12 წლის ანასტასია ჩხარტიშვილი თბილისში ქალთა შორის მაგიდის ჩოგბურთის ჩემპიონია
22-24 აპრილს სპორტკომპლექს არენა-1-ში გამართულ თბილისის მაგიდის ჩოგბურთის ჩემპიონატში ქალთა შორის პირველობა 12 წლის ანასტასია ჩხარტიშვილმა მოიპოვა. გამარჯვებამდე ანასტასიამ რამდენიმე მასზე გამოცდილი სპორტსმენი დაამარცხა, ფინალში დაძაბულ ბრძოლაში საქართველოს ეროვნული ქალთა ლიგის ვერცხლის პრიზიორს ნათია კაციტაძესაც მოუგო და თბილისის ჩემპიონატის ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
ანასტასია ჩხარტიშვილი მაგიდის ჩოგბურთს 2018 წლის დეკემბრიდან თამაშობს. ამ პერიოდის განმავლობაში იგი მინი კადეტ გოგონებში ორჯერ გახდა ვიცე ჩემპიონი. 2021 წელს კი კადეტ გოგონათა შორის ჩემპიონი და ქალთა შორის ჩემპიონი გახდა. ბოლო ტიტული მან 2021 წლის 24 აპრილს მოიპოვა. მისი ასაკისა და მომზადების პერიოდის გათვალისწინებით ანასტასიას შედეგი მნიშვნელოვანი და საყურადღებოა.
ანასტასია წარმატებით თამაშობს საქართველოს სპორტისა და კულტურის სამინისტროს მიერ #BE ACTIVE ფარგლებში ორგანიზებულ მოზარდთა ლიგაში, რომელიც მიმდინარე წლის 3 აპრილს დაიწყო და ამავე წლის 5 ივნისს დასრულება. აღნიშნული ტურნირი იმით არის საინტერესო, რომ იქ ერთად თამაშობენ კადეტი ვაჟები და გოგონები. უნდა აღინიშნოს, რომ მოცემული ტურნირის მსველელობის დროს ანასტასიამ არაერთი ტიტულოვანი ვაჟი დაამარცხა. მათ შორის, კადეტ ვაჟთა შორის ამჟამად მოქმედი ჩემპიონი.
ამ ეტაპისთვის ანასტასია ჩხარტიშვილი ლიგის მონაწილეთა შორის ვაჟთა და გოგონათა საერთო ცხრილში, გოგონებში პირველ ადგილს მნიშვნელოვანი უპირატესობით იკავებს, ხოლო ვაჟთა შორის ის მეორე პოზიციაზეა.
წინ საქართველოს პირველობაა, ამ ეტაპზე 12 წლის ანასტასია წარმატებით გამოსასვლელად ემზადება და ინდივიდუალურად ვარჯიშობს მწრთვნელი კოტე ხარატის მეთვალყურეობის ქვეშ.
ავთანდილ ოთინაშვილი