ჯანდაცვის მინისტრი საქართველოში აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
ოთხშაბათი, 31 მარტი 2021 16:31
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე საქართველოში აზერბაიჯანის ელჩს ფაიგ გულიევს შეხვდა. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო აქვეყნებს ინფორმაციას.
მათი მონაცემებით, მხარეებმა კოვიდ-19-ის ვაქცინაციასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. მინისტრმა დიპლომატს დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია იმუნიზაციის პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. ისაუბრეს ჯანდაცვის სფეროში 2021 წლის თანამშრომლობის საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე.
ეკატერინე ტიკარაძემ აზერბაიჯანის ელჩს სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა. დიპლომატმა თავის მხრივ ჯანდაცვის სისტემაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების მიმართ მხარდაჭერა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოხატა.
შეხვედრას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია ესწრებოდა.
შეგახსენებთ, რომ „კოვაქსის“ პლატფორმის ფარგლებში დაგეგმილია 1.4 მილიონი დოზა ვაქცინის შესყიდვა. ვაქცინაციის ეროვნული გეგმის თანახმად, 2021 წლის განმავლობაში ვაქცინაციის ჩატარების სამიზნე ნიშნული მოსახლეობის 60%-ია. შესაბამისად, დამატებითი დოზების მობილიზების მიზნით აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკება მწარმოებელ კომპანიებთან და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან.
წაკითხულია 91 ჯერ

Related items

  • ჩინურ ვაქცინა „სინოფარმს“ უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის ძალიან მაღალი დონე გააჩნია - აცხადებს ჩინეთის ელჩი

    ჩინურ ვაქცინა „სინოფარმს“ უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის ძალიან მაღალი დონე გააჩნია. ამის შესახებ დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე ჩინეთის ელჩმა საქართველოში ლი იენმა განაცხადა. პრესს-კონფერენციას ასევე ესწრებოდნენ ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ღვთისიაშვილი. 

    როგორც ელჩმა ვაქცინის წარდგენისას ბრიფინგზე განაცხადა, „სინოფარმის“ ვაქცინა ტრადიციული და სანდო მეთოდითაა წარმოებული და მისი უსაფრთოხება საერთაშორისო საზოგადოების მიერ ფართოდანაა აღიარებული.

    „ჩვენ საქართველოს მივაწოდეთ კომპანია „სინოფარმის“ მიერ წარმოებული ვაქცინა, რომელიც ტრადიციული, სანდო, ვირუსის ინაქტივირების მეთოდით არის დამზადებული. ვაქცინის უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის დონე ძალიან მაღალია. ეს ვაქცინა ამ მომენტისთვის არა მხოლოდ ჩინეთში გამოიყენება ფართოდ, არამედ მისი ექსპორტი მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში ხორციელდება. მსოფლიოში გამოყენებულია 100 მლნ-ზე მეტი დოზა, - აღნიშნა ჩინელმა დიპლომატმა.

    მისივე თქმით, ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტიანობა საერთაშორისო საზოგადოების მიერ ფართოდანაა აღიარებული და მოწოდებული. ჩინური მხარე იმედოვნებს, რომ ჩინური ვაქცინა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოს მიერ ეპიდემიის დამარცხების და ქართველის ხალხის სიცოცხლის, უსაფრთოხებისა და ჯანმრთელობის დაცვის საქმეში.

    "შემდეგ ეტაპზე ჩინეთი მზადაა, გააგრძელოს ქართულ მხარესთან ეპიდემიის წინააღმდეგ საერთაშორისო თანამშრომლობა, მათ შორის ვაქცინების მიმართულებით. მთელი გულით ვიმედოვნებ, რომ ჩინური ვაქცინა საქართველოს კოვიდ 19- ის ეპიდემიის მალე დამარცხებაში და სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობისა და განვითარების და ნორმალური ცხოვრების რეჟიმის აღდგენაში დაეხმარება“, - განაცხადა ჩინეთის ელჩმა.

    მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ვაქცინა ვირუსის საწინაააღმდეგო იარაღი და სიცოცხლის გადარჩენის იმედია. „კოვიდ 19-ის გლობალური პანდემიის დაწყებიდან ჩინეთი და საქართველო მუდამ ეხმარებიან და მხარში უდგანან ერთმანეთს. როგორ იტყვიან, „მეგობარი გასაჭირში იცნობაო“. 

    ლი იენის სიტყვებით, ვაქცინა ვირუსის საწინაააღმდეგო იარაღი და სიცოცხლის გადარჩენის იმედია. ჩინეთი მსოფლიოში ვაქცინის კვლევის, განვითარების და წარმოების და ვაქცინების კუთხით საერთაშორისო თანამშრომლობის პირველი ეშელონი იყო. "ჩინური ვაქცინების ეპიდემიის წინააღმდეგ გლობალურ ომში უაღრესად მნიშვნელოვან როლს თამაშობს“, - დასძინა ჩინელმა დიპლომატმა.

    თავის მხრივ, ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჩინური ვაქცინა „სინოფარმის“ სანდოობაზე კითხვები არ არსებობს. როგორც მან ვაქცინის წარდგენისას აღნიშნა, საქართველოს ინტენსიური მიმოწერა აქვს ჯანდაცის მსოფლიო ორგანიზაციასთან, რომ ავტორიზაციის მინიჭების შემდეგ, დაიწყოს მსჯელობა, თუ როდის დაიწყება ჩინური ვაქცინით ვაქცინაცია საქართველოში.

    „როგორც იცით, უნგრეთის მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან არის აღიარებული „სინოფარმი“, რის საფუძველზეც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ „სინოფარმი“ შეიძლება დაშვებული ყოფილიყო საქართველოს ბაზარზე. ასევე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის, რომ უკვე 40 მილიონზე მეტი ადამიანი არის აცრილი „სინოფარმის“ ვაქცინით. შესაბამისად, მის სანდოობაზე კითხვები არ ისმის. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან ის ელოდება ავტორიზაციას. ამასთან დაკავშირებიოთ ჩვენ გვაქვს ინტენსიური მიმოწერა ჯანდაცის მსოფლიო ორგანიზაციასთან, რის შედეგადაც საბჭოებთან მსჯელობის შემდეგ, მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ როდის იქნება ჩინური ვაქცინით ვაქცინაცია საქართველოში უკვე შესაძლებელი“, - განაცხადა ე. ტიკარაძემ.

    ავთანდილ ოთინაშვილი

  • თურქეთ-აზერბაიჯანს შორის ID ბარათებით მიმოსვლა 1 აპრილიდან იწყება

    მიმდინარე წლის 1 აპრილიდან, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმოსვლა პირადობის დამადასტურებელი ID ბარათებით იქნება შესაძლებელი. ამის თაობაზე ინფორმაციას სააგენტო "TRT-ქართული" ავრცელებს.

    აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თურქეთის უსაფრთხოების გენერალური დირექტორატი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია: „თურქეთის და აზერბაიჯანის მოქალაქეებს ერთმანეთის სახელმწიფოების ტერიტორიაზე 2021 წლის 1 აპრილიდან ვიზის გარეშე ყოფნა 90 დღის განმავლობაში შეეძლებათ. თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის ე.წ. „აიდი“ ბარათებით შესვლის შესახებ შეთანხმების თაობაზე ადრე საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა.  

  • ვლადიმერ კონსტანტინიდი აზერბაიჯანის საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწრო

    17 მარტს, ნოვრუზის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს მიერ ორგანიზებულ საზეიმო მიღებას დაესწრო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვლადიმერ კონსტანტინიდი, რომელმაც დღესასწაული მიულოცა დამსწრე საზოგადოებას. ამის შესახებ საგარეო უწყება აქვეყნებს ინფორმაციას.

    მათი თქმით, მინისტრის მოადგილემ თავის გამოსვლაში ისაუბრა დღესასწაულის მნიშვნელობაზე და საქართველოში მისი აღნიშვნის ტრადიციაზე. ხაზი გაუსვა ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთობებს, ორი ერის განსაკუთრებულ მეგობრობას და წარმატება და კეთილდღეობა უსურვა აზერბაიჯანელ ხალხს.

    ღონისძიებას ესწრებოდნენ საკანონმდებლო, აღმასრულებელი და ადგილობრივი ორგანოების წარმომადგენლები, ასევე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

  • ეკატერინე ტიკარაძე რესპუბლიკურ საავადმყოფოში ვაქცინაციის პროცესს გაეცნო

    ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესს გაეცნო.

    გეგმის მიხედვით, ვაქცინაციის პირველი დოზები უკვე მიიღეს სამედიცინო მუშაკებმა, რომლებიც ვაქცინაციისთვის სპეციალური პლატფორმის საშუალებით დარეგისტრირდნენ.

    ამ დროისთვის რეგისტრაცია უკვე გაიარა 4456 სამედიცინო პერსონალმა და უკვე აცრილია 1143 პირი.

    ჯანდაცვის მინისტრმა კოლეგებს იმუნიზაციის პროცესში ჩართულობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ვაქცინაცია პანდემიას დაასრულებს.

    “რესპუბლიკურ საავადმყოფოში COVID-19-ის ვაქცინაციის პროცეს გავეცანი. გავესაუბრეთ ექიმებს, თუ როგორია სამედიცინო პერსონალის განწყობა. ექიმები ვაქცინაციის პროცესში მონაწილეობის მისაღებად მზადყოფნას გამოთქვამენ“-ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

    გარდა ამისა, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მიერ პროექტის ფარგლებში სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგს 55 ჟანგბადის კონცენტრატორი გადაეცა.
    სამედიცინო მოწყობილობა ვიშეგრადის ფონდისა და კორეის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერითაა შეძენილი.

    „საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიდან 55 ჟანგბადის კონცენტრატორი გადმოეცა. ეს სახელმწიფო კლინიკებს კიდევ უფრო გააძლიერებს“-ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

    „ვიშეგრადის ფონდი დონორი ორგანიზაციაა, რომელიც 4 ქვეყანას წარმოადგენს: ესენია-პოლონეთი, ჩეხეთი , უნგრეთი და სლოვაკეთი. ფონდი ხელს უწყობს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების სოციალურ და ეკონომიკურ გაძლიერებას“-ამის შესახებ საქართველოში უნგრეთის ელჩმა, ვიქტორია ჰორვატიმ განაცხადა.

    პროექტის მიზანი პანდემიის პერიოდში ჯანდაცვის სისტემის მხარდაჭერაა. ამასთან ერთად, პროექტით გათვალისწინებულია კოვიდ-19-ის ყველა დონის სასტუმროების პერსონალის ცოდნის გაუმჯობესება. ეს მათ დაეხმარებათ საკარანტინე ზონებსა და კლინიკურ სასტუმროებში მყოფი პირებისთვის სამედიცინო მომსახურების დროულად და ხარისხიანად მიწოდებაში.

    პროექტი ასევე მოიცავს ტექნიკურ დახმარებას პირველადი ჯანდაცვის მუშაკებისთვის, რათა მათ უკეთ შეძლონ პანდემიასთან გამკლავება თავიანთი კომპეტენციების ფარგლებში. ამ მიმართულებით თანამშრომლობა მიმდინარეობს სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრთან.

  • COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია უკვე საქართველოშია

    შვედურ-ბრიტანული კომპანიის მიერ წარმოებული, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის „ასტრაზენეკას“ პირველი პარტიის 43 200 დოზა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს დილით ჩამოვიდა. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს.

    „ასტრაზენეკას“ ვაქცინას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აქვს გადაუდებელი მოხმარებისთვის ავტორიზაცია და საქართველოში კანონმდებლობით დადგენილი წესით, მას მიცემული აქვს ჯანდაცვის სამინისტროსა და ეროვნული მარეგულირებელი სააგენტოს მიერ ქვეყანაში იმპორტისა და გამოყენების უფლება.

    COVAX პლატფორმიდან საქართველოსთვის „ასტრაზენეკას“ 129 600 დოზა, ხოლო „ფაიზერის“ 29 250 დოზაა გამოყოფილი, რომლის მოწოდება მაისის ბოლომდე დასრულდება.

    ვაქცინების მთელი ქვეყნის მასშტაბით განაწილების სქემა, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად ჯანდაცვის სამინისტროს უკვე შემუშავებული აქვს.

    ამ ეტაპზე ვაქცინაციის პროცესში ჩართულია 82 ამცრელი დაწესებულება. 15 მარტიდან ვაქცინაცია დაიწყება 29 ცენტრში - თბილისსა და ყველა რეგიონულ ცენტრში გამოყოფილია ამცრელი კაბინეტები, რომლებსაც იმუნიზაციის პროცესში მონაწილეობის დიდი გამოცდილება აქვთ. თბილისში იქნება 10, ქუთაისსა და ბათუმში 4-4, რუსთავსა და ზუგდიდში 2-2, დანარჩენ რეგიონულ ცენტრებში კი თითო ასეთი ცენტრი იქნება.

    17 მარტს ამას დაემატება კიდევ 35 დაწესებულება, 19 მარტს კი  23 დაწესებულება. ერთი კვირის თავზე ვაქცინაციის პროცესი გაიშლება ქვეყნის ყველა მუნიციპალურ ცენტრში.

    ვაქცინაცია კეთდება ორჯერადად, მეორე აცრა 8-12 კვირის ვადაში კეთდება. აცრილ ადამიანს მიეცემა დამადასტურებელი ცნობა.

    სამედიცინო პერსონალი უდიდეს როლს თამაშობს საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვასა და შენარჩუნებაში და ამიტომ მათი დაცვა ვაქცინაციის გზით ქვეყნის პრიორიტეტია.

    ეროვნული გეგმის შესაბამისად,  ვაქცინაცია სამედიცინო პერსონალით დაიწყება.

    ვაქცინების განაწილება და სრულად მიწოდება რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებში  მიმდინარე შაბათ-კვირას დასრულდება.

    COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციისათვის სარეგისტრაციო სახელმძღვანელო უკვე შეიქმნა, იმუნიზაციისათვის მომზადებულ რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში სამუშაოდ, სადაც აცრების პირველ ეტაპზე ვაქცინაციის ეროვნული გეგმის შესაბამისად შერჩეული პირველი პრიორიტეტული ჯგუფის - ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები დარეგისტრირდებიან.

    პირველ ეტაპზე აიცრება ის პერსონალი, რომელთაც COVID-ინფიცირების სტატუსი ბოლო 120 დღის მანძილზე არ აქვთ. ბოლო მონაცემებით ელექტრონულ პორტალზე რეგისტრირებულია 64 051 პირი, რომელთაგან აცრას დაქვემდებარებული პირების რაოდენობა 54 000-ს შეადგენს.

    COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე რეგისტრაცია - სამედიცინო დაწესებულებაში სასურველი თარიღის, დროის შერჩევა და რიგის დაჯავშნა პერსონალს რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში 13 მარტს, დღის 12:00 საათიდან შეეძლება.

    ვაქცინაციის პროცესის დაწყებისათვის სამედიცინო პერსონალის და  პროცესში ჩართული პირების ტრენინგები უკვე დასრულებულია.

    საქართველო მზად არის, ვაქცინაციის პროცესი შეუფერხებლად დაიწყოს.

    ვაქცინაციის ეროვნული გეგმის თანახმად, 2021 წლის განმავლობაში ვაქცინაციის ჩატარების სამიზნე ნიშნული მოსახლეობის 60%-ია.

    აცრა ნებაყოფლობითია.

    COVID-19-ით  ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა!

    ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ით  ვაქცინაციას!

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური