ვიწყებთ ქვეყნის მასშტაბურ განახლებას - აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი

გამოქვეყნებულია ეკონომიკა
ორშაბათი, 26 აპრილი 2021 14:00
ჩვენ ვიწყებთ ქვეყნის მასშტაბურ განახლებას - ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერ-მინისტრმა, ახალი ინიციატივის წარდგენისას განმარტა, თუ რას მოიცავს პროგრამა.
„ეს პროგრამა გულისხმობს 63 მუნიციპალიტეტში ურბანულ განახლებას, მნიშვნელოვანი კულტურული, ისტორიული მემკვიდრეობის ობიექტების რეაბილიტაციას, მუნიციპალიტეტების, ადმინისტრაციული ცენტრების რეაბილიტაციას, ასევე რეკრეაციული სივრცეების მოწყობას, რეკრეაციულ პარკებში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, ყველა მუნიციპალიტეტში, მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ობიექტების რეაბილიტაციას და მშენებლობას, ასევე, ყველა ქალაქის, ყველა მუნიციპალიტეტის, კურორტების და განსახლებების ურბანულ განახლებას. ასევე, პროგრამის ფარგლებში შეიქმნება ახალი დასასვენებელი, ტურისტული და საზოგადოებრივი ზონები.
რა თქმა უნდა, ყველას მოგეხსენებათ, რომ საქართველოში უამრავი ადგილია, რომლებიც უნდა გავხადოთ კიდევ უფრო მიმზიდველი, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეებისთვის და ამავდროულად, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის სტუმრებისთვის, ჩვენი ტურისტებისთვის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყნის რეგიონების თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა არის ძალიან მნიშვნელოვანი.
„ჩვენი მოქალაქეებისთვის ადგილზე ცხოვრების, შრომისა და ზოგადად, განვითარების პირობების გაუმჯობესება ყველგან, სახელმწიფოს მთავარი მიზანი უნდა გახდეს. ქვეყნის რეგიონებში ადგილობრივი მოსახლეობისათვის ტურისტულად საინტერესო ახალი მიზიდულობის ცენტრების გაჩენა, სოციალური გარემოს გაუმჯობესება, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს თითოეული რეგიონის ეკონომიკური მდგომარეობის გაჯანსაღებას, განახლებას, განვითარებას და მოსახლეობისთვის ახალი შესაძლებლობების გაჩენას.
რეგიონების განახლების პროექტის პირველი ეტაპის ღირებულება შეადგენს 500 მლნ ლარს. პროექტი ითვალისწინებს, პირველ რიგში, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. ჩვენი ვარაუდით, დაახლოებით 15 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება პროექტის ფარგლებში და დასაქმდება ჩვენი რეგიონების მოსახლეობა.
პროგრამით გათვალისწინებულ პროექტებზე ტენდერები ამ კვირაშივე გამოცხადდება და როგორც მოგახსენეთ, 63 მუნიციპალიტეტში ჩვენ ივნისიდან დავიწყებთ მასშტაბურ სამუშაოებს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, პროგრამით გათვალისწინებულ პროექტებს განახორციელებენ რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს „მუნიციპალური განვითარების ფონდი“ და ასევე მუნიციპალიტეტები.
„პროგრამის დაფინანსება 500 მლნ ლარის ფარგლებში მოხდება როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ისე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დახმარებით.
რაც შეეხება პროგრამას, პროგრამაში და პროექტში ჩაერთვება ყველა საუკეთესო არქიტექტორი. რა თქმა უნდა, ყველა რეგიონის და მუნიციპალიტეტის ადგილზე არსებული ავთენტურობის შენარჩუნებით და ეს იქნება ძალიან ძლიერი დასაწყისი იმისა, რომ მოხდეს ჩვენი ქვეყნის მასშტაბური განახლება.
ჩვენ ამ სამუშაოებს დავიწყებთ ძალიან მალე. ბატონი ირაკლი ქარსელაძე და მისი გუნდი ბოლო 2 წლის განმავლობაში მუშაობდა ძალიან აქტიურად და მე მინდა მას მადლობა ვუთხრა. ახლა უკვე რეალურად საქმეზე უნდა გადავიდეთ. ჩვენ მაქსიმალურად ახალი სტანდარტი უნდა დავამკვიდროთ ყველგან და თანაბრად, ყველა მუნიციპალიტეტში. ახალი, ევროპული სტანდარტი, რომელიც შეცვლის მთლიანად ჩვენი ქვეყნის საერთო სურათს. ახლა ჩვენ გვჭირდება მაქსიმალური მობილიზება, მეტი საქმე, მეტი შრომა და ჩვენი მოსახლეობის გვერდში დგომა და დახმარება“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
წაკითხულია 406 ჯერ

Related items

  • ევროკომისიის მოსაზრება საქართველოს ევროპული პერსპექტივის შესახებ ოფიციალურად იქნა აღიარებული

    საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის მინიჭების შესახებ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება და ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრის პეტერ სიიარტოს შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები.

    ირაკლი ღარიბაშვილმა პეტერ სიიარტოს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისადმი მკაფიო მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მადლიერია პრინციპული პოზიციის დაფიქსირებისთვის.

    მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ევროკომისიის მოსაზრება საქართველოს ევროპული პერსპექტივის შესახებ ოფიციალურად იქნა აღიარებული, რაც ევროკომისიის რეკომენდაციით, ევროპულმა საბჭომ კიდევ ერთხელ დაადასტურა.

    პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ასოცირების დღის წესრიგში ჩაწერილ ყველა რეფორმაზე მუშაობას აგრძელებს და დემოკრატიული რეფორმების გატარების მიმართულებით აღებულ ყველა ვალდებულებას ბოლომდე მიიყვანს.

    ირაკლი ღარიბაშვილმა პეტერ სიიარტოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. თავის მხრივ, უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაადასტურა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, აგრეთვე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესისადმი.
    შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და უნგრეთს შორის არაერთი მიმართულებით არსებულ წარმატებულ პარტნიორობას და აღნიშნული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების მზაობა გამოითქვა.
    მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ანა მარია შიკო, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უნგრეთში ზაალ გოგსაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე ესწრებოდნენ.

    მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური

  • საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში მთავრობის ერთი წლის მუშაობის ანგარიში წარადგინა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს პარლამენტში პოლიტიკური დებატების ფორმატში მთავრობის ერთი წლის მუშაობის ანგარიში წარადგინა.
    როგორც ი.ღარიბაშვილმა აღნიშნა, საუბარი მინდა იმ მთავარი მიღწევით დავიწყოთ, რომლის მომსწრენიც ყველა ერთად გავხდით რამდენიმე დღის წინ.
    „ევროკომისიამ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, და ოფიციალურ დოკუმენტში დიდი ხნის ნანატრი ჩანაწერი გამოჩნდა“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.
    საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, არსებობდა მოლოდინი, რომ ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მიიღებდა, როგორც უკრაინა და მოლდოვა, მაგრამ ამ მხრივ მათ განსხვავებული მიდგომა დააფიქსირეს. მისივე თქმით, ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, „მიუხედავად იმ მძიმე მემკვიდრეობისა, რაც მემკვიდრეობით მიიღო“.
    „ევროკომისიამ დოკუმენტში მკაფიოდ განაცხადა, რომ რეკომენდაციას აძლევს ევროპულ საბჭოს, შეუნარჩუნოს საქართველოს ევროპული პერსპექტივა, რათა ის გახდეს ევროკავშირის წევრი. ეს არის ევროკომისიის ისტორიული გადაწყვეტილება“, - დასძინა ი.ღარიბაშვილმა.
    პრემიერის თქმით, მთავრობა, პარლამენტთან ერთად, მთელი გუნდით მზად არის და მოტივირებულია გააგრძელოს ყველა ის რეფორმა, რაც ქვეყანას და ხალხს სჭირდება.
    საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა დეპუტატებს სამთავრობო პროგრამის განხორციელების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. შემდეგ იგი უპასუხებს კითხვებს. შემდეგ იქნება პოლიტიკური განცხადებები და პოლიტიკური დებატები.
    საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, 1 ივნისს პრემიერ-მინისტრმა პარლამენტს წერილობით წარუდგინა ყოველწლიური ანგარიში სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ.

  • პრემიერ-მინისტრი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს კარენ დონფრიდს შეხვდა

    საქართველოს მიმართ აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა, ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის კარენ დონფრიდის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები.

    მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ვიზიტი კიდევ ერთი მკაფიო გზავნილია აშშ-ის მხრიდან საქართველოს ურყევი მხარდაჭერისა და ქვეყანა ამას განსაკუთრებულად აფასებს. მისივე თქმით, საქართველო არის და რჩება აშშ-ის ყველაზე საიმედო და ერთგულ მოკავშირედ როგორც რეგიონში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

    ყურადღება დაეთმო საქართველო - აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად გაძლიერების მნიშვნელობას, მათ შორის, საქართველო - აშშ-ის მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის გააქტიურების, აგრეთვე თავდაცვისა და უსაფრთხოების, სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო მიმართულებებით.

    პრემიერთან შეხვედრისას კიდევ ერთხელ აღინიშნა აშშ-ის ურყევი და მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, ისევე როგორც ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი.

    მთავრობის მეთაურის განცხადებით, საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის ნება, რომ მოხდეს ქვეყნის ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, ურყევია.

    ამასთან, მხარეებმა განიხილეს უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები.

    საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას და საქართველოს უმნიშვნელოვანეს როლს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში.

    მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას აშშ-ის მხრიდან - საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კელი დეგნანი, ხოლო საქართველოს მხრიდან - საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე ესწრებოდნენ.


    მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური

  • პრემიერ-მინისტრი თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ფატმა ჯერენ იაზგანს შეხვდა.
    ელჩის გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლური ურთიერთობები და სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განვითარების საკითხები განიხილეს.
    საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერის აუცილებლობას. ხაზგასმით აღინიშნა, რომ მშვიდობა და სტაბილურობა რჩება რეგიონის განვითარებისა და გრძელვადიანი კეთილდღეობის წინაპირობად. განიხილეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ინიცირებული „სამხრეთ კავკასიაში სამეზობლოს მშვიდობიანი ინიციატივა". აღინიშნა, რომ საქართველო ყოველთვის იყო სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანამშრომლობის და თანაცხოვრების მომხრე და მზადაა, ხელი შეუწყოს რეგიონული დიალოგის წარმართვას.
    შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის ეკონომიკურ თანამშრომლობაზე. აღინიშნა, რომ არსებული რეგიონული პროექტები საქართველოსა და თურქეთს შორის ეფექტური სტრატეგიული თანამშრომლობის და საიმედო პარტნიორობის ნათელი მაგალითია.
    მთავრობის მეთაურმა თურქ დიპლომატს თურქეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებაში გაწეული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ პროფესიულ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

    მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური

  • ლი კეციანი საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ქართველ ხალხს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30-ე წლისთავს ულოცავს

    ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერი ლი კეციანი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ქართველ ხალხს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30-ე წლისთავს ულოცავს.

    ლი კეციანის თქმით, დიპლომატიური კავშირების დამყარების შემდეგ 30 წლის განმავლობაში ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები მტკიცედ და სტაბილურად ვითარდება.

    "ჩინეთის მთავრობის და პირადად ჩემი სახელით, გულწრფელად გილოცავთ თქვენ, საქართველოს მთავრობას და ქართველ ხალხს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30-ე წლისთავს და გისურვებთ წარმატებებს.
    დიპლომატიური კავშირების დამყარების შემდეგ ამ 30 წლის განმავლობაში ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები მტკიცედ და სტაბილურად ვითარდება, პოლიტიკური ნდობა მხარეებს შორის იზრდება, სხვადასხვა სფეროში შეინიშნება პრაგმატული თანამშრომლობის დამაჯერებელი წინსვლა, ხოლო მოქალაქეთა შორის ურთიერთობები და კულტურული გაცვლა სულ უფრო მტკიცე ხდება.

    ჩემი სურვილია თქვენთან თანამშრომლობა და ჩვენ შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30-ე წლისთავის გამოყენება, როგორც სხვადასხვა სფეროში ჩვენი ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების, ასევე ჩვენი ქვეყნებისა და ერების სასიკეთოდ ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების და მეგობრობის კონოტაციის გაფართოების შესაძლებლობა.

    გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებას თქვენს საქმიანობაში.

    გაუმარჯოს ჩინეთ-საქართველოს მარადიულ მეგობრობას!", - აღნიშნავს ლი კეციანი.

    მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივნისი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური