ფონდმა „რიბირაბომ“ კულტურის სამინისტროს შენობის წინ ფეხით სავალი ნაწილი ფერადი მოზაიკის გამოყენებით გააფორმა

გამოქვეყნებულია კულტურა
ხუთშაბათი, 10 ივნისი 2021 13:57
ფონდმა „რიბირაბომ“ კულტურის სამინისტროს შენობის წინ ფეხით სავალი ნაწილი ფერადი მოზაიკის გამოყენებით გააფორმა. როგორც "ნიუს დეი საქართველოს" კულტურის სამინისტროს ადმინისტრაციაში განუცხადეს, ქართული მოზაიკის და გამოყენებითი დიზაინის მხარდაჭერისა და განვითარების ფონდმა „რიბირაბომ“ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შენობის წინ ფერადი მოზაიკის გამოყენებით ფეხით სავალი ნაწილი გააფორმა. ნამუშევარი ქუჩის მხატვრობის ერთ-ერთი თანამედროვე ტექნიკით არის შესრულებული, რომლის სახელწოდებაა „ფლაკინგი“.
„ფლაკინგის“ ტექნიკა ეკუთვნის ლიონში მცხოვრებ ფრანგ ხელოვანს „Ememem“-ს, რომელმაც ქუჩაში ფეხით სავალ ნაწილზე არსებული ხარვეზების დაფარვის უჩვეულო გზას მიმართა და ასფალტის დაზიანებული ადგილები ფერადი მოზაიკის გამოყენებით ამოავსო. აღნიშნული ტექნიკა დღითიდღე უფრო პოპულარული ხდება და მას ევროპის არაერთ ქალაქში იყენებენ, მათ შორის პარიზში, მადრიდში, ბარსელონასა და მილანში.
ქართული მოზაიკის და გამოყენებითი დიზაინის მხარდაჭერისა და განვითარების ფონდი „რიბირაბო“ 2019 წელს შეიქმნა და მისი საქმიანობა ქართული მოზაიკისა და უშუალოდ მასთან დაკავშირებული გამოყენებითი დიზაინის დარგების მხარდაჭერისა და განვითარებისკენაა მიმართული.
წაკითხულია 344 ჯერ

Related items

  • „ნატახტარი ზიგზაგის“ მხარდაჭერით, პირველად საქართველოში NFT ჰაკათონი გაიმართა

    საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში არასამთავრობო ორგანიზაცია NFP CREW და საზოგადოება NFT GEORGIA-ს ორგანიზებითა და „ნატახტარი ზიგზაგის“ მხარდაჭერით, საქართველოში პირველად NFT ჰაკათონი გაიმართა. აპლიკანტებს შესაძლებლობა ჰქონდათ მხოლოდ პროტოტიპის საფუძველზე გამარჯვება მოეპოვებინათ. ჰაკათონის მიზანია საქართველოში მცხოვრებ ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდეთ, NFT ტექნოლოგიის გამოყენებით NFT პროექტის პროტოტიპი შექმნან, რომელსაც კონკრეტული utility მიენიჭება.

    ჰაკათონში 3 და 5 მონაწილისგან შემდგარი გუნდები მონაწილეობდნენ. პროექტში მონაწილე აპლიკანტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გუნდები წინასწარ თავად ჩამოაყალიბებინათ ან ადგილზე სპონტანურად შეექმნათ. მნიშვნელოვანია, რომ 32-მა აპლიკანტმა ორდღიანი სამუშაოს შემდეგ NFT პროექტის პროტოტიპები წარადგინა.
    ნამუშევრები კი კომპეტენტურმა ჟიურიმ სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, იდეის, დიზაინის, NFT პროექტის, ტექნიკური გადაწყვეტის, მარკეტინგის და სთორილაინის გათვალისწინებით, კოეფიციენტის მიხედვით შეაფასა.

    გამარჯვებულებს სხვადასხვა პრიზები გადაეცათ. პროექტის სპონსორმა „ნატახტარი ზიგზაგმა“ კი თავისი რჩეული გუნდი Blackworm საგზურით დააჯილდოვა.

    „ჩვენი სურვილია, შექმნილი პროტოტიპი გლობალური ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი იყოს და სწორედ ჰაკათონის ფარგლებში ვქმნით სივრცეს, სადაც დაინტერესებულ პირებს გუნდურად მუშაობის შესაძლებლობა ექნებათ. ჩვენ მიერ შეთავაზებული თემატიკის გათვალისწინებით, გუნდებმა საკმაოდ საინტერესო და ორიგინალური დაგენერირებული პროტოტიპი შექმნეს და ჟიურის წინაშე წარსდგნენ,“ - აღნიშნავს ჰაკათონის იდეის ავტორი ლევან ცერაქაშვილი.

    „“ნატახტარი ზიგზაგისთვის“ მნიშვნელოვანია ახალგაზრდული და ინოვაციური პროექტების მხარდაჭერა. აღსანიშნავია, რომ „ზიგზაგის“ კონცეფცია ხაზს უსვამს პიროვნების უნიკალურობას. ეს არის ახალგაზრდული ბრენდი მათთვის, ვისაც არ აშინებს თავგადასავლები, სიახლეები და ცდილობს ყველაფერი გააკეთოს და შექმნას თავისებურად, არ იცხოვროს სწორხაზოვნად. ვფიქრობთ, რომ „ზიგზაგის“ ბრენდი თავის კონცეფციით უხდება ისეთ ღონისძიებებს, როგორიცაა NFT ჰაკათონი. წარმატებას ვუსურვებთ როგორც ჩვენს რჩეულ გუნდს, ისე ყველა მონაწილეს,“-- განმარტავს „ეფეს საქართველოს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ქეთი ჟვანია.

  • საქართველოსა და ევროკავშირს შორის „შემოქმედებითი ევროპის“ 2021-2027 წლების პროგრამაში საქართველოს მონაწილეობის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი
    8 დეკემბერს ხელი მოეწერა შეთანხმებას საქართველოსა და ევროკავშირს შორის „შემოქმედებითი ევროპის“ 2021-2027 წლების პროგრამაში საქართველოს მონაწილეობის შესახებ. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ კულტურის სამინისტროს ადმინისტრაციაში განუცხადეს.
    მათი ინფორმაციით, დოკუმენტს საქართველოს მხრიდან საქართველოს ვიცე-პრემიერმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა, ხოლო ევროკომისიის მხრიდან ინოვაციების, კვლევის, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდობის კომისარმა მარია გაბრიელმა დისტანციურ ფორმატში მოაწერეს ხელი.
    შეთანხმების გაფორმების შედეგად საქართველო „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამაში მეორედ ჩაერთვება, როგორც ასოცირებული ქვეყანა და შეძლებს კიდევ ერთხელ მიიღოს მონაწილეობა კულტურის, მედიისა და ინტერსექტორული მიმართულებების ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსებში და მოიპოვოს დაფინანსება. რაც ხელს შეუწყობს საქართველოში კულტურის, შემოქმედებითი და აუდიოვიზუალური სექტორების გაძლიერებასა და ქართული კულტურის ევროპულ სივრცესთან ინტეგრაციას.
    ევროკავშირის პროგრამა „შემოქმედებითი ევროპა“ 2021-2027 წლებზე გათვლილი 2.44 მილიარდი ევროს ბიუჯეტით ფინანსურ მხარდაჭერას გაუწევს პროგრამის წევრი ქვეყნების კულტურის, შემოქმედებით და აუდიო-ვიზუალურ სექტორებს. პროგრამას ორი უმთავრესი მიზანი აქვს: ევროპული კულტურული და ენობრივი მრავალფეროვნების დაცვა, განვითარება და პოპულარიზაცია, ასევე კულტურისა და შემოქმედებითი სექტორების, განსაკუთრებით კი აუდიო-ვიზუალური სექტორის კონკურენტუნარიანობის და ეკონომიკური პოტენციალის ამაღლება.
    ხაზგასასმელია, რომ საქართველო იყო „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მონაწილე ქვეყნებს შორის პირველი ქვეყანა, რომელიც 2015 წელს ოფიციალურად გაწევრიანდა პროგრამაში „შემოქმედებითი ევროპა“. 2014-2020 წლებზე გათვლილი პროგრამის ფარგლებში საქართველოს მონაწილეობით, პროგრამის დაფინანსება მოიპოვა 33-მა პროექტმა, რაც ჯამში 1.5 მილიონ ევროზე მეტს შეადგენს. დაფინანსებულთა შორის 5 ორგანიზაცია პროექტის წამყვანი (ლიდერი) პარტნიორია, რომელმაც მიაღწია წარმატებას „შემოქმედებითი ევროპის” დაფინანსების ყველა სქემაში. პროგრამის ფარგლებში ასევე ხელშეწყობილ იქნა სხვადასხვა მიმართულება, მათ შორის: კინოფესტივალი, ლიტერატურა, მუზეუმების სექტორი, არქიტექტურა და სხვა. პროგრამაში გაწევრიანებისთანავე საქართველოში ჩამოყალიბდა „შემოქმედებითი ევროპის დესკი”, რომელიც ამჟამად ფუნქციონირებს კულტურის სამინისტროს სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ ბაზაზე და მის მნიშვნელოვან ფუნქციას წარმოადგენს საქართველოდან პოტენციური ბენეფიციარების მხარდაჭერა პროგრამაში მონაწილეობის მიზნით. პროგრამისა და გამოცხადებული კონკურსების შესახებ დესკი მუდმივად მართავს ცნობიერების ასამაღლებელ ღონისძიებებს და ეხმარება დაინტერესებულ ორგანიზაციებს როგორც პარტნიორების მოძიებაში, ასევე განაცხადის წარდგენის პროცესში და შემდგომ - პროექტების განხორციელებაში.
    აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობების განვითარების, ქართული კულტურის ხელშეწყობისა და გაძლიერების, ასევე ევროპული კულტურის პოპულარიზაციის მიზნით, „საქართველოსა და ევროკავშირს შორის „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამაში (2021-2027) საქართველოს მონაწილეობის შესახებ“ შეთანხმების გაფორმება მნიშვნელოვანი ნაბიჯია. აღნიშნული განპირობებულია ასოცირების შესახებ ხელშეკრულებით განმტკიცებული დებულებებით, რაც ითვალისწინებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის კულტურის სფეროში ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობის განვითარებას.
  • ჰერეთში, აზერბაიჯანული მხარის ორ სოფელში, ფარდარლსა და მუღანლიში დიდი ოდენობით ოქრო იპოვეს

    ჰერეთში, აზერბაიჯანული მხარის ორ სოფელში, ფარდარლსა და მუღანლიში დიდი ოდენობით ოქრო იპოვეს. ამის შესახებ ტელეკომპანია "მთავარი" ავრცელებს სიუჟეტს. "მთავარის" წყაროს ინფორმაციით, ეს სოფლები ამჟამად ჩაკეტილია და იქ არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს.

    "მე კახის რაიონში ვცხოვრობ, ამ განძის შესახებ გამიგია, რომ სოფელში კაცი ხნავდა, ... ეს სოფელი აზერბაიჯანული სოფელია, გადაკეტილია და არავის არ უშვებენო", - ამბობს ერთერთი აზერბაიჯანელი მაცხოვრებელი "მთავართან" სატელეფონო საუბარში.

    გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ დაიწყო ამ სოფლებში არქეოლოგიური გათხრები. აღმოჩენილია 12 ტონამდე ოქრო.

    ისტორიკოსები უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აღმოჩენილი განძი შესაძლოა თამარ მეფის საფლავთან იყოს კავშირში. მათი თქმით, ეს განძი ბრინჯაოს ხანის ყორღანებიდან შეიძლება იყოს.

    ადგლობრივები, ქართულ მხარეს, კულტურის სამინისტროსა და საელჩოს დაინტერესებისკენ მოუწოდებენ. 

    წყარო: https://mtavari.tv/news/35170-traktori-ormoshi-chavardnila-gandzi-upoviao

  • „თბილისის ბაროკო ფესტივალი“ პრესკონფერენცია

    განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში, თბილისის ბაროკო ფესტივალის შესახებ პრესკონფერენცია გაიმართა. ფესტივალის პროგრამასა და ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილ სიახლეებზე სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის უფროსმა ნანა დოლიძემ, თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ მაკა ნასრაშვილმა, თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელმა გიორგი ქერელაშვილმა და ფესტივალის სტუმრებმა ისაუბრეს.

    13 ნოემბრიდან 13 დეკემბრის ჩათვლით რიგით მეხუთე „თბილისის ბაროკო ფესტივალის“ ფარგლებში გაიმართება კონცერტები, წარმოდგენები და შეხვედრები ცნობილ ადამიანებთან. ფესტივალს ტრადიციულად ესტუმრებიან მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავები: დავიდე ამადიო (ჩელო, იტალია), სერჯო აცოლინი (ფაგოტი, იტალია), ბალაჟ მატე (ჩელო, უნგრეთი), ჟოზეპ მარია მარტი დურანი (თეორბო, ესპანეთი), დანიელ გარაი მორაგუესი (დასარტყამი საკრავები, ესპანეთი), ანსამბლი Fuoco E Cenere (საფრანგეთი), გ. ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტი და სხვა.

    წელს ფესტივალი საიუბილეო თარიღს ახალი პროექტით „ცეკვა ბაროკოს მუსიკაში და თანამედროვე ქორეოგრაფია“ ხვდება, რაც ძველი და თანამედროვე ხელოვნების პერფორმატიული წარმოდგენა იქნება. პროექტი ითვალისწინებს ექსპერიმენტულ, ძველისა და თანამედროვე ხელოვნების წარმოჩენას, რაც მოიცავს, ერთი მხრივ, ბაროკოს პერიოდის მუსიკის ავთენტურ შესრულებას, მეორე მხრივ, თანამედროვე ქორეოგრაფიისა და ავანგარდული კოსტიუმებით შექმნილ ქართული თანამედროვე ხელოვნების ახალ ნიმუშს. პროექტის ფარგლებში, 18-19 ნოემბერს, რუსთაველის თეატრში მაყურებელი იხილავს მუსიკალურ-ქორეოგრაფიულ წარმოდგენას "ძველებური ცეკვები" (კოსტიუმების მხატვარი - უტა ბექაია), ხოლო 24-25 ნოემბერს, სამეფო უბნის თეატრში წარმოდგენილი იქნება თანამედროვე ბალეტი "ფოლია". პროექტი „ცეკვა ბაროკოს მუსიკაში და თანამედროვე ქორეოგრაფია“ „შემოქმედებითი საქართველოს“ კონკურსის გამარჯვებულია.

    ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია საინტერესო შეხვედრები საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ხელოვნების სასახლეში, ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურ სახლ-მუზეუმში და საქართველოს ეროვნულ გალერეაში, რომელსაც ჩაატარებენ: გია ბუღაძე, მარიამ ალექსიძე, გიორგი კალანდია, თამარ ჩხეიძე და გიორგი კეკელიძე.

    ფესტივალის მხარდამჭერები არიან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, თბილისის მერია, შემოქმედებითი საქართველო, თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“, იტალიის საელჩო საქართველოში.

  • სასტარტო სემინარის ფარგლებში ჟურნალისტებმა განიხილეს „თავისუფალი მედიის რეგულირების საწყისი მიზნები და პრინციპები“

    გასულ კვირას თბილისში ჩატარდა ქართველი ჟურნალისტებისა და საინფორმაციო საშუალებების ხელმძღვანელი პირების ერთობლივი ოთხდღიანი სასტარტო სემინარი. შეხვედრის ორგანიზატორები იყვნენ საერთაშორისო იურიდიული თანამშრომლობის გერმანული ფონდი (IRZ) - ტერეზა ტალჰამერი სამხრეთ კავკასიის პროექტების ხელმძღვანელი და მედიის განვითარების ფონდი (MDF) - თამარ კინწურაშვილი, აღმასრულებელი დირექტორი. შეხვედრის მხარდამჭერი - სულხან საბა ორბელიანის უნივერსიტეტი.

    ერთობლივი სასტარტო სემინარის საგნობრივი ხელმძღვანელები იყვნენ: ტომას ვიერნი, მრჩეველი საკონსტიტუციო და მედიასამართლის დარგში, ტობიას ბრინგს–ვიზენი, კიოლნის უნივერსიტეტის კომუნიკაციისა და მედიასამართლის ინსტიტუტი, მანფრედ პროტცე, გერმანული პრესის საბჭო, დოქტორი ფრედერიკ ფერეაუ, კიოლნის უნივერსიტეტი პროფესორი, დოქტორი და ბერნდ ჰოლცნაგელი, მიუნსტერის უნივერსიტეტი.

    ერთობლივი სასტარტო სემინარის ფარგლებში მისმა მონაწილეებმა განიხილეს „თავისუფალი მედიის რეგულირების საწყისი მიზნები და პრინციპები“. კერძოდ:

    • მედიის ამოცანები დემოკრატიულ სამართლებრივ სახელმწიფოში

    • სახელმწიფოსა და გაერთიანების ზედამხედველობისგან

    თავისუფალი მედია 

    • ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტების დაცვა, ინფორმაციის

    სანდოობა

    • ინფორმაციისა და მისი გავრცელების თავისუფლება

    • მრავალფეროვნება, როგორც დემოკრატიული აზრის

    ჩამოყალიბების წინაპირობა

    • ახალგაზრდობისა და მომხმარებლების დაცვა

    • მიმწოდებლის სამეწარმეო თავისუფლება

    • პიროვნული უფლებებისა და ღირსების დაცვა

    • გამჭვირალეობა როგორც რეგულირების მიზანი

    ყველა თემის მოკლე მიმოხილვის და დისკუსიის შემდეგ, მონაწილეების მხრიდან მიმდინარეობდა განსაკუთრებული პრობლემების გამოვლენის პროცესი.

    სემინარის მუშაობის მომდევნო დღეები დაეთმო ცალკეული და კონკრეტული თემების განხილვას, ანუ როგორიც იყო პრესისა და ტელერადიო მაუწყებლობის თვითრეგულირება, სოციალური ქსელის რეგულირება, შესწორებული დირექტივა აუდიო ვიზუალურ სამსახურებთან დაკავშირებით, ქართული სამართლებრივი მდგომარეობის და ბაზრის წარდგენა და სხვა.

    თემების განხილვის შემდეგ მიმდინარეობდა აქტუალური დისკუსია პრობლემების გადაჭრის მოძებნის გზებზე, რის შემდეგაც სემინარის მონაწილეებმა მაშაობა დაიწყეს შემაჯამებელი დოკუმენტის შექმნაზე. ამის შემდეგ მოხდა დასკვნითი დოკუმეტის ერთობლოვი შემუშავება სამუშაო ჯგუფის შედეგებით და რჩევების გათვალისწინებით. 

    ერთობლივი სასტარტო სემინარის ბოლო დღეს გაიმართა დასკვნითი დოკუმენტის წარმოდგენა სემინარის თემაზე: პრესისა და ტელერადიო მაუწყებლობის თვითრეგულირება, დასკვნითი დოკუმენტის წარმოდგენა სემინარის თემაზე: სოციალური ქსელის რეგულირება და დასკვნითი დოკუმენტის წარმოდგენა სემინარის თემაზე: შესწორებული დირექტივა აუდიო ვიზუალურ სამსახურებთან დაკავშირებით. ამას კი მოყვა შემუშავებული შედეგების საბოლოო განხილვა, სემინარების შედეგების შეჯამება, სემინარის შეფასება, შემდეგი ნაბიჯების და სამომავლო გეგმების განხილვა.

    ერთობლივი სასტარტო სემინარის ორგანიზატორებისა და ჟურნალისტების შეფასებით, შეხვედრა ძალიან საინტერესოდ ჩატარდა და გამოითქვა მზადყოფნა, რათა ანალოგიური სემინარი, საქართველოს საინფორმაციო საშუალებებისათვის უკვე სხვა საინტერესო თემებზე, მომავალ წელსაც ჩატარდეს.

     ავთანდილ ოთინაშვილი

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური