შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 05 ივლისი 2021 17:48

შინაგან საქმეთა სამინისტრო პირველ რიგში გმობს სიძულვილით მოტივირებულ ქმედებებს, მათ შორის მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ გამოხატულ ძალადობის ნებისმიერ ფორმას. მოვუწოდებთ დედაქალაქის ქუჩებში შეკრებილ მოქალაქეებს დაიცვან წესრიგი, დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს და ნებისმიერ თემაზე პროტესტი გამოხატონ კანონის ფარგლებში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში მოძრაობა "სირცხვილიას" და "თბილისი პრაიდის" ოფისზე განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა მოქალაქეების ნაწილმა პარლამენტის შენობის უკან მდებარე მოძრაობა "სირცხვილიას" ოფისში შეჭრა სცადეს. ოფისში იმყოფებოდნენ ჟურნალისტები და აშუქებდნენ მიმდინარე მოვლენებს, აქციის მონაწილეებმა დააზიანეს ასევე მათი ტექნიკა.

აქციის მონაწილეების მხრიდან თბილისში, ახვლედიანის ქუჩა №17-ში მდებარე „თბილისი პრაიდის“ ოფისიდან დროშის ჩამოხსნის, განადგურებისა და ინვენტარის დაზიანების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების მუხლით დაიწყო, ასევე, გამოძიება.

კანონდარღვევის ამ ფაქტების გარდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საზოგადოებას უკვე აცნობა, რომ დღეს რუსთაველის გამზირზე მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებული ძალადობის და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის გამოვლენილ ფაქტებზე გამოძიება დაიწყო. აღნიშნულ ფაქტებზე ტარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, შესწავლილი იქნება ინციდენტების ამსახველი ყველა მასალა.

მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებს, მოვუწოდებთ არსებული რისკების გათვალისწინებით ითანამშრომლონ პოლიციის თანამშრომლებთან, გაითვალისწინონ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მითითებები და რეკომენდაციები.

დედაქალაქის ქუჩებში საპოლიციო ძალები მობილიზებული რჩებიან და განაგრძობენ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, დაიცვან კანონის მოთხოვნები. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის ფარგლებში და სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი იქნება აღკვეთილი და მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.

წაკითხულია 162 ჯერ

Related items

  • ცესკომ და სწავლების ცენტრმა საქართველოს შსს-ს აკადემიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს

    16 სექტემბერს, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო), საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის (სწავლების ცენტრი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის (შსს აკადემია) ხელმძღვანელ პირებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

    შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა კენჭისყრის პროცესის უსაფრთხო და მშვიდობიან გარემოში მიმდინარეობის ხელშეწყობის მიზნით საარჩევნო ადმინისტრაციასა და სამართალდამცავ ორგანოებს შორის ეფექტიანი კომუნიკაციის მნიშვნელობაზე. ამ მიმართულებით ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა და შსს აკადემიის რექტორმა ივანე პაპიაშვილმა  არჩევნების უსაფრთხოების საკითხებზე პოლიციელებისა და საარჩევნო კომისიების წევრების ინფორმირების უზრუნველსაყოფად კომპეტენციის ფარგლებში განსახორციელებელი თანამშრომლობის მექანიზმები განიხილეს.

    სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა შსს აკადემიასთან პარტნიორობით განსახორციელებელი საინფორმაციო-სასწავლო პროგრამა „არჩევნები და უსაფრთხოება“ წარადგინა, რომელიც კენჭისყრის დღემდე პერიოდში და კენჭისყრის დღეს საარჩევნო პროცესის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად რისკების იდენტიფიცირების,  პრევენციული ღონისძიებებისა და დარღვევებზე რეაგირების მექანიზმების შესახებ საკანონმდებლო რეგულაციების განხილვას მოიცავს.

    პროგრამაში მონაწილეობას შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მენეჯერული რგოლის თანამშრომლები მიიღებენ. საინფორმაციო შეხვედრები 17-18 სექტემბრის პერიოდში, ონლაინ ფორმატში, წარიმართება.

    ცესკოში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სიორიძე და შსს აკადემიის პრორექტორი თეიმურაზ მაღრაძე.

    სამართალდამცავ ორგანოებთან ეფექტიანი კომუნიკაციის ხელშეწყობის უზრუნველსაყოფად,  მნიშვნელოვანია, რომ სწავლების ცენტრი, ცესკოსთან თანამშრომლობით, არჩევნების უსაფრთხოების მოდულზე ტრენინგებს საარჩევნო კომისიების წევრებისთვისაც ახორციელებს.

  • განცხადება საკონსულტაციო ჯგუფთან დაკავშირებით

    ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) დღეს საკონსულტაციო ჯგუფთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართა. როგორც ცესკოს პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა, წლევანდელი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გამორჩეული იქნება უმნიშვნელოვანესი საკანონმდებლო სიახლეებითა და ტექნოლოგიური ინოვაციებით, რომლებიც მიმართულია მაქსიმალურად ინკლუზიური და გამჭვირვალე საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფისკენ. ხსენებული სიახლეები და ინოვაციები შეჯერებული იქნა ჩართულ მხარეებს შორის ინტენსიური დიალოგის, დისკუსიების პროცესში, პრაქტიკულად სრული კონსენსუსის საფუძველზე.

    „როგორც მოგეხსენებათ, ერთ-ერთი ინიციატივა ამ მიმართულებით, იყო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის მიერ წარდგენილი კანდიდატებით დაკომპლექტებული საკონსულტაციო ჯგუფის იდეა, საჩივრების განხილვის პროცესთან დაკავშირებით ცესკოსთვის გარკვეული რეკომენდაციების წარსადგენად.

    ინოვაციურობისა და სამოქალაქო ინიციატივებისადმი გახსნილობის სტრატეგიიდან გამომდინარე, ცესკომ გამოთქვა სრული მზაობა ამ ინიციატივისადმიც და გადადგა მთელი რიგი კონკრეტული ნაბიჯები ჯგუფის სამართლებრივი, საორგანიზაციო, ტექნიკური და ლოგისტიკური მხარდაჭერისთვის.

    აღნიშნულის მიუხედავად, სამწუხაროდ თავად მესამე სექტორის მხრიდან ჩართული სუბიექტების შიგნით არ შეინიშნება საკმარისი რესურსი და ნება ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული კონსტრუქციული თანამშრომლობისათვის.

    ცესკოს ხელმძღვანელობამ იტვირთა გარკვეული მედიატორის ფუნქციაც მონაწილე მხარეებს შორის, გაიმართა შეხვედრები ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, შესაბამის სამართლებრივ ბაზაში, ცესკოს კომპეტენციის ფარგლებში შეტანილი იქნა საჭირო ცვლილებები, რათა არ დაზარალებულიყო ჯგუფის გადაწყვეტილებისუნარიანობა მის შიგნით აზრთა გარკვეული სხვადასხვაობის დროსაც, თუმცა სამწუხაროდ საარჩევნო პროცესის ხელშესაწყობად ჩაფიქრებული ეს დამატებითი მექანიზმი, ზოგიერთი მხრიდან გახდა ნიჰილისტური დამოკიდებულების დანერგვაზე და პროცესში ქაოსის შეტანაზე ორიენტირებული მიზანმიმართული თავდასხმების ობიექტი, რამაც შესაძლოა, განაპირობა რიგი წევრების მიერ საკონსულტაციო ჯგუფის დატოვება.

    ეს ნამდვილად დასანანია ჩვენთვის, თუმცა კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ არსებობს ყველა  სამართლებრივი, საორგანიზაციო, ტექნიკური და სხვა აუცილებელი ინსტრუმენტი და რაც მთავარია, საზოგადოების დაკვეთა და ჩვენი მტკიცე ნება, რომ მიუხედავად ცალკეული დესტრუქციული მცდელობებისა, წლევანდელი არჩევნები იყოს უპრეცედენტოდ ინკლუზიური, გამჭვირვალე და დემოკრატიული,“- განაცხადა ნათია იოსელიანმა დღევანდელ ბრიფინგზე.

  • საქართველოს პროკურატურამ შანაი ბრუკის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალი წარუდგინა

    საქართველოს პროკურატურამ, ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკი ედუარდსის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე რ.მ.-ს ბრალდება წარუდგინა.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 30 ივლისს, დაახლოებით 16:00 საათზე, თბილისში, მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებული ყაჩაღურად, პირადი ნივთების დაუფლების მიზნით თავს დაესხა შანაი ბრუკი ედუარდს. მსხვერპლის მიერ გაწეული წინააღმდეგობის გამო, ბრალდებულმა, ყაჩაღობის გაადვილების და შემდგომში მისი დაფარვის მიზნით, ანგარების მოტივით, მისი მოკვლა გადაწყვიტა. ბრალდებულმა შანაი ბრუკს დანით კისრის არეში მიაყენა დაზიანება და გაგუდა. ამის შემდეგ იგი მსხვერპლის პირად ნივთებს დაეუფლა და დანაშაულის კვალის დაფარვა სცადა, ცხედარს ხის ტოტები დააფარა, დანაშაულის იარაღი - დანა მიმდებარე ტერიტორიაზე გადააგდო და ადგილიდან მიიმალა.

    გამოძიების პროცესში ჩატარდა რამდენიმე ასეული საგამოძიებო მოქმედება. გამოიკითხა 200-ზე მეტი პირი, მათ შორის გარდაცვლილი ქალის მეგობრები, თანამშრომლები, მეზობლები, დანაშაულის დღეს მთაწმინდის პარკის ტერიტორიაზე მყოფი და იქ დასაქმებული პირები. საქმის მოწმეებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, დამნაშავე პირის იდენტიფიცირების მიზნით, შეიქმნა ფოტორობოტი, რომელიც გაეგზავნა ყველა ოპერატიულ დანაყოფს.

    შესწავლილია შანაი ბრუკის გადაადგილების მარშრუტები და ამოღებულია ასევე, შემთხვევის ადგილის, გარდაცვლილის დროებითი საცხოვრებელი სახლის და მთაწმინდის პარკის მიმდებარე ქუჩებზე განთავსებული, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის - „112“-ის და კერძო ობიექტების კუთვნილი რამდენიმე ათეული ვიდეოსამეთვალყურეო კამერის ჩანაწერი. დანიშნულია დაქტილოსკოპიური, ტრასოლოგიური, ბიოლოგიური და გენეტიკური ექსპერტიზები.

    გამოძიების მიერ შეკრებილი მტკიცებულებების, მათ შორის, მოწმეთა ჩვენებების, ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ჩანაწერების, გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, მოსამართლის განჩინებით, სამართალდამცავებმა 8 სექტემბერს რ.მ. დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით), 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ და მესამე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი სხვა დანაშაულის დაფარვის და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით; ანგარებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    პროკურატურა სასამართლოს მიმართავს ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით. 

    შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ქალის, შანაი ბრუკის ცხედარი მთაწმინდის ფერდობზე 31 ივლისს იპოვეს.

  • მაშველებმა მწვერვალ უშბაზე ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს
    მაშველებმა მწვერვალ უშბაზე ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ადმინისტრაციაში განუცხადეს.
    მათი ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა შეტყობინება მესტიაში, მწვერვალ უშბაზე გაუჩინარებული უცხოეთის ორი მოქალაქის შესახებ. ინიციატორის ინფორმაციით მთამსვლელებთან ვერ ხერხდებოდა დაკავშირება, უცნობი იყო მათი მდგომარეობა და საჭირო იყო სახანძრო-სამაშველო ძალების დახმარება.
    შეტყობინებაზე რეაგირება მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა და დაიწყო აქტიური საძიებო-სამაშველო ღონისძიებები. უამინდობის და რთული გარემო პირობების გამო, მაშველებს მწვერვალზე ქვეითად გადაადგილება უწევდათ. საძიებო-სამაშველო ღონისძიებაში შსს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც ჩაერთო.
    საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა, საძიებო ოპერაციის ფარგლებში, მწვერვალ უშბაზე ორი ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს. ცხედრები გადმოსვენებულია მესტიაში და ტარდება შესაბამისი პროცედურები.
  • შსს-მ ავსტრალიის მოქალაქის შანაი ბრუკის განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა, დაკავებულია ერთი პირი

    საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) თბილისის პოლიციის დეპარტამენტის და თბილისის პროკურატურის თანამშრომლებმა, ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2021 წლის 30 ივლისს თბილისში, მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი, ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკი ედუარდსის განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაკავებულია თბილისში მცხოვრები 1988 წელს დაბადებული რ.მ. (საქართველოს მოქალაქე). ამის შესახებ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ კახა მურადაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

    მისი თქმით, ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკი, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, დროებით ცხოვრობდა თბილისში, გოგებაშვილის პირველ შესახვევში. მეგობრების განმარტებით, იგი ხშირად სეირნობდა მთაწმინდის პარკის მიმდებარედ არსებულ ტყის მასივში.

    "30 ივლისს შანაი ბრუკი მეგობრებს უნდა შეხვედროდა, თუმცა არ მივიდა დათქმულ დროს და მას შემდეგ მასთან კომუნიკაცია შეწყდა. მოგვიანებით, შანაი ბრუკის მეგობრებმა აღნიშნულის შესახებ სამართალდამცველებს შეატყობინეს. შეტყობინების მიღებისთანავე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სამძებრო ღონისძიებები დაიწყეს", - აღნიშნა მან.

    კ. მურადაშვილმა ასევე განაცხადა, რომ გამოძიებამ ჩაატარა რამდენიმე ასეული საგამოძიებო მოქმედება. გამოიკითხა 200-ზე მეტი პირი, მათ შორის გარდაცვლილი ქალის მეგობრები, თანამშრომლები, მეზობლები, დანაშაულის დღეს მთაწმინდის პარკის ტერიტორიაზე მყოფი და იქ დასაქმებული პირები. მათგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, დამნაშავე პირის იდენტიფიცირების მიზნით, შეიქმნა ფოტორობოტი, რომელიც გაეგზავნა ყველა ოპერატიულ დანაყოფს.

    შესწავლილ იქნა შანაი ბრუკის გადაადგილების მარშრუტები და დათვალიერდა შემთხვევის დღეს შანაი ბრუკის გადაადგილების ამსახველი ვიდეოჩანაწერები, ასევე, შემთხვევის ადგილის, მისი დროებითი საცხოვრებელი სახლისა და მთაწმინდის პარკის მიმდებარე ქუჩებზე განთავსებული, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის - „112“-ის და კერძო ობიექტების კუთვნილი რამდენიმე ათეული ვიდეოსამეთვალყურეო კამერის ჩანაწერები.

    საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ქალის, შანაი ბრუკის ცხედარი მთაწმინდის ფერდზე 31 ივლისს იპოვეს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური