თემაზე "გავუზიაროთ ერთმანეთს დადებითი გამოცდილება და ერთად შევქმნათ უკეთესი მომავალი" კონფერენცია გაიმართა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 16 ივნისი 2021 16:44

საქართველოში ჩინეთის საელჩოს მხარდაჭერითა და მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ ორგანიზებით, ჩინეთის კომუნისტური პარტიის დაარსების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია,  სახელწოდებით "გავუზიაროთ ერთმანეთს დადებითი გამოცდილება და ერთად შევქმნათ უკეთესი მომავალი" გაიმართა.

კონფერენციაზე განხილული ძირითადი თემები იყო:

· ჩინეთის კომუნისტური პარტიის 100 წლის იუბილე;

· ჩინეთის როლი ახალი მსოფლიო წესრიგის პირობებში;

· ჩინეთის ციფრული ტექნოლოგიები და ინოვაციები - პრეზიდენტ სი ძინ პინის „ჩინეთის დიდი ოცნების“ რეალიზაცია;

· „ერთი გზა, ერთი სარტყელი“- გეოეკონომიკური და გეოპოლიტიკური წარმატების ფორმულა;

· კოვიდ-19 პანდემიის გამოწვევები;

· ჩინეთის აგრო-სამრეწველო პოლიტიკა;

· ჩინეთის თანამედროვე გეოსტრატეგიული კოდი - რეგიონული ლიდერობიდან მსოფლიო ლიდერობისაკენ;

· ჩინეთის სოციალური პოლიტიკის სასწაული - სიღარიბის დამარცხება.

კონფერენცია „ჯორჯიან თაიმსის“ დამფუძნებელმა და  პრეზიდენტმა, მოდერატორმა მალხაზ გულაშვილმა გახსნა, რომელმაც, ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების და კონფერენციის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.

მისი განცხადებით, „ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობა მრავალ საუკუნეს ითვლის, თუმცა, ისეთი ინტენსიური, როგორიც დღეს არის, არასოდეს ყოფილა. მაგრამ, ეს არ არის ის ზღვარი, რომლის გაუმჯობესებაც არ შეიძლება. სწორედ  ამიტომ, „ჯორჯიან თაიმსი“ მუდმივად ცდილობს, ამ პროცესების მამოძრავებელი იყოს, რაც გამოიხატება იმაში, რომ კონფერენციას უკვე ტრადიციულად, ყოველწლიურად ვატარებთ.

ღონისძიების მიზანია საქართველომ გაიზიაროს ის პოზიტიური გამოცდილება, რასაც, ჩინეთმა, ძალიან მოკლე პერიოდში, 100 წელიწადში მიაღწია. ვგულისხმობ ხელისუფლებაში ჩინეთის კომუნისტური პარტიის მოსვლის შემდეგ გატარებულ უდიდეს რეფორმებს, როგორც პოლიტიკის, ასევე, ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, სოციალური საკითხებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით. ის ფაქტი, რომ დღეს ჩინეთი მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა ყველა მიმართულებით, გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ მისი გამოცდილება ჩვენც გავიზიაროთ.

კონფერენციის მიზანია, საქართველოს მოსახლეობის ფართო ფენებს ჩინეთის განვითარების შესახებ ინფორმაცია მივაწოდოთ და მისი, როგორც ძალიან წარმატებული ქვეყნის გამოცდილება გავიზიაროთ. ჩინეთთან თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ამ მიმართულებით, მათი გამოცდილება ჩვენს ქვეყანაშიც გადმოვიტანოთ“, - აღნიშნა მან. 

„სამომავლოდ, ეს ფორმატი კიდევ უფრო გაფართოვდება და ვგეგმავთ, ჩინეთ-საქართველოს ტელეხიდის მოწყობასაც, რაშიც, ჩინელი ექსპერტებიც ჩაერთვებიან“, - განაცხადა მალხაზ გულაშვილმა „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში.

კონფერენციაზე, მისასალმებელი სიტყვა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სრულუფლებიანმა და საგანგებო ელჩმა, ლი იენმა წარმოთქვა, რომლის თემაც - „ჩინეთის მმართველი კომუნისტური პარტიის როლი ქვეყნის განვითარების საქმეში - 100 წლიანი გამოცდილება“ იყო.

ელჩმა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველო-ჩინეთის ურთიერთობაზე საუბრისას ხაზი გაუსვა პოსტ-კოვიდურ პერიოდში, ორ ქვეყანას შორის გამოჩენილ თანადგომას. როგორც ლი იენმა კონფერენციაზე აღნიშნა, - "კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ მეგობარი გასაჭირში იცნობა."

"ჩინეთი ტრადიციულად საქართველოს მეგობარი ქვეყანა და მნიშვნელოვანი პარტნიორია. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები სტაბილურად და ჯანსაღად ვითარდება. ეკონომიკის, ვაჭრობის, ტრანსპორტის, ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვისა და სხვა სფეროებში მუდამ თანამშრომლობის ახალ შედეგებს ვიღებთ; „სარტყელისა და გზის“ ფარგლებში თანამშრომლობაც უწყვეტად ვითარდება; განათლების, კულტურის, მეცნიერების, ტურიზმის, სპორტის, მედიის, კინოსა და ტელევიზიის და სხვა სფეროებში ერთმანეთს გამოცდილებას ვუზიარებთ და სულ უფრო მჭიდროდ ვთანამშრომლობთ;

ჩინელ და ქართველ ხალხს შორის ურთიერთგაგება და მეგობრობა მუდმივად ღრმავდება. აღსანიშნავია, კოვიდ-19-ის ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთმანეთის მიმართ გამოჩენილი თანადგომა. ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული კავშირები და თანამშრომლობა კიდევ უფრო განმტკიცდა და უფრო მაღალ დონეზე ავიდა. თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ორმხრივი შეთანხმების წყალობით, ბოლო 3 წლის განმავლობაში ორმხრივი სავაჭრო ბრუნვა 1 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს.

ჩინური მხარე მზადაა გააგრძელოს საქართველოსთან მეგობრული კავშირებისა და თანამშრომლობის გაღრმავება, სახელმწიფო მართვის საქმეში გამოცდილების გაზიარება, მნიშვნელოვან საერთაშორისო საკითხებზე კომუნიკაცია და კოორდინაცია, რათა ეს ორი უძველესი ცივილიზაცია ერთად გაბრწყინდეს," - განაცხადა ლი იენმა.

საქართველო - ჩინეთის ურთიერთობების შესახებ კონფერენციაზე გამომსვლელებს შორის იყვნენ:

ალექსანდრე ხვთისიაშვილი - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. მან კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის პარტნიორულ ურთიერთობას და სამომავლო პერსპექტივებზეც ისაუბრა.

„ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მმართველ პარტიას ვულოცავ 100 წლის იუბილეს. აღსანიშნავია, რომ განვლილი დროის მანძილზე ჩინეთმა არაერთი რთული პერიოდი გამოიარა, თუმცა, საბოლოოდ არნახულ წარმატებას მიაღწია. საქართველოი როგორც გლობალური  სამყაროს ნაწილი, საგარეო ურთიერთობა ქვეყნის განვითარებისთვის მთავარი ატრიბუტია. ჩინეთი ამ ჯაჭვში ერთ-ერთი განსაკუთრებული ქვეყანაა. პირველ რიგში მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ჩინეთმა 29 წლის წინ აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა და საკუთარი დიპლომატიური წარმომადგენლობა გახსნა  ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე. ამით მხარი დაუჭირა საქართველოს სუვერენიტეტს.

დიპლომატიური ურთიერთობის ამ მოკლე პერიოდში ჩინეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორად და ინვესტორად  ჩამოყალიბდა. 2021 წლის პირველი კვარტლის მიხედვით ჩინეთი ექსპორტის მიმართულებით საქართველოში პირველ ადგილზეა და როგორც მოგეხსენებათ დიდი წილი ქართულ ღვინოზე მოდის. საქართველო ასევე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩვენს ქვეყანაში ჩინური ინვესტიციების შემოსვლას და  დიდი იმედი მაქვს, რომ ეს პოტენციალი მაქსიმალურად გამოყენებული იქნება,“- განაცხადა კონფერენციაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.

საქართველო - ჩინეთის ბიზნეს ურთიერთობები და სამომავლო მიზნები -საპარტნიორო ფონდის წარმომადგენელი - დავით საგანელიძე.

კოვიდ19 - ის გამოწვევები და ჩინეთთან თანამშრომლობა სამედიცინო მიმართულებაში, - ამირან გამყრელიძე - დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს უნივერსიტეტის სრული პროფესორი. მან პანდემიის პერიოდში, ჩინეთის მხრიდან საქართველოსთვის გაწეული დახმარებისთვის ელჩს მადლობა გადაუხადა.

"ჩვენი თანამშრომლობა ჩინეთთან მნიშვნელოვანი და საპატიო გახლავთ. დაავადებათა კონტროლის ცენტრი ურთიერთობას იწყებს ერთ-ერთ უძლიერეს საერთაშორისო ინსტიტუციასთან, ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრთან. ეს არის მაღალტექნოლოგიური დაწესებულება, რომლისგანაც ჩვენ შეგვიძლია ბევრი რამ ვისწავლოთ. პანდემიის დაწყების პირველივე თვეებში ჩინეთის სახელმწიფომ და საელჩომ საქართველოს სერიოზული დახმარება შესთავაზა. ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრთან და უნივერსიტეტებთან დაახლოებით 3-ჯერ გვქონდა ტელეხიდები, რადგან, მათ პირველი 3 თვის განმავლობაში,  ამ დაავადების მართვის დიდი გამოცდილება დაუგროვდათ. ჩინეთის მთავრობამ პირველ ეტაპზე, როცა ხელმიუწვდომელი იყო, საქართველოს კოვიდტესტები გადასცა. მათ უკვე ვაქცინის მილიარდ ნახევარი დოზა საკუთარ საზოგადოებასა და საერთაშორისო საზოგადოებას მიაწოდა. მისასალმებელია, რომ ჩვენი ურთიერთობები უფრო მეტად ვითარდება და ამისთვის, ჩინეთის სრულუფლებიან ელჩს მსურს დიდი მადლობა გადავუხადო. ვიმედოვნებ, რომ მედიაციის პროცესი კიდევ გაგრძელდება," - განაცხადა კონფერენციაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

აგრო-სამრეწველო პოლიტიკა, სიახლეების დანერგვა, - გიორგი ხანიშვილი - სოფლის მეურნეობის მინსიტრის მოადგილე.

საქართველო-ჩინეთის თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები; გიორგი ამილახვარი - განათლების და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საქართველო-ჩინეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი;

ჩინეთის აგროს-სამრეწველო პოლიტიკა  - გიორგი კვესიტაძე - მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი.

საქართველო - ჩინეთის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები - დავით აფციაური - საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის გენერალური დირექტორი, ჩინეთში საქართველოს ყოფილი ელჩი, პეკინის საერთშორისო ბიზნესისა და  ეკონომიკის უნივერსიტეტის პროფესორი.

„ახალი მსოფლიო წესრიგის გეოსტრატეგიული და გეოპოლიტიკური ასპექტები და ჩინეთის გლობალური გავლენის ცენტრის ფორმულა“ - ერთი გზა ერთი სარტყელი - სესიის მომხსენებელი - ვახტანგ მაისაია, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, სინოლოგი, სინოლოგთა საერთაშორისო ასოციაციის წევრი;

როგორც მაისაიამ „ჯორჯიან თაიმსს“ განუცხადა, აღნიშნული კონფერენცია მნიშვნელოვანი მოვლენაა, საქართველოში სინოლოგიის განვითარების საქმეში.

„როგორც სინოლოგმა და ჩინეთის სინოლოგიის საერთაშორისო ასოციაციის წევრმა, მინდა კონფერენციას ამ კუთხით მაღალი შეფასება მივცე. სამწუხაროდ, ასეთი სამეცნიერო-კვლევითი კონფერენციები ნაკლებად იმართება საქართველოში. კონფერენციაზე ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება გამოიყენოს საქართველომ ჩინეთის წარმატებული სახელმწიფოებრივი მშენებლობის გამოცდილება.

ფაქტია, რომ  ჩინეთმა მოახდინა ორი სისტემის, - კაპიტალისტური და სოციალისტური სქემების კონვერგენცია,  საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწია და დღეს ჩინეთი არის ფაქტობრივად ნომერი მეორე ქვეყანა ეკონომიკური განვითარების კუთხით. შესაძლოა, მან რამდენიმე წელში, ამერიკასაც გაუსწროს და გახდეს მსოფლიოში პირველი ეკონომიკური გიგანტი. ჩინეთმა უკვე დაამარცხა სიღარიბე, რაც უნიკალური მოვლენაა.  ეს ტერმინი იქ უკვე აღარ არსებობს. ჩინეთმა საკმაოდ დიდი ნახტომები გააკეთა პოლიტიკურ-სოციალური და ეკონომიკის  მიმართულებით. ეს ქვეყანა ბიზნესის განვითარების კუთხით მართლაც  საოცრებას წარმოადგენს.

ჩინური გამოცდილების საქართველოში დანერგვა ძალიან კარგი იქნება. ჩინეთი საქართველოს სტრატეგიული მეგობარია.  დიდი მადლობა, პირველ რიგში მალხაზ გულაშვილს, რომელიც,  ამ იდეის ავტორია. სწორედ სახალხო დიპლომატია არის ის, რასაც  მედიაჰოლდინგი „ჯორჯიან თაიმსი“ აკეთებს“, - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

გამომსვლელებს შორის იყო ასევე, „ჩინეთის სახელმწიფოებრიობის წარმატებული რეფორმირების გამოცდილება საქართველოსთვის“. ალექსანდრე გუჩუა - პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

საქართველოს და ჩინეთს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შემდგომი განვითარების შესაძლებლობები - თამარ ყორიაული - საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი.

ქართულ ჩინური გეოეკონომიკური წარმატებები და მიღწევები - ჯემალ ფუტკარაძე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველი, ჩინეთის კვლევის ინსტიტუტის დოქტორი, პროფესორი.

თემაზე: საინფორმაციო საკითხები და მედია, საერთაშორისო მედია ექსპერტმა,  სიმონ კილაძემ ისაუბრა.

სიმონ კილაძის თქმით,  ჩინეთის განვითარების ზრდის ტემპები, რომელიც კორონავირუსის პანდემიის ფოზეც კი შესაჩნევია, უფრო და უფრო ძლიერდება. ჩინეთის ეკონომიკური სიძლიერე კი, ჩვენს ქვეყანაზეც აისახება.

„მოგეხსენებათ, თურქეთიდან მატარებლები  ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით დადიან,  ეს მატარებლები საქართველოს ტერიტორიაზე გადიან, რაც, ქართულ კომპანიებს განვითარების და უდიდეს შანსსა და პერსპექტივას  აძლევს.

რაც შეეხება ჩინურ გამოცდილებას, თუ ზუსტად არ გადმოვიტანთ მათ წესებს, კარგი იქნება, თუ გარკვეულწილად მაინც დავიცვათ და ჩვენს გამოცდილებას შევუხამებთ. ჩინეთი კომუნისტურ სახელმწიფოდ ითვლება, მაგრამ, იქ საბაზრო ეკონომიკა იმ დონეზეა განვითარებული, ბევრ კაპიტალისტურ ქვეყანას არ დაესიზმრება.  ამ მხრივაც, სასურველი იქნება, რომ დიდი ჩინეთის გამოცდილება პატარა საქართველომ გაითვალისწინოს.

აღნიშნული კონფერენცია მნიშვნელოვანი ინიციატივაა. „ჯორჯიან თაიმსი“ საქართველოში ერთადერთი მედიაჰოლდინგია, რომელიც საინფორმაციო უზრუნველყოფას აკეთებს ჩინეთთან დაკავშირებით  და აქტიურ მონაწილეობას იღებს სხვადასხვა ღონისძიებაში ამ მიმართულებით. მედიაჰოლდინგი აქტიურად ჩართულია ერთ-ერთ პროექტში, სადაც ქართული კომპანიების  შესახებ ჩინეთში მასალები ვრცელდებოდა.  კორონავირუსმა და ფინანსურმა პრობლემებმაც იმოქმედა და პროექტი შეჩერდა. ვფიქრობ, რომ  ეს თანამშრომლობა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს“, - განაცხადა სიმონ კილაძემ.

კონფერენციაში, აგრეთვე მონაწილეობდნენ კინორეჟირორი გოგა ხაინდრავა, თემით ქართულ - ჩინური ურთიერთობების 113 წლიანი ისტორია და ფილმების ინდუსტრია და ასევე, ვახტანგ ჭარაია, თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი, პროფესორი, ეკონომიკის დოქტორი, თემით: ქართულ ჩინური ეკონომიკური საკითხები.

კონფერენცია, პანდემიის გამო,  ონლაინ, Zoom-ის რეჟიმში გაიმართა.

 

 

წაკითხულია 186 ჯერ

Related items

  • ირანის, რუსეთის და ჩინეთის ერთობლივი საზღვაო წვრთნები დაიწყო

    ირანის, რუსეთის და ჩინეთის მხრიდან ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყო. ამის შესახებ "TRT-ქართული" იტყობინება.

    მათი ინფორმაციით, ირანის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო, IRNA-ა წერს რომ წვრთნები, სახელწოდებით, „2022 საზღვაო უსაფრთხოების სარტყელი“ ინდოეთის ოკეანის ჩრდილოეთით ტარდება და ეს სამი ქვეყნის მესამე ერთობლივი წვრთნებია.

    წვრთნაში მონაწილეობენ ირანის საზღვაო ძალების და რევოლუციური გვარდიის არმიის ხომალდები და საჰაერო ნაწილები, ასევე რუსეთის და ჩინეთის საომარი და ლოგისტიკური მხარდაჭერის გემები.

    წვრთნების პრესსპიკერმა, კონტრადმირალმა მუსტაფა თაჯედინიმ განაცხადა, რომ ინდოეთის ოკეანის ჩრდილოეთი ნაწილი განხორციელებული წვრთნები ძალიან მნიშვნელოვანია.

    „ეს წვრთნები არის ერთობლივი ძალისხმევა სამი ქვეყნის ინტერესების დასაცავად და მდგრადი საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ამ რეგიონში, რომელიც ცნობილია როგორც ოქროს სამკუთხედი და სასიცოცხლო მნიშვნელობისაა მსოფლიო ვაჭრობისთვის,“ განაცხადა წვრთნების პრესსპიკერმა მუსტაფა თაჯედინმა.

    ხსენებულ ქვეყნებს შორის, ამ სახელწოდების პირველი ერთობლივი წვრთნები, 2019 წლის დეკემბერში ჩატარდა.

  • WHO: პეკინში ოლიმპიური თამაშების ჩატარება უსაფრთხოა

    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) საგანგებო ვითარებათა ჯანდაცვის პროგრამის დირექტორის მაიკლ რაიანის განცხადებით, პეკინში ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩატარება ჩინეთის მიერ COVID-19-ის წინააღმდეგ მიღებული ზომების გათვალისწინებით, ინფექციის გავრცელების კუთხით, საფრთხეს არ წარმოადგენს.

    "ისევე როგორც ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, ჩინეთის ხელისუფლებასთან და IOC-თან ზამთრის ოლიმპიური თამაშების უსაფრთხოდ ჩატარების რეკომენდაციათა წარსადგენად ვმუშაობთ. ჩინეთის ხელისუფლებამ მკაცრი ზომები მიიღო და რამდენიმე გზამკვლევი გამოუშვა, რომელთა შეფასებასაც IOC-თან ერთად ვაგრძელებთ. დარწმუნებული ვარ, მიღებული ინფორმაციით და მეტად სერიოზული ზომების გათვალისწინებით, ვირუსის გავრცელების ზრდის რისკს ვერ ვხედავთ ," - აცხადებს მ. რაიანი.

  • თომას ბახი: "კოვიდსაწინააღმდეგო სახელმძღვანელო მარტო წესების წიგნი არ არის, ის ცხოვრების წესია"

    საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტის  თომას ბახის განცხადებით, პეკინი ყველა პარამეტრით მზად არის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩასატარებლად. მისი თქმით, დღესდღეობით ორი მთავარი გამოწვევა არსებობს: პოლიტიკა და პანდემია.

    თომას ბახი ხაზს უსვამს შარშან გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პეკინში თამაშების ჩატარებაზე 193 ქვეყნის მხარდაჭერის მნიშვნელობას. რაც შეეხება მსოფლიოში COVID-19-ის ახალი შტამის - ომიკრონის გავრცელებას, თომას ბახი აღნიშნავს, რომ ჩინური მხარის მიერ შექმნილი დახურული პერიმეტრი პლანეტის ყველაზე უსაფრთხო ადგილია. პეკინი-2022-ის პერსონალის უკვე შევიდა ჩაკეტილ პერიმეტრში. თომას ბახმა თხოვნით მიმართავს სპორტსმენებს, რომ კოვიდსაწინააღმდეგო სახელმძღვანელოს - Playbook-ის შესწავლასთან ერთად, კარგი იქნება, თუ მას "ცხოვრების წესად" აქცევენ.

    ჩინეთის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ჩჟუნვენ გოუ ირწმუნება, რომ ჩინეთი სპორტული დელეგაციების მისაღებად სრულ  მზადყოფნაშია.

    IOC-ის აღმასრულებელი დირექტორი კრისტოფ დიუბის ცნობით, მონაწილეთათვის დაწესებული შეზღუდვები მოიხსნება არა ორ კვირაში, როგორც ეს იყო ტოკიოს თამაშებზე, არამედ სამ დღეში, თუ, რა თქმა უნდა, დროის ამ შუალედში არავის ექნება სიცხე და ორ  ტესტირებასაც გაივლიან. ეს  სპორტსმენებს საშუალებას მისცემს, რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნდნენ ასპარეზობებს ან შინ გაემგზავრონ.

    IOC-ის სპორტული დირექტორი კიტ მაკონელი აღნიშნავს, რომ პეკინი-2022-ის  საკვალიფიკაციო სტარტების უმეტესობა უკვე ჩატარებულია და 15 იანვრისთვის მთლიანად უნდა დასრულდეს.

     

     
  • ჩინეთ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წელი სრულდება - ინტერვიუ ჩინეთის ელჩთან

    ახალ 2022 წელს, ჩინეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან  30 წელი სრულდება. ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების გეგმებზე, ურთიერთობის პერსპეტქივებზე, პანდემისთან ბრძოლოს კუთხით მხარდაჭერასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე „ჯორჯიან თაიმსს“ ჩინეთის საგანგებო და სრულუფლებიანი  ელჩი საქართველოში - ლი იენი ესაუბრა:

    -  ჩინეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წელთან  დაკავშირებით,  თქვენ, როგორც ჩინეთის ელჩი, ამჟამინდელ ურთიერთობებსა და „სარტყლისა და გზის“ ფარგლებში არსებულ ორმხრივ თანამშრომლობას როგორ შეაფასებდით?  და  რა პერსპექტივა აქვს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შემდგომ განვითარებას?

    -  დიახ, მომავალ წელს, ჩინეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30-ე წლისთავია. კარგი ფაქტია ის, რომ 30 წლის მანძილზე, ამ ორ ქვეყანას შორის ორმხრივმა ურთიერთობებმა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობამ სწრაფი განვითარება პოვა; რომ  ჩინელ და ქართველ ხალხს შორის ურთიერთგაგება და მეგობრობა მუდმივად იზრდება. ბოლო წლებში კი,  მაღალ დონეზე კავშირები ნარჩუნდება; სახელმწიფო საბჭოს წევრი და საგარეო საქმეთა მინისტრი - ვანგ ი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოში, ხოლო, საქართველოს პრემიერ-მინისტრი და სხვა მაღალი თანამდებობის პირები ჩინეთში ესწრებოდნენ დავოსის ფორუმს, ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის ექსპოსა და სხვა მნიშვნელოვან ღონისძიებებს. ისტორიული თუ დღევანდელი გადმოსახედიდან, ჩინურ-ქართული ურთიერთობების განვითარებას ყოველთვის დიდი პერსპექტივა ჰქონდა. იმედი მაქვს, ორი ქვეყანა დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავის მომენტს გამოიყენებს პოლიტიკური ურთიერთნდობის უფრო გასაღრმავებლად, „სარტყლისა და გზის“ და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გასაძლიერებლად, რათა ორმხრივი ურთიერთობები ახალ საფეხურზე გადავიდეს და მეტი კეთილდღეობა მოუტანოს ჩინელ და ქართველ ხალხს. 

    „სარტყლისა და გზის“ ერთობლივი მშენებლობა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ნაწილია. „სარტყლისა და გზის“ თანამშრომლობის რვა წლის შედეგების და გამოცდილების შეჯამებისას, გენერალურმა მდივანმა სი ძინფინგმა ხაზი გაუსვა „ერთობლივი კონსულტაციების, ერთობლივი მშენებლობისა და ურთიერთგაზიარების“ პრინციპის დაცვას, ინფრასტრუქტურის, როგორც „მყარი კავშირის“ და ნორმებისა და სტანდარტების, როგორც „რბილი კავშირის“ მნიშვნელობას, ინიციატივის მონაწილე ქვეყნებს შორის „ხალხთაშორისი კავშირების“ გაზრდასა და „სარტყლისა და გზის“ მაღალი ხარისხით განვითარებას. ჩვენ სწორედ ამ იდეებით ვხელმძღვანელობთ და საქართველოსთან „სარტყლისა და გზის“ თანამშრომლობას ინტენსიურად ვაძლიერებთ. ქართული მხარის ორგანიზებით, უკვე სამჯერ ჩატარდა თბილისის აბრეშუმის გზის საერთაშორისო ფორუმი. საქართველო ასევე მაღალ დონეზე იყო წარმოდგენილი ჩინეთში გამართულ „სარტყლისა და გზის საერთაშორისო თანამშრომლობის ფორუმზე“. ჩინური კომპანიები საქართველოში ახორციელებენ ინფრასტრუქტურულ პროექტებს და მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ქვეყნებს შორის „მყარი კავშირის“ დასამყარებლად. 2018 წ. ძალაში შევიდა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება. საქართველო გახდა ევრაზიის რეგიონში პირველი ქვეყანა, რომელმაც ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გააფორმა. „რბილი კავშირის“ სტიმულით ორმხრივი სავაჭრო ბრუნვა ზედიზედ რამდენიმე წელია სტაბილურად იზრდება. ჩინეთი ასევე სტაბილურად ინარჩუნებს საქართველოს რიგით მესამე სავაჭრო პარტნიორის პოზიციას და უკვე ნომერ პირველი საექსპორტო ბაზარიც გახდა. კულტურის, განათლების, ტურიზმისა და სხვა სფეროებში თანამშრომლობა ხელს უწყობს ორ ქვეყანას შორის „ხალხთაშორისი კავშირების“ გაზრდას. სულ უფრო მეტი ქართველი ახალგაზრდა ეუფლება ჩინურ ენას, ჩინეთის ახალ საინფორმაციო საიტებზე სულ უფრო ხშირად შეხვდებით ბლოგებს საქართველოს შესახებ, ჩინელი ახალგაზრდობაც სულ უფრო მეტად ეცნობა საქართველოს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩინეთსა და საქართველოს შორის „სარტყლისა და გზის“ ფარგლებში თანამშრომლობას რეალური და ხელშესახები შედეგები აქვს.

    -  წარმოების შესაძლებლობების ზრდის კუთხით თანამშრომლობისა და განვითარების სტრატეგიების დაახლოების გარდა, თქვენი აზრით, კიდევ რა მიმართულებით შეიძლება განვითარდეს ჩინეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა?

    -  ჩინეთი და საქართველო განვითარებადი ქვეყნებია, ამიტომ, მათ მსგავსი განვითარების საჭიროებები აქვთ. პოლიტიკის დონეზე ბევრი საერთო შეხების წერტილია, მაგრამ, ერთმანეთისგანაც ბევრის სწავლა შეგვიძლია. საქართველოს, როგორც „სარტყლისა და გზის“ გასწვრივ მდებარე ქვეყანას, ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა აქვს. საქართველოს მთავრობაც დიდ ყურადღებას უთმობს ამ უპირატესობის გამოყენებას და ქვეყნის ევრაზიის დამაკავშირებელი დერეფნის როლის განვითარებას და ქვეყნის შიგნით ინფრასტრუქტურის შექმნასა და გაუმჯობესებას აქტიურად უწყობს ხელს. ინფრასტრუქტურის შექმნის კუთხით, ჩინეთს ტექნიკური უპირატესობა და მდიდარი საინჟინრო გამოცდილება აქვს. ორი ქვეყანა უკვე არაერთ პრიორიტეტულ პროექტს ახორციელებს და თანამშრომლობის განვითარებისთვის უზარმაზარი პოტენციალიც არსებობს. 

    საქართველო ჩინეთთან სავაჭრო კავშირებს უწყვეტად აღრმავებს. 2018 წ. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ, ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის ზრდის ტენდენცია სახეზეა. ეპიდემიით გამოწვეული საერთო კლების მიმართ ორმხრივი ვაჭრობა საკმაოდ მედეგი აღმოჩნდა. მჯერა, მომავალში საქონლით ვაჭრობა კიდევ უფრო მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს და ორი ქვეყნის მოსახლეობა უკეთ შეძლებს მეორე ქვეყნის საუკეთესო პროდუქტებითა და სერვისებით სარგებლობას. 

    აღსანიშნავია ისიც, რომ სოფლის მეურნეობას საქართველოს წარმოებაში წამყვანი ადგილი უჭირავს. ორმხრივი ძალისხმევით, ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობის მიმართულებით საკმაოდ ბევრი თანამშრომლობის პროექტი ხორციელდება, მათ შორის, აღსანიშნავია სასათბურე მეურნეობების მხარდამჭერი პროექტი. აგრარულ სექტორს  ჩინეთშიც მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, ამიტომ, ჩვენ კარგად გვესმის, რომ სოფლის მეურნეობის განვითარება და გლეხების კეთილდღეობა მჭიდროდ არის ერთმანეთთან დაკავშირებული. ჩინეთმა სულ ცოტა ხნის წინ აღმოფხვრა უკიდურესი სიღარიბე. მჯერა, რომ ეს საერთაშორისო თანამეგობრობისთვის და მათ შორის, საქართველოსთვის ინსპირაციის წყარო იქნება. მზად ვართ, ქართულ მხარეს გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება და ცოდნა. მზად ვართ, მომავალშიც შევუწყოთ ხელი საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარებას. 

    სინამდვილეში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას ძალიან ბევრი მიმართულებით აქვს პოტენციალი, მაგ. ტურიზმის, კულტურის, განათლების და ა.შ. თუმცა, პანდემიის ზეგავლენით, ამ სფეროებში კომპლექსური თანამშრომლობის განვითარება დროებით შეუძლებელია. დარწმუნებული ვარ, პანდემიის დასრულების შემდეგ, ჩინეთსა და საქართველოს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობა უფრო მძაფრად გაიზრდება და ორმხრივი ურთიერთობების განვითარება ჩქაროსნულ ზოლში გადავა. 

    - როგორ შეაფასებდით ჩინეთსა და საქართველოს შორის კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო თანამშრომლობას? ბოლო დროს საქართველოში ეპიდ-მდგომარეობა არც ისე კარგია, კოვიდ-19-ის ახალი შტამის - ომიკრონის გავრცელების შემთხვევაში, ჩინეთი დამატებით დახმარებას თუ გაუწევს საქართველოს?

    -  მისასალმებელია ის ფაქტი, რომ ეპიდემიის დაწყების შემდეგ, ჩვენი ქვეყნები და მოსახლეობა მუდამ ერთმანეთს უჭერენ მხარს  და ეხმარებიან. რეალური ქმედებებით დავამტკიცეთ, რომ მეგობარი გაჭირვებაში იცნობა. ჩინური მხარე „საერთო მომავლის მქონე საზოგადოების“ კონცეფციას ემხრობა, ხელს უწყობს „საერთო ჯანდაცვის მქონე საზოგადოების“ ჩამოყალიბებას, საქართველოს აქტიურად უზიარებს ეპიდემიასთან ბრძოლის გამოცდილებას, საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში ეხმარება კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო პროდუქციით, 200 000 დოზა ვაქცინა საჩუქრად გადასცა, ხოლო 2 600 000 ვაქცინის ექსპორტი მოახდინა, რითაც აქტიური როლი ითამაშა საქართველოში კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში. ქართული მხარეც აქტიურად ეხმარება ჩინეთს: ქვეყანამ საელჩოს მხარი დაუჭირა ჩინეთის მოქალაქეების ვაქცინაციის ორგანიზებაში, რითაც საქართველოში მცხოვრები ჩინელების სიცოცხლე და ჯანმრთელობა უზრუნველყო.

    სამწუხაროდ, მსოფლიოში პანდემია კვლავაც მძვინვარებს. საქართველოში ეპიდ-სიტუაცია შედარებით მძიმეა. რამდენიმე დღის წინ, საქართველოში პირველად დაფიქსირდა ომიკრონის შტამით ინფიცირების შემთხვევა. სპეციალისტების თანახმად, ომიკრონის შტამი ვირუსის წინა შტამებზე 3-4-ჯერ უფრო სწრაფად ვრცელდება, ამიტომ, საქართველო დიდი საფრთხის წინაშე დგას. ჩინეთი ყოველთვის აქტიურად პასუხობს საქართველოს საჭიროებებს და თავისი შესაძლებლობების ფარგლებში აქტიურად ეხმარება მას. ჩინეთი მზადაა დაეხმაროს საქართველოს, რაც შეიძლება მალე გამოვიდეს ეპიდემიის ჩრდილიდან, აღადგინოს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარება.

    -  პეკინის ზამთრის ოლიმპიადა მალე დაიწყება. როგორ ემზადება ჩინეთი ამ ღონისძიებისთვის?

    -  24-ე ზამთრის ოლიმპიური თამაშები პეკინში, 2022 წლის 4 თებერვალს, ოფიციალურად გაიხსნება. ეს მთელი მსოფლიოს სპორტსმენებისა და ზამთრის სპორტის მოყვარულებისთვის გრანდიოზული ღონისძიებაა. პეკინი პირველი ქალაქი იქნება მსოფლიოში, რომელიც, როგორც ზაფხულის, ისე ზამთრის ოლიმპიადას უმასპინძლებს, რითაც ჩინეთისა და ოლიმპიური თამაშების ისტორიაში ახალი თავი დაიწერება. 

    მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარებაა, ჩინეთი ამ ღონისძიებისთვის მაინც მაქსიმალურად ემზადება. იგი ყველაფერს აკეთებს ეპიდემიის პრევენციისათვის და ცდილობს, რომ მსოფლიოს „უბრალო, უსაფრთხო და ბრწყინვალე“ ზამთრის ოლიმპიადა აჩუქოს. წარმატებული ოლიმპიადა მთელი მსოფლიოს ხალხებს რწმენას შემატებს და ეპიდემიის წინააღმდეგ გაერთიანებასაც ხელს შეუწყობს. ვფიქრობ, სწორედ ეს არის ოლიმპიური სულისკვეთება. ზოგიერთ ქვეყანასა და პიროვნებას სპორტის პოლიტიზება სურთ, რასაც, მსოფლიო ქვეყნების უმეტესობის მხრიდან წინააღმდეგობა მოჰყვა. საბოლოოდ მათ მაინც მოუწევთ, რომ მარცხს შეეგუონ.

    მოგეხსენებათ, თხილამურებითა და ციგურებით სრიალი და ზამთრის სპორტის სხვა სახეობები საქართველოშიც ძალიან პოპულარულია. ქვეყანაში არაერთი ცნობილი სამთო-სათხილამურო კურორტია. უკვე 8 ქართველმა სპორტსმენმა მოიპოვა პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის კვალიფიკაცია. იმედია, სამომავლოდ კიდევ უფრო მეტი ქართველი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას  პეკინის ზამთრის ოლიმპიადაში, საკუთარ ნიჭს სრულად წარმოაჩენს და შესანიშნავ შედეგებსაც მიაღწევს.

  • ენტონი ბლინკენი - აშშ მზად არის, თავიდან აირიდოს ჩინეთთან არსებული წინააღმდეგობის პოტენციურ კონფლიქტში გადაზრდა

    შეერთებული შტატები მზად არის, ჩინეთთან არსებული წინააღმდეგობის პოტენციურ კონფლიქტში გადაზრდა აირიდოს თავიდან, რადგან მისი შესაძლო შედეგები კატასტროფული იქნება, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმ, ენტონი ბლინკენმა ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტაში განაცხადა.

    „ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გასულ თვეში ჩინეთის ლიდერთთან სი ძინპინთან საუბარში აღნიშნა, რომ ოფიციალურ ვაშინგტონს ღრმა პასუხისმგებლობის განცდა აქვს, რათა პეკინთან არსებული კონკურენცია პოტენციურ კონფლიქტში არ გადაიზარდოს. ჩვენ ამ პასუხისმგებლობას უდიდესი სერიოზულობით ვიღებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი კონფლიქტის შედეგები კატასტროფული იქნება“, – განაცხადა ბლინკენმა.

    მისივე თქმით, აშშ მიზნად ისახავს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონთან არსებული კავშირების განმტკიცებას.

    აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ოფიციალური ვაშინგტონი 2022 წლის ბოლომდე გეგმავს სხვა ქვეყნებს ვაქცინის 1,2 მილიარდი დოზა გადასცეს.

    აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ინდონეზიის გარდა, ოთხდღიანი ტურის ფარგლებში, მალაიზიასა და და ტაილანდში ვიზიტებს გეგმავს.

    წყარო: https://1tv.ge/news/entoni-blinkeni-ashsh-mzad-aris-tavidan-airidos-chinettan-arsebuli-winaaghmdegobis-potenciur-konfliqtshi-gadazrda-radgan-shesadzlo-shedegebi-katastrofuli-iqneba/

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური