ლიბერთი ბანკი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 24 ივნისი 2021 15:00

ლიბერთი ბანკის ადმინისტრაცია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: "საპენსიო სერვისების გაუმჯობესებაზე დისკუსია, წინასაარჩევნო პოლიტიკური ველიდან საქმიან და შედეგზე ორიენტირებულ ფორმატში უნდა გადავიდეს. ამ მგრძნობიარე თემით მანიპულირება და ბანკის დისკრედიტაციაზე მიმართული ინფორმაციის გავრცელება სრულიად მიუღებელია ჩვენთვის და დამაზიანებელია პროცესისთვის.

სრული სურათისთვის, ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია საზოგადოებას შევახსენოთ ამ თემის პრეისტორია, თუ როგორ მოვედით დღემდე.

2018 წლიდან ლიბერთი ბანკს ყავს ახალი აქციონერები და მენეჯმენტი, რომლებსაც შეხება არ ქონიათ საპენსიო მომსახურების მოქმედ კონტრაქტთან - რომელიც გაფორმდა 2011 წელს, ბანკის იმდროინდელ მენეჯმენტსა და სახელმწიფოს შორის.

ლიბერთი უსასყიდლოდ ემსახურება 1,1 მლნ ბენეფიციარს, რომლებიც პენსიას და სხვა სოციალურ სარგოს იღებენ. მოქმედი კონტრაქტის მიხედვით ბანკს არც სახელმწიფო უხდის თანხას პენსიების დარიგებაში და არც თავად აქვს უფლება ფასიანი გახადოს მომსახურება ბენეფიციარებისთვის. ამავდროულად, პენსიების დარიგება საკმაოდ დიდ დანახარჯებთან არის დაკავშირებული. კერძოდ, გვაქვს ფილიალები ისეთ ადგილებში, რომლებიც ეკონომიკურად მიმზიდველი არ არის და ამიტომ სხვა ბანკები იქ არ არიან წარმოდგენილნი; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მომხმარებლებთან პენსიები და სოციალური სარგო უსასყიდლოდ მიგვაქვს სახლში. საქართველოს 1.300 სოფელში, 200 ათასზე მეტ ბენეფიციარს ყოველთვიურად ვემსახურებით მობილური სერვის ცენტრებით.

ამ სერიოზული დანახარჯების ანაზღაურების ერთადერთი წყარო ლიბერთისთვის იყო ე.წ. საპენსიო სესხები, რომელთა საპროცენტო განაკვეთი წლიურ 110%-საც კი აღწევდა.

ახალმა მენეჯმენტმა, 2018 წელს მოსვლისთანავე, მოქმედი კონტრაქტის ფარგლებში,  მაქსიმალურად გააუმჯობესა მომსახურების პირობები. სესხის განაკვეთი შეამცირა ეფექტურ 30.65%-მდე, მთავრობასთან და ეროვნულ ბანკთან კოორდინაციით.

პარალელურად, განვავითარეთ ახალი ბიზნეს მიმართულებები, რამაც შესაძლებლობა მოგვცა, დაგვებალანსებინა ე.წ. საპენსიო სესხების პორტფელიდან მიღებული შემცირებული საპროცენტო შემოსავალი.

კოვიდ პანდემიამ განსაკუთრებული პრობლემები შეუქმნა ლიბერთის, რომლის ბენეფიციარები ხშირად მაღალი რისკის ჯგუფებს წარმოადგენენ. რიგების შემცირებისა და მოწესრიგების მიზნით, ლიბერთიმ თავისი სახსრებიდან 100 მლნ ლარი გამოყო და წინასწარ გასცა ბენეფიციარებზე, ასევე მობილიზება გაუკეთა დამატებით პერსონალს, რათა კოვიდ ვირუსით ინფიცირების რისკი შეემცირებინა.

საპენსიო სესხებზე არსებული 30.65% არის ის რეალური ნიშნული, რომელზე ნაკლებადაც ჩვენი შეფასებით, სხვა კომერციული ბანკებიც არ გასცემენ მცირე მოცულობის, არაუზრუნველყოფილ სამომხმარებლო სესხს, უფროსი ასაკის მომხმარებელზე. ამასთან, არსებული კონტრაქტის ფარგლებში, როცა ლიბერთი სხვა არანაირ გადასახადს არ ახდევინებს პენსიის მიმღებ პირებს, 30.65%-დან მიღებული საპროცენტო შემოსავალი სრულად ვერ ანაზღაურებს ბენეფიციარების უფასო მომსახურებასთან დაკავშირებულ დანახარჯებს.

ასე რომ, დღევანდელი მოცემულობა დამაკმაყოფილებელი არ არის არც ერთი მხარისთვის. ამიტომ საჭიროა ახალი, ჯანსაღი მოდელის შემუშავება და მის საფუძველზე, ახალი ტენდერის ჩატარება, ახალი პირობებით. ლიბერთიმ არაერთხელ დააფიქსირა მზაობა და დღესაც მიესალმება უახლოეს მომავალში, სრულიად გამჭვირვალე და ღია ტენდერის ჩატარებას, რომელიც გაითვალისწინებს ყველა მხარის - ბენეფიციარების, სახელმწიფოს და ბიზნესის კომერციულ ინტერესებს.

2019 წელს, როდესაც მოხდა ძველი პირობებით კონტრაქტის ვადის გაგრძელება, ჩვენი თანხმობის მოტივი იყო, რომ სახელმწიფოს მისცემოდა დრო, შეემუშავებინა ახალი, სამართლიანი პირობები.

იმისდა მიუხედავად, რომ პანდემიამ შეაფერხა ეს პროცესი, ლიბერთი აქტიურად მუშაობდა და დღესაც მუშაობს ყველა ჩართულ მხარესთან. თუმცა, ვინაიდან ამ თემასთან დაკავშირებით ინტერესი მატულობს, ლიბერთი რჩება თავისი პოზიციის ერთგული და ვთავზობთ ყველა მხარეს შეიქმნას კიდევ უფრო ფართო ფორმატის სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს პენსიების შესახებ კონტრაქტის პირობების გაუმჯობესებასა და დახვეწაზე. ჯგუფში ჩავრთოთ ყველა ის მხარე, ვისაც აქვს კომპეტენცია და რეალურად აღელვებს ეს თემა. პროცესი გავხადოთ კიდევ უფრო ღია და გამჭვირვალე, შევთანხმდეთ და შევქმნათ ახალი, გამართული, ჯანსაღი სისტემა და მომავალი ტენდერი გამოცხადდეს ამ ახალი, გამართული მოდელის საფუძველზე", - ნათქვამია სპეციალურ განცხადებაში.

წაკითხულია 143 ჯერ

Related items

  • ლიბერთის მხარდაჭერით საქართველოში NASA Space Apps-ის კონკურსი ჩატარდა

    ლიბერთის მხარდაჭერით საქართველომ NASA Space Apps-ს უმასპინძლა. COVID-19-ის პანდემიის გამო, NASA-ს Space Apps-ის გლობალურ ორგანიზაციულ გუნდთან ერთობლივი გადაწყვეტილებით NASA Space Apps Challenge 2021 ონლაინ რეჟიმში გაიმართა.

    ლიბერთი წელს პირველად ჩაერთო პროექტის განხორციელებაში, ჰყავდა წარმომადგენელი ჟიურიში და ახალგაზრდების ნამუშევრებს გაეცნო.

    NASA Space Apps Challenge Tbilisi 2021-ის გამარჯვებული გახდა გუნდი Starship Enterprise. გუნდის წევრები არიან კომაროვის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები
    დემეტრე საზონოვი, სანდრო ღლონტი, გიორგი ჩხიკვაძე და სანდრო ლორთქიფანიძე.
    მათ 1881 წელს შექმნილი მატარებლის დამაკავშირებელი მექანიზმის (Janney coupler) მოდელზე ააგეს ისეთი მექანიზმი, რომელიც შეძლებს კოსმოსური ობიექტების
    დაკავშირებასა და განცალკევებას მცირე იმპულსის შექმნით. ეს კი შესაძლებელს გახდის კოსმოსში მოგზაურობასა და მოქმედებებს აფეთქების გამოწვევის რისკის გარეშე.

    „ლიბერთი ყოველთვის სიამოვნებით უჭერს მხარს ნიჭიერ ახალგაზრდა თაობას, მათ ინოვაციურ იდეებს და პროექტებს, ისეთი გამორჩეული და განსაკუთრებული ადამიანების წარმოჩენას, როგორიც მსოფლიოში ყველაზე ფართომასშტაბიანი ჰაკათონის NASA Space Apps Challenge Tbilisi-ს გამარჯვებული მოსწავლეები არიან.
    განათლებული ახალი თაობა, მათი განვითარების ხელშეწყობა, მუდმივად ახლის ძიება, ინოვაციები და ნებისმიერი ასაკის ადამიანის, მათ შორის, რა თქმა უნდა, ახალგაზრდების გამოცდილების დაფასება, ჩვენი, ლიბერთის ახალი გუნდის ახალი სტრატეგიისა და ღირებულებების მნიშვნელოვანი ნაწილია. მოხარული ვარ, რომ ასეთი მნიშვნელოვანი კონკურსი საქართველოში ტარდება და ჩვენი ახალი თაობა მასში ყოველთვის აქტიურად მონაწილეობს“,- განაცხადა ლიბერთის გენერალური დირექტორის მოადგილე, ინფორმაციული ტექნოლოგიების დირექტორმა თორნიკე ბენიძემ.

    NASA Space Apps მსოფლიოში ყველაზე ფართომასშტაბიანი ჰაკათონია, რომელიც 323 სხვადასხვა ადგილას 48 საათზე დიდხანს მიმდინარეობს და აერთიანებს კოდერებს, მკვლევარებს, დიზაინერებს, მშენებლებს, ტექნოლოგებსა და შემოქმედებით ადამიანებს სხვადასხვა გამოწვევასთან გასამკლავებლად. წლევანდელ Space Apps-ის ვირტუალურ ღონიძიებას - 28,286 მონაწილე ჰყავდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

    NASA Space Apps Challenge Tbilisi 2021-ის კონკურსის მიერ გამოვლენილი საუკეთესო გუნდის პროექტის გამარჯვების შემთხვევაში მას Global Awards–ზე წარადგენენ.

  • ლიბერთიმ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეული დააჯილდოვა

    ლიბერთის გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხოდელმა „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ 2021 წლის საუკეთესო ათეულს ჯილდოები გადასცა. მათ შორის არიან პედაგოგები მარნეულიდან, პანკისიდან, თელავიდან, მესტიიდან და თბილისიდან.

    მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი ხათუნა რაზმაძე გახდა.

    “ჩემთვის და ლიბერთისთვის, დიდი პატივია, განათლების კოალიციასთან ერთად, ვიყოთ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მხარდამჭერები. მინდა, კიდევ ერთხელ, მადლობა გადავუხადო, ჩვენი პატივისცემა დავუდასტურო მასწავლებლებს და აღვნიშნო, რომ ლიბერთის ახალი გუნდი, სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში, მომავალშიც განაგრძობს ჩვენი საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანესი ადამიანების- მასწავლებლების მიმართ ზრუნვას. ამ პროფესიის პოპულარიზაცია, მასწავლებელთა დაფასება და მხარდაჭერა ახალი ლიბერთის სტრატეგიისა და ღირებულებების მნიშვნელოვანი ნაწილია.

    გასული წელი განსაკუთრებულად რთული იყო მასწავლებლებისთვის და მათდამი პატივისცემის გამოსახატად, ჩვენ წელს გავაოთხმაგეთ საპრიზო ფონდი. მოხარულები ვართ, რომ მასწავლებლის ეროვნული ჯილდო ყველასთვის ერთ-ერთი გამორჩეული და აღიარებული პროფესიული კონკურსია.

    ლიბერთისთვის მნიშვნელოვანია მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და მომავალი თაობის აღზრდის ხელშეწყობა, რაც თავის მხრივ, განათლებული საზოგადოების ჩამოყალიბებას და ჩვენი ქვეყნის წინსვლას განაპირობებს“,- განაცხადა ლიბერთის გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხოდელმა.

    ლიბერთი, სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში, მეხუთე წელია მხარს უჭერს მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოს.

    მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციისა და განათლების ხელშეწყობის მიზნით, ლიბერთიმ წელს განათლების კოალიციასთან ხუთწლიანი მემორანდუმი გააფორმა და ღონისძიების ოქროს სპონსორად დასახელდა.

    მასწავლებლის ეროვნული ჯილდო მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია და მიზნად ისახავს წარმატებული მასწავლებლების გამოვლენას, საზოგადოებისთვის მათ წარდგენას და ამ გზით პროფესიის პრესტიჟის ზრდას.

     

  • აშშ-ის საელჩოს განცხადება 2021 წლის მუნიციპალური არჩევნების შესახებ
    ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ულოცავს ქართველს ხალხს, ათასობით საარჩევნო მუშაკსა და ადგილობრივ პროფესიონალ დამკვირვებელს, ვინც მონაწილეობდა 2 ოქტომბრის არჩევნებში. ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა კოვიდ პანდემიის მიუხედავად, გამოხატავს ქართველი ხალხის მტკიცე ერთგულებას დემოკრატიისა და საქართველოს ევროატლანტიკური გზის მიმართ. მუნიციპალური არჩევნები მნიშვნელოვანია, რადგან ყველაზე მეტად, ადგილობრივ დონეზეა შესაძლებელი უშუალოდ დაკმაყოფილდეს მოქალაქეთა საჭიროებები და ინტერესები მათ მიერ არჩეული წარმომადგენლების მიერ. საქართველოს მოქალაქეებს ხშირად გამოუთქვამთ სურვილი, ჰქონდეთ მეტი ხმა იმ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რომელიც მათ ცხოვრებაზე ახდენს გავლენას. ამ არჩევნებში ადგილობრივ საკითხებზე ყურადღების ნაკლებობა დაკარგული შესაძლებლობაა ამ მიზნის მიღწევის გზაზე.
    ამერიკის შეერთებული შტატები იზიარებს ეუთო/ოდირის პირველად შეფასებას, რომ არჩევნები ტექნიკურად კარგად იყო ადმინისტრირებული, მაგრამ [საარჩევნო] გარემო დაზიანებული იყო ფართოდ გავრცელებული და განმეორებითი საჩივრებით დაშინების, ხმების მოსყიდვის, კანდიდატებსა და ამომრჩევლებზე ზეწოლის, მოქალაქე დამკვირვებლების პარტიის წარმომადგენლებად არასათანადო გამოყენების, არათანაბარი სამოქმედო პირობების შესახებ, მათ შორის, წინასაარჩევნო პერიოდშიც. მაშინ როცა ამომრჩევლებს ჰქონდათ შესაძლებლობა ძირითადად მშვიდ გარემოში მიეცათ ხმა 2 ოქტომბერს, საარჩევნები პროცესი უფრო მეტია ვიდრე მხოლოდ არჩევნების დღე. ჩვენ ვიზიარებთ ოდირის წუხილს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა პოლარიზებული მედიაგარემო, რესურსების მნიშვნელოვანი დისბალანსი, კამპანიის ფინანსებზე არასაკმარისი ზედამხედველობა, ქალთა ნაკლები წარმომადგენლობა კამპანიაში, ცნობები ადმინისტრაციული რესურსების არასათანადოდ გამოყენებისა და ჟურნალისტებზე ზეწოლის შესახებ.
    ჩვენ ვაფასებთ ადგილობრივ საარჩევნო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, განსაკუთრებით „ისფედს", „საიას", „მრავალეროვან საქართველოსა", და „საერთაშორისო გამჭვირვალობას", საზოგადოებისთვის საფუძვლიანი და დაბალანსებული შეფასებებისა და სანდო ინფორმაციის მიწოდებისთვის კამპანიის პერიოდში და არჩევნების დღეს. მათმა მნიშვნელოვანმა წვლილმა დროთა განმავლობაში გააუმჯობესა საარჩევნო პროცესი. ჩვენ შეწუხებული ვართ ცნობებით, რომ ამ პატივსაცემ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს ექმნებოდათ დაბრკოლებები არჩევნების დაკვირვების პროცესში.
    სახელმწიფოსა და პარტიულ რესურსებს შორის წაშლილი ზღვარი ღრმად შემაშფოთებელია. ადმინისტრაციული რესურსების არასათანადოდ გამოყენების შესახებ მნიშვნელოვანმა ცნობებმა წარმოშვა ეჭვი არჩევნების ზოგადი სამართლიანობის შესახებ. ბევრ ქალაქსა და სოფელში მასწავლებლების, სამართალდამცველებისა და საჯარო სექტორის თანამშრომლების მიმართ ზეწოლამ, მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ხელი შეუშალა მათ თავისუფალი არჩევანის გამოხატვაში არჩევნების დღეს. ასეთი ტიპის დარღვევებს ხშირად ჰქონია ადგილი საქართველოს არჩევნებში, რაც სრულად შეუთავსებელია საქართველოს ევროატლანტიკურ იდეალებთან. არსებობს სახიფათო რისკი, რომ ეს და სხვა განმეორებადი ხასიათის საარჩევნო დარღვევები გარდაუვალი გახდეს. საქართველოში ამომრჩევლები იმსახურებენ საარჩევნო პროცესის სამართლიანობის უფრო მაღალ სტანდარტს.
    ჩვენ, ასევე, ვწუხვართ იმ ქმედებებზე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს უკვე დაძაბული პოლიტიკური სიტუაციის უფრო მეტად პოლარიზება და დესტაბილიზაცია, ასევე, ვწუხვართ, რომ პარტიები აქცენტს აკეთებენ პირად თავდასხმებზე და არა ამომრჩეველთა პრიორიტეტებზე. ასეთი ქმედებები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ზოგიერთი პარტიის ერთგულებას პრინციპისადმი, რომ პოლიტიკური ლეგიტიმაციის მოპოვება ან დაკარგვა საარჩევნო ყუთთან უნდა ხდებოდეს.
    შექებას იმსახურებს პარლამენტის ბოლოდროინდელი ძალისხევა საარჩევნო რეფორმების განხორციელების კუთხით, წინა არჩევნებზე გამოვლენილი ზოგიერთი ნაკლოვანების აღმოსაფხვრელად. მაშინ, როდესაც ზოგიერთმა გატარებულმა ზომამ მოიტანა პოზიტიური ცვლილება, საერთო წარუმატებლობა, განმეორებადი ხასიათის დარღვევების შემცირების კუთხით, განსაკუთრებით წინა საარჩევნო პერიოდში, იმედგაცრუებას იწვევს. ჩვენ მოვუწოდებთ პარლამენტს, მათ შორის ოპოზიციურ პარტიებს კეთილსინდისიერად შეუდგნენ საქართველოს საარჩევნო სისტემის თანმიმდევრულად გაძლიერებას, განახორციელონ ძირითადი რეფორმები, მათ შორის სასამართლო რეფორმა რეკომენდებული ოდირის, ვენეციის კომისიისა და საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების მიერ და მიიღონ კონსტიტუციური ცვლილებები, რომელიც უზრუნველყოფს ყველა მომავალი საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციულობას, რისი პირობაც გაცემულია. რეფორმების პროცესი უნდა განხორციელდეს მოქალაქეთა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით.
    ახლა, პარტიათა პოლიტიკური ალიანსების ჩამოყალიბების დროა, რათა დაუყოვნებლივ გადაიჭრას საქართველოს მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები. წარსულის მსგავსად, საქართველო სიმტკიცითა და გამბედაობით უნდა გაუმკლავდეს გამოწვევებს დემოკრატიის აღმშენებლობის გზაზე. თითოეული არჩევნები დემოკრატიული პროცესის გაძლიერებისა და გაუმჯობესების შანსია. 2 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეებმა გამოიყენეს ხმის მიცემის, საკუთარი მოსაზრების მკაფიოდ დაფიქსირებისა და მათი პოლიტიკური ლიდერების ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი უფლება. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პარტიას პოლიტიკური სიტუაციის შემდგომი პოლარიზაციის მცდელობებისგან თავის შეკავებისკენ, არჩევნების შემდგომი მშვიდი გარემოს შენარჩუნებისა და საარჩევნო საჩივრების სამართლიანი, მიუკერძოებელი განხილვისკენ. მეორე ტური არის შესაძლებლობა, რომ გაუმჯობესდეს პროცესი და ჩატარდეს ორგანიზებული, კონკურენტული მეორე ტური, რომლის მიმართაც საქართველოს მოქალაქეებს სრული ნდობა ექნებათ.
    ამერიკის შეერთებული შტატები ამაყობს, რომ ქართველი ხალხის გვერდით დგას ათწლეულების განმავლობაში. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს ძალისხმევის მხარდაჭერას ძლიერი დემოკრატიის, წარმატებული ეკონომიკისა და უსაფრთხო სტაბილური ქვეყნის მშენებლობის საქმეში.
     
    აშშ-ს საელჩო საქართველოში
  • ლიბერთის ახალი პროექტი „შეხვედრები ახლებურად“

    „ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის“ სტრატეგიის და სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში, ლიბერთი იწყებს ახალი პროექტის განხორციელებას „შეხვედრები ახლებურად“. ამის შესახებ ლიბერთის ადმინისტრაცია იუწყება.
    მათი ინფორმაციით, ახალი პლატფორმის საშუალებით, ლიბერთი, საქართველოს სხვადასხვა სოფლებსა და ქალაქებში, განსაკუთრებულ შეხვედრებს მოუწყობს უფროსი და ახალგაზრდა თაობის ადამიანებს.
    „ვისთან შეხვედრას ისურვებდით?“ - ამ კითხვით ლიბერთიმ შეხვედრების მონაწილეების სურვილები შეაგროვა და უფროსი თაობისთვის საინტერესო ადამიანები მათივე პასუხების მიხედვით შეარჩია.
    ინტერაქციული შეხვედრები, კორონავირუსის რეგულაციების სრული გათვალისწინებით, 19 სექტემბერს მესტიიდან დაიწყო და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სექტემბრის ბოლომდე გრძელდება.
    „ლიბერთისთვის ნებისმიერი ასაკის ადამიანებისთვის გამორჩეული შეხვედრების მოწყობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, ჩვენ ვქმნით კიდევ ერთ ახალ პლატფორმას ახალგაზრდებისა და უფროსი თაობის ადამიანებისთვის, რადგან ჩვენთვის სხვადასხვა თაობის წარმომადგენელთა ურთიერთობა მნიშვნელოვანია. ამ გზით ვცდილობთ უფრო ახლოს მივიდეთ მოსახლეობასთან, გავეცნოთ მათთვის საინტერესო თემებს, ერთმანეთს გავაცნოთ საინტერესო ადამიანები, მოვისმინოთ მათი მოსაზრებები, სურვილები, რასაც ვითვალისწინებთ ჩვენს მომავალ გეგმებში. ჩვენი „ახლებური შეხვედრები“ დარწმუნებული ვარ, სრულიად ახალი ტიპის ინტერაქციულ შეხვედრებს ჩაუყრის საფუძველს, რომელსაც მომავალში კიდევ უფრო დავხვეწთ და განვავითარებთ.“ - განაცხადა ლიბერთის CSR და კომუნიკაციების მენეჯერმა ნინი ბუკიამ.
    ლიბერთი, რომელსაც საქართველოში ყველაზე ფართო საბანკო ქსელი გააჩნია და წლების მანძილზე ემსახურება უფროსი თაობის მომხმარებლებს, აცხადებს რომ ბანკი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის და მისი ახალი სტრატეგიული მიზანია, გახდეს უნივერსალური ფინანსური ინსტიტუტი, ყველა ასაკისა და საჭიროებების მქონე მომხმარებლისთვის.

  • განცხადება საკონსულტაციო ჯგუფთან დაკავშირებით

    ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) დღეს საკონსულტაციო ჯგუფთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართა. როგორც ცესკოს პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა, წლევანდელი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გამორჩეული იქნება უმნიშვნელოვანესი საკანონმდებლო სიახლეებითა და ტექნოლოგიური ინოვაციებით, რომლებიც მიმართულია მაქსიმალურად ინკლუზიური და გამჭვირვალე საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფისკენ. ხსენებული სიახლეები და ინოვაციები შეჯერებული იქნა ჩართულ მხარეებს შორის ინტენსიური დიალოგის, დისკუსიების პროცესში, პრაქტიკულად სრული კონსენსუსის საფუძველზე.

    „როგორც მოგეხსენებათ, ერთ-ერთი ინიციატივა ამ მიმართულებით, იყო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის მიერ წარდგენილი კანდიდატებით დაკომპლექტებული საკონსულტაციო ჯგუფის იდეა, საჩივრების განხილვის პროცესთან დაკავშირებით ცესკოსთვის გარკვეული რეკომენდაციების წარსადგენად.

    ინოვაციურობისა და სამოქალაქო ინიციატივებისადმი გახსნილობის სტრატეგიიდან გამომდინარე, ცესკომ გამოთქვა სრული მზაობა ამ ინიციატივისადმიც და გადადგა მთელი რიგი კონკრეტული ნაბიჯები ჯგუფის სამართლებრივი, საორგანიზაციო, ტექნიკური და ლოგისტიკური მხარდაჭერისთვის.

    აღნიშნულის მიუხედავად, სამწუხაროდ თავად მესამე სექტორის მხრიდან ჩართული სუბიექტების შიგნით არ შეინიშნება საკმარისი რესურსი და ნება ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული კონსტრუქციული თანამშრომლობისათვის.

    ცესკოს ხელმძღვანელობამ იტვირთა გარკვეული მედიატორის ფუნქციაც მონაწილე მხარეებს შორის, გაიმართა შეხვედრები ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, შესაბამის სამართლებრივ ბაზაში, ცესკოს კომპეტენციის ფარგლებში შეტანილი იქნა საჭირო ცვლილებები, რათა არ დაზარალებულიყო ჯგუფის გადაწყვეტილებისუნარიანობა მის შიგნით აზრთა გარკვეული სხვადასხვაობის დროსაც, თუმცა სამწუხაროდ საარჩევნო პროცესის ხელშესაწყობად ჩაფიქრებული ეს დამატებითი მექანიზმი, ზოგიერთი მხრიდან გახდა ნიჰილისტური დამოკიდებულების დანერგვაზე და პროცესში ქაოსის შეტანაზე ორიენტირებული მიზანმიმართული თავდასხმების ობიექტი, რამაც შესაძლოა, განაპირობა რიგი წევრების მიერ საკონსულტაციო ჯგუფის დატოვება.

    ეს ნამდვილად დასანანია ჩვენთვის, თუმცა კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ არსებობს ყველა  სამართლებრივი, საორგანიზაციო, ტექნიკური და სხვა აუცილებელი ინსტრუმენტი და რაც მთავარია, საზოგადოების დაკვეთა და ჩვენი მტკიცე ნება, რომ მიუხედავად ცალკეული დესტრუქციული მცდელობებისა, წლევანდელი არჩევნები იყოს უპრეცედენტოდ ინკლუზიური, გამჭვირვალე და დემოკრატიული,“- განაცხადა ნათია იოსელიანმა დღევანდელ ბრიფინგზე.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური