ავღანეთიდან ამერიკის ჯარების გაყვანის უსაფრთხოების მიზნით, აშშ დამატებით სამხედრო ტექნიკას გაგზავნის

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 07 მაისი 2021 12:27

„თალიბანის“ გააქტიურების ფონზე, აშშ ავღანეთში დამატებითი ავიაგამანდგურებლების გაგზავნას გეგმავს. ინფორმაციას სააგენტო „გარდიანი“ პენტაგონის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

დამატებითმა სამხედრო ტექნიკამ ავღანეთიდან აშშ-ის ჯარების გამოყვანის უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს.

აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა კომიტეტის თავმჯდომარის შტაბის უფროსის, გენერალ მარკ მილის განცხადებით, ადრე გამოცხადებულ სამხედრო, საჰაერო და საზღვაო ძალების შემადგენლობას, რომელშიც ავიაკრეისერი Dwight D Eisenhower  და კატარის სამხედრო ბაზაზე არსებული „B-52“ ტიპის ბომბდამშენები შედიან, კიდევ „F-18“-ის ტიპის შემტევი თვითმფრინავები დაემატება. გარდა ამისა, ქვეითთა ძალებს რამდენიმე ასეული „რეინჯერიც“ დაემატება.

აშშ-ის ოფიციალური პირების თქმით, ჯარების გამოყვანის პროცესის დაწყებამდე ჰქონდათ ინფორმაცია, რომ „თალიბანი“ გააქტიურდებოდა, განსაკუთრებით ჰელმანდისა და ყანდაარის პროვინციებში. მარკ მილის განცხადებით, პენტაგონი ჯარების გამოყვანის შემდეგაც გააგრძელებს სამთავრობო ძალებისთვის დახმარებას, თუმცა რა სახის იქნება ეს დახმარება, ჯერ გადაწყვეტილი არ არის. შესაძლოა, ეს იყოს ავღანეთის შეიარაღებული ძალების გადამზადება და სხვა ქვეყნიდან საჰაერო მხარდაჭერის აღმოჩენა.

როგორც „გარდიანი“ წერს, ტერორისტული ორგანიზაცია „თალიბანი“ ავღანეთიდან აშშ-ის ჯარების გაყვანის პროცესის დაწყებისთანავე გააქტიურდა და სამთავრობო ძალების ობიექტებზე რამდენიმე თავდასხმა განახორციელა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის შესახებ გასულ თვეს განაცხადა, რომელიც მიმდინარე წლის 11 სექტემბრამდე უნდა დასრულდეს.

წყარო: https://1tv.ge/news/ashsh-avghanetshi-damatebiti-samkhedro-teqnikis-gagzavnas-gegmavs-romelic-avghanetidan-amerikis-jarebis-gayvanis-usafrtkhoebas-uzrunvelyofs/

წაკითხულია 183 ჯერ

Related items

  • თქვენი ვიზიტი აშშ-ის მიერ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის მხრივ ძალიან ძლიერი გზავნილია-ირაკლი ღარიბაშვილი

    თქვენი ვიზიტი აშშ-ის მიერ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის მხრივ ძალიან ძლიერი გზავნილია - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინთან შეხვედრაზე განაცხადა.
    მთავრობის მეთაურმა აშშ-ის თავდაცვის მდივანს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს ვიზიტი საქართველო-აშშ-ის მაღალი დონის ურთიერთობების კიდევ ერთი ნათელი მაგალითია და ხაზს უსვამს შეერთებული შტატების უწყვეტ ინტერესსა და ჩართულობას შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში.

    აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პრემიერ-მინისტრს გულთბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისი საქართველოში ვიზიტი აშშ-სა და საქართველოს მჭიდრო პარტნიორობის დადასტურებაა.

    "დიდი მადლობა ბატონო პრემიერ-მინისტრო. პირველად ვიმყოფები საქართველოში და ძალიან მადლობელი ვარ ასეთი თბილი მიღებისთვის. აქამდე რაც ვნახე, ნამდვილად შესანიშნავია და ჩემი აქ ყოფნით ვადასტურებ აშშ-საქართველოს მჭიდრო პარტნიორობას. ეს ურთიერთობა ჩვენს საერთო ფასეულობებს ეფუძნება. წლების განმავლობაში განხორციელებული საერთაშორისო მისიებით, მათ შორის ავღანეთში დავამტკიცეთ, რომ საქართველო თანმიმდევრულად და მტკიცედ უჭერს მხარს ამერიკის შეერთებულ შტატებს და ჩვენს ძალისხმევას მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის დასამკვიდრებლად.
    ძალიან მადლობელი ვარ მჭიდრო თანამშრომლობისთვის და მაქვს შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

    ბატონო პრემიერ-მინისტრო, ერთი საკითხი მინდა ნათლად და გარკვევით დავაფიქსირო: ამერიკის შეერთებული შტატები გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და მის მიერ სხვადასხვა მექანიზმებით შავ ზღვაზე გავლენის მოპოვების მცდელობებს. ეს მნიშვნელოვანი რეგიონია და მისი უსაფრთხოება და სტაბილურობა ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენი საერთო ხედვის პრაქტიკული განხორციელებისთვის- ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი საზოგადოების არსებობისთვის.
    ამიტომ, კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას. შეერთებული შტატები ერთგულია სტრატეგიული პარტნიორობის შენარჩუნების იდეისადმი. მიხარია, რომ საქართველოში ვიმყოფები", - განაცხადა ლოიდ ოსტინმა.

    ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოს სახით რეგიონში ერთგული მოკავშირე ჰყავს. ხაზგასმით აღინიშნა მაღალი დონის ორმხრივი თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. აღინიშნა, რომ თავდაცვის ძალებში მიმდინარე მოდერნიზაციის პროცესი აშშ-ის და საქართველოს ერთობლივი ძალისხმევის შედეგია, საქართველოს და აშშ-ის თავდაცვის უწყებებს შორის დღეს გაფორმებული მემორანდუმი კი უმნიშვნელოვანესია, რადგან რთული უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, საქართველომ განაგრძოს ტერიტორიული თავდაცვის შესაძლებლობების განვითარება.

    შეხვედრისას, ყურადღება გამახვილდა რეგიონში არსებულ ვითარებაზე და რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე. აშშ-ის თავდაცვის მდივანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს კიდევ ერთხელ დაუდასტურა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

    ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა რეგიონში მშვიდობის და ნდობის აღდგენის მნიშვნელობას. ამ კონტექსტში აღინიშნა შეერთებულ შტატებთან მჭიდრო თანამშრომლობით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრის მედიაციით მიღწეული შეთანხმება, რაც ხელს უწყობს დიალოგს და რეგიონში უსაფრთხოების გარემოს გაუმჯობესებას. მთავრობის მეთაური აშშ-ის თავდაცვის მდივანს ასევე ესაუბრა ახალ სამშვიდობო პლატფორმაზე - "სამხრეთ კავკასიაში სამეზობლოს მშვიდობიანი ინიციატივა", რომლითაც, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, ირაკლი ღარიბაშვილი გაეროში გამოვიდა და ყურადღება გაამახვილა ამ პროცესში აშშ-ის მხარდაჭერის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე.

    პოზიტიურად შეფასდა საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. საუბარი შეეხო ნატოს მომავალ სამიტს, რომელიც საქართველოს წინსვლის აღიარებისთვის კარგი შესაძლებლობაა და აღინიშნა მოკავშირეებს შორის კონსენსუსის მიღწევის თვალსაზრისით აშშ-ის ჩართულობის გადამწყვეტი მნიშვნელობა. განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს ავღანეთიდან განხორციელებული ევაკუაციის პროცესში, რაც, აშშ-ის თავდაცვის მდივნის შეფასებით, ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის სიძლიერისა და საერთო ღირებულებებისადმი ერთგულების კიდევ ერთი დადასტურებაა.

    მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური  

     

     

     

  • თავდაცვის სამინისტროს განცხადება აშშ-ს თავდაცვის მდივანის ვიზიტთან დაკავშირებით

    პენტაგონის ოფიციალური წარმომადგენლის დაანონსების შემდეგ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროც ადასტურებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი საქართველოს ვიზიტით ეწვევა, რაც ისტორიულ ვიზიტად შეიძლება შეფასდეს.
    აღნიშნული ვიზიტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს აშშ-სა და საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის სიმტკიცესა და თანამშრომლობის მაღალ დონეს, საერთო ღირებულებებზე დამყარებული პარტნიორობის განსამტკიცებლად.
    ხაზგასასმელია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნად ლოიდ ოსტინის დანიშვნის შემდეგ, მის მიერ ერთ-ერთი პირველი სატელეფონო ზარი საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან შედგა, სადაც ბატონმა ოსტინმა ხაზი გაუსვა საქართველოსთან, როგორც გამორჩეულ და საიმედო სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობის დიდ მნიშვნელობას და გამოხატა მეტი ჩართულობის და პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების მზაობა.
    საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორის ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის ვიზიტი კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენი ქვეყნების მჭიდრო თანამშრომლობას თავდაცვის სფეროში და ხელს შეუწყობს სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო განმტკიცებას.

  • საქართველოს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ეწვევა

    ამერიკის შეერთებული შტატების (აშშ) თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვევა. ამის შესახებ პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა.

    როგორც პენტაგონში აცხადებენ, ამერიკის თავდაცვის მდივანი მომავალ კვირაში ევროპაში მიემგზავრება. ვიზიტის ფარგლებში ლოიდ ოსტინი საქართველოს, უკრაინას და რუმინეთს ეწვევა, ვიზიტს კი, ბრიუსელში თავდაცვის მინისტერიალზე დაასრულებს.

    ლოიდ ოსტინის ვიზიტის დაწყების ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

    წყარო: https://1tv.ge/news/momdevno-kviras-saqartvelos-ashsh-is-tavdacvis-mdivani-ewveva/

  • ამერიკელი ოფიციალური პირები ყატარში პირისპირ შეხვდნენ თალიბანის წარმომადგენლებს

    აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა ნედ პრაისმა, თავის წერილობით განცხადებაში აღნიშნა, რომ ზოგიერთმა ამერიკელმა ჩინოვნიკმა 9-10 ოქტომბერს ყატარის დედაქალაქ დოჰაში მოლაპარაკებები გამართა თალიბანის წარმომადგენლებთან. ამის შესახებ "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

    მისივე თქმით, შეხვედრაზე განიხილეს ავღანეთში შექმნილი ბოლო ვითარება. ამავე განცხადებით, ეს იყო თალიბანების მიერ ავღანეთზე კონტროლის დამყარების შემდეგ მხარეების პირველი შეხვედრა და მოლაპარაკებები მეგობრულ ატმოსფეროში წარიმართა.

    შეხვედრის დროს პრიორიტეტი მიენიჭა ამერიკელებისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეების უსაფრთხო გასვლის საკითხს. გარდა ამისა, განიხილეს ქვეყანაში ადამიანის უფლებების საკითხებიც, მათ შორის ქალების ადექვატური წარმომადგენლობა და ხაზგასმით აღინიშნა, რომ აშშ-ი უშუალოდ დაეხმარება ავღანელ ხალხს.

    მოლაპარაკებების დროს ამერიკულმა მხარემ ხაზი გაუსვა, რომ ის განსაზღვრავს საგზაო რუკას თალიბანის ქმედებების და არა მათი სიტყვების მიხედვით. როგორც ცნობილია 30 აგვისტოდან ავღანეთს თალიბანი მართავს.

  • აშშ-ის საელჩოს განცხადება 2021 წლის მუნიციპალური არჩევნების შესახებ
    ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ულოცავს ქართველს ხალხს, ათასობით საარჩევნო მუშაკსა და ადგილობრივ პროფესიონალ დამკვირვებელს, ვინც მონაწილეობდა 2 ოქტომბრის არჩევნებში. ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა კოვიდ პანდემიის მიუხედავად, გამოხატავს ქართველი ხალხის მტკიცე ერთგულებას დემოკრატიისა და საქართველოს ევროატლანტიკური გზის მიმართ. მუნიციპალური არჩევნები მნიშვნელოვანია, რადგან ყველაზე მეტად, ადგილობრივ დონეზეა შესაძლებელი უშუალოდ დაკმაყოფილდეს მოქალაქეთა საჭიროებები და ინტერესები მათ მიერ არჩეული წარმომადგენლების მიერ. საქართველოს მოქალაქეებს ხშირად გამოუთქვამთ სურვილი, ჰქონდეთ მეტი ხმა იმ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რომელიც მათ ცხოვრებაზე ახდენს გავლენას. ამ არჩევნებში ადგილობრივ საკითხებზე ყურადღების ნაკლებობა დაკარგული შესაძლებლობაა ამ მიზნის მიღწევის გზაზე.
    ამერიკის შეერთებული შტატები იზიარებს ეუთო/ოდირის პირველად შეფასებას, რომ არჩევნები ტექნიკურად კარგად იყო ადმინისტრირებული, მაგრამ [საარჩევნო] გარემო დაზიანებული იყო ფართოდ გავრცელებული და განმეორებითი საჩივრებით დაშინების, ხმების მოსყიდვის, კანდიდატებსა და ამომრჩევლებზე ზეწოლის, მოქალაქე დამკვირვებლების პარტიის წარმომადგენლებად არასათანადო გამოყენების, არათანაბარი სამოქმედო პირობების შესახებ, მათ შორის, წინასაარჩევნო პერიოდშიც. მაშინ როცა ამომრჩევლებს ჰქონდათ შესაძლებლობა ძირითადად მშვიდ გარემოში მიეცათ ხმა 2 ოქტომბერს, საარჩევნები პროცესი უფრო მეტია ვიდრე მხოლოდ არჩევნების დღე. ჩვენ ვიზიარებთ ოდირის წუხილს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა პოლარიზებული მედიაგარემო, რესურსების მნიშვნელოვანი დისბალანსი, კამპანიის ფინანსებზე არასაკმარისი ზედამხედველობა, ქალთა ნაკლები წარმომადგენლობა კამპანიაში, ცნობები ადმინისტრაციული რესურსების არასათანადოდ გამოყენებისა და ჟურნალისტებზე ზეწოლის შესახებ.
    ჩვენ ვაფასებთ ადგილობრივ საარჩევნო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, განსაკუთრებით „ისფედს", „საიას", „მრავალეროვან საქართველოსა", და „საერთაშორისო გამჭვირვალობას", საზოგადოებისთვის საფუძვლიანი და დაბალანსებული შეფასებებისა და სანდო ინფორმაციის მიწოდებისთვის კამპანიის პერიოდში და არჩევნების დღეს. მათმა მნიშვნელოვანმა წვლილმა დროთა განმავლობაში გააუმჯობესა საარჩევნო პროცესი. ჩვენ შეწუხებული ვართ ცნობებით, რომ ამ პატივსაცემ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს ექმნებოდათ დაბრკოლებები არჩევნების დაკვირვების პროცესში.
    სახელმწიფოსა და პარტიულ რესურსებს შორის წაშლილი ზღვარი ღრმად შემაშფოთებელია. ადმინისტრაციული რესურსების არასათანადოდ გამოყენების შესახებ მნიშვნელოვანმა ცნობებმა წარმოშვა ეჭვი არჩევნების ზოგადი სამართლიანობის შესახებ. ბევრ ქალაქსა და სოფელში მასწავლებლების, სამართალდამცველებისა და საჯარო სექტორის თანამშრომლების მიმართ ზეწოლამ, მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ხელი შეუშალა მათ თავისუფალი არჩევანის გამოხატვაში არჩევნების დღეს. ასეთი ტიპის დარღვევებს ხშირად ჰქონია ადგილი საქართველოს არჩევნებში, რაც სრულად შეუთავსებელია საქართველოს ევროატლანტიკურ იდეალებთან. არსებობს სახიფათო რისკი, რომ ეს და სხვა განმეორებადი ხასიათის საარჩევნო დარღვევები გარდაუვალი გახდეს. საქართველოში ამომრჩევლები იმსახურებენ საარჩევნო პროცესის სამართლიანობის უფრო მაღალ სტანდარტს.
    ჩვენ, ასევე, ვწუხვართ იმ ქმედებებზე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს უკვე დაძაბული პოლიტიკური სიტუაციის უფრო მეტად პოლარიზება და დესტაბილიზაცია, ასევე, ვწუხვართ, რომ პარტიები აქცენტს აკეთებენ პირად თავდასხმებზე და არა ამომრჩეველთა პრიორიტეტებზე. ასეთი ქმედებები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ზოგიერთი პარტიის ერთგულებას პრინციპისადმი, რომ პოლიტიკური ლეგიტიმაციის მოპოვება ან დაკარგვა საარჩევნო ყუთთან უნდა ხდებოდეს.
    შექებას იმსახურებს პარლამენტის ბოლოდროინდელი ძალისხევა საარჩევნო რეფორმების განხორციელების კუთხით, წინა არჩევნებზე გამოვლენილი ზოგიერთი ნაკლოვანების აღმოსაფხვრელად. მაშინ, როდესაც ზოგიერთმა გატარებულმა ზომამ მოიტანა პოზიტიური ცვლილება, საერთო წარუმატებლობა, განმეორებადი ხასიათის დარღვევების შემცირების კუთხით, განსაკუთრებით წინა საარჩევნო პერიოდში, იმედგაცრუებას იწვევს. ჩვენ მოვუწოდებთ პარლამენტს, მათ შორის ოპოზიციურ პარტიებს კეთილსინდისიერად შეუდგნენ საქართველოს საარჩევნო სისტემის თანმიმდევრულად გაძლიერებას, განახორციელონ ძირითადი რეფორმები, მათ შორის სასამართლო რეფორმა რეკომენდებული ოდირის, ვენეციის კომისიისა და საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების მიერ და მიიღონ კონსტიტუციური ცვლილებები, რომელიც უზრუნველყოფს ყველა მომავალი საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციულობას, რისი პირობაც გაცემულია. რეფორმების პროცესი უნდა განხორციელდეს მოქალაქეთა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით.
    ახლა, პარტიათა პოლიტიკური ალიანსების ჩამოყალიბების დროა, რათა დაუყოვნებლივ გადაიჭრას საქართველოს მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები. წარსულის მსგავსად, საქართველო სიმტკიცითა და გამბედაობით უნდა გაუმკლავდეს გამოწვევებს დემოკრატიის აღმშენებლობის გზაზე. თითოეული არჩევნები დემოკრატიული პროცესის გაძლიერებისა და გაუმჯობესების შანსია. 2 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეებმა გამოიყენეს ხმის მიცემის, საკუთარი მოსაზრების მკაფიოდ დაფიქსირებისა და მათი პოლიტიკური ლიდერების ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი უფლება. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პარტიას პოლიტიკური სიტუაციის შემდგომი პოლარიზაციის მცდელობებისგან თავის შეკავებისკენ, არჩევნების შემდგომი მშვიდი გარემოს შენარჩუნებისა და საარჩევნო საჩივრების სამართლიანი, მიუკერძოებელი განხილვისკენ. მეორე ტური არის შესაძლებლობა, რომ გაუმჯობესდეს პროცესი და ჩატარდეს ორგანიზებული, კონკურენტული მეორე ტური, რომლის მიმართაც საქართველოს მოქალაქეებს სრული ნდობა ექნებათ.
    ამერიკის შეერთებული შტატები ამაყობს, რომ ქართველი ხალხის გვერდით დგას ათწლეულების განმავლობაში. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს ძალისხმევის მხარდაჭერას ძლიერი დემოკრატიის, წარმატებული ეკონომიკისა და უსაფრთხო სტაბილური ქვეყნის მშენებლობის საქმეში.
     
    აშშ-ს საელჩო საქართველოში

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური