„ხალხს ისევ აქვს შიში, ღიად გამოხატოს ოპოზიციის მიმართ მხარდაჭერა“ - კახა ოქრიაშვილი პოლიტიკური პარტიების რეიტინგებს აფასებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 08 აპრილი 2021 13:50

ის ადამიანები, ვინც გამოკითხვებში მალავენ საკუთარ პოზიციებს, როგორც წესი, ოპოზიციის მხარდამჭერები არიან. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" პარტიის “პროგრესი და თავისუფლება“ ლიდერმა კახა ოქრიაშვილმა განუცხადა.

"გავიხსენებ 2012 წლის გამოკითხვებს, როცა გამოკითხულთა 15 % ამბობდა, რომ მხარს უჭერდა „ქართულ ოცნებას“ და 43 % არ პასუხობდა კითხვებს, საბოლოოდ კი ეს 43 % ოპოზიციას დაემატა. დღესაც იგივე მოცემულობაა - სამწუხაროდ, ხალხს ისევ აქვს შიში, ღიად გამოხატოს ოპოზიციის მიმართ მხარდაჭერა.

შიში, რომელიც 2012 წლამდე იყო ქვეყანაში, ისევ არსებობს და შესაძლოა, მეტადაც კი დამყარდა. შიშის დამყარების პროცესი ძალიან სწრაფად 2018 წლიდან დაიწყო. „ოცნების“ ხელისუფლებამ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ დაინახა, რომ შესაძლოა, დამარცხებულიყო და შემდეგ დაეკარგა ძალაუფლება - სწორედ ამის შემდეგ გადავიდნენ შიშის დანერგვაზე, რაც ძალიან სამწუხაროა!

მინდა აღვნიშნო, რომ ოპოზიციურ სპექტრში წამყვანი ძალა ნაციონალური მოძრაობაა, რომელმაც 2004-დან 2012 წლამდე ეკონომიკისა და რეფორმების კუთხით, ქვეყნისთვის ბევრი რამ გააკეთა, მაგრამ ამ ყველაფერს მოყვებოდა დიდი ნეგატივი და ჩავარდნები ადამიანის უფლებებისა და ტერორის კუთხით. თუმცა დღეს ვართ მომსწრე, რომ ძალადობასა და ტერორში, „ქართული ოცნება“ დაეწია და გაუსწრო კიდეც „ნაციონალურ მოძრაობას“.   

დღეს ვერც ბატონ სააკაშვილს და ვერც ბატონ ივანიშვილს ვერავინ აუკრძალავს პოლიტიკაში ჩართვას. თუმცა თუ ბატონი ივანიშვილი ჩართულია პოლიტიკაში, მაშინ მან უნდა აიღოს პასუხისმგებლობა  დღეს მიმდინარე პროცესებსა და შედეგებზე, ზუსტად იმავეს ვიტყვი ბატონ სააკაშვილზე. ისე არ გამოვა, რომ ყველაფერი გადაწყვიტონ და პასუხი არაფერზე აგონ“, - აღნიშნავს კახა ოქრიაშვილი.

  

წაკითხულია 74 ჯერ

Related items

  • ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს

    საქართველოს პრეზიდენტის ორბელიანების სასახლეში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილ დოკუმენტზე „საქართველოს სამომავლო გზა“ ხელმოწერა გაიმართა.

    დოკუმენტზე ხელმოწერები დატოვეს: დავით ბაქრაძემ, ალეკო ელისაშვილმა, ბადრი ჯაფარიძემ, ზურაბ ჯაფარიძემ, მამუკა ხაზარაძემ, ვახტანგ მეგრელიშვილმა, შალვა პაპუაშვილმა, სალომე სამადაშვილმა, ხათუნა სამნიძემ, არჩილ თალაკვაძემ, გიორგი ვაშაძემ.

    ამასთან, ხათუნა სამნიძემ, დავით ბაქრაძემ და სალომე სამადაშვილმა დოკუმენტს ხელი ინდივიდუალურად მოაწერეს, რადგან ბლოკი „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ და „ევროპული საქართველო“ დოკუმენტს არ უერთდებიან.

    ხელმოწერის ცერემონიას პარტიების წარმომადგენლებთან და პრეზიდენტთან ერთად ესწრებოდნენ ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი, ასევე ღონისძიებაში დისტანციურად მონაწილეობდა შარლ მიშელი.

    ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პოლიტიკურ პარტიებს ახალი დოკუმენტი გუშინ წარუდგინა. კერძოდ, შარლ მიშელის წარდგენილი ახალი დოკუმენტის მიხედვით, 2022 წელს დაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თუ მმართველი პარტია ადგილობრივ არჩევნებში 43 პროცენტზე ნაკლებს მიიღებს.

    ამასთან, შარლ მიშელის დოკუმენტის მიხედვით, შეთანხმების გაფორმებიდან ერთ კვირაში მხარეებმა პოლიტიზებულად აღქმული ორი საქმე უნდა განიხილონ.

  • საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადება

    გთავაზობთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრის, არჩილ თალაკვაძის განცხადებას:

    "მოგეხსენებათ, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. საქართველო ებრძვის პანდემიას და პანდემიით გამოწვეულ ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებს. რეგიონში შექმნილია რთული გეოპოლიტიკური მდგომარეობა. ასეთ დროს, მიგვაჩნია, რომ მთელი ქვეყანა უნდა იყოს გაერთიანებული საერთო გამოწვევების გარშემო, ხოლო პოლიტიკოსები დროს უნდა ხარჯავდნენ არა საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესებისთვის ბრძოლაზე, არამედ ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე არსებული პრობლემების ერთობლივი ძალისხმევით გადასაჭრელად.

    სამწუხაროდ, დღეს საქართველოში სხვა რეალობაა შექმნილი. აშკარაა, რომ ცალკეული პარტიებისა და პოლიტიკოსებისთვის სახელმწიფოსა და ხალხის ინტერესებზე მნიშვნელოვანი, საკუთარი პარტიული ინტერესებია.

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოში შექმნილი პოლიტიკური ვითარების გასაჯანსაღებლად, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველოში მოავლინა მისი სპეციალური წარმომადგენელი. პოლიტიკური დიალოგის ფასილიტაცია ჩანაცვლდა მედიაციით, რომლის არსი მდგომარეობდა იმაში, რომ მედიატორს პარტიებისთვის თავისი პასუხისმგებლობით უნდა შეეთავაზებინა სამართლიანი შეთანხმების პროექტი, რომელსაც ყველა პოლიტიკური პარტია მოაწერდა ხელს. მედიატორმა, ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩების აქტიური ჩართულობით, აღნიშნული დოკუმენტი მოამზადა და პარტიებს ხელმოსაწერად წარუდგინა კიდეც ევროკავშირის სახელით.

    დღეს „ქართული ოცნება“ საჯაროდ ხელს აწერს ევროკავშირის და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს, რომელიც პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა წარადგინა.

    ჩვენ დიალოგის დასკვნით შეხვედრაზევე დავაფიქსირეთ დოკუმენტის ხელმოწერაზე პრინციპული მზადყოფნა, რაც ასევე არაერთმა ოპოზიციონერმა თქვა თავის კომენტარებში,  თუმცა, დღემდე არ მოვაწერეთ ხელი, რადგან ველოდით ოპოზიციისგან შემხვედრ ნაბიჯებს და დაველოდეთ, სანამ ელჩები დამატებით კონსულტაციებს გამართავდნენ. 

    ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ამ დოკუმენტში ევროკავშირმა არ შეიტანა რიგგარეშე არჩევნების საკითხი, რაც საპარლამენტო არჩევნებისა და პარლამენტის ლეგიტიმურობის კიდევ ერთი მკაფიო დადასტურება გახლავთ. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ოპოზიციის მიერ გამოთქმულ ბრალდებას არჩევნების გაყალბების შესახებ, არ იზიარებს საერთაშორისო საზოგადოება. შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობა ყველა შესაბამისი საერთაშორისო ინსტიტუტის ოფიციალური დასკვნებით არის გამყარებული.

    გადაწყვეტილება ევროკავშირის ეგიდით შემუშავებული შეთანხმების ხელმოწერის შესახებ მივიღეთ საზოგადოებასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან ნდობის განმტკიცებისთვის, რომ არ დარჩეს კითხვები, ხომ არ იყო პოლიტიკური შეთანხმების შესაძლებლობა გაშვებული ხელიდან „ქართული ოცნების“ მიზეზით.

    დამატებითი კონსულტაციებისთვის გამოყოფილი დროც ამოიწურა, ფასილიტატორ ელჩებსაც დაველოდეთ , ეს პერიოდიც გავიდა, ხოლო ოპოზიცია შეთანხმებაზე ხელმოწერას ვხედავთ, რომ კვლავ ვერ ახერხებს.

    გარდა ამისა, ჩვენ არათუ კრისტიან დანიელსონის მიერ შემუშავებულ დოკუმენტს ვაწერთ ხელს, მეტიც, დამატებით გამოვხატავთ მზადყოფნას, კარს მომდგარ თვითმმართველობის არჩევნებშიც ავამოქმედოთ მხარდაჭერის  40%-იანი პრინციპი. ვხედავთ, რა მდგომარეობაშია ოპოზიცია, როგორ ცდილობს მისი რადიკალური ნაწილი დესტაბილიზაციას, ხოლო ზომიერი ნაწილი ეძებს გამოსავალს, რომ მიიღოს გადაწყვეტილება ისე, სახის შენარჩუნებაც მოახერხოს. „ქართული ოცნება“ ამ ტესტსაც უპრობლემოდ ჩააბარებს და ამით ოპოზიციის კონსტრუქციულ ნაწილსაც ვთვლით, რომ გავუადვილებთ გადაწყვეტილების მიღებას.

    ხაზგასმით ვამბობთ, ეს კავშირში არ გახლავთ ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან და კეთდება იმისთვის, რომ ჩვენ საზოგადოებას და პარტნიორებს კიდევ ერთხელ დავანახოთ თუ როგორია ,,ქართული ოცნების“ მიდგომა სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების მიმართ და თუ როგორი კონსტრუქციული და ჯანსაღი დამოკიდებულება გვქონდა ჩვენ შემოთავაზებულ პირობებთან მიმართებაში.

    ევროკავშირის ეგიდით შექმნილი დოკუმენტის ხელმოწერა არის ქართული საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების მიმართ ჩვენი მაღალი პასუხისმგებლობის დემონსტრირება. ახლა ჯერი ოპოზიციაზეა. მათ აქვთ კიდევ ერთი შანსი, დაამტკიცონ, რომ საკუთარ პარტიულ ინტერესებზე მაღლა. სახელმწიფო ინტერესებს აყენებენ", -- აღნიშნულია ა. თალაკვაძის განცხადებაში.  

  • კახა ოქრიაშვილი ხელისუფლებას კომენდანტის საათის მოხსნისკენ მოუწოდებს

    პოლიტიკური პარტიის “პროგრესი და თავისუფლება“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი "ნიუს დეი საქართველოსთან" საუბარში კომენდანტის საათის საკითხს განიხილავს და აცხადებს, რომ ტურიზმის აღდგენის გარეშე იმ ეკონომიკური ორმოდან, რომელშიც ახლა ვართ, ვერ ამოვალთ.

    მისივე აზრით, ეკონომიკური კრიზისი და ლარის კურსის ვარდნა პანდემიასთან ერთად არ დაწყებულა: 2012 წელს ჩვენი ჯამური მშპ იყო 16,5 მლრდ დოლარი და 2019 წელს იყო 17,4 მლრდ დოლარი. "ანუ, ეკონომიკური ზრდა ფაქტობრივად არ გვქონია. 2012 წლიდან 2020 წლამდე ჩვენი ეკონომიკა რეგრესშია! როცა ეკონომიკა არ იზრდება, არაფერი იზრდება - არც ხელფასი, არც პენსია, არც სოციალური შემწეობა. პირიქით, საშუალო ხელფასები შემცირებულია, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში დასაქმებულებისათვის - ეს არის ჩვენი რეალობა, უკან მივდივართ!

    შესაბამისად, მოვუწოდებ ხელისუფლებას, მოხსნას პოლიტიკური კომენდანტის საათი და გადავიდეს ქმედით ნაბიჯებზე! მე რომ ხელისუფლებაში ვიყო, დავსახავდი პანდემიასთან ბრძოლის მოკლევადიან გეგმას: დღეში 20-30 000 აცრილი ადამიანი გვეყოლებოდა ქვეყანაში, დავაჩქარებდი ვაქცინაციას, რაც დღეს ძალიან ნელი ტემპებით მიმდინარეობს და ამდენი ხნის განმავლობაში მოსახლეობა უკვე სრულად აცრილი უნდა გვყავდეს, გავხსნიდი საზღვრებს და ტურისტებსაც ჩავუტარებდი ვაქცინაციას. ამ ყველაფერთან ერთად, მოვხსნიდი კომენდანტის საათს - დღეს ეს შეზღუდვები არსებობს იმისთვის, რომ ხალხი ვერ გამოვიდეს გარეთ და ვერ გამოხატოს პროტესტი. „ქართული ოცნება“ ცდილობს, დაამატოს კიდევ ერთი ბარიერი, რათა თავიდან აირიდოს მასობრივი საზოგადოებრივი პროტესტი!“, - ხაზს უსვავს კახა ოქრიაშვილი.  

  • კახა ოქრიაშვილი: „15 მაისის აქციის სამზადისში აქტიურად ვარ ჩართული“

    მინდა, გამოვეხმაურო მაისში დაგეგმილი აქციის სამზადისს. ამ პროცესში აქტიურად ვარ ჩართული, არამარტო ჩემი სამაჟორიტარო ოლქის, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" პარტიის “პროგრესი და თავისუფლება“ ლიდერმა კახა ოქრიაშვილმა განუცხადა.

    მისივე თქმით, საზოგადოებისთვის უკვე ცნობილი, რომ არსებობს პოლიტიკური პარტია, „პროგრესი და თავისუფლება“ და ვეცდებით ჩვენი მხარდამჭერების დარწმუნებას, რომ გამოვიდნენ და ჩვენთან ერთად დააფიქსირონ საკუთარი მოქალაქეობრივი პოზიცია 15 მაისის მშვიდობიან აქციაზე.

    "ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ არათუ ვემხრობი, არამედ რევოლუციების წინააღმდეგი ვარ. ერთ-ერთი შემაკავებელი ფაქტორი, გარდა ხელისუფლების წნეხისა და პანდემიისა, თუ რატომ არ გამოდის ხალხი მასობრივად ქუჩაში, ეს არის არეულობისა და რევოლუციის შიში. თუმცა, ვფიქრობ, სამოქალაქო პროტესტი სწორედ რევოლუციის თავიდან ასაცილებლად არის საჭირო. რევოლუციას აქვს თავისი ფორმულა - როცა ხალხს აღარ სურს ისეთ სიდუხჭირეში ცხოვრება, როგორშიც ახლაა, მაგრამ ხელისუფლებას არ შესწევს უნარი, ვითარება უკეთესობისკენ შეცვალოს, გროვდება რევოლუციური მუხტი. დემოკრატიულ საზოგადოებაში არჩევნები არსებობს იმიტომ, რომ რევოლუციები არ მოხდეს. სწორედ ამიტომ უნდა გამოვიდეთ 15 მაისს და ერთად მოვითხოვოთ ახალი არჩევნები, რათა ავირიდოთ თავიდან რევოლუციური მუხტის დაგროვება ქვეყანაში“, - აცხადებს კახა ოქრიაშვილი.

  • ჩაშლილი მოლაპარაკების გამო ევროპარლამენტი განიხილავს საკითხს საქართველოსთვის დამატებითი დახმარების გამოყოფის შეჩერების შესახებ

    ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების საკითხებზე წამყვანმა ევროპარლამენტარებმა პირველ აპრილს გაავრცელეს წერილი, რომლის თანახმადაც, „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის ჩაშლილი მოლაპარაკების გამო ევროპარლამენტი დააყენებს საკითხს საქართველოსთვის დამატებითი დახმარების გამოყოფის შეჩერების შესახებ. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის ევროპული საბჭოს ადმინისტრაცია აქვეყნებს. 

    ევროპელი კანონმდებლების თქმით, ევროპარლამენტი ასევე მოითხოვს ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის მაკრო-ფინანსური და საბიუჯეტო დახმარებათა პროგრამებზე პირობითობის პრინციპის გაზრდას.

    განცხადებას წინ უძღოდა ევროპარლამენტარების შეხვედრა ქრისტიან დანიელსონთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელთან საქართველოს მედიაციის საკითხში. დანიელსონმა ევროპარლამენტარებს მედიაციის დეტალები გააცნო.

    ევროპარლამენტარების თანახმად, „ამ შედეგზე ბრალი ეკისრებათ როგორც მმართველ პარტიას, ისე მოლაპარაკებების მონაწილე მთავარ ოპოზიციურ პარტიებს. მთავარი პასუხისმგებლობა კი მმართველ პარტიას აკისრია“.

    „პოლიტიკური პარტიების მიერ კომპრომისის უარყოფის შემდეგ, საქართველოს ლიდერები არ უნდა ჰქონდეთ მოლოდინი, რომ ევროკავშირთან საქმე ძველებურად გაგრძელდება“, განაცხადეს პარლამენტარებმა.

    „მოვუწოდებთ საქართველოს ლიდერებს სწრაფად იმოქმედონ. სასწორზე ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები დევს“, დასძინეს მათ.

    ევროპელმა კანონმდებლებმა მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადეს დანიელსონის მუშაობას და აღნიშნეს, რომ მედიატორის მხრიდან ქართული პარტიებისათვის შეთავაზებული დოკუმენტი სწორ მიმართულებას იძლევა საქართველოსთვის, რადგანაც იგი მოიცავს „ამბიციურ საარჩევნო და სასამართლო რეფორმებს, საქართველოს პარლამენტში პასუხისმგებლობის არსებით დანაწილებას და, რაც მთავარია, მომავალი არჩევნებისა და პოლიტიზირებული მართლმსაჯულების ორი შემთხვევის გადაწყვეტის გზას“.

    „გამოსავლის აღნიშული [დოკუმენტი] პოლიტიკურად დაბალანსებულია და პატივს სცემს როგორც კანონის უზენაესობას, ასევე 2020 წლის არჩევნების საერთაშორისო შეფასებას“.

    ევროპარლამენტარებმა ასევე აღნიშნეს, რომ მიმდინარე საარჩევნო და სასამართლო რეფორმების გატარება მოითხოვს ფართო პოლიტიკურ მხარდაჭერას და ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრულად დამკვიდრებას.

    „მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, უზრუნველყოს ჭეშმარიტად ინკლუზიური პროცესი, რათა თავიდან აირიდოს მომავალი არჩევნებისა და სასამართლო სისტემისათვის ძირის გამოთხრა“, ასევე მომავალში შესაძლო შეთანხმებისთვის კარის მიხურვა, განაცხადეს ევროპარლამენტარებმა.

    განცხადებას ხელს აწერენ დავიდ მაკალისტერი (EPP, გერმანია), ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარინა კალიურანდი (S&D, ესტონეთი), ანდრიუს კუბილიუსი (EPP, ლიეტუვა), ვიოლა ფონ კრამონ-ტუბადელი (მწვანეები, გერმანია), სვენ მიკსერი (S&D, ესტონეთი), მიჰაელ გალერი (EPP, გერმანია), პეტრას აუსტრევიჩიუსი (განახლებული ევროპა, ლიეტუვა).

პოპულარული

« აპრილი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური