სტრასბურგში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და ევროსაბჭოს შორის არსებულ თანამშრომლობაზე იმსჯელეს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 23 ივნისი 2021 10:17

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი თამარ ტალიაშვილი, რომელიც სტრასბურგში, ასამბლეის საზაფხულო სესიის მუშაობაში იღებს მონაწილეობას, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩს შეხვდა. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" საქართველოს პარლამენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის არსებულ თანამშრომლობაზე იმსჯელეს.

ყურადღება გამახვილდა ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსა და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებულ ანგარიშზე, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობას აღწერს.

წაკითხულია 160 ჯერ

Related items

  • ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები ტ. კორლატეანი და კ. კერნი საქართველოს მონიტორინგის მიზნით 8 დეკემბერს ეწვევიან.

    ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები ტიტუს კორლატეანი და კლოდ კერნი საქართველოს მონიტორინგის მიზნით 8-10 დეკემბერს ეწვევიან.
    ვიზიტის განმავლობაში თანამომხსენებლები დისკუსიები ძირითადად ფოკუსირებული იქნება ბოლო პოლიტიკურ მოვლენებზე, 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებზე, სასამართლო სისტემის რეფორმაზე და უმცირესობათა საკითხებზე (ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები და LGTBI).
    თბილისში, ტ. კორლატეანი და კ. კერნი გამართავენ მაღალი დონის შეხვედრებს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის წევრებთან და პარლამენტის პოლიტიკური ფრაქციების წარმომადგენლებთან.
    თანამომხსენებლები ასევე შეხვდებიან სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებს, კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე სასამართლო სისტემისთვის, ეთნიკური უმცირესობების საბჭოს წევრებს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს, ასევე LGTBI თემის, დიპლომატიური საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

  • ცესკოს თავმჯდომარე ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის წევრებს შეხვდა

    ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) დღეს ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის წევრებთან შეხვედრა გაიმართა.

    15-მდე ქვეყნის დელეგატს ცესკოს თავმჯდომარემ და მისმა მოადგილეებმა  დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს იმის შესახებ თუ როგორ ემზადება საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნების დემოკრატიულ, გამჭვირვალე და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად. გიორგი კალანდარიშვილმა ისაუბრა სიახლეებზე, რაც 2 ოქტომბრის არჩევნებზე პირველად განხორციელდება, მათ შორის ხმის დათვლის პროცესის ვიდეოგადაღებაზე, კრწანისის საარჩევნო ოლქში დაგეგმილ საპილოტე პროექტსა და საარჩევნო კაბინების განახლებულ დიზაინზე. საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პირებმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების ჩართულობა 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

  • ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ უზრუნველვყოფთ თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებას

    ჩვენ უზრუნველვყოფთ თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებას, რაც როგორც საქართველოსთვის, ასევე ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისათვის არის აუცილებელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა  ეუთო/ოდირის საარჩევნო-სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელ ალბერტ იონსონთან შეხვედრაზე განაცხადა.
    მთავრობის მეთაურმა ალბერტ იონსონს COVID-პანდემიის მიუხედავად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მონიტორინგში ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ არჩევნების გამჭვირვალობისა და სამართლიანობის უზრუნველყოფაში ოდირის წვლილი დასაფასებელია.
    პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ გასული წლის მსგავსად, ხელისუფლება, ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციების სრული დაცვით COVID-უსაფრთხო არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფს. მთავრობის მეთაურის თქმით, პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევების გათვალისწინებით, შემუშავებულია სპეციალური პროტოკოლები საერთაშორისო დამკვირვებლების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მმართველი გუნდი მჭიდროდ თანამშრომლობს სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან, რათა ყველა პირობა იყოს უზრუნველყოფილი მათი მანდატის სრულყოფილად და ეფექტურად განხორციელებისთვის.
    ირაკლი ღარიბაშვილმა და ალბერტ იონსონმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მიმოიხილეს, რომელიც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების, მათ შორის ეუთო/ოდირის დასკვნის თანახმად, კონკურენტულ გარემოში ჩატარდა, დაცული იყო ყველა ფუნდამენტური თავისუფლება და შედეგი ასახავდა ქართველი ხალხის ნებას, შედეგად, 2020 წელს, პირველად საქართველოს უახლეს ისტორიაში, 9 პოლიტიკურმა პარტიამ გადალახა ბარიერი და მოიპოვა მანდატები პარლამენტში.
    მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ დემოკრატიის მთავარი საყრდენი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებია და ხელისუფლება სრულად აცნობიერებს მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მნიშვნელობას. მმართველი გუნდი სრულად არის მობილიზებული იმისთვის, რომ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნები ჩაატაროს. ხელისუფლება ყველა საჭირო ნაბიჯს დგამს იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს თანაბარი პირობები, რათა კითხვის ნიშნები და პოლიტიკური სპეკულაციების საფუძველი არ დარჩეს.
    ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ეუთოს/ოდირის გარდა, ხელისუფლებამ არაერთი სხვა საერთაშორისო ორგანიზაციიდან მოიწვია დამკვირვებლები, მათ შორის არიან ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული კონგრესის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE), ევროპარლამენტის (EP), ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის (NATO PA), ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) დამკვირვებლები.

    მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური

  • ცესკოს თავმჯდომარე ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

    ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) საერთაშორისო პარტნიორებთან ინტენსიურ შეხვედრებს განაგრძობს.  ამჯერად ცესკოს თავმჯდომარე ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს ნატალია ვუტოვას შეხვდა და 2 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრაზე გიორგი კალანდარიშვილმა დეტალურად ისაუბრა იმის შესახებ თუ როგორ მიმდინარეობს საარჩევნო რეფორმის იმპლემენტაცია და არჩევნებისთვის მზადების პროცესი. კალანდარიშვილმა აღნიშნა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების გაზრდილი რაოდენობის ფონზე ცესკოს სხდომებზე გადაწყვეტილებები მაღალი ჩართულობითა და მხარდაჭერით მიიღება, რაც საარჩევნო პროცესისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო საკითხია. ცესკოს თავმჯდომარემ ასევე ყურადღება გაამახვილა იმ სიახლეებზე,  რომელიც 2 ოქტომბრის არჩევნებზე, მათ შორის ვიდეოფიქსაციასა და კრწანისის საარჩევნო ოლქში დაგეგმილ საპილოტე პროექტზე, რომელიც ხმის მიცემის და დათვლის პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებას გულისხმობს. მხარეებმა ასევე ისაუბრეს 2 ოქტომბრის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიების ჩართულობის მნიშვნელობაზე.

    ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის შეხვედრა  27 სექტემბერს დისტანციურად გაიმართა.

  • ირაკლი ღარიბაშვილმა და რიკ დემსმა შარლ მიშელის შუამავლობით მიღწეულ შეთანხმებაზე ისაუბრეს

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ რიკ დემსს შეხვდა.
    ირაკლი ღარიბაშვილმა რიკ დემსს საქართველოს დემოკრატიული რეფორმირების პროცესში მისი კონსტრუქციული ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველო რჩება ევროკავშირის ერთგულ მოკავშირედ და დემოკრატიის მნიშვნელოვან დასაყრდენად გეოპოლიტიკურად რთულ რეგიონში. ყურადღება გამახვილდა კავკასიაში საქართველოს პოზიტიურ როლზე და საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარმატებულ მედიაციაზე, რომლის შედეგადაც, სომხეთის 15 მოქალაქე გათავისუფლდა, ხოლო აზერბაიჯანს მნიშვნელოვანი რუკები გადაეცა დანაღმული ტერიტორიების შესახებ.
    მხარეებმა 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ისაუბრეს. მთავრობის მეთაურმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს პანდემიის მიუხედავად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამკვირვებლების გამოგზავნისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება მოტივირებულია, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდეს მშვიდ და გამჭვირვალე გარემოში. პრემიერ-მინისტრმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს თხოვნით მიმართა, რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი ჩამოვიდეს ევროპის საპარლამენტო ასამბლეიდან, რათა არავის მიეცეს ნებისმიერი მიზეზით არჩევნებთან დაკავშირებით სპეკულაციის საშუალება.
    ირაკლი ღარიბაშვილმა და რიკ დემსმა შარლ მიშელის შუამავლობით მიღწეულ შეთანხმებაზე ისაუბრეს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მმართველმა გუნდმა შეთანხმებით გათვალისწინებული პუნქტები შეასრულა და პროცესი გრძელდება. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ოპოზიციის დიდ ნაწილს ხელი არ აქვს მოწერილი შარლ მიშელის შეთანხმებაზე, რაც პოლიტიკური ვითარების სტაბილიზაციისა და დამშვიდებისთვის შემაფერხებელი ფაქტორია.
    შეხვედრაზე საუბარი შეეხო 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ პოლიციამ მაღალ დონეზე იმუშავა, ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი ყველა ძალადობის ფაქტი მოკლე დროში იქნება გამოძიებული და ყველა დამნაშავე სათანადოდ დაისჯება.
    პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობა, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჟურნალისტებს თავისუფალი მუშაობის შესაძლებლობა ჰქონდეთ. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ 2012 წლის შემდეგ საქართველო ყველა რეიტინგებით მოწინავე ქვეყანაა, ევროკავშირის ბევრ ქვეყანას უსწრებს წინ და მედია თავისუფლება გარანტირებულია.
    მთავრობის მეთაურმა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, რუსეთი განაგრძობს უკანონო ქმედებებს აღმოსავლეთ ევროპაში და ადამიანის უფლებების საკითხებს მანიპულაციისა და პოლიტიკური მიზნებისათვის იყენებს. მისი თქმით, უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის გათავისუფლება დიდი წარმატებაა, რაც საქართველოს და საერთაშორისო პარტნიორების ერთობლივი ძალისხმევით მოხდა. პრემიერმა ხაზი გაუსვა უკანონოდ დაკავებული ირაკლი ბებუას გათავისუფლებისკენ მიმართული ძალისხმევის გაძლიერების მნიშვნელობას.
    მთავრობის მეთაურმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების და ნდობის აღდგენის პროცესში ევროპის საბჭოს მიერ გაწეული ძალისხმევისთვის და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციები ადეკვატურად ასახავს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ რთულ უსაფრთხოების და ჰუმანიტარულ ვითარებას. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ კვლავ ხმამაღლა ისაუბროს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების შესახებ და შესაბამისი ნაბიჯები გადადგას იმისთვის, რომ რუსეთის ფედერაციამ მის მიერ აღებული პოლიტიკური და სამართლებრივი ვალდებულებები, მათ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება შეასრულოს.

    მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური