ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულება: მიუხედავად პანდემიისა, პროგრესი სახეზეა 2020 წელს, თუმცა საჭიროა დამატებითი ძალისხმევა

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 01 აპრილი 2021 12:45

სტრასბურგი, 31.03.2021 – ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ბოლო წლიური ანგარიშის თანახმად, ევროპის სახელმწიფოები აგრძელებენ პროგრესს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ევროპული სასამართლო) გადაწყვეტილებების აღსრულების კუთხით, მიუხედავად კოვიდ-19 პანდემიისა.

თუმცა, დამატებითი ძალისხმევაა საჭირო ევროპული სასამართლოს მიერ გამოვლენილი სისტემური პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა, მათ შორის, სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩადენილი არასათანადო მოპყრობა ან სიცოცხლის მოსპობა და პატიმრობის არასათანადო პირობები, ასევე სახელმწიფოთაშორისი საქმეები და უფლებებისა და თავისუფლებების არამართლზომიერ შეზღუდვებთან დაკავშირებული საქმეების მზარდი რაოდენობა.  

„დღევანდელი ანგარიში აჩვენებს, რომ ჩვენი წევრი სახელმწიფოები ძალიან სერიოზულად ეკიდებიან ვალდებულებას, აღასრულონ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები, მათ შორის რთულ გარემოებებში,“ აღნიშნა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა.

„ასევე ძალიან პოზიტიურია ის გარემობა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ჩართულობა პროცესში თანდათან იმატებს, რაც ზრდის მის ეფექტურობასა და გამჭვირვალობას.“

„მიუხედავად ამისა, ახლა არ არის თვითკმაყოფილების დრო. ბევრი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება კვლავ აღუსრულებელია წლების განმავლობაში და მაღალი რეზონანსის მქონე საქმეების მცირე რაოდენობა არ სრულდება სათანადო სისწრაფით. ჩვენი წევრი სახელმწიფოები ვალდებულნი არიან აღასრულონ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები დროულად და სრულფასოვნად. ეს არ არის კეთილი თხოვნა - ეს არის სავალდებულო მოთხოვნა.“

ანგარიში აჩვენებს, რომ შესაბამისი წევრი სახელმწიფოების მიერ გატარებული ზომების შედეგად, მინისტრთა კომიტეტმა 2020 წელს 983 საქმე დახურა. ამ 983 საქმიდან 187 (19%) „წამყვანი“ საქმე იყო, რომელიც ახალ სტრუქტურულ ან სისტემურ პრობლემას ავლენდა, ხოლო 796 (81%) განმეორებით საქმეთა კატეგორიას მიეკუთვნებოდა. 

2020 წლის ბოლოს 5,233 საქმე ჯერ კიდევ არ იყო სრულად აღსრულებული შესაბამისი წევრი სახელმწიფოების მიერ, მათ შორის 1,258 (24%) წამყვანი და 3,975 (76%) განმეორებითი. 634 წამყვანი საქმე 5 წელიწადზე მეტი იყო აღსრულების პროცესში, თუმცა 2016 წლიდან ასეთ საქმეთა რაოდენობა მცირდება.

ანგარიშში მითითებულია, რომ 2020 წელს ევროპული სასამართლოს მიერ მომჩივანთათვის მიკუთვნებული "სამართლიანი დაკმაყოფილების“ გადახდა დროულად განხორციელდა 581 შემთხვევაში. თუმცა, 2020 წლის დასასრულის მდგომარეობით, მინისტრთა კომიტეტი თანხის გადახდის დადასტურებას ელოდა 1,574 საქმეში, რომელთა ორ მესამედზე მეტის შემთხვევაში კომიტეტი დადასტურებას ელოდა ექვს თვეზე მეტი ხნის განმავლობაში.

და ბოლოს, ანგარიში ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ 2020 წელს მინისტრთა კომიტეტმა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტებისაგან მიიღო რეკორდული რაოდენობის - 176 ფორმალური კომუნიკაცია 28 სახელმწიფოსთან მიმართებით. კომიტეტმა ასევე მიიღო პირველი ხუთი კომუნიკაცია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრისაგან.

დამატებითი ინფორმაცია

წაკითხულია 133 ჯერ

Related items

  • საქართველოს პრემიერ-მინისტრს კორონავირუსი (კოვიდ-19) დაუდასტურდა
    საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს გეგმური ტესტირების შედეგად კორონავირუსი (კოვიდ-19) დაუდასტურდა. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს ინფორმაციას.
    "პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თავს კარგად გრძნობს. იგი თვითიზოლაციაში იმყოფება და მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს", - აღნიშნულია განცხადებაში.
  • „Fitch“-მა ლიბერთი ბანკის საკრედიტო რეიტინგის მოლოდინი ‘სტაბილურამდე’ გააუმჯობესა

    2021 წლის 31 მარტს, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ ‘Fitch Ratings’-მა გამოაქვეყნა ქართული ბანკების შეფასება, სადაც სს ლიბერთი ბანკის რეიტინგის მოლოდინი ‘ნეგატიურიდან’ ‘სტაბილურამდე’ გააუბჯობესა, ხოლო  გრძელვადიანი საკრედო რეიტინგი - 'B+' დაადასტურა. 

    ლიბერთი ბანკის ‘სტაბილური’ პროგნოზი ასახავს ბანკის საკრედიტო პორტფელის მდგრადობას, მიუხედავად პანდემიისა და ქვეყნის ეკონომიკის შემცირებისა. 

    Fitch Ratings-ის მოლოდინით ბანკის მოგება საკმარისი იქნება პანდემიის გამო საკრედიტო ზარალის ასანაზღაურებლად, მისი ფინანსური მდგომარეობის გაუარესების რისკის გარეშე.   ბანკი პანდემიის პერიოდს შეხვდა ჯანსაღი კაპიტალით და კარგი ფინანსური მაჩვენებლებით. პოზიტიური გრძელვადიანი მოლოდინი განპირობებულია ბანკისათვის დამახასიათებელი აუცილებელი სიძლიერით.

    ლიბერთი ბანკი, ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს, დასაქმებულია 4 500-ზე მეტი თანამშრომელი, მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 614 ბანკომატით და ემსახურება 1.7 მილიონზე მეტ მომხმარებელს. დამატებითი ინფორმაციისთვის: www.libertybank.ge; მედია კონტაქტი: JLIB_HTML_CLOAKING

    ლიბერთი ბანკის პრეს-რელიზი 

  • ამერიკაში 15 მილიონი დოზა ვაქცინა ნაგავში გადაიყარა

    აშშ-ის ქალაქ ბალტიმორში, ფარმაცევტული კომპანია Johnson & Johnson-ის მიერ წარმოებული კოვიდ-19-ის დაახლოებით 15 მილიონი დოზა ვაქცინა, მის სხვა კომპონენტებში შერევის გამო გაფუჭდა და ნაგავში გადაიყარა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "TRT-ქართული" New York Times– ზე დაყრდნობით ავრცელებს.

    New York Times – ის თანახმად, ბალტიმორის ფარმაცევტულ ქარხანაში, სადაც Johnson & Johnson's და  AstraZeneca-ს ვაქცინებს ამზადებენ, მათი სხვა კომპონენტებში  შერევის გამო, 15 მილიონი დოზა ვაქცინა უვარგისი გახდა და ნაგავში გადაიყარა.

    აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) გამოძიება დაიწყო.

     

  • ქართული წიგნი ევროპული ლიტერატურული პრემიის ნომინანტი გახდა
    12 მარტს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) 2021 წლის ლიტერატურული პრემიის ნომინანტების პირველადი სია გამოაქვეყნა. კონკურსის მიზანი იმ ორმოცამდე ქვეყნის ლიტერატურულ თარგმანთა პოპულარიზებაა, რომლებშიც EBRD ფუნქციონირებს. ლონგლისტში 10 ნაწარმოები შევიდა, რომლიდან ერთ-ერთიც საქართველოდანაა.
    20,000 ევროს ოდენობის პრემია გადაეცემა საუკეთესო რომანს, რომლის ორიგინალიც ერთ-ერთი იმ ქვეყნის ენაზეა დაწერილი, სადაც ბანკი საინვესტიციო საქმიანობას ახორციელებს. კონკურსი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან  საერთაშორისო ლიტერატურულ პრემიებს შორის, რომლებიც ავტორის და მთარგმნელის ღვაწლს თანაბრად აფასებს.

    "ეს ათი წიგნი 1930-იანი წლების ვარშავიდან და 1950-იანი წლების ჩეხოსლოვაკიიდან თანამედროვე უკრაინამდე; უსამართლო სასამართლოს კაფკასეული ამბიდან ადამიანების უკანონო ტრანსპორტირებისა და ადამიანებით ვაჭრობის აბსურდულ ტრაგიკომედიამდე; ოსმალეთის იმპერიის კვდომის პერიოდიდან ბალკანეთის ალტერნატიულ ისტორიამდე გვამოგზაურებს“, — აღნიშნა კონკურსის ჟიურის თავმჯდომარემ, ტობი ლიხტიგმა, — „ერთობლივად კი ეს წიგნები გვიხატავს ევრაზიის რეგიონის სურათს, რომელიც დაღარულია ომის ჭრილობებით და დევნით, სისასტიკით და დაუდევრობით და რომლის სიმდიდრეც სიცოცხლისუნარიანი და თვითმყოფადი ადამიანებია. და სიყვარული. ყოველი წიგნი განსაკუთრებულია, ყოველი თარგმანი — ბრწყინვალედ შესრულებული“.
    საქართველოდან პრემიის ლონგლისტში ნანა ექვთიმიშვილის ნაწარმოები, „მსხლების მინდორი“ მოხვდა.
    ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის 2021 წლის ლიტერატურული პრემიის ფინალისტები (სამი ავტორი და მათი მთარგმნელები) 2021 წლის 3 მაისს გამოცხადდებიან. ოდნავ მოგვიანებით, მაისშივე, ყველა მათგანს დაჯილდოების ცერემონიაზე  მიიწვევენ, სადაც კონკურსის გამარჯვებული გამოცხადდება.

    ახალი ამბები მომზადებულია პროექტის “EU NEIGHBOURS east” ფარგლებში 

  • საქართველოში კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დიწყო

    საქართველოში კორონავირუსის /კოვიდ-19/ საწინააღმდეგო ვაქცინაცია დღეიდან დაიწყო. პირველ ეტაპზე სამედიცინო პერსონალის აცრა მოხდება.

    კორონავირუსის ვაქცინით პირველი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე 09:00 საათზე ღია ეთერში აიცრა. ასევე, კორონავირუსზე ერთ-ერთი პირველები აიცრენ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია, ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე, ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი დავით გადელია და ელექტრონულ პორტალზე რეგისტრირებული პირველი მედიკოსი, ლუგარის ცენტრის თანამშრომელი თამარ გიორგაძე.

    თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, დღეს ვაქცინაცია დაიწყება როგორც თბილისში, ისე ქვეყნის 29 რეგიონულ ცენტრში, ხოლო 17 მარტიდან პრაქტიკულად ყველა რაიონში. მისივე განმარტებით, ჯამში ვაქცინაცია 89 რაიონში განხორციელდება.

    ელექტრონულ სისტემაში სამედიცინო პერსონალის რეგისტრაცია უკვე მიმდინარეობს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 14 მარტის 23:00 საათის მონაცემებით, ელექტრონულ პორტალზე BOOKING.MOH.GOV.GE უკვე რეგისტრირებულია ჯანდაცვის სექტორის 2 067 მუშაკი.

    საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ექვემდებარება ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული ყველა პირი – ექიმი, ექთანი, სანიტარი, ლაბორანტი, სტომატოლოგი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი, ეპიდემიოლოგი, ადმინისტრაციული მუშაკები (მენეჯერი, მძღოლი, რეგისტრატორი და ა.შ).

    „თუ ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული პირი დამსაქმებელს რეგისტრირებული ჰყავს დასაქმებულად სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში და მას ბოლო 120 დღის მანძილზე არ უფიქსირდება კორონავირუსზე ინფიცირების სტატუსი, მას შეუძლია „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის დარეგისტრირდეს მისთვის სასურველ სამედიცინო დაწესებულებაში“, – აღნიშნავენ ჯანდაცვის სამინისტროში.

    ამასთან, უწყებაში განმარტავენ, რომ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან დაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა.

    „ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ „კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას“, – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ერთი კვირის განმავლობაში აცრის პროცესი გაიშლება ქვეყნის ყველა მუნიციპალურ ცენტრში, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა იქნება მაქსიმალური, რათა შემოსული 43 200 დოზის ადმინისტრირება მოხდეს რაც შეიძლება მოკლე ვადებში.

    „ეს ვაქცინა კეთდება ორჯერადად, ანუ მეორე აცრა, რევაქცინაცია იქნება რვიდან 12 კვირის ფარგლებში. ამისთვის შესაბამისი დადასტურებაა უკვე, რომ 86 000 დოზა შემოვა აპრილის მეორე ნახევარში, იგივე „ასტრაზენეკა“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

    მისივე ცნობით, აცრილ ადამიანთა რაოდენობა ყოველდღიურად გამოქვეყნდება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის პორტალზე. ამასთან, ამირან გამყრელიძის თქმით, თითოეულ აცრილ ადამიანს მიეცემა ორენოვანი დამადასტურებელი ცნობა.

    ამასთან, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, საქართველო 22 მარტის კვირაში ასევე მიიღებს 14 500 ადამიანის ვაქცინაციისთვის საჭირო „ფაიზერის“ ვაქცინის დოზებს, რომელიც ორჯერადი აცრისთვის იქნება საკმარისი.

    კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია, კერძოდ, „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 43 200 დოზა საქართველომ 13 მარტს მიიღო, რომელიც თბილისსა და რეგიონებში შესაბამის სამედიცინო ცენტრებში გადანაწილდა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური