საქართველოში საზეიმოდ აღინიშნა ამერიკის დამოუკიდებლობის დღე
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში საქართველოში დღეს საზეიმოდ აღინიშნა ამერიკის დამოუკიდებლობის დღე 4 ივლისი და დამოუკიდებლობის დეკლარაციის ხელმოწერის 239-ე წლისთავი. საზეიმო მიღებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი დაესწრენ.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა ოფიციალურ მიღებაზე განაცხადა, ეს არის დიდი დღე, რადგან ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი დღე. პრემიერ-მინისტრის თქმით, ამერიკა არის საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, მეგობარი სახელმწიფო, რომელსაც ძალიან ბევრი რამ აქვს გაკეთებული საქართველოსა და ქართველი ხალხისთვის.
"ჩვენი ქვეყნის დემოკრატიზაციის გზაზე ამერიკის მხარდაჭერა არის მართლაც ფასდაუდებელი. მე მინდა კიდევ ერთხელ ჩვენი ხალხის სახელით მადლობა გადავუხადო ამერიკის მთავრობებს, რომლებმაც ბოლო 25 წლის განმავლობაში უდიდესი დახმარება გაუწიეს ქართველ ხალხს და საქართველოს და ეს დახმარება გრძელდება. მე მართლაც ამაყი ვარ, რომ ვართ მომსწრენი ამ უპრეცედენტო მხარდაჭერის ამერიკის მიერ ჩვენი ქვეყნისა და ხალხისადმი. მინდა ყველა ამერიკელს მივულოცო დღევანდელი დღე, ხოლო მინდა განსაკუთრებით მივულოცო ეს დღე ელჩ რიჩარდ ნორლანდს, რომელიც არის მართლაც გამორჩეული ელჩი, რომელიც მე ოდესმე მინახავს და რომელთანაც მიმუშავია. მინდა აღვნიშნო მისი და მისი ოჯახის განსაკუთრებული დამოკიდებულება, განსაკუთრებული სამართლიანი ობიექტური დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნისა და ხალხისადმი", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოს მთავრობის თავმჯდომარემ ასევე განაცხადა, რომ რიჩარდ ნორლანდი მიდის საქართველოდან, ვინაიდან მას უკვე ეწურება ვადა. "მაგრამ მე მინდა აღვნიშნო კიდევ ერთხელ, რომ ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება და მადლიერებით აღვნიშნავთ მის მიერ გაწეულ სამსახურს ჩვენი ქვეყნისა და ხალხისადმი, მინდა მას და მის ოჯახს ვუსურვო წარმატებები. აქვე მინდა დავძინო, რომ ჩვენ მოუთმენლად ველით ახალი ელჩის ჩამობრძანებას საქართველოში. დარწმუნებული ვარ ისეთივე ნაყოფიერი იქნება ჩვენი თანამშრომლობა მასთან, როგორც იყო რიჩარდ ნორლანდის შემთხვევაში", - დასძინა პრემიერ-მინისტრმა.
თავის მხრივ რიჩარდ ნორლანდმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ დარწმუნებულია ახალი ელჩი იან კელი და მისი მეუღლე ფრანჩესკა აუცილებლად გააგრძელებენ აშშ-საქართველოს დინამიურ ურთიერთობებს იმ წერტილიდან, სადაც მე და მერი გავჩერდებით.
მისივე განმარტებით, ამაყია იმ მეგობრების გამო, რომლებიც წარმოუდგენლად მდიდარი და მრავალფეროვანი კულტურული მემკვიდრეობის მქონე ამ უძველეს ქვეყანაში შეიძინა.
"ძვირფასო პრემიერ მინისტრო, ძვირფასო მინისტრებო, ძვირფასო კოლეგებო, ძვირფასო მეგობრებო, დიდი მადლობა, რომ ამერიკის დაბადების დღეს ჩვენთან ერთად აღნიშნავთ. დიდი მადლობა თქვენი მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის აშშ-საქართველოს ურთიერთობების გამტკიცების საქმეში.
მოკლე სიტყვა მექნება, რადგან გულში შერეული ემოციები მაქვს - საქართველოში ამერიკის ელჩის რანგში ჩემთვის ეს უკანასკნელი 4 ივლისია. აღფრთოვანებული ვარ, რამდენად გრძელი გზა განვლო
საქართველომ დემოკრატიის აღმშენებლობის გზაზე არა მხოლოდ 22 წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც საქართველოს პირველად ვესტუმრე, არამედ იმ უკანასკნელ სამ წელიწადშიც, რაც მე და მერი აქ ვართ.
რასაკვირველია, გული გვწყდება საქართველოს დატოვების გამო, მაგრამ მოუთმენლად ველით სახლში დაბრუნებას, სადაც შვილებთან და შვილიშვილებთან უფრო ახლოს ვიქნებით, თუნდაც ცოტა ხნით და სადაც 12 სექტემბერს ჩვენი ქალიშვილის დაქორწინებას ავღნიშნავთ.
კარგად მესმის ჩვენი გამგზავრებისას საქართველო კვლავ მრავალი გამოწვევის წინაშე რჩება: რეგიონში უსაფრთხოების არასტაბილური გარემოა, რომელსაც ემატება შიდა და საერთაშორისო ეკონომიკური და პოლიტიკური გაურკვევლობა, რომლის მოგვარებაც მთავრობის, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების საუკეთესო წარმომადგენლებმა უნდა სცადონ", - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.
საქართველოში აშშ-ის ელჩის თქმით, გული წყდება, რომ სოხუმსა და ცხინვალში დაბრუნების საშუალება არ მიეცა.
"გული მწყდება, რომ არ მომეცა საშუალება, დავბრუნებულიყავი ცხინვალის ჩრდილოეთით მდებარე ულამაზეს მთებში, ან სოხუმში, რომელსაც 1993 წელს, აქ მუშაობისას ვსტუმრობდი ხოლმე. ჩემი გულწრფელი სურვილია, რომ ქართველებს, აფხაზებსა და ოსებს მიეცეთ შანსი, რომელსაც იმსახურებენ ერთად იცხოვრონ კეთილდღეობასა და მშვიდობაში იმ მიწაზე, რომელიც მათთვის საზიაროა.
მართალია, შერეულ ემოციებს ვგრძნობ, მაგრამ ერთი რამ ნათელია: დღეს ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს გვერდში დგას ისევე მტკიცედ, როგორც 24 წლის წინ საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის აღდგენისას. როცა თქვენს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდნენ, ჩვენ თქვენს გვერდში ვართ. როცა წყალდიდობა გიტევთ, ჩვენ თქვენს გვერდში ვართ. როცა თქვენი შეიარაღებული ძალები გაძლიერებასა და განახლებას საჭიროებს, ჩვენ თქვენს გვერდში ვართ ზუსტად ისე, როგორც თქვენ ჩვენ გვერდში ხართ ბრძოლის ველზე და იჩენთ სიმამაცესა და გმირობას. როცა თქვენ შვილებს განათლების მიღება და სამუშაო ადგილები სჭირდებათ, ჩვენ თქვენს გვერდში ვართ. თქვენს გვერდით არიან თქვენი მეგობრები ევროპაში, შორეულ აღმოსავლეთში და სხვაგან", - აღნიშნა ამერიკელმა დიპლომატმა.
რიჩარდ ნორლანდის შეფასებით, საქართველოს საკვანძო ადგილი უჭირავს ახალ ძალისხმევაში, აღდგეს აღმოსავლეთ-დასავლეთის კავშირები ევრაზიის მასშტაბით.
"სიამაყით ვთანამშრომლობთ ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორ საქართველოსთან ამ ახალი შესაძებლობების ასამუშავებლად ზუსტად ისე, როგორც სიამაყით ვთანამშრომლობთ მასთან გლობალური უსაფრთხოების განსამტკიცებლად. ახალ ელჩს ამ საელჩოში შესანიშნავი პროფესიონალების გუნდი დახვდება. რთულია, საკმარისი მადლიერება გამოხატო ჩემი ამერიკელი კოლეგების მიმართ, რომლებიც აშშ-ის მთავრობის სხვადასხვა უწყებებს წარმოადგენენ, ისევე, როგორც ერთგული ადგილობრივი თანამშრომლების მიმართ, რომელთა მრავალწლიანი გამოცდილება და მხარდაჭერა სასიცოცხლოდ აუცილებელია ჩვენი მისიისთვის.
მსურს, ვისარგებლო შემთხვევით და ჩემს მეუღლე მერის მადლობა გადავუხადო მისი მხარდაჭერისა და ჩართულობისთვის. მისი რჩევები ყოველთვის ძალიან საჭირო იყო ჩემთვის. რაც მიგაჩნიათ, რომ ამ სამი წლის განმავლობაში კარგად გავაკეთე, მისი დამსახურებაა. რაც არასწორად გავაკეთე, პირადად ჩემი ბრალია.
მივმართავ ჩვენს მეგობრებს საქართველოს ყველა კუთხიდან. წინასწარ გიხდით მადლობას იმისთვის, რომ იანსა და ფრანჩესკას მსოფლიოში განთქმულ ქართულ მასპინძლობას გაუწევთ, ზუსტად ისე, როგორც ეს გვაგრძნობინეთ მე და მერის და ყველა ამერიკელ თანამშრომელს ჩვენ საელჩოში.
გისურვებთ წარმატებას უფრო მტკიცე, უფრო აყვავებული, უფრო უსაფრთხო ქართული სახელმწიფოს შექმნაში. გთხოვთ გახსოვდეთ, სადაც არ უნდა ვიყოთ, საქართველოს მცირე ნაწილი მუდამ ჩემი და მერის გულში დარჩება. და ვიდრე კიდევ ერთხელ შევხვდებით ერთმანეთს: საქართველოს გაუმარჯოს", - დასძინა რიჩარდ ნორლანდმა.
ამის შემდეგ საზეიმო მიღება სასიამოვნო მუსიკის ფონზე გაგრძელდა და უამრავმა მოწვეულმა სტუმარმა კიდევ ერთი არაჩვეულებრივი საღამო გაატარა.