სიღარიბეზე გამარჯვების ბუკმა დაჰკრა და ახალი მოგზაურობა დაიწყო
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში - ლი იენი
ცოტა ხნის წინ, ჩინეთში სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლის შედეგების შემაჯამებელი ღონისძიება ჩატარდა, სადაც პრეზიდენტმა სი ძინფინგმა საზეიმოდ განაცხადა, რომ ჩინეთმა სიღარიბის აღმოფხვრის ბრძოლაში სრული გამარჯვება მოიპოვა. ამჟამინდელი სტანდარტების თანახმად, 98.99 მილიონმა სოფლად მოსახლემ სიღარიბის ზღვარი გადალახა, 832 დაბამ და 128 000 სოფელმა სიღარიბეს თავი დააღწია და ამ სტატუსისგან განთავისუფლდა, რეგიონულ დონეზე სიღარიბის პრობლემა მოგვარდა და ჩინეთმა უკიდურესი სიღარიბის აღმოფხვრის რთულ ამოცანას თავი წარმატებით გაართვა. 1978 წელს რეფორმებისა და გახსნილობის პოლიტიკის დაიწყების შემდეგ, ჩინეთში სულ 770 მილიონმა ადამიანმა დააღწია თავი სიღარიბეს, რაც ამავე პერიოდში გლობალურად სიღარიბისგან გათავისუფლებული მოსახლეობის 70% -ზე მეტს შეადგენს. ჩინეთმა თითქმის შეუძლებელი მისია ბოლომდე მიიყვანა. აბსოლუტური სიღარიბის აღმოფხვრა არა მხოლოდ ჩინეთისთვის არის დიდი მიღწევა, ეს მსოფლიოში სიღარიბის შემცირებისათვის კარგი მაგალითი და ამ საქმეში შეტანილი დიდი წვლილია.
სიღარიბის დაძლევა ჩინეთის კომუნისტური პარტიის დამსახურებაა, რომლის ძირითადი მიზანიც მუდამ ხალხის სამსახურში ყოფნაა. პარტია არასოდეს ივიწყებს მის თავდაპირველ მისწრაფებასა და მისიას და დაუღალავად იბრძვის ჩინელის ხალხის ბედნიერებისა და ერის აღორძინებისათვის. 2012 წელს ჩინეთის კომუნისტური პარტიის მე-18 ყრილობის შემდეგ, ცენტრალურმა კომიტეტმა და ამხანაგმა სი ძინფინგმა არაერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ზომიერად დოვლათიანი საზოგადოების“ მშენებლობის პროცესში ერთი ღარიბი რეგიონი, ერთი ღარიბი ადამიანიც კი არ უნდა დარჩეს. ამისათვის მთელი პარტია, მთელი ქვეყანა, ყველა ეთნიკური ჯგუფი მობილიზდა და სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთიანი ძალისხმევით გაიმარჯვა.
საერთაშორისო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ როდესაც ქვეყანაში ღარიბი მოსახლეობის რიცხვი მთლიანი მოსახლეობის 10% -ზე ნაკლებია, სიღარიბის დაძლევა "უმძიმეს ფაზაში" შედის. ჩინეთის კომუნისტური პარტიის მე -18 ყრილობის შემდეგ, სიღარიბის აღმოფხვრის ბრძოლაში ჩინეთი მართლაც ამგვარი სირთულის წინაშე აღმოჩნდა. იმ დროისთვის ჩინეთში ჯერ კიდევ 98,99 მილიონი ადამიანი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა. ერთად თავმოყრილი ღარიბი რეგიონები, მკაცრი ბუნებრივი პირობები, მთავარი სამრეწველო დარგებისა და სამუშაო ადგილების ნაკლებობა - ეს ის სიძნელეები და დაბრკოლებები იყო, რომელიც "ზომიერად დოვლათიანი საზოგადოების მშენებლობის" დიადი მიზნისა და დაპირების ასრულების გზაზე სიღარიბის დასაძლევად უნდა გადაელახა ქვეყანას.
სიღარიბის აღმოფხვრის მიზნით, პრეზიდენტმა სი ძინფინგმა ზუსტი კონცეფცია წამოაყენა. იგი სიღარიბის დაძლევის ინოვაციურ მექანიზმს სათავეში ჩაუდგა და ისეთი კომპლექსური ღონისძიებები გაატარა, როგორიცაა წარმოების განვითარება, განსახლება, ეკოლოგიური ზარალის ანაზღაურება, განათლების განვითარება და სოციალური დაცვა. ჩინეთმა სრულად გამოიყენა სოციალისტური სისტემის პოლიტიკური უპირატესობები და დიდი საქმეების გასაკეთებლად მთელი ქვეყნის მასშტაბით, როგორც ერთ საჭადრაკო დაფაზე ძალების კონცენტრირება და კოორდინირება მოახდინა. აღმოსავლეთის განვითარებულმა რეგიონებმა ღარიბი ცენტრალური და დასავლეთის რეგიონების დახმარება დაიწყეს. მე-18 ყრილობის შემდეგ, ჩინეთმა თითქმის 1,6 ტრილიონი იუენის ინვესტიცია განახორციელა სიღარიბის დაძლევის ფონდებში. ყოველწლიურად საშუალოდ 10 მილიონი ადამიანი აღწევდა სიღარიბეს თავს, რითაც ჩინეთმა სიღარიბის აღმოფხვრის საქმეში უპრეცედენტო წარმატებას მიაღწია და სიღარიბის დაძლევის მსოფლიო მატიანეს ბრწყინვალე თავი შეჰმატა.
ამავდროულად, ჩვენ კარგად გვესმის, რომ უკიდურესი სიღარიბის აღმოფხვრა ფინიში არ არის. ჩინეთი კვლავ მსოფლიოში ყველაზე დიდი განვითარებადი ქვეყანაა. წინ ჯერ კიდევ გრძელი გზაა დაუბალანსებელი და არასაკმარისი განვითარების პრობლემის გადასაჭრელად, ქალაქებისა და სოფლების განვითარებას შორის ჩამორჩენის შესამცირებლად, ადამიანების სრულად განსავითარებლად, მთელი ერის საერთო კეთიდლღეობის მისაღწევად. ჩინეთი ახლანდელი მიღწევებით სიამაყესა და თვითკმაყოფილებას არ მიეცემა, არ მოდუნდება და არ შეისვენებს. პირიქით, ხელსაყრელი მომენტით ისარგებლებს, მიღწეულს არ დასჯერდება და ბრძოლას გააგრძელებს. ჩინეთი განამტკიცებს და გააფართოებს სიღარიბის დაძლევით მიღწეულ შედეგებს და მათ სოფლის აღორძინებას ეფექტურად დაუკავშირებს, შეინარჩუნებს დახმარების პოლიტიკის საერთო სტაბილურობას, განამტკიცებს სიღარიბის დაძლევის მიღწევებს, რათა ხალხმა მიიღოს უფრო არსებითი სარგებელი, უზრუნველყოფილი ბედნიერება და მდგრადი უსაფრთხოება.
ჩინეთში უძველესი დროიდან არსებობდა ფილოსოფიური კონცეფცია, რომელიც "მთელ სამყაროს, როგორც ერთ საზოგადოებას" განიხილავდა, ასევე არსებობდა იდეა სიღარიბის დაძლევის შესახებ. მიზანს მივაღწიეთ და გვსურს სიკეთე სხვებსაც გავუნაწილოთ, ამიტომ მზად ვართ მსოფლიოს გავუზიაროთ სიღარიბის დაძლევის თეორია და პრაქტიკა და "ჩინური გამოცდილება". ჩინეთი გააგრძელებს სიღარიბის შემცირების საკითხებში საერთაშორისო თანამშრომლობას, სიღარიბის აღმოფხვრის მიმართულებით საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას, თავისი შესაძლებლობების ფარგლებში დაეხმარება განვითარებად ქვეყნებს და მსოფლიოში სიღარიბის შემცირების საქმეში ძალისხმევას არ დაიშურებს. ჩინეთი მზადაა სხვა ქვეყნებთან ითანამშრომლოს, რათა სტიმული მისცეს სიღარიბის შემცირების საერთაშორისო პროცესს, აქტიურად შეუწყოს ხელი გაეროს 2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგის მიხედვით სიღარიბის აღმოფხვრის მიზნის დროულად განხორციელებას და "საერთო მომავლის მქონე საზოგადოების" შექმნას, სადაც არ იქნება სიღარიბე და იქნება ერთობლივი განვითარება.