საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა რუმინეთი 2:1 დაამარცხა

გამოქვეყნებულია სპორტი
ხუთშაბათი, 03 ივნისი 2021 10:45

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ფრანგი მწვრთნელის ვილი სანიოლის თავკაცობით, ეროვნულმა ნაკრებმა პირველი გამარჯვება მოიპოვა - ქართველმა ფეხბურთელებმა ამხანაგურ შეხვედრაში რუმინეთის ეროვნული ნაკრები 2:1 დაამარცხეს! ეს საქართველოს ისტორიაში პირველი გამარჯვებაა რუმინეთთან. აქამდე ჩატარებულ შვიდ შეხვედრაში საქართველოს რუმინეთთან 6 წაგება და 1 ფრე ჰქონდა.

ამ გამარჯვებით ასევე შეწყდა ქართველების 8 მატჩიანი მოუგებელი სერია, რომელიც გუნდს 2020 წლის ერთა ლიგის ნახევარფინალის შემდეგ მოსდევდა.

საფრანგეთში დაბადებულმა ჟორჟ (გიორგი) მიქაუტაძემ ნაკრების მაისურით პირველი სრულყოფილი მატჩი ჩაატარა და ეს ფაქტი გოლით აღნიშნა. აქამდე ახალგაზრდა ფორვარდს ნაკრებში მხოლოდ 6 წუთი ჰქონდა ნათამაშები, დღეს კი 80+ წუთი ითამაშა და შესანიშნავი გოლის გატანაც შეძლო.

აქედან მალევე საქართველოს ნაკრების კარში პენალტი დაინიშნა, რომლის გატანაც რუმინელებმა საბედნიეროდ ვერ მოახერხეს.

გიორგი აბურჯანიას გოლმა კი საქართველოს ნაკრებს ორბურთიანი უპირატესობა მისცა, რომლის აღმოფხვრაც მეტოქემ ვეღარ შეძლო. 78-ე წუთზე რუმინელებმა მხოლოდ ერთი ბურთის გატანა მოახერხეს და მატჩი ქართველების გამარჯვებით - 2:1 დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები რუმინეთის ნაკრებს სტუმრად ქალაქ პლოიეშტიში დაუპირისპირდა.

წაკითხულია 264 ჯერ

Related items

  • ჯოზეფ ბორელი: თუ საქართველოს გულწრფელად სურს ევროპული მომავალი, ქვეყანაში პოლიტიზებული სამართლის არსებობა დაუშვებელია

    ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა საქართველოს სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის საკითხზე შეშფოთება გამოხატა. მან მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება.

    თავის სიტყვაში, რომელიც ევროპარლამენტში ევროკომისარმა ვალდის დომბროვსკისმა გააჟღერა, ბორელმა ოპოზიციური სატელევიზიო არხ „მთავარის“  მფლობელის და დირექტორის, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენზეც ისაუბრა. მისი თქმით, გვარამიასთვის სამწელნახევრიანი პატიმრობის მისჯა ეწინააღმდეგება ევროკავშირის განმეორებით მოწოდებებს სასამართლო სისტემის შემდგომი რეფორმირების თაობაზე. ევროკავშირი მიიჩნევს, რომ ეს რეფორმები ნდობის დანერგვის და სასამართლოს დამოუკიდებლობის გაზრდის წინაპირობაა, რაც „დიდი ხანია, საქართველოს ხელისუფლების ვალდებულებას წარმოადგენს“. 

    „ევროკომისიამ მკაფიოდ გამოთქვა აზრი ამ საკითხზე: თუ საქართველოს გულწრფელად სურს ევროპული მომავალი, ქვეყანაში დაუშვებელია პოლიტიზებული სამართლის არსებობა და მედიის თავისუფლების შეზღუდვა“,  — განაცხადა ჯოზეფ ბორელმა, — „ჩვენ შეშფოთებით აღვნიშნავთ ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობის შემთხვევების გახშირებას საქართველოში. ძალადობა და მუქარა ნებისმიერ შემთხვევაში მიუღებელია“.  

    გარდა ამისა, მან ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი კვლავ საქართველოს ახლო მეგობარი და პარტნიორია და აქტიურად მონაწილეობს ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაში.

    დამატებითი ინფორმაცია

    პრესრელიზი

  • საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგისთვის მზადება დაიწყო

    24 მაისს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის გათამაშებისთვის მზადება დაიწყო. ერთა ლიგის ოთხი მატჩისთვის ვილი სანიოლის გუნდში 29 ფეხბურთელია გამოძახებული. ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ადმინისტრაცია იუწყება.

    საწვრთელი პროცესის დაწყების პირველ დღეს მთავარი მწვრთნელის განკარგულებაში 11 ფეხბურთელი იყო. ს.კ. ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე ფეხბურთელებმა არასრული დატვირთვით ივარჯიშეს.

    საქართველოს ნაკრების ლეგიონერები სრული შემადგენლობით ნაკრებს მომდევნო დღეებში შეურთდებიან. კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მოასპარეზე მოთამაშეები კი, საკლუბო მატჩების დასრულების შემდეგ, ნაკრების საწვრთნელ პროცესში 26 მაისს ჩაერთვებიან.

    დღეს, საქართველოს ნაკრებმა ამ შემადგენლობით ივარჯიშა:

    მეკარე: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი)
    დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი)
    ნახევარდაცვა/თავდასხმა: საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, ანტაკია, თურქეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია), ვაკო გვილია (რაკუვი, ჩესტოხოვა, პოლონეთი), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელო, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (ვისლა, კრაკოვი, პოლონეთი), ბუდუ ზივზივაძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი), ბექა მიქელთაძე (ნიუკასლ ჯეტსი, ავსტრალია)

    საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა უეფას ერთა ლიგის მატჩებისთვის 29 ფეხბურთელი გამოიძახა. 

    საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

    მეკარე: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)
    დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია). ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), სოლომონ კვერკველია (გაგრა, საქართველო), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო)
    ნახევარდაცვა/თავდასხმა: საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, ანტაკია, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია), ხვიჩა კვარაცხელია (დინამო, ბათუმი, საქართველო), ზურიკო დავითაშვილი (დინამო,ბათუმი, საქართველო), ვაკო გვილია (რაკუვი, ჩესტოხოვა, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო, თბილისი, საქართველო), გიორგი ჩაკვეტაძე (ჰამბურგი, გერმანია), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელო, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (ვისლა, კრაკოვი, პოლონეთი), თორნიკე ოქრიაშვილი (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი), ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი, სამხრეთ კორეა), ბუდუ ზივზივაძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი), გიორგი ქვილითაია (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი), გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია)

    საქართველოს ნაკრების განრიგი უეფას ერთა ლიგაზე

    2 ივნისი | საქართველო-გიბრალტარი | 20:00 

    5 ივნისი | ბულგარეთი-საქართველო | 22:45 

    9 ივნისი | ჩრდილოეთ მაკედონია-საქართველო | 22:45 

    12 ივნისი | საქართველო-ბულგარეთი | 20:00 

    23 სექტემბერი | საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონია | 20:00 

    26 სექტემბერი | გიბრალტარი-საქართველო | 22:45

    გახდი ქართული საფეხბურთო ისტორიის თანამონაწილე - გამოიწერე საქართველოს ეროვნული ნაკრების არხები და გაიგე ყველა სიახლე პირველმა!

  • საქართველოსა და თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლისთავი აღინიშნება

    საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები აღდგა 1992 წლის 21 მაისს. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციაში განუცხადეს.
    1921 წელს, ანკარაში გაიხსნა საქართველოს პირველი დიპლომატიური წარმომადგენლობა, რომელსაც ხელმძღვანელობდა სიმონ მდივანი. აღსანიშნავია, რომ 1921 წლის 8 თებერვალს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელით, სიმონ მდივანმა, პირველმა უცხოელმა ელჩმა, რწმუნებათა სიგელი გადასცა ანკარის (ანგორის) მთავრობის მეთაურს, თურქეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გმირს, იმ პერიოდისთვის თურქეთის დიდი ეროვნული კრების თავმჯდომარეს მუსტაფა ქემალ ათათურქს.

    პირველი ქართული დიპლომატიური მისიის ანკარაში მოღვაწეობიდან 70 წლის თავზე, 1991 წლის 16 დეკემბერს, თურქეთმა, კვლავ ერთ-ერთმა პირველმა სცნო საქართველოს დამოუკიდებლობა. 1992 წლის 30 ივლისს, საქართველოსა და თურქეთს შორის ,,მეგობრობის, თანამშრომლობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების შესახებ’’ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.

    ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შემდეგ, თურქეთში საქართველოს პირველი საელჩო გაიხსნა 1994 წლის მაისში. საელჩოს გახსნამდე, აპრილის თვეში, ფუნქციონირება დაიწყო ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალურმა საკონსულომ, ხოლო მოგვიანებით, 1998 წელს, გაიხსნა საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. სტამბოლში.

    საქართველოსა და თურქეთს შორის თანამშრომლობა სტრატეგიულ ხასიათს ატარებს და წარმატებით ვითარდება, როგორც პოლიტიკურ, ასევე სავაჭრო-ეკონომიკურ, ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურისა და კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში. თურქეთი, როგორც ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორი, არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდამჭერი. ამასთან, თურქეთი, მხარს უჭერს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს. ორმხრივი პოლიტიკური ურთიერთობების განვითარების პოზიტიური დინამიკის დასტურია წლების განმავლობაში განხორციელებული მაღალი და უმაღლესი დონის ინტენსიური ვიზიტები.

    საქართველო-თურქეთის ურთიერთობა თვისობრივად ახალ საფეხურზე ავიდა თანამშრომლობის ახალი ფორმატის - მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს დაფუძნებით, რომლის პირველი შეხვედრა გაიმართა ანკარაში, 2016 წლის 19 ივლისს, პრემიერ-მინისტრების დონეზე. სხდომის ფარგლებში ხელი მოეწერა "ანკარის განცხადებას", რომელშიც ასახულია საქართველო-თურქეთის თანამშრომლობის ყველა ძირითადი მიმართულება.

    თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია - 2021 წლის სტატისტიკური მონაცემებით, სავაჭრო ბრუნვა შეადგენდა 2,145,884,100 აშშ დოლარს - რომელთანაც მოქმედებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი, მიმდინარეობს ინტენსიური კონსულტაციები ქართული ექსპორტის ზრდის მიზნით.

    2021 წლიდან საქართველოს, ევროკავშირსა და თურქეთს შორის ოფიციალურად ამოქმედდა ე.წ. „დიაგონალური კუმულაციის“ მექანიზმი, რომლითაც თურქული ნედლეულით საქართველოში დამზადებული პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით იქნება შესაძლებელი. აქტიურია თანამშრომლობა საერთაშორისო ეკონომიკური/სატრანსპორტო პროექტების იმპლემენტაციის კუთხით, ხალხთა შორის კონტაქტების გაღრმავების მიმართულებით. ორი ქვეყნის მოქალაქეები სარგებლობენ მიმოსვლის გამარტივებული რეჟიმით, პირადობის მოწმობების საფუძველზე. მნიშვნელოვანია საქართველოსა და თურქეთს შორის საკანონმდებლო ორგანოებში მეგობრობის ჯგუფების აქტიური თანამშრომლობა.

    უაღრესად დიდი მნიშვნელობისაა საქართველო-თურქეთის ერთობლივი ძალისხმევით განხორციელებული რეგიონული ენერგეტიკული პროექტები, როგორებიცაა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი. გრძელდება აქტიური თანამშრომლობა ბუნებრივი აირის სამხრეთის ენერგეტიკული დერეფნის პროექტის (TANAP და TAP) და ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტის სრულფასოვნად რეალიზაციისთვის.

    მრავალმხრივი თანამშრომლობის პლატფორმის ფარგლებში, მნიშვნელოვანი პოლიტიკური მექანიზმია საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი ფორმატი, რომელსაც 2012 წელს საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ ჩაეყარა საფუძველი („ტრაპიზონის დეკლარაცია“). აღნიშნული მექანიზმი ასევე მოიცავს თანამშრომლობის ფორმატებს პრეზიდენტების დონეზე, პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტებსა და თავდაცვის მინისტრებს, ასევე, სხვა უწყებების დონეზე. სამმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების კუთხით, არსებობს სამმხრივი ბიზნეს-ფორუმების ჩატარების პრაქტიკა.

    აღსანიშნავია თურქეთსა და საქართველოს შორის კოვიდ-19 პანდემიის დროს აქტიური თანამშრომლობა, ასევე, თურქეთის მხარის მიერ გაწეული დახმარება პანდემიის აფეთქების პირველივე დღეებში საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების და სამედიცინო და საველე აღჭურვილობის რესურსების უსასყიდლოდ გამოყოფის მხრივ.

    2022 წლის 27 იანვრიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საქართველოსა და თურქეთს შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება, თურქეთის ფარმაცევტული ბაზრის გახსნასთან დაკავშირებით, რომლის შედეგად იმპორტიორ კომპანიებს შეუძლიათ თურქეთიდან მაღალი ხარისხის GMP-ის სტანდარტის შესაბამისი დაბალფასიანი მედიკამენტების შემოტანა.

    2021 წელს, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 100 წლისთავის აღსანიშნავად, საქართველოსა და თურქეთის ფოსტების მიერ, გამოიცა ერთობლივი ქართულ-თურქული საფოსტო მარკები.
    ქართული მხარის ინიციატივით, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლისთავთან დაკავშირებით, ახლო მომავალში, თურქეთის ეროვნული ზარაფხანის მიერ, მოიჭრება საიუბილეო მედალი.

  • საქართველოს ისტორიული არჩევანია, დაუბრუნდეს ევროპულ ოჯახს - ი. ღარიბაშვილი

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, რომლის ფარგლებშიც იგი ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტების ხელმძღვანელ პირებთან მაღალი დონის შეხვედრებს მართავს.

    ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შეხვდა, რომლის ფარგლებშიც მთავარ განსახილველ საკითხს ევროკავშირში გაწევრიანებისათვის საქართველოს მიერ გაკეთებული განაცხადი და ქვეყნისათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება წარმოადგენდა.

    შეხვედრისას მხარეებმა ვრცლად ისაუბრეს საქართველოს განაცხადის განხილვის პროცესზე, მათ შორის, ევროკომისიის კითხვარზე, რომლის ორივე ნაწილი საქართველომ ვადაზე ადრე შეავსო, აგრეთვე საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულებისა და დემოკრატიული რეფორმების განხორციელების კუთხით მიღწეულ პროგრესზე. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა საქართველოს ისტორიული არჩევანი, დაუბრუნდეს ევროპულ ოჯახს და ამ კონტექსტში ხაზი გაუსვა ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის მოსაზრებისა და ევროპული საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების მნიშვნელობას.

    შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემო, მათ შორის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება. პრემიერმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს მთავრობისა და ხალხის სოლიდარობა და ურყევი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. მისი თქმით, ყველასთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ომის დამთავრებას უკრაინაში და რომ ომის შედეგები განსაზღვრავს მომავალ დღეებს, როგორც მთელი მსოფლიოსთვის, ასევე საქართველოსთვის.

    ირაკლი ღარიბაშვილმა შარლ მიშელს მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერის პროცესში პირადი ძალისხმევისთვის.

    მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური

  • აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს პარლამენტარები ქ. შუშაში შეიკრიბებიან

    მომავალ კვირას, აზერბაიჯანის კულტურულ დედაქალაქ შუშაში, გაიმართება აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების წარმომადგენლების სამმხრივი შეხვედრა.
    როგორც აზერბაიჯანული პრესა იუწყება, სამი ქვეყნის პარლამენტარების შეხვედრა 22 მაისისთვის არის დაგეგმილი.
    რაც შეეხება შეხვედრის დღის წესრიგს და განსახილველ საკითხებს, იგი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივნისი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური