საქართველოს ფინანსთა მინისტრი თანამდებობიდან გადადგა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ოთხშაბათი, 31 მარტი 2021 18:51

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა.

როგორც ივანე მაჭავარიანი აღნიშნავს, თანამდებობიდან წასვლას ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს გეგმავდა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ წინ იყო 2021 წლის კრიზისული ბიუჯეტის დამტკიცების პროცედურა, ასევე, მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პროგრამის დასრულების თაობაზე, გადადგომა რამდენიმე თვით გადადო.

ივანე მაჭავარიანის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მხარდაჭერილი პროგრამის მერვე მიმოხილვაზე. ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს სხდომაზე მისი დამტკიცების შემდეგ, საქართველოსთვის ხელმისაწვდომი გახდება დამატებითი ფინანსური რესურსი.

საქართველო არის ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც გლობალური პანდემიის დაწყებიდან მალევე, პარტნიორებისგან (მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ევროკავშირი) მიიღო მნიშვნელოვანი მხარდაჭერა. ჩემთვის განსაკუთრებით საამაყოა, რომ მქონდა შესაძლებლობა, აქტიური მონაწილეობა მიმეღო ამ მოლაპარაკებებში.

მინდა, გაცნობოთ ჩემი გადაწყვეტილება, დავტოვო ვიცე-პრემიერისა და ფინანსთა მინისტრის თანამდებობა. უნდა ვთქვა, რომ ფინანსთა მინისტრად, დაახლოებით, სამწლიანი მუშაობის შემდეგ, თანამდებობიდან წასვლას ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს ვგეგმავდი, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ წინ გველოდა 2021 წლის კრიზისული ბიუჯეტის დამტკიცების პროცედურა, ასევე, მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პროგრამის დასრულების თაობაზე, გადავწყვიტე ეს გადაწყვეტილება რამდენიმე თვით გადამედო.

ჩემთვის პატივი და ამავე დროს, დიდი პასუხისმგებლობა იყო მემუშავა „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გუნდთან ერთად – მთავრობის ხელმძღვანელებთან, ჩემს კოლეგებთან მინისტრთა კაბინეტში, პარლამენტის წევრებთან.

მსურს, პრემიერსა და მთავრობის წევრებს, პოლიტიკურ გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ვუსურვო წარმატება ყველა იმ გამოწვევის დაძლევაში, რომლის წინაშეც დღეს დგას ჩვენი ქვეყანა. დიდი მადლობა მათ ამ რთულ, გამოწვევებით სავსე პერიოდში, ასე ერთიანად და კოორდინირებულად მუშაობისთვის.

მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მტკიცე თანამშრომლობისათვის, ასევე, მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს – საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, დონორი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, მათ რეგიონულ წარმომადგენლობებს, საქართველოში მოქმედ დიპლომატიურ კორპუსს. პანდემიის საპასუხოდ, ჩვენ სწორედ მათი მხარდაჭერით შევძელით საკმაოდ დიდი მოცულობის რესურსების მოძიება, რაც გვეხმარება პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩემთვის სასიამოვნო იყო, რომ მომეცა შესაძლებლობა, პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში მემუშავა მათთან ერთად, ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის. მადლობას ვუხდი თანამშრომლობისთვის ფინანსთა სამინისტროს შესანიშნავ გუნდს. გუნდს, რომელიც გამოირჩევა მაღალი კომპეტენციით, კეთილსინდისიერებითა და საქმისადმი ერთგულებით.

მადლობა ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის, შემოსავლებისა და საგამოძიებო სამსახურების, ფინანსთა სამინისტროს აკადემიის, სახაზინო და საფინანსო-ანალიტიკური, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურების თითოეულ თანამშრომელს. მეამაყება, რომ ვმუშაობდი თქვენთან ერთად“, – ნათქვამია განცხადებაში.

წყარო: https://1tv.ge/news/ivane-machavarianma-finansta-ministris-tanamdeboba-datova/

წაკითხულია 78 ჯერ

Related items

  • არჩილ თალაკვაძე - ღიას ვტოვებთ კარს პარტიებისთვის, რომ შემოგვიერთდნენ

    ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიატორობით გამართულ გუშინდელ მოლაპარაკებებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე „ტვიტერზე“ ეხმაურება.

    „მადლიერი ვართ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელისა და სპეციალური წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მიერ მედიატორობის ხელმძღვანელობისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია არ იყო ხელმოწერისთვის მზად, ჩვენ დანიელსონის შემოთავაზების მიხედვით განვახორციელებთ სასამართლო და საარჩევნო რეფორმას. ჩვენ ღიას ვტოვებთ კარს პარტიებისთვის, რომ შემოგვიერთდნენ“, – წერს არჩილ თალაკვაძე.

    გარდა ამისა, საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის თქმით, ჩვენ საკითხების დამატება არ მოგვითხოვია და „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა კონსტრუქციული და სამართლიანი პოზიციები ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც დოკუმენტში იყო წარმოდგენილი, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციასთან კრისტიან დანიელსონის მედიატორობით გამართული შეხვედრის შემდეგ.

    „დოკუმენტი უკვე გამოქვეყნდა, მე მგონი, უკვე ყველამ გაიგეთ, თვითონ მედიატორის მხრიდან, რომ მედიატორის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს ოპოზიციამ ხელი არ მოაწერა და ისინი ითხოვდნენ სხვა საკითხების დამატებას, ჩვენ საკითხების დამატება არ მოგვითხოვია და „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა კონსტრუქციული და სამართლიანი პოზიციები ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც დოკუმენტში იყო წარმოდგენილი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

    თალაკვაძის თქმით, დანიელსონმა მათ შესთავაზა ტექსტი და ამ ტექსტზე ხელმოწერისთვის ოპოზიციამ მზადყოფნა არ გამოხატა.

    „ჩვენ გვქონდა კონსტრუქციული პოზიციები ყველა საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენი თანამოქალაქეების და ჩვენიო ქვეყნის ინტერესებში შედის. სამწუხაროდ, დიალოგის ამ ეტაპზე ოპოზიცია ისევ არ აღმოჩნდა მზად, რომ ხელი მოეწერა შეთანხმებაზე“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

    ამასთან, თალაკვაძემ უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით.

    „თუ თქვენ ნახავთ იმ დოკუმენტს, რომელიც უკვე სასამართლო რეფორმაზე არის ინიცირებული საქართველოს პარლამენტში, მაგ შეკითხვაზე პასუხი და ჩვენი კომპრომისული პოზიცია არის მოცემული შავით თეთრზე. ჩვენ მზად ვიყავით, რომ პროცედურისთვის გადაგვეხედა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებით შეგვეცვალა შერჩევის პროცედურის ყველა ის მომენტი, რომელზეც ვენეციის კომისიას ჰქონდა რეკომენდაციები და გვთხოვდა ცვლილებას, მხოლოდ ამის შემდეგ ჩაგვეტარებინა მოსამართლეთა შერჩევის პროცედურა პარლამენტში, ამიტომ ამაზე პასუხი ჩვენ გვქონდა უკვე გაცემული მანამდეც კი, ვიდრე დღეს მოლაპარაკებების მაგიდას მივუსხდებოდით“, – განაცხადა თალაკვაძემ.

    თალაკვაძემ ისაუბრა ნიკა მელიას საქმეზეც და აღნიშნა, რომ მის მიმართ სახელმწიფომ აჩვენა თავისი სამართლებრივი პოზიცია.

    „შეგახსენებთ, რომ ის მოქალაქეებსა და სახელმწიფოს ეუბნებოდა, რომ კანონი მასთან მიმართებაში არ არსებობს და მას შეუძლია, რომ დაარღვიოს კანონი ისე, რომ არც გადაიხადოს გირაო და ვერც დააპატიმრებენ. აქ სახელმწიფომ მას შეახსენა, რომ კანონიც არსებობს და ინსტიტუტებიც ამ ქვეყანაში და ის დააპატიმრა მართლმსაჯულების სისტემამ. ამის გათვალისწინებით ჩვენ დღეს გამოვთქვით მზადყოფნა, რომ გირაოს გადახდის შემთხვევაში საქართველოს პარლამენტი განიხილავდა 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ ამნისტიას, სადაც იცით, რომ ასევე სხვა პირებიც არიან პასუხისგებაში მიცემული. არა მხოლოდ ნიკანორ მელია, ეს არის მნიშვნელოვანი მაგალითი, თუ როგორ კომპრომისებზე მიდიოდა ხელისუფლება ჩვენი მოქალაქეების და ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის და კიდევ ერთხელ მინდა, გავიმეორო ის, რაც ჩვენმა პარტნიორებმა ამ ტრიბუნასთან და ევროპულ თუ ამერიკულ ტრიბუნებთან თქვეს, რომ ყოველი დღე, როდესაც ოპოზიცია არ შედის პარლამენტში და მათი ადგილები ცარიელია, ეს არის არა ხალხის სამსახური, არამედ რუსეთის ინტერესების სამსახური საქართველოში, ვინაიდან ეს ხელს უშლის, საქართველომ აჩვენოს სწრაფი პროგრესი, ხელს უშლის ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაცია, რაზეც ხელისუფლებას სრული პასუხისმგებლობა ჰქონდა ამ წლების განმავლობაში. ამ პასუხისმგებლობას ინარჩუნებს დღესაც, ჩვენ ვართ ის ხელისუფლება და ის პოლიტიკური გუნდი, ვინც კონსტიტუციაში ჩაწერა საქართველოს მიზნები ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ამით მთავარი განაცხადი ჩვენი მხრიდან გაკეთდა, როდესაც საკონსტიტუციო რეფორმა განვახორციელეთ“, – განაცხადა თალაკვაძემ.

    ამასთან, შეკითხვაზე, ნიკა მელიასთან დაკავშირებით იყო თუ არა გირაოს გადახდის შეთავაზება, თალაკვაძემ აღნიშნა: „იმ შენიშვნის გარდა, რაზეც ირაკლი კობახიძემ ისაუბრა აქ, ერთ-ერთი შენიშვნა, რომელიც ჩვენ პირდაპირ დავურთეთ ტექსტს ზუსტად იმიტომ, რომ ამაზე ყოფილიყო ძალიან მკაფიო ჩანაწერი, იყო ზუსტად, რომ დავაზუსტეთ, ამნისტია, რომელიც 20 ივნისის მოვლენების დროს ჩადენილ დანაშაულებს ეხებოდა, ასევე შეეხებოდა ნიკანორ მელიას იმის გათვალისწინებთ, რომ ის პასუხისგებაში მიეცა. ასევე, მას შეეფარდა პატიმრობა, გირაო იქნებოდა გადახდილი იმის ნიშნად, რომ მეორე მხარე პატივს სცემს საქართველოში კანონის უზენაესობას და ამ შემთხვევაში, ჩვენ რა თქმა უნდა კომპრომისული და კონსტრუქციული პოზიცია გვქონდა ამნისტიასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ გეუბნებით, მაგალითად ერთ-ერთი შენიშვნა რაც ჩვენ გავახმოვანეთ იყო, რომ დაგვეზუსტებინა ის, რომ ეს ამნისტია ნიკანორ მელიასაც შეეხებოდა მას შემდეგ რაც გირაო იქნებოდა გადახდილი“, – აღნიშნა თალავაძემ.

    ხოლო შეკითხვაზე, იყო თუ არა საუბარი, თუ ვინ გადაიხდიდა გირაოს, თალაკვაძემ აღნიშნა: „ვერ გეტყვით, ფაქტი არის ის რომ, მხარეს, ანუ ნიკანორ მელიას გირაო უნდა გადახდილიყო, რასაც ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ეს არის პოზიცია, რასაც კანონის ითვალისწინებს“.

    ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა გუშინ გვიან ღამამდე მიმდინარე მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ პარტიებს შორის შეთანხმება ვერ შედგა.

    ამასთან, ევროკავშირის მედიატორმა კრისტიან დანიელსონმა გამოაქვეყნა წინადადებები, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს შესთავაზა.

    წყარო: https://1tv.ge/news/archil-talakvadze-dialogis-am-etapze-opozicia-isev-ar-aghmochnda-mzad-rom-kheli-moewera-shetankhmebaze/

  • ხელი მოეწერა იაპონიასა და საქართველოს შორის ორ სტრატეგიულ საერთაშორისო ხელშეკრულებას
    დღეს ხელი მოეწერა იაპონიასა და საქართველოს შორის ორ სტრატეგიულ საერთაშორისო ხელშეკრულებას, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას: ე.წ. „საინვესტიციო შეთანხმება“ მნიშვნელოვნად გაზრდის ეკონომიკური თანამშრომლობის შესაძლებლობებს ინვესტიციების ლიბერალიზაციით, ხოლო ე.წ. „საგადასახადო შეთანხმება“ ხელს შეუწყობს ეკონომიკურ თანამშრომლობას ორმაგი დაბეგვრისგან გათავისუფლებით - საქართველოს დამოუკიდებლობიდან მსგავსი შეთანხმებები იაპონიასთან პირველად ფორმდება.
    ელჩი იმამურა: „საქართველოს ხელსაყრელი ბიზნეს გარემო საერთაშორისო დონეზეა ცნობილი და იაპონური კომპანიები უფრო და უფრო ინტერესდებიან საქართველოთი. ამ ორი ხელშეკრულების ხელმოწერით, იაპონური ბიზნეს კომპანიები შეძლებენ მეტი სტაბილურობის გარანტიით მოახდინონ ინვესტირება საქართველოში და მოსალოდნელია, რომ ეს გააღრმავებს იაპონიასა და საქართველოს შორის ეკონომიკურ თანამშრომლობას.“
    ე.წ. „საინვესტიციო შეთანხმებას“ (შეთანხმება იაპონიასა და საქართველოს შორის ინვესტიციების ლიბერალიზაციის, განვითარებისა და დაცვისთვის) ხელი მოაწერა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა - ქალბატონმა ნათია თურნავამ, ხოლო ე.წ. „საგადასახადო შეთანხმებას“ (იაპონიასა და საქართველოს შორის კონვენცია ორმაგი გადასახადების თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის თავიდან არიდებისათვის) ხელი მოაწერა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა - ბატონმა ივანე მაჭავარიანმა, 29 იანვარს, 2021 წელს. იაპონიის მთავრობის სახელით, ხელშეკრულებებს ხელი მოაწერა ელჩმა - ბატონმა იმამურა აკირამ.
  • საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება საარჩევნო პოლიტიკური კრიზისის მოლაპარაკებების გზით წარმართვის აუცილებლობაზე

    საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს როგორც მმართველ, ასევე, არჩევნებში მონაწილე ოპოზიციურ პარტიებს, დაუყოვნებლივ დაიწყონ მოლაპარაკებები საარჩევნო დარღვევების გამო შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის ძიების მიზნით. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" სახალხო დამცველის აპარატიდან შეატყობინეს.

    საქართველოს სახალხო დამცველის, როგორც ქვეყანაში საარჩევნო უფლების დაცვაზე ზედამხედველობის განმახორციელებელი კონსტიტუციური ორგანოს, შეფასებით, 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებზე ძალადობრივი ინციდენტების, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, ასევე, არჩევნების დღეს ამომრჩევლების ნების კონტროლის, დამკვირვებლებზე და მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმის პარალელურად, განსაკუთრებული პრობლემებით გამოირჩეოდა შედეგების შეჯამებისა და ხმის დათვლის პროცესი. სამწუხაროდ, შემაჯამებელ ოქმებში არსებულ არსებითი ხასიათის დარღვევებს საარჩევნო კომისიებმა საჩივრების განხილვის პროცესში სათანადო პასუხები ვერ გასცეს, რამაც საარჩევნო პროცესის მიმართ უნდობლობა და საზოგადოებრივი პროტესტი კიდევ უფრო გააღრმავა.

    2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში გამოვლენილი ხარვეზების შედეგად ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი შეიქმნა. სიტუაციას ამძაფრებს გლობალური პანდემიის გამო საქართველოში შექმნილი მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და ეკონომიკური კრიზისი. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ყველა საარჩევნო სუბიექტის მონაწილეობით მოლაპარაკებების წარმართვა საერთო სამართლებრივ და პოლიტიკურ გამოსავალზე შეთანხმების მიზნით. აუცილებელია გზების გამონახვა, რათა შესაძლებელი გახდეს სადავო საარჩევნო უბნების შედეგების მაქსიმალური გამჭვირვალობით გადათვლა და მეორე ტურების სამართლიანად ჩატარების უზრუნველყოფა.

    ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ სახელისუფლებო და ოპოზიციურ პარტიებს, უსწრაფესად დაიწყონ მოლაპარაკებები კრიზისიდან გამოსვლის გზების ძიების მიზნით. დროულად გამოიძებნოს და შეთანხმდნენ შესაბამის ფორმატზე, რა დროსაც, უზრუნველყოფილი უნდა იყოს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების, ასევე, დამოუკიდებელი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მონაწილეობა პროცესების დაკვირვებისა და ფასილიტაციის მიზნით.

  • საქართველომ საბიუჯეტო მხარდაჭერის სახით აზიის განვითარების ბანკიდან დამატებით 170.8 მლნ ევრო მიიღო

    საქართველომ საბიუჯეტო მხარდაჭერის სახით აზიის განვითარების ბანკიდან დამატებით 170.8 მლნ ევრო მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს პრეს-სამსახური იტყობინება.

    მათი მონაცემებით, საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის გაფორმდა შეთანხმება „ფისკალური მდგრადობის და სოციალური დაცვის პროგრამის“ თაობაზე. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და აზიის განვითარების ბანკის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა შეინ როზენტალმა.

    პროგრამის ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკი საქართველოს გამოუყოფს 170.8 მლნ ევროს ოდენობის ფინანსურ რესურსს, რომელიც მიიმართება ბიუჯეტში.

    პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს ქვეყნის მდგრად და ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას. იგი მოიცავს რეფორმებს, რომლებიც მიზნად ისახავს პანდემიით გამოწვეული ჯანმრთელობის, სოციალური და ეკონომიკური გავლენების შემსუბუქებას, აგრეთვე ეკონომიკური ზრდისთვის მდგრადი გზების მოძიებას.

    რეფორმები ფოკუსირებულია სამ ძირითად მიმართულებაზე, ესენია: COVID-19-ით გამოწველი კრიზისის შედეგად გაზრდილი ფისკალური რისკების მართვის გაძლიერება, სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების შიდა ბაზრის განვითარება, სოციალური დაცვის პროგრამებისა და ფისკალური მდგრადობის განმტკიცება.

    აღსანიშნავია, რომ ADB-სთან ხელმოწერილი შეთანხმება ნაწილია იმ ფინანსური მხარდაჭერისა, რომელიც საქართველოს მთავრობამ პარტნიორი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისგან COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლისა და ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი რეაბილიტაციისთვის მოიზიდა.

     

  • ლიბერთი სასოფლო-სამეურნეო მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების პროგრამას უერთდება

    დღეიდან, სასოფლო-სამეურნეო მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში,  200 000-ზე მეტი ფერმერი ლიბერთის ,,აგრო ბარათს“ მიიღებს და მთელი ქვეყნის მასშტაბით ახალი პროგრამით ისარგებლებს.

    20 მაისიდან, ლიბერთი ბანკის აქტიური ანგარიშის მქონე ბენეფიციარებისათვის ეტაპობრივად იწყება „სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების“ პროგრამით გათვალისწინებული ქულების დარიცხვა და  ლიბერთის მიერ ‘აგრო ბარათების’ დამზადებისა და დარიგების პროცესი.

    37 მილიონიანი ბიუჯეტის მქონე პროგრამით გათვალისწინებულ სუბსიდიას მიიღებს ყველა ის ფიზიკური და იურიდიული პირი, ვისაც საკუთრებაში ან თანასაკუთრებაში აქვს საჯარო რეესტრში  რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 0.25ჰა-დან 10 ჰა-ს ჩათვლით მიწის ნაკვეთი. პროგრამის თანახმად, ფერმერებს, სუბსიდიის თანხის შესაბამისი ქულები (1 ქულა = 1 ლარს) დაერიცხებათ ლიბერთი ბანკის ,,აგრო ბარათებზე“ 0.25 ჰექტარზე -  50 ქულა,1 ჰექტარზე -  200 ქულა,  10 ჰექტარზე - 2 000 ქულა.

    ბარათის ასაღებად ფერმერმა უნდა მიმართოს ლიბერთი ბანკსსუბსიდიის მოცულობისა და ბარათის მიღების თარიღის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებგვერდზე myliberty.ge. დარიცხული სუბსიდიის შესაბამისი ქულების გახარჯვა შესაძლებელია ,,აგრო ბარათის“ პოსტერმინალზე გატარებით, ლიცენზირებულ სასოფლო-სამეურნეო საქონლის სპეციალიზირებულ მაღაზიებსა და შპს სოფლის მეურნეობის ლოგისტიკისა და სერვისების კომპანიაში.  დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთის მფლობელებს 2020 წლის 31 დეკემბრამდე, შესაძლებლობა აქვთ მოახდინონ მიწის ნაკვეთის პირველადი რეგისტრაცია, რის შემდგომაც ისინი შეძლებენ პროგრამაში მონაწილეობას.

    პროგრამის განხორციელება დაიწყება 2020 წლის 20 მაისიდან.  ფიზიკური პირები რომელთაც, თანასაკუთრებაში გააჩნიათ მიწის ნაკვეთები, ‘აგრო ბარათებზე’ ქულები დაერიცხებათ ეტაპობრივად 1 ივნისიდან და დარიცხული ქულების გამოყენება  შესაძლებელი იქნება 2021 წლის 20 მაისის ჩათვლით.

    "მოხარული ვართ, რომ დღეს მოგვეცა საშუალება ჩვენს მომხმარებელს შევთავაზოთ ახალი პროდუქტი - ‘აგრო ბარათები’, რომელზეც მათ დაერიცხებათ „სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების“ სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული სუბსიდია. ლიბერთის გააჩნია ყველაზე ფართო ქსელი და ყველაზე ახლოს არის ფერმერებთან. ეს პროგრამა ეხმარება ფერმერებს, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის დაძლევის მიზნით. მათი უსაფრთხოდ მომსახურებისთვის, ჩვენ შევქმენით სპეციალური პლატფორმა myliberty.ge, სადაც შესაძლებელი იქნება ამ პროგრამით გათვალისწინებული ინფორმაციის მიღება", - განაცხადა ლიბერთი ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორის მოადგილემ, ირაკლი აბაშიძემ.

    (R)

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური