ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის პროცესში საქართველო ნატოს ქვეყნებს ლოჯისტიკურ მხარდაჭერას უწევს

გამოქვეყნებულია სამხედრო
სამშაბათი, 29 ივნისი 2021 11:08

საქართველოს მნიშვნელოვანი სატრანზიტო შესაძლებლობები კიდევ უფრო ძლიერდება. ნატოს გადაწყვეტილების შესაბამისად, ავღანეთის ისლამური რესპუბლიკიდან ჯარების გამოყვანის პროცესში საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობს სტრატეგიულ პარტნიორებთან და მათ სხვადასხვა სახის მნიშვნელოვან ლოჯისტიკურ მხარდაჭერას უწევს. როოგორც "ნიუს დეი საქართველოს" თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციაში განუცხადეს, აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი გერმანიის საჰაერო ტრანსპორტირების ქვედანაყოფისთვის გადმოსროლის ჰაბის როლს ასრულებს.

საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობებს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი, ჰუბერტ ქნირში და თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ლარს უკერვიცი გაეცნენ. მათ საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეს, ბრიგადის გენერალ ჯონი ტატუნაშვილსა და ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდალს, პოლკოვნიკ სერგო ნინუას გაწეული მხარდაჭერისა და ლოჯისტიკური პროცედურების მაღალ დონეზე შესრულებისთვის მადლობა გადაუხადეს. გერმანელი დიპლომატების განცხადებით, საქართველოს სატრანზიტო მხარდაჭერის მეშვეობით, ჯარების გამოყვანის პროცედურები უფრო ეფექტიანად და სწრაფად ხორციელდება. 

საქართველო ავღანეთიდან ნატოს ჯარების გადმოსროლის პროცესში საქართველოსა და ნატოს შორის ტრანზიტის უზრუნველყოფისა და მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის შესახებ მოქმედი ხელშეკრულების თანახმად მონაწილეობს, რომელიც ნატოს ძალებისთვის, მისი პერსონალისთვის, ნატოს კონტრაქტორებისთვის მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის უზრუნველყოფას ითვალისწინებს.

წაკითხულია 123 ჯერ

Related items

  • “მსოფლიო დღე ავტომობილების გარეშე”- კარლ ჰარცელის, საქართველოში ევროკავშირის ელჩის განცხადება

    მიუხედავად ბოლო დღეების მოვლენებისა, მინდა შეგახსენოთ, რომ “მსოფლიო დღეს ავტომობილების გარეშე” აღვნიშნავთ. ეს ყოველწლიური ღონისძიება ევროპის მრავალ ქალაქში აღინიშნება!
    ამ დღის დაწესების იდეა იმაში მდგომარეობს, რომ დაგვაფიქროს პატარა თუ დიდი ქალაქების მომავალზე, იმაზე, თუ როგორ გარდავქმნათ ისინი უფრო მწვანე, მშვიდ და ჯანსაღ საცხოვრებელ ადგილებად.
    საქართველოში ჰაერის დაბინძურების 70%–ს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების გამონაბოლქვი იწვევს.  თბილისში, ეს მონაცემი კიდევ უფრო მაღალია და მთლიანი დაბინძურების დაახლოებით 90% -ს შეადგენს.
    ჰაერის დაბინძურება უარყოფითად აისახება ჯანმრთელობაზე, რაც ზრდის რესპირატორული ინფექციების, დაღლილობის, გულისა და ფილტვების დაავადებათა რისკს.
    ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება  ევროკავშირის მთავარი მიზანია, როგორც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, ისე აქ, საქართველოში.
    ამ მიზნის მისაღწევად საქართველოში მრავალი წელია   ვმუშაობთ  და გვაქვს დიდი მოლოდინი, ასევე გეგმა, რომ მოხდეს დამატებითი აღჭურვილობის შეძენა და ჰაერის დაბინძურების უკეთ გაკონტროლება.  
    ასევე, გავაგრძელებთ უფრო მდგრად სატრანსპორტო ალტერნატივებში ინვესტირებას, რომ ყველას მოგვეცეს შესაძლებლობა ვისუნთქოთ უფრო სუფთა ჰაერით და ვიცხოვროთ უფრო   ჯანსაღად. 
    იმედი მაქვს, შემოგვიერთდებით! ნება მიბოძეთ, ყველას გისურვოთ დღე ავტომობილების გარეშე!
     
    იხილეთ ვიდეო: https://bit.ly/2XD20pg

  • საერთაშორისო სწავლება Agile Spirit 2021 ოფიციალურად გაიხსნა

    მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „მტკიცე სული 2021“ (Agile Spirit 2021), რომელიც წელს საიუბილეოა და მას საქართველო უკვე მეათედ მასპინძლობს, ოფიციალურად დღეიდან დაიწყო. საერთაშორისო წვრთნების გახსნის ცერემონიალი სენაკში, მე-2 ქვეითი ბრიგადის ბაზაზე გაიმართა. როგორც "ნიუს დეი საქართველოს" თავდაცვის უწყებაში განუცხადეს, სამწყობრო მოედანზე მოწყობილ სწავლებაში მონაწილე ნატოს წევრი 12 და პარტნიორი 3 ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ მიმართა და აღნიშნა, რომ ერთობლივი წვრთნებით კიდევ უფრო გაღრმავდება მონაწილე ქვეყნების სამხედრო ქვედანაყოფებს შორის  ურთიერთთავსებადობა და საბრძოლო შესაძლებლობები. მინისტრმა  მრავალეროვნული სწავლებების საქართველოში ჩატარების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ეს ზრდის ნატოს არსებობას საქართველოში და ხელს უწყობს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას.    

    სამწყობრო მოედანზე მოწყობილ 15 ქვეყნის სამხედროებს Agile Spirit 2021-ის ოფიციალური დაწყება თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმაც მიულოცა და წვრთნების წარმატებით აღსრულება უსურვა. სიტყვით გამოსვლისას გენერალმა საქართველოს თავდაცვის ძალებისა და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო ქვედანაყოფებს შორის პარტნიორული შესაძლებლობების გაძლიერებასა და მზადყოფნის შენარჩუნებაზე ისაუბრა, რასაც მრავალეროვნული სწავლება ემსახურება.  

    Agile Spirit 2021-ის გახსნას თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები, წვრთნებში მონაწილე ქვეყნების თავდაცვის ატაშეები, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის გუბერნატორი და სენაკის მუნიციპალიტეტის მერი დაესწრნენ. 

    Agile Spirit 2021 საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობისა და ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის სარდლობის ორგანიზებით იმართება, რომელსაც დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია ხელმძღვანელობს. საერთაშორისო წვრთნები საქართველოში 6 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება და ხუთ ლოკაციაზე იქნება გაშლილი. წვრთნები ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების ქვედანაყოფებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლებას, მრავალეროვნულ გარემოში ოპერაციების დაგეგმვისა და აღსრულების დროს ოპერატიული შესაძლებლობების დახვეწასა და გაძლიერებას, ასევე მრავალეროვნული მზადყოფნისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის განვითარებას ისახავს მიზნად. 

  • ბაიდენმა სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანამდებობაზე, საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი წარადგინა

    ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სახელმწიფო მდივნის მოადგილის პოზიციაზე საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი, ჯონ ბასი წარადგინა.

    ინფორმაციას თეთრი სახლის ადმინისტრაცია ავრცელებს.

    ჯონ ბასი საქართველოში ელჩის თანამდებობაზე 2009-2012 წლებში იმყოფებოდა.

    ის კარგად იცნობს საქართველოს და არაერთი განცხადება აქვს თავის დროზე გაკეთებული, მათ შორის სასამართლო სისტემისა და მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით. გასული წლის საახალწლო ვიდეო-მილოცვაში, რომელიც ამერიკის საელჩომ ყოფილი ელჩების მონაწილეობით გაავრცელა, ჯონ ბასი ამბობდა, რომ საქართველო ძალიან ენატრება.

    წყარო: ტელეკომპანია "მთავარი"

  • საქართველოსა და იტალიის თავდაცვის უწყებებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გაფორმდა

    საქართველოში ვიზიტით იტალიის თავდაცვის ძალების დელეგაცია იმყოფება, რომელსაც იტალიის თავდაცვის შტაბის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი, ბრიგადის გენერალი დავიდ მორპურგო ხელმძღვანელობს. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    იტალიის თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტისა და თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის წარმომადგენლებმა უმასპინძლეს. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და იტალიას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.
    ქართულმა მხარემ დელეგაციის წევრებს იტალიის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და საქართველოს თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციის პროცესს, რომელიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და ნატოსთან თავსებადობის გაზრდას ისახავს მიზნად.
    ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) წარმატებულ მიმდინარეობაზე. ხაზგასმით აღინიშნა SNGP-ის ინიციატივების - ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIBS) განვითარებაში იტალიის წვლილი. საუბარი შეეხო სამხედრო პოლიციასა და კარაბინიერებისკორპუსს შორის, ასევე სამხედრო განათლების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებს. 

    შეხვედრის დასასრულს იტალიისა და საქართველოს თავდაცვის უწყებებს შორის 2021 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გაფორმდა, რომელიც მიმდინარე წლის თანამშრომლობის მიმართულებებს განსაზღვრავს. დოკუმენტს ხელი საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსმა შალვა კვინიხიძემ და იტალიის თავდაცვის შტაბის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა დავიდ მორპურგომ მოაწერეს ხელი. 

  • იენ პსაკი: „2021 წლის 11 სექტემბრისთვის შეერთებული შტატები ავღანეთს მთლიანად დატოვებს“

    თეთრი სახლის პრეს-სპიკერმა იენ პსაკიმ განაცხადა, რომ 2021 წლის 11 სექტემბრისთვის შეერთებული შტატების, ავღანეთიდან სრულად გასვლის გეგმაში არანაირი ცვლილება არ არის. ამის შესახებ სააგენტო "TRT-ქართული" იტყობინება. 

    იენ პსაკიმ, თეთრ სახლში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ თავდაცვის სამინისტრო ახორციელებს ამერიკელი ჯარისკაცების ავღანეთიდან გაყვანის პროცესს, რომელიც წინასწარ გათვლილი გეგმის მიხედვით ხორციელდება.

    მისივე თქმით, ბოლო პერიოდში თალიბების თავდასხმები რეგიონში ამერიკელი ჯარისკაცების წინააღმდე საგრძნობლად გაიზარდა.

    იენ პსაკიმ პრეს-კონფერენციის დროს, ავღანეთის პრეზიდენტის აშრაფ ღანის 25 ივნისს ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტიც შეაფასა და აღნიშნა, რომ თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზეც, ასევე მათი ჯარების მიმდინარე წლის 11 სექტემბრამდე ავღანეთიდან მთლიანად გასვლის და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილება.   

     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური