ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის სარდლობისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ერთობლივი განცხადება

გამოქვეყნებულია სამხედრო
პარასკევი, 19 მარტი 2021 13:48

აშშ-ის მხარდაჭერის ფარგლებში, რომელიც საქართველოს თავდაცვის ძალების გაძლიერებას ისახავს მიზნად, თბილისს ოფიციალური ვიზიტით ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის სარდალი, გენერალი კავოლი ესტუმრა.როგორც "ნიუს დეი საქართველოს" თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს, 15-17 მარტს გენერალ კავოლის საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისთვის მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაადასტურეს.

ვიზიტის ფარგლებში გენერალმა კავოლიმ და მინისტრმა ბურჭულაძემ რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევებზე, უსაფრთხოების სფეროში ურთიერთთანამშრომლობის ინიციატივებსა და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ერთობლივ წვრთნებსა და სწავლებებზე, მათ შორის 2021 წლის ზაფხულში დაგეგმილ მრავალეროვნულ სწავლებაზე „მტკიცე სული“.
გენერალმა კავოლიმ შეხვედრა გამართა საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან. შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GRDP) წარმატებით განხორციელების საკითხზე ისაუბრეს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის ძალების დაკომპლექტების, წვრთნისა და აღჭურვის შესაძლებლობების განვითარებას. ყურადღება გამახვილდა GRDP-ის შემდგომ უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის პრიორიტეტებზეც. გენერალმა კავოლიმ დადებითად შეაფასა ქართულ-ამერიკულ სამხედრო ურთიერთობებში ქართული მხარის მზარდი ლიდერის როლი და გაზრდილი შესაძლებლობები.
ვიზიტის ფარგლებში გენერალი კავოლი ვაზიანშიც იმყოფებოდა, სადაც საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის წვრთნის კომპონენტის (GDRP-T) ფარგლებში ამერიკელი ინსტრუქტორები ქართულ მხარეს წვრთნის შესაძლებლობების განვითარებაში ეხმარებიან. საქართველოს თავდაცვის ძალები ინარჩუნებს მაღალი დონის მომზადებას საერთაშორისო მისიებისთვის და GDRP-T ხელს უწყობს საქართველოს ურთიერთთავსებადობის გაზრდას, ასევე აძლიერებს საქართველოს ტერიტორიული თავდაცვის შესაძლებლობებს. ამერიკელი და ქართველი სამხედროები მხარდამხარ ამაყად მსახურობენ ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ ავღანეთსა და მთელს მსოფლიოში.

წაკითხულია 311 ჯერ

Related items

  • თავდაცვის სამინისტრომ ნატოს სამხედრო მედიცინის დახელოვნების ცენტრთან თანამშრომლობის დოკუმენტი გააფორმა

    საქართველო ნატოს პირველი პარტნიორი ქვეყანაა, რომელმაც ალიანსის სამხედრო მედიცინის დახელოვნების ცენტრთან ფორმალური თანამშრომლობის დოკუმენტი გააფორმა. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" თავდაცვის უწყების ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    მათი ინფორმაციით, უნგრეთის რესპუბლიკაში ვიზიტით მყოფი საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ნატოს სამხედრო მედიცინის დახელოვნების ცენტრს ესტუმრა, სადაც მან ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერა ხელი. შეთანხმება მიზნად ისახავს ცენტრსა და თავდაცვის სამინისტროს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, სამხედრო-სამედიცინო წვრთნებისა და სწავლებების გამოცდილების გაზიარებას, სამედიცინო პერსონალის გადამზადებას, ასევე მობილური ჯანდაცვის შესაძლებლობების განვითარებას.

    სამხედრო-სამედიცინო შესაძლებლობების განვითარება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ერთ-ერთ ინიციატივად განისაზღვრა. ამ კუთხით საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ნატოს სამხედრო მედიცინის დახელოვნების ცენტრთან.

  • თავდაცვის მინისტრი აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურს შეხვდა

    უნგრეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურს, ოთხვარსკვლავიან გენერალს რიჩარდ კლარკს შეხვდა. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" თავდაცვის უწყების ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-აშშ-ს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. აღინიშნა, რომ აშშ-ის თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის ვიზიტისას ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებებს შორის გაფორმებული საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივა საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალების შემდგომ განვითარებას ისახავს მიზნად, რაც ტოტალური თავდაცვის ფარგლებში ქვეყნის მედეგობისა და წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობების განვითარებას ემსახურება. ჯუანშერ ბურჭულაძემ ამერიკულ მხარეს განგრძობითი, მრავალმხრივი და მზარდი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

    შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის სპეციალური ოპერაციების ძალებს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე. მინისტრის განცხადებით, აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ძალების მხარდაჭერა, ერთობლივი სწავლებები და აქტივობები საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალების განვითარებისა და მოდერნიზაციის პროცესში არსებითი მნიშვნელობისაა. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ მომავალში თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

    უნგრეთში ვიზიტის ფარგლებში ჯუანშერ ბურჭულაძემ უნგრელ კოლეგასთან ერთად „2021 უნგრეთის მედეგობისა და წინააღმდეგობის გაწევის კონფერენცია“ გახსნა.

  • თავდაცვის მინისტრმა ევროპაში აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურს უმასპინძლა

    საქართველოში პირველი სამუშაო ვიზიტით ევროპაში აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ძალების სარდალი იმყოფება. გენერალ-მაიორ დევიდ ტაბორს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უმასპინძლა. ჯუანშერ ბურჭულაძემ ამერიკულ მხარეს განგრძობითი, მრავალმხრივი და მზარდი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. 

    თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, გენერალ-მაიორ დევიდ ტაბორის საქართველოში ვიზიტი აშშ-ის თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის ვიზიტისას ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებებს შორის გაფორმებული საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივის განხორციელების პრაქტიკულ ნაბიჯს წარმოადგენს და საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალების შემდგომ განვითარებას ისახავს მიზნად, რაც ტოტალური თავდაცვის ფარგლებში ქვეყნის მედეგობისა და წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობების განვითარებას ემსახურება. შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ასევე განიხილეს თავდაცვის ძალებში მიმდინარე  და დაგეგმილი მოდერნიზაციის პროცესი და საქართველო-აშშ-ს შორის თავდაცვის სფეროში მიმდინარე ერთობლივი პროექტები.

    დღესვე, გენერალ-მაიორი დევიდ ტაბორი საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურს, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილს შეხვდა. მხარეებმა ყურადღება საქართველოსა და აშშ-ის ევროპის სარდლობას შორის არსებულ  მჭიდრო თანამშრომლობაზე გაამახვილეს და იმედი გამოთქვეს, რომ მომავალში თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილის განცხადებით, ევროპაში აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ძალების მხარდაჭერა, ერთობლივი სწავლებები და აქტივობები საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალების განვითარებისა და მოდერნიზაციის პროცესში არსებითი მნიშვნელობისაა.

  • „ახალგაზრდა ევროპელი ელჩები“ საქართველოსა და ევროპის სამსახურში

    „ახალგაზრდა ევროპელი ელჩების“ ინიციატივას დიდი მხარდაჭერა აქვს ევროკავშირის მხრიდან და ჩვენ გვინდა ეს მხარდაჭერა გამოვიყენოთ აქტიურად, რათა საქართველოს და ევროკავშირის ღირებულებები დავაახლოვოთ ერთმანეთს. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ „ახალგაზრდა ევროპელმა ელჩმა“, მენტორმა ქეთევან მურღულიამ განუცხადა.

    ყვარლის ევროკლუბი 2019 წლის ნოემბერში, ევროკავშირის საკომუნიკაციო პროგრამის, ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს (EU NEIGHBOURS east) მხარდაჭერით დაარსდა. მისი დამფუძნებელია ახალგაზრდა ევროპელი ელჩი ნიკა გურინი, რომელმაც თავის მშობლიურ ქალაქში მოქალაქეთა გაძლიერების სურვილით, ახალგაზრდული სადისკუსიო სივრცე გახსნა დევიზით - ილიას გზით ევროპისკენ. დღეს ევროკლუბი ასევე აერთიანებს ფრანგულ კუთხეს და ამერიკულ წიგნების თაროს, რომელიც ამერიკული კუთხეების ქსელის ნაწილია.

    ყვარლის ევროკლუბის 2 წლის საიუბილეო ღონისძიებაში, რომელიც თელავში, კორპორაცია "ქინძმარაულის" ღვინის სახლში გაიმართა, მონაწილეობდნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის მაღალი რანგის წარმომადგენლები: ნიდერლანდების, ავსტრიის, საფრანგეთის, თურქეთის და ნორვეგიის ელჩები და ესპანეთის საელჩოს ატაშე საქართველოში. გარდა ამისა, ღონისძიებაში მონაწილეობდა, მისი უშუალო მხარდამჭერი, კორპორაცია "ქინძმარაულის" გენერალური დირექტორი ნუგზარ ქსოვრელი.

    „ჩვენი ძირითადი მიზანი, რის გამოც გადავწყვიტეთ, საქართველოს „ახალგაზრდა ევროპელი ელჩების“ ინიციატივასთან მიერთება, არის ის, რომ აქტიურად მოვახდინოთ ევროპული ღირებულებების პოპულარიზაცია, გავაცნოთ ადგილობრივ მოსახლეობას ევროკავშირის პროექტები, და დავაახლოვოთ ევროკავშირს ქართული საზოგადოება. რაღა თქმა უნდა ამ მიზნის მისაღწევად დიდი ძალისხმევაა საჭირო, თუმცა ვთვლით, რომ ჩვენ გვაქვს ნათელი მომავალი და ჩემს 90 კოლეგასთან ერთად ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება მყარი გავხადოთ ჩვენი ევროპული მომავალი“, - ამბობს ქეთევან მურღულია. 

    მისივე თქმით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი და უკვე ხუთი წლის განმავლობაში 5000-ზე მეტ ადამიანს მიეწოდა ინფორმაცია, სწორედ აი ამ ახალგაზრდების გამორჩეული მონდომებით და შრომით. ისინი მომზადებას გადიან, როგორც ტრენერები, თავად იღებენ ყველა ინფორმაციას რაც მათ აინტერესებთ ევროინტეგრაციის შესახებ და შემდეგ უკვე ამ ინფორმაციას რაიონებში ავრცელებენ. „ეს ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით  რუსული პროპაგანდის ფონზე, როდესაც ათასი მითი ვრცელდება იმასთან დაკავშირებით, რომ ვითომ და ევროატლანტიკური ინტეგრაცია რაიმე საფრთხეს უქმნის ან ჩვენს იდენტობას ან კულტურას და ასე შემდეგ, რაც არის რა თქმა უნდა აბსოლუტურად მცდარი და ემსახურება მხოლოდ იმ მიზანს, რომ არაკეთილგანწყობა გამოიწვიოს მოსახლეობაში და შეამციროს ის დიდი მხარდაჭერა, რომელიც ამ კურსს საბედნიეროდ აქვს წლების განმავლობაში. საბოლოო ჯამში ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია მიმართულია იქითკენ, რომ ჩვენი საზოგადოების კეთილდღეობა და უსაფრთხოება იქნას უზრუნველყოფილი“ - ქეთევან მურღულიამ.

    ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ახალგაზრდა ევროპელი ელჩების“ ინიციატივა წარმოადგენს არაპოლიტიკურ, ნებაყოფლობით, ქმედით საკომუნიკაციო ქსელს, რომელიც ხელს უწყობს კავშირების და მეგობრული ურთიერთობების დამყარებას აზერბაიჯანის, ბელარუსის, მოლდოვის რესპუბლიკის, საქართველოს, სომხეთის, უკრაინის წარმომადგენელ ახალგაზრდებსა და მათ თანატოლებს შორის ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსა და გაერთიანებულ სამეფოში. ამ ქსელის მიზანია მოსახლეობის უკეთ ინფორმირება ევროკავშირის თანამშრომლობის შესახებ მის აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებთან, ამ თანამშრომლობის რეალური შედეგების დემონსტრირება, პოლიტიკური დიალოგის ხელშეწყობა სხვადასხვა საკითხზე, სამოქალაქო აქტივიზმის გაძლიერების მხარდაჭერა და ერთობლივი საქმიანობა უკეთესი მომავლისათვის.

    აღსანიშნავია ისიც, რომ ყვარლის ევროკლუბის 2 წლის საიუბილეო ღონისძიება, ყვარელში, კორპორაცია "ქინძმარაულის" ღვინის სახლში გაიმართა. ღონისძიება საიბილეო ტორტის გაჭრით დასრულდა, რომელსაც თან ახლდა კორპორაცია "ქინძმარაულის" საუკეთესო ღვინის ჯიშებისგან დამზადებული არაჩვეულებრივი არომატის მქონე სასმელები.

    ავთანდილ ოთინაშვილი

    ფოტოების ავტორი: თორნიკე ზიზიაშვილი / ევროკავშირი

  • ევროკლუბი - პატარა ევროპა ყვარელში!

    ჩემს მშობლიურ ყვარელში ევროკლუბის გახსნის ორი წლის თავზე, ჩვენ გვაქვს არაჩვეულებრივი და შთამბეჭდავი შედეგები. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“  ყვარლის ევროკლუბის დამფუძნებლმა და აღმასრულებელმა დირექტორიმა ნიკა გურინმა განუცხადა.

    ყვარლის ევროკლუბი 2019 წლის ნოემბერში, ევროკავშირის საკომუნიკაციო პროგრამის, ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს (EU NEIGHBOURS east) მხარდაჭერით და ხელშეწყობით დაარსდა. მისი დამფუძნებელი ახალგაზრდა ევროპელი ელჩი ნიკა გურინია, რომელმაც თავის მშობლიურ ქალაქში მოქალაქეთა გაძლიერების სურვილით, ახალგაზრდული სადისკუსიო სივრცე გახსნა დევიზით - ილიას გზით ევროპისკენ. დღეს ევროკლუბი ასევე აერთიანებს ფრანგულ კუთხეს და ამერიკულ წიგნების თაროს, რომელიც ამერიკული კუთხეების ქსელის ნაწილია.

    ყვარლის ევროკლუბის 2 წლის საიუბილეო ღონისძიებაში, რომელიც თელავში, კორპორაცია "ქინძმარაულის" ღვინის სახლში გაიმართა, მონაწილეობდნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის მაღალი რანგის წარმომადგენლები: ნიდერლანდების, ავსტრიის, საფრანგეთის, თურქეთის და ნორვეგიის ელჩები და ესპანეთის საელჩოს ატაშე საქართველოში. გარდა ამისა, ღონისძიებაში მონაწილეობდა, მისი უშუალო მხარდამჭერი, კორპორაცია "ქინძმარაულის" გენერალური დირექტორი ნუგზარ ქსოვრელი.

    ნ. გურინმა ასევე აღნიშნა, რომ ეს არის პროექტი რომელიც მუშაობს ახალგაზრდებისთვის, მაგრამ ასევე სხვა ადამიანებისთვისაც, ვინც იზიარებს ევროპულ ღირებულებებს. „დღეს ჩვენ ევროპელ ელჩებთან ერთად, კორპორაცია ქინძმარაულის ღვინის სახლში, საზეიმო ვითარებაში ავღნიშნეთ ყვარლის ევროკლუბის დაბადების იუბილე. „ორი წლის თავზე ჩვენ გვაქვს არაჩვეულებრივი შედეგები. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია დღეს განვაცხადეთ რომ ახალ ევროკლუბს ვხსნით აჭარის რეგიონში, ბათუმში. მადლობლები ვართ ევროკავშირის და ყველა ჩვენი დონორის, რომლებიც მხარს უჭერენ ჩვენს აქტივობებს და პროექტებს“, - დასძინა ნ. გურინმა. 

    როგორც ყვარლის ევროკლუბის დამაარსებელმა აგვიხსნა, ევროკლუბის უმთავრესი მისიაა ახალგაზრდების განათლების და განვითარების მხარდაჭერა, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, არაფორმალური განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ევროპული ფასეულობების პოპულარიზაცია. „ჩვენი საქმიანობის მიზანია ყვარლის მოსახლეობის შეკრება და მათი უზრუნველყოფა სადისკუსიო სივრცით, სადაც ჩატარდება სამუშაო შეხვედრები და სემინარები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობები, ადამიანის უფლებები, დემოკრატია, მედია-წიგნიერება და ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების ისტორია და ფასეულობები, ასევე ქართველი ახალგაზრდებისთვის არსებული შესაძლებლობები“, - ამბობს ნ. გურინი.

    მისივე თქმით, ამჟამად ინგლისურის შემსწავლელი ცენტრის სამიზნეები ის ადამიანები არიან, რომლებსაც ინგლისურის ცოდნა ახალ კარიერულ საფეხურზე ასასვლელად ან სამსახურის საშოვნელად სჭირდებათ: "ადგილობრივ ბიზნესთან კონსულტაციებით გავიგეთ, რა რგოლებში ჰქონდათ კადრების ნაკლებობა. შევქმენით კურსები 30 ადამიანისათვის და წარმატებული კურსდამთავრებულები ადგილობრივ ბიზნესებში დასაქმდებიან".

    ნ. გურინმა ასევე დაამატა, რომ ევროკლუბის ერთ-ერთი ნაწილია ღია კინოთეატრი, სადაც მსურველებს ყოველ შაბათს შეუძლიათ ფილმების ნახვა. შარშან ეკრანი ადამიანის უფლებების შესახებ ფილმებს ეთმობოდა, წელს კი ფოკუსი სხვადასხვა სახის აქტივობებზეა გადატანილი. სეანსის შემდეგ იმართება დისკუსიები, სადაც მაყურებლები სპიკერებთან ერთად მსჯელობენ საზოგადოებრივ საკითხებზე.

    ღონისძიებას საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ესწრებოდა და როგორც მან თავის გამოსვლაში განაცხადა, სასიამოვნოა, რომ ყვარლის ევროკლუბი უკვე ორი წლის გახდა. „როგორც კლუბს, ისე მის ხელმძღვანელს ბატონ ნიკას ვულოცავთ ამ თარიღს. კლუბის ქოლგის ქვეშ გაერთიანებულია ინგლისურის გაკვეთილები, ბიბლიოთეკა. იმართება ფილმების ჩვენება, რომელიც უკავშირდება ევროპულ ღირებულებებს. მე და ჩემი მეგობარი ელჩები ძალიან კმაყოფილები ვართ შედეგით და ნიკას მიერ გაწეული შრომით“, - ხაზი გაუსვა ევროკავშირის ელჩმა.

    აღსანიშნავია ისიც, რომ ყვარლის ევროკლუბის 2 წლის საიუბილეო ღონისძიება, ყვარელში, კორპორაცია "ქინძმარაულის" ღვინის სახლში გაიმართა. ღონისძიება საიბილეო ტორტის გაჭრით დასრულდა, რომელსაც თან ახლდა კორპორაცია "ქინძმარაულის" საუკეთესო ღვინის ჯიშებისგან დამზადებული არაჩვეულებრივი არომატის მქონე სასმელები.

    ავთანდილ ოთინაშვილი

     

    ფოტოების ავტორი: თორნიკე ზიზიაშვილი / ევროკავშირი

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური