არჩილ თალაკვაძე - ღიას ვტოვებთ კარს პარტიებისთვის, რომ შემოგვიერთდნენ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 31 მარტი 2021 11:53

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიატორობით გამართულ გუშინდელ მოლაპარაკებებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე „ტვიტერზე“ ეხმაურება.

„მადლიერი ვართ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელისა და სპეციალური წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მიერ მედიატორობის ხელმძღვანელობისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია არ იყო ხელმოწერისთვის მზად, ჩვენ დანიელსონის შემოთავაზების მიხედვით განვახორციელებთ სასამართლო და საარჩევნო რეფორმას. ჩვენ ღიას ვტოვებთ კარს პარტიებისთვის, რომ შემოგვიერთდნენ“, – წერს არჩილ თალაკვაძე.

გარდა ამისა, საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის თქმით, ჩვენ საკითხების დამატება არ მოგვითხოვია და „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა კონსტრუქციული და სამართლიანი პოზიციები ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც დოკუმენტში იყო წარმოდგენილი, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციასთან კრისტიან დანიელსონის მედიატორობით გამართული შეხვედრის შემდეგ.

„დოკუმენტი უკვე გამოქვეყნდა, მე მგონი, უკვე ყველამ გაიგეთ, თვითონ მედიატორის მხრიდან, რომ მედიატორის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს ოპოზიციამ ხელი არ მოაწერა და ისინი ითხოვდნენ სხვა საკითხების დამატებას, ჩვენ საკითხების დამატება არ მოგვითხოვია და „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა კონსტრუქციული და სამართლიანი პოზიციები ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც დოკუმენტში იყო წარმოდგენილი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

თალაკვაძის თქმით, დანიელსონმა მათ შესთავაზა ტექსტი და ამ ტექსტზე ხელმოწერისთვის ოპოზიციამ მზადყოფნა არ გამოხატა.

„ჩვენ გვქონდა კონსტრუქციული პოზიციები ყველა საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენი თანამოქალაქეების და ჩვენიო ქვეყნის ინტერესებში შედის. სამწუხაროდ, დიალოგის ამ ეტაპზე ოპოზიცია ისევ არ აღმოჩნდა მზად, რომ ხელი მოეწერა შეთანხმებაზე“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ამასთან, თალაკვაძემ უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით.

„თუ თქვენ ნახავთ იმ დოკუმენტს, რომელიც უკვე სასამართლო რეფორმაზე არის ინიცირებული საქართველოს პარლამენტში, მაგ შეკითხვაზე პასუხი და ჩვენი კომპრომისული პოზიცია არის მოცემული შავით თეთრზე. ჩვენ მზად ვიყავით, რომ პროცედურისთვის გადაგვეხედა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებით შეგვეცვალა შერჩევის პროცედურის ყველა ის მომენტი, რომელზეც ვენეციის კომისიას ჰქონდა რეკომენდაციები და გვთხოვდა ცვლილებას, მხოლოდ ამის შემდეგ ჩაგვეტარებინა მოსამართლეთა შერჩევის პროცედურა პარლამენტში, ამიტომ ამაზე პასუხი ჩვენ გვქონდა უკვე გაცემული მანამდეც კი, ვიდრე დღეს მოლაპარაკებების მაგიდას მივუსხდებოდით“, – განაცხადა თალაკვაძემ.

თალაკვაძემ ისაუბრა ნიკა მელიას საქმეზეც და აღნიშნა, რომ მის მიმართ სახელმწიფომ აჩვენა თავისი სამართლებრივი პოზიცია.

„შეგახსენებთ, რომ ის მოქალაქეებსა და სახელმწიფოს ეუბნებოდა, რომ კანონი მასთან მიმართებაში არ არსებობს და მას შეუძლია, რომ დაარღვიოს კანონი ისე, რომ არც გადაიხადოს გირაო და ვერც დააპატიმრებენ. აქ სახელმწიფომ მას შეახსენა, რომ კანონიც არსებობს და ინსტიტუტებიც ამ ქვეყანაში და ის დააპატიმრა მართლმსაჯულების სისტემამ. ამის გათვალისწინებით ჩვენ დღეს გამოვთქვით მზადყოფნა, რომ გირაოს გადახდის შემთხვევაში საქართველოს პარლამენტი განიხილავდა 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ ამნისტიას, სადაც იცით, რომ ასევე სხვა პირებიც არიან პასუხისგებაში მიცემული. არა მხოლოდ ნიკანორ მელია, ეს არის მნიშვნელოვანი მაგალითი, თუ როგორ კომპრომისებზე მიდიოდა ხელისუფლება ჩვენი მოქალაქეების და ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის და კიდევ ერთხელ მინდა, გავიმეორო ის, რაც ჩვენმა პარტნიორებმა ამ ტრიბუნასთან და ევროპულ თუ ამერიკულ ტრიბუნებთან თქვეს, რომ ყოველი დღე, როდესაც ოპოზიცია არ შედის პარლამენტში და მათი ადგილები ცარიელია, ეს არის არა ხალხის სამსახური, არამედ რუსეთის ინტერესების სამსახური საქართველოში, ვინაიდან ეს ხელს უშლის, საქართველომ აჩვენოს სწრაფი პროგრესი, ხელს უშლის ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაცია, რაზეც ხელისუფლებას სრული პასუხისმგებლობა ჰქონდა ამ წლების განმავლობაში. ამ პასუხისმგებლობას ინარჩუნებს დღესაც, ჩვენ ვართ ის ხელისუფლება და ის პოლიტიკური გუნდი, ვინც კონსტიტუციაში ჩაწერა საქართველოს მიზნები ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ამით მთავარი განაცხადი ჩვენი მხრიდან გაკეთდა, როდესაც საკონსტიტუციო რეფორმა განვახორციელეთ“, – განაცხადა თალაკვაძემ.

ამასთან, შეკითხვაზე, ნიკა მელიასთან დაკავშირებით იყო თუ არა გირაოს გადახდის შეთავაზება, თალაკვაძემ აღნიშნა: „იმ შენიშვნის გარდა, რაზეც ირაკლი კობახიძემ ისაუბრა აქ, ერთ-ერთი შენიშვნა, რომელიც ჩვენ პირდაპირ დავურთეთ ტექსტს ზუსტად იმიტომ, რომ ამაზე ყოფილიყო ძალიან მკაფიო ჩანაწერი, იყო ზუსტად, რომ დავაზუსტეთ, ამნისტია, რომელიც 20 ივნისის მოვლენების დროს ჩადენილ დანაშაულებს ეხებოდა, ასევე შეეხებოდა ნიკანორ მელიას იმის გათვალისწინებთ, რომ ის პასუხისგებაში მიეცა. ასევე, მას შეეფარდა პატიმრობა, გირაო იქნებოდა გადახდილი იმის ნიშნად, რომ მეორე მხარე პატივს სცემს საქართველოში კანონის უზენაესობას და ამ შემთხვევაში, ჩვენ რა თქმა უნდა კომპრომისული და კონსტრუქციული პოზიცია გვქონდა ამნისტიასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ გეუბნებით, მაგალითად ერთ-ერთი შენიშვნა რაც ჩვენ გავახმოვანეთ იყო, რომ დაგვეზუსტებინა ის, რომ ეს ამნისტია ნიკანორ მელიასაც შეეხებოდა მას შემდეგ რაც გირაო იქნებოდა გადახდილი“, – აღნიშნა თალავაძემ.

ხოლო შეკითხვაზე, იყო თუ არა საუბარი, თუ ვინ გადაიხდიდა გირაოს, თალაკვაძემ აღნიშნა: „ვერ გეტყვით, ფაქტი არის ის რომ, მხარეს, ანუ ნიკანორ მელიას გირაო უნდა გადახდილიყო, რასაც ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ეს არის პოზიცია, რასაც კანონის ითვალისწინებს“.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა გუშინ გვიან ღამამდე მიმდინარე მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ პარტიებს შორის შეთანხმება ვერ შედგა.

ამასთან, ევროკავშირის მედიატორმა კრისტიან დანიელსონმა გამოაქვეყნა წინადადებები, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს შესთავაზა.

წყარო: https://1tv.ge/news/archil-talakvadze-dialogis-am-etapze-opozicia-isev-ar-aghmochnda-mzad-rom-kheli-moewera-shetankhmebaze/

წაკითხულია 63 ჯერ

Related items

  • საქართველოს ფინანსთა მინისტრი თანამდებობიდან გადადგა

    საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა.

    როგორც ივანე მაჭავარიანი აღნიშნავს, თანამდებობიდან წასვლას ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს გეგმავდა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ წინ იყო 2021 წლის კრიზისული ბიუჯეტის დამტკიცების პროცედურა, ასევე, მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პროგრამის დასრულების თაობაზე, გადადგომა რამდენიმე თვით გადადო.

    ივანე მაჭავარიანის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

    „საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მხარდაჭერილი პროგრამის მერვე მიმოხილვაზე. ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს სხდომაზე მისი დამტკიცების შემდეგ, საქართველოსთვის ხელმისაწვდომი გახდება დამატებითი ფინანსური რესურსი.

    საქართველო არის ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც გლობალური პანდემიის დაწყებიდან მალევე, პარტნიორებისგან (მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ევროკავშირი) მიიღო მნიშვნელოვანი მხარდაჭერა. ჩემთვის განსაკუთრებით საამაყოა, რომ მქონდა შესაძლებლობა, აქტიური მონაწილეობა მიმეღო ამ მოლაპარაკებებში.

    მინდა, გაცნობოთ ჩემი გადაწყვეტილება, დავტოვო ვიცე-პრემიერისა და ფინანსთა მინისტრის თანამდებობა. უნდა ვთქვა, რომ ფინანსთა მინისტრად, დაახლოებით, სამწლიანი მუშაობის შემდეგ, თანამდებობიდან წასვლას ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს ვგეგმავდი, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ წინ გველოდა 2021 წლის კრიზისული ბიუჯეტის დამტკიცების პროცედურა, ასევე, მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პროგრამის დასრულების თაობაზე, გადავწყვიტე ეს გადაწყვეტილება რამდენიმე თვით გადამედო.

    ჩემთვის პატივი და ამავე დროს, დიდი პასუხისმგებლობა იყო მემუშავა „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გუნდთან ერთად – მთავრობის ხელმძღვანელებთან, ჩემს კოლეგებთან მინისტრთა კაბინეტში, პარლამენტის წევრებთან.

    მსურს, პრემიერსა და მთავრობის წევრებს, პოლიტიკურ გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ვუსურვო წარმატება ყველა იმ გამოწვევის დაძლევაში, რომლის წინაშეც დღეს დგას ჩვენი ქვეყანა. დიდი მადლობა მათ ამ რთულ, გამოწვევებით სავსე პერიოდში, ასე ერთიანად და კოორდინირებულად მუშაობისთვის.

    მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მტკიცე თანამშრომლობისათვის, ასევე, მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს – საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, დონორი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, მათ რეგიონულ წარმომადგენლობებს, საქართველოში მოქმედ დიპლომატიურ კორპუსს. პანდემიის საპასუხოდ, ჩვენ სწორედ მათი მხარდაჭერით შევძელით საკმაოდ დიდი მოცულობის რესურსების მოძიება, რაც გვეხმარება პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩემთვის სასიამოვნო იყო, რომ მომეცა შესაძლებლობა, პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში მემუშავა მათთან ერთად, ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის. მადლობას ვუხდი თანამშრომლობისთვის ფინანსთა სამინისტროს შესანიშნავ გუნდს. გუნდს, რომელიც გამოირჩევა მაღალი კომპეტენციით, კეთილსინდისიერებითა და საქმისადმი ერთგულებით.

    მადლობა ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის, შემოსავლებისა და საგამოძიებო სამსახურების, ფინანსთა სამინისტროს აკადემიის, სახაზინო და საფინანსო-ანალიტიკური, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურების თითოეულ თანამშრომელს. მეამაყება, რომ ვმუშაობდი თქვენთან ერთად“, – ნათქვამია განცხადებაში.

    წყარო: https://1tv.ge/news/ivane-machavarianma-finansta-ministris-tanamdeboba-datova/

  • ევროკავშირის შუამდგომლობა: ქართული ოცნება და ოპოზიცია კვლავ ვერ შეთანხმდნენ

    მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის ევროკავშირის წარმომადგენლის შუამდგომლობით რვასაათიანი მედიაციის პროცესის დასრულების შემდეგ, საქართველოში პოლიტიკური კრიზისის მედიაციის საკითხებში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ქრისტიან დანიელსონმა 31 მარტს, გვიან ღამით, მედიასთან საუბრისას თქვა, რომ სამწუხაროდ, მის მიერ წარდგენილ კრიზისიდან გამოსვლის დოკუმენტს „მთლიანობაში არცერთი პარტია არ დაეთანხმა“.

    ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა საქართველო უკვე დატოვა. მას გამგზავრებამდე მედიასთან დამატებითი კომენტარი არ გაუკეთებია. დანიელსონი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის მოლაპრაკების მიმდინარეობისა და შედეგის შესახებ, რომელიც გადაწყვეტს, რა იქნება მომდევნო ნაბიჯი. 

    შეგახსენებთ, რომ 30 მარტს დანიელსონის მონაწილეობით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მედიაციის მეორე რაუნდიც უშედეგოდ დასრულდა. მხარეებმა ევროპელი მედიატორის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს. 

    ქვემოთ მხარეებისთვის ქრისტიან დანიელსონის მიერ წარდგენილი წინადადების ძირითადი პუნქტებია მოცემული.

  • ევროკავშირის მედიატორი კრისტიან დანიელსონი აქვეყნებს წინადადებას, რომელიც მან საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს შესთავაზა
    ევროკავშირის მედიატორი კრისტიან დანიელსონი აქვეყნებს წინადადებას, რომელიც მან გუშინ საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს შესთავაზა.
    პოლიტიკურ დაინტერესებულ მხარეებთან ცხრადღიანი მოლაპარაკებების შემდეგ, საქართველოში ევროკავშირის მედიატორობით გამართულ დიალოგში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა საქართველოსთვის სამომავლო გზასთან დაკავშირებით საქართველოს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს დეტალური წინადადება შესთავაზა. ეს ძალისხმევა მოჰყვა საქართველოში 1 მარტის ვიზიტისას პრეზიდენტ მიშელის მიერ განახლებულ პოლიტიკურ დიალოგს.
    იხილეთ დოკუმენტის ტექსტი: https://europa.eu/!Gt83dp
  • კრისტიან დანიელსონი აცხადებს, რომ მხარეებს შორის რამდენიმე საკითხზე პროგრესი მიღწეულია, თუმცა ზოგიერთ თემაზე წინ წაწევა ვერ მოხერხდა

    ზოგიერთ მონაკვეთში მიღწეული იყო მნიშვნელოვანი პროგრესი, სხვადასხვა ასპექტში პრეზიდენტ მიშელის მიერ დატოვებულ ექვსპუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით, რაც მისასალმებელია, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში მისი მედიატორობით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

    მისი თქმით, ეს მნიშვნელოვანია, რათა კრიზისთან დაკავშირებული საკითხები მოგვარდეს.

    თუმცა, დანიელსონის განმარტებით, ნაკლები წინსვლა იყო გარკვეულ საკითხებზე.

    „პოლიტიკური კრიზისის დასრულება საქართველოს ლიდერებისთვის ნიშნავდა, რომ მათ შეძლებოდათ კონცენტრაციის მოხდენა და მთელი ყურადღების გამახვილება კორონავირუსის პანდემიასა და მის სოციო-ეკონომიკურ შედეგებზე, წინ წასულიყვნენ ევროკავშირის დღის წესრიგით და დაეცვათ საქართველოს უსაფრთხოების ინტერესები რეგიონში – ეს არის რეალური გამოწვევები, რომლებიც ქვეყნის წინაშე დგას.

    ზოგიერთ მონაკვეთში მიღწეული იყო მნიშვნელოვანი პროგრესი, სხვადასხვა ასპექტში პრეზიდენტ მიშელის მიერ დატოვებულ ექვსპუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით. ეს მისასალმებელია და ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოხდეს კრიზისთან დაკავშირებული ამ საკითხების მოგვარება. რაც შეეხება სხვა საკითხებს, ამაზე ნაკლები წინსვლა იყო“, – განაცხადა კრისტიან დანიელსონმა.

    წყარო: https://1tv.ge/news/kristian-danielsoni-ackhadebs-rom-mkhareebs-shoris-ramdenime-sakitkhze-progresi-mighweulia-tumca-zogiert-sakitkhze-win-waweva-ver-mokherkhda/

  • კახა ოქრიაშვილი მოლაპარაკებებთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს

    პარტია „პროგრესი და თავისუფლების“ თავმჯდომარე კახა ოქრიაშვილმა მიმდინარე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით დღეს საგანგებო განცხადება გაავრცელა, რომელსაც "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ.

    "პარტიის „პროგრესი და თავისუფლება“ სახელით, მინდა გამოვეხმაურო მიმდინარე მოლაპარაკებებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირად წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან.

    მოლაპარაკებების წინაპირობა, პირველი ეტაპი არის პოლიტიკური პატიმრების განთავისუფლება.

    დღეს ყველამ, მათ შორის მმართველმა ძალამ და მოლაპარაკებაში ჩართულმა მედიატორმა თუ ფასილიტატორმა მხარემ აღიარა, რომ საქართველოში არის ღრმა პოლიტიკური კრიზისი, რომელიც არ ეხება მხოლოდ ერთ ან რამდენიმე პოლიტიკურ ჯგუფს. შესაბამისად, ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის ერთადერთ გზას წარმოადგენს ახალი საპარლამენტო არჩევნები.

    მოვუწოდებ ყველას - შევთანხმდეთ ახალი არჩევნების თარიღზე!", ნათქვამია განცხადებაში.

    კახა ოქრიაშვილი, „პროგრესი და თავისუფლება“

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური