ევროკავშირი საქართველოს რეგიონებს 186 მილიონი ლარით დააფინანსებს

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ხუთშაბათი, 08 აპრილი 2021 11:00

ევროკავშირისა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები საქართველოს რეგიონებს 220 მილიონი ლარის რეგიონების განვითარების პროგრამის პირველი შედეგების ადგილზე გასაცნობად ეწვივნენ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების ხელმძღვანელმა სიგრიდ ბრეტელმა იმერეთისა და გურიის ექვსი მუნიციპალიტეტი მოინახულა და ადგილზე გაეცნო 2,5 მილიონი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას.

აღნიშნული პროექტები, მთავრობის 220 მილიონი ლარის მოცულობის რეგიონების ინტეგრირებული განვითარების საპილოტე პროგრამის ნაწილს წარმოადგენს, საიდანაც 186 მილიონი ლარი ევროკავშირის მიერ ფინანსდება.

ადგილზე მონახულებული 6 პროექტი წარმოადგენს რეგიონების ინტეგრირებული განვითარების საპილოტე პროგრამის პირველი ფაზის ნაწილს, რომელიც 2020 წლის ივნისში დაიწყო. აღნიშნული მოიცავს შემდეგ პროექტებს:

საგზაო და საფეხმავლო ხიდის რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიზნესის სტიმულირებისა და ტურიზმის განვითარებისათვის, ლაბაჯურში, ვანის მუნიციპალიტეტი, იმერეთი.

პარკის მშენებლობა საჩხერეში, საჩხერის მუნიციპალიტეტი, იმერეთი.

ტურისტული და ბიზნესის განვითარების მომსახურების ცენტრის შექმნა სოფელ ვარციხეში, ბაღდათის მუნიციპალიტეტი, იმერეთი.

საზოგადოებრივი სკვერის რეაბილიტაცია სამტრედიაში, სამტრედიის მუნიციპალიტეტი, იმერეთი.

სოფელ ბახვში ტურიზმის განვითარების მიზნით 1 კმ-იანი გზის მშენებლობა "ჩაის მარშრუტის" გასწვრივ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, გურია.

2 საგზაო ხიდისა და 100 მ სიგრძის კალაპოტის ჯებირის რეაბილიტაცია, 173 LED განათების მოწყობა რეკრეაციული ზონის განვითარების მიზნით ჩოხატაურში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, გურია.

ევროკავშირის დელეგაციის პრეს-რელიზი

წაკითხულია 61 ჯერ

Related items

  • ჩაშლილი მოლაპარაკების გამო ევროპარლამენტი განიხილავს საკითხს საქართველოსთვის დამატებითი დახმარების გამოყოფის შეჩერების შესახებ

    ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების საკითხებზე წამყვანმა ევროპარლამენტარებმა პირველ აპრილს გაავრცელეს წერილი, რომლის თანახმადაც, „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის ჩაშლილი მოლაპარაკების გამო ევროპარლამენტი დააყენებს საკითხს საქართველოსთვის დამატებითი დახმარების გამოყოფის შეჩერების შესახებ. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის ევროპული საბჭოს ადმინისტრაცია აქვეყნებს. 

    ევროპელი კანონმდებლების თქმით, ევროპარლამენტი ასევე მოითხოვს ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის მაკრო-ფინანსური და საბიუჯეტო დახმარებათა პროგრამებზე პირობითობის პრინციპის გაზრდას.

    განცხადებას წინ უძღოდა ევროპარლამენტარების შეხვედრა ქრისტიან დანიელსონთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელთან საქართველოს მედიაციის საკითხში. დანიელსონმა ევროპარლამენტარებს მედიაციის დეტალები გააცნო.

    ევროპარლამენტარების თანახმად, „ამ შედეგზე ბრალი ეკისრებათ როგორც მმართველ პარტიას, ისე მოლაპარაკებების მონაწილე მთავარ ოპოზიციურ პარტიებს. მთავარი პასუხისმგებლობა კი მმართველ პარტიას აკისრია“.

    „პოლიტიკური პარტიების მიერ კომპრომისის უარყოფის შემდეგ, საქართველოს ლიდერები არ უნდა ჰქონდეთ მოლოდინი, რომ ევროკავშირთან საქმე ძველებურად გაგრძელდება“, განაცხადეს პარლამენტარებმა.

    „მოვუწოდებთ საქართველოს ლიდერებს სწრაფად იმოქმედონ. სასწორზე ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები დევს“, დასძინეს მათ.

    ევროპელმა კანონმდებლებმა მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადეს დანიელსონის მუშაობას და აღნიშნეს, რომ მედიატორის მხრიდან ქართული პარტიებისათვის შეთავაზებული დოკუმენტი სწორ მიმართულებას იძლევა საქართველოსთვის, რადგანაც იგი მოიცავს „ამბიციურ საარჩევნო და სასამართლო რეფორმებს, საქართველოს პარლამენტში პასუხისმგებლობის არსებით დანაწილებას და, რაც მთავარია, მომავალი არჩევნებისა და პოლიტიზირებული მართლმსაჯულების ორი შემთხვევის გადაწყვეტის გზას“.

    „გამოსავლის აღნიშული [დოკუმენტი] პოლიტიკურად დაბალანსებულია და პატივს სცემს როგორც კანონის უზენაესობას, ასევე 2020 წლის არჩევნების საერთაშორისო შეფასებას“.

    ევროპარლამენტარებმა ასევე აღნიშნეს, რომ მიმდინარე საარჩევნო და სასამართლო რეფორმების გატარება მოითხოვს ფართო პოლიტიკურ მხარდაჭერას და ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრულად დამკვიდრებას.

    „მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, უზრუნველყოს ჭეშმარიტად ინკლუზიური პროცესი, რათა თავიდან აირიდოს მომავალი არჩევნებისა და სასამართლო სისტემისათვის ძირის გამოთხრა“, ასევე მომავალში შესაძლო შეთანხმებისთვის კარის მიხურვა, განაცხადეს ევროპარლამენტარებმა.

    განცხადებას ხელს აწერენ დავიდ მაკალისტერი (EPP, გერმანია), ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარინა კალიურანდი (S&D, ესტონეთი), ანდრიუს კუბილიუსი (EPP, ლიეტუვა), ვიოლა ფონ კრამონ-ტუბადელი (მწვანეები, გერმანია), სვენ მიკსერი (S&D, ესტონეთი), მიჰაელ გალერი (EPP, გერმანია), პეტრას აუსტრევიჩიუსი (განახლებული ევროპა, ლიეტუვა).

  • ევროკავშირის შუამდგომლობა: ქართული ოცნება და ოპოზიცია კვლავ ვერ შეთანხმდნენ

    მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის ევროკავშირის წარმომადგენლის შუამდგომლობით რვასაათიანი მედიაციის პროცესის დასრულების შემდეგ, საქართველოში პოლიტიკური კრიზისის მედიაციის საკითხებში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ქრისტიან დანიელსონმა 31 მარტს, გვიან ღამით, მედიასთან საუბრისას თქვა, რომ სამწუხაროდ, მის მიერ წარდგენილ კრიზისიდან გამოსვლის დოკუმენტს „მთლიანობაში არცერთი პარტია არ დაეთანხმა“.

    ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა საქართველო უკვე დატოვა. მას გამგზავრებამდე მედიასთან დამატებითი კომენტარი არ გაუკეთებია. დანიელსონი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის მოლაპრაკების მიმდინარეობისა და შედეგის შესახებ, რომელიც გადაწყვეტს, რა იქნება მომდევნო ნაბიჯი. 

    შეგახსენებთ, რომ 30 მარტს დანიელსონის მონაწილეობით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მედიაციის მეორე რაუნდიც უშედეგოდ დასრულდა. მხარეებმა ევროპელი მედიატორის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს. 

    ქვემოთ მხარეებისთვის ქრისტიან დანიელსონის მიერ წარდგენილი წინადადების ძირითადი პუნქტებია მოცემული.

  • ევროკავშირის მედიატორი კრისტიან დანიელსონი აქვეყნებს წინადადებას, რომელიც მან საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს შესთავაზა
    ევროკავშირის მედიატორი კრისტიან დანიელსონი აქვეყნებს წინადადებას, რომელიც მან გუშინ საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს შესთავაზა.
    პოლიტიკურ დაინტერესებულ მხარეებთან ცხრადღიანი მოლაპარაკებების შემდეგ, საქართველოში ევროკავშირის მედიატორობით გამართულ დიალოგში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა საქართველოსთვის სამომავლო გზასთან დაკავშირებით საქართველოს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს დეტალური წინადადება შესთავაზა. ეს ძალისხმევა მოჰყვა საქართველოში 1 მარტის ვიზიტისას პრეზიდენტ მიშელის მიერ განახლებულ პოლიტიკურ დიალოგს.
    იხილეთ დოკუმენტის ტექსტი: https://europa.eu/!Gt83dp
  • კრისტიან დანიელსონი აცხადებს, რომ მხარეებს შორის რამდენიმე საკითხზე პროგრესი მიღწეულია, თუმცა ზოგიერთ თემაზე წინ წაწევა ვერ მოხერხდა

    ზოგიერთ მონაკვეთში მიღწეული იყო მნიშვნელოვანი პროგრესი, სხვადასხვა ასპექტში პრეზიდენტ მიშელის მიერ დატოვებულ ექვსპუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით, რაც მისასალმებელია, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში მისი მედიატორობით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

    მისი თქმით, ეს მნიშვნელოვანია, რათა კრიზისთან დაკავშირებული საკითხები მოგვარდეს.

    თუმცა, დანიელსონის განმარტებით, ნაკლები წინსვლა იყო გარკვეულ საკითხებზე.

    „პოლიტიკური კრიზისის დასრულება საქართველოს ლიდერებისთვის ნიშნავდა, რომ მათ შეძლებოდათ კონცენტრაციის მოხდენა და მთელი ყურადღების გამახვილება კორონავირუსის პანდემიასა და მის სოციო-ეკონომიკურ შედეგებზე, წინ წასულიყვნენ ევროკავშირის დღის წესრიგით და დაეცვათ საქართველოს უსაფრთხოების ინტერესები რეგიონში – ეს არის რეალური გამოწვევები, რომლებიც ქვეყნის წინაშე დგას.

    ზოგიერთ მონაკვეთში მიღწეული იყო მნიშვნელოვანი პროგრესი, სხვადასხვა ასპექტში პრეზიდენტ მიშელის მიერ დატოვებულ ექვსპუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით. ეს მისასალმებელია და ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოხდეს კრიზისთან დაკავშირებული ამ საკითხების მოგვარება. რაც შეეხება სხვა საკითხებს, ამაზე ნაკლები წინსვლა იყო“, – განაცხადა კრისტიან დანიელსონმა.

    წყარო: https://1tv.ge/news/kristian-danielsoni-ackhadebs-rom-mkhareebs-shoris-ramdenime-sakitkhze-progresi-mighweulia-tumca-zogiert-sakitkhze-win-waweva-ver-mokherkhda/

  • საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-6 შეხვედრის ინფორმაცია

    2021 წლის 16 მარტს გაიმართა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს რიგით მე-6 შეხვედრა. ასოცირების საბჭომ ცნობად მიიღო საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების განხორციელების 2021 წელს გამოქვეყნებული ანგარიში და შეაფასა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში არსებული მდგომარეობა ასოცირების საბჭოს 2019 წლის მარტში ჩატარებული ბოლო შეხვედრის შემდეგ.

    მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზაობა, რომ ერთობლივად გააგრძელებენ ასოცირების შეთანხმებისა და მისი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) ფარგლებში ევროკავშირთან საქართველოს უფრო ღრმა პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობას. ასოცირების საბჭო მიესალმა არსებული უმაღლესი დონის დიალოგის ხარისხსა და სიხშირეს და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია მის შედეგებზე აქტიური მუშაობა. ორივე მხარემ აღიარა საქართველოს ევროპული მისწრაფებები, მისი ევროპული არჩევანი და საერთო მიზანი, გააგრძელოს დემოკრატიული, სტაბილური და წარმატებული ქვეყნის შენება. ასოცირების საბჭო მიესალმა 2021-2027 წლების ასოცირების დღის წესრიგზე მიმდინარე მოლაპარაკებებს, რომელთა მიზანია ასოცირების შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ჩათვლით, განხორციელებისთვის პრიორიტეტების დასახვა. საქართველომ წარმოადგინა თავისი გეგმები 2024 წლისთვის ევროინტეგრაციის გზაზე შემდგომ წინსვლასთან დაკავშირებით.

    ასოცირების საბჭო მიესალმა საქართველოს პროგრესს ევროპულ გზაზე, მათ შორის, COVID-19-ის გამოწვევების ფონზე და აღიარა საქართველოს მთავრობის ძალისხმევა როგორც ვირუსის შეკავების, ისე მიზნობრივი სოციალური დახმარების უზრუნველყოფის კუთხით. ორივე მხარემ აღიარა COVID-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ევროკავშირის სწრაფი დახმარების გადამწყვეტი მნიშვნელობა საქართველოსთვის, როგორც სოლიდარობის თვალსაჩინო ნიშანი.

    ორივე მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა უწყვეტი ვალდებულება, ხელშესახები სარგებელი მოუტანონ საქართველოს მოქალაქეებს თანამშრომლობის ძირითად სფეროებში: ეკონომიკური განვითარება და საბაზრო შესაძლებლობები; ინსტიტუტების გაძლიერება და კარგი მმართველობა; დაკავშირებულობა, ენერგოეფექტიანობა, გარემო და კლიმატური ცვლილებები; მობილობისა და ხალხთა შორის კონტაქტების გაძლიერება.

    ასოცირების საბჭომ აღნიშნა, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრისა და 21 ნოემბრის არჩევნები კონკურენტული იყო და რომ, მთლიანობაში, დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლებები. ასოცირების საბჭო შეთანხმდა, რომ საარჩევნო გარემოს განსამტკიცებლად და არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებისათვის ხელსაყრელი გარემოს გასაუმჯობესებლად, მნიშვნელოვანია საერთაშორისო დამკვირვებლების, მათ შორის, ეუთო/ODIHR-ის მიერ გამოვლენილ ხარვეზებთან დაკავშირებით გაცემული ყველა რეკომენდაციის გათვალისწინება, ამბიციური და ინკლუზიური საარჩევნო რეფორმის გზით.

    ასოცირების საბჭომ სინანული გამოთქვა საქართველოში პოლიტიკური პოლარიზების გაღრმავების გამო. ევროკავშირმა მოუწოდა მიმდინარე პოლიტიკური სიტუაციის სწრაფი გადაწყვეტისკენ და ყველა მხარეს ძალისხმევის გაძლიერებისკენ, რათა მოხდეს სიტუაციის დეესკალაცია და გაერთიანება საერთო მიზნების იდენტიფიკაციისა და შეთანხმების ირგვლივ. ასოცირების საბჭო შეთანხმდა, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ყველა მოთამაშემ გააგრძელოს მუშაობა, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი მედიაციის პირობებში, რათა რაც შეიძლება მალე მოგვარდეს პოლიტიკური კრიზისი საქართველოში.

    ასოცირების საბჭომ განმეორებით მოუწოდა ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს საქართველოში ერთობლივი მუშაობისა და ღია დიალოგის შენარჩუნებისკენ, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოებასთან, იმისათვის, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს დემოკრატიული ინსტიტუტები, მოხდეს პლურალისტური დემოკრატიის კონსოლიდაცია და გაგრძელდეს რეფორმები. ორივე მხარემ ხაზი გაუსვა, რომ საჭიროა სტრატეგიული კომუნიკაციისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროებში საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობის გაგრძელება.

    ასოცირების საბჭო მიესალმა საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს კანონის უზენაესობისა და პენიტენციარულ სფეროებში რეფორმების განხორციელების კუთხით. საბჭომ ასევე აღნიშნა რამდენიმე სფერო, სადაც შემდგომი წინსვლაა საჭირო, მათ შორის, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების გაძლიერებისა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების კუთხით. ევროკავშირმა ხაზი გაუსვა მზაობას, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა სასამართლო სისტემის შემდგომი რეფორმირებისა და კანონის უზენაესობის განმტკიცების საკითხებში.

    ასოცირების საბჭომ აღნიშნა, რომ ბოლო წლებში საქართველოს მოქალაქეთა დიდმა ნაწილმა ისარგებლა მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლით შენგენის ქვეყნებში. ის მიესალმა საქართველოს მხრიდან გაწეულ უწყვეტ ძალისხმევას უვიზო მიმოსვლის მოთხოვნების დარღვევების აღმოსაფხვრელად, მათ შორის, საქართველოს კანონში „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან დროებითი გასვლის და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ" განხორციელებულ უახლეს ცვლილებებს და ხაზი გაუსვა მისი ეფექტიანად განხორციელების მნიშვნელობას. ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია საქართველომ გააგრძელოს მუდმივი ძალისხმევა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულების მიზნით, განსაკუთრებით ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების მიერ თავშესაფრის უსაფუძვლო განაცხადების ახლახან შემცირებული რაოდენობის შესანარჩუნებლად და გასამყარებლად. ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს, რომ კიდევ უფრო გააღრმაოს თანამშრომლობა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან არალეგალური მიგრაციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით. ორივე მხარე მიესალმა საქართველოსა და Frontex-ს შორის ხელმოწერილ განახლებულ სამუშაო შეთანხმებას და ქვეყნის მიერ ევროკავშირის მიგრაციის ქსელში დამკვირვებლის სტატუსის მიღებას.

    ასოცირების საბჭო მიესალმა ადამიანის უფლებათა სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის განხორციელებაში მიღწეულ პროგრესს, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის მიერ გაწეულ მნიშვნელოვან სამუშაოს. ევროკავშირმა აღიარა საქართველოს ძალისხმევა ამ მიმართულებით და მოუწოდა გააგრძელოს ძალისხმევა ანტიდისკრიმინაციული კანონის ეფექტიანად განხორციელების მიზნით და უზრუნველყოს ყველა უმცირესობის წარმომადგენელთა დაცვა და გენდერული თანასწორობა. საბჭომ განმეორებით დაადასტურა ერთგულება ადამიანის უფლებების უნივერსალობის პრინციპისადმი, განურჩევლად რელიგიისა თუ რწმენისა, რასის, ეთნიკური წარმოშობის, სქესის, ენის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, შესაძლებლობისა და სხვ. ასოცირების საბჭო მიესალმა საქართველოს მნიშვნელოვან პროგრესს შრომის ინსპექტირების ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბებაში იმისათვის, რომ მეტად გაუმჯობესდეს სამუშაო პირობები და ამ სფეროში არსებული გამოწვევები გადაიჭრას საერთაშორისო და ევროპული შრომითი სტანდარტების შესაბამისად. ამასთან, საუბარი შეეხო ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაგრძელების მნიშვნელობას.

    ორივე მხარე მიესალმა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების, მათ შორის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების (DCFTA) განხორციელებაში მიღწეულ პროგრესს. ევროკავშირი რჩება საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორად. ევროკავშირი და საქართველო შეთანხმდნენ ევროკავშირში საექსპორტო პოტენციალის მქონე სხვა პროდუქტების იდენტიფიცირებაზე, რაშიც ევროკავშირს შეუძლია დახმარების გაწევა. ორივე მხარე მიესალმა სტრუქტურული რეფორმების წარმატებით განხორციელებას და ხაზი გაუსვა საქართველოში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით მიმდინარე რეფორმების მნიშვნელობას. ასოცირების საბჭო მიესალმა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების 2021-2025 წლების ახალი სტრატეგიის შემუშავების მიზნით მიმდინარე მუშაობას და ევროკავშირის მხარემ დაადასტურა მზაობა, რომ მხარს დაუჭერს მის განხორციელებას.

    ასოცირების საბჭო მიესალმა 2020 წლის ნოემბერში საქართველოსთვის მაკროფინანსური მხარდაჭერის ფარგლებში ტრანშების გამოყოფას და მოუწოდა ქვეყანას გააგრძელოს დარჩენილი შეთანხმებული ზომების გატარება, რათა შესაძლებელი გახდეს საქართველოში COVID- მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშის გაცემა (აქედან 75 მლნ ევრო 2020 წელს გაიცა). ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს უზრუნველყოს უკვე განხორციელებული რეფორმების მდგრადობა და მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება.

    ასოცირების საბჭომ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სტრატეგიული როლი ენერგეტიკის, ტრანსპორტის და დაკავშირებულობის სფეროში და რეგიონში მისი, როგორც ტრანსპორტირებისა და ლოგისტიკური ჰაბის, მზარდი ფუნქცია. ევროკავშირმა გამოთქვა მზაობა, გააგრძელოს ინტენსიური თანამშრომლობა საქართველოსთან დაკავშირებულობის დღის წესრიგის ფარგლებში, მათ შორის, ძირითადი ინდიკატიური ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) ეტაპობრივი განხორციელების გზით, რაც ევროპასა და აზიას შორის საერთაშორისო ვაჭრობის გაღრმავებისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება. მხარეებმა ასევე ხაზი გაუსვეს შავ ზღვაზე დაკავშირებულობის განვითარების მნიშვნელობას. ევროკავშირმა ცნობად მიიღო საქართველოს თხოვნა შავ ზღვაზე დაკავშირებულობის გაუმჯობესების გეგმის შემუშავებასა და განხორციელებაში დახმარების თაობაზე.

    ასოცირების საბჭომ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს, როგორც ერთ-ერთი მთავარი პარტნიორის როლს ევროპის ენერგოუსაფრთხოებაში და განსაკუთრებით აღნიშნა ქვეყნის სატრანზიტო ფუნქცია კასპიის ნახშირწყალბადის რესურსების ევროკავშირის ბაზარზე მიწოდების პროცესში, კერძოდ, სამხრეთის გაზის დერეფნისა და შავი ზღვის გავლით, რაც ევროკავშირსა და საქართველოს შორის დაკავშირებადობას გააძლიერებს. ევროკავშირმა დაადასტურა მზაობა, განაგრძოს საჯარო შენობებში ენერგოეფექტიანობის სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობა საკვანძო სფეროებში საკანონმდებლო რეფორმებზე დაყრდნობით. ევროკავშირმა კვლავ დაადასტურა უწყვეტი მხარდაჭერა საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სასოფლო სექტორის გაძლიერების კუთხით, რათა გაუმჯობესდეს საცხოვრებელი პირობები სოფლად. ასოცირების საბჭომ აღნიშნა სამოქალაქო თავდაცვის სფეროში გაძლიერებული თანამშრომლობის მნიშვნელობა.

    ევროკავშირმა აღიარა საქართველო როგორც ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი რეგიონში და ხაზი გაუსვა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის მნიშვნელობას საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში. ასოცირების საბჭომ აღნიშნა 2019 წლის ოქტომბერში უსაფრთხოების საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის სტრატეგიული დიალოგის მესამე შეხვედრის დროს განხილული საკითხები და ხაზი გაუსვა შემდეგი შეხვედრის ორგანიზებას ამ ფორმატში. ევროკავშირმა მადლიერება გამოხატა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალის რესპუბლიკაში ევროკავშირის კრიზისული მართვის ოპერაციებსა და მისიებში საქართველოს მიერ გაწეული წვლილისთვის და გამოთქვა მზაობა, დაეხმაროს საქართველოს შესაძლებლობებისა და მედეგობის გაძლიერებაში.

    ევროკავშირმა კვლავ დაადასტურა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ევროკავშირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მტკიცე მზაობა საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მიმართ მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით, მათ შორის, არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკის ჩათვლით. სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობა ევროკავშირის ძლიერი მხარდაჭერის ნათელი გამოხატულებაა.

    ასოცირების საბჭომ ცნობად მიიღო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება სახელმწიფოთაშორის საქმეზე, რომელიც ეხებოდა 2008 წლის აგვისტოს საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის შეიარაღებულ კონფლიქტს და მის შედეგებს, რომლითაც დაასკვნა, რომ 2008 წლის 12 აგვისტოს შემდეგ რუსეთის ფედერაციამ, რომელიც „ახორციელებს ეფექტიან კონტროლს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე", დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რამდენიმე დებულება.

    ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების გადამწყვეტ მნიშვნელობას 2008 წლის აგვისტოს საქართველო - რუსეთის კონფლიქტიდან მომდინარე გამოწვევებზე რეაგირებისა და მათი გადაჭრის მიზნით. საბჭომ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ სრულყოფილი და ეფექტიანი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმები (IPRMs) უმნიშვნელოვანესია ადგილზე კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საჭიროებების უზრუნველსაყოფად. ამასთან დაკავშირებით, საბჭო მიესალმა ერგნეთის IPRM შეხვედრების განახლებას და ხაზი გაუსვა გალის IPRM განახლების გადამწყვეტ მნიშვნელობას.

    საბჭომ შეშფოთება გამოხატა რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს აფხაზეთის რეგიონს შორის ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების შესახებ ე.წ. პროგრამის ხელმოწერისა და ასევე სხვა ნაბიჯების გამო, რომლებიც ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ხელს უწყობს უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესებას საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონებში, განსაკუთრებით მილიტარიზაციის გაძლიერებით, გამყოფი ხაზების გასწვრივ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვით, „გამშვები პუნქტების" გრძელვადიანი ჩაკეტვით. შეშფოთების საგანს ასევე წარმოადგენს ეთნიკური ნიშნით ქართველების დისკრიმინაცია, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა, მათ შორის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ მომსახურებაზე წვდომის მიზნით, თვითნებური დაკავებები, საკუთრების უფლებისა და მშობლიურ ენაზე სწავლის უფლების დარღვევა, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა მუდმივ საცხოვრებელ ადგილებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების მუდმივი დაბრკოლებები და არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას სიცოცხლის ხელყოფა. ამასთან დაკავშირებით, ასოცირების საბჭომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მართლმსაჯულება უნდა აღსრულდეს.

    ასოცირების საბჭომ განმეორებით დაადასტურა რუსეთის ფედერაციის ვალდებულება, შეასრულოს მის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის, 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესაბამისად, კერძოდ, თავისი სამხედრო ძალების საქართველოს ტერიტორიიდან გაყვანა და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნასთან დაკავშირებული ყველა დაბრკოლების მოხსნა. ასოცირების საბჭომ კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთის ფედერაციას უზრუნველყოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წვდომა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მისიის მანდატის შესაბამისად. ასოცირების საბჭომ ასევე მოუწოდა, რომ შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების მექანიზმებისთვისაც უზრუნველყოფილ იქნეს წვდომა.

    ასოცირების საბჭომ ხაზგასმით აღნიშნა გამყოფ ხაზებზე ხალხთაშორისი კონტაქტებისა და ნდობის აღდგენისკენ მიმართული ზომების მხარდაჭერის მნიშვნელობა. ამ თვალსაზრისით, ასოცირების საბჭომ კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს სამშვიდობო ინიციატივისადმი „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ".

    ევროკავშირმა უაღრესად დადებითად შეაფასა საქართველოს აქტიური მონაწილეობა „აღმოსავლეთ პარტნიორობის" მრავალმხრივ ფორმატში და ხაზგასმით აღნიშნა, რომ პარტნიორ ქვეყნებში მიმდინარე უწყვეტი რეფორმები უაღრესად მნიშვნელოვანია „აღმოსავლეთ პარტნიორობის" წარმატებისა და წელს მოგვიანებით დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტისთვის.

    ასოცირების საბჭოს თავმჯდომარეობდა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეპ ბორელი. საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

    მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური