რაგბის კავშირის პრეზიდენტის შეხვედრა "ბორჯღალოსნებთან"

გამოქვეყნებულია სპორტი
სამშაბათი, 23 მარტი 2021 15:41

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი იოსებ ტყემალაძე, პირველ სამუშაო დღეს "ბორჯღალოსნებს" „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე შეხვდა რუსეთთან გამარჯვება მიულოცა, რუმინეთთან წარმატებები უსურვა და საკუთარ გეგმებზე ესაუბრა. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" რაგბის კავშირის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

მათი თქმით, პრეზიდენტი ნაკრების წევრებს დაპირდა, რომ მათი წარმომადგენელი აუცილებლად იქნება რაგბის კავშირის გამგეობაში და გარდა ამისა, რეგულარულად მოხდება შეხვედრები პრეზიდენტსა და ნაკრების კაპიტანს შორის, სადაც გუნდის საჭიროებებზე შუამავლის გარეშე ისაუბრებენ.

ტყემალაძემ შეხვედრისას აღნიშნა, რომ ახალი სეზონიდან მნიშვნელოვნად გაიზრდება ქართული კლუბების დაფინანსება და მისი ოდენობის განსაზღვრისას, გათვალისწინებული იქნება ბავშვთა გუნდების ვერტიკალი. ასევე დიდი ყურადღება მიექცევა კლუბების მენეჯმენტის საკითხს და რაც ასევე მნშვნელოვანია, ქართული ფრანჩაიზის ჩამოყალიბებას.
„ქვეყნის ნაკრები ეროვნული საგანძურია და მას ყველა უნდა გავუფრთხილდეთ. პირველსავე გამგეობაზე დავაყენებ საკითხს, რომ მისი წარმომადგენელი იყოს გამგეობაში. გარდა ამისა, ნაკრების მიერ არჩეული პერიოდულობით, მოხდება შეხვედრა კაპიტანთან და სხვადასხვა საკითხებს პირადად გავივლით“ – უთხრა მორაგბეებს შეხვედრისას ტყემალაძემ და დასძინა:

„ეს ბიჭები საამაყონი არიან მთელი ქვეყნისთვის და უდიდესი მომავალი აქვთ. მათ ვესაუბრე სამომავლო გეგმებზე და აღვუთქვი თანადგომა ნებისმიერი საკითხის გადაჭრაში. მათ ეყოლებათ საკუთარი წარმომადგენელი გამგეობაში, რომელიც ნაკრების სათქმელს ჩვენამდე მოიტანს“.
ბორჯღალოსნების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ აღნიშნა, რომ სიტუაციის დამშვიდებით ყველა კმაყოფილია, რადგან არასტაბილური ფონი თამაშის ხარისხზეც აისახებოდა. ის ასევე მოხარულია, რომ ნაკრებს გამგეობაში ეყოლება საკუთარი წარმომადგენელი და რეგულარულ ხასიათს მიიღებს პირადი შეხვედრები:

„საინტერესო შეხვედრა იყო. ბატონმა სოსომ მოგვილოცა გამარჯვება და გვისურვა წარმატებები მომავალ შეხვედრაში. ვისაუბრეთ ნაკრების სამომავლო გეგმებზე. ხაზგასმით ითქვა, რომ იქნება ფრენჩაიზი, რაც ყველა ჩვენგანისთვის დიდი მოტივაციაა. ესაა ერთადერთი საშუალება, რათა მოხდეს როგორც მოთამაშეთა ინდივიდუალური, ასევე გუნდური განვითარება, რადგან ნაკრებს ფიზიკურად ვერ ექნება ამ რაოდენობის მაღალი დონის თამაშები“ – თქვა შარიქაძემ და ერთიანობის ნიშნად, პრეზიდენტს "ბორჯღალოსნების" სათამაშო კვართი გადასცა.
შეხვედრით კმაყოფილი დარჩა ბორჯღალოსანთა გამოცდილი კვაჭი ჯაბა ბრეგვაძე:

„იმედისმომცემი შეხვედრა იყო. ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებსა და კრიზისიდან გამოსვლის გზებზე. ყველას გაგვიჩნდა იმედი, რომ ქართულ რაგბს ნათელი მომავალი ექნება“.

 

წაკითხულია 193 ჯერ

Related items

  • ორი ტესტ-მატჩი მსოფლიო ჩემპიონთან და შინ შოტლანდიასთან

    მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, ‘სპრინბოქსი’ ივლისში ბორჯღალოსნებს ორ მატჩიან ტესტ სერიაში სამხრეთ აფრიკაში უმასპინძლებს. სამხრეთ აფრიკასთან ტესტ-მატჩები 3 და 10 ივლისს გაიმართება.

    ესაა პირველი შემთხვევა, როდესაც სამხრეთ აფრიკას მსოფლიო თასს მიღმა შევხვდებით. აქამდე ‘ბოკეს’ ერთადერთხელ, 2003 წლის მსოფლიო თასზე ვეთამაშეთ. მეტოქემ 46:19 მოიგო, საქართველომ კი მსოფლიო თასზე პირველი ლელო (დავით დადუნაშვილი) გაიტანა!

    2019 წლის 2 ნოემბერს, სამხრეთ აფრიკამ მესამედ მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული და ამ რანგში, თავის პირველ მატჩს სწორედ საქართველოსთან გამართავს. ბორჯღალოსნები აფრიკას შარშან ზაფხულში უნდა წვეოდნენ, მაგრამ მაშინ ეს თამაში კოვიდ-პანდემიამ ჩაშალა. ქურციკებს საქართველოსთან რკენის წყურვილი არ განელებიათ და ‘ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების’ ტურნემდე, მოსამზადებლად საქართველოსთან ორი ტესტ-მატჩი დაგეგმეს.

    თავის მხრივ, სამხრეთ აფრიკაში გამგზავრებამდე ბორჯღალოსნები 26 ივნისს რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნით მატჩს გამართავენ და ბელგია-ნიდერლანდებს (29 მაისს გაირკვევა) შორის გამარჯვებულს უმასპინძლებენ.

    3 და 10 ივლისს სამხრეთ აფრიკასთან ტესტ-მატჩების შემდეგ, შინ მობრუნებული ბორჯღალოსნები 17 ივლისს შოტლანდიას უმასპინძლებენ. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველო ზაფხულში ზედიზედ სამ ტესტ-მატჩს გამართავს ტიერ1-ის ნაკრებებთან.

    მეგობრობა სამხრეთ აფრიკასთან

    საქართველოს რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი, ბაჩო ხურციძე ამბობს, რომ ასეთი მაღალი დონის ტესტები სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირთან მეგობრული ურთიერთობის შედეგია და ეს მეგობრობა გაგრძელდება:

    „მათთან თამაში ჩვენთვის დიდი პატივია! სამხრეთ აფრიკასთან მხოლოდ ერთხელ, პირველ მსოფლიო თასზე, 2003 წელს გვაქვს ნათამაშები და ამ უდიდეს ფორუმზე პირველი ლელო სწორეთ მათთან გავიტანეთ. მას შემდეგ ბევრი დრო გავიდა, სამხრეთ აფრიკა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია და საქართველოც განვითარდა“.

    „ვაფასებთ იმას, რომ სამხრეთ აფრიკასთან მეგობრული და მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს. გარდა სანაკრებო მიმართულებისა, მათთან აქტიურად ვმუშაობთ ფრანჩაიზის კუთხით, რომელიც სამხრეთ აფრიკის შიდა ჩემპიონატში უნდა ჩაერთოს. წლებია ჩვენს 20-წლამდელებს ეპატიჟებიან ძალიან მაღალი დონის ტურნირზე და ამ ყველაფრის ფონზე, სამხრეთ აფრიკა, როგორც სარაგბო ქვეყანა, მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი გამოდის ქართული რაგბის განვითარებაში“.

    „ასეთი მნიშვნელოვანი ტესტები, როგორიც წელს გვაქვს, საქართველოს ნაკრებს აქამდე არ ჰქონია. რა უნდა იყოს იმაზე მნიშვნელოვანი, როდესაც მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი გეპატიჟება და ფინალური მატჩის შემდეგ, პირველ შეხვედრას შენთან ატარებს, თანაც ორს.“

    „სამხრეთ აფრიკული ტურნეს შემდეგ, საქართველოში შოტლანდია გვეწვევა და ეს თამაში ჩვენთვის რამდენიმე ფაქტორის გამოა მნიშვნელოვანი. შოტლანდია ტიერ 1-ის პირველი ქვეყანაა, რომელიც ერთხელ უკვე ეწვია საქართველოს და მეორედ ჩამოდის. ეს დასტურია იმის, რომ კმაყოფილები არიან იმ პირველი ვიზიტით, როგორც სპორტული, ასევე მასპინძლობის კუთხით. ეს ერთგვარი აღიარებაა იმ სარაგბო გარემოსი, რაც მათ საქართველოში დახვდათ. ასევე კარგი ნიშანი და სტიმულია სხვა ქვეყნებისთვის, რათა დაინახონ – საქართველო მზადაა უმასპინძლოს ტიერ 1-ის ქვეყნებს მაღალ დონეზე!“

    „იმაში, რომ წელს ასეთი მაღალი დონის ტესტები მივიღეთ, ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის მსოფლიო რაგბს, რომელიც ასრულებს დანაპირებს და ცდილობს პირველი და მეორე დონის ნაკრებები დააახლოვოს. თუმცა, სამხრეთ აფრიკასთან ტესტების შეთანხმება ჩვენი მეგობრობის ფარგლებში მოხდა და მსოფლიო რაგბმა ისინი სიხარულით დაადასტურა“.

    კარგი შესაძლებლობა ქვეყნის პოპულარიზაციისთვის

    რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდეტი, ნიკა ალავიძე მოლაპარაკების დეტალებს იხსენებს და ამ თამაშებს აფასებს როგორც შესაძლებლობას ქვეყნის პოპულარიზაციისთვის:

    „ძალიან დიდი მადლობა სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირს და მსოფლიო რაგბს ამ შესაძლებლობისთვის. არჩევნების დასრულებისთანავე ჩვენ ინტენსიური მოლაპარაკებები დავიწყეთ მსოფლიო რაგბთან მაღალი დონის ტესტ-მატჩების მოსაპოვებლად. მასში აქტიურად იყვნენ ჩართული რაგბის კავშირის პრეზიდენტი იოსებ ტყემალაძე და საქართველოს წარმომადგენელი მსოფლიო რაგბში გიორგი ნიჟარაძე“.

    „სამხრეთ აფრიკელებმა ძალიან საინტერესო შეთავაზება გაგვიკეთეს. პანდემიის პირობებში, მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, ფინალური მატჩის შემდეგ პირველი შეხვედრის ჩატარება ჩვენთან ისურვა, რაც ძალიან დიდი პატივია! ესაა ბევრი რამის სწავლის შესაძლებლობა, როგორც სპორტული, ასევე სხვა უამრავი კუთხით. ორმატჩიანი სერია შემოგვთავაზეს და პრაქტიკულად მაშინვე გადაწყდა, რომ ეს თამაშები შედგებოდა, თუმცა სამხრეთ აფრიკისა და მსოფლიო რაგბისგან იყო თხოვნა, რომ სანამ სრული კალენდარი არ შედგებოდა, ეს ინფორმაცია არ გაგვეჟღერებინა. გადაწყვეტილება ერთი თვის წინ მიღებული იყო, თუმცა შეთანხმების პირობების დაცვა პირდაპირ აისახება ჩვენს რეპუტაციაზე და მას ვერ დავარღვევდით“.

    „ჩვენთან თამაშების შემდეგ სამხრეთ აფრიკა გამართავს სამ მატჩიან ტესტ-მატჩების სერიას ‘ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების’ წინააღმდეგ, რომელიც მსოფლიოს უძლიერესი ფრანჩაიზია. მანამდე კი, მსოფლიოს ჩემპიონი ხანგრძლივი, იძულებითი პაუზის შემდეგ, მსოფლიო რეიტინგში მე-12 ადგილზე მყოფ საქართველოსთან ორ მატჩს გამართავს“.

    „გვაქვს ამბიცია, რომ გავხდეთ სარაგბო ერი, რა მიმართულებითაც გეგმაზომიერად ვმუშაობთ და ეს თამაშები ამ კუთხით იდეალურია. უმნიშვნელოვანესი ტესტებისთვის მთელი გუნდი ვემზადებით, რათა ღირსეულად წარმოვაჩინოთ საქართველო არა მხოლოდ სპორტული კუთხით. ეს არის ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციის შესაძლებლობა, რადგან მთელი მსოფლიო მოწყურებული ელოდება მსოფლიო ჩემპიონის თამაშს და ამ თამაშში მათი მეტოქე საქართველო იქნება!“.

    ნიკა ალავიძე 17 ივლისს, საქართველოში შოტლანდიასთან ტესტ-მატჩს ქვეყანაში ტურიზმის აღდგენის შესაძლებლობად განიხილავს:

    „მსოფლიოს ჩემპიონთან ორი თამაშის შემდეგ შოტლანდიას საქართველოში ვმასპინძლობთ, რაც ასევე უდიდესი მოვლენაა. დიდი ხანია გადწყვეტილია, რომ ისინი საქართველოს ზაფხულში ეწვევიან და ვცდილობთ მათი დელეგაცია მაქსიმალურად წარმომადგენლობითი იყოს. შოტლანდიასთან თამაში იქნება მორიგი წინგადადგმული ნაბიჯი ქართული რაგბისთვის. ამავდროულად, გვსურს საქართველოს ტურისტული პოტენციალი კარგად წარმოვაჩინოთ, რათა ჩვენი წვლილი შევიტანოთ ქვეყნის ეკონომიკურ გაჯანსაღებასა და ტურიზმის განვითარებაში. შოტლანდიელები, პოტენციურად, ახალი საერთაშორისო ვიზიტორები არიან. გარდა ამისა, ამ თამაშის მიმართ საერთაშორისო მედიის მხრიდან დიდი ინტერესია“.

    შესაძლებლობა წინსვლისთვის

    ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი, ტიერ1-ის ქვეყნის ნაკრებებთან ზედიზედ სამ თამაშს წინსვლისთვის საუკეთესო შესაძლებლობად მიიჩნევს:

    „რაგბის კავშირმა ნაყოფიერი სამუშაო ჩაატარა და მოხარული ვარ, რომ 3 და 10 ივლისს სამხრეთ აფრიკას ვეთამაშებით. მანამდე გვაქვს რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი შეხვედრა ბელგიასთან, ან ნიდერლანდებთან და მას გამოვიყენებთ ტურნესთვის მოსამზადებლად“.

    „ის, რომ მსოფლიოს ჩემპიონი ზედიზედ ორ ტესტს გვეთამაშება, დიდი პასუხისმგებლობაა და მადლობა მათ დაფასებისთვის. მერე ვმასპინძლობთ შოტლანდიას და ზედიზედ ამდენი მაღალი დონის შეხვედრის ჩატარება, ჩვენთვის ბრწყინვალე შესაძლებლობაა. სამწუხაროდ ‘შემოდგომის ერთა თასის’ შემდეგ ასეთი თამაშები არ გვქონდა, მაგრამ რაგბი ევროპის ჩემპიონატმა კიდევ უფრო წინ წაგვწია, განსაკუთრებით შეტევის კუთხით! საინტერესო იქნება ამ დონის მეტოქესთან როგორ შევძლებთ ამ ნამუშევრის გადატანას და როგორ გაუძლებს ჩვენი სისტემები ამ გამოწვევას“.

    სამწუხაროდ, ბორჯღალოსნებს ტრავმების გამო ზაფხულშიც არაერთი მორაგბე დააკლდება:

    „ძალიან ძნელია იმის ვარაუდი, როგორი იქნება ჩვენი შემადგენლობა ივლისის ტესტებისთვის. ტრავმიდან უკვე გამოვიდა გიორგი ცუცქირიძე და ის აუცილებლად გვეყოლება. ბექა გორგაძე, ოთარ გიორგაძე და გრიგორ ქერდიყოშვილი ამ პერიოდში რეაბილიტაციის დასრულებას ვერ ასწრებენ. ტრავმირებულია სოსო მათიაშვილი და ჯერ არ ვიცით რამდენ ხანს გაგრძელდება მისი მკურნალობა. გვაქვს კიდევ ერთი სამწუხარო ინფორმაცია, მიხეილ ნარიაშვილმა ფეხი მოიტეხა და ამ ტესტებზე ვერ დაგვეხმარება. წინაა ფლეი ოფები დიდ 10-სა და საფრანგეთში. მთავარია ყველანი ჯანმრთელად იყვნენ და იმ მომენტისთვის მაქსიმალურად უძლიერეს შემადგენლობას შევკრებთ“.

    ბორჯღალოსნების ის ნაწილი, რომელთა კლუბები სეზონს დაასრულებენ, ვარჯიშს 24 მაისიდან დაიწყებენ და მათ ეტაპობრივად დაემატებიან მოთამაშეები. მათ დღეში ორჯერადი ვარჯიშები ექნებათ, 14 ივნისიდან კი, გუნდი ზაფხულის მატჩებისთვის შეკრებაზე შევა.

    აფრიკელები ბორჯღალოსნებთან მატჩზე

    სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირის რაგბის დირექტორი (მაღალი მიღწევები) რასი ერასმუსი, რომელმაც 2019 წელს სამხრეთ აფრიკას მთავარი მწვრთნელის რაგნში მსოფლიო თასი მოაგებინა ამბობს, რომ ბორჯღალოსნებთან ორმატჩიანი სერია შესანიშნავი შესაძლებლობა იქნება გუნდისთვის, რათა სათანადოდ მოემზადოს ბრიტანელი და ირლანდიელი ლომებთან მატჩებისთვის:

    „არაფერი შეედრება საერთაშორისო მატჩებს იმისათვის, რომ დახვეწო შენი უნარები, შეიქმნა მზაობა წნეხში გადაწყვეტილებების მისაღებად და მოხარულები ვართ, რომ „ლომებთან“ თამაშის წინ ამის შესაძლებლობა საქართველოსთან გვექნება“.

    „ჟაკი (ნიენაბერი) და მისი სამწვრთნელო შტაბი დღედაღამ მუშაობს და ასე გააგრძელებს, რათა რაც შეიძლება კარგად მოამზადოს გუნდი საქართველოსთან გასამართი სერიისთვის. ეს არის ესოდენ საჭირო შესაძლებლობა კოვიდ-პანდემიით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ“.

    ნიენაბერი სპრინგბოქსის მთავარ მწვრთნელად შარშან დაინიშნა, თუმცა დებიუტი საქართველოსთან ექნება, რადგან პანდემიის გამო, გუნდს 2019 წლის 2 ნოემბრის შემდეგ არ უთამაშია:

    „საქართველოსთან გასამართი ტესტების დადასტურებამ და გასულ კვირაში „ლომების“ შემადგენლობის გამოცხადებამ ჩვენში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. დარწმუნებული ვარ, ეს აამაღლებს ჩვენი მოთამაშეების განწყობას და უფრო მონდომებულები გააგრძელებენ მზადებას ტესტ-რაგბში (სანაკრებო მატჩები) დასაბრუნებლად“.

    ცხელი ზაფხულის განრიგი:
     
    სამხრეთ აფრიკა vs საქართველო / 3 ივლისი
    სამხრეთ აფრიკა vs საქართველო / 10 ივლისი
    საქართველო vs შოტლანდია / 17 ივლისი

    რაგბის კავშირის პრეს-რელიზი

  • მსოფლიო რაგბმა ქართული რაგბის დაფინანსება აღადგინა

    საქართველოს რაგბის კავშირისა და მსოფლიო რაგბის ხელმძღვანელობას შორის, ზუმით საქმიანი შეხვედრა გაიმართა და ის კონკრეტული, პოზიტიური შედეგებით დასრულდა. ამის შესახებ რაგბის კავშირის ადმინისტრაცია იტყობინება.

    რამდენჯერმე გადადებული რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნებისა, მენეჯმენტში არსებული მნიშვნელოვანი ხარვეზებისა და გაურკვევლობის გამო, მსოფლიო რაგბს 2020 წლის ნოემბრიდან ქართული რაგბის დაფინანსება შეჩერებული ჰქონდა. ბოლო პერიოდში მხარეებს შორის აქტიურად მიმდინარეობდა საქმიანი კომუნიკაცია. ზემოაღნიშნული შეხვედრა კი დამაგვირგვინებელი იყო, რომლის შემდეგაც დაფინანსება აღდგა.

    „მსოფლიო რაგბი საქართველოს რაგბის კავშირს მაღალი მიღწევებისა და განვითარების გრანტის ფარგლებში სოლიდური თანხით აფინანსებდა, რაც გაურკვევლობის ფონზე და მენეჯმენტში არსებული ხარვეზების გამო, შეჩერებული იყო. ახლა ეს დაფინანსება აღდგა. ასევე დაგვიმტკიცდა და გადმოირიცხება თანხა მსოფლიო რაგბის კოვიდ-დახმარების ფონდიდან“ – განაცხადა რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა ბაჩო ხურციძემ:

    „ეს ჩართვა უპრეცენდენტოდ წარმომადგენლობითი იყო, რომელშიც მსოფლიო რაგბიდან თითქმის ყველა მაღალჩინოსანი მონაწილეობდა, მათ შორის აღმასრულებელი დირექტორი ალან გილპინი, საერთაშორისო მიმართულების ხელმძღვანელი დავიდ კერიგი, მაღალი მიღწევების ხელმძღვანელი პიტერ ჰორნი და სხვები. მათ გავაცანით ჩვენი გეგმები, გავუკეთეთ რამდენიმე გვერდიანი პრეზენტაცია, წარვუდგინეთ ფინანსური დოკუმენტები. მსოფლიო რაგბი კმაყოფილი დარჩა ჩვენი გეგმებით და შეჩერებული დაფინანსება განახლდა. მათი მხრიდან ითქვა, რომ ქართული რაგბის მართვა საიმენდო და სანდო ხელშია, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“.

    რაგბის კავშირის მხრიდან ონლაინ-შეხვედრაში ჩართული იყვნენ პრეზიდენტი იოსებ ტყემალაძე, ვიცე-პრეზიდენტები ლაშა ხურციძე, ნიკა ალავიძე და თორნიკე გოგებაშვილი, ასევე მსოფლიო რაგბის საბჭოში საქართველოს წარმომადგენელი გიორგი ნიჟარაძე.

    ონლაინ-შეხვედრას წინ უძღოდა რამდენიმე საქმიანი საუბარი კონკრეტული დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან. ნიკა ალავიძემ მათ წარუდგინა ფინანსური დოკუმენტაცია და აუდიტის დასკვნა, რითაც მსოფლიო რაგბი კმაყოფილი დარჩა:

    „დაახლოებით ერთწლიანი უნებური პაუზის შემდეგ, ეს იყო პირველი ოფიციალური საუბარი ჩვენსა და მსოფლიო რაგბს შორის. მათ ჰქონდათ ბევრი არასწორი ინფორმაცია ჩვენთან რაგბის კავშირში არსებულ სიტუაციაზე, რაც პირდაპირ მოქმედებდა ქართული რაგბის რეპუტაციაზე. ჩვენ მათ მივაწოდეთ ინფორმაცია ფინანსური კუთხით, ვისაუბრეთ დაგეგმილ კალენდარზე და კოვიდ-პანდემიით გამოწვეულ შეფერხებებზე. საუბრის შედეგად მსოფლიო რაგბმა აღგვიდგინა შეჩერებული დაფინანსება, რაც ჩვენი ბიუჯეტის დაახლოებით 20%-ია“.

    „იოსებ ტყემალაძემ ალან გილპინს გააცნო უკვე განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურება, განსაკუთრებით, გამგეობაში განხორციელებულმა ცვლილებებმა. მსოფლიო რაგბმა აღნიშნა, რომ ამდენი სამუშაო შეხვედრა ბოლო ოთხ წელიწადში ერთად აღებული არ ყოფილა. ჩვენმა პრეზიდენტმა ბატონი ალანი საქართველოში დაპატიჟა. ის თავადაც დაინტერესებულია ჩვენთან ვიზიტით, რაც არა მხოლოდ ქართული რაგბისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესი იქნება“.

  • ბორჯღალოსნებმა „რაგბი ევროპის ჩემპიონატში“ რუმინეთი 28:17 დაამარცხეს და ანთიმოზ ივერიელის თასი შეინარჩუნეს

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბორჯღალოსნებს და მათ გულშემატკივრებს რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეოთხე ტურში რუმინეთის ნაკრების დამარცხებას ულოცავს.

    მთავრობის მეთაური ბორჯღალოსნებს რაგბი ევროპის 2021/2022 წლების გათამაშებაში გამარჯვებას და 2023 წელს საფრანგეთში მსოფლიოს თასზე ასპარეზობას უსურვებს.

    „გილოცავთ! ბორჯღალოსნებმა „რაგბი ევროპის ჩემპიონატის" მეოთხე ტურში რუმინეთის ნაკრები 28:17 დაამარცხეს და ანთიმოზ ივერიელის თასი შეინარჩუნეს, რომელიც ტრადიციულად საქართველოს და რუმინეთის ეროვნული ნაკრებების შეხვედრაში თამაშდება. ქართველ ბორჯღალოსნებს რაგბი ევროპის 2021/2022 წლების გათამაშებაში გამარჯვებას და 2023 წელს საფრანგეთში მსოფლიოს თასზე ასპარეზობას ვუსურვებ!"- აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის მილოცვაში.

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბორჯღალოსნებს მოედანზე გულშემატკივრობდა. მატჩის დასრულების შემდეგ მთავრობის მეთაურმა გამარჯვებულებს ანთიმოზ ივერიელის თასი გადასცა.

     

    მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური

     

  • იოსებ ტყემალაძე არჩეულ იქნა საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტად

    საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტად იოსებ ტყემალაძე აირჩიეს.

    განმეორებითი არჩევნები, რომელიც 24 თებერვალს ქვორუმის არ არსებობის გამო გადაიდო, 10 მარტს გაიმართა. იმისათვის, რომ განმეორებით არჩევნებზე ქვორუმი შემდგარიყო, საჭირო იყო ნამდვილ წევრთა ნახევარზე მეტის რეგისტრაცია (50%+1 ხმა).

    არჩევნებზე რეგისტრაცია 25-მა სუბიექტმა გაიარა, ხმების საერთო რაოდენობით – 42 (74-იდან) და ყველა მათგანმა ნდობა იოსებ ტყემალაძეს გამოუცხადა.

    „ვულოცავ რაგბის სამყაროს ამ პროცესის დასრულებას, რომელიც მშვიდობიან გარემოში ჩატარდა, თუმცა გარეთ იყო აჟიოტაჟი. ვიცი, რომ კლუბების ნაწილს არჩევნებზე მოსვლა გაუჭირდა. მიუხედავად ამისა, მე მათ ვპირდები, რომ ეს მომავალ ურთიერთობაში ხელს არ შეგვიშლის. მინდა მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, რომლებმაც ამ რთულ პერიოდში რაგბი აქამდე მოიყვანა – პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ თორნიკე გოგებაშვილს და გამგეობის წევრებს. ახლა დროა უსწრაფესად გადავიდეთ სამუშაო რეჟიმში, რათა დავიწყოთ იმ გეგმების განხორციელება, რაც დავაანონსე“ – განაცხადა სოსო ტყემალაძემ.

    საარჩევნო პროცესის დასრულების შემდეგ, ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა დროებითი გამგეობის კანდიდატები დაასახელა. 14-კაციან სიაში ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერებიც არიან, რასაც ტყემალაძე გაერთიანებისკენ გადადგმულ ნაბიჯს უწოდებს:

    „ეს გამგეობა იმუშავებს დაახლოებით ორი თვე, სანამ ის კლუბების მიერ წარდგენილი კანდიდატებით არ დაკომპლექტებდა, რაზეც წინა დღეებში ვისაუბრე. გამგეობაში ორი ქალბატონია, რომლებიც სიმშვიდეს შემოიტანენ. ასევე არიან ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერები, რათა გამგეობა იყოს მრავალფეროვანი“.

    გამგეობის წევრებად წარდგენილი არიან: ალექსანდრე ხვედელიძე, ზურაბ ზოიძე, გოჩა მაჭავარიანი, ალექსანდრე გრიგალავა, გივი ჭიჭინაძე, გიორგი კობახიძე, მერაბ ანთაძე, გელა ქობულაძე, გიორგი კახიანი, ილია ზედგინიძე, აკაკი დავითულიანი, გაიოზ მონიავა, ია ხურცილავა, ნატალია კურტანიძე. 

    https://rugby.ge/იოსებ-ტყემალაძე-არჩეულ-ი/

    რაგბის კავშირის პრეს-რელიზი 

  • საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია

    უქულო პირველი ტაიმის შემდეგ, მეორე ნახევარში ბორჯღალოსნებმა შეძლეს უპირატესობის მოპოვება და რუსეთის ნაკრები 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნით მატჩში 16:7 დაამარცხეს. ამგვარად, ქართველმა ბორჯღალოსნებმა რაგბი ევროპის თასი მე-12-ედ მოიგეს.

    რაც შეეხება მატჩს, უკანასკნელ პერიოდში ეს იყო ყველაზე დაძაბული მატჩი რუს „დათვებთან“ და 10 წლის განმავლობაში მეტოქე ყველაზე მცირე სხვაობით დავამარცხეთ. ამის მიზეზი ტექნიკური წუნი იყო, რის გამოც რამდენიმე კარგ შეტევა დაიკარგა და ასევე დისციპლინა, რამაც მეტოქეს ბურთზე კონტროლის დამყარების შესაძლებლობა მისცა.

    და მაინც, ბორჯღალოსნებმა შეძლეს მეტოქის მიჯრით მე-19-ედ, სულ კი 22-ედ დამარცხება და მიუხედავად იმისა, რომ სატურნირო თვალსაზრისით ამ თამაშის შედეგი არაფერს წყვეტდა, რაგბი ევროპის თასი მე-12-ედ, გამარჯვებულებმა ჩაიბარეს.

    საქართველოს ნაკრებმა შეხვედრა მნიშვნელოვნად გადახალისებული და გაახალგაზრდავებული შემადგენლობით ჩაატარა. განაცხადში მყოფი მორაგბეების ნახევარზე მეტის ასაკი 24 წელი და ნაკლები იყო, ერთი კი, სასტარტოში მყოფი დავით ნინიაშვილი, სულაც 18 წლისაა. სასტარტოში მყოფ ხუთ და მარქაფიდან ორ მორაგბეს ათი კეპიც არ უგროვდებათ, ერთს კი – გიორგი ნუცუბიძეს, დებიუტი ჰქონდა.

     

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის მხარდაჭერით ქუთაისში 60+ კლუბის წევრებთან შეხვედრა გაიმართა

ლიბერთის მხარდაჭერით ქუთაისში 60+ კლუბის წევრებთან შეხვედრა გაიმართა

ლიბერთის მხარდაჭერით და გაეროს მოსახლეობის ფონდის ...

პოპულარული

« December 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური