ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები მიესალმებიან მიღწეულ შეთანხმებას და მოუწოდებენ პოლიტიკურ ძალებს შეუერთდნენ მას

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 10 ივნისი 2021 13:13

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) თანამომხსენებლები საქართველოს მონიტორინგის საკითხებში, ტიტუს კორლატეანი (რუმინეთი) და კლოდ კერნი (საფრანგეთი), რომლებიც 1-3 ივნისს საქართველოში იმყოფებოდნენ, მიესალმებიან საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის შუამავლობით მიღწეულ შეთანხმებას რომელზეც ხელი საქართველოში პოლიტიკური ძალების უმეტესობამ მოაწერა, - ამის შესახებ ნათქვამია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„შეთანხმება მოიცავს რამდენიმე მნიშვნელოვან სფეროს, რომელსაც ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის პროცედურის ფარგლებში. სრულად და კეთილსინდისიერად შესრულების შემთხვევაში, ამ შეთანხმებას შეუძლია, ქვეყნის დემოკრატიულ კონსოლიდაციაში წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი გახდეს. სწორედ ამის გამო, ყველა პარტია უნდა შეუერთდეს ამ შეთანხმების შესრულების ძალისხმევას. მათ, ვისაც ეს არ გაუკეთებია, ხელი დაუყოვნებლივ უნდა მოაწერონ. საქართველო გზაჯვარედინზე დგას. მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ძალას და დაინტერესებულ მხარეს, ეროვნული ინტერესი და ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროექტი საკუთარ პარტიულ და პირად ინტერესებსა და სტრატეგიებზე მაღლა დააყენონ“, – ნათქვამია ტიტუს კორლატეანის და კლოდ კერნის განცხადებაში.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლებმა ხაზი გაუსვეს მიუკერძოებელი და ჭეშმარიტად დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის მნიშვნელობას, რომელსაც საქართველოს მოქალაქეების სრული ნდობა ექნება. მიესალმნენ რა სასამართლო სისტემის რეფორმირებაში მნიშვნელოვან პროგრესს, მომხსენებლებმა ხელისუფლებას მოუწოდეს, უზრუნველყოს, რომ სასამართლო რეფორმის მესამე და მეოთხე ტალღების შეთანხმებული შეფასება დაეფუძნოს ნამდვილად ინკლუზიურ პროცესს, ყველა შესაბამისი დაინტერესებული მხარის, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების, ჩართულობით. მომხსენებლებმა ხაზი გაუსვეს, რომ შეფასების პროცესი არის ასევე მნიშვნელოვანი შესაძლებლობა სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დარჩენილი შეუსრულებელი რეკომენდაციების შესასრულებლად. განსაკუთრებით იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებით, რომლის ფუნქციონირება და მის მიმართ საზოგადოებრივი ნდობის დაბალი დონე ნამდვილად დამოუკიდებელი სასამართლო სისტემისთვის დაბრკოლებად რჩება და წარმოადგენს შეშფოთების სერიოზულ მიზეზს.

„ამ მხრივ ჩვენ არ შეგვიძლია, ხაზი არ გავუსვათ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრების პოზიციებზე სწორად შერჩევის პროცესის მნიშვნელობას. მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, უზრუნველყოს, რომ ყველა ეს კანდიდატი შერჩეული იყოს ინკლუზიური, გამჭვირვალე, კონსენსუსზე და დამსახურებაზე დაფუძნებული შერჩევის პროცესის გზით. უზრუნველყოს, რომ ამ პირებს ჰქონდეთ რაც შეიძლება ფართო მხარდაჭერა დაინტერესებულ მხარეებსა და პოლიტიკურ ძალებს შორის. ეს არის არსებითი ამ მნიშვნელოვანი სასამართლო ინსტიტუტის ლეგიტიმურობისა და მისდამი საზოგადოებრივი ნდობისთვის“, – განაცხადეს თანამომხსენებლებმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით, მომხსენებლები მიესალმნენ, რომ ვენეციის კომისიის პრაქტიკულად ყველა რეკომენდაცია შერჩევის პროცესთან დაკავშირებით მიღებულია საქართველოს პარლამენტის მიერ. ამასთან, მათ სინანული გამოთქვეს იმასთან დაკავშირებით, რომ შერჩევის პროცესი დაიწყო ამ ცვლილებების მიღებამდე, შენარჩუნდა და თავიდან არ განახლდა, როგორც ეს რეკომენდებულია.

”ახლა პასუხისმგებლობა ეკისრება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რათა უზრუნველყოს ინკლუზიური, გამჭვირვალე და დამსახურებაზე დაფუძნებული შერჩევის პროცესი, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად. კანდიდატები უნდა შეირჩეს ფართო კონსენსუსის საფუძველზე და შესაბამისი დაინტერესებული მხარეების სრული ნდობით სარგებლობდნენ. ეს აუცილებელია სასამართლო დამოუკიდებლობისთვის,“- ნათქვამია განცხადებაში.

წაკითხულია 128 ჯერ

Related items

  • ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები ტ. კორლატეანი და კ. კერნი საქართველოს მონიტორინგის მიზნით 8 დეკემბერს ეწვევიან.

    ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები ტიტუს კორლატეანი და კლოდ კერნი საქართველოს მონიტორინგის მიზნით 8-10 დეკემბერს ეწვევიან.
    ვიზიტის განმავლობაში თანამომხსენებლები დისკუსიები ძირითადად ფოკუსირებული იქნება ბოლო პოლიტიკურ მოვლენებზე, 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებზე, სასამართლო სისტემის რეფორმაზე და უმცირესობათა საკითხებზე (ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები და LGTBI).
    თბილისში, ტ. კორლატეანი და კ. კერნი გამართავენ მაღალი დონის შეხვედრებს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის წევრებთან და პარლამენტის პოლიტიკური ფრაქციების წარმომადგენლებთან.
    თანამომხსენებლები ასევე შეხვდებიან სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებს, კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე სასამართლო სისტემისთვის, ეთნიკური უმცირესობების საბჭოს წევრებს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს, ასევე LGTBI თემის, დიპლომატიური საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

  • სტრასბურგში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და ევროსაბჭოს შორის არსებულ თანამშრომლობაზე იმსჯელეს

    ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი თამარ ტალიაშვილი, რომელიც სტრასბურგში, ასამბლეის საზაფხულო სესიის მუშაობაში იღებს მონაწილეობას, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩს შეხვდა. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" საქართველოს პარლამენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის არსებულ თანამშრომლობაზე იმსჯელეს.

    ყურადღება გამახვილდა ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსა და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებულ ანგარიშზე, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობას აღწერს.

  • ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლების მიმართვა საქართველოს პოლიტიკურ ძალებს

    ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) თანამომხსენებლები საქართველოს მონიტორინგის საკითხებში, ტიტუს კორლატეანი (რუმინეთი) და კლოდ კერნი (საფრანგეთი) საქართველოში პოლიტიკურ ძალებს მოუწოდებენ, ადგილობრივი არჩევნების ჭეშმარიტად დემოკრატიული გზით ჩატარება უზრუნველყონ, - ამის შესახებ ნათქვამია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

    „თანამომხსენებლებმა აღნიშნეს, რომ შარლ მიშელის შეთანხმების შედეგად საქართველოში მომავალი ადგილობრივი არჩევნებისადმი გაზრდილი მნიშვნელობა და ყურადღება. მათ მოუწოდეს ყველა პოლიტიკურ ძალას, უზრუნველყონ, რომ ეს არჩევნები ჭეშმარიტად დემოკრატიული გზით, საარჩევნო კანონმდებლობის, ასევე დემოკრატიული არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდეს. თანამომხსენებლები მიესალმნენ საყოველთაო და კონსენსუსურ წესს, რომლის მიხედვითაც შეიქმნა მიშელის შეთანხმებაში საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის მიერ. მათ მოუწოდეს ყველა პოლიტიკურ ძალას, ამ ცვლილებების შესახებ ვენეციის კომისიის მომავალი დასკვნის ყველა რეკომენდაცია სრულად შეასრულონ,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

    თანამომხსენებლებმა ასევე გამოხატეს შეშფოთება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ კანონში ბოლოდროინდელი სადავო ცვლილებების გამო. მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ეს კანონი საბჭოთა პერიოდის უკიდურესად დეფექტური კოდექსია, რომლის დებულებები აჩენს კითხვებს პროპორციულობასა და სათანადო პროცესის მიმართ პატივისცემასთან დაკავშირებით და რომელთაგან რამდენიმე არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ. შესაბამისად, მომხსენებლებმა კიდევ ერთხელ გაიმეორეს რეკომენდაცია, რომ შემუშავდეს სრულიად ახალი კანონი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ, ვენეციის კომისიასთან მჭიდრო კონსულტაციით, რათა უზრუნველყონ, რომ ის სრულყოფილად იცავდეს უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს და ნორმებს. ისინი მიესალმნენ ხელისუფლების მკაფიოდ გამოხატულ პოლიტიკურ ნებას, შექმნან ასეთი ახალი კანონი და იმედი გამოთქვეს, რომ ახალი პარლამენტი დაუყოვნებლად დაიწყებს მომზადების პროცესს.

  • საგარეო საქმეთა მინისტრი დ. ზალკალიანი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებს შეხვდა

    1-4 ივნისს საქართველოს ეწვივნენ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები, ტიტუს კორლატეანი და კლოდ კერნი. როგორც "ნიუს დეი საქართველოს" საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციაში განუცხადეს, ვიზიტის მიზანია საქართველოში არსებული პოლიტიკური კლიმატის, მიმდინარე დემოკრატიული რეფორმებისა და ევროპის საბჭოში გაწევრიანებისას საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების შეფასება.
    ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან.
    შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის ურთიერთობების საკითხებს და ხაზი გაესვა საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში თანამშრომლობის მნიშვნელობას.
    საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებს მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობის გაუარესების შესახებ. მან ყურადღება გაამახვილა ბოლო პერიოდში რუსეთის ფედერაციის დესტრუქციულ, უკანონო ქმედებებზე მის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში, მათ შორის საოკუპაციო რეჟიმების მიერ გახშირებულ უკანონო დაკავებებზე. მინისტრის განცხადებით, არსებული ვითარება საერთაშორისო საზოგადოების შესაბამის რეაგირებასა და ევროპის საბჭოს სადამკვირვებლო მექანიზმების ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაუყოვნებლივ შესვლას საჭიროებს.
    შეხვედრაზე ყურადღება, ასევე, გამახვილდა საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებზე.

  • საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და  ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას და მომავალ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს. აღინიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება მზადაა, უზრუნველყოს არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარება და არჩევნებზე უკვე მოწვეულია არაერთი ავტორიტეტული საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია. 
    მთავრობის მეთაურმა, ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებს მადლობა გადაუხადა საქართველოში დემოკრატიული რეფორმების პროცესში გაწეული მხარდაჭერისთვის. 
    შეხვედრისას ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე მდგომარეობას და ხაზი გაესვა ევროპის საბჭოს მხარდაჭერის როლს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესში. პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებით აღნიშნა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებულ ანგარიშს - „კონფლიქტი საქართველოში", ასევე საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციებს. 

    ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებიან ტიტუს კორლატეანი - თანამომხსენებელი, რუმინეთის „სოციალისტების ჯგუფი", კლოდ კერნი - თანამომხსენებელი, საფრანგეთის „ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისათვის" და ბას კლეინი - ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტის სამდივნოს უფროსის მოადგილე.

    მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური