უკრაინამ, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში უკრაინის მოქალაქეების სამხედროში გაწვევა დაგმო

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 07 აპრილი 2021 11:07

უკრაინამ, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში უკრაინის მოქალაქეების სამხედროში გაწვევა დაგმო. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "TRT-ქართული" ავრცელებს.

საგარეო საქმეთა სამინისტროში გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სამხედროში გაწვევა საერთაშორისო სამართლისა და 1949 წლის ჟენევის კონვენციის დარღვევაა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთი უკრაინის მოქალაქეების სამხედროში გაწვევით ომის დანაშაულს ჩადის და რუსეთის მიერ ჩადენილი ამ ფაქტს გმობენ.

აქვე აღნიშნულია, რომ რუსეთმა 2015 წლის შემდეგ უკანონოდ მოახდინა 12-ჯერ 28 ათასი ადამიანის სამხედროში გაწვევა.

განცხადებაში საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებენ გააძლიერონ რუსეთზე პოლიტიკური და დიპლომატიური ზეწოლა და რომ უკრაინა გააგრძელებს რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევის ფაქტების დამტკიცებას.

წაკითხულია 207 ჯერ

Related items

  • ირანის, რუსეთის და ჩინეთის ერთობლივი საზღვაო წვრთნები დაიწყო

    ირანის, რუსეთის და ჩინეთის მხრიდან ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყო. ამის შესახებ "TRT-ქართული" იტყობინება.

    მათი ინფორმაციით, ირანის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო, IRNA-ა წერს რომ წვრთნები, სახელწოდებით, „2022 საზღვაო უსაფრთხოების სარტყელი“ ინდოეთის ოკეანის ჩრდილოეთით ტარდება და ეს სამი ქვეყნის მესამე ერთობლივი წვრთნებია.

    წვრთნაში მონაწილეობენ ირანის საზღვაო ძალების და რევოლუციური გვარდიის არმიის ხომალდები და საჰაერო ნაწილები, ასევე რუსეთის და ჩინეთის საომარი და ლოგისტიკური მხარდაჭერის გემები.

    წვრთნების პრესსპიკერმა, კონტრადმირალმა მუსტაფა თაჯედინიმ განაცხადა, რომ ინდოეთის ოკეანის ჩრდილოეთი ნაწილი განხორციელებული წვრთნები ძალიან მნიშვნელოვანია.

    „ეს წვრთნები არის ერთობლივი ძალისხმევა სამი ქვეყნის ინტერესების დასაცავად და მდგრადი საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ამ რეგიონში, რომელიც ცნობილია როგორც ოქროს სამკუთხედი და სასიცოცხლო მნიშვნელობისაა მსოფლიო ვაჭრობისთვის,“ განაცხადა წვრთნების პრესსპიკერმა მუსტაფა თაჯედინმა.

    ხსენებულ ქვეყნებს შორის, ამ სახელწოდების პირველი ერთობლივი წვრთნები, 2019 წლის დეკემბერში ჩატარდა.

  • ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინას და ევროპის უსაფრთხოებას

    იმ დროს, როდესაც ვლადიმერ პუტინი კვლავ თავის აგრესიულ პოზიციაზე დგას უკრაინის წინააღმდეგ, ამერიკის შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები მოუწოდებენ კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისაკენ. ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩო იტყობინება.

    მათი ინფორმაციით, ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გარკვევით უთხრა ვლადიმერ პუტინს: „როდესაც საქმე ეხება ევროპის უსაფრთხოებას, ევროპასთან დაკავშირებით არაფერი მოხდება ევროპის გარეშე; და ეს იქნება არა მხოლოდ ყოველმხრივი თანამშრომლობა და კონსულტაციები, არამედ მონაწილეობაც.” – განაცხადა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა 5 იანვარს.
    ამერიკის შეერთებული შტატები ერთგულია უკრაინის სუვერენიტეტის და საერთაშორისო ურთიერთობების პრინციპების, რაც იცავს მშვიდობასა და კეთილდღეობას ევროპაში.
    რუსეთის ცრუ ნარატივთან დაპირისპირება

    ამერიკის შეერთებული შტატები კატეგორიული წინააღმდეგია იმის, რომ რუსეთი აგრძელებს
    თავისი ჯარების უკრაინის საზღვრებთან თავმოყრას. ის აგრეთვე კატეგორიული წინააღმდეგია რუსეთის მიერ კონტროლირებადი სახელმწიფო ტელევიზიების გადაცემების უკრაინასა და ნატოზე, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
    ბლინკენმა თქვა, რომ რუსეთი აგრძელებს მცდარი ნარატივის გავრცელებას, თითქოს უკრაინა იწვევს კონფლიქტის პროვოცირებას. „სინამდვილეში კითხვა ასეთია, სერიოზულად ეკიდება თუ არა რუსეთი დიპლომატიას და სერიოზულად ეკიდება თუ არა რუსეთი დეესკალაციას.” თქვა მან.
    ჯეიკ სალივანმა, თეთრი სახლის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში 2021 წლის დეკემბერს თქვა, რომ ადმინისტრაცია მზად არის დისკუსიისთვის მოსკოვის მიერ წამოჭრილ საკითხებზე, მაგრამ ხაზი გაუსვა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ერთგულია პრინციპის „არაფერი თქვენ შესახებ თქვენ გარეშე” და ეს ეხება ნებისმიერ პოლიტიკურ საკითხს, რომელიც შეეხება ევროპელ მოკავშირეებსა და პარნიორებს.
    უკრაინის კონფლიქტი მოჰყვა 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის არაკანონიერად მიტაცებას და აღმოსავლეთ უკრაინაში აჯანყების გამო არაპირდაპირი ომის გაჩაღებას.
    ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს მინსკის შეთანხმების შესრულებას, როგორც კონფლიქტის დასრულების საშუალებას. შეთანხმებები, რომელსაც მხარს უჭერს გაერო, მოუწოდებს განიარაღებისა და რუსული ჯარების უკრაინიდან გაყვანისკენ.
    წინასწარი შეფასებით 2022 წელს კონფლიქტის გამო 2.9 მილიონ ადამიანს დასჭირდება ჰუმანიტარული დახმარება. კონფლიქტმა 13000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და 1.5 მილიონი ადამიანი იძულებული გახადა სახლებიდან გაქცეულიყო.
    მაშინ, როდესაც რუსეთი პრეტენზიას აცხადებს, რომ შეშფოთებულია ევროპის უსაფრთხოების გამო, ბლინკენმა ხაზი გაუსვა, რომ სწორედ რუსეთი შეიჭრა საქართველოში, შეიჭრა უკრაინაში და განალაგა თავისი ჯარები მოლდოვაში ამ უკანასკნელის თანხმობის გარეშე. შეეცადა პოლიტიკური ოპონენტების მკვლელობას უცხო ქვეყნებში და დაარღვია საერთაშორისო ხელშეკრულებები შეიარაღების კონტროლის შესახებ.
    სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ ერთმა სახელმწიფომ ვერ უნდა შეძლოს, ძალით შეცვალოს მეორე სახელმწიფოს საზღვრები, უკარნახოს მეორე სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკა, ან შექმნას გავლენის სფეროები მეზობელ ქვეყნებში.
    ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ნატომ გააძლიერეს ტრანსატლანტიკური კავშირი და ურყევი არიან უკრაინის დამოუკიდებლობის, ტერიტორიალური მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერაში.
    დიპლომატია კონფლიქტის გადაჭრის საუკეთესო მეთოდია, თუმცა ნატოს ალიანსის წევრები, ევროგაერთიანება და შვიდეულის ჯგუფი მზად არიან, დააკისრონ რუსეთს მძიმე საზღაური, თუკი ის გააგრძელებს სიტუაციის ესკალაციას უკრაინაში. „რუსეთი აღმოჩნდება მძიმე შედეგების წინაშე უკრაინაში განახლებული აგრესიისთვის,” თქვა მან.

     

  • ვაშინგტონი გააგრძელებს თბილისთან მჭიდრო კოორდინაციას რუსეთთან მიმდინარე უსაფრთხოების დიალოგის ფარგლებში

    2022 წლის 14 იანვარს გაიმართა საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის სატელეფონო საუბარი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან, კარენ დონფრიდთან. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ საგარეოს ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    მათი ინფორმაციით, საუბრისას მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები და ინფორმაცია რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გარემოსთან დაკავშირებით და აშშ-სა და რუსეთს შორის ორმხრივი დიალოგის, ასევე, ნატო-რუსეთის საბჭოსა და ეუთო-ს ფარგლებში კვირის განმავლობაში გამართულ შეხვედრებთან დაკავშირებით.

    საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს მიმდინარე პროცესების ფონზე საქართველოსთან აქტიური კომუნიკაციისა და კოორდინაციისთვის, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის სიმტკიცეს და ხაზს უსვამს ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობას. დავით ზალკალიანმა მადლიერება გამოხატა აშშ-ის მიერ გაჟღერებული გზავნილებისთვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე, ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის მხარდასაჭერად რუსეთის აგრესიული რიტორიკისა და ქმედებების ფონზე.

    საუბრისას კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი სახელმწიფოს სუვერენულ უფლებას დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები საკუთარი საგარეო პოლიტიკის საკითხებზე და აირჩიოს უსაფრთხოების ალიანსები. აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ მხარდაჭერა გამოუხატა საქართველოს და აღნიშნა, რომ სტრატეგიული პარტნიორები განაგრძობენ საქართველოსთან მჭიდრო კოორდინაციას საქართველოს საკითხის განხილვის დროს და რომ საქართველოს შესახებ მოლაპარაკება არ მოხდება საქართველოს გარეშე. აღინიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის მცდელობები ევროპაში გავლენის ექსკლუზიური სფეროების ლეგიტიმაციისა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის შეფერხების მიზნით მიუღებელია. ასევე, ხაზი გაესვა რუსეთის მიერ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას.

    მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომავალშიც განაგრძობენ კონსულტაციებს. აშშ-ის მიერ ნატო-ს მოკავშირეებსა და პარტნიორებთან კონსულტაციების ფარგლებში, 5 იანვარს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ასევე, ესაუბრა აშშ სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, ვენდი შერმანს.

  • ​საქართველოს საგარეო უწყების განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით

    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიუღებლად მიიჩნევს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც რუსეთის ფედერაცია "აუცილებლად მიიჩნევს ნატო-ს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების - რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატო-ს წევრები", გაუქმებას (дезавуировать).

    2008 წლის 3 აპრილს ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერებმა ბუქარესტის სამიტზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საქართველო (და უკრაინა) გახდება ნატო-ს წევრი. ზემოაღნიშნული წარმოადგენს უაღრესად მნიშვნელოვან, კონსენსუსის საფუძველზე მიღებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რომელიც ეფუძნება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპს, რომ ყველა სახელმწიფოს აქვს სუვერენული უფლება აირჩიოს საკუთარი საგარეო პოლიტიკური კურსი. ამასთან, ეს გადაწყვეტილება გამომდინარეობს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-10 მუხლიდან, რომლის თანახმადაც ნატო-ს წევრი შეიძლება გახდეს ნებიესმიერი ევროპული ქვეყანა, რომელიც გაიზიარებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პრინციპებს და წვლილს შეიტანს ჩრდილოატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაში.

    ნატო-ში გაწევრიანება წარმოადგენს საქართველოს სუვერენულ გადაწყვეტილებას, რომელიც დაფუძნებულია საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ურყევ ნებაზე. აღნიშნული მიზანი ასახულია საქართველოს კონსტიტუციაშიც.

    აღსანიშნავია, რომ ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება გამეორებულ იქნა 2008 წლის შემდგომ გამართულ ნატო-ს ყველა სამიტზე. 2021 წელს ბრიუსელში ნატო-ს სამიტზე მიღებული კომუნიკე კი ხაზს უსვამს, რომ მოკავშირეები დაუშვებლად მიიჩნევენ ქვეყნების საგარეო პრიორიტეტების განსაზღვრაში ნებისმიერი მესამე მხარის ჩარევას.

    ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის მიუღებელია მესამე მხარის მიერ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების გადახედვასთან დაკავშირებით გაკეთებული ნებისმიერი განცხადება, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს.

    ამასთანავე, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ევროპული და ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების არქიტექტურის მთავარ გამოწვევას დღესდღეობით წარმოადგენს სწორედ რუსეთის ფედერაციის ქმედებები, რომელიც გამოიხატება მეზობელი, სუვერენული ქვეყნების ტერიტორიების ოკუპაციასა და ანექსიაში, საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპების უგულებელყოფაში და მის მიერვე ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაში.

  • ჯო ბაიდენმა და ვლადიმერ პუტინმა უკრაინის საკითხი განიხილეს

    ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ვიდეოკონფერენციის საშუალებით უკრაინის საზღვარზე არსებული დაძაბულობა განიხილეს. ამის შესახებ "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

    თეთრი სახლიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბაიდენ-პუტინის შეხვედრა 2 საათს გაგრძელდა. ამავე ინფორმაციით, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ისინი და ევროპელი პარტნიორები უკრაინის საზღვარზე რუსული სამხედრო ძალების გაძლიერების გამო შეშფოთებულები არიან. თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინთან ნათლად განაცხადა, რომ აშშ და პარტნიორები ძლიერი ეკონომიკური და სხვა ზომებით უპასუხებენ რუსეთს, უკრაინაში სამხედრო ესკალაციის შემთხვევაში.

    მეორეს მხრივ, საკითხთან დაკავშრებით ჯო ბაიდენ-ვლადიმერ პუტინს შორის ვიდეოკონფერენციის მეშვეობით გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით კრემლმაც გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ შეხვედრა იყო „ღია“ და „ბიზნესზე ორიენტირებული“ რა, ორი ქვეყნის ლიდერმა 16 ივნისს ჟენევაში გამართული სამიტის შედეგები განიხილეს. ამავე ინფორმაციით, ლიდერებმა უკრაინის საკითხიც განიხილეს და აღნიშნეს, რომ 2015 წელს მინსკში გაფორმებული ხელშეკრულება არ შესრულებულა.

    ამავე ინფორმაციით, შეხვედრაზე, სადაც ყურადღება გამახვილდა იმ ფაქტზე, რომ რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობა ჯერ კიდევ არ არის „დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში“, პუტინმა ბაიდენს შესთავაზა ორი ქვეყნის დიპლომატიური მისიების საქმიანობაზე დაწესებული ზომების გადატვირთვა.

     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური