმა სოციალურ ქსელ "ტვიტერში", გუშინდელი მოვლენების კომენტირებისას, რომლის დროსაც ათობით ადამიანს, მათ შორის ბევრ ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, "ღირსების მარშის" ჩატარების მოწინააღმდეგეებმა.

  • ვგმობთ თავდასხმებს სამოქალაქო აქტივისტებზე, საზოგადოების წევრებსა და ჟურნალისტებზე-დიპლომატიური კორპუსი

    საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი თბილისში დღეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

    „ავსტრიის, ბულგარეთის, ესტონეთის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, საბერძნეთის, ირლანდიის, ისრაელის, იტალიის, ლატვიის, ლიეტუვას, ნიდერლანდების, ნორვეგიის, ესპანეთის, შვედეთის, გაერთიანებული სამეფოს, გაერო-ს სისტემის საქართველოში, შეერთებული შტატების საელჩოსა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ერთობლივი განცხადება თბილისში განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით.

    ჩვენ ვგმობთ დღევანდელ ძალადობრივ თავდასხმებს სამოქალაქო აქტივისტებზე, საზოგადოების წევრებსა და ჟურნალისტებზე და ასევე ხელისუფლების ლიდერებისა და სასულიერო პირების მხრიდან ამ ძალადობის არდაგმობას. მშვიდობიან შეკრებაში მონაწილეობის უფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით. ძალადობა, უბრალოდ, მიუღებელია და მას გამართლება არ აქვს. ის, ვინც აქეზებს ან იმუქრება ძალადობის ჩადენით, ან სჩადის ძალადობრივ ქმედებას ხელს უშლის საქართველოს სამართალდამცველებს მშვიდი და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაში. ისინი სასამართლოს წინაშე უნდა წარდგნენ კანონის სრული უზენაესობის დაცვით. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ყველა ლიდერს და სამართალდამცავ უწყებებს იმოქმედონ დაუყოვნებლივ და დაიცვან ის ადამიანები, რომლებიც სარგებლობენ შეკრებისა და გამოხატვის კონსტიტუციური უფლებებით, დაიცვან ჟურნალისტები, რომლებიც მოქმედებენ თავისუფალი პრესის პრინციპების მიხედვით, და საჯაროდ დაგმონ ძალადობა“, – აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური