დავით ზალკალიანმა და ოლივერ ვარეიმ ევროკავშირის 2022 წლის საინვესტიციო გეგმა განიხილეს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 08 ივლისი 2021 16:14

2021 წლის 7 ივლისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარეის შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების აქტუალურ მიმართულებებზე. ორივე მხარის მიერ აღინიშნა თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების ინტერესი და მზაობა. ამის შესახებ საგარეოს პრეს-სამსახური იუწყება.
შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის 2022 წლის საინვესტიციო გეგმაზე, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის 2020 წლის შემდგომ მიზნებს განსაზღვრავს და რომლის შესახებაც ვიზიტის ფარგლებში განაცხადა ვარეიმ. მხარეებმა განსაკუთრებით დადებითად შეაფასეს ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა, რომელიც პარტნიორი ქვეყნებისთვის მნიშვნელოვანი დახმარების მობილიზებას ითვალისწინებს კოვიდ-პანდემიის უარყოფითი შედეგების აღმოფხვრისა და სოციალურ-ეკონომიკური გაჯანსაღებისთვის. დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა ევროკომისარს პირადი წვლილისთვის, რის შედეგადაც დოკუმენტში აისახა საქართველოსთვის პრიორიტეტული ინიციატივები. მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ დოკუმენტი მნიშვნელოვან აქცენტს აკეთებს დიფერენციაციასა და პარტნიორ ქვეყნებთან ინდივიდუალურ ინტერესებზე მორგებული თანამშრომლობის განვითარებაზე. მხარეებმა ისაუბრეს საინვესტიციო გეგმის ფარგლებში საქართველოსთვის იდენტიფიცირებულ საფლაგმანო ინიციატივებზე, რომლებიც სრულად ეხმიანება საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტებს. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა შავ ზღვაზე ენერგეტიკული, სატრანსპორტო და ციფრული დაკავშირებადობის საფლაგმანო ინიციატივებს, რომელთა განხორციელება სტრატეგიული მნიშვნელობის მატარებელია როგორც საქართველოს, ისე ევროკავშირისთვის.
საუბარი ასევე შეეხო მოლოდინებს 2021 წლის დეკემბერში დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის, რომელზეც დამტკიცდება პარტნიორობის 2020 წლის შემდგომი მიზნები და მიღებულ იქნება ერთობლივი დეკლარაცია. 
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნების საჭიროებაზე და ამ კონტექსტში საქართველოს მნიშვნელოვან როლზე. ყურადღება ასევე გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე და ევროკავშირის ჩართულობაზე რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის პროცესში.

წაკითხულია 132 ჯერ

Related items

  • დავით ზალკალიანი მონაწილეობას მიიღებს ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში
    საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, დელეგაციასთან ერთად, 30 ნოემბერს -1 დეკემბერს, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიწვევით,მონაწილეობას მიიღებს ქ.რიგაში დაგეგმილ ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ საგარეოს ადმინისტრაციაში განუცხადეს.
    მათი ინფორმაციით, მინისტერიალის ფარგლებში საგარეო უწყების ხელმძღვანელი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სესიაში, სადაც სიტყვით მიმართავს კოლეგა მინისტრებს, ასევე დაგეგმილია დავით ზალკალიანის ორმხრივი შეხვედრები წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან.
    ქ. რიგაში მიმდინარე ნატოს მინისტერიალის დღის წესრიგის ერთ-ერთი საკითხი შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და ბოლო პერიოდში განვითარებული პროცესები იქნება, მოკავშირეები ასპირანტი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებისგან მოისმენენ რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე მათ ხედვებს და იმსჯელებენ როგორც რეგიონალური, ასევე გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში ამ ქვეყნების წვლილზე.
    მინისტერიალის ფარგლებში,
    მონაწილეები ასევე განიხილავენ საქართველოსა და უკრაინის მიერ ალიანსში გაწევრიანების გზაზე გადადგმულ ნაბიჯებს.
    მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ლაშა დარსალია ასევე მონაწილეობას მიიღებს ღონისძიებაში - “ნატოს ხედვა 2030 წლის სტრატეგიასთან მიმართებაში”, რომელსაც ალიანსის გენერალური მდივანი, იანს სტოლტენბერგი და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ედგარს რინკევიჩსი გახსნიან.
  • აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალის ფარგლებში, დ. ზალკალიანი აზერბაიჯანელ და სომეხ კოლეგებს ესაუბრა

    2021 წლის 15 ნოემბერს, ბრიუსელში გამართული აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ესაუბრა აზერბაიჯანელ და სომეხ კოლეგებს, ჯეიჰუნ ბაირამოვს და არარატ მირზოიანს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

    განხილულ იქნა რეგიონში არსებული ვითარება, საქართველოს ვიცე-პრემიერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა რეგიონში სტაბილურობის და მშვიდობის გაძლიერების და მეზობელ ქვეყნებს შორის არსებული დაძაბული სიტუაციის დეესკალაციის მნიშვნელობა.

    დავით ზალკალიანმა დაადასტურა ქართული მხარის მზაობა, მომავალშიც არ დაიშუროს ძალისხმევა, საკუთარი წვლილი შეიტანოს რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების პროცესში.

  • ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს კლიმატის ცვლილებების მსოფლიო ლიდერთა სამიტში ღებულობს მონაწილეობას

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, 1-2 ნოემბერს, 120-მდე სახელმწიფოს ლიდერთან ერთად, გაეროს კლიმატის ცვლილებების 26-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტში ღებულობს მონაწილეობას, რომელიც გლაზგოში იმართება.
    მთავრობის მეთაური გაერთიანებულ სამეფოში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი იმყოფებიან.

    პრემიერ-მინისტრი სამიტის მონაწილე მსოფლიო ლიდერებს სიტყვით 1-ელ ნოემბერს მიმართავს და პანდემიით გამოწვეულ სირთულეებთან ერთად, კლიმატის ცვლილებით შექმნილ საფრთხეებთან გასამკლავებლად ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე გაამახვილებს ყურადღებას.
    გაეროს 2021 წლის კლიმატის ცვლილებების 26-ე კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.

    გაეროს კლიმატის ცვლილებების 26-ე კონფერენციას (COP26) გლაზგო 31 ოქტომბრიდან 12 ნოემბრამდე უმასპინძლებს. მსოფლიო ლიდერთა სამიტის ფარგლებში სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურები და ექსპერტები იმსჯელებენ, როგორ გააძლიერონ ძალისხმევა და კოორდინირებული ქმედებები პარიზის შეთანხმებისა და კლიმატის ცვლილებებზე გაეროს ჩარჩო-კონვენციის მიზნების მისაღწევად და კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად. სამიტში მსოფლიოს 120-მდე სახელმწიფოს ლიდერი მიიღებს მონაწილეობას.

    მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური

     

  • «სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ვიზიტი იმ მჭიდრო თანამშრომლობის გამოხატულებაა, რომელიც ორ ქვეყანას შორის წარმატებულად ვითარდება» - დავით ზალკალიანი

    18 ოქტომბერს, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრს, ივან კორჩოკს შეხვდა, რომელიც ოფიციალური ვიზიტით საქართველოში იმყოფება.
    შეხვედრისას მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებულ ტრადიციულად მეგობრულ ურთიერთობებს და მჭიდრო პარტნიორობას და  განიხილეს, როგორც  ორმხრივი ურთიერთობის მიმდინარე საკითხები, ასევე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.
    განსაკუთრებული  ყურადღება დაეთმო სავაჭრო- ეკონომიკური და ტურისტული მიმართულებებით ურთიერთობების განვითარებას, რაშიც, მინისტრების შეფასებით დიდ როლს შეიტანს საქართველო-სლოვაკეთის ბიზნეს ფორუმი, რომელიც სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში მიმდინარეობს. 
    "დღეს სლოვაკეთიდან ასევე ვმასპინძლობთ წარმომადგენლობით ბიზნეს-დელეგაციას და მივესალმებით ქართულ-სლოვაკურ ბიზნეს ფორუმს, რომელიც დღეს თბილისში იმართება. ცხადია, რომ საქმიან წრეებს შორის კავშირების განმტკიცება კიდევ უფრო გააფართოებს ჩვენს ეკონომიკურ თანამშრომლობას და შექმნის ახალ შესაძლებლობებს ორი ქვეყნის ურთიერთობებში"- აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.
    საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრისას საუბარი შეეხო ასევე  საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგს და ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესს, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ სამიტზე, როგორც შეხვედრის შემდგომ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, დავით ზალკალიანმა განაცხადა მნიშვნელოვანია სამიტზე კიდევ ერთხელ ხაზი გაესვას აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის მნიშვნელობას და დიფერენცირებული მიდგომების აუცილებლობას იმ ქვეყნებისთვის, რომელთაც აქვთ მეტი მისწრაფება და პროგრესი ამ გზაზე. 
    დავით ზალკალიანმა  სლოვაკ კოლეგას საქართველოს პრაქტიკული მხარდაჭერისა და სლოვაკეთის მიერ  საქართველოში სხვადასხვა სექტორის განვითარებისთვის გაწეული  დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. "სლოვაკეთის განვითარების თანამშრომლობის სტრატეგიაში, საქართველო პრიორიტეტული ქვეყანაა, რაც ჩვენი გამორჩეული ურთიერთობების მორიგი  ნათელი დადასტურებაა."- განაცხადა ზალკალიანმა.
    შეხვედრაზე ყურადღება ასევე გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობაზე. განსაკუთრებით აღინიშნა უკანონო ე.წ. „ბორდერიზაციის“,  გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის, ასევე, გატაცებისა და უკანონო დაკავებების ფაქტები. მინისტრმა მადლობა გადაუხადა სლოვაკ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე. აღინიშნა, რომ სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვიზიტის ფარგლებში მოინახულებს საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას. "ძალზე ფასეულია, რომ სლოვაკეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. სლოვაკეთს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობაში."-განაცხადა დავით ზალკალიანმა.
    შეხვედრაზე ორი ქვეყნის პირველმა დიპლომატებმა აღნიშნეს ორმხრივი პოლიტიკური დიალოგის გაგრძელებისა და  მაღალი დონის შეხვედრების ტრადიციის გაგრძელების მნიშვნელობა. 
    საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ივან კორჩოკი შეხვედრას გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან, კახა კუჭავასთან. ამასთან, სლოვაკეთის პირველი დიპლომატი საოკუპაციო ხაზს ეწვევა და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას.

  • სლოვენიაში ვიზიტის ფარგლებში, ქ. პორტოროჟში საქართველოს საპატიო საკონსულო გაიხსნა

    სლოვენიაში ვიზიტის ფარგლებში, ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო სლოვენიის ქ. პორტოროჟში საქართველოს საპატიო საკონსულოს გახსნის ცერემონიაში. აღსანიშნავია, რომ სლოვენიაში პირველად გაიხსნა საქართველოს საპატიო საკონსულო.
    დავით ზალკალიანმა ანდრეი მალგაის მიულოცა საპატიო კონსულად დანიშნვა და ხაზი გაუსვა საკონსულოს გახსნის მნიშვნელობას სლოვენიის სატრანსპორტო ცენტრში - პრიმორსკას რეგიონში. მინისტრმა ისაუბრა ორ ქვეყანას შორის არსებულ წარმატებულ თანამშრომლობაზე, როგორც პოლიტიკის, ისე ეკონომიკის, ტურიზმისა და კულტურის სფეროებში და ხაზი გაუსვა სავაჭრო, საინვესტიციო და ხალხთაშორისი ურთიერთობების გაღრმავებაში საპატიო საკონსულოს როლს.
    მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ საპატიო საკონსულოს გახსნით, საქართველო - სლოვენიის მჭიდრო ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდება და ანდრეი მალგაის წარმატებები უსურვა.
    ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს ელჩმა სლოვენიის რესპუბლიკაში, ირაკლი კოპლატაძემ და საპატიო კონსულმა ანდრეი მალგაიმ.
    საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი 14-16 ოქტომბერს, სლოვენიაში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრებს გამართავს ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებთან.

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის მხარდაჭერით ქუთაისში 60+ კლუბის წევრებთან შეხვედრა გაიმართა

ლიბერთის მხარდაჭერით ქუთაისში 60+ კლუბის წევრებთან შეხვედრა გაიმართა

ლიბერთის მხარდაჭერით და გაეროს მოსახლეობის ფონდის ...

პოპულარული

« December 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური