ასოცირებული ტრიოს მინისტრებმა დაადასტურეს მზაობა გააგრძელონ აქტიური მონაწილეობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 25 ივნისი 2021 14:19

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში ასოცირებული ტრიოს საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდნენ სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციაში განუცხადეს.
შეხვედრაზე სამი ქვეყნის პირველი დიპლომატების მიერ აქცენტი გაკეთდა ასოცირებული ტრიოს შექმნის მნიშვნელობასა და მიზნებზე და აღინიშნა, რომ ტრიოს ფორმატის დაფუძნება ლოგიკური და დროული განვითარებაა იმ პროცესებისა, რომლებიც ამ ქვეყნებს აერთიანებთ ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სწრაფვის გზაზე.
ამავდროულად, შეხვედრებისას მინისტრებმა დაადასტურეს მზაობა გააგრძელონ აქტიური მონაწილეობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში, განსაკუთრებით 2021 წლის დეკემბერში დაგეგმილი სამიტის გათვალისწინებით.
ევროკომისართან  შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს იმ კონკრეტულ მიმართულებებსა და პრიორიტეტულ სფეროებზე, რომლებშიც ასოცირებული ქვეყნები დაინტერესებულები არიან ევროკავშირთან დიალოგის ფორმატების ჩამოყალიბებით. მინისტრების განცხადებით, ასეთი მიდგომა ხელს შეუწყობს ევროკავშირთან ეკონომიკურ და სექტორულ ინტეგრაციას, რაც მიიღწევა ევროკავშირის რეგულაციებსა და სექტორულ პოლიტიკასთან მეტი თავსებადობის გზით.
შეხვედრისას ქართული მხრიდან განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ევროკავშირთან დაკავშირებულობის გაძლიერებასა და კონკრეტულად შავ ზღვაზე სატრანსპორტო და ენერგეტიკული პროექტების განხორციელებაზე, ციფრულ სფეროში ევროკავშირთან დაახლოებაზე, ასოცირებულ ქვეყნებში მწვანე ეკონომიკის ხელშეწყობაზე და ა.შ. საუბარი ასევე შეეხო უსაფრთხოების გარემოს რეგიონში, ოკუპაციის და რუსეთის აგრესიის შედეგად არსებულ გამოწვევებს და უსაფრთხოების უზრუნველყოფის და კონფლიქტის დარეგულირების პროცესში ევროკავშირის ჩართულობის მნიშვნელობას.

წაკითხულია 409 ჯერ

Related items

  • აზერბაიჯანის და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მორიგი შეხვედრა

    აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი აშშ-ში შეხვდნენ ერთმანეთს. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" წერს.

    აზერბაიჯანი და სომხეთი ამერიკის შეერთებულ შტატებში სამშვიდობო ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებას მართავენ.

    აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის ინიციატივით შეხვდნენ ერთმანეთს.

    სამმხრივ შეხვედრაზე ითქვა, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება.

    მოსალოდნელია, რომ მოლაპარაკებები რამდენიმე დღე გაგრძელდება.

  • პრეზიდენტის ადმინისტრაცია - ასეთ კანონმდებლობას და ახალი აგენტების დევნას საქართველოს პრეზიდენტი მხარს ვერ დაუჭერს

    საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომელსაც "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ. "სწორედ იმ დროს, როცა მზადდება ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პირველადი შეფასება, როცა 24 თებერვლის მოახლოება, ასოცირებული ტრიოს სამივე ქვეყნისთვის, სულ უფრო აქტუალურს ხდის ევროპული მომავლის საკითხს, სწორედ ამ დროს ირჩევს ერთ-ერთი პოლიტიკური დაჯგუფება, რომ მოახდინოს კანონის ინიცირება, რომელიც თავისი შინაარსით ევროპას კი არა, რუსეთის მანკიერ მოდელს გვაახლოებს.

    და ეს ხდება იმ დროს, როცა ქვეყანაში ამერიკელი სენატორების დელეგაციაა ჩამოსული! ამ ყველაფერს შემთხვევითობას ნამდვილად ვერ დავაბრალებთ. ამუშავებულია ძალა, რომელიც საქართველოს ევროპული გზის განმტკიცების მაგივრად, ქართულ ინტერესად სხვა გზას მიიჩნევს.

    ასეთ კანონმდებლობას და ახალი აგენტების დევნას საქართველოს პრეზიდენტი მხარს ვერ დაუჭერს", - აღნიშნულია პრეზიდენტის განცხადებაში.

    შეგახსენებთ, რომ პოლიტიკური ვნებათაღელვა არ ცხრება პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის „უცხოური გავლენის აგენტების შესახებ“ გარშემო. საუბარია ინიციატივაზე, რომელიც ქვეყანაში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიას დაფინანსების წყაროების გასაჯაროებას ავალდებულებს და ფინანსური გამჭვირვალობის მოტივით უცხოური გავლენის აგენტების რეესტრის შექმნას ითვალისწინებს.

  • პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს ო. ვარჰეის შეხვდა

    ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების დინამიკა და ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის ოლივერ ვარჰეის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები.
    პირისპირ შეხვედრაზე, რომელიც ოლივერ ვარჰეის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა, აღინიშნა, რომ 2022 წელი დატვირთული იყო ორმხრივი ვიზიტებით, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის მაღალ დონეს.
    ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ხელისუფლება მზად არის შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, რათა სწრაფად მიაღწიოს პროგრესს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და ამ მიმართულებით უკვე არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა.
    როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ასოცირებული ტრიოს ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს თან ახლავს ევროკავშირის ინსტიტუტების ურყევი მხარდაჭერა.
    საუბარი შეეხო აგრეთვე რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოს. აღინიშნა, რომ საქართველო რეგიონში ევროკავშირის საიმედო პარტნიორი და მოკავშირეა.
    შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის დღის წესრიგის ძირითადი მიმართულებები და ასოცირების შეთანხმების ფარგლებში განხორციელებული რეფორმები.

    მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
  • აზერბაიჯან-სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეხვედრა გამართეს

    აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიჰუნ ბაირამოვი და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, არარატ მირზოიანი, თავიანთ ქვეყნებს შორის სამშვიდობო შეთანხმების პირობებს განსახილველად ერთმანეთს შეხვდნენ. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" იუწყება.

    აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს Twitter-ით გავრცელებულ პოსტში ნათქვამია, რომ ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა შვეიცარიაში  ქალაქ ჟენევაში გაიმართა.

    სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 30 სექტემბერს სომხეთის სახელმწიფო ტელევიზიით გადაცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე მოლაპარაკებები 2 ოქტომბერს გაიმართება.

    ფაშინიანმა თქვა, რომ შეხვედრის დროს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების პროექტი მომზადდება.

    აზერბაიჯანის მთავრობას კი შეხვედრის შინაარსთან დაკავშირებით განცხადება არ გაუკეთებია.

  • აღმოსავლეთ პარტნიორობის ქალაქები მუნიციპალური განვითარების ახალ გზებს სახავენ

    ქუთაისში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების 300 მუნიციპალიტეტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულის წარმომადგენელთა მონაწილეობით რეგიონული შეხვედრა, მაჩვენე & მიამბე (Show&Tell) გაიმართა. დამსწრეებმა განიხილეს გზები, რომლებითაც რეგიონის წინაშე მდგარი გამოწვევების გადაჭრა და მდგრადი სისტემების დანერგვისა და შემოსავლის ახალი წყაროების შექმნის შესახებ ცოდნის გაზიარებაა შესაძლებელი. 

    ქუთაისში გამართულ შეხვედრაში ის მუნიციპალიტეტები მონაწილეობდნენ, რომლებიც პროგრამაში, „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG), არიან გაერთიანებულები. ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ამ ინიციატივას გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) აზერბაიჯანში, მოლდოვის რესპუბლიკაში, საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში ახორციელებს.

    შეხვედრას ფიზიკურად M4EG ქსელში გაერთიანებული 56 მუნიციპალიტეტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულის წარმომადგენლები დაესწრნენ. ხოლო აზერბაიჯანის, მოლდოვის რესპუბლიკის, სომხეთისა და უკრაინის წარმომადგენლები ღონისძიებაში ონლაინ რეჟიმში ჩაერთნენ.

    მაჩვენე & მიამბეს მონაწილეებმა ერთმანეთს საკუთარი გამოცდილებები გაუზიარეს. შეხვედრის მსვლელობისას ცამეტმა მუნიციპალიტეტმა საგრანტო პროგრამებით მხარდაჭერილი ორი ინოვაციური მიდგომის, „მუნიციპალური გარდაქმნის პორტფელებისა“ და „ურბანული ხედვის“ დანერგვის საქმეში თავისი საქმიანობის მიმდინარე შედეგები წარადგინა. ამ საგრანტო პროგრამათა მიზანი იმ ინიციატივების დახმარებაა, რომლებიც ადგილობრივი ცხოვრების ძირითადი ასპექტების გარდაქმნასა და განახლებას ცდილობენ.

    შეხვედრაზე საკუთარი გამოცდილება არაერთმა ქალაქმა წარმოადგინა. მათ შორის იყვნენ: სომხეთის ქალაქი არენი, რომელიც მდგრად ტურიზმზე ორიენტირდება; ბათუმი, რომელიც სტარტაპების ისეთ ეკოსისტემას აყალიბებს, როგორიც განახლებული ურბანული იდენტობისა და სამეწარმეო კულტურის შექმნას უწყობს ხელს; ქუთაისი, რომელიც ნერგავს ჭკვიანი ეკო-ქალაქის მოდელს, რათა ბუნებაზე დამყარებული ურბანული ინოვაციის გამოყენებით მუნიციპალიტეტი მეტად ეკომეგობრული გახადოს; მოლდოვის ქალაქი ჩადირ-ლუნგა, რომელიც მუნიციპალიტეტში ენერგოეფექტიანობას აუმჯობესებს და ენერგიის მიწოდების ხელმისაწვდომ სისტემას ქმნის. 

    „ურბანული ხედვის“ პროგრამაში ჩართულმა ცხრა მუნიციპალიტეტმა რეგიონულ შეხვედრაზე თავიანთ საქმიანობაზე ისაუბრეს. მათ ეკონომიკური განვითარების, ინფრასტრუქტურის, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ნარჩენების მართვის მხრივ მიღწეული შედეგები წარადგინეს. ამასთან, უკრაინის ქალაქების ასოციაციის წარმომადგენლებმა ისაუბრეს იმაზე, თუ როგორ მართავენ ქალაქებს ომის ფონზე განვითარებული კრიზისის პირობებში.

    „ეკონომიკურ პრობლემებთან და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ გამოწვევებთან ერთად, რეგიონის ბევრი ქალაქი უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგად განვითარებულ ჰუმანიტარულ და ლტოლვილთა კრიზისსაც უმკლავდება. ინოვაციური გადაწყვეტები ამ ქალაქებს დაეხმარება, მოაგვარონ მიმდინარე გამოწვევები ისე, რომ მმართველობის სისტემებმა შეუფერხებლად განაგრძონ მუშაობა“, — აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მმართველობისა და ადამიანური კაპიტალის მიმართულების ხელმძღვანელმა, კოლომბ დე მერსიმ.

    ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინიციატივა, „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG), 2017 წლიდან მიმდინარეობს. გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) მას 2021 წლიდან მოყოლებული ევროკავშირთან, ადგილობრივ ხელისუფლებებთან და სხვა პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში ახორციელებს. 

    დამატებითი ინფორმაცია

    პრესრელიზი

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივნისი 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური