ირაკლი ღარიბაშვილი - მთელი ცივილიზებული ევროპის სურვილია, ხელისუფლებამ, ოპოზიციასთან ერთად გავაგრძელოთ მუშაობა პარლამენტში

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 16 მარტი 2021 11:29

მთელი ცივილიზებული ევროპის და, ამ შემთხვევაში, იგივე ბატონი შარლ მიშელის საბოლოო სურვილი და ამოცანაა, რომ ჩვენ, ხელისუფლებამ, ოპოზიციასთან ერთად გავაგრძელოთ მუშაობა პარლამენტში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში ვიზიტისას ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გამოსავალი უნდა მოიძებნოს, მაგრამ ეს არ მოხდება სახელმწიფოს ინტერესების ხარჯზე.

„დღეს გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა პრეზიდენტ შარლ მიშელთან. მინდა მას კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ უშუალოდ არის ჩართული მედიაციის პროცესში. მისი წარმომადგენელი იმყოფება ამჟამად თბილისში და აგრძელებს მოლაპარაკებებს როგორც ოპოზიციასთან, ისე ჩვენს პარტიასთან. პროცესი გრძელდება. ჩვენ ხვალაც გვექნება დიალოგის შესაძლებლობა. მინდა, ერთი რამ კიდევ ერთხელ ცხადად განვაცხადო - ჩვენ ვართ მოწოდებული იმისთვის, რომ გამოსავალი ვიპოვოთ, მაგრამ ეს არც ერთ შემთხვევაში არ მოხდება ჩვენი სახელმწიფოს ინტერესების ხარჯზე. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვართ მზად, რომ სამართლიანი გადაწყვეტილება იყოს მიღებული. ეს უნდა იყოს ყველასთვის მეტ-ნაკლებად მისაღები კომპრომისი. ჩვენ ღიად ვთქვით იმის თაობაზე, თუ რა არის ჩვენი პოზიცია. მე ბატონ შარლ მიშელს გავუზიარე ჩვენი პარტიის, მთავრობის სახელით ჩვენი პოზიცია და მან, ბუნებრივია, ყურადღებით მოისმინა ჩვენი შეთავაზებები. მოგეხსენებათ, რომ ოპოზიცია ბოლო დღეების განმავლობაში განსაკუთრებული დესტრუქციული მანერით ცდილობს, რომ ხელი არ შეუწყოს ამ დიალოგის პროცესს, არამედ პირიქით, გააღრმაოს უფსკრული. ამის არაერთი მცდელობა, არაერთი პროვოკაცია ვნახეთ ბოლო დღეების განმავლობაში. იმედი მაქვს, ოპოზიცია გააგრძელებს კონსტრუქციულ დიალოგს. საბოლოო ჯამში, მთელი ცივილიზებული ევროპის და, ამ შემთხვევაში, იგივე ბატონი შარლ მიშელის საბოლოო სურვილი და ამოცანაა, რომ ჩვენ, ხელისუფლებამ, ოპოზიციასთან ერთად გავაგრძელოთ მუშაობა პარლამენტში. ეს არის ჩვენი საბოლოო ამოცანა. ამას როგორ მივაღწევთ, გამოჩნდება მომდევნო დღეებში. თავს შევიკავებ ჩვენი კონკრეტული პოზიციების გახმოვანებისგან, ვინაიდან შეთანხმება და მოლაპარაკებები დასრულებული არ არის", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური  

წაკითხულია 92 ჯერ

Related items

  • „ხალხს ისევ აქვს შიში, ღიად გამოხატოს ოპოზიციის მიმართ მხარდაჭერა“ - კახა ოქრიაშვილი პოლიტიკური პარტიების რეიტინგებს აფასებს

    ის ადამიანები, ვინც გამოკითხვებში მალავენ საკუთარ პოზიციებს, როგორც წესი, ოპოზიციის მხარდამჭერები არიან. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" პარტიის “პროგრესი და თავისუფლება“ ლიდერმა კახა ოქრიაშვილმა განუცხადა.

    "გავიხსენებ 2012 წლის გამოკითხვებს, როცა გამოკითხულთა 15 % ამბობდა, რომ მხარს უჭერდა „ქართულ ოცნებას“ და 43 % არ პასუხობდა კითხვებს, საბოლოოდ კი ეს 43 % ოპოზიციას დაემატა. დღესაც იგივე მოცემულობაა - სამწუხაროდ, ხალხს ისევ აქვს შიში, ღიად გამოხატოს ოპოზიციის მიმართ მხარდაჭერა.

    შიში, რომელიც 2012 წლამდე იყო ქვეყანაში, ისევ არსებობს და შესაძლოა, მეტადაც კი დამყარდა. შიშის დამყარების პროცესი ძალიან სწრაფად 2018 წლიდან დაიწყო. „ოცნების“ ხელისუფლებამ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ დაინახა, რომ შესაძლოა, დამარცხებულიყო და შემდეგ დაეკარგა ძალაუფლება - სწორედ ამის შემდეგ გადავიდნენ შიშის დანერგვაზე, რაც ძალიან სამწუხაროა!

    მინდა აღვნიშნო, რომ ოპოზიციურ სპექტრში წამყვანი ძალა ნაციონალური მოძრაობაა, რომელმაც 2004-დან 2012 წლამდე ეკონომიკისა და რეფორმების კუთხით, ქვეყნისთვის ბევრი რამ გააკეთა, მაგრამ ამ ყველაფერს მოყვებოდა დიდი ნეგატივი და ჩავარდნები ადამიანის უფლებებისა და ტერორის კუთხით. თუმცა დღეს ვართ მომსწრე, რომ ძალადობასა და ტერორში, „ქართული ოცნება“ დაეწია და გაუსწრო კიდეც „ნაციონალურ მოძრაობას“.   

    დღეს ვერც ბატონ სააკაშვილს და ვერც ბატონ ივანიშვილს ვერავინ აუკრძალავს პოლიტიკაში ჩართვას. თუმცა თუ ბატონი ივანიშვილი ჩართულია პოლიტიკაში, მაშინ მან უნდა აიღოს პასუხისმგებლობა  დღეს მიმდინარე პროცესებსა და შედეგებზე, ზუსტად იმავეს ვიტყვი ბატონ სააკაშვილზე. ისე არ გამოვა, რომ ყველაფერი გადაწყვიტონ და პასუხი არაფერზე აგონ“, - აღნიშნავს კახა ოქრიაშვილი.

      

  • კახა ოქრიაშვილი ხელისუფლებას კომენდანტის საათის მოხსნისკენ მოუწოდებს

    პოლიტიკური პარტიის “პროგრესი და თავისუფლება“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი "ნიუს დეი საქართველოსთან" საუბარში კომენდანტის საათის საკითხს განიხილავს და აცხადებს, რომ ტურიზმის აღდგენის გარეშე იმ ეკონომიკური ორმოდან, რომელშიც ახლა ვართ, ვერ ამოვალთ.

    მისივე აზრით, ეკონომიკური კრიზისი და ლარის კურსის ვარდნა პანდემიასთან ერთად არ დაწყებულა: 2012 წელს ჩვენი ჯამური მშპ იყო 16,5 მლრდ დოლარი და 2019 წელს იყო 17,4 მლრდ დოლარი. "ანუ, ეკონომიკური ზრდა ფაქტობრივად არ გვქონია. 2012 წლიდან 2020 წლამდე ჩვენი ეკონომიკა რეგრესშია! როცა ეკონომიკა არ იზრდება, არაფერი იზრდება - არც ხელფასი, არც პენსია, არც სოციალური შემწეობა. პირიქით, საშუალო ხელფასები შემცირებულია, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში დასაქმებულებისათვის - ეს არის ჩვენი რეალობა, უკან მივდივართ!

    შესაბამისად, მოვუწოდებ ხელისუფლებას, მოხსნას პოლიტიკური კომენდანტის საათი და გადავიდეს ქმედით ნაბიჯებზე! მე რომ ხელისუფლებაში ვიყო, დავსახავდი პანდემიასთან ბრძოლის მოკლევადიან გეგმას: დღეში 20-30 000 აცრილი ადამიანი გვეყოლებოდა ქვეყანაში, დავაჩქარებდი ვაქცინაციას, რაც დღეს ძალიან ნელი ტემპებით მიმდინარეობს და ამდენი ხნის განმავლობაში მოსახლეობა უკვე სრულად აცრილი უნდა გვყავდეს, გავხსნიდი საზღვრებს და ტურისტებსაც ჩავუტარებდი ვაქცინაციას. ამ ყველაფერთან ერთად, მოვხსნიდი კომენდანტის საათს - დღეს ეს შეზღუდვები არსებობს იმისთვის, რომ ხალხი ვერ გამოვიდეს გარეთ და ვერ გამოხატოს პროტესტი. „ქართული ოცნება“ ცდილობს, დაამატოს კიდევ ერთი ბარიერი, რათა თავიდან აირიდოს მასობრივი საზოგადოებრივი პროტესტი!“, - ხაზს უსვავს კახა ოქრიაშვილი.  

  • საქართველოს პრემიერ-მინისტრს კორონავირუსი (კოვიდ-19) დაუდასტურდა
    საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს გეგმური ტესტირების შედეგად კორონავირუსი (კოვიდ-19) დაუდასტურდა. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს ინფორმაციას.
    "პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თავს კარგად გრძნობს. იგი თვითიზოლაციაში იმყოფება და მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს", - აღნიშნულია განცხადებაში.
  • პრემიერ-მინისტრის ინიციატივის შესაბამისად შეიქმნა ქვეყნის განვითარების და რეფორმების უწყებათაშორისი საბჭო

    საქართველოს მთავრობის დადგენილებით, შეიქმნა ქვეყნის განვითარების და რეფორმების უწყებათაშორისი საბჭოს, რომელიც, პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივის შესაბამისად, ქვეყნის განვითარების ათწლიან გეგმას შეიმუშავებს. 
    ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ეფექტიანი რეაგირების მიზნით შექმნილ უწყებათაშორის საბჭოს საქართველოს მთავრობის მეთაური უხელმძღვანელებს. 
    განვითარების და რეფორმების საბჭოს წევრები იქნებიან მინისტრები, დეპუტატები და სხვა ოფიციალური პირები. განვითარების და რეფორმების საბჭო უფლებამოსილია შექმნას სამუშაო ჯგუფები და ქვეჯგუფები, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, მიიწვიოს სხვა უწყებების წარმომადგენლები თუ შესაბამისი სფეროს სპეციალისტები, ექსპერტები და კერძო სექტორის წარმომადგენლები. 
    განვითარების და რეფორმების საბჭოს მიზანია, არა უგვიანეს 2021 წლის 31 მაისისა, საქართველოს მთავრობას წარუდგინოს ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის პირველადი დოკუმენტი. 
    ქვეყნის განვითარების და რეფორმების უწყებათაშორისი საბჭოს შექმნის შესახებ დადგენილებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.

    მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური 

  • ჩაშლილი მოლაპარაკების გამო ევროპარლამენტი განიხილავს საკითხს საქართველოსთვის დამატებითი დახმარების გამოყოფის შეჩერების შესახებ

    ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების საკითხებზე წამყვანმა ევროპარლამენტარებმა პირველ აპრილს გაავრცელეს წერილი, რომლის თანახმადაც, „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის ჩაშლილი მოლაპარაკების გამო ევროპარლამენტი დააყენებს საკითხს საქართველოსთვის დამატებითი დახმარების გამოყოფის შეჩერების შესახებ. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის ევროპული საბჭოს ადმინისტრაცია აქვეყნებს. 

    ევროპელი კანონმდებლების თქმით, ევროპარლამენტი ასევე მოითხოვს ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის მაკრო-ფინანსური და საბიუჯეტო დახმარებათა პროგრამებზე პირობითობის პრინციპის გაზრდას.

    განცხადებას წინ უძღოდა ევროპარლამენტარების შეხვედრა ქრისტიან დანიელსონთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელთან საქართველოს მედიაციის საკითხში. დანიელსონმა ევროპარლამენტარებს მედიაციის დეტალები გააცნო.

    ევროპარლამენტარების თანახმად, „ამ შედეგზე ბრალი ეკისრებათ როგორც მმართველ პარტიას, ისე მოლაპარაკებების მონაწილე მთავარ ოპოზიციურ პარტიებს. მთავარი პასუხისმგებლობა კი მმართველ პარტიას აკისრია“.

    „პოლიტიკური პარტიების მიერ კომპრომისის უარყოფის შემდეგ, საქართველოს ლიდერები არ უნდა ჰქონდეთ მოლოდინი, რომ ევროკავშირთან საქმე ძველებურად გაგრძელდება“, განაცხადეს პარლამენტარებმა.

    „მოვუწოდებთ საქართველოს ლიდერებს სწრაფად იმოქმედონ. სასწორზე ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები დევს“, დასძინეს მათ.

    ევროპელმა კანონმდებლებმა მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადეს დანიელსონის მუშაობას და აღნიშნეს, რომ მედიატორის მხრიდან ქართული პარტიებისათვის შეთავაზებული დოკუმენტი სწორ მიმართულებას იძლევა საქართველოსთვის, რადგანაც იგი მოიცავს „ამბიციურ საარჩევნო და სასამართლო რეფორმებს, საქართველოს პარლამენტში პასუხისმგებლობის არსებით დანაწილებას და, რაც მთავარია, მომავალი არჩევნებისა და პოლიტიზირებული მართლმსაჯულების ორი შემთხვევის გადაწყვეტის გზას“.

    „გამოსავლის აღნიშული [დოკუმენტი] პოლიტიკურად დაბალანსებულია და პატივს სცემს როგორც კანონის უზენაესობას, ასევე 2020 წლის არჩევნების საერთაშორისო შეფასებას“.

    ევროპარლამენტარებმა ასევე აღნიშნეს, რომ მიმდინარე საარჩევნო და სასამართლო რეფორმების გატარება მოითხოვს ფართო პოლიტიკურ მხარდაჭერას და ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრულად დამკვიდრებას.

    „მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, უზრუნველყოს ჭეშმარიტად ინკლუზიური პროცესი, რათა თავიდან აირიდოს მომავალი არჩევნებისა და სასამართლო სისტემისათვის ძირის გამოთხრა“, ასევე მომავალში შესაძლო შეთანხმებისთვის კარის მიხურვა, განაცხადეს ევროპარლამენტარებმა.

    განცხადებას ხელს აწერენ დავიდ მაკალისტერი (EPP, გერმანია), ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარინა კალიურანდი (S&D, ესტონეთი), ანდრიუს კუბილიუსი (EPP, ლიეტუვა), ვიოლა ფონ კრამონ-ტუბადელი (მწვანეები, გერმანია), სვენ მიკსერი (S&D, ესტონეთი), მიჰაელ გალერი (EPP, გერმანია), პეტრას აუსტრევიჩიუსი (განახლებული ევროპა, ლიეტუვა).

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური