საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ნატო-ს 2021 წლის ბრიუსელის სამიტის შესახებ

გამოქვეყნებულია სამხედრო
ოთხშაბათი, 16 ივნისი 2021 11:43

საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება 14 ივნისს, ბრიუსელში გამართულ ნატო-ს სამიტს, რომელზეც მიღებულ იქნა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, როგორც საქართველოს გაწევრიანების კონტექსტში, ასევე თავად ალიანსის სამომავლო ადაპტაციის კუთხით.

უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ კომუნიკეში დადასტურებულია, ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ “საქართველო გახდება ნატო-ს წევრი“ და რომ საქართველოს აქვს ყველა “პრაქტიკული ინსტრუმენტი, რათა მოემზადოს საბოლოო წევრობისთვის“.

მისასალმებელია, ალიანსის წევრი ქვეყნების მხრიდან ცალსახა და პირდაპირი დადასტურება, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოს სუვერენულ უფლებას აირჩიოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები და რომ დაუშვებელია ნებისმიერი მესამე მხარის ჩარევა ამ პროცესში. ნიშანდობლივია, რომ წევრი ქვეყნები ცალსახად პოზიტიურად აფასებენ საქართველოს, როგორც ასპირანტი ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს სხვადასხვა მიმართულებით რეფორმების განხორციელების კუთხით და ხაზს უსვამენ საქართველოს შესაძლებლობას ღირსეული წვლილი შეიტანოს საერთო ევრო-ატლანტიკურ უსაფრთხოებაში.

საქართველოსთვის განსაკუთრებით ღირებულია, რომ მოკავშირეები სწორ შეფასებას აძლევენ შავი ზღვის რეგიონში რუსეთის პოლიტიკის დესტრუქციულობას და გამოთქვამენ მზადყოფნას კიდევ უფრო გააღრმავონ შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობა საქართველოსთან.

საქართველო განსაკუთრებით აფასებს, წევრი ქვეყნების მტკიცე, თანმიმდევრულ და ქმედით მხარდაჭერას ქვეყენის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და არაღიარების პოლიტიკის მიმართ. წევრი ქვეყნების მხრიდან ადექვატურად იქნა შეფასებული რუსეთის ფედერაციის მცდელობა „ძალადობრივი“ მეთოდებით მოახდინოს ორი ოკუპირებული რეგიონის მოწყვეტა დანარჩენი საქართველოსგან და ხაზი გაესვა ბორდერიზაციის, საქართველოს მოქალაქეთა გატაცებების, მათი უკანონო დაკავების და შევიწროვების გახშირებულ შემთხვევებს. მისასალმებელია ალიანსის მოწოდება რუსეთის ფედერაციის მიმართ, რათა ამ უკანასკნელმა შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.
საქართველო ასევე მიესალმება წევრი ქვეყნების მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

საქართველოსთვის, როგორც ალიანსის მომავალი წევრისთვის, ასევე მნიშვნელოვანია ნატო-ს გაძლიერებისკენ და თანამედროვე უსაფრთხოების გამოწვევებთან უკეთ გამკლავებისკენ მიმართული გადაწყვეტილებები, რომლებიც მიღებულ იქნა ბრიუსელის სამიტზე.

საქართველო მიესალმება ალიანსის გადაწყვეტილებას განაახლოს ნატო-ს სტრატეგიული კონცეფცია, რომელიც ალიანსის 2022 წლის სამიტზე დამტკიცდება. ახალი კონცეფცია უკეთესად იქნება მორგებული უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევებს, კიდევ ერთხელ დაადასტურებს ალიანსის ერთგულებას მისი ძირითადი ფასეულობებისა და ღირებულებების მიმართ და განსაზღვრავს ნატო-ს სამომავლო განვითარების მიმართულებებს. ქართული მხარე იმედოვნებს, რომ ღია კარის პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხები ახალ სტრატეგიულ კონცეფციაში ადექვატურად იქნება ასახული და ექსპერტთა ჯგუფის მიერ მომზადებულ „NATO 2030-United for a New Era” დოკუმენტში გაფართოების საკითხთან და ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს გაიზიარებს. საქართველო იმედოვნებს, რომ ნატო-ს ახალ სტრატეგიულ კონცეფციაში ჩამოყალიბდება ალიანსის მკაფიო და კონკრეტული სტრატეგია შავი ზღვის რეგიონისადმი.

მოკავშირეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მხარდაჭერის საკითხზე. ხაზი გაესვა, რომ რუსეთი, მისი უკანონო ქმედებებით, ხელს უშლის აღნიშნული წესრიგის უზრუნველყოფას, რაც თავის მხრივ ძირს უთხრის მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნების უსაფრთხოებას, სტაბილურობას და დემოკრატიულ ღირებულებებს. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საკითხი დღის წესრიგის ამ ქვეპუნქტშიც იქნა განხილული.

მისასალმებელია ალიანსის გადაწყვეტილებები შეკავებისა და თავდაცვის პოლიტიკის გაძლიერების მიმართულებით. ნატო-მ 2014 წლიდან დაიწყო მისი სამხრეთ-აღმოსავლეთი ფლანგის გაძლიერება შეიარაღებული ძალების მზაობის გაზრდითა და მის ტერიტორიაზე ახალი სამხედრო განლაგებებით. სწორედ ამ კონტექსტში ხორციელდება ნატო-ს აქტიური ძალისხმევები შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით. აღსანიშნავია, რომ სამიტზე მოკავშირეები შეთანხმდნენ გააუმჯობესონ ალიანსის მზაობა, რეაგირება და თავდაცვა. ქართული მხარე მიესალმება ამ გადაწყვეტილებას და იმედოვნებს, რომ კიდევ უფრო გაიზრდება ნატო-ს ჩართულობა შავი ზღვის რეგიონში, რაც მნიშვნელოვანი შემაკავებელი ფაქტორი იქნება და კიდევ უფრო განამტკიცებს უსაფრთხოებას ევრო-ატლანტიკურ სივრცეში.

წევრი ქვეყნების მიერ ყურადღება გამახვილდა მედეგობის გაძლიერების საკითხზეც, რაც უმნიშვნელოვანესია ალიანსის სამი ძირითადი ამოცანის - კოლექტიური თავდაცვის, კრიზისების მართვის და თანამშრომლობითი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დესტრუქციული აქტორები ხშირად იყენებენ კონვენციური და ჰიბრიდული ომის წარმოების მეთოდებს მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნების დესტაბილიზაციისთვის, საქართველო მიესალმება ამ მიმართულებით ალიანსის შესაძლებლობების გაძლიერებას და არაწევრ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავებას.

საქართველოსთვის, როგორც ასპირანტი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით ღირებულია ტრანსატლანტიკური ერთობის პრინციპი და მისი განმტკიცებისკენ გადადგმული ნაბიჯები, რაც 2021 წლის სამიტის ერთ-ერთ მთავარ გზავნილს წარმოადგენდა.

წაკითხულია 143 ჯერ

Related items

  • დავით ზალკალიანი მონაწილეობას მიიღებს ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში
    საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, დელეგაციასთან ერთად, 30 ნოემბერს -1 დეკემბერს, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიწვევით,მონაწილეობას მიიღებს ქ.რიგაში დაგეგმილ ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ საგარეოს ადმინისტრაციაში განუცხადეს.
    მათი ინფორმაციით, მინისტერიალის ფარგლებში საგარეო უწყების ხელმძღვანელი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სესიაში, სადაც სიტყვით მიმართავს კოლეგა მინისტრებს, ასევე დაგეგმილია დავით ზალკალიანის ორმხრივი შეხვედრები წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან.
    ქ. რიგაში მიმდინარე ნატოს მინისტერიალის დღის წესრიგის ერთ-ერთი საკითხი შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და ბოლო პერიოდში განვითარებული პროცესები იქნება, მოკავშირეები ასპირანტი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებისგან მოისმენენ რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე მათ ხედვებს და იმსჯელებენ როგორც რეგიონალური, ასევე გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში ამ ქვეყნების წვლილზე.
    მინისტერიალის ფარგლებში,
    მონაწილეები ასევე განიხილავენ საქართველოსა და უკრაინის მიერ ალიანსში გაწევრიანების გზაზე გადადგმულ ნაბიჯებს.
    მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ლაშა დარსალია ასევე მონაწილეობას მიიღებს ღონისძიებაში - “ნატოს ხედვა 2030 წლის სტრატეგიასთან მიმართებაში”, რომელსაც ალიანსის გენერალური მდივანი, იანს სტოლტენბერგი და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ედგარს რინკევიჩსი გახსნიან.
  • თავდაცვის სამინისტრომ ნატოს სამხედრო მედიცინის დახელოვნების ცენტრთან თანამშრომლობის დოკუმენტი გააფორმა

    საქართველო ნატოს პირველი პარტნიორი ქვეყანაა, რომელმაც ალიანსის სამხედრო მედიცინის დახელოვნების ცენტრთან ფორმალური თანამშრომლობის დოკუმენტი გააფორმა. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" თავდაცვის უწყების ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    მათი ინფორმაციით, უნგრეთის რესპუბლიკაში ვიზიტით მყოფი საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ნატოს სამხედრო მედიცინის დახელოვნების ცენტრს ესტუმრა, სადაც მან ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერა ხელი. შეთანხმება მიზნად ისახავს ცენტრსა და თავდაცვის სამინისტროს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, სამხედრო-სამედიცინო წვრთნებისა და სწავლებების გამოცდილების გაზიარებას, სამედიცინო პერსონალის გადამზადებას, ასევე მობილური ჯანდაცვის შესაძლებლობების განვითარებას.

    სამხედრო-სამედიცინო შესაძლებლობების განვითარება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ერთ-ერთ ინიციატივად განისაზღვრა. ამ კუთხით საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ნატოს სამხედრო მედიცინის დახელოვნების ცენტრთან.

  • საქართველოში ნატოს სტანდარტის ავტომატური შაშხანის GI-4 (5.56) წარმოება დაიწყება

    დაახლოებით ერთი წლის წინ გავაჟღერე ცეცხლსასროლი იარაღის მწარმოებელი საწარმოს იდეა და დღეს უკვე ოფიციალურად ვიწყებთ GI-4-ების წარმოებას, რომლის ყველა დეტალი საქართველოში დამზადდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილიმა ქართულ-ებრაულ საწარმოში - „დელტა სიეიეიში" ვიზიტის დროს განაცხადა.

    მისივე თქმით, საქართველოში ნატოს სტანდარტის ავტომატური შაშხანის GI-4 (5.56) წარმოება დაიწყება, - ქართულ-ებრაულ საწარმოში - „დელტა სიეიეი", რომელიც „დელტას" ბაზაზე გაიხსნა, ნატოს სტანდარტის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის წარმოების პროცესს დღეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესა და თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან ერთად გაეცნო.
    მთავრობის მეთაურმა საწარმოს მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ავტომატის ყველა ნაწილი, მათ შორის პლასტმასის დეტალები, ადგილზე იქნება წარმოებული.
    „ეს არის კიდევ ერთი შესრულებული საქმე, ჩვენი დაპირება, რომელიც მე დაახლოებით ერთი წლის წინ გავაჟღერე. ამ საკითხზე ინტენსიურად დავიწყეთ მუშაობა და თქვენ ხედავთ ავტომატური შაშხანების ერთობლივ საწარმოს. აქ ჩვენ ჩამოვიტანეთ უმაღლესი დონის, ამერიკული ჩარხი-დანადგარები, ეს არის უმაღლესი დონის უახლესი ტექნოლოგია და ავტომატის წარმოების ყველა დეტალი აქ მზადდება. ჩვენ დღეს უკვე ოფიციალურად გავხსენით საწარმო და დავიწყებთ M4-ის ტიპის მსგავსი GI-4-ების წარმოებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ვულოცავ „დელტას" და მთლიანად თავდაცვის სამინისტროს ამ ძალიან მნიშვნელოვან საწარმოს. ამას გარდა, მოგეხსენებათ, რომ ავტომატის ყველა დეტალი, მათ შორის პლასტმასის დეტალები, ყველაფერი ადგილზე იქნება წარმოებული. ჩვენ დავატრენინგეთ ჩვენი პერსონალი, ადამიანები, რომლებიც აქ მუშაობენ, ძალიან მნიშვნელოვანია და ყველას ვულოცავ ამ მეტად მნიშვნელოვანი საწარმოს გახსნას", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
    საწარმოში დამზადებული ნატოს სტანდარტების შესაბამისი შაშხანები GI-4 (5.56) საქართველოს თავდაცვის ძალებს გადაეცემა, რაც ხელს შეუწყობს სამხედრო ქვედანაყოფების თანამედროვე შეიარაღებით აღჭურვის პროცესს. ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის GI-4 (5.56) ადგილობრივი წარმოების პროექტის განხორციელების პროცესი ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის პერიოდში დაიწყო.
    ახალი ქართულ-ებრაული საწარმო აღჭურვილია წამყვან ქვეყნებში წარმოებული უახლესი ჩარხ-დანადგარებით და GI-4 (5.56) ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის სრული ტექნოლოგიური პროცესი ადგილზე წარიმართება. საწარმოს ფუნქციური დატვირთვა მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება, რაც სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისა და აქსესუარების წარმოების შესაძლებლობას შექმნის. საწარმოში შესაძლებელი იქნება სხვადასხვა ტიპის იარაღის მოდერნიზებაზე მუშაობაც. ასევე, სამომავლოდ დაგეგმილია პროდუქციის საექსპორტო წარმოება. საწარმო დაკომპლექტებულია უმაღლესი სასწავლებლის წარჩინებული კურსდამთავრებულებით, რომლებმაც შესაბამისი გადამზადება უკვე გაიარეს.

    მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური 

  • ქვეითი ასეულის სამხედროებმა ნატოს შეფასების მე-2 დონის პროგრამა წარმატებით დაასრულეს (ვიდეო)

    „ნატოს ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფციის შეფასებისა და უკუკავშირის პროგრამის” (OCC E&FP) ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის ძალების პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის მე-3 ასეულმა ნატოს შეფასების მე-2 დონის (NEL-2) საველე სწავლება ჩაატარა და პროგრამა წარმატებით დაასრულა.

    თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის ცნობით, ვაზიანის სასროლეთზე გამართულ სამხედრო წვრთნებს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი როლანდ ძნელაძე დაესწრო. მე-12 ბატალიონის მე-3 მსუბუქი ქვეითი ასეულის სამხედროებმა ბრძანების გაცემის, მოტორიზებული პატრულის, ჩასაფრებაზე რეაგირების, მავთულხლართიანი დაბრკოლების გადალახვის, სამედიცინო ევაკუაციისა და უკან გამოსვლის სავარჯიშოები განახორციელეს.

    სწავლებაში მონაწილეობას ჯავშამანქანა „დიდგორი“ და სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა „დიდგორი მედევაკი“ იღებდნენ. სწავლების დასრულების შემდეგ სამხედროებს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა როლანდ ძნელაძემ სიტყვით მიმართა და მათ პროგრამის წარმატებით დასრულება მიულოცა.

    პროგრამის ბოლოს მხარეებმა დოკუმენტზე ხელმოწერით დაადასტურეს, რომ მე-12 ბატალიონის „ჩარლი“ ასეული სრულად არის მზად მიიღოს მონაწილეობა ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში. აღნიშნულ პროგრამას საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის J-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტის საბრძოლო მომზადების სამმართველო ხელმძღვანელობს.

     

  • ჩინეთმა 100-ზე მეტ ქვეყანასა და საერთაშორისო ორგანიზაციას 1,5 მილიარდი დოზა Covid-19 ვაქცინა მიაწოდა

    ფოტო: თომას პეტერ/როიტერი/

    ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ვან ვენბინმა დღეს განაცხადა, რომ 17 ოქტომბრის მდგომარეობით, ჩინეთმა 100-ზე მეტ ქვეყანასა და საერთაშორისო ორგანიზაციას მიაწოდა 1,5 მილიარდი დოზით Covid-19 ვაქცინა. ამის შესახებ ჩინეთის ახალი ამბების სააგენტო "სინხუა" აქვეყნებს ინფორმაციას.

    ვ. ვენბინის თქმით, ვაქცინის წარმოების შესაძლებლობების გაზრდით, ჩინეთი გააკეთებს ყველაფერს, რათა მსოფლიოს და განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებს მიაწოდოს კიდევ უფრო უსაფრთხო და ეფექტური Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა.

    როგორც ვ. ვენბინმა აღნიშნა დღევანდელ პრესკონფერენციაზე შესაბამისი კითხვის საპასუხოდ, COVID-19 პანდემიის დაწყების შემდეგ, ჩინეთი მტკიცედ არის დარწმუნებული, რომ ვაქცინები უნდა იყოს ხელმისაწვდომი საზოგადოებისათვის და ძალისხმევას არ იშურებს ვაქცინების მოსახლეობისთვის მისაწოდებლად მსოფლიოს მასშტაბით.

    ჩინეთის მთავრობის სიტყვები არ განსხვავდება საქმისგან, აცხადებს ვ. ვენბინი. „მხოლოდ გასულ კვირაში ჩვენ მივაწოდეთ 60 მილიონზე მეტი დოზა ვაქცინა განვითარებად ქვეყნებს აზიაში, აფრიკაში, ლათინურ ამერიკასა და ევროპაში. 17 ოქტომბრის მდგომარეობით, ჩინეთმა მიაწოდა 1,5 მილიარდი დოზის ვაქცინა 100-ზე მეტ ქვეყანასა და საერთაშორისო ორგანიზაციებს“, - აღნიშნა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის მხარდაჭერით ქუთაისში 60+ კლუბის წევრებთან შეხვედრა გაიმართა

ლიბერთის მხარდაჭერით ქუთაისში 60+ კლუბის წევრებთან შეხვედრა გაიმართა

ლიბერთის მხარდაჭერით და გაეროს მოსახლეობის ფონდის ...

პოპულარული

« December 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური