ავღანეთიდან ქართველი მშვიდობისმყოფელების დაბრუნების პროცესი დაიწყო

გამოქვეყნებულია სამხედრო
ორშაბათი, 21 ივნისი 2021 15:39

ნატოს გადაწყვეტილებით, ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის მისია“ მიმდინარე წლის სექტემბრამდე ეტაპობრივად დასრულდება. შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები ნატოსთან შეთანხმებული გრაფიკით ტოვებენ ავღანეთს. როგორც "ნიუს დეი საქართველოს" ტავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციაში განუცხადეს, დღეიდან ავღანეთში დისლოცირებულმა ბოლო ქართულმა ქვედანაყოფმა დაიწყო სამშობლოში დაბრუნება. მე-3 ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის პირველი ნაწილი საქართველოში ჩამოფრინდა. ქართველ მშვიდობისმყოფელებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია დახვდნენ. მათ მშვიდობისმყოფელებს „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ ფარგლებში გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება მიულოცეს. 
32-ე ბატალიონი საქართველოში ეტაპობრივად ჩამოვა. ქვედანაყოფის სრულად დაბრუნების შემდეგ საქართველოს თავდაცვის ძალების ჩართულობა ნატოს ეგიდით ავღანეთში განხორციელებულ „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში დასრულდება. 32-ე ბატალიონი მისიით გათვალისწინებულ ამოცანებს, ექვსი თვის განმავლობაში, ამერიკული სარდლობის დაქვემდებარებაში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ასრულებდა. ამავე ბრიგადის ნაკრები ასეული კი, რომელიც „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში მაზარ-ი-შარიფში ასრულებდა, საქართველოში ერთი თვის წინ დაბრუნდა. 
ავღანეთში მიმდინარე სამშვიდობო მისიაში საქართველო 2004 წლიდანაა ჩართული და ალიანსის არაწევრ ქვეყნებს შორის და ერთ სულ მოსახლეზე მისიაში გაგზავნილი სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობის მიხედვით უმსხვილესი კონტრიბუტორია.

წაკითხულია 286 ჯერ

Related items

  • თავდაცვის ძალების მეთაურმა ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის მეთაურის მოადგილეს უმასპინძლა
    საქართველოში სამუშაო ვიზიტით ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის მეთაურის ახალდდანიშნული მოადგილე იმყოფება. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ თავდაცვის ძალების ადმინისტრაციაში განუცხადეს.
    გენერალ-მაიორ მაიკლ ვიკმანს დღეს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა უმასპინძლა. გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა ამერიკელ გენერალს ახალ პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს თავდაცვის ძალებსა და ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის სარდლობას შორის მჭიდრო, ნაყოფიერი თანამშრომლობა წარმატებით გაგრძელდება.
    საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა გენერალ-მაიორ მაიკლ ვიკმანსა და დელეგაციის წევრებს წლების განმავლობაში ქართული მხარისთვის გაწეული პრაქტიკული მხარდაჭერისთვის, საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარებისა და ტრანსფორმაციის პროცესში შეტანილი მნიშვნელოვანი კონტრიბუციისთვის მადლობა გადაუხადა. ხაზგასმით აღინიშნა ერთობლივი მრავალეროვნული სწავლებების ჩატარების მიმართულებით აშშ-ის არმიის დახმარება და ჩართულობა, ასევე საქართველოს ეროვნულ გვარდიასა და ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიას შორის განსაკუთრებული პარტნიორობა.
    შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვის ძალებში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრეს. საქართველოში გაცნობითი ვიზიტის ფარგლებში, ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის მეთაურის მოადგილე საქართველოს თავდაცვის ძალების სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულს ესტუმრება და მათი მუშაობის პროცესს გაეცნობა.
  • გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი აშშ-ს სახმელეთო ძალების შტაბის უფროსს შეხვდა

    საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი გერმანიაში ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც ევროპის სახმელეთო ძალების კონფერენციას დაესწრო. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    ვიზიტის ფარგლებში გენერალი მათიაშვილი აშშ-ს სახმელეთო ძალების შტაბის უფროსს, გენერალ ჯეიმს მაკკონვილს შეხვდა. შეხვედრას ევროპასა და აფრიკაში აშშ-ს სახმელეთო ძალების ახლად დანიშნული მეთაური, გენერალი დარილ ვილიამსიც ესწრებოდა. ორმხრივი შეხვედრისას საუბარი შეეხო რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გარემოს, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გავლენას რეგიონის უსაფრთხოებაზე და რუსეთის ფედერაციიდან მომდინარე საფრთხეებს. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების 10-წლიანი პროგრამის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძიებებზე და ამ პროცესში აშშ-ს მხარდაჭერის ინტენსიფიკაციაზე.

    ევროპის სახმელეთო ძალების ყოველწლიური კონფერენცია გერმანიის ქ. გარმიშში ჯორჯ მარშალის სახელობის უსაფრთხოების საკითხთა კვლევის ევროპულ ცენტრში ჩატარდა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ევროპის ოცდაათამდე ქვეყნის სახმელეთო ძალების სარდლებმა და თავდაცვის ძალების მეთაურებმა. კონფერენციაზე მიწვეული იყო საქართველო, უკრაინა და მოლდოვა. მონაწილეებმა განიხილეს რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში წარმოებული საომარი მოქმედებები და მისი გავლენის საკითხები გლობალურ უსაფრთხოებაზე. საუბარი შეეხო ურთიერთთავსებადობისა და კოორდინაციის მექანიზმების დახვეწის გზით საბრძოლო მზადყოფნისა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების საკითხებს.

     

  • საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
    ბელგიის სამეფოში ვიზიტით მყოფმა საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან ორმხრივი შეხვედრა გამართა. გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და ადმირალმა რობ ბაუერმა სამხედრო კუთხით ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს და პრიორიტეტებსა და სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს. გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს  მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და არსებული საფრთხეებისა და გამოწვევების ფონზე, ალიანსთან თანამშრომლობის გაძლიერებისა და თავსებადობის გაზრდის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა.
    ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე საუბრის ძირითად თემას რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, შავი ზღვის რეგიონში რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ფართომასშტაბიანი აგრესია წარმოადგენდა. მხარეებმა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობა გამოხატეს და რუსეთის მოქმედებები დაგმეს.
    გენერალ მაიორმა გიორგი მათიაშვილმა ადმირალ რობ ბაუერს საქართველოს თავდაცვის ძალებში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესზე, ასევე ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში განხორციელებულ მნიშვნელოვან ინიციატივებზე ინფორმაცია მიაწოდა.
    მან სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების გრძელვადიანი განვითარების გეგმაც გააცნო, რომელიც ნატოსთან თანამშრომლობის ყველა პრაქტიკული მექანიზმის გამოყენებას ითვალისწინებს და საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების ამაღლებას ისახავს მიზნად.
    შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა ნატოს ეგიდით წარმოებულ საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში საქართველოს უდიდესი კონტრიბუცია და ქართული მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა, ნატოს მისიებსა და ოპერაციებში მომავალშიც გააგრძელოს მონაწილეობა.
    თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური
  • თავდაცვის ძალების მეთაურის შეხვედრა გენერალ-მაიორ ჯოზეფ ჯერარდთან

    საქართველოში ვიზიტით ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის (USAREUR-AF) მეთაურის სპეციალური ასისტენტი იმყოფება. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გენერალ-მაიორ ჯოზეფ ჯერარდს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა უმასპინძლა. გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა ამერიკელ გენერალს საქართველოში კიდევ ერთი ვიზიტისა და პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის, საქართველოს ეროვნული გვარდიის განვითარების პროცესში შეტანილი პირადი ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა. თავდაცვის ძალების მეთაურმა საქართველოს თავდაცვის ძალებისა და ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის სარდლობის ნაყოფიერი მჭიდრო თანამშრომლობა ხაზგასმით აღნიშნა. 

    მან გენერალ-მაიორ ჯოზეფ ჯერარდს საქართველოს თავდაცვის ძალებში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესი, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდის მიზნით, აშშ-ის არმიის ჩართულობითა და მხარდაჭერით განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები გააცნო და თანამშრომლობის მზარდი დინამიკის გაგრძელების იმედი გამოთქვა.

    მხარეებმა რეგიონსა და მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები მიმოიხილეს. გენერლებმა   უკრაინაში განვითარებული პროცესები, რუსეთის სამხედრო აგრესია დაგმეს და უკრაინელი ხალხის, უკრაინის  სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს.

  • გიორგი მათიაშვილმა პოლონელ კოლეგას საქართველოს თავდაცვის ძალებში განხორციელებული რეფორმები გააცნო

    საქართველოში ოფიციალური ვიზიტით პოლონეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი იმყოფება. გენერალ რაიმუნდ ანდჟეიჟაკს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი მასპინძლობს. თავდაცვის სამინისტროში გენერალური შტაბის სამწყობრო მოედანზე გამართული დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, ქართველმა და პოლონელმა კოლეგებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები პირისპირ შეხვედრაზე განიხილეს. გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა პოლონეთის მხარეს საქართველოს ურყევი პოლიტიკური მხარდაჭერისა და თავდაცვის სფეროში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და თანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვა.

    გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა პოლონელ კოლეგას საქართველოს თავდაცვის ძალებში განხორციელებული რეფორმები და მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესი გააცნო. მან ყურადღება თავდაცვის ძალების განვითარებაში სხვადასხვა მიმართულებით პოლონეთის მიერ შეტანილ წვლილზე გაამახვილა. საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში აქტიურ ჩართულობას, საქართველოს  სამხედრო პოლიციის შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით მჭიდრო პრაქტიკულ თანამშრომლობას, საქართველოსა და პოლონეთის სპეციალური ოპერაციების ძალებს შორის კავშირების მზარდ დინამიკას. შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზეც იმსჯელეს. 

    საქართველოში ვიზიტის ფარგლებში პოლონეთის გენერალური შტაბის უფროსმა  გმირთა მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში  დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. პოლონელი გენერალი ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრსაც (JTEC) ეწვევა.

    თავდაცვის სამინისტროს პრეს-რელიზი

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური