აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო საქართველოს გამოუყოფს 67 მლნ დოლარამდე ოდენობის გრანტს, 330 მლნ დოლარამდე გაზრდის შესაძლებლობით

გამოქვეყნებულია ეკონომიკა
პარასკევი, 21 მაისი 2021 11:31
საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის (ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) ხელი მოეწერა საგრანტო შეთანხმებას „საქართველოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობისათვის“.
ფინანსთა სამინისტროს ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოსა და აშშ-ს შორის საგრანტო შეთანხმება გაფორმდა, რომლის თანახმადაც, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) საქართველოს გამოუყოფს 67 მილიონ აშშ დოლარამდე ოდენობის გრანტს, 330 მილიონი აშშ დოლარამდე გაზრდის შესაძლებლობით.
ამ შეთანხმების ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები ძირითადად ორიენტირებული იქნება:
ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე;
ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მცხოვრები შინამეურნეობების შემოსავლების ზრდაზე;
ენერგოუსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების გაუმჯობესებაზე;
სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაზე;
საჯარო მმართველობის ეფექტურობის განმტკიცებაზე;
მართლმსაჯულებისა და კანონის უზენაესობის სფეროში არსებული რეფორმებისა და ასევე ქვეყნის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისთვის აუცილებელი ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერაზე.
საგრანტო შეთანხმების „საქართველოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობისათვის“ ხელმოწერის ცერემონია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გაიმართა. შეთანხმებას ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და „იუესეიდის“ მისიის დირექტორმა, პიტერ ვიბლერმა. დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონია გახსნეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა.
წაკითხულია 313 ჯერ

Related items

  • ენერგოეფექტურობის გაზრდის მიზნით საჯარო შენობების მოდერნიზაცია აუმჯობესებს სასწავლო გარემოს და ხელს უწყობს ენერგეტიკული გარდაქმნის პროცესს საქართველოში

    ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების გარემოსდაცვითი ფინანსური კორპორაციის (Nefco) პირველი განხორციელებული ენერგოეფექტურობის პროექტის აღნიშვნა საქართველოში ემთხვევა ახალი 6.5 მილიონი ევროს ღირებულების პროექტის ხელმოწერას, რომელიც ხელს შეუწყობს ენერგოეფექტურობის გაზრდის მიზნით ქვეყნის შორეულ მაღალმთიან რეგიონებში საჯარო სკოლების მოდერნიზაციას.

    Nefco-მ ოფიციალურად წარადგინა თავისი პირველი განხორციელებული პროექტი საქართველოში, რომელიც მოიცავს 26 საჯარო შენობის განახლებას ქვეყნის მასშტაბით. 2018 წლის შემოდგომიდან 2021 წლის ბოლომდე ენერგოეფექტურობის გაზრდის მიზნით განხორციელებულმა მოდერნიზაციამ განაპირობა შენობების შიდა პირობების გაუმჯობესება, ენერგიის დაზოგვა და საქართველოს მხარდაჭერა მწვანე ენერგეტიკის განვითარების გზაზე განახლებადი და ალტერნატიული ენერგიის წყაროების გამოყენებით. პროექტმა ასევე ხელი შეუწყო კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლის საქართველოს ეროვნული მიზნების განხორციელებას და აჩვენა ახალი სამშენებლო ნორმების და წესების გამოყენება სხვადასხვა დანიშნულების და ფუნქციის შენობებში, და აღნიშნული ახალი ნორმების დაცვა სხვადასხვა კლიმატურ ზონებში.

    Nefco-ს მიერ 2.8 მილიონი ევროს ოდენობის საკრედიტო დაფინანსების გარდა, პროექტი დაფინანსდა აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოს დაცვის პარტნიორობის (E5P) გრანტის მიერ, რომელიც 1.87 მილიონ ევროს შეადგენდა, აქედან ყველაზე დიდი წილი ევროკავშირს და შვედეთს ეკუთვნის. დანიამ პროექტის ტექნიკური მხარდაჭერისთვის 956,000 ევროზე მეტი გაიღო, როგორც განხორციელების, ისე პროექტის მომზადების ფაზაში.

    პროექტის პარტნიორებთან, მათ შორის საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან, E5P-თან და მის სპონსორებთან, ასევე სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდთან ერთად, Nefco-მ ოფიციალურად წარადგინა პროექტი 2022 წლის 4 მაისს და მოინახულა ენერგოეფექტური მოდერნიზებული ორი სკოლა, რომლებშიც განხორციელდა ზომები ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით - 55-ე საჯარო სკოლა და სსიპ თბილისის პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლა.

    „მოხარული ვართ საზეიმოდ აღვნიშნოთ ჩვენი პირველი განხორციელებული პროექტი საქართველოში. პროექტის პარტნიორებთან ერთად, ჩვენთვის დიდი პატივია ქვეყნის პროგრესის დანახვა ენერგეტიკული რეფორმების განხორციელების და მწვანე ენერგეტიკაზე გადასვლის გზაზე. სიამოვნებით გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას დღეს ხელმოწერილი ახალი პროექტის მეშვეობით, რომელიც განსაკუთრებით საზოგადოების მოწყვლად ჯგუფებს მოუტანს სარგებელს“, - განაცხადა დღეს თბილისში ტრონდ მოემ, Nefco-ს მმართველმა დირექტორმა.

    როგორც განხორციელებული, ისე ახლადხელმოწერილი პროექტი „საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება“ ხასიათდება საქართველოში ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე მნიშვნელოვანი ზემოქმედებით. განხორციელებული ენერგოეფექტურობის გაზრდის პროექტი, სავარაუდოდ, გამოიწვევს ყოველწლიურად სითბური და ელექტროენერგიის მოხმარების შემცირებას დაახლოებით 5000 მგვტ/სთ და შედეგად 1100 ტონა CO2-ის ემისიების შემცირებას. ფაქტობრივი დანაზოგების მონიტორინგი უწყვეტ რეჟიმში ხდება ათი წლის განმავლობაში. განხორციელებულმა პროექტმა შექმნა კარგი და კომფორტული სასწავლო გარემო სკოლის მოსწავლეებისა და მუნიციპალური მუშაკებისთვის. Nefco-ს მიერ განხორციელებული მეორე პროექტი ხელს შეუწყობს ენერგოეფექტურობის გაზრდას და 15 საჯარო სკოლის განახლებას საქართველოს მთიან რეგიონებში.

    „უპირველეს ყოვლისა, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ვაფასებთ Nefco-ს და E5P-ის მხარდაჭერას საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევაში და იმ გულისხმიერებას, რომლითაც ისინი უდგებიან ჩვენს პრიორიტეტულ საჭიროებებს. პროექტი „საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება“ მხარს უჭერს საქართველოს გადასვლას მწვანე ეკონომიკაზე, ხელს უწყობს უფრო მდგრადი და ეფექტური ინფრასტრუქტურის აშენებას, ამავდროულად, აუმჯობესებს სასწავლო გარემოს მოსწავლეებისთვის ჩვენი ქვეყნის ნაკლებად განვითარებულ რეგიონებში და დახმარებას უწევს მოსახლეობის სოციალურად დაუცველ ჯგუფებს. მიმაჩნია, რომ პროექტს მნიშვნელოვანი შედეგები ექნება გარემოსდაცვით და სოციალურ სფეროში და ბევრ სარგებელს მოიტანს, როგორიცაა სწავლების შესაბამისი ინფრასტრუქტურის მინიმალური მოთხოვნების დაკმაყოფილება, გაუმჯობესებული კომფორტის დონე და სტუდენტებისა და მასწავლებლების უსაფრთხოება. დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება მომავალში გაზრდილი ენერგოეფექტურობის კატალიზატორი “, - განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

    Nefco-ს მეორე პროექტი საქართველოში, მიზნად ისახავს ენერგოეფექტურობის გაზრდის მიზნით საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების 15 საჯარო სკოლის მოდერნიზაციას და განახლებას. ის დაეფუძნება პირველი დასრულებული პროექტის შედეგად მიღებულ გამოცდილებას და მოიცავს უფრო ფართო და რთულ გეოგრაფიულ არეალს ქვეყნის ნაკლებად განვითარებულ რეგიონებში, რაც სარგებელს მოუტანს მოსახლეობის სოციალურად დაუცველ ჯგუფებს. გარემოზე დადებითი ზემოქმედებისა და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების პარალელურად, ახალი პროექტი ასევე ხელს შეუწყობს გაეროს მდგრადი განვითარების სხვა მიზნების მიღწევას, განსაკუთრებით განათლების, ჯანმრთელობისა და გენდერული თანასწორობის სფეროში. Nefco-ს ორივე პროექტი შეესაბამება საქართველოს მიერ შემოღებულ ახალ ენერგოეფექტურობის შესახებ და შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ კანონებს და წარმოადგენს უფრო ფართო რეფორმების დღის წესრიგს, რომელიც საქართველოს მიერ ევროკავშირთან დადებული ასოცირების შეთანხმებასთან არის დაკავშირებული.

    „E5P დონორები ამაყობენ ამ პირველი Nefco-ს პროექტით და მისი გაგრძელებით საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში. E5P დონორები, ევროკავშირის ხელმძღვანელობით, კვლავ მზად არიან განახორციელონ ისეთი მნიშვნელოვანი ინვესტიციები, რომლებიც უამრავ გარემოსდაცვით და სოციალურ სარგებელს უზრუნველყოფენ რეფორმების დღის წესრიგთან ერთად “, - განაცხადა ევა მანიკმა, E5P-ის ასოცირებულმა დირექტორმა.

    „ევროკავშირი, E5P ფონდის ყველაზე დიდი კონტრიბუტორი, მოხარულია, რომ მხარს უჭერს სკოლების ენერგოეფექტურობის განახლებას საქართველოში. Nefco-ს მიერ განხორციელებულ E5P პროექტებს, ენერგოეფექტურობის კუთხით, ეკონომიკური, ეკოლოგიური და ჯანმრთელობის სარგებელი მოაქვთ მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ მოუთმენლად ველით საქართველოში შენობების სარემონტო სამუშაოების გააქტიურებას ფართომასშტაბიანი საინვესტიციო პროგრამებით, რომლებიც ეფუძნება რეფორმების დახმარებას ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში.

    თბილისში დღეს ხელმოწერილი ახალი პროექტის ჯამური ინვესტიცია 6,5 მილიონ ევროს შეადგენს. Nefco-ს საკრედიტო დაფინანსება შეადგენს 3,9 მლნ ევროს, ხოლო E5P საგრანტო დაფინანსება 2,6 მლნ ევროს შეადგენს. შვედეთმა დააფინანსა პროექტის შემუშავების ხარჯები და, სავარაუდოდ, გამოყოფს დაფინანსებას ტექნიკური მხარდაჭერისთვის პროექტის განხორციელების პროცესში, რომელიც, როგორც მოსალოდნელია, 2022 წლის ბოლოს დაიწყება.

    „შვედეთი მოხარულია წვლილი შეიტანოს საქართველოს მწვანე ენერგეტიკაზე გადასვლაში, მათ შორის ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებაში. ჩვენ განვახორციელეთ 8 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიცია E5P ფონდში საქართველოსთვის, როგორც უმსხვილესი ორმხრივი დონორი. ასევე, ჩვენ წარმოვადგენთ ერთერთ მთავარ დაინტერესებულ მხარეს Nordic Green Bank Nefco-ში  სხვა სკანდინავიურ ქვეყნებთან ერთად. ჩვენ უზრუნველვყოფთ თანადაფინანსების გრანტებს მუნიციპალური სექტორის პროექტებისთვის საქართველოს მასშტაბით ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებლად და სხვა გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებში პროგრესის დასაჩქარებლად. შვედეთის მხრიდან დახმარება უნდა განიხილებოდეს ევროინტეგრაციის მიმართულებით საქართველოში გატარებული რეფორმების მტკიცე პოლიტიკური, ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერის უფრო ფართო კონტექსტში“ - განაცხადა ულრიკ ტიდესტრომმა, შვედეთის ელჩმა საქართველოში.

    ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების ღონისძიებები, რომლებიც ახალი პროექტით არის გათვალისწინებული, ეხება შენობების გარსის თბოიზოლაციას, კარ-ფანჯრების შეცვლას, ახალი გათბობისა და ვენტილაციის სისტემების დამონტაჟებას, ასევე ელექტროენერგიის მოხმარების შემცირების ზომებს. პროექტში ასევე გათვალისწინებულია სტრუქტურული მოდერნიზაცია სკოლის შენობების ცუდი მდგომარეობის გამო. განხორციელებული განახლება და ენერგოეფექტურობის გაზრდის ღონისძიებები გაახანგრძლივებს შენობების ექსპლუატაციის ვადას.

    2010 წლიდან Nefco-მ დააფინანსა 170-ზე მეტი ენერგოეფექტურობის გაზრდის მიზნით უკრაინაში საჯარო შენობების მოდერნიზაციის პროექტი და ამჟამად ახორციელებს პროექტებს მოლდოვაში, რომელთაგან პირველი პროექტი 2021 წლის შემოდგომაზე დასრულდა.Nefco-მ E5P-თან ერთად 36 ენერგოეფექტურობის პროექტი  დაასრულა  აღმოსავლეთ ევროპაში.

    Nefco-ს შესახებ

    Nefco, the Nordic Green Bank, არის საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი (IFI), რომელიც უზრუნველყოფს სარისკო კაპიტალს სკანდინავიის ქვეყნების მწვანე ტექნოლოგიებისთვის (Nordic green solutions). 1990 წელს დაარსებული ხუთი სკანდინავიური ქვეყნის მიერ: დანია, ფინეთი, ისლანდია, ნორვეგია და შვედეთი, Nefco ემსახურება მისი მფლობელების ინტერესებს. ჩვენი ამოცანაა განვახორციელოთ კონკრეტული ქმედებები მწვანე გარდაქმნის პროცესის დასაჩქარებლად. საგრძნობი შედეგების მქონე მცირე და საშუალო პროექტებზე ფოკუსირებით, ჩვენ შევძელით იმის დემონსტრირება, თუ როგორ უნდა განვახორციელოთ კლიმატის და გარემოსდაცვითი პროექტები მდგრადი და ხარჯეფექტური გზით. ჩვენ ვაფასებთ ჩვენს ეფექტიანობას ევროკავშირის ტაქსონომიის, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებისა და ჩვენი საკუთარი გარემოსდაცვითი კრიტერიუმების შესაბამისად. წლების განმავლობაში, Nefco -მ განახორციელა დაახლოებით 1500 კერძო და საჯარო პროექტი სხვადასხვა სექტორში მსოფლიოს მასშტაბით. Nefco-ს შტაბ-ბინა მდებარეობს ჰელსინკში, ფინეთი. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: www.nefco.int

    E5P-ს შესახებ

     აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოს დაცვის პარტნიორობა (E5P) არის სხვადასხვა დონორებისა და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის (IFI) მიერ შექმნილი მხარდამჭერი ფონდი, რომელიც დაარსდა 2009 წელს ევროკავშირის ინიციატივით შვედეთის თავმჯდომარეობის დროს. E5P ფონდი საქართველოსთვის შეადგენს 40,56 მილიონ ევროს. ფონდის ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ევროკავშირია (20,4 მილიონი ევრო), ფინასური წვლილი შეაქვთ ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა შვედეთი (8 მილიონი ევრო), გერმანია (4 მილიონი ევრო), ნორვეგია (3 მილიონი ევრო), დანია (0,5 მილიონი ევრო), ფინეთი (0,4 მილიონი ევრო), ლიტვა (0,35 მილიონი ევრო), აშშ (0,3 მილიონი ევრო), ესტონეთი (0,15 მილიონი ევრო), პოლონეთი (0,13 მილიონი ევრო), ჩეხეთი (0,1 მილიონი ევრო), სლოვაკეთი (0,1 მილიონი ევრო) , TaiwanBusiness EBRD TC ფონდი (0,13 მილიონი ევრო). საქართველომაც განახორციელა 3 მილიონი ევროს ოდენობის კონტრიბუცია. ფონდი ახორციელებს საგრანტო თანადაფინანსებას მუნიციპალური სექტორის პროექტებისთვის ენერგოეფექტურობის გაზრდის და მრავალი სხვა გარემოსდაცვითი და სოციალური შედეგების გაუმჯობესების მიზნით, განსაკუთრებით ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებული რეფორმების პროგრამის ფართო კონტექსტში. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ:  www.e5p.eu/georgia

  • დანია საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარებაში 2 მლნ ევროს გრანტით დაეხმარება

    დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის იეპპე კოფორდის ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოეწერა შეთანხმებას საქართველოსა და დანიის მთავრობებს შორის საგრანტო შეთანხმებას პროგრამის „ხელსაყრელი გარემოს შექმნა საქართველოში მდგრადი ენერგეტიკის განვითარებისთვის“ მხარდაჭერის შესახებ. საქართველოს მხრიდან ხელი მოაწერა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა. 

    შეთანხმებაზე ხელმოწერამდე მინისტრებმა განიხილეს საქართველოსა და დანიის სავაჭრო - ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა განახლებად ენერგეტიკასა და ენერგოეფექტურობაზე. აღინიშნა, რომ დანია ხელს შეუწყობს საქართველოს ენერგეტიკის ამ მიმართულებების განვითარებას, მათ შორის, როგორც გამოცდილების გაზიარების, აგრეთვე საქართველოს ბაზრით დანიური პროფილური ბიზნესის დაინტერესებით. 

    „ჩვენ გავაგრძელებთ დანიის სახელმწიფოსთან მჭიდრო თანამშრომლობას განახლებადი ენერგიების, მათ შორის, მდგრადი ენერგიების განვითარების კუთხით. ამ მხრივ, დანიას დიდი გამოცდილება აქვს და ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა მსოფლიოში განახლებადი, მათ შორის, ქარის ენერგიის ეფექტიანად გამოყენების მიმართულებით,“ - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა შეხვედრის დასრულების შემდეგ. 

    მისი თქმით, განახლებადი ენერგიების განვითარება საქართველოს ძალიან დიდი პრიორიტეტია. „ჰიდროელექტროგენერაციის გარდა, რომელზეც დიდი აქცენტები საქართველოში ყოველთვის კეთდებოდა, დღეს ჩვენ განვიხილავთ ქარისა და მზის ენერგიის განვითარებასაც,“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. მისი თქმით, დანიას ქარის ენერგიის ზღვაში წარმოების დიდი გამოცდილება აქვს.

    „ვფიქრობთ, მოხდება როგორც გამოცდილების გაზიარება და ჩვენი სამინისტროს კომპეტენციის ზრდა, ასევე სახელმწიფო ელექტროსისტემის და ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის დახმარება. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება კონკრეტული ინვესტიციები, რაზეც დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ისაუბრა. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ მოვახერხებთ დანიელი ინვესტორების დაინტერესებას საქართველოს ენერგოგენერაციით,“ - განაცხადა ვიცე-პრემიერმა. 

    გაფორმებული შეთანხმებით, დანია საქართველოს 2023 წლამდე ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების განვითარებაში 2 მლნ ევროს გრანტით დაეხმარება. 

  • AFD-მ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ხელი მოაწერეს სესხის თანადაფინანსებას საქართველოს წყალმომარაგების რეფორმისთვის

    28 იანვარს საფრანგეთის განვითარების სააგენტომ (AFD) და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ხელი მოაწერეს 30 მილიონი ევროს პოლიტიკაზე დაფუძნებულ სესხს საქართველოს მდგრადი წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის განვითარების პროგრამის მხარდასაჭერად. ფინანსთა სამინისტროში გამართული შეხვედრის ფარგლებში  სესხს  ხელი მოაწერეს  AFD-ის ევრაზიის რეგიონულმა დირექტორმა სესილ კუპრიმ და საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.

    პროგრამის ძირითადი მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს, გააუმჯობესოს მმართველობა და ინსტიტუციური შესაძლებლობები წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორში, ურბანული და სოფლის წყალმომარაგებისა და წყალარინების  სექტორის მმართველობის გაძლიერების გზით.

    საფრანგეთის განვითარების სააგენტოს30 მილიონი ევროს ოდენობის სესხი წარმოადგენს აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ დაფინანსებული პოლიტიკაზე დაფუძნებული  სესხის მეორე ტრანშის თანადაფინანსებას.

    გარდა აღნიშნული სესხისა, საფრანგეთის განვითარების სააგენტო უზრუნველყოფს ტექნიკურ მხარდაჭერას 500 000 ევროს ოდენობის FEXTE-ის გრანტის მეშვეობით.

    „საქართველოს ხელისუფლებისა და საზოგადოების მიზანდასახულობა, ჰქონდეთ ევროპული სტილის სახელმწიფო და ეკონომიკა, აღმაფრთოვანებელია. ჩვენ საფრანგეთში და ევროკავშირში ძალიან დიდი სურვილი გვაქვს მხარი დავუჭიროთ ამას წყლის მართვის შესახებ საჯარო პოლიტიკის სესხზე ხელმოწერით. ეს გააუმჯობესებს მმართველობას, გააუმჯობესებს ადგილობრივი ინსტიტუტების დემოკრატიულობის დონეს და ამით უზრუნველყოფს საჯარო სერვისების უკეთეს მიწოდებას“, - განაცხადა დიეგო კოლასმა, საფრანგეთის ელჩმა საქართველოში.

    “მინდა ხაზი გავუსვა ჩვენს ორ ქვეყანას შორის წარმატებულ თანამშრომლობას. საფრანგეთი არის განვითარების მნიშვნელოვანი პარტნიორი საქართველოსთვის, დახმარების დროული და ეფექტური მიწოდებით AFD-ის მეშვეობით, ქვეყნის განვითარების პრიორიტეტების შესაბამისად. AFD-სა და საქართველოს შორის მდგრადი წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის განვითარების პროგრამისთვის საკრედიტო ხელშეკრულების ხელმოწერა ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორობის კიდევ ერთი ილუსტრაციაა. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამ შეთანხმების მიზნები, რომელიც არის მმართველობისა და ინსტიტუციური შესაძლებლობების გაუმჯობესება წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორში, მათ შორის, ურბანული და სოფლის წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის მმართველობის გაძლიერება, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის განვითარებას“, - განაცხადა საქართველის ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.

    ღონისძიების დასასრულს, ქალბატონმა სესილ კუპრიმ აღნიშნა, რომ „ამ პროექტის შესახებ საკრედიტო შეთანხმების ხელმოწერა, ტექნიკური დახმარების კომპონენტთან ერთად, ადასტურებს AFD-ის ვალდებულებას მხარი დაუჭიროს საქართველოს ამბიციური რეფორმების გატარების პროცესში. ეს აჩვენებს ჩვენს საერთო გადაწყვეტილებას ვიმუშაოთ ერთად ქვეყანაში უფრო მდგრადი და სამართლიანი წინსვლისთვის. წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორი ამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია. ”

    საფრანგეთის განვითარების სააგენტო (AFD)        

    საფრანგეთის განვითარების სააგენტოს ჯგუფი (AFD Group) ახორციელებს საფრანგეთის პოლიტიკას განვითარებისა და საერთაშორისო სოლიდარობის სფეროში. არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საჯარო სექტორის დაფინანსების, ასევე კვლევებისა და პუბლიკაციების მეშვეობით, AFD მხარს უჭერს და წვლილი შეაქვს უფრო სამართლიანი და მდგრადი მსოფლიოს ჩამოყალიბებაში. AFD ატარებს მდგრადი განვითარებისა და ცნობიერების ამაღლების სხვა ტრენინგებს საფრანგეთში (AFD კამპუსში). 

    ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვიღებთ  საერთო გადაწყვეტილებებს გლობალური სამხრეთის ხალხთან და ხალხისთვის.  ჩვენი გუნდები აქტიურად მონაწილეობენ  4000-ზე მეტ პროექტში - საფრანგეთის საზღვრებს მიღმა, 115 ქვეყანასა და კრიზისულ რეგიონებში, რათა განამტკიცონ „საერთო სიკეთე“, როგორიცაა კლიმატი, ბიომრავალფეროვნება, მშვიდობა, გენდერული თანასწორობა, განათლება და ჯანმრთელობა. ეს არის ჩვენი პასუხი, საფრანგეთისა და ფრანგი ხალხის მიერ  მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევისთვის აღებული ვალდებულების ხელშესაწყობად, საერთო სამყაროსკენ.

    მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: Georgia | AFD - Agence Française de Développement

    AFD-ის პრეს რელიზი

  • გაფორმდა შეთანხმება გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული 3 მლნ ევროს ოდენობის გრანტის გამოყოფის თაობაზე

    2021 წლის 30 ნოემბერს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) სამხრეთ კავკასიის ოფისის ხელმძღვანელმა ბირგიტ ჰოლდერიდ-კრესმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული 3 მილიონი ევროს ოდენობის გრანტის გამოყოფის თაობაზე. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ გერმანიის საელჩოს ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    მათი ინფორმაციით, ეს დახმარება მოხმარდება კოვიდ პანდემიისაგან დაზარალებული ოჯახების სოციალურ დაცვას. ეს გრანტი დაემატება გერმანიის მიერ გასულ წელს პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად უკვე გამოყოფილ დახმარებას, რომელიც შედგებოდა 5,8 მილიონი ევროს ოდენობის გრანტისა და 15 მილიონი ევროს ოდენობის დაბალპროცენტიანი კრედიტისაგან. ამ დახმარების მიზანს წარმოადგენდა ეკონომიკური შედეგების შემსუბუქება იმ ქართული ოჯახებისათვის, რომლებმაც კოვიდ-პანდემიის გამო დაკარგეს შემოსავალი.

    "გაზრდილი თანხით დაფინანსდება 135 ათასზე მეტი გადახდა სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის. ამავე დროს 2020 წელს გაცემული კრედიტის მეშვეობით შესაძლებელი იქნება, განხორციელდეს უმუშევართა შემწეობის 280 ათასზე მეტი გადახდა შესაბამისი პირებისათვის. ეს მხარდაჭერა თავის წვლილს შეიტანს არა მხოლოდ მრავალი ოჯახის სოციალური დაცვის საქმეში, არამედ ასევე სოციალური დაცვის სისტემის გაძლიერებაში", - აღნიშნულია განცხადებაში.

  • EU4Culture საქართველოში კულტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით 3 ქალაქს გრანტს გადასცემს

    1 დეკემბერს 11:00 საათზე ქ.თბილისში, EU4Culture საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მხარდაჭერით პრეს-კონფერენციას და 3 შერჩეული ქალაქის დაჯილდოების ცერემონიას გამართავს, რომლებიც მიიღებენ 30 000 ევროს ოდენობის გრანტს კულტურის განვითარების სტრატეგიების მოსამზადებლად.

    კონკურსი 2021 წლის მაისში გამოცხადდა და მისი მიზანია, მხარი დაუჭიროს ქალაქებს კულტურის განვითარების იმ სტრატეგიების მომზადებაში, რომლებიც ევროპული კულტურული დედაქალაქების მიდგომებს შეესაბამება. კონკურსში მონაწილეობა მიიღო 70-მა ქალაქმა აღმოსავლეთ პარტნიორობის 5 ქვეყნიდან: აზერბაიჯანი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა. სააპლიკაციო განცხადებების შეფასების შემდეგ, საქართველოდან შერჩეულ იქნა შემდეგი 3 ქალაქი: ზუგდიდი, ფოთი და ქუთაისი.

    შერჩეული ქალაქები  მიიღებენ მაქსიმუმ 30,000 ევროს ოდენობის გრანტს კულტურის განვითარების სტრატეგიის მოსამზადებლად. დოკუმენტზე მუშაობის 6 თვიანი პერიოდი 1-ლი დეკემბრიდან დაიწყება. საბოლოოდ კი, სამი ქალაქიდან ერთ-ერთი ქალაქი მოიპოვებს 300,000 ევრომდე დაფინანსებას საკუთარი სტრატეგიის განსახორციელებლად.

    ღონისძიებას დაესწრებიან: ევროკავშირის წარმომადგენლობის პროგრამების მიმართულების ხელმძღვანელის მოადგილე - ბ-ნი კატალინ გერმანი; შერჩეული ქალაქის მერები; პროექტის პარტნიორები და EU4Culture პროექტის წარმომადგენლები. ღონისძიება გაიხსნება მისასალმებელი გამოსვლებით და დაჯილდოების ცერემონიით, სადაც შერჩეული ქალაქების მერები ოფიციალურად მიიღებენ საგრანტო სერტიფიკატებს. ცერემონიის დასრულების შემდეგ გაიმართება კითხვა-პასუხის სესია მედიის წარმომადგენლებთან.

    EU4Culture ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ოთხწლიანი პროექტია, რომლის მთავარი ფოკუსიც კულტურის და შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდაჭერაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების არადედაქალაქ ქალაქებში. პროექტის მიზანია კულტურის და შემოქმედებითი ინდუსტრიის როლის გაზრდა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების პროცესში. პროექტს ახორციელებენ გოეთეს ინსტიტუტი (წამყვანი პარტნიორი), დანიის კულტურის ინსტიტუტი, ჩეხეთის ცენტრები და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მაისი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური