მინისტრებმა ხელი მოაწერეს სამინისტროებს შორის თანამშრომლობის 2021-2022 წლის სამოქმედო გეგმას

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 26 აპრილი 2021 12:31

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბოგდან აურესკუმ ხელი მოაწერეს 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმას საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის. ხელმოწერის ცერემონია ქ. ბუქარესტში ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში გაიმართა.

საგარეო უწყების ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე დავით ზალკალიანმა კოლეგას მადლობა გადაუხადა რუმინეთი-პოლონეთი-თურქეთის სამმხრივ მინისტერიალზე საქართველოს და უკრაინის მოწვევის გამო, რაც რუმინეთის მხრიდან საქართველოს მტკიცე მხარდაჭერის მორიგი დემონსტრირებაა. 

მინისტრებმა ხაზი გაუსვეს საქართველო-რუმინეთის ახლო მეგობრობას და მჭიდრო პარტნიორობას შავი ზღვის რეგიონში, ისევე როგორც რუმინეთის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების და ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონის უსაფრთხოების გარემოს.

მინისტრებმა მიმოიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება და ხაზი გაუსვეს როგორც პარტნიორი ქვეყნების, ასევე ევროკავშირის ჩართულობის მნიშვნელობას ადგილზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში. ხაზი გაესვა საქართველოს და რუმინეთის, როგორც შავი ზღვის აუზის ქვეყნების თანამშრომლობის მნიშვნელობას ტრანსპორტის, ენერგეტიკის და საერთაშორისო სატრანზიტო კავშირების განვითარების მიმართულებით. ამ მხრივ კიდევ ერთხელ აღინიშნა კასპია-შავი ზღვის საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის შეთანხმება, რომელიც 4 ქვეყნის მონაწილეობით 2019 წელს ბუქარესტში გაფორმდა. 

მინისტრებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს მნიშვნელოვან როლზე ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოების და ევროპა-აზიის ეფექტიანი კავშირის უზრუნველყოფის კონტექსტში. ამ მხრივ საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ფარგლებში დაკავშირებათობის დიალოგის დაფუძნების მნიშვნელობას.

წაკითხულია 168 ჯერ

Related items

  • სლოვენიაში ვიზიტის ფარგლებში, ქ. პორტოროჟში საქართველოს საპატიო საკონსულო გაიხსნა

    სლოვენიაში ვიზიტის ფარგლებში, ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო სლოვენიის ქ. პორტოროჟში საქართველოს საპატიო საკონსულოს გახსნის ცერემონიაში. აღსანიშნავია, რომ სლოვენიაში პირველად გაიხსნა საქართველოს საპატიო საკონსულო.
    დავით ზალკალიანმა ანდრეი მალგაის მიულოცა საპატიო კონსულად დანიშნვა და ხაზი გაუსვა საკონსულოს გახსნის მნიშვნელობას სლოვენიის სატრანსპორტო ცენტრში - პრიმორსკას რეგიონში. მინისტრმა ისაუბრა ორ ქვეყანას შორის არსებულ წარმატებულ თანამშრომლობაზე, როგორც პოლიტიკის, ისე ეკონომიკის, ტურიზმისა და კულტურის სფეროებში და ხაზი გაუსვა სავაჭრო, საინვესტიციო და ხალხთაშორისი ურთიერთობების გაღრმავებაში საპატიო საკონსულოს როლს.
    მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ საპატიო საკონსულოს გახსნით, საქართველო - სლოვენიის მჭიდრო ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდება და ანდრეი მალგაის წარმატებები უსურვა.
    ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს ელჩმა სლოვენიის რესპუბლიკაში, ირაკლი კოპლატაძემ და საპატიო კონსულმა ანდრეი მალგაიმ.
    საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი 14-16 ოქტომბერს, სლოვენიაში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრებს გამართავს ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებთან.

  • რუმინეთში საპარაშუტო მომზადების პროგრამა დასრულდა (ვიდეო)

    რუმინეთის ქალაქ ბრაშოვში რუმინეთის სპეციალური ოპერაციების ძალებისა და საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალების ქვედანაყოფებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში „გაერთიანებული ერთობლივი გაცვლითი წვრთნები“ (Joint Combined Exchange Training/JCET) ჩატარდა.
    წვრთნების ფარგლებში, სპეციალური ოპერაციების ძალების წარმომადგენლებმა საპარაშუტო მომზადება გაიარეს, რომელიც 6 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. სწავლების პროგრამა რამდენიმე ეტაპად განხორციელდა და მოიცავდა როგორც პარაშუტის დაკეცვის, ასევე სხვადასხვა სიმაღლიდან - 1200-4000 მეტრიდან თავისუფალი ვარდნის პარაშუტით ხტომებს (სტატიკური ხაზით ხტომებსა და პარაშუტის ხელით გახსნის ხტომებს). სწავლების პერიოდში მებრძოლები შეფასდნენ შუალედური და შემაჯამებელი ტესტირებებით, რასაც წარმატებით გაართვეს თავი. 
    საპარაშუტე პროგრამა რუმინელ პარტნიორებთან ერთად უკვე მეორედ განხორციელდა. აღნიშნული წვრთნების ჩატარება ქართველ და რუმინელ სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედროებს შორის სამომავლოდაც იგეგმება.

  • ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე რუმინეთის ელჩს შეხვდა

    საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი საქართველოში რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს რუზვან როტუნდუს შეხვდა.  

    შეხვედრისას მხარეებმა საქართველოში 2 ოქტომბერს დაგეგმილ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებზე ისაუბრეს. ცესკოს თავმჯდომარემ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა რუმინეთის ელჩს თუ რა სიახლეები დაინერგა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და როგორ ემზადება ცესკო არჩევნების გამჭვირვალე და უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად. 

    რუმინეთის ელჩი განსაკუთრებით დაინტერესდა ხმის დათვლის ვიდეოფიქსაციის წესითა და საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიის გამოყენების საპილოტე პროგრამით. რუზვან როტუნდუმ გიორგი კალანდარიშვილს  ამ მიმართულებით რუმინეთის გამოცდილება გაუზიარა. რუმინეთის ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ საელჩო მზად არის დააკვირდეს 2 ოქტომბრის არჩევნებს.

    გიორგი კალანდარიშვილისა და რუმინეთის ელჩის შეხვედრა  დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაიმართა.

  • აშშ-ის კონგრესმენების ჯგუფის ვიზიტი საქართველოში

    2021 წლის 7 სექტემბერს საქართველოს ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა საქართველოში ვიზიტად მყოფ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრების ჯგუფთან, რომლის შემადგენლობაში შედიან კონგრესმენები ალექს მუნი (დასავლეთ ვირჯინია), ბრაიან სტილი (ვისკონსინი), კელი არმსტრონგი (ჩრდ. დაკოტა), კეროლ მილერი (დასავლეთ ვირჯინია) და რონ ესტესი (კანზასი). დელეგაციაში შემავალი კონგრესმენების უმრავლესობა 2021 წლის თებერვალში წარმომადგენელთა პალატაში ინიცირებული „საქართველოს მხარდამჭერი აქტის“ თანასპონსორია. ვიზტი საქართველოს პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მასპინძლობით იმართება.
    სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართული შეხვედრისას განხილულ იქნა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის საკითხების ფართო სპექტრი და ქვეყნებს შორის არსებული მტკიცე და დინამიური თანამშრომლობ ყველა პრიორიტეტული მიმართულებით. განსაკუთრებული ყურადღება იქნა გამახვილებული აშშ-სა და საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე, ვაჭრობისა და ეკონომიკის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაზე.
    მხარეებმა, ასევე, განიხილეს რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული ვითარება, აშშ-ის კონგრესის განსაკუთრებული როლი დეოკუპაციისა და კონფლიქტის მოგვარების პროცესში და შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების საკითხები. დავით ზალკალიანმა კონგრესმენებს მადლობა გადაუხადა საქართველოს მიმართ აშშ-ის კონგრესის მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერისთვის.
    საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოში კონგრესმენების ვიზიტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების რთული გარემოს ფონზე და განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა „საქართველოს მხარდამჭერი აქტის“ წარმომადგენელთა პალატაში თანასპონსორობის გამო, რომელიც საკანონმდებლო დონეზე ამყარებს საქართველოსადმი აშშ-ის მხარდაჭერას და თვისობრივად ახალ დონეზე აჰყავს აშშ-სა და საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა. ასევე, მადლიერებით აღინიშნა აშშ-ის თანმიმდევრული მხარდაჭერა და აქტიური ჩართულობა საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების შემდგომი კონსოლიდაციის პროცესში. დავით ზალკალიანმა შეხვედრისას კონგრესმენებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების შესახებ.
    მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის, მცოცავი ანექსიისა და ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის ფაქტებზე. ხაზი გაესვა საერთაშორისო თანამეგობრობის, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების ჩართულობისა და მხარდაჭერის მნიშვნელობას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და დეოკუპაციის საქმეში. კონგრესმენებმა, რომელთაც ვიზიტის ფარგლებში უკვე მოინახულეს საოკუპაციო ხაზი, კიდევ ერთხელ დაადასტურეს აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. შეხვედრაზე, ასევე, განხილულ იქნა რეგიონული უსაფრთხოების საკითხები და ხაზი გაესვა აშშ-ის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებაში. აღინიშნა საქართველოს მონაწილეობა და მნიშვნელოვანი როლი ავღანეთში უსაფრთხოების გარემოს გაუარესების ფონზე ქაბულიდან გადაუდებელი ევაკუაციის პროცესში. თავის მხრივ, კონგრესმენებმა შეხვედრაზე მადლიერება გამოხატეს საქართველოს წვლილისთვის საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში .
    კონგრესმენებთან შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა აშშ-საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობის გაღრმავებაზე და საქართველოში მეტი ამერიკული ინვესტიციის მოზიდვის მნიშვნელობაზე. ხაზი გაესვა აშშ-ის კონგრესის მხარდაჭერისა და ჩართულობის მნიშვნელობას ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების წახალისების კუთხით.
    მხარეებმა დაადასტურეს მზაობა განაგრძონ მუშაობა აშშ-საქართველოს სტარტეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისა და გაფართოების მიზნით.

    საგარეოს პრეს-რელიზი

  • დავით ზალკალიანსა და იაირ ლაპიდს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

    საქართველოს ვიცე-პრემიერ, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანსა და ისრაელის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრ, ალტერნატიულ პრემიერ-მინიტრ იაირ ლაპიდს (Alternate Prime Minister) შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

    როგორც "ნიუს დეი საქართველოს" საგარეოს ადმინისტრაციაში განუცხადეს, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს ქართველი და ებრაელი ხალხის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციული მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობას და მათი შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებს.
    სატელეფონო საუბრისას განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები და ხაზი გაესვა დიდ პოტენციალს ეკონომიკური მიმართულებით, რომელიც მოიცავს ორმხრივი ვაჭრობის, ინვესტიციებისა და ტურიზმის სფეროებს.
    მხარეებმა მიმოიხილეს გლობალური პანდემიის გამოწვევის წინააღმდეგ ბრძოლის გზები და ორი ქვეყნის პარტნიორული ურთიერთობების  განვითარების დინამიკა. იაირ ლაპიდმა ქართველი კოლეგა ოფიციალური ვიზიტით მიიწვია ისრაელში და იმედი გამოთქვა, რომ მხარეებს მიეცემათ შესაძლებლობა მომავალი ვიზიტის ფარგლებში უფრო დეტალურად განიხილონ ყველა მნიშვნელოვანი საკითხი.
    დავით ზალკალიანმა ისრაელელ კოლეგას მიულოცა თანამდებობაზე დანიშვნა, უსურვა წარმატება მომავალ საქმიანობაში და თავის მხრივ დაუდასტურა მზადყოფნა მისთვის ხელსაყრელ დროს უმასპინძლოს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით.

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთი იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამაში ჩაერთო

ლიბერთი იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამაში ჩაერთო

ლიბერთი, სააგენტოს აწარმოე საქართველოში „სუბსიდირე...

პოპულარული

« ოქტომბერი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური