ილუსტრაციების კონკურსი რუსეთის ოკუპაციის თემაზე

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 13 აპრილი 2021 19:00

10 აპრილს, საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტმა (GISP) რუსეთის ოკუპაციასთან დაკავშირებული ილუსტრაციების კონკურსი „რუსეთის ოკუპაცია 1921 წლიდან დღემდე“ გამოაცხადა.

ილუსტრაციების კონკურსის მიზანია კიდევ ერთხელ შევახსენოთ საზოგადოებას ოკუპაციის სიმძაფრე. ილუსტრაციებით გადმოვცეთ ის საფრთხე და ტკივილი, რაც ამ მტრული მოქმედებებით მიადგა საქართველოს.

კონკურსი ემთხვევა საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ეს კონკურს მხოლოდ 100 წლის წინანდელ მოვლენებს ეძღვნება. კონკურსის თემა მოიცავს 1921 წლიდან დაწყებულ მოვლენებს, რომელიც დღესაც გრძელდება მცოცავი ოკუპაციისა თუ ჰიბრიდული ომის სახით.

ნამუშევრებში გადმოცემული უნდა იყოს,  განსაკუთრებით, რუსული ოკუპაციის ემოციური ნაწილი. რა გავლენა იქონია რუსეთის ოკუპაციამ და მცოცავმა ანექსიამ  ე.წ. საოკუპაციო ხაზის მახლობლად მცხოვრები ადამიანების ბედსა და ყოველდღიურ ცხოვრებაზე. როგორ შეცვალა 2008 წლის მოვლენებმა იმ ადამიანების ყოფა, ვინც იძულებით დატოვა საკუთარი სახლი და დევნილთა დასახლებებში განაგრძო ცხოვრება, როგორ იზრდება თაობები საკუთარი სახლებიდან შორს და ა.შ.

კონკურსის შედეგად შეიქმნება ოკუპაციის თემაზე  ორიგინალური, ადვილად აღსაქმელი და ინფორმაციული ილუსტრაციები.

ილუსტრაციების კონკურსი: „რუსეთის ოკუპაცია 1921 წლიდან დღემდე“ 10 მაისს დასრულდება.

დეტალურ ინფორმაციას და კონკურსის პირობებს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ: https://bit.ly/3mDRTsQ

***

საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტი არის ანალიტიკური ცენტრი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების გარემოს გაუმჯობესებას.

GISP-ის პრეს-რელიზი

წაკითხულია 234 ჯერ

Related items

  • კულტურის სამინისტროს ძალისხმევით რუსეთში გატანილი სამუზეუმო ექსპონატები საქართველოში დაბრუნდა
    საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე 2003 წელს რუსეთში საგამოფენოდ გატანილი ნამუშევრების საქართველოში დაბრუნების შესახებ გააკეთა განცხადება.
    საქართველოდან 2003 წელს რუსეთის ფედერაციაში დროებით საექსპოზიციოდ გადაცემული ნახატები წლების განმავლობაში რუსეთის მეცნიერებათა და ხელოვნების აკადემიის საცავებში ინახებოდა.
    თეა წულუკიანის ინიციატივით, დღეს, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმს თავისი ექვსივე ექსპონატი დაუბრუნდა. სამუზეუმო ექსპონატების საქართველოში დასაბრუნებლად მოლაპარაკებები საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილის, კახა სიხარულიძის და რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საქართველოს ინტერესების სექციის ხელმძღვანელის, გიორგი ქაჯაიას აქტიური მონაწილეობით წარიმართა.
    დღეს ექვსი ექსპონატი ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმს უბრუნდება. ესენია: ბორის ფოგელი - ,,თელავი“ (1936 წ.); ევგენი ლანსერე - ,,ხევსურეთი“ (1926 წ.); ბორის ფოგელი - ,,სასულიერო სემინარია“ (1934 წ.); გრიგორი გაგარინი - ,,ქართველი ქალები“ (1854 წ.); ლევ ლაგორიო - ,,ანასტასია ორბელიანი-გაგარინას პორტრეტი“ (1850 წ.), კარლ ჟუკოვსკი - „ივანე ანდრონიკაშვილის პორტრეტი“ (1850 წ.).
    თეა წულუკიანმა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე კახა სიხარულიძესა და გიორგი ქაჯაიას თავდაუზოგავი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა. ასევე, პროექტის მხარდაჭერისთვის მინისტრმა მადლობა გადაუხადა ცნობილ ქართველ მოქანდაკეს, საქართველოს სახალხო მხატვარს ზურაბ წერეთელს. ბრიფინგს ესწრებოდა შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის, ეროვნული გალერეისა და სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორი, ნიკა ახალბედაშვილი.
    შეგახსენებთ, რომ თეა წულუკიანის ინიციატივით, 2021 წლის აპრილში დაიწყო სხვადასხვა დროს (1999-2010 წლები) შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმიდან და დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეიდან გატანილი ექსპონატების შეგროვება და მუზეუმისთვის მათი დაბრუნება. მაგალითად, მიმდინარე წლის სექტემბერში დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეას 2010 წელს ჩეხეთის რესპუბლიკაში გატანილი ოთხი ფერწერული ტილო დაუბრუნდა - ირაკლი სუთიძის ,,ნატურმორტი“, თენგიზ ცხონდიას ,,ქართლი“, ომარ კაჭკაჭიშვილის ,,ადრეული გაზაფხული“ და გურამ ნავროზაშვილის ,,აღორძინება“. მანამდე კი, მიმდინარე წლის მაისში შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმსა და ეროვნულ გალერეას დაუბრუნდა კულტურის სამინისტროში მოძიებული 12 ფერწერული ტილო (ელენე ახვლედიანი, „ფასანაური“; ელენე ახვლედიანი, „ძველი ქუთაისი“; ედმონდ კალანდაძე, „ძველი სასაფლაო - ბაზილიკა“; გურამ (ხიტა) ქუთათელაძე, „ნატურმორტი“; გურამ (ხიტა) ქუთათელაძე, „პეიზაჟი“; ლევან ლაღიძე, „განდევნა“; სერგო ქობულაძე, „რუსთაველი“; სერგო ქობულაძე, „დანტე“; იდა ოცხელი, „ფოთოლცვენა“; რადიშ თორდია, „მოხუცი ქალი შემოდგომის ყვავილებით“; მიხეილ ხვიტია, „შემოდგომა“; თენგიზ ცხონდია, „ძველი თბილისის კუთხე“).
  • რუსეთში, ქარხანაში გაჩენილი ხანძრის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა

    რუსეთში, რიაზანის ოლქში, ქარხანაში გაჩენილი ხანძრის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

    მათი მონაცემებით, მოსკოვის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე რიაზანში ქიმიური ქარხნის დენთის საამქროში აფეთქება მოხდა.

    აფეთქების შემდეგ გაჩენილი ხანძრის გამო დაიღუპა 12 და დაშავდა 1 ადამიანი.

    აღინიშნა, რომ ხანძრის დროს ქარხანაში 17 ადამიანი იმყოფებოდა და 4 დაკარგული ადამიანის ძებნა გრძელდება.

    ხანძრის გამომწვევი მიზეზების დასადგენად გამოძიება დაიწყო.

  • ციმბირის სანაპიროზე ჩინეთმა და რუსეთმა ერთობლივი საზღვაო სწავლება ჩაატარეს

    გაზეთ, Global Times-ის  მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ციმბირის სანაპიროზე ჩინეთმა და რუსეთმა ერთობლივი საზღვაო სწავლება, სახელწოდებით „საერთო ზღვა 2021“, გამართეს. ამის შესახებ "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

    ამავე ინფორმაციით, სწავლება მიზნად ისახავს საზღვაო სამიზნეების ერთობლივი მანევრირებისა და სხვა საბრძოლო შესაძლებლობების გაუმჯობესებას ჩინეთისა და რუსეთის საზღვაო ძალების საკომუნიკაციო, ნაღმებისგან დაცვის, საზენიტო და წყალქვეშა ნავების გამოყენებით.

    მეორეს მხრივ, აღსანიშნავია, რომ ორმა ქვეყანამ, რომლებიც აკრიტიკებენ შეერთებული შტატების გლობალურ, რეგიონულ და სამხედრო პოლიტიკას, ატარებენ ერთობლივ წვრთნებს ისეთ დროს, როდესაც ვაშინგტონის ადმინისტრაციამ გამოაცხადა, რომ ავსტრალიას დაეხმარება წყნარი ოკეანეში ბირთვული წყალქვეშა ფლოტის ჩამოყალიბებაში, AUKUS-ის ალიანსის ფარგლებში, რომელიც შეიქმნა გაერთიანებულ სამეფოსა და ავსტრალიასთან ერთად.

     

  • ლიბერთის მხარდაჭერით საქართველოში NASA Space Apps-ის კონკურსი ჩატარდა

    ლიბერთის მხარდაჭერით საქართველომ NASA Space Apps-ს უმასპინძლა. COVID-19-ის პანდემიის გამო, NASA-ს Space Apps-ის გლობალურ ორგანიზაციულ გუნდთან ერთობლივი გადაწყვეტილებით NASA Space Apps Challenge 2021 ონლაინ რეჟიმში გაიმართა.

    ლიბერთი წელს პირველად ჩაერთო პროექტის განხორციელებაში, ჰყავდა წარმომადგენელი ჟიურიში და ახალგაზრდების ნამუშევრებს გაეცნო.

    NASA Space Apps Challenge Tbilisi 2021-ის გამარჯვებული გახდა გუნდი Starship Enterprise. გუნდის წევრები არიან კომაროვის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები
    დემეტრე საზონოვი, სანდრო ღლონტი, გიორგი ჩხიკვაძე და სანდრო ლორთქიფანიძე.
    მათ 1881 წელს შექმნილი მატარებლის დამაკავშირებელი მექანიზმის (Janney coupler) მოდელზე ააგეს ისეთი მექანიზმი, რომელიც შეძლებს კოსმოსური ობიექტების
    დაკავშირებასა და განცალკევებას მცირე იმპულსის შექმნით. ეს კი შესაძლებელს გახდის კოსმოსში მოგზაურობასა და მოქმედებებს აფეთქების გამოწვევის რისკის გარეშე.

    „ლიბერთი ყოველთვის სიამოვნებით უჭერს მხარს ნიჭიერ ახალგაზრდა თაობას, მათ ინოვაციურ იდეებს და პროექტებს, ისეთი გამორჩეული და განსაკუთრებული ადამიანების წარმოჩენას, როგორიც მსოფლიოში ყველაზე ფართომასშტაბიანი ჰაკათონის NASA Space Apps Challenge Tbilisi-ს გამარჯვებული მოსწავლეები არიან.
    განათლებული ახალი თაობა, მათი განვითარების ხელშეწყობა, მუდმივად ახლის ძიება, ინოვაციები და ნებისმიერი ასაკის ადამიანის, მათ შორის, რა თქმა უნდა, ახალგაზრდების გამოცდილების დაფასება, ჩვენი, ლიბერთის ახალი გუნდის ახალი სტრატეგიისა და ღირებულებების მნიშვნელოვანი ნაწილია. მოხარული ვარ, რომ ასეთი მნიშვნელოვანი კონკურსი საქართველოში ტარდება და ჩვენი ახალი თაობა მასში ყოველთვის აქტიურად მონაწილეობს“,- განაცხადა ლიბერთის გენერალური დირექტორის მოადგილე, ინფორმაციული ტექნოლოგიების დირექტორმა თორნიკე ბენიძემ.

    NASA Space Apps მსოფლიოში ყველაზე ფართომასშტაბიანი ჰაკათონია, რომელიც 323 სხვადასხვა ადგილას 48 საათზე დიდხანს მიმდინარეობს და აერთიანებს კოდერებს, მკვლევარებს, დიზაინერებს, მშენებლებს, ტექნოლოგებსა და შემოქმედებით ადამიანებს სხვადასხვა გამოწვევასთან გასამკლავებლად. წლევანდელ Space Apps-ის ვირტუალურ ღონიძიებას - 28,286 მონაწილე ჰყავდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

    NASA Space Apps Challenge Tbilisi 2021-ის კონკურსის მიერ გამოვლენილი საუკეთესო გუნდის პროექტის გამარჯვების შემთხვევაში მას Global Awards–ზე წარადგენენ.

  • საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება რუსეთის ფედერაციის დუმის არჩევნების საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებასთან დაკავშირებით

    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის 2021 წლის 19 სექტემბრის არჩევნების ჩატარებას და 20-მდე საარჩევნო უბნის უკანონოდ გახსნას, როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ, მოსკოვის მორიგ დესტრუქციულ ნაბიჯს, რომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს და სრულად უგულებელყოფს გაეროს წესდებასა და ჰელსინკის დასკვნით აქტს.

    ის ფაქტი, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობა რუსეთის სახელმწიფო დუმაში - რუსულ პარტიებთან ერთად - ვორონეჟის, ლენინგრადის, სამარის ოლქებისა და იმიერბაიკალეთის მხარის მაჟორიტარ დეპუტატებს ირჩევს, ნათლად მიუთითებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დე-ფაქტო ანექსიის მიმდინარე პროცესზე.

    იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ფედერაციამ 2000-იანი წლების დასაწყისიდან განახორციელა უკანონო, იძულებითი პასპორტიზაცია და დღემდე აგრძელებს აღნიშნული რეგიონების ოკუპაციასა და ეფექტურ კონტროლს, რის გამოც საკუთარ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობას მოკლებულია ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირი და ლტოლვილი, ადგილზე ნებისმიერი არჩევნების ჩატარება, მით უფრო, ოკუპანტი სახელმწიფოს საკანონმდებლო ორგანოს დასაკომპლექტებლად უკანონოა და ვერ წარმოშობს რაიმე სამართლებრივ შედეგს. აღნიშნულ ფაქტს ამყარებს საერთაშორისო სასამართლოს - ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაც, რომელმაც იურიდიულად დაადგინა რუსეთის ფედერაციის, როგორც ოკუპაციისა და ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი სახელმწიფოს, პასუხისმგებლობა საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმების დარღვევაში.

    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს და შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებულის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან, ხელი არ შეუშალოს ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების განლაგებას და უკან წაიღოს გადაწყვეტილება ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ.

    საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს და ქმედითი რეაგირება მოახდინოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისაკენ მიმართულ, რუსეთის მორიგ უკანონო ნაბიჯზე.

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის მხარდაჭერით ქუთაისში 60+ კლუბის წევრებთან შეხვედრა გაიმართა

ლიბერთის მხარდაჭერით ქუთაისში 60+ კლუბის წევრებთან შეხვედრა გაიმართა

ლიბერთის მხარდაჭერით და გაეროს მოსახლეობის ფონდის ...

პოპულარული

« December 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური