თავდაცვის მინისტრი ბრიტანული ხომალდ HMS DEFENDER-ზე მიღებას დაესწრო (ვიდეო)

გამოქვეყნებულია სამხედრო
ორშაბათი, 28 ივნისი 2021 11:31
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურთან ერთად ბათუმში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საზღვაო ძალების ხომალდ HMS DEFENDER-ზე მიღებას დაესწრო. ამის შესახებ თადაცვის სამინისტროს ადმინისტრაცია იუწყება.
მინისტრებს მასპინძლობა საქართველოში ბრიტანეთის ელჩმა მარკ კლეიტონმა და ხომალდის მეთაურმა, II რანგის კაპიტანმა ვინს ოუენმა გაუწიეს. ხომალდის მეთაურმა სტუმრებს HMS DEFENDER დაათვალიერებინა  და მისი ტექნიკური მახასიათებლებისა და საზღვაო ოპერაციების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.
ხომალდზე გამართულ მიღებას შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, გენერალ-მაიორი ნიკოლოზ შარაძე, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორი, I რანგის კაპიტანი რამაზ პაპიძე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძეც დაესწრნენ.
დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს სამხედრო საზღვაო ფლოტის საჰაერო თავდაცვის თანამედროვე ტიპის გამანადგურებელი HMS DEFENDER საქართველოში 26 ივნისს შემოვიდა. ხომალდის ვიზიტი მიზნად თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის დემონსტრირებას ისახავს.
ვიზიტის ფარგლებში, ორი ქვეყნის საზღვაო დანაყოფების წარმომადგენლები საინფორმაციო შეხვედრებს გამართავენ და ბრიტანული ხომალდ HMS DEFENDER-სა და საქართველოს სანაპირო დაცვის ხომალდის მონაწილეობით შავ ზღვაში ერთობლივი საზღვაო წვრთნებსაც გამართავენ.
 
წაკითხულია 133 ჯერ

Related items

  • თქვენი ვიზიტი აშშ-ის მიერ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის მხრივ ძალიან ძლიერი გზავნილია-ირაკლი ღარიბაშვილი

    თქვენი ვიზიტი აშშ-ის მიერ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის მხრივ ძალიან ძლიერი გზავნილია - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინთან შეხვედრაზე განაცხადა.
    მთავრობის მეთაურმა აშშ-ის თავდაცვის მდივანს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს ვიზიტი საქართველო-აშშ-ის მაღალი დონის ურთიერთობების კიდევ ერთი ნათელი მაგალითია და ხაზს უსვამს შეერთებული შტატების უწყვეტ ინტერესსა და ჩართულობას შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში.

    აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პრემიერ-მინისტრს გულთბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისი საქართველოში ვიზიტი აშშ-სა და საქართველოს მჭიდრო პარტნიორობის დადასტურებაა.

    "დიდი მადლობა ბატონო პრემიერ-მინისტრო. პირველად ვიმყოფები საქართველოში და ძალიან მადლობელი ვარ ასეთი თბილი მიღებისთვის. აქამდე რაც ვნახე, ნამდვილად შესანიშნავია და ჩემი აქ ყოფნით ვადასტურებ აშშ-საქართველოს მჭიდრო პარტნიორობას. ეს ურთიერთობა ჩვენს საერთო ფასეულობებს ეფუძნება. წლების განმავლობაში განხორციელებული საერთაშორისო მისიებით, მათ შორის ავღანეთში დავამტკიცეთ, რომ საქართველო თანმიმდევრულად და მტკიცედ უჭერს მხარს ამერიკის შეერთებულ შტატებს და ჩვენს ძალისხმევას მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის დასამკვიდრებლად.
    ძალიან მადლობელი ვარ მჭიდრო თანამშრომლობისთვის და მაქვს შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

    ბატონო პრემიერ-მინისტრო, ერთი საკითხი მინდა ნათლად და გარკვევით დავაფიქსირო: ამერიკის შეერთებული შტატები გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და მის მიერ სხვადასხვა მექანიზმებით შავ ზღვაზე გავლენის მოპოვების მცდელობებს. ეს მნიშვნელოვანი რეგიონია და მისი უსაფრთხოება და სტაბილურობა ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენი საერთო ხედვის პრაქტიკული განხორციელებისთვის- ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი საზოგადოების არსებობისთვის.
    ამიტომ, კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას. შეერთებული შტატები ერთგულია სტრატეგიული პარტნიორობის შენარჩუნების იდეისადმი. მიხარია, რომ საქართველოში ვიმყოფები", - განაცხადა ლოიდ ოსტინმა.

    ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოს სახით რეგიონში ერთგული მოკავშირე ჰყავს. ხაზგასმით აღინიშნა მაღალი დონის ორმხრივი თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. აღინიშნა, რომ თავდაცვის ძალებში მიმდინარე მოდერნიზაციის პროცესი აშშ-ის და საქართველოს ერთობლივი ძალისხმევის შედეგია, საქართველოს და აშშ-ის თავდაცვის უწყებებს შორის დღეს გაფორმებული მემორანდუმი კი უმნიშვნელოვანესია, რადგან რთული უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, საქართველომ განაგრძოს ტერიტორიული თავდაცვის შესაძლებლობების განვითარება.

    შეხვედრისას, ყურადღება გამახვილდა რეგიონში არსებულ ვითარებაზე და რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე. აშშ-ის თავდაცვის მდივანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს კიდევ ერთხელ დაუდასტურა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

    ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა რეგიონში მშვიდობის და ნდობის აღდგენის მნიშვნელობას. ამ კონტექსტში აღინიშნა შეერთებულ შტატებთან მჭიდრო თანამშრომლობით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრის მედიაციით მიღწეული შეთანხმება, რაც ხელს უწყობს დიალოგს და რეგიონში უსაფრთხოების გარემოს გაუმჯობესებას. მთავრობის მეთაური აშშ-ის თავდაცვის მდივანს ასევე ესაუბრა ახალ სამშვიდობო პლატფორმაზე - "სამხრეთ კავკასიაში სამეზობლოს მშვიდობიანი ინიციატივა", რომლითაც, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, ირაკლი ღარიბაშვილი გაეროში გამოვიდა და ყურადღება გაამახვილა ამ პროცესში აშშ-ის მხარდაჭერის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე.

    პოზიტიურად შეფასდა საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. საუბარი შეეხო ნატოს მომავალ სამიტს, რომელიც საქართველოს წინსვლის აღიარებისთვის კარგი შესაძლებლობაა და აღინიშნა მოკავშირეებს შორის კონსენსუსის მიღწევის თვალსაზრისით აშშ-ის ჩართულობის გადამწყვეტი მნიშვნელობა. განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს ავღანეთიდან განხორციელებული ევაკუაციის პროცესში, რაც, აშშ-ის თავდაცვის მდივნის შეფასებით, ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის სიძლიერისა და საერთო ღირებულებებისადმი ერთგულების კიდევ ერთი დადასტურებაა.

    მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური  

     

     

     

  • აშშ-ის თავდაცვის მდივნის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო (ვიდეო)

    ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი უკვე საქართველოშია. პენტაგონის ხელმძღვანელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს თავდაცვის მინისტრი დახვდა. ჯუანშერ ბურჭულაძემ ამერიკელ კოლეგას საქართველოში ჩამოსვლისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებული ვიზიტი უსურვა.

    დღესვე, ჯუანშერ ბურჭულაძე ლოიდ ოსტინს თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლებს. ოფიციალური დახვედრის ცერემონიალის შემდეგ, ქართველი და ამერიკელი კოლეგები ორმხრივ შეხვედრას გამართავენ, სადაც აშშ-სა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ. მოგვიანებით, ერთობლივ პრესკონფერენციაზე საქართველოსა და აშშ-ის თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელები მედიის წარმომადგენლებისთვის განცხადებებს გააკეთებენ. დაგეგმილია საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს შორის შეთანხმების გაფორმება, რომელიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობისადა შეკავების შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად.

    ვიზიტის ფარგლებში ლოიდ ოსტინი შეხვედრას გამართავს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან. 

    აშშ-ის თავდაცვის მდივანი საქართველოს თავდაცვის ძალების ერთ-ერთ სამხედრო ბაზას ესტუმრება და  ამერიკელი და ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობით ერთობლივ სწავლებას დაესწრება.

    საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის საქართველოში ოფიციალური ვიზიტი ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში გამორჩეულ თანამშრომლობას კიდევ ერთხელ ადასტურებს. აღნიშნული ვიზიტი  ჩვენს ქვეყნებს შორის კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებასა და პარტნიორობის განმტკიცებას  შეუწყობს ხელს. 

  • შინაგან საქმეთა მინისტრი: საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან 2 ადამიანია ამოყვანილი (ვიდეო)

    საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან 2 ადამიანია ამოყვანილი და ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

    შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ნანგრევებში მოყოლილია დაახლოებით 10 მოქალაქე. ვახტანგ გომელაურმა ბათუმში, მედიასთან კომენტარი გააკეთა.
    "გიდასტურებთ, ორი ადამიანია, ორივე ცოცხალი იქნა ამოყვანილი, მძიმე მდგომარეობაში, თუმცა კონტაქტურები, ორივე გადაყვანილი არიან საავადმყოფოში. სავარაუდოდ, ერთი ადამიანის ცხედარია ნანახი, დამიზუსტებენ ახლა. ჩვენი ვარაუდით, დაახლოებით 7-8 კაცი, 10 კაცზე მეტი არ უნდა იყოს შიგნით. ვმუშაობთ მთელი ღამე და გაგრძელდება მუშაობა თუნდაც ხვალამდე, სანამ არ დასრულდება და ბოლომდე არ მივიყვანთ სამუშაოებს.
    ძალიან დიდი მასაა და ფრთხილად მუშაობენ, იქიდან გამომდინარე, რომ გადარჩენილი ადამიანი ჩვენ არ დავაზიანოთ. მძიმე სამუშაოა, კიდევ ხაზს ვუსვამ, იქედან გამომდინარე, რომ ორ კორპუსს შუა დგას ეს ჩამონგრეული კორპუსი. ორივე მხრიდან მუშაობენ, ხედავთ, რომ აქტიურად მუშაობენ, როგორც ტექნიკა, ასევე, ტრაქტორები. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ამ ყველაფრის - ამ ბეტონების და ე.წ. სინკარების გადმოლაგება, რომ ადამიანი, თუ ცოცხალი გადარჩა, სწრაფად ვუშველოთ, გადავიყვანოთ საავადმყოფოში.
    რაც შეეხება ბავშვებს, ინფორმაციით, უნდა იყოს 2 ან 3 ბავშვი, როგორც მეზობლები გვეუბნებიან, ოღონდ ჯერ ვერაფერს ვერ გიდასტურებთ.
    ორი ადამიანი იქნა ამოყვანილი, მძიმედ არიან, მაგრამ ცოცხლები, კონტაქტური და გადაყვანილი არიან საავადმყოფოში. როგორც მომახსენეს ახლა მაშველებმა, ერთი ადამიანის ცხედარი უნდა იყოს ნანახი, ვერ გიდასტურებთ 100 პროცენტით. რასაც ახლა ვაზუსტებ, დაახლოებით 10 კაცზე მეტი არ უნდა იყოს მოყოლილი", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
    ტერიტორიის ნანგრევებისგან გაწმენდა და აქტიური საძიებო-სამაშველო ღონისძიებები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.
     

  • აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამმხრივი თავდაცვის მინისტერიალი დასრულდა (ვიდეო)

    საქართველოში აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამმხრივი თავდაცვის მინისტერიალი დასრულდა. რეგიონის უსაფრთხოება, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მიმართულებები და სამომავლო გეგმები - ეს საკითხები განიხილეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ, აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ზაქირ ჰასანოვმა და თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა კახეთში, წინანდალში გამართულ სამმხრივ შეხვედრაზე.  

    ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, თავდაცვის სფეროში სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატი შედეგიანია და რეგიონში უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ემსახურება. „აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას, ნდობასა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ ურთიერთობებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს რეგიონის უსაფრთხოებისათვის, ჩვენი ხალხის კეთილდღეობისა და თავდაცვის ძალების განვითარებისათვის“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ სამმხრივი თავდაცვის მინისტერიალის დასრულების შემდეგ. მან რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაჭრას ალტერნატივა არ აქვს და ამ კუთხით ხაზი გაუსვა პრემიერ-მინისტრის მშვიდობიან ინიციატივას, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს 76-ე სესიაზე გააჟღერა.

    თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრებმა ქართველ კოლეგას ნაყოფიერი შეხვედრებისთვის და მინისტერიალის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადეს. „შეხვედრებზე განვიხილეთ თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე სხვა მიმართულებებით არსებული და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები. საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის პერსპექტივით განვიხილეთ, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია რეგიონის კეთილდღეობისა და სტაბილურობისთვის“, - აღნიშნა თურქეთის თავდაცვის მინისტრმა.

    „დღევანდელი შეხვედრები წარმოადგენს ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის ნიმუშს. სამმხრივი შეხვედრების დროს ხაზგასმით აღინიშნა მოძმე და მეგობარ ხალხებს შორის ურთიერთობების განვითარებისა და სამმხრივ ფორმატში გადასადგმელი ნაბიჯები. განვიხილეთ მომავალი პერსპექტივები და ვისაუბრეთ ურთიერთთანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებებზე“, - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა.

    მინისტერიალის დასასრულს, სამივე ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა სამმხრივი თანამშრომლობის დოკუმენტს მოაწერეს ხელი.

  • საქართველო-თურქეთ-აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტერიალი

    საქართველო-თურქეთ-აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტერიალი, საქართველოში თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში გაიმართა. ამის შესახებ "TRT-ქართული" იუწყება.

    მინისტერიალში, რომელიც საქართველოს თავდაცვის მინისტრ, ჯუანშერ ბურჭულაძეს მასპინძლობით გაიმართა,  თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აქარი და აზერბაიჯანის ეროვნული თავდაცვის მინისტრი ზაქირ ჰასანოვი ესწრებოდნენ. მინისტერიალის დასრულების შემდეგ „სამმხრივი შეხვედრის საბოლოო დეკლარაციას“ მოეწერა ხელი, რომლის შემდეგაც მინისტრებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

    პრესკონფერენციაზე ჰულუსი აქარმა განაცხადა: „ჩვენ შევაფასეთ რა შეიძლება გაკეთდეს რეგიონის მშვიდობის, სტაბილურობისა და მომავლის შესახებ, მოვლენების ფართო პერსპექტივის გადახედვით, განსაკუთრებით საქართველოში, აზერბაიჯანსა და თურქეთში.“

    მისივე თქმით, საქართველოს, თურქეთს და აზერბაიჯანს გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ნავთობის და ბუნებრივი აირის მსოფლიოს სხვა წერტილებში მიწოდებისათვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.

    თურქმა მინისტრმა ისიც დასძინა, რომ სამივე ქვეყანა როგორც თავდაცვის ასზევე სხვა მრავალ სფეროში პარტნიორობას და მჭიდრო თანამშრომლობას სამომავლოდაც გააგრძელებენ.

     

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთი იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამაში ჩაერთო

ლიბერთი იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამაში ჩაერთო

ლიბერთი, სააგენტოს აწარმოე საქართველოში „სუბსიდირე...

პოპულარული

« ოქტომბერი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური