ბულგარეთის საელჩოს ინიციატივით გამოიცა ბულგარულ-ქართული და ქართულ-ბულგარული ლექსიკონი

გამოქვეყნებულია კულტურა
სამშაბათი, 25 მაისი 2021 17:07

წინამდებარე ნაშრომი ბულგარელი და ქართველი პატრიოტების ღვაწლის შედეგია, რომელთაც სურთ გააღრმავონ ორი ერის კულტურულ-ისტორიული კავშირები. ამის შესახებ თბილისში, ბულგარეთის საელჩოში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა ბულგარეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში დესისლავა ივანოვამ.

გუშინ ბულგარეთის საელჩოში გაიმართა, საელჩოს ინიციატივითა და ხელშეწყობით გამოცემული ბულგარულ-ქართული და ქართულ-ბულგარული ლექსიკონის პრეზენტაცია.

ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი, რომელმაც აღნიშნა, რომ ასეთი სახის კულტურული კავშირები ხელს შეუწყობს საქართველო-ბულგარეთს შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებას. 

თავის მხრივ, ბულგარეთის ელჩმა დაამატა, რომ ლექსიკონის გამოცემის მიზანია, გააძლიეროს ინტერესი ბულგარული ენის მიმართ და საშუალება მისცეს ყველას გაეცნოს ბულგარულ ლიტერატურას, კულტურასა და ისტორიას. „იმედი მაქვს რომ ლექსიკონი ჩართული იქნება ბულგარეთისა და საქართველოს საბიბლიოთეკო და საუნივერსიტეტო ფონდებში, რითაც გაფართოვდება დაინტერესებულ პირთა წრე“, - დასძინა დ. ივანოვამ.

ბულგარეთის საელჩოში გამართულ ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელები, ბულგარული დიასპორის წარმომადგენლები და მასმედიის ხელმძღვანელი პირები

შეგახსენებთ, რომ ბულგარეთსა და საქართველოს შორის შესანიშნავი ორმხრივი დიპლომატიური ურთიერთობები არსებობს მათი ოფიციალური გაფორმების მომენტიდან, კერძოდ 1992 წლიდან.

 ავთანდილ ოთინაშვილი

წაკითხულია 203 ჯერ

Related items

  • 30 წლის წინ აშშ-მ საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა

    საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1991 წლის 25 დეკემბერს ამერიკელი ხალხისადმი სადღესასწაულო მიმართვისას ამერიკის შეერთებული შტატების (აშშ) პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარება გამოაცხადა. ამის შესახებ აშშ-ს საელჩოს ადმინისტრაცია იუწყება.

    მათი ინფორმაციით, ამის შემდგომი 30 წლის განმავლობაში საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის ჩამოყალიბდა მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც მოიცავს საკითხების ფართო სპექტრს თავისუფალი და მშვიდობიანი საქართველოსა და მთელი ევროპის სახელით.

    აშშ-ს საელჩო საქართველოში

  • კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ფოტოფიქსაციის პროექტის ფარგლებში ბ. ვადაჭკორიას გამოფენა მოეწყო
    საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს კონკურსის - „ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ფოტოგრაფიული აღწერა“ ფარგლებში ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ბადრი ვადაჭკორიას ფოტოგამოფენა მოეწყო, რომლის დათვალიერებაც მნახველს ოთხი დღის განმავლობაში შეეძლება. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ კულტურის სამინისტროს ადმინისტრაციაში განუცხადეს.
    მათი ინფორმაციით, ღონისძიებას საქართველოს კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი დაესწრო. მინისტრმა მიულოცა ფოტოხელოვანს პროექტის წარმატებით დასრულება და მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ მან კულტურის სამინისტროს იმაზე სამჯერ მეტი ფოტომასალა გადასცა საჩუქრად, ვიდრე პროექტით იყო გათვალისწინებული. თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობა სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, ხოლო იმისათვის რომ დაიცვა და იზრუნო კულტურულ მემკვიდრეობაზე, უმნიშვნელოვანესია მისი ფოტოფიქსაცია, რაც ბოლო 30 წლის განმავლობაში აღარ ხდებოდა.
    თეა წულუკიანმა ასევე განაცხადა, რომ 2021 წლის 24 ნოემბერს სსიპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დებულებაში შევიდა ცვლილება და აღდგა ფოტოფიქსაციის ლაბორატორია, რომელიც 2022 წელს უნდა აღიჭურვოს, რათა სრულფასოვანი ფუნქციონირება დაიწყოს. ეს სპეციალისტებს მისცემს კონკრეტულ ძეგლებზე სხვადასხვა დროს არსებული მდგომარეობის შედარების საშუალებას, რაც კონსერვაცია-რესტავრაციის პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია.
    ინფორმაციისთვის, პროექტის ფარგლებში ბადრი ვადაჭკორიამ მხატვრულ-დოკუმენტური სახის ფოტოგადაღებებით საქართველოს რეგიონებში არსებული 25 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ასახა, მათ შორის: სამთავისის ტაძარი, ბაგრატის ტაძარი, ალავერდის საკათედრო ტაძარი, ანანურის ხუროთმოძღვრული კომპლექსი, კაცხის სვეტი, პეტრას ციხე, მარტყოფის ღვთაების მონასტერი, თმოგვის ციხე, ნიკორწმინდის ტაძარი და გურჯაანის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია. ავტორმა პროექტზე 2021 წლის ოქტომბერ-ნოემბერში იმუშავა.
    აღსანიშნავია, რომ სამინისტროს ამავე კონკურსში კიდევ ოთხმა პროექტმა გაიმარჯვა. ესენია: ააიპ გორელ ფოტოგრაფთა კლუბი, პროექტი - "ციფრული წარსული"; ფ/პ ნუცი კაჭახიძე - სამცხე-ჯავახეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ფოტოფიქსაცია; ფ/პ მინდია ჩარქსელიანი - სვანეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ფოტოგადაღება; ააიპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და კვლევის ცენტრი - გარეჯის მრავალმთის ქრისტიანული ძეგლების ფოტოფიქსაცია.
  • აშშ-ის საელჩოს განცხადება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის შესახებ

    ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში ამ დღეებში გაავრცელა განცხადება, რომელსაც "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: "ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, კიდევ ერთხელ, იმედგაცრუებულია, რომ პარლამენტი განაგრძობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესს სასამართლო რეფორმის წინა ტალღების დამოუკიდებელი შეფასების დასრულებამდე, რაზეც პარლამენტის ლიდერები შეთანხმდნენ. ჩვენ ასევე ვწუხვართ, რომ მოსამართლეების დანიშვნა მიმდინარეობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების მონაწილეობის გარეშე. მაშინ, როდესაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ და პარლამენტმა ნაჩქარევად წარმართა მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი გასული წლის განმავლობაში, არანაირი ქმედება არ განხორციელებულა იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრების დანიშვნასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ ეს თანამდებობები თვეების განმავლობაში ვაკანტურია. ქართველ ხალხს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების მეშვეობით უნდა ჰქონდეს ხმა ამ გავლენიანი და მნიშვნელოვანი მოსამართლეების შერჩევისას, რომლებიც უვადოდ გამწესდებიან მოსამართლეებად უზენაეს სასამართლოში. დამოუკიდებელი ხმების გამოთიშვა ამ პროცესიდან კიდევ უფრო აძლიერებს შთაბეჭდილებას, რომ მოსამართლეების დანიშვნა უზენაეს სასამართლოში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და მიუკერძოებლობის გარეშე.

    უზენაესი სასამართლოს შემდგომი მოსამართლეების დანიშვნამდე, ჩვენ მტკიცედ მოვუწოდებთ პარლამენტს, პრიორიტეტი მიანიჭოს მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი არამოსამართლე წევრების დანიშვნას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და 2022 წლის გაზაფხულამდე დაასრულოს რეფორმის წინა ტალღების დამოუკიდებელი შეფასება. დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან ამერიკის შეერთებული შტატებისა და სხვათა დახმარებით საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანი სამუშაო განხორციელდა. საქართველოს უახლოესი პარტნიორები და მხარდამჭერები, ასევე, საქართველოს პოლიტიკური ლიდერები თანხმდებიან, რომ უნდა გაგრძელდეს სასამართლო რეფორმა. ახლა მიზანი უნდა იყოს მიუკერძოებელი, გამჭვირვალე და დამსახურებაზე დაფუძნებული სასამართლო სისტემის შექმნა, რომლის მიმართაც ქართველ ხალხს ექნება სრული ნდობა და რომელიც უზრუნველყოფს სრულ მონაწილეობას მრავალი კვალიფიციური და კეთილსინდისიერი მოსამართლისა და იურისტისა, რომელიც პატიოსანი საქმიანობით ემსახურება კანონის უზენაესობის განმტკიცებას", - ნათქვამია აშშ-ს საელჩოს განცხადებაში.

  • კულტურის სამინისტროს ძალისხმევით რუსეთში გატანილი სამუზეუმო ექსპონატები საქართველოში დაბრუნდა
    საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე 2003 წელს რუსეთში საგამოფენოდ გატანილი ნამუშევრების საქართველოში დაბრუნების შესახებ გააკეთა განცხადება.
    საქართველოდან 2003 წელს რუსეთის ფედერაციაში დროებით საექსპოზიციოდ გადაცემული ნახატები წლების განმავლობაში რუსეთის მეცნიერებათა და ხელოვნების აკადემიის საცავებში ინახებოდა.
    თეა წულუკიანის ინიციატივით, დღეს, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმს თავისი ექვსივე ექსპონატი დაუბრუნდა. სამუზეუმო ექსპონატების საქართველოში დასაბრუნებლად მოლაპარაკებები საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილის, კახა სიხარულიძის და რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საქართველოს ინტერესების სექციის ხელმძღვანელის, გიორგი ქაჯაიას აქტიური მონაწილეობით წარიმართა.
    დღეს ექვსი ექსპონატი ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმს უბრუნდება. ესენია: ბორის ფოგელი - ,,თელავი“ (1936 წ.); ევგენი ლანსერე - ,,ხევსურეთი“ (1926 წ.); ბორის ფოგელი - ,,სასულიერო სემინარია“ (1934 წ.); გრიგორი გაგარინი - ,,ქართველი ქალები“ (1854 წ.); ლევ ლაგორიო - ,,ანასტასია ორბელიანი-გაგარინას პორტრეტი“ (1850 წ.), კარლ ჟუკოვსკი - „ივანე ანდრონიკაშვილის პორტრეტი“ (1850 წ.).
    თეა წულუკიანმა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე კახა სიხარულიძესა და გიორგი ქაჯაიას თავდაუზოგავი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა. ასევე, პროექტის მხარდაჭერისთვის მინისტრმა მადლობა გადაუხადა ცნობილ ქართველ მოქანდაკეს, საქართველოს სახალხო მხატვარს ზურაბ წერეთელს. ბრიფინგს ესწრებოდა შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის, ეროვნული გალერეისა და სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორი, ნიკა ახალბედაშვილი.
    შეგახსენებთ, რომ თეა წულუკიანის ინიციატივით, 2021 წლის აპრილში დაიწყო სხვადასხვა დროს (1999-2010 წლები) შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმიდან და დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეიდან გატანილი ექსპონატების შეგროვება და მუზეუმისთვის მათი დაბრუნება. მაგალითად, მიმდინარე წლის სექტემბერში დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეას 2010 წელს ჩეხეთის რესპუბლიკაში გატანილი ოთხი ფერწერული ტილო დაუბრუნდა - ირაკლი სუთიძის ,,ნატურმორტი“, თენგიზ ცხონდიას ,,ქართლი“, ომარ კაჭკაჭიშვილის ,,ადრეული გაზაფხული“ და გურამ ნავროზაშვილის ,,აღორძინება“. მანამდე კი, მიმდინარე წლის მაისში შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმსა და ეროვნულ გალერეას დაუბრუნდა კულტურის სამინისტროში მოძიებული 12 ფერწერული ტილო (ელენე ახვლედიანი, „ფასანაური“; ელენე ახვლედიანი, „ძველი ქუთაისი“; ედმონდ კალანდაძე, „ძველი სასაფლაო - ბაზილიკა“; გურამ (ხიტა) ქუთათელაძე, „ნატურმორტი“; გურამ (ხიტა) ქუთათელაძე, „პეიზაჟი“; ლევან ლაღიძე, „განდევნა“; სერგო ქობულაძე, „რუსთაველი“; სერგო ქობულაძე, „დანტე“; იდა ოცხელი, „ფოთოლცვენა“; რადიშ თორდია, „მოხუცი ქალი შემოდგომის ყვავილებით“; მიხეილ ხვიტია, „შემოდგომა“; თენგიზ ცხონდია, „ძველი თბილისის კუთხე“).
  • აზერბაიჯანის საელჩომ საქართველოში საზეიმო მიღება გამართა, რომელიც მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანის გამარჯვების დღის აღსანიშნავად მოეწყო

    დღეს, აზერბაიჯანის საელჩომ საქართველოში კოვიდრეგულაციების სრული დაცვით საზეიმო მიღება გამართა, რომელიც მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანის გამარჯვების დღის აღსანიშნავად მოეწყო.
    ღონისძიებას საქართველოში აზერბაიჯანის ელჩი ფაიგ გულიევი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის „სოკარის" პრეზიდენტი როვნაგ აბდულაევი, ნავთობკომპანია "სოკარის" საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი მაირ მამედოვი დაესწრო. მიღებას ასევე ესწრებოდნენ პოლიტიკოსები, საზოგადო მოღვაწეები და ჟურნალისტები.
    მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა აზერბაიჯანის ელჩმა ფაიგ გულიევმა, რომელმაც აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის სახელმწიფომ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებზე კონტროლი დაიბრუნა და „სამხედრო-პოლიტიკურ კონფლიქტს, რომელიც თითქმის 30 წლის განმავლობაში სამხრეთ კავკასიაში სერიოზულ სამხედრო საფრთხეს ქმნიდა ბოლო მოუღო".
    აზერბაიჯანის ელჩმა მადლობა გადაუხადა საქართველოს 44-დღიან ომში აზერბაიჯანისადმი მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის, როგორც განსაკუთრებულ მეგობარსა და სტრატეგიულ პარტნიორს.
    მისივე თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სამშვიდობო ინიციატივებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
    „აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს შორის მომგებიანი პარტნიორობა ჩამოყალიბდა, რომელიც სხვადასხვა სფეროს მოიცავს. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ურთიერთპატივისცემა და სოლიდარობა, რომლებიც საფუძვლად უდევს ამ ფორმატს, ჩვენს რეგიონში გრძელვადიან მშვიდობას, უსაფრთხოებას და სტაბილურობას უზრუნველყოფს", - ხაზი გაუსვა ფაიგ გულიევმა.
    ღონისძიების ოფიციალური განყოფილების დასრულების შემდეგ გაიმართა საზეიმო კონცერტი, სადაც ქართველმა და აზერბაიჯანელმა მუსიკოსებმა მიიღეს მონაწილეობა.
    აზერბაიჯანის საელჩოში გამართული მიღება საზეიმო ფეირვერკით დასრულდა, რომელმაც მოწვეული სტუმრები აღფრთოვანებაში მოიყვანა.

    ავთანდილ ოთინაშვილი

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური