პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 15 მარტი 2021 14:04

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-6 სხდომაში მიიღებს მონაწილეობას. სამთავრობო დელეგაცია, მთავრობის მეთაურის ხელმძღვანელობით, ბრიუსელში დღეს გაემგზავრა. 

ვიზიტის ფარგლებში გაიმართება მაღალი დონის შეხვედრები როგორც ევროკომისიაში, ევროპულ საბჭოსა და ევროპარლამენტში, ასევე - ნატოში. 

პირველ შეხვედრას ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან გამართავს. 
16 მარტს, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ, გაიმართება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის ერთობლივი პრესკონფერენცია. 

17 მარტს მაღალი დონის შეხვედრები შედგება ევროპარლამენტსა და ნატოში. საქართველოს მთავრობის მეთაურს ნატოს შტაბბინაში ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უმასპინძლებს. შეხვედრის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილის და იენს სტოლტენბერგის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. ასევე, დაგეგმილია ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა. 

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და იუსტიციის მინისტრი გოჩა ლორთქიფანიძე იმყოფებიან.

მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური

წაკითხულია 88 ჯერ

Related items

  • ევროკავშირი საქართველოს რეგიონებს 186 მილიონი ლარით დააფინანსებს

    ევროკავშირისა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები საქართველოს რეგიონებს 220 მილიონი ლარის რეგიონების განვითარების პროგრამის პირველი შედეგების ადგილზე გასაცნობად ეწვივნენ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების ხელმძღვანელმა სიგრიდ ბრეტელმა იმერეთისა და გურიის ექვსი მუნიციპალიტეტი მოინახულა და ადგილზე გაეცნო 2,5 მილიონი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას.

    აღნიშნული პროექტები, მთავრობის 220 მილიონი ლარის მოცულობის რეგიონების ინტეგრირებული განვითარების საპილოტე პროგრამის ნაწილს წარმოადგენს, საიდანაც 186 მილიონი ლარი ევროკავშირის მიერ ფინანსდება.

    ადგილზე მონახულებული 6 პროექტი წარმოადგენს რეგიონების ინტეგრირებული განვითარების საპილოტე პროგრამის პირველი ფაზის ნაწილს, რომელიც 2020 წლის ივნისში დაიწყო. აღნიშნული მოიცავს შემდეგ პროექტებს:

    საგზაო და საფეხმავლო ხიდის რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიზნესის სტიმულირებისა და ტურიზმის განვითარებისათვის, ლაბაჯურში, ვანის მუნიციპალიტეტი, იმერეთი.

    პარკის მშენებლობა საჩხერეში, საჩხერის მუნიციპალიტეტი, იმერეთი.

    ტურისტული და ბიზნესის განვითარების მომსახურების ცენტრის შექმნა სოფელ ვარციხეში, ბაღდათის მუნიციპალიტეტი, იმერეთი.

    საზოგადოებრივი სკვერის რეაბილიტაცია სამტრედიაში, სამტრედიის მუნიციპალიტეტი, იმერეთი.

    სოფელ ბახვში ტურიზმის განვითარების მიზნით 1 კმ-იანი გზის მშენებლობა "ჩაის მარშრუტის" გასწვრივ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, გურია.

    2 საგზაო ხიდისა და 100 მ სიგრძის კალაპოტის ჯებირის რეაბილიტაცია, 173 LED განათების მოწყობა რეკრეაციული ზონის განვითარების მიზნით ჩოხატაურში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, გურია.

    ევროკავშირის დელეგაციის პრეს-რელიზი

  • საქართველოს პრემიერ-მინისტრს კორონავირუსი (კოვიდ-19) დაუდასტურდა
    საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს გეგმური ტესტირების შედეგად კორონავირუსი (კოვიდ-19) დაუდასტურდა. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს ინფორმაციას.
    "პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თავს კარგად გრძნობს. იგი თვითიზოლაციაში იმყოფება და მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს", - აღნიშნულია განცხადებაში.
  • პრემიერ-მინისტრის ინიციატივის შესაბამისად შეიქმნა ქვეყნის განვითარების და რეფორმების უწყებათაშორისი საბჭო

    საქართველოს მთავრობის დადგენილებით, შეიქმნა ქვეყნის განვითარების და რეფორმების უწყებათაშორისი საბჭოს, რომელიც, პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივის შესაბამისად, ქვეყნის განვითარების ათწლიან გეგმას შეიმუშავებს. 
    ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ეფექტიანი რეაგირების მიზნით შექმნილ უწყებათაშორის საბჭოს საქართველოს მთავრობის მეთაური უხელმძღვანელებს. 
    განვითარების და რეფორმების საბჭოს წევრები იქნებიან მინისტრები, დეპუტატები და სხვა ოფიციალური პირები. განვითარების და რეფორმების საბჭო უფლებამოსილია შექმნას სამუშაო ჯგუფები და ქვეჯგუფები, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, მიიწვიოს სხვა უწყებების წარმომადგენლები თუ შესაბამისი სფეროს სპეციალისტები, ექსპერტები და კერძო სექტორის წარმომადგენლები. 
    განვითარების და რეფორმების საბჭოს მიზანია, არა უგვიანეს 2021 წლის 31 მაისისა, საქართველოს მთავრობას წარუდგინოს ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის პირველადი დოკუმენტი. 
    ქვეყნის განვითარების და რეფორმების უწყებათაშორისი საბჭოს შექმნის შესახებ დადგენილებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.

    მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური 

  • ჩაშლილი მოლაპარაკების გამო ევროპარლამენტი განიხილავს საკითხს საქართველოსთვის დამატებითი დახმარების გამოყოფის შეჩერების შესახებ

    ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების საკითხებზე წამყვანმა ევროპარლამენტარებმა პირველ აპრილს გაავრცელეს წერილი, რომლის თანახმადაც, „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის ჩაშლილი მოლაპარაკების გამო ევროპარლამენტი დააყენებს საკითხს საქართველოსთვის დამატებითი დახმარების გამოყოფის შეჩერების შესახებ. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის ევროპული საბჭოს ადმინისტრაცია აქვეყნებს. 

    ევროპელი კანონმდებლების თქმით, ევროპარლამენტი ასევე მოითხოვს ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის მაკრო-ფინანსური და საბიუჯეტო დახმარებათა პროგრამებზე პირობითობის პრინციპის გაზრდას.

    განცხადებას წინ უძღოდა ევროპარლამენტარების შეხვედრა ქრისტიან დანიელსონთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელთან საქართველოს მედიაციის საკითხში. დანიელსონმა ევროპარლამენტარებს მედიაციის დეტალები გააცნო.

    ევროპარლამენტარების თანახმად, „ამ შედეგზე ბრალი ეკისრებათ როგორც მმართველ პარტიას, ისე მოლაპარაკებების მონაწილე მთავარ ოპოზიციურ პარტიებს. მთავარი პასუხისმგებლობა კი მმართველ პარტიას აკისრია“.

    „პოლიტიკური პარტიების მიერ კომპრომისის უარყოფის შემდეგ, საქართველოს ლიდერები არ უნდა ჰქონდეთ მოლოდინი, რომ ევროკავშირთან საქმე ძველებურად გაგრძელდება“, განაცხადეს პარლამენტარებმა.

    „მოვუწოდებთ საქართველოს ლიდერებს სწრაფად იმოქმედონ. სასწორზე ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები დევს“, დასძინეს მათ.

    ევროპელმა კანონმდებლებმა მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადეს დანიელსონის მუშაობას და აღნიშნეს, რომ მედიატორის მხრიდან ქართული პარტიებისათვის შეთავაზებული დოკუმენტი სწორ მიმართულებას იძლევა საქართველოსთვის, რადგანაც იგი მოიცავს „ამბიციურ საარჩევნო და სასამართლო რეფორმებს, საქართველოს პარლამენტში პასუხისმგებლობის არსებით დანაწილებას და, რაც მთავარია, მომავალი არჩევნებისა და პოლიტიზირებული მართლმსაჯულების ორი შემთხვევის გადაწყვეტის გზას“.

    „გამოსავლის აღნიშული [დოკუმენტი] პოლიტიკურად დაბალანსებულია და პატივს სცემს როგორც კანონის უზენაესობას, ასევე 2020 წლის არჩევნების საერთაშორისო შეფასებას“.

    ევროპარლამენტარებმა ასევე აღნიშნეს, რომ მიმდინარე საარჩევნო და სასამართლო რეფორმების გატარება მოითხოვს ფართო პოლიტიკურ მხარდაჭერას და ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრულად დამკვიდრებას.

    „მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, უზრუნველყოს ჭეშმარიტად ინკლუზიური პროცესი, რათა თავიდან აირიდოს მომავალი არჩევნებისა და სასამართლო სისტემისათვის ძირის გამოთხრა“, ასევე მომავალში შესაძლო შეთანხმებისთვის კარის მიხურვა, განაცხადეს ევროპარლამენტარებმა.

    განცხადებას ხელს აწერენ დავიდ მაკალისტერი (EPP, გერმანია), ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარინა კალიურანდი (S&D, ესტონეთი), ანდრიუს კუბილიუსი (EPP, ლიეტუვა), ვიოლა ფონ კრამონ-ტუბადელი (მწვანეები, გერმანია), სვენ მიკსერი (S&D, ესტონეთი), მიჰაელ გალერი (EPP, გერმანია), პეტრას აუსტრევიჩიუსი (განახლებული ევროპა, ლიეტუვა).

  • ევროკავშირის შუამდგომლობა: ქართული ოცნება და ოპოზიცია კვლავ ვერ შეთანხმდნენ

    მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის ევროკავშირის წარმომადგენლის შუამდგომლობით რვასაათიანი მედიაციის პროცესის დასრულების შემდეგ, საქართველოში პოლიტიკური კრიზისის მედიაციის საკითხებში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ქრისტიან დანიელსონმა 31 მარტს, გვიან ღამით, მედიასთან საუბრისას თქვა, რომ სამწუხაროდ, მის მიერ წარდგენილ კრიზისიდან გამოსვლის დოკუმენტს „მთლიანობაში არცერთი პარტია არ დაეთანხმა“.

    ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა საქართველო უკვე დატოვა. მას გამგზავრებამდე მედიასთან დამატებითი კომენტარი არ გაუკეთებია. დანიელსონი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის მოლაპრაკების მიმდინარეობისა და შედეგის შესახებ, რომელიც გადაწყვეტს, რა იქნება მომდევნო ნაბიჯი. 

    შეგახსენებთ, რომ 30 მარტს დანიელსონის მონაწილეობით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მედიაციის მეორე რაუნდიც უშედეგოდ დასრულდა. მხარეებმა ევროპელი მედიატორის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს. 

    ქვემოთ მხარეებისთვის ქრისტიან დანიელსონის მიერ წარდგენილი წინადადების ძირითადი პუნქტებია მოცემული.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური