ლიბერთი ბანკი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 24 ივნისი 2021 15:00

ლიბერთი ბანკის ადმინისტრაცია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: "საპენსიო სერვისების გაუმჯობესებაზე დისკუსია, წინასაარჩევნო პოლიტიკური ველიდან საქმიან და შედეგზე ორიენტირებულ ფორმატში უნდა გადავიდეს. ამ მგრძნობიარე თემით მანიპულირება და ბანკის დისკრედიტაციაზე მიმართული ინფორმაციის გავრცელება სრულიად მიუღებელია ჩვენთვის და დამაზიანებელია პროცესისთვის.

სრული სურათისთვის, ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია საზოგადოებას შევახსენოთ ამ თემის პრეისტორია, თუ როგორ მოვედით დღემდე.

2018 წლიდან ლიბერთი ბანკს ყავს ახალი აქციონერები და მენეჯმენტი, რომლებსაც შეხება არ ქონიათ საპენსიო მომსახურების მოქმედ კონტრაქტთან - რომელიც გაფორმდა 2011 წელს, ბანკის იმდროინდელ მენეჯმენტსა და სახელმწიფოს შორის.

ლიბერთი უსასყიდლოდ ემსახურება 1,1 მლნ ბენეფიციარს, რომლებიც პენსიას და სხვა სოციალურ სარგოს იღებენ. მოქმედი კონტრაქტის მიხედვით ბანკს არც სახელმწიფო უხდის თანხას პენსიების დარიგებაში და არც თავად აქვს უფლება ფასიანი გახადოს მომსახურება ბენეფიციარებისთვის. ამავდროულად, პენსიების დარიგება საკმაოდ დიდ დანახარჯებთან არის დაკავშირებული. კერძოდ, გვაქვს ფილიალები ისეთ ადგილებში, რომლებიც ეკონომიკურად მიმზიდველი არ არის და ამიტომ სხვა ბანკები იქ არ არიან წარმოდგენილნი; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მომხმარებლებთან პენსიები და სოციალური სარგო უსასყიდლოდ მიგვაქვს სახლში. საქართველოს 1.300 სოფელში, 200 ათასზე მეტ ბენეფიციარს ყოველთვიურად ვემსახურებით მობილური სერვის ცენტრებით.

ამ სერიოზული დანახარჯების ანაზღაურების ერთადერთი წყარო ლიბერთისთვის იყო ე.წ. საპენსიო სესხები, რომელთა საპროცენტო განაკვეთი წლიურ 110%-საც კი აღწევდა.

ახალმა მენეჯმენტმა, 2018 წელს მოსვლისთანავე, მოქმედი კონტრაქტის ფარგლებში,  მაქსიმალურად გააუმჯობესა მომსახურების პირობები. სესხის განაკვეთი შეამცირა ეფექტურ 30.65%-მდე, მთავრობასთან და ეროვნულ ბანკთან კოორდინაციით.

პარალელურად, განვავითარეთ ახალი ბიზნეს მიმართულებები, რამაც შესაძლებლობა მოგვცა, დაგვებალანსებინა ე.წ. საპენსიო სესხების პორტფელიდან მიღებული შემცირებული საპროცენტო შემოსავალი.

კოვიდ პანდემიამ განსაკუთრებული პრობლემები შეუქმნა ლიბერთის, რომლის ბენეფიციარები ხშირად მაღალი რისკის ჯგუფებს წარმოადგენენ. რიგების შემცირებისა და მოწესრიგების მიზნით, ლიბერთიმ თავისი სახსრებიდან 100 მლნ ლარი გამოყო და წინასწარ გასცა ბენეფიციარებზე, ასევე მობილიზება გაუკეთა დამატებით პერსონალს, რათა კოვიდ ვირუსით ინფიცირების რისკი შეემცირებინა.

საპენსიო სესხებზე არსებული 30.65% არის ის რეალური ნიშნული, რომელზე ნაკლებადაც ჩვენი შეფასებით, სხვა კომერციული ბანკებიც არ გასცემენ მცირე მოცულობის, არაუზრუნველყოფილ სამომხმარებლო სესხს, უფროსი ასაკის მომხმარებელზე. ამასთან, არსებული კონტრაქტის ფარგლებში, როცა ლიბერთი სხვა არანაირ გადასახადს არ ახდევინებს პენსიის მიმღებ პირებს, 30.65%-დან მიღებული საპროცენტო შემოსავალი სრულად ვერ ანაზღაურებს ბენეფიციარების უფასო მომსახურებასთან დაკავშირებულ დანახარჯებს.

ასე რომ, დღევანდელი მოცემულობა დამაკმაყოფილებელი არ არის არც ერთი მხარისთვის. ამიტომ საჭიროა ახალი, ჯანსაღი მოდელის შემუშავება და მის საფუძველზე, ახალი ტენდერის ჩატარება, ახალი პირობებით. ლიბერთიმ არაერთხელ დააფიქსირა მზაობა და დღესაც მიესალმება უახლოეს მომავალში, სრულიად გამჭვირვალე და ღია ტენდერის ჩატარებას, რომელიც გაითვალისწინებს ყველა მხარის - ბენეფიციარების, სახელმწიფოს და ბიზნესის კომერციულ ინტერესებს.

2019 წელს, როდესაც მოხდა ძველი პირობებით კონტრაქტის ვადის გაგრძელება, ჩვენი თანხმობის მოტივი იყო, რომ სახელმწიფოს მისცემოდა დრო, შეემუშავებინა ახალი, სამართლიანი პირობები.

იმისდა მიუხედავად, რომ პანდემიამ შეაფერხა ეს პროცესი, ლიბერთი აქტიურად მუშაობდა და დღესაც მუშაობს ყველა ჩართულ მხარესთან. თუმცა, ვინაიდან ამ თემასთან დაკავშირებით ინტერესი მატულობს, ლიბერთი რჩება თავისი პოზიციის ერთგული და ვთავზობთ ყველა მხარეს შეიქმნას კიდევ უფრო ფართო ფორმატის სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს პენსიების შესახებ კონტრაქტის პირობების გაუმჯობესებასა და დახვეწაზე. ჯგუფში ჩავრთოთ ყველა ის მხარე, ვისაც აქვს კომპეტენცია და რეალურად აღელვებს ეს თემა. პროცესი გავხადოთ კიდევ უფრო ღია და გამჭვირვალე, შევთანხმდეთ და შევქმნათ ახალი, გამართული, ჯანსაღი სისტემა და მომავალი ტენდერი გამოცხადდეს ამ ახალი, გამართული მოდელის საფუძველზე", - ნათქვამია სპეციალურ განცხადებაში.

წაკითხულია 312 ჯერ

Related items

  • კახა ოქრიაშვილი რუს ვიზიტორებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

    საქართველოს პარლამენტის წევრი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: "მსურს, რუსეთის ფედერაციიდან შემოსულ ვიზიტორებთან დაკავშირებით, ჩემი პოზიცია სულ რამდენიმე პუნქტით გაგაცნოთ:

    1. ვიზიტორი, რომელიც არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, ან დარღვეული აქვს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონი, არ უნდა დაიშვებოდეს საქართველოს ტერიტორიაზე.

    2. ტურისტული მიზნით შემოსული მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი უნდა შენარჩუნდეს, მაგრამ შემცირდეს 60-90 დღემდე, როგორც ერთი ვიზიტისას, ისე ჯამურად, კალენდარული წლის განმავლობაში - ნაცვლად უწყვეტი ერთი წლისა, როგორც ეს 2015 წლიდან დღემდე მოქმედებს.

    3. სამუშაო ვიზის გაცემა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეზე უნდა ხდებოდეს სპეციალური პროცედურით, რომელმაც უნდა ცხადყოს, რომ ამ პირისთვის საქართველოში მუშაობის უფლების მინიჭება ჩვენი ქვეყნისთვისაც საჭიროებას წარმოადგენს.

    4. ბინადრობის უფლების გაცემა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებზე უნდა განხორციელდეს სპეციალური, არაგამარტივებული მექანიზმით, რომელიც დაადასტურებს ამ პირის ლოიალურობას ჩვენი სახელმწიფოსადმი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. ბინადრობის გაუქმება კი უნდა ხდებოდეს ავტომატურ რეჟიმში, ნებისმიერი, მათ შორის სიტყვიერი ქმედებისთვის, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას.

    სწორედ ამ ოთხ პრინციპზე დაყრდნობით უნდა შემუშავდეს ახალი კანონმდებლობა, რომელიც ერთის მხრივ, დაადასტურებს რუსეთის ფედერაციის მოქალაქის ლოიალურობას საქართველოს სუვერენიტეტისა და კონსტიტუციის მიმართ, ხოლო მეორეს მხრივ, უზრუნველყოფს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის რეალურ ამოქმედებას", - აღნიშნულია განცხადებაში.

     

  • საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით

    2022 წლის 7 აგვისტოს, სრულდება 14 წელი რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს განხორციელებული ღია სამხედრო ინტერვენციიდან, რასაც მოყვა რუსეთის მიერ საქართველოს განუყოფელი რეგიონების — აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაცია და ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება.
    ოკუპაციის მე-14 წლისთავზე, რუსეთი არ ასრულებს ევროკავშირის შუამავლობით დადებულ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და აფართოებს საკუთარ უკანონო კონტროლს ოკუპირებულ რეგიონებში. საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და სხვა ბარიერების აღმართვით, უკანონო დაკავებებითა და გატაცებებით, ადამიანის უფლებების უხეში შელახვით, ქართველთა ეთნიკური დისკრიმინაციით დარტყმას აყენებს ადგილზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარულ გარემოს, რითიც, სხვა მიზნებთან ერთად ცდილობს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანები იზოლაციაში მოაქციოს დანარჩენი საქართველოსგან და საერთაშორისო საზოგადოებისგან.
    საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეში შელახვა, ეთნიკური დისკრიმინაცია და ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირისა და ლტოლვილის საკუთარ სახლში დაბრუნების უფლების დარღვევა კვლავაც რჩება რუსეთის უკანონო ოკუპაციის მძიმე ჰუმანიტარულ ტვირთად.  დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე დაუსჯელობის წახალისება კი ზრდის ეთნიკურ ნიადაგზე ძალადობის საფრთხეს.
    ამ ფონზე კიდევ უფრო კრიტიკული ხდება ადგილზე ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციების შეუზღუდავი წვდომა და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების განლაგება, აგრეთვე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შესვლას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, მისიის მანდატის მიუხედავად, რასაც სამწუხაროდ აბრკოლებს საოკუპაციო ძალა. 
    ამ მძიმე ფონზე, გარდამტეხი როლი ჰქონდა 2021 წლის 21 იანვარს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელშიც სამართლებრივად დადასტურდა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს რეგიონების — აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია და მათზე ეფექტური კონტროლი და სწორედ რუსეთს დაეკისრა პასუხისმგელობა ადგილზე ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების უხეში დარღვევის ფაქტებზე. აღნიშნული გადაწყვეტილება, რომელიც 2008 წლის რუსეთის-საქართველოს ომის პირველ სამართლებრივ შეფასებას წარმოადგენს, ცხადყოფს, რომ ამაოა რუსეთის ფედერაციის მრავალწლიანი მცდელობა, თავიდან აირიდოს სამართლებრივი პასუხისმგელობა უკანონო ოკუპაციასა და მის შედეგებზე.
    საქართველო განუხრელად განაგრძობს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის განხორციელებას და მოწადინებულია, რომ დიპლომატიური და სამართლებრივი ინსტრუმენტების გამოყენებით, საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით, შესაძლებელი გახადოს ქვეყნის გამთლიანება და მშვიდობიანი განვითარება, საოკუპაციო ხაზით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენა და საერთო ევროპული მომავლის მშენებლობა.
    საქართველო მადლიერია ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის ურყევი მხარდაჭერისთვის და  დიდად აფასებს საერთაშორისო პარტნიორების წვლილს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის პროცესში. აღნიშნული მხარდაჭერა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს დღეს, როდესაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიით, განაგრძობს უხეშ დარღვევას საერთაშორისო სამართლის პრინციპების და ძირს უთხრის ევროპის უსაფრთხოებას.  
    საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვეტოს უკანონო და პროვოკაციული მოქმედებები საქართველოს წინააღმდეგ, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, შეასრულოს ევროკავშირის წინაშე 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და შეცვალოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ უკანონო გადაწყვეტილება.
    საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართვას საერთაშორისო თანამეგობრობას, კონსოლიდირებული ძალისხმევა მიმართოს საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნებისკენ და ქმედითი ნაბიჯები გადადგას საქართველოსა და მთლიანად რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთოხების უზრუნველსაყოფად.
    საგარეო საქმეთა სამინისტრო სარგებლობს შემთხვევით და კიდევ ერთხელ პატივს მიაგებს 2008 წელს დაღუპულთა ხსოვნას და სამძიმარს უცხადებს მათ ოჯახებს. 

  • სს „ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს ახალი წევრი ყავს

    დღეს, სს „ლიბერთი ბანკმა“ ბრუნო ბალვანერას სამეთვალყურეო საბჭოში ახალ დამოუკიდებელ წევრად დანიშვნის შესახებ განაცხადა, რომელიც ძალაში შედის 2022 წლის 3 აგვისტოდან.

    ბრუნო ბალვანერას აქვს 35 წელზე მეტი გამოცდილება საბანკო/საინვესტიციო სფეროში, მათ შორის 23 წელი სხვადასხვა პოზიციებზე EBRD-ში, როგორც სათავო ოფისში (ლონდონი, დიდი ბრიტანეთი), ასევე რეგიონალურ ოფისებში (სანქტ-პეტერბურგი, მოსკოვი, თბილისი და ნურსულთანი). 2013-2018 წლებში ბრუნო ბალვანერა იყო რეგიონალური დირექტორი კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში, რომელიც იმართებოდა თბილისიდან, შემდეგ კი ცენტრალური აზიის რეგიონის მმართველი დირექტორი 2020 წლამდე.

    ბრუნო ბალვანერას გამოცდილება მოიცავს კერძო სექტორში ინვესტიციებს მდგრადი განვითარების მიმართულებით და ასევე, წარმატებულ ექსპერტულ ცოდნას ინვესტიციებირისკებისშესაბამისობისსამართლებრივისოციალური და გარემოსდაცვითი სტანდარტებიინკლუზიურობის და განახლებადი ენერგიის მიმართულებით.

    ბრუნო ბალვანერას ეკავა რამდენიმე კომპანიის საბჭოს წევრის თანამდებობა, მათ შორის 2020 წლის ბოლოს არჩეული იყო არა-აღმასრულებელ დირექტორად Asaka Bank-ში (უზბეკეთი). ის ამჟამად არის კერძო ინვესტორი ფინტექ მიმართულებით, ჩართულია საერთაშორისო ბიზნესსა და აკადემიურ სწავლებაში და ასევე, არის სტრატეგიის კონსულტანტი.

    სს ‘ლიბერთი ბანკის’ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მურთაზ კიკორიამ განაცხადა: სამეთვალყურეო საბჭოს სახელითმინდა მივესალმო ბრუნო ბალვანერას ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში გაწევრიანებას. ბრუნოს დიდი გამოცდილება ფინანსურ სექტორსა და ფინტექში, ინვესტიციების, ციფრული ფინანსებისა და სტრატეგიის გამოცდილებასთან ერთად, ფასდაუდებელი იქნება ბანკის მიერ დასახული ზრდის გეგმის მისაღწევადდარწმუნებული ვართ, ბრუნოსთან მჭიდრო თანამშრომლობით, ბანკი კიდევ უფრო ეფექტურად გააგრძელებს პოზიტიურ ცვლილებებს თავისი მომხმარებლებისთვის, თანამშრომლებისთვის და ყველა დაინტერესებული პირისთვის. ლიბერთისთვის ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი საქართველოში ერთ-ერთ გამორჩეულ ფინანსურ ინსტიტუტად ჩამოყალიბების გზაზე.

    სს ‘ლიბერთი ბანკის’ სამეთვალყურეო საბჭოს ახალმა წევრმა, ბრუნო ბალვანერამ განაცხადა:

    „მოხარული ვარ, რომ შევუერთდი ლიბერთის სამეთვალყურეო საბჭოს. მხარს ვუჭერ ბანკის სტრატეგიის განხორციელებას, რომლის მიზანია უნიკალური ფართო მომხმარებელთა ბაზის ეფექტურად გამოყენება და მცირე ბიზნესის განვითარება საქართველოს ყველა რეგიონში! ლიბერთი და მისი პროფესიონალიენერგიული გუნდი კარგად არის პოზიციონირებული იმისათვის, რომ გაიმყაროს ადგილი სექტორში, როგორც ძლიერი მოთამაშე და თავისი წვლილი შეიტანოს ქვეყნის გაციფრულებისა და ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით.”

    ლიბერთი ბანკი, ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი სისტემური ბანკია. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს, დასაქმებულია 4 500-ზე მეტი თანამშრომელი, მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 617 ბანკომატით და ემსახურება 1.7 მილიონზე მეტ მომხმარებელს.

    დამატებითი ინფორმაციისთვის: www.libertybank.ge

  • საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ ფერმერთა სათათბიროს განახლებულ სტრუქტურულ მოდელზე შეხვედრა გამართა

    თბილისში, სასტუმრო ,,რუმსში’’, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის მთავარი საკონსულტაციო ორგანოს ფერმერთა სათათბიროს სტრუქტურული რეორგანიზაციის ფარგლებში,  სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

    შეხვედრას, რომელსაც ფერმერთა ასოციაციის მენეჯმენტი და  სოფლის მეურნეობის სექტორში მომუშავე 30-მდე დარგობრივი ასოციაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ფერმერთა სათათბიროს განახლებული სტრუქტურული მოდელი, დებულება და ბრენდის პლატფორმა განიხილეს.

    საქართველოს ფერმერთა ასოციაციის მთავარი საკონსულტაციო ორგანოს მიზნების  მეტად ეფექტურად განსახორციელებლად, სათათბიროს სტრუქტურული აგებულება, წევრთა რაოდენობა და მათი არჩევისა და გაწევრიანების კრიტერიუმები იცვლება.  ფერმერთა სათათბიროს განახლებული დებულების შესაბამისად, სათათბიროს წევრი შესაძლებელია გახდესსოფლის მეურნეობის სექტორში მომუშავე დარგობრივი გაერთიანება/ასოციაცია (მისი გამოცდილებისა და პროფესიული კომპეტენციის შესაბამისად), რომელიც კონკრეტული დარგიდან წარმოადგენს ფერმერთა ხმას. „ფერმერთა სათათბირო  განვითარების ეტაპზე  გეგმავს საკუთარი აქტივობის ზრდას. სწორედ, ამ მიზანს ემსახურება მისი დებულების განახლება და ინტენსიური პირდაპირი კამპანია ახალი წევრების მოსაძიებლად და შემდგომში, სათათბიროში გასაწევრიანებლად. ჩვენი მიზანია, ფერმერთა სათათბირომ, მისი სტრუქტურული რეორგანიზაციის გათვალისწინებით, მეტად ეფექტურად მოახდინოს სოფლის მეურნეობის სფეროში მუმუშავე სექტორული ასოციაციების საქმიანობის კოორდინაცია, რაც გულისხმობს, როგორც ანგარიშგასაწევი საკონსულტაციო პლატფორმის ჩამოყალიბებას დარგობრივ ასოციაციებს შორის დიალოგისთვის. ასევე, ძალისხმევის კონსოლიდაციას, სოფლის მეურნეობის სექტორში ჩართული ორგანიზაციებისა და ფერმერების ადვოკატირებისთვის, შუამდგომლობისა და  დიალოგის წარმართვისთვის, როგორც სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებთან, ასევე პარტნიორ ორგანიზაციებთან,“ - აღნიშნა   სათათბიროს სპიკერმა, ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე მოადგილემ რატი კოჭლამაზაშვილმა.

    საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ ფერმერთა სათათბირო 2017 წელს,  მის წევრ ფერმერთა კენჭისყრის საფუძველზე დააფუძნა. ფერმერთა სათათბიროს მიზნებია: ფერმერთა ინტერესების დაცვა, მათი პრობლემატიკის განსაზღვრა, შესაძლო ალტერნატივების და/ან გადაჭრის გზების  მოძიება და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავება; ასევე, მიმდინარე საკანონმდებლო პროცესებში დარგობრივი/სექტორული ასოციაციაციებისა და ფერმერების აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფა.

  • ბიძინა ივანიშვილის განცხადება!

    პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა დღეს გაავრცელა განცხადება, რომელსაც "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ:

    „უპირველეს ყოვლისა, მინდა, ჩემი ღრმა პატივისცემა კიდევ ერთხელ გამოვხატო ქართული საზოგადოების მიმართ, რომელმაც არაერთგზის დაამტკიცა, რომ ევროპული ფასეულობების ერთგულია. დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლის თავზე, ქართველმა ხალხმა დღეს კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ღირსება, თავისუფლება და დამოუკიდებლობა მისი უმთავრესი ღირებულებებია. ამასთან, ქართულმა საზოგადოებამ ყველას დაუმტკიცა, რომ ხანმოკლე დემოკრატიული გამოცდილების მიუხედავად, აქვს სიბრძნე, რომელიც ურთულეს გამოწვევებთან ღირსეულად გამკლავების შესაძლებლობას აძლევს.

    უკვე წელიწადნახევარი გავიდა მას შემდეგ, რაც საზოგადოებას პოლიტიკიდან ჩემი გასვლის გადაწყვეტილების შესახებ ვაცნობე და მას შემდეგ, ჩემივე გადაწყვეტილებას სრულად ვიცავდი და ვიცავ. მთელი ამ პერიოდის მანძილზე, ერთადერთი საჯარო განცხადება გამოვაქვეყნე და ისიც მხოლოდ იმისათვის, რომ ჩემი სახელით სპეკულირების საშუალება არავისთვის მიმეცა. არ მინდოდა, პოლიტიკურ პროცესებზე არათუ მე, თუნდაც, ჩემს ფაქტორს რაიმე გავლენა ჰქონოდა და საჯარო სივრციდან ჩემი სრული დისტანცირების მიზეზი სწორედ ეს იყო და არის.

    ამავდროულად, როგორც ამ ქვეყნის შვილი და მისი ერთ-ერთი გულშემატკივარი, ბუნებრივია, საქართველოში მიმდინარე მოვლენებს მთელი ყურადღებით ვადევნებ თვალყურს. რეგიონში არსებული ურთულესი პოლიტიკური ვითარების ფონზე, საქართველოს და მის მმართველ გუნდს გასული თვეების განმავლობაში ძალზე მტკივნეული პროცესების გავლა უწევდა და უწევს. საქართველოსთვის და მისი ხელისუფლებისთვის ვითარებას განსაკუთრებით ართულებს ის გარემოება, რომ გარკვეული ძალები საქართველოს ომში ჩათრევას აქტიურად ცდილობდნენ და მათი ეს სურვილი და მიზანი, სამწუხაროდ, დღესაც აქტუალურია.

    უდიდესი სირთულეების მიუხედავად, მმართველმა გუნდმა სწორად იმუშავა, სწორი და პრინციპული პოზიცია დაიკავა და მთავარი სირთულე, ომის საფრთხის პირველი ეტაპი უკვე გადალახა. ამ ძალისხმევის წყალობით, საქართველოს ომში ჩათრევის უშუალო საფრთხე დღეს მაქსიმალურად არის განეიტრალებული. თუმცა, აქვე აღვნიშნავ, რომ უკრაინაში ომის დასრულებამდე, გარკვეული რისკები ჯერ კიდევ რჩება და როგორც ხელისუფლებას, ისე საზოგადოებას მაქსიმალური სიფრთხილე მართებს, რათა საქართველომ საბედისწერო ომი საბოლოოდ აიცილოს თავიდან.

    ამასთან, დღეს, როდესაც ომის უშუალო საფრთხე უკვე მაქსიმალურად არის განეიტრალებული, მიმაჩნია, რომ მმართველ გუნდს აქვს შესაძლებლობა, თავისი ყურადღება მეტწილად კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტზე გადაიტანოს და იზრუნოს, რომ საქართველოს ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან არ დაზიანდეს.

    რაც შეეხება ჩემს პირად პრობლემას, რომელიც შვეიცარიულ ბანკთან ურთიერთობაში წარმოიშვა და დღესაც აქტუალურია, მიმაჩნია, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესებთან მას პირდაპირი კავშირი აქვს. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველომ რთულ სიტუაციას, პრაქტიკულად, თავი უკვე გაართვა და ომის უშუალო საფრთხე გადაიარა, მირჩევნია, ჩემი და შვეიცარიული ბანკის ურთიერთობა ჩემ პირად პრობლემად დავტოვო და ეს პრობლემა საზოგადოებას ზედმეტად თავს არ მოვახვიო. აქ იმასაც არა აქვს მნიშვნელობა, თუ რაზე ვგეგმავდი შვეიცარიული ბანკის მიერ გაჩერებული თანხების დახარჯვას – კერძო მიზნებისთვის თუ საზოგადოებრივი საჭიროებისთვის. მირჩევნია, ბანკის მიერ შექმნილი პრობლემა საზოგადოებამ ყველა შემთხვევაში ჩემ პირად პრობლემად განიხილოს. შედარებით დეტალურ განმარტებებს ამ საქმეზე ჩემი ადვოკატი აკეთებდა და მომავალშიც გააკეთებს.

    ჩემთვის მთავარია, საქართველომ შეძლოს ურთულესი ვითარებიდან საბოლოოდ სათანადოდ გამოსვლა და მშვიდობის შენარჩუნება, ჩემ პირად საკითხზე კი, მე თავად ვიზრუნებ და ამ პრობლემით საზოგადოების ზედმეტად დატვირთვას არ შევეცდები.

    დასასრულს, რადგან საჯაროდ დაისვა შეკითხვა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჩემსა და ამერიკის ელჩს შორის შეხვედრის გამართვის შესახებ, საზოგადოებას მინდა განვუმარტო, რომ ამგვარი შეხვედრა ელჩის თხოვნით 21 მარტს ნამდვილად შედგა და ის დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა“, – ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური