„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა პარლამენტის წინ ოპოზიციის მხარდამჭერების კარვები დაშალეს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 05 ივლისი 2021 17:20

„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა პარლამენტის წინ, ოპოზიციის მხარდამჭერების კარვები დაშალეს. ულტრანაციონალისტური ჯგუფების წარმომადგენლებმა 9 აპრილის ბაღიდან პარლამენტისკენ გადაინაცვლეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, არ დაუშვებენ, რომ დღეს "ღირსების მარში" ჩატარდეს.

ამ წუთებში პარლამენტის წინ „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეების აქცია მიმდინარეობს.

მედიის ცნობით, დღეს, „ღირსების მარშის“ საწინააღმდეგო აქციაზე შეკრებილი ჰომოფობიურად განწყობილი მოქალაქეები მინიმუმ 20-მდე ჟურნალისტს დაესხნენ თავს და მათი ტექნიკა დააზიანეს.

ბოლო ცნობებით, თავს დაესხნენ „ტელეკომპანია პირველის“, „ფორმულას“, „რუსთავი 2-ის“ „იმედის“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“, „მთავარი არხის“, ასევე ინტერნეტ გამოცემა on.ge-ს, „ნეტგაზეთისა“ და „ტაბულას“ ჟურნალისტებს.

„ტელეკომპანია პირველის“ ცნობით, დამტვრეულია მათი აპარატურა, „ტაბულას“ განცხადებით, გამოცემის ჟურნალისტს, მაკო ჯაბუას თავში კეტი ჩაარტყეს. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, კიდევ რამდენიმე ჟურნალისტს სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შემთხვევებზე გამოძიება პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისა (154) და ძალადობის (126-ე) მუხლებით უკვე დაწყებულია.

„რუსთაველის გამზირზე, მოწინააღმდეგე ჯგუფების მიერ დაგეგმილი აქციების მასშტაბურობიდან გამომდინარე“, შსს მოუწოდებს „თბილისი პრაიდის“ მონაწილეებს, „უარი თქვან ღია, საჯარო სივრცეში მარშის გამართვაზე“.

წაკითხულია 148 ჯერ

Related items

  • სახალხო დამცველი 5 ივლისს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ძალადობისკენ მოწოდების ფაქტებზე 2 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას მოითხოვს

    საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია 5 ივლისს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ძალადობისკენ მოწოდების ფაქტებზე 2 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას მოითხოვს. ამის შესახებ ნ. ლომჯარიამ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
    მისი თქმით, 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენებიდან ორი თვე გავიდა, თუმცა საქართველოს პროკურატურას ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნა არც ერთი პირის მიმართ არ დაუწყია. "სახალხო დამცველმა შეისწავლა მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ვიდეომასალები და მიიჩნევს, რომ საჯაროდ ხელმისაწვდომი მტკიცებულებები აღწევს დასაბუთებული ვარაუდის, ანუ ბრალის წარდგენის სტანდარტს, რათა 2 პირის მიმართ დაწყებულ იქნას სისხლისსამართლებრივი დევნა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ასევე, ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდების ფაქტებზე", - აღნიშნა მან.
    „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახალხო დამცველი უფლებამოსილია, მოითხოვოს გამოძიების, ან/და სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება, თუ საქმის განხილვის შედეგად მივა დასკვნამდე, რომ არსებობს დანაშაულის ნიშნები. შესაბამისად, სახალხო დამცველმა გამოიყენა ორგანული კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება და ზურაბ მახარაძისა და სპირიდონ ცქიფურიშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა.
    დევნის დაწყების წინადადებას საფუძვლად დაედო საჯაროდ გავრცელებული ვიდეომასალები, რომლითაც დასტურდება, რომ 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებამდე „ალტ-ინფოს“ ეთერით ზურაბ მახარაძე და სხვა პირები განუწყვეტლივ აანონსებდნენ ძალადობას „თბილისი პრაიდის“ მიერ დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილე პირთა მიმართ. ძალადობრივი მოწოდებები ასევე ისმოდა ჟურნალისტთა მიმართ. ამავე პირებმა, სატელევიზიო ეთერით გაავრცელეს ინფორმაცია ჯგუფების შექმნის შესახებ, რომელთა პირდაპირი დანიშნულება 5 ივლისს ძალადობა იქნებოდა.
    სახალხო დამცველის წინადადებაში დასაბუთებულია, რომ 5 ივლისს ზურაბ მახარაძე უშუალოდ ხელმძღვანელობდა ჯგუფურ ძალადობას, მათ შორის, საკანონმდებლო ორგანოს წინ დადგმული საპროტესტო კარვების გატანასა და „სირცხვილიასა“ და „თბილისი პრაიდის“ ოფისების დარბევის მიზნით სხვადასხვა ჯგუფების გამოყოფას. საბოლოოდ, საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, 2021 წლის 5 ივლისის ჯგუფური ძალადობის ფაქტზე დაზარალებულად იქნა ცნობილი 53 პირი და სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 27 პირის მიმართ. თუმცა, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა არავის მიმართ არ დაწყებულა.
    გარდა ამისა, სახალხო დამცველმა კიდევ ერთი წინადადებით მიმართა გენერალურ პროკურატურას და ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდების ფაქტზე სპირიდონ ცქიფურიშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება მოითხოვა. დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით დადგინდა, რომ 5 ივლისს, დაახლოებით 14:14 საათზე, ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენელმა დეკანოზმა სპირიდონ ცქიფურიშვილმა მიკროფონით, ხმის გამაძლიერებლების საშუალებით მოუწოდა მოქალაქეებს ძალადობისკენ, რითაც გასცდა გამოხატვის თავისუფლებას და ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239 პირველი პრიმა მუხლით აკრძალული ქმედება - ძალადობის მოწოდება, რომელიც ქმნის ძალადობრივი ქმედების განხორციელების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს.
    სახალხო დამცველი აგრძელებს ინფორმაციის მოპოვებას 5 ივლისის ძალადობასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ირგვლივ და საჭიროების შემთხვევაში, კვლავ გამოიყენებს ორგანული კანონით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებას.

  • ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრები პარლამენტში საქმიანობას აღარ გააგრძელებენ

    საპარლამენტო ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრები პარლამენტში საქმიანობას აღარ გააგრძელებენ. ამის შესახებ ფრაქციის თავმჯდომარე, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

    მისი განმარტებით, საპარლამენტო ფრაქცია მხოლოდ ხელისუფლებისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურაში მიიღებს მონაწილეობას. ამას გარდა ერთადერთი შემთხვევა, როცა ფრაქცია კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებს, ეს საქართველოს კონსტიტუციისთვის კენჭისყრა იქნება.

    "ჩვენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ფრაქცია ძალა ერთობაშია", რა თქმა უნდა, იმ რუტინულ პროცესში, რომელსაც ამ ფარისევლურ ყალბ პარლამენტში ადგილი აქვს, ჩვენ მონაწილეობას აღარ გავაგრძელებთ. ბუნებრივია, ჩვენ ვიქნებით საქართველოს მოქალაქეებთან, ჟურნალისტებთან ერთად, რომლებსაც კლავენ პირდაპირი ამ სიტყვის მნიშვნელობით და არავის არ უნდა რომ პასუხი მოსთხოვოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.

    ჩვენ ვიქნებით იქ, სადაც არის თითოეული საქართველოს მოქალაქის ინტერესი, ასე ვერ გაგრძელდება. ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ მხოლოდ და მხოლოდ იმ პროცესში, რომელიც გულისხმობს საქართველოს ხელისუფლებისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხს. ირაკლი ღარიბაშვილის, შსს-ს მინისტრის ვახტანგ გომელაურისა და საქართველოს მთავრობის ყველა წევრის გადაყენების საკითხს.

    რა თქმა უნდა, ჩვენ ერთად-ერთ შემთხვევაში მივიღებთ მონაწილეობას, ეს იქნება საქართველოს კონსტიტუციისთვის კენჭისყრა", - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

    ოპოზიციამ სხდომათა დარბაზი დატოვა და კონსულატაციებს იწყებს. საპარლამენტო ფრაქცია "ლელოს" ლიდერებმა განცხადება გააკეთეს და აღნიშნეს, რომ აქტიურად უნდა დაიწყონ მსჯელობა მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურის თაობაზე.

  • "ერთად ლექსოსთვის, არა ძალადობას” – ამ ლოზუნგით მედია საშუალებების წარმომადგენლები საპროტესტო აქციას მართავენ

    “ერთად ლექსოსთვის, არა ძალადობას” – ამ ლოზუნგით სხვადასხვა მედია საშუალებების წარმომადგენლები რუსთაველზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქციას მართავენ.

    ჟურნალისტებმა და ოპერატორებმა სოლიდარობის ნიშნად კამერები და მიკროფონები ძირს დააწყვეს.

    როგორც ცნობილია, თბილისში, მოძალადეობრივი ჯგუფების მიერ ნაცემი „ტელეკომპანია პირველის“ ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ, დღეს პარლამენტის შენობასთან საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და მისი მთავრობის გადადგომის მოთხოვნით ათასობით ადამიანი შეიკრიბა.

    დღესვე მედიის წარმომადგენლებმა ერთობლივი განცხადებით საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ საელჩოებს მიმართეს, რათა მათ მყისიერი რეაგირება მოახდინონ 5 ივლისს ჟურნალისტების მიმართ დევნასა და ხელისუფლების უმოქმედობაზე.

    შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე ლაშქარავა 11 ივლისს დილით, საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს. 5 ივლისს ლგბტ თემის უფლებადამცველი ორგანიზაცია „თბილისი პრაიდის“ მიერ ორგანიზებული „ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგე აქციის მონაწილეები მას პროფესიული საქმიანობის შესრულებისას თავს დაესხნენ და სასტიკად სცემეს. ალექსანდრე ლაშქარავას ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. გარდაცვალების მიზეზის დადგენას ექსპერტიზა ცდილობს. საგულისხმოა, რომ პროცესის მიმართ ოჯახს უნდობლობა აქვს გამოცხადებული.

     

  • ”დემოკრატია საქართველოში საფრთხეშია და ყველა სუბიექტმა, მათ შორის მთავრობამ, სრული პასუხისმგებლობით უნდა იმოქმედოს” - ჩეხეთის ელჩი საქართველოში

    ”დემოკრატია საქართველოში საფრთხეშია და ყველა სუბიექტმა, მათ შორის მთავრობამ, სრული პასუხისმგებლობით უნდა იმოქმედოს”. ამის შესახებ ჩეხეთის ელჩმა საქართველოში პეტრ მიკისკამ განაცხადა და საჯაროდ დაგმო გუშინ თბილისში მომხდარი ძალადობრივი მოვლენები.

    ”შოკისმომგვრელი იყო ძალადობის სცენები, ჟურნალისტებზე თავდასხმები და ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებზე. დამნაშავეებმა დაუყოვნებლივ უნდა წარსდგნენ სასამართლოს წინაშე და პასუხი აგონ არსებული კანონის ფარგლებში. ასევე დაცული უნდა იყოს თითოეულის კონსტიტუციური უფლებები. დემოკრატია საქართველოში საფრთხის ქვეშაა და ყველა მოქმედმა პირმა, მათ შორის მთავრობამ, სრული პასუხისმგებლობით უნდა იმოქმედოს” - დაწერა ჩეხეთის ელჩმა სოციალურ ქსელ "ტვიტერში", გუშინდელი მოვლენების კომენტირებისას, რომლის დროსაც ათობით ადამიანს, მათ შორის ბევრ ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, "ღირსების მარშის" ჩატარების მოწინააღმდეგეებმა.

  • ვგმობთ თავდასხმებს სამოქალაქო აქტივისტებზე, საზოგადოების წევრებსა და ჟურნალისტებზე-დიპლომატიური კორპუსი

    საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი თბილისში დღეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

    „ავსტრიის, ბულგარეთის, ესტონეთის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, საბერძნეთის, ირლანდიის, ისრაელის, იტალიის, ლატვიის, ლიეტუვას, ნიდერლანდების, ნორვეგიის, ესპანეთის, შვედეთის, გაერთიანებული სამეფოს, გაერო-ს სისტემის საქართველოში, შეერთებული შტატების საელჩოსა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ერთობლივი განცხადება თბილისში განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით.

    ჩვენ ვგმობთ დღევანდელ ძალადობრივ თავდასხმებს სამოქალაქო აქტივისტებზე, საზოგადოების წევრებსა და ჟურნალისტებზე და ასევე ხელისუფლების ლიდერებისა და სასულიერო პირების მხრიდან ამ ძალადობის არდაგმობას. მშვიდობიან შეკრებაში მონაწილეობის უფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით. ძალადობა, უბრალოდ, მიუღებელია და მას გამართლება არ აქვს. ის, ვინც აქეზებს ან იმუქრება ძალადობის ჩადენით, ან სჩადის ძალადობრივ ქმედებას ხელს უშლის საქართველოს სამართალდამცველებს მშვიდი და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაში. ისინი სასამართლოს წინაშე უნდა წარდგნენ კანონის სრული უზენაესობის დაცვით. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ყველა ლიდერს და სამართალდამცავ უწყებებს იმოქმედონ დაუყოვნებლივ და დაიცვან ის ადამიანები, რომლებიც სარგებლობენ შეკრებისა და გამოხატვის კონსტიტუციური უფლებებით, დაიცვან ჟურნალისტები, რომლებიც მოქმედებენ თავისუფალი პრესის პრინციპების მიხედვით, და საჯაროდ დაგმონ ძალადობა“, – აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური