ეროვნული გვარდიის ნაკრები ოცეული ცენტრალურ აფრიკაში გაემგზავრა

გამოქვეყნებულია სამხედრო
ოთხშაბათი, 10 მარტი 2021 14:31

საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეები ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიაში მორიგი როტაციით გაემგზავრნენ. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" თავდაცვის უწყების ადმინისტრაციაში განუცხადეს.

მათი მონაცემებით, ქართველი მშვიდობისმყოფელები ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიას (EUTM RCA) ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქ ბანგიში, ბაზა „უკატექსზე“ შეასრულებენ. მათი მთავარი ამოცანა ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მოტორიზებული პატრული, კონვოირება და გაცილება იქნება.

ეროვნული გვარდიის ნაკრები ოცეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ ბრიგადის გენერალმა ჯონი ტატუნაშვილმა , პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ, მისმა მოადგილემ ვლადიმერ ჩაჩიბაიამ, საფრანგეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკმა დანი პიტმა და ეროვნული გვარდიის წარმომადგენლებმა გააცილეს.

საქართველოს თავდაცვის ძალები ევროკავშირის ეგიდით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მიმდინარე საერთაშორისო მისიაში „ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ძალები“ (EUFOR RCA) პირველად 2014 წლის ივნისში ასეულის დონის ქვედანაყოფით ჩაერთო. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში შემდეგი მისია 2015 წლის 16 მარტს დაიწყო. ქართული სწრაფი რეაგირების ხუთეული სამხედრო-მრჩეველთა მისიაში EUMAM RCA 12 აპრილიდან ჩაერთო. ქართული სამხედრო კონტინგენტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ახალ სამხედრო-საწვრთნელ მისიაში EUTM RCA 2017 წლის 31 იანვრიდან მონაწილეობს.  

 

წაკითხულია 202 ჯერ

Related items

  • ნერგების გაშენებიდან ყურძნის კრეფამდე: ევროკავშირმა და FAO-მ ქართველი მეღვინეებისთვის ტრენინგი ჩაატარეს

    ოცდაოთხმა ქართველმა ღვინის მწარმოებელმა კახეთის რეგიონში პროგრამის, EU4Business ფარგლებში გამართულ ტრენინგში მიიღო მონაწილეობა. ტრენინგი ესპანეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ექსპერტმა ევროკავშირისა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით ჩაატარა.

    ტრენინგის სერია ეხებოდა ვენახის მოვლის სრულ პროცესსა და ვაზის წარმოების სრულ ციკლს — ნერგების გაშენებიდან ყურძნის კრეფამდე. სასწავლო სესიები მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორებიცაა სხვადასხვა ტიპის ვენახების ზოგადი მართვა, გასხვლა, ნიადაგის განოყიერება, სარწყავი სისტემების დაგეგმვა, ვაზის ორგანული წარმოება და მავნებლების ინტეგრირებული მართვა.

    ევროკავშირის ინოვაციური პროექტი, „კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისათვის საქართველოში“, ევროკავშირის და გაეროს ოთხი სააგენტოს ერთობლივი ინიციატივაა. პროექტი 2019 წელს დაიწყო და მისი ბიუჯეტი 5 მილიონი ევროა. ინიციატივის მიზანია მეწარმეობის და ბიზნესის განვითარება საქართველოს მთავრობის და ადგილობრივი უწყებების შესაძლებლობების გაძლიერების გზით.

    წყარო: https://euneighbourseast.eu/ka/news-and-stories/latest-news/nergebis-gashenebidan-qhurdznis-krephamde-evrokavshirma-da-fao-m-kharthveli-meghvineebisthvis-treningi-chaatares/

  • 2021 წელს ევროკავშირში არალეგალურად შესულთა რიცხვი წინა წელთან შედარებით 57 პროცენტით გაიზარდა

    2021 წელს ევროკავშირის საზღვრებში არალეგალურად შესულთა რიცხვი წინა წელთან შედარებით 57 პროცენტით გაიზარდა და 195 ათასს მიაღწია. ამის შესახებ "TRT-ქართული" იტყობინება. მათი ინფორმაციით, საზღვრის უსაფრთხოების სააგენტოს Frontex-ის (ევროკავშირის) მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნებში უკანონო შესვლამ, სამგზავრო შეზღუდვების შემსუბუქებასთან ერთად, გადააჭარბა იმ დონეს, ვიდრე ახალი ტიპის კორონავირუსის Covid-19-ის ეპიდემიის დაწყამდე იყო.

    საზღვრის უკანონოდ გადამკვეთთა რიცხვი გასულ წელს 2020 წელთან შედარებით 57 პროცენტით, 2019 წელთან შედარებით 36 პროცენტით გაიზარდა.

    გასულ წელს ევროკავშირში შესასვლელად ყველაზე ხშირად გამოყენებული მარშრუტი ცენტრალური ხმელთაშუა ზღვა იყო. ევროკავშირის ქვეყნებში ამ მარშრუტით 65 ათასზე მეტი ადამიანი შევიდა. ცენტრალური ხმელთაშუა ზღვისპირეთიდან შესვლა 2020 წელთან შედარებით 83 პროცენტით გაიზარდა. დასავლეთ ხმელთაშუა ზღვის რეგიონიდან შემოდინებამ 6 პროცენტით მოიმატა და 18 ათასს გადააჭარბა. აღმოსავლეთ ევროპიდან, განსაკუთრებით ბელარუსიდან, ევროკავშირის ქვეყნებში შესვლა ათასი პროცენტით გაიზარდა. 2021 წელს ბელარუსიდან უკანონო შემსვლელთა რაოდენობა დაახლოებით 8000 იყო.

    ევროკავშირის საზღვრებში არალეგალურად ყველაზე მეტად სირიელები შევიდნენ. მათ მოჰყვებიან ტუნისელები, მაროკოელები, ალჟირელები და ავღანელები.

  • ევროკავშირი და ევროპის საინვესტიციო ბანკი სოფლებში სწრაფი ინტერნეტ კავშირის დანერგვაში ინვესტირებას ახდენენ

    ევროპის საინვესტიციო ბანკი, ევროკავშირის ბანკი, განახორციელებს ინვესტიციას 34 მილიონი ევროს ოდენობით მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის ქსელის გაფართოებაში, რომელიც უზრუნველყოფს სწრაფ და საიმედო ინტერნეტ სერვისებს საქართველოს 1000 სოფელსა და შორეულ დასახლებაში მცხოვრები 500 000 საქართველოს მოქალაქისთვის. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" ევროკავშირის წარმომადგენლობაში განუცხადეს.

    ევროკავშირის ბანკის ინვესტიცია დააფინანსებს 5000 კმ ოპტიკურ-ბოჭკოვანი სატელეკომუნიკაციო ქსელის ინსტალაციას და უზრუნველყოფს ღია დაშვების ინფრასტრუქტურის დანერგვას საქართველოს საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორებისთვის მათ მიერ სწრაფი ინტერნეტის სერვისების უზრუნველსაყოფად. ევროკავშირმა გარანტია გარე დაკრედიტების მანდატის საფუძველზე გასცა.

    ეს პროექტი მხარს უჭერს გაუმჯობესებულ ციფრულ კავშირს, როგორც საქართველოსთვის ხუთი ფლაგმანური ინიციატივიდან ერთ-ერთს, აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის ევროკავშირის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის ფარგლებში.

    ევროპის საინვესტიციო ბანკის ეს ახალი ოპერაცია არის ევროპის გუნდის უფრო ფართო ძალისხმევის ნაწილი, რათა საქართველოს მხარი დაუჭიროს ციფრული ტექნოლოგიების დანერგვაში, ეკოლოგიური და მდგრადი სოციალური და ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაში და ქვეყნის მასშტაბით სტიქიური უბედურებებისადმი, როგორიცაა COVID-19 პანდემია, მდგრადობის გაზრდაში.

  • პოლიტიკური დაპირისპირება არჩევნების მედია გაშუქებაზე აისახება

    ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა ადგილობრივი არჩევნების მედიამონიტორინგის საბოლოო შედეგებს აქვეყნებენ

    თბილისი. 14 დეკემბერი 2021 – ევროკავშირმა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების მედიამონიტორინგის ანგარიში გამოაქვეყნეს, რომელიც 5 ივლისიდან 14 ნოემბრამდე პერიოდს მოიცავს. ანგარიშში შესულია არჩევნების გაშუქების რაოდენობრივი მონაცემები და თვისებრივი ანალიზი 54 მედია-საშუალების მიხედვით (27 ეროვნული და 27 რეგიონული). მედიამონიტორინგი ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა განახორციელეს - საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ, ინტერნიუს საქართველომ და CRRC-საქართველომ.
    მედიამონიტორინგის შედეგების თანახმად, ქართული მედია საკმაოდ ეფექტიანად აშუქებდა საარჩევნო მოვლენებს. მედია-საშუალებები დროულად აქვეყნებდნენ მიმდინარე ინფორმაციას და მრავალფეროვან კომენტარებსა და მოსაზრებებს სთავაზობდნენ ამომრჩევლებს.
    ცვალებადი წინასაარჩევნო გარემო და მწვავე პოლიტიკური დაპირისპირება არჩევნების გაშუქებაზე საგრძნობლად აისახა. მედიის დღის წესრიგს განსაზღვრავდა პოლიტიკურ და სოციალურ მოვლენათა მთელი რიგი, მათ შორის ივლისში განვითარებული ჰომოფობიური გამოსვლები და ჟურნალისტების მიმართ აგრესია, ხოლო შემდეგ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაკავება და ამის გარეშემო განვითარებული მოვლენები.
    სხვადასხვა სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედია-საშუალებები ამ ფაქტებს სრულიად განსხვავებულ ინტერპრეტაციასა და შეფასებას აძლევდნენ.
    მედია-ბანაკებს შორის დაპირისპირება განსაკუთრებით მწვავე იყო სამაუწყებლო მედიის შემთხვევაში (ტელევიზია და რადიო). მედია-საშუალებათა უმრავლესობა მიკერძოებულ ინფორმაციას ავრცელებდა და ცდილობდა, რომ მიმდინარე მოვლენები ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ წარმოეჩინა.
    საარჩევნო ტელედებატები ორი ტელევიზიის ეთერში გაიმართა, რაც საქართველოს პოლარიზებულ საარჩევნო გარემოს პირობებში, საკმაოდ დიდი მიღწევაა. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დებატების მსვლელობისას, ჟურნალისტები კრიტიკული კითხვების დასმას ერიდებოდნენ, ხოლო ზოგიერთი კანდიდატის მიერ გაკეთებულ ჰომოფობიურ და ქსენოფობიურ გამონათქვამებზე სათანადო რეაგირება არ მოუხდენიათ.
    წინასაარჩევნო პერიოდში, მედია-საშუალებები მეტ-ნაკლებად იცავდნენ ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტებს, თუმცა არჩევნების დღისა და მეორე ტურების მოახლოებასთან ერთად, დაძაბულობა გაიზარდა და ეთიკის სტანდარტების დარღვევაც გახშირდა.
    გადაუმოწმებელი ინფორმაციისა და დისკრიმინაციული თუ შეურაცხმყოფელი ტერმინოლოგიის გამოყენება განსაკუთრებით ეროვნულ ბეჭდურ მედიაში შეინიშნებოდა, ხოლო რეგიონული და ადგილობრივი ბეჭდური გამოცემები მოვლენებს შედარებით მიუკერძოებლად აშუქებდნენ და მკითხველს მოსაზრებებისა და პოზიციების მრავალფეროვნებას სთავაზობდნენ.
    სხვა არჩევნებთან შედარებით, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციული ტერმინოლოგიის გამოყენება საგრძნობლად შემცირდა მედიის ყველა სექტორში.
    პოლიტიკური მიკერძოება ნაკლებად შეიმჩნეოდა ონლაინ მედიის სექტორში. როგორც ეროვნული, ისე რეგიონული მედია-საშუალებები ცდილობდნენ სარედაქციო დამოუკიდებლობა შეენარჩუნებინათ და არჩევნები ინფორმაციულობისა და მრავალფეროვნების სტანდარტების დაცვით გაეშუქებინათ. ამასთან ერთად, ონლაინ მედიაში გაშუქების ზედაპირულობა და ფრაგმენტულობაც შეიმჩნეოდა.
    „პლურალისტური მედია-გარემოს არსებობის მიუხედავად, საქართველოში არჩევნების გაშუქება მძაფრი პოლარიზებით ხასიათდება. სანდო და დაბალანსებულ ინფორმაციას საკვანძო მნიშვნელობა აქვს იმისთვის, რომ ამომრჩევლებმა საარჩევნო ყუთებთან ინფორმირებული არჩევანი გააკეთონ“, - განაცხადა ასუნსიონ სანჩეს-რუისმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ და პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების ხელმძღვანელმა.
    „ქართული მედია მრავალფეროვანი და სწრაფად მზარდი გარემოა. ის ხელს უწყობს საზოგადოებრივ მსჯელობას და დემოკრატიულ პროცესს, მათ შორის, არჩევნებს, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური მიკერძოება, არაეთიკური გაშუქება და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გამოყენება კვლავ შეიმჩნევა მედიის რამდენიმე სექტორში“, - აღნიშნა UNDP-ის ხელმძღვანელმა საქართველოში ნიკ ბერესფორდმა.
    ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მედიამონიტორინგი 2022 წლის მარტამდე, პოსტ-საარჩევნო პერიოდშიც გაგრძელდება.

    ყველა ანგარიში ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე: mediamonitor.ge

  • ამერიკელი კონგრესმენები აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელს საქართველოსთან სავაჭრო და საინვესტიციო კავშირების განმტკიცების მოწოდებით მიმართავენ

    ამერიკელმა კონგრესმენებმა, აშშ-სა და საქართველოს შორის სავაჭრო და საინვესტიციო კავშირების განმტკიცების მოწოდებით, აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელს, კეტრინ ტაის წერილით მიმართეს. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ საგარეოს ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    მათი ინფორმაციით, საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების უმნიშვნელოვანესი მოკავშირეა. საქართველოში, როგორც განვითარებად დემოკრატიულ ქვეყანაში, აუცილებელია მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმები გატარება, რაც ხელს შეუწყობს კავკასიის რეგიონში სტაბილურობის განმტკიცებას. ამერიკის შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ურთიერობების გაფართოება კი ამ რეფორმებს კიდევ უფრო დააჩქარებდა.

    წერილში ხაზგასმულია საქართველოს საკვანძო გეოგრაფიული მდებარეობა, რაც მას იდეალურ პარტნიორად აქცევს მსოფლიოში არსებული დაძაბულობისა და არასტაბილურობის ფონზე.

    კონგრესმენები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის სავაჭრო ურთიერთობები ისეთ მყარ საფუძველს ემყარება, როგორიცაა ვაჭრობისა და ინვესტიციების შესახებ ჩარჩო შეთანხმება, მაღალი დონის სავაჭრო დიალოგი, ორმხრივი საინვესტიციო ხელშეკრულება. საქართველოს როგორც ღირებულ პარტნიორს, მათ შორის, ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით, აღიარებს ასევე ევროკავშირიც, რასაც მოწმობს ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ჩათვლით.

    ამერიკელი კონგრესმენების განცხადებით, დღეს, როდესაც საქართველოს ერთ–ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას ეკონომიკის ზრდა-განვითარება წარმოადგენს, აშშ-სთან სავაჭრო და საინვესტიციო კავშირების განმტკიცება მძლავრ სტიმულს მისცემდა საქართველოში საბაზრო რეფორმებისა და საინვესტიციო პოლიტიკის გატარებას, ხოლო ამერიკულ საქონელსა და მომსახურებებს გზას გაუხსნიდა სამხრეთ კავკასიის, ცენტრალური აზიის, თურქეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებზე. ამ მხრივ, განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს პარტნიორ ქვეყანასთან თავისუფალი ვაჭრობის არსებობა. წერილში ნათქვამია, რომ დღეს „როდესაც აშშ-ს რეგიონის არც ერთ ქვეყანასთან არ აქვს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გაფორმებული, საქართველოსთან ამ მიმართულებით მოლაპარაკებების გაძლიერება ხელს შეუწყობდა აშშ-სა და საქართველოს შორის უფრო მყარი ეკონომიკური ურთიერთობების ჩამოყალიბებას“. ამასთანავე, ეს იქნებოდა „მძლავრი სიგნალი, რომ ამერიკის დემოკრატიული ღირებულებები და საბაზრო ეკონომიკაზე დაფუძნებული წესები კვლავ ძალაშია და მოქმედებს იქ, სადაც ჯერ კიდევ მყარადაა ფეხმოკიდებული ავტორიტარული სისტემები“.

    წერილში ხაზგასმულია აშშ-სა და საქართველოს შორის მნიშვნელოვანი მოკავშირეობა და სტრატეგიული პარტნიორობა; ერაყსა და ავღანეთში მიმდინარე სამხედრო ოპერაციებში საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი; ასევე, კავკასიის რეგიონში და მის ფარგლებს მიღმა სტაბილურობისა და დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრების მიმართულებით საქართველოს წამყვანი როლი.

    წერილს ხელს აწერენ კონგრესმენები: კეროლ მილერი, ადამ კინზინგერი, სტივ უომეკი, ჯონ როუზი, ჯიმი გომესი, ჯერალდ კონოლი, დენ კრენშოუ და ალექს მუნი.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური