პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ყოფილი თავმჯდომარის ბ. ივანიშვილის განცხადება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 07 ივნისი 2021 11:22

პარტია "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" ყოფილი თავმჯდომარე მისი პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ პირველ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ:
"როგორც საზოგადოებას მოეხსენება, პოლიტიკიდან ჩემი გასვლის შემდეგ არ გამიკეთებია არცერთი პირდაპირი თუ ირიბი განცხადება საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ. მაშინაც კი, როდესაც მიმდინარე წლის თებერვალში სახელმწიფო და ხელისუფლება სერიოზული პოლიტიკური გამოწვევის წინაშე დადგა, არ გამომიხატავს ჩემი პოზიცია, რათა ვინმესთვის ჩემი პოლიტიკური ინტერესის შესახებ სპეკულირების საბაბიც კი არ მიმეცა.
პოლიტიკიდან გასვლის ფონზე, ბუნებრივია, არ შემიწყვეტია ურთიერთობა საზოგადოების წარმომადგენლებთან. ოჯახის წევრებისგან, მეგობრებისგან, ახლობლებისგან, ნაცნობებისგან ვიღებ ინფორმაციას საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ. მათგან შევიტყვე მოარული თუ შეგნებულად გავრცელებული ხმების შესახებ იმასთან დაკავშირებით, რომ, თითქოს, გიორგი გახარიას პარტია ჩემი ე.წ. პოლიტიკური პროექტია. რადგან ვხედავ მცდელობას, პოლიტიკიდან გასვლის მიუხედავად, ცრუ ინფორმაციის გავრცელებით, ჩემი სახელი კვლავაც ქართულ პოლიტიკას დაუკავშირონ, თავს ვალდებულად მივიჩნევ, საზოგადოებას მივცე მცირე განმარტება ამ თემასთან დაკავშირებით.
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ სატელიტი ფსევდოპარტიების შექმნა საქართველოში წლების მანძილზე ფართოდ დანერგილი მანკიერი პრაქტიკა იყო. თუმცა, ამგვარი რამ ჩემი ხელწერა არასოდეს ყოფილა და 2011 წლიდან პოლიტიკიდან ჩემს საბოლოოდ გასვლამდე ქართული საზოგადოებისთვის არცერთი ფსევდოპარტიის შექმნა არ მიკადრებია. მით უფრო გამორიცხულია, ამგვარი რამ საკუთარ თავს ან საზოგადოებას პოლიტიკიდან გასვლის შემდეგ ვაკადრო.
გარდა იმისა, რომ ფსევდოპარტიის შექმნა თავისთავად არასწორი მოვლენაა, გიორგი გახარიასთან პოლიტიკური თანამშრომლობა ჩემთვის ისედაც ყოვლად მიუღებელი იქნებოდა. მთელი ამ წლების მანძილზე, ქართულ პოლიტიკაში უამრავი პოლიტიკური გადაცდომის მომსწრე გავხდით და მეგონა, რომ ამ თვალსაზრისით, აღარაფერი და ვეღარავინ გამაოცებდა. თუმცა, რაც გიორგი გახარიამ მიმდინარე წლის თებერვალში გააკეთა, ამ ფონზეც კი, გაკვირვებას იწვევს.
მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა და ყველაზე დიდი ძალაუფლების მქონე სახელმწიფო თანამდებობის პირმა სრულიად გაუგებარ დროს, ყოვლად გაუგონარი მიზეზით დატოვა თანამდებობა - იგი გადადგა იმ მიზეზით, რომ არ სურდა კანონის უზენაესობის დაცვა და კანონის აღსრულება, რისკენაც მას მთელი პოლიტიკური გუნდი მოუწოდებდა. ის ითხოვდა კანონის აღსრულების ორი დღით გადავადებას, რის შესახებაც ჩვენ დღემდე ვერავითარი დამაჯერებელი განმარტება ვერ მოვისმინეთ. გახარიას ეს პოზიცია მით უფრო გაუგებარი იყო იმ ფონზე, რომ რამდენიმე დღით ადრე ის საკუთარი გუნდისგან მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას დაჟინებით მოითხოვდა. უმაღლესი თანამდებობის პირის ამგვარ მოქმედებას, გაუგებრობის ხარისხით, მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაშიც კი ძნელად შეიძლება მოეძებნოს ანალოგი.
თებერვალში გიორგი გახარიას ქმედება იყო საკუთარი გუნდის ღალატი. და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ეს იყო საკუთარი სახელმწიფოს პირდაპირი ღალატი. სამართლისა და კანონის უზენაესობა არის ნებისმიერი სახელმწიფოს ქვაკუთხედი. უპირველეს ყოვლისა, სწორედ კანონის უზენაესობის მიმართ დამოკიდებულებით უნდა შეფასდეს და გაიზომოს ნებისმიერი პოლიტიკოსისა და სახელმწიფო თანამდებობის პირის საქმიანობა და მოღვაწეობა. როდესაც უმაღლესი რანგის თანამდებობის პირი კანონის უზენაესობის წინააღმდეგ გამოდის და ამ საბაბით თანამდებობას ტოვებს, ამაზე დიდი პოლიტიკური დანაშაული ძნელი წარმოსადგენია. მინდა მწუხარებით აღვნიშნო, რომ ამ ყველაფერმა ჩემი მძიმე იმედგაცრუება გამოიწვია.
ამ ყველაფრის ლოგიკური გაგრძელება იყო გიორგი გახარიას მიერ პოლიტიკური პარტიის დაფუძნება. მის პარტიას არა აქვს არავითარი იდეოლოგიური თუ კონცეპტუალური საფუძველი და იგი, აშკარად, მოაზრებულია როგორც სიტუაციური ინსტრუმენტი მმართველი გუნდისთვის საარჩევნო ხმების თუნდაც მცირე რაოდენობის წასართმევად.
ჩემი ერთ-ერთი საყვარელი გამონათქვამია - ზოგი ჭირი მარგებელია. იყო გათვლა, რომ გახარიას გადადგომით დადგებოდა მძიმე პოლიტიკური კრიზისი. თუმცა, როგორც ვხედავთ, მმართველი პარტიის ძლიერმა, პროგრესულმა და გამოცდილმა გუნდმა მარტივად შეძლო სირთულეების დაძლევა და სახელმწიფო ინსტიტუტების გამყარება. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკიდან ჩემი გასვლის შემდეგ ორი წამყვანი სახელმწიფო თანამდებობის პირი შეიცვალა, სახელმწიფო აგრძელებს სტაბილურ ფუნქციონირებას.
მნიშვნელოვანია, რომ მმართველი პარტია არ არის დამოკიდებული ცალკეულ პიროვნებებზე და იგი ძლიერია, როგორც ერთიანი გუნდი, რომელსაც უყვარს ქვეყანა, აქვს ღირებულებები და მყარად იცავს სახელმწიფო ინტერესებს. ამ თვალსაზრისით, „ქართული ოცნების“ სრული ანტიპოდია „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც, თავიდან ბოლომდე, მძიმე კრიმინალური წარსულის მქონე მის ერთპიროვნულ ლიდერზე არის დამოკიდებული. საკმარისია, ეს ლიდერი საჯარო სივრცეს ჩამოშორდეს და მისი პარტია მყისიერად ჩამოიშლება.
ერთ-ერთი მთავარი შედეგი, რასაც „ქართულმა ოცნებამ“ ჩემთან ერთად და პოლიტიკიდან ჩემი გასვლით მიაღწია, სწორედ საქართველოში პიროვნების კულტისა და მესიანიზმის მანკიერი ტრადიციის დასრულებაა.
ღრმად ვარ დარწმუნებული, ჩემს მიერ დაფუძნებული პარტია მომავალშიც წარმატებით უზრუნველყოფს სახელმწიფოს სიმტკიცეს, დემოკრატიული ინსტიტუტების, სამართლისა და კანონის უზენაესობის დაცვას, რაც სახელმწიფოს განვითარების აუცილებელი პირობაა" - აღნიშნულია ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში.

წაკითხულია 220 ჯერ

Related items

  • „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადება!

    30 ოქტომბერს დასრულდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და არჩევნებთან ერთად, დასრულდა რადიკალური ოპოზიციის ამბიციაც, დაებრუნებინა ძალაუფლება და აღედგინა ძალადობასა და სიცრუეზე დაფუძნებული რეჟიმი საქართველოში. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარ ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

    მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ არის ღირსების, თავისუფლებისა და მშვიდობის გარანტი ამ ქვეყანაში და არავის მივცემთ მისი წარსულში დაბრუნების შესაძლებლობას.

    გასული დღეების განმავლობაში, ჩვენ ვიხილეთ რადიკალების წარუმატებლობისთვის განწირული მცდელობა, კიდევ ერთხელ აერიათ ქვეყანა არჩევნების დასრულების შემდეგაც კი. საზოგადოებას ვაძლევთ მკაფიო პირობას, რომ ვერცერთ ამგვარ მცდელობას წარმატება ვერ ექნება. კანონის დარღვევის შემთხვევაში, ისინი კანონის შესაბამისად მიიღებენ უმკაცრეს პასუხს.

    ჩიხში შესული რადიკალების რიგებში დღემდე არ წყდება საუბრები რადიკალურ ნაბიჯებზე, მათ შორის, საკუთარი თანაგუნდელების მკვლელობაზე, რაზეც რამდენიმე დღის წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც გაავრცელა ინფორმაცია.

    ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება გვინდა გავამახვილოთ ჩვენთვის მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად გუშინ ერთ-ერთ თათბირზე განხილულ იქნა ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარიც. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას სიფრთხილისკენ. რადიკალებს კი ვაფრთხილებთ, რომ ნებისმიერი დანაშაულის ჩადენის მცდელობა კანონის შესაბამისად უმკაცრესად დაისჯება.

    განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი სამართალდამცავებს, გმირ პოლიციელებს გასული დღეების განმავლობაში გამოვლენილი ღირსებისა და მოთმინებისთვის. არ არის ადვილი სკამებს დახარბებული სამარცხვინო ავანტურისტებისგან - მელიებისგან, ხაბეიშვილებისგან, უგულავებისგან - შეურაცხყოფის მოსმენა. მადლობა პოლიციელებს, რომლებმაც თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობა ღირსებით შეასრულეს და სახელმწიფო დაიცვეს.

    მადლობას გადავუხდი სამართალდამცავ უწყებებს სააკაშვილის გლდანის კლინიკაში გადაყვანის სათანადოდ დაგეგმვისა და აღსრულებისთვის.

    რადიკალების გუშინდელი დესტრუქციული ქმედებებით ნათლად გამოჩნდა, რატომ ითხოვდნენ ისინი სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას. მიზეზი ერთადერთი იყო - სამოქალაქო კლინიკასთან ბევრად უფრო მარტივია იმ რადიკალური გეგმების აღსრულება, რომლის მიხედვითაც ისინი გუშინ მოქმედებდნენ. ბუნებრივია, სახელმწიფო ვერ დაუშვებს, რადიკალების ახირების გამო, სამედიცინო პერსონალის, პაციენტებისა და სამართალდამცავების უსაფრთხოებასა და სიმშვიდეს არასაჭირო პრობლემები შეექმნას.

    ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ხშირად საუბრობენ პოლარიზაციაზე, როგორც ქვეყნის პოლიტიკური სისტემის მთავარ პრობლემაზე. საუბარი არის ორმხრივ პოლარიზაციაზე, მაშინ, როდესაც, რეალურად, პოლარიზაციის წყარო ყოველთვის რადიკალები არიან, „ქართულ ოცნებას“ კი, როგორც სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკურ ძალას, ყოველთვის მოპასუხის როლში უწევს ხოლმე ყოფნა. დღეს ყველა ხედავს, რომ პოლარიზაციის მცდელობას ჰყავს მხოლოდ ერთი მხარე - ეს არის რადიკალური ოპოზიცია. შესაბამისად, მოვუწოდებთ ყველას, ყველაფერს დაარქვან თავისი სახელი, რაც რადიკალების უსუსურ მცდელობას, არიონ ქვეყანა, კიდევ უფრო სწრაფად დაუსვამს საბოლოო წერტილს.

    დღეს, როდესაც არჩევნები დასრულდა და 2024 წლამდე არავითარი არჩევნები აღარ იქნება, ქვეყანას სჭირდება დღის წესრიგის შეცვლა. ახალი დღის წესრიგი უნდა იყოს ეკონომიკური განვითარების, ადამიანების დასაქმების, უკეთესი სოციალური დაცვის, უკეთესი განათლებისა და ჯანდაცვის სისტემების, ქვეყნის გაძლიერებული საგარეო პოზიციების დღის წესრიგი.

    ამ ფონზე, რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, ქვეყანა დატოვოს საზოგადოებისთვის მომაბეზრებელი პოლიტიკური კინკლაობისა და ქაოსის იმიტაციის დღის წესრიგში, რასაც ჩვენ ვერ და არ დავუშვებთ. საზოგადოებისთვის უკვე კარგად არის ცნობილი რადიკალების კუთვნილი მედიასაშუალებების სტრატეგია - ისინი პერიოდულად ხელოვნურად ქმნიან გარკვეულ თემებსა და კლიშეებს და ცდილობენ, საზოგადოება ამ თემებისა და კლიშეების გავლენის ქვეშ აცხოვრონ.

    ამგვარი თემა და კლიშე თავის დროზე იყო „უნიათო ხელისუფლება“, რომელიც მხოლოდ მას შემდეგ მოხსნეს დღის წესრიგიდან, რაც „ქართულმა ოცნებამ“ წინა ხელისუფლებაზე სამჯერ მეტი გზა დააგო, სამჯერ მეტი გაზი გაიყვანა, სამჯერ მეტი ბაღი და სკოლა ააშენა, სამჯერ მეტ ადამიანს გაუწია ჯანდაცვის მომსახურება და ა.შ. ასეთივე თემა იყო ქვეყანაში „კრიმინალის თარეში“, ვიდრე არ გაირკვა, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში, მაგალითად, მკვლელობის მაჩვენებელი ორჯერ შემცირდა.

    დღეს რადიკალების კუთვნილი პარტიული ტელევიზიები ცდილობენ, საზოგადოებას ამგვარ თემად სააკაშვილი და მისი პატიმრობა მოახვიონ თავს. ჩვენ რადიკალების ამ დღის წესრიგს ვერავითარ შემთხვევაში ვერ გავყვებით.

    მიხეილ სააკაშვილი არის ერთ-ერთი პატიმარი. მეტიც, სააკაშვილი არის პატიმარი, რომელსაც სხვა პატიმრებზე ბევრად უფრო მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი საკუთარი ქვეყნის, ხალხისა და ცალკეული მოქალაქეების წინაშე - ეს არის შეგახსენებთ, ადამიანების წამება, არაადამიანური მოპყრობა, ღირსების შელახვა, მკვლელობა, ბიზნესის რეკეტი, ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტის ჩაბარება და მრავალი სხვა. შესაბამისად, სახელმწიფო მას მოეპყრობა ადამიანის უფლებების სტანდარტების შესაბამისად, მაგრამ არა უმეტეს. ყველა ძალიან მალე შეეგუება, რომ მიხეილ სააკაშვილს ბოლომდე მოუწევს სასჯელის მოხდა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

    კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ქვეყანას სჭირდება ახალი, განვითარებაზე ორიენტირებული დღის წესრიგი და ჩვენ ამ დღის წესრიგს აუცილებლად შევქმნით.

  • „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადება!

    გუშინ ყველამ კიდევ ერთხელ დაინახა, სად არის ხალხის ნამდვილი ძალა. ყველამ დაინახა, რომ ქართული საზოგადოება არის ჭეშმარიტად ევროპული საზოგადოება, რომელიც სიცოცხლის ფასადაც არ დათმობს ღირსებას, თავისუფლებას, მშვიდობას და საკუთარი სამშობლოს კეთილდღეობას. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განცხადა.

    მისივე თქმით, სწორედ ამ ღირებულებებმა გაგვაერთიანა ჩვენ 2012 წლის 29 სექტემბერს თავისუფლების მოედანზე, როდესაც ხალხმა ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით თავისი ძალა აჩვენა ძალადობასა და სიცრუეზე დაფუძნებულ დანაშაულებრივ რეჟიმს.

    "გუშინ თავისუფლების მოედანზე ამ ღირებულებებმა კიდევ ერთხელ გააერთიანა ხალხი, რომელმაც ყველას მკაფიოდ დაანახა, რომ არ დაუშვებს ხელისუფლებაში საკუთარ სახელმწიფოზე, ეკლესიასა და ხალხზე მოძალადე ადამიანების დაბრუნებას.

    აქციაზე დასასწრებად უამრავმა ადამიანმა შორი გზა გამოიარა. მადლობა შეკრების თითოეულ მონაწილეს ამ ძალისხმევისთვის, რომელიც აუცილებლად ჩვენი საერთო გამარჯვებით, ჩვენი ქვეყნის საერთო გამარჯვებით დაგვირგვინდება.

    აქვე, არ შეგვიძლია ძალიან მოკლედ არ გამოვეხმაუროთ პოლიტიკური ოპონენტების სასოწარკვეთილ რიტორიკას გუშინდელ აქციასთან დაკავშირებით. ეს სასოწარკვეთა ზედმიწევნით ცხადყოფს ჩვენი აქციის წარმატებას. თავისუფლების მოედანზე შეკრებილი 10 ათასობით ადამიანისთვის იმის წოდება, რისი გამეორებაც კი ჩემთვის სრულიად მიუღებელია, ნათლად ცხადყოფს ღირებულებით სხვაობას ჩვენსა და მათ შორის.

    ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ეს ადამიანები ხალხზე ძალადობდნენ ფიზიკურად. ახლა კი, როდესაც მათ ამის შესაძლებლობა აღარ აქვთ, ფიზიკური ძალადობა მათ სიტყვით ძალადობით ჩაანაცვლეს. ნათელია, ამ ადამიანებს ძალაუფლების დაბრუნების შესაძლებლობა რომ მიეცეთ, სიტყვით ძალადობას ისინი კვლავ ფიზიკურ ძალადობად აქცევენ. სწორედ ეს არ დაუშვა ქართველმა ხალხმა 2 ოქტომბერს, როდესაც მკაცრი უარი უთხრა მოძალადეებს მათივე გამოცხადებულ ე.წ. რეფერენდუმზე.

    მოძალადეების გამარჯვება დაუშვებელია როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე ნებისმიერ მუნიციპალიტეტში, რათა თუნდაც ერთ ქალაქსა თუ რაიონში ავანტურისტების დესტრუქციული ზრახვების გამო არ დაზარალდეს ადგილობრივი მოსახლეობა.

    ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ 2 ოქტომბრის გამარჯვებას 30 ოქტომბერს მივიყვანთ ბოლომდე.

    ჩვენი მიზანია, არჩევნები მოვიგოთ ოცივე მუნიციპალიტეტში, რათა 30 ოქტომბრიდან ახალი ენერგიით განვაგრძოთ ზრუნვა ჩვენი ქვეყნისა და თითოეული მუნიციპალიტეტის განვითარებაზე", - აღნიშნა ი. კობახიძემ.

  • კახა ოქრიაშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპთან დაკავშირებით პოზიციას ავრცელებს

    ვნახე „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კლიპი, „დავასრულოთ ნაცები“.

    რა შემიძლია ვთქვა:

    1.       კლიპი აღსავსეა ზიზღისა და სიძულვილის ენით.

    2.       ცხრაწლიანი მმართველობის შემდეგ, „ქოცებს“ სათქმელი არაფერი აქვთ: ვერ დაიკვეხნიან, რომ რამე გააკეთეს. პირიქით, ქვეყანა რეგრესშია ყველა მიმართულებით. ვერც სამომავლო დაპირებებს აძლევენ მოსახლეობას, რადგან გასული ცხრა წლის მანძილზე ყველამ დაინახა, რომ არაფერი შეუძლიათ.

    3.       რეალურად, „გაცრუებული ოცნება“ მთავრდება და ჩემდა სამწუხაროდ, ამთავრებს ჩვენს ქვეყანასაც. 

    ამიტომ, აუცილებლად მოდით გადამწყვეტ რეფერენდუმზე და შემოხაზეთ ოპოზიცია, აცხადებს კახა ოქრიაშვილი.

  • ცესკოს თავმჯდომარე ორი ოქტომბრის არჩევნებს აფასებს

    ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა დღეს ბრიფინგი გამართა.

    „საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიამ, რომელშიც შედიან ეუთო/ოდირის, ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს კონგრესის წარმომადგენლები,   2 ოქტომბრის არჩევნები შეაფასა და წინასწარი მიგნებები და დასკვნები გამოაქვეყნა.

    აღსანიშნავია, რომ მათი შეფასებით, 2 ოქტომბრის არჩევნები იყო კარგად და პროფესიულ დონეზე ორგანიზებული, დაცული იყო  კოვიდრეგულაციები და კენჭისყრის დღემ ზოგადად მშვიდ, კონკურენტულ და გამჭვირვალე გარემოში ჩაიარა.

    მინდა მადლობა გადავუხადო საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს პროცესში ჩართულობისა და დაკვირვებისთვის. მათი როლი და შეფასება საარჩევნო ადმინისტრაციისთვის და საარჩევნო პროცესისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩვენ ყურადღებით განვიხილავთ და გავითვალისწინებთ მათ მიერ გამოთქმულ რეკომენდაციებს არჩევნების მეორე ტურისთვის.

    გარდა ამისა, მინდა გამოვეხმაურო სულ ცოტა ხნის წინ ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების მიერ გამოქვეყნებულ პარალელური დათვლის შედეგებს. საარჩევნო ადმინისტრაციის წინასწარი მონაცემები და პარალელური დათვლის შედეგები ემთხვევა ერთმანეთს, რაც ადასტურებს რომ  ცესკოს წინასწარი მონაცემები ზუსტად ასახავს ამომრჩევლების ნებას, რომელიც მათ საარჩევნო უბნებზე, თავისუფალ და გამჭვირვალე გარემოში გამოხატეს.

    ამასთან აქვე აღვნიშნავთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის  წინასწარი მონაცემები ასევე თანხვედრაშია ერთ-ერთი კომპანიის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებთან.

    და ბოლოს, კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო საარჩევნო ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელს იმ თავდაუზოგავი შრომისთვის, რაც მათ კენჭისყრის დღის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის გასწიეს. ასევე მადლობა ამომრჩევლებს, ჩართულ მხარეებს, დამკვირვებლებსა და მედიას ამ პროცესებში აქტიური ჩართულობისთვის.

    საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს მუშაობას არჩევნების მეორე ტურის ასევე მაღალი სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად“, - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ.

  • ცესკოს თავმჯდომარე ევროპარლამენტარებს შეხვდა

    ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე ევროპარლამენტარებს ტომას დეხუვსკის,  კორინა კრეცუსა და ვიქტორ ნეგრესკუს შეხვდა. გიორგი კალანდარიშვილმა ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს ის სიახლეები გააცნო, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციამ 2 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის არჩევნებისთვის განახორციელა. მან ასევე ისაუბრა იმის შესახებ თუ როგორ ემზადებოდა საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნების დემოკრატიულ, გამჭვირვალე და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში ორგანიზებისთვის.

    თავის მხრივ ევროპარლამენტარებმა იმედი გამოთქვეს, რომ კენჭისყრის პროცესი დემოკრატიული სტანდარტების დაცვით და კანონმდებლობის შესაბამისად ჩატარდება და ქართველი ამომრჩეველი საკუთარ არჩევანს უბნებზე მშვიდ გარემოში დააფიქსირებს.

    შეხვედრა ცესკოს თავმჯდომარესა და ევროპარლამენტარებს შორის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაიმართა.

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის მხარდაჭერით ქუთაისში 60+ კლუბის წევრებთან შეხვედრა გაიმართა

ლიბერთის მხარდაჭერით ქუთაისში 60+ კლუბის წევრებთან შეხვედრა გაიმართა

ლიბერთის მხარდაჭერით და გაეროს მოსახლეობის ფონდის ...

პოპულარული

« December 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური