სეულში გამოფენა "საქართველო მეღვინეობის აკვანი" გაიმართება

გამოქვეყნებულია კულტურა
სამშაბათი, 02 მარტი 2021 12:08

სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში 2021 წლის 3 მარტიდან - 1 აპრილის ჩათვლით, კორეის ფონდის გალერეაში გამოფენა „საქართველო მეღვინეობის აკვანი“ მოეწყობა. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს"ღვინის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციაში განუცხადეს.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული უნიკალური ექსპონატების ფოტო ნიმუშები, საქართველოს ტერიტორიაზე, არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ღვინის ჭურჭლის, ოქრომჭედლობის ნიმუშები, მარნის, ქვევრის და ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლების ამსახველი ნამუშევრები, ასევე ეროვნული მუზეუმის უნიკალური ფოტო არქივი, რაც დამთვალიერებლებს შესაძლებლობას მისცემს გაეცნონ საქართველოში ღვინის დამზადების 8 000 წლიან უწყვეტ ტრადიციას.

ქართული ღვინის უნიკალური ისტორიისა და კულტურისადმი მიძღვნილი ღონისძიება საქართველოს საელჩოს კორეის რესპუბლიკაში, კორეის ფონდით ორგანიზებითა და ღვინის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის მხარდაჭერით ხორციელდება.

სამხრეთ კორეა, მსოფლიო მასშტაბით ღვინის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყანა და ქართული ღვინის პრიორიტეტული ბაზარია. 2020 წელს საქართველოდან სამხრეთ კორეაში 90 ათასამდე ბოთლის ექსპორტი განხორციელდა, რაც 353%-ით აღემატება 2019 წლის ანალოგიურ მონაცემებს. გამოფენა „საქართველო მეღვინეობის აკვანი“ კიდევ უფრო გაზრდის ქართული ღვინის ცნობადობასა და საექსპორტო პოტენციალს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ამ უმნიშვნელოვანეს ღვინის ბაზარზე.

გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილი კონცეფცია და ვიზუალური მასალა კორეელი დამთვალიერებლებისთვის საქართველოს, როგორც ღვინის უძველესი ცივილიზაციის სამშობლოს გაცნობას ემსახურება.

წაკითხულია 424 ჯერ

Related items

  • სეულში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა

    გავრცელდა ინფორმაცია, რომ  სამხრეთ კორეაში ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულ წყალდიდობას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 6 კი ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლება. ამის შესახებ 'ტრტ-ქართული" წერს.

    სააგენტო Yonhap-ის თანახმად, ძლიერი წვიმები დედაქალაქ სეულში და მის შემოგარენში დაფიქსირდა. ძლიერი წვიმების გამო შესაძლო მეწყერის და წყალდიდობის გამო მრავალი საავტომობილო გზაც გადაიკეტა.

    ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სეულსა და მიმდებარე ქალაქებში 800-მდე შენობა დაზიანდა და სულ მცირე 790 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. სამინისტრომ წყალდიდობის მონიტორინგის დონე „სერიოზულად“ გაზარდა.

    მეორეს მხრივ, სატყეო სამსახურმა ქვეყნის 47 ქალაქსა და რეგიონში მეწყერის გამაფრთხილებელი განცხადება გაავრცელა.

  • მხატვარ დიმიტრი ხახუტაშვილის ნამუშევრები ილუსტრირებულ წიგნად გამოიცა

    5 აგვისტოს, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში წიგნის „დიმიტრი ხახუტაშვილი“ პრეზენტაცია გაიმართა.

    წიგნი ცნობილი ქართველი მხატვრის 95-ე იუბილეს მიეძღვნა და მისი შემოქმედების სხვადასხვა ეტაპზე შექმნილი, კერძო კოლექციებში დაცული ნამუშევრების 300-ზე მეტი ილუსტრაციაა წარმოდგენილი.

    "დღეს ჩვენთვის ძალიან სასიამოვნო იყო, გაგვემართა წიგნის პრეზენტაცია, რომელშიც შესულია არა მხოლოდ ის ნამუშევრები, რაც წარმოდგენილია გამოფენაზე, არამედ 300-ზე მეტი სხვადასხვა პერიოდში შექმნილი ნამუშევარი. წიგნში შესულია აგრეთვე მისი ოჯახის წევრების, კოლეგების, სტუდენტებისა და მეგობრების მოგონებები." - განაცხადა პრეზენტაციაზე წიგნის ავტორმა, ლელა წიწუაშვილმა.

    50-იანელთა თაობის მხატვრის შემოქმედების სრული სპექტრის ერთად წარმოჩენა, პროფესიონალებისთვისაც კი მოულოდნელი სიურპრიზი აღმოჩნდა - ათეულობით ფერწერული, გრაფიკული ნამუშევარი, წიგნის ილუსტრაციები და ესკიზები, რომელიც აქამდე თითქმის უცნობი იყო საზოგადოებისთვის.

    აღსანიშნავია, რომ დიმიტრი ხახუტაშვილს, შემოქმედს, რომლის ნამუშევრებიც თითქმის ყველა ქართველისთვის ნაცნობია, არასდროს ქონია პერსონალური გამოფენა და მხოლოდ ახლახანს, იუბილეზე დავით ტატულაშვილის უდიდესი ძალისხმევით მოხერხდა პირველი პერსონალური გამოფენის მოწყობა.  

    მხატვრის ნამუშევრების გამოფენა, ისევე როგორც წიგნის პუბლიკაცია, შატო ზეგაანი”-ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

    "იშვიათია ხელოვანი, რომელმაც ამდენ მიმდინარეობაში - სიურეალიზმში, აბსტრაქტიზმში, რეალიზმში ერთნაირი წარმატებით შეძლო მოღვაწეობა. მისი სტილი, მისი ტექნიკა, მისი მთელი შემოქმედება ნამდვილად იმსახურებს იმას, რომ იყოს მეტად დაფასებული. წიგნი-ალბომი უაღრესად პროფესიონალურად, დახვეწილი გემოვნებით არის შესრულებული და უმაღლესი ხარისხით არის დაბეჭდილი," -  აღნიშნა გოჩა ჯავახიშვილმა, საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური ინსტიტუტის უფროსმა მკვლევარმა.

    სხვადასხვა ტექნიკასა და ჟანრში შესრულებული დიმიტრი ხახუტაშვილის შემოქმედებითი მემკვიდრეობა მართლაც მნიშვნელოვანი განაცხადია ქართულ მხატვრობაში. მისი კომპოზიციების გრაფიკულ-სტრუქტურული თვითმყოფადობა, კომპლექსური ხედვა ბატალური სცენების შექმნისას, თამამი და ღია ემოციური ხელწერა  წარმოაჩენს დახვეწილი გემოვნებისა და საშემსრულებლო ტექნიკის მქონე, გამორჩეულად მოაზროვნე ხელოვანს, რომელიც მუდმივი ძიებითა და ექსპერიმენტებით იყო გატაცებული.

    წიგნის დიზაინი ეკუთვნის დავით ჯანიაშვილს.

  • იაპონური სამზარეულოს გამოფენა „მე მიყვარს სუში“

    იაპონიის საელჩოს ადმინისტრაციამ საქართველოში დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომელსაც "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: "მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ 2022 წელს ჩვენ აღვნიშნავთ იაპონიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბელეს. ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ჩვენმა საელჩომ უკვე ჩაატარა მრავალი კულტურული ღონისძიება. https://www.ge.emb-japan.go.jp/itpr_ka/11_000001_00256.html

    შემდეგი ღონისძიება იქნება იაპონიის ფონდის იაპონური სამზარეულოს ვაშიოკუს გამოფენა „მე მიყვარს სუში“, რომელიც გაიმართება თბილისის ისტორიის მუზეუმში (სიონის ქ. 8) 12 აგვისტოდან 14 სექტემბრამდე. გახსნის ცერემონია გაიმართება 12 აგვისტოს 17:00 საათზე.

    მოგზაური გამოფენა „მე მიყვარს სუში“, როგორც  კულტურული გაცვლის ახალი პროგრამა,  ფოკუსირდება სუშიზე, და მსოფლიოში ყველაზე პოპულარული იაპონური სამზარეულოს ირგვლივ. 2013 წელს იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში შევიდა ვაშოკუ - იაპონური სამზარეულო, და სუში როგორც არქეტიპული მაგალითი.   სუში დახვეწილი და ჯანმრთელი საკვებია, რომელიც გამოიყურება მიმზიდველად, გემრიელია, და უკვე მსოფლიოში სხვადასხვა სამზარეულოს მენიუში  კარგად ცნობილია.

    ამ გამოფენის მიზანია უზრუნველყოს სიღრმისეული ვიზუალური სახელმძღვანელო სუშის მიმზიდველობის წარმოსაჩენად. გამოფენა გვაძლევს შესაძლებლობას ვისწავლოთ, თუ როგორ მიიღო იაპონიამ სუში თავდაპირველი ფორმით, და თუ როგორი სახის ცვლილებები განიცადა ბუნებრივ გარემოსთან, კულტურასთან და ინდივიდუალური ადგილმდებარეობის ცხოვრების წესთან შერწყმის შესაბამისად.

    აგრეთვე, გამოფენა  წარმოგვიდგენს დღევანდელ, აქტიურ სუშის კულტურას, და ბიძგს გვაძლევს ვიფიქროთ სუშის სამომავლო პოტენციალზე როგორც თანამედროვე კვებასთან დაკავშირებულ საკითხზე.

    ეს გამოფენა მოიცავს იაპონიაში სუშის რესტორანში ვიზიტის სიმულაციას. ის ადამიანები, ვისაც ცოტა რამ სმენია სუშის შესახებ ძალიან ისიამოვნებენ გამოფენით, და სუშის გულშემატკივრებიც არანაკლებ აღფრთოვანებულნი დარჩებიან. ვიმედოვნებთ, რომ სუშის საშუალებით, გამოფენა ხელს შეუწყობს სახელდობრ იაპონიის ისტორიის და წეს-ჩვეულებების მეტად გაცნობას.

    იაპონიის საელჩო დიდ მადლობას უხდის საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, თბილისის ისტორიის მუზეუმს თანამშრომლობისთვის", - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

  • თბილისში აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

    თბილისში გუშინ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია სახელწოდებით „აზერბაიჯანი - საქართველო: საუკუნეების გამოცდა, მეგობრობის მემკვიდრეობა“ გაიმართა.

    ღონისძიების გახსნაზე სიტყვით მიმართეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ლაშა დარსალიამ, აზერბაიჯანის ელჩმა საქართველოში ფაიგ გულიევმა, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ელჩმა ელშად ისკანდეროვმა. გამონსვლელებმა აღნიშნეს რომ აზერბაიჯან-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას ღრმა ისტორიული ფესვები აქვს და რომ ორ ხალხს შორის მეგობრობის კავშირები აგებულია ქართველებისა და აზერბაიჯანელების საერთო წარსულიდან გამომდინარე ძმობის საფუძველზე.

    მოგვიანებით, ANAS-ის ისტორიის ინსტიტუტის დირექტორის, პროფესორ კარიმ შუკუროვის და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ ქეთევან შოშიაშვილის თანათავმჯდომარე აკადემიურ პანელზე, აზერბაიჯანელმა და ქართველმა მეცნიერებმა განიხილეს ურთიერთობის ისტორია, განსაკუთრებით თანამშრომლობა. აზერბაიჯანი და საქართველო მე-20 საუკუნის დასასრულს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში, აწვდიდნენ მოხსენებებს კავკასიაში მშვიდობისთვის პარტნიორობის, ასევე ჩვენი ხალხების ურთიერთკულტურული გავლენის შესახებ. კონფერენციის ფარგლებში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი ორი ქვეყნის მეცნიერებს შორის ერთობლივი კვლევითი პროექტების გაფართოების, ასევე აზერბაიჯან-საქართველოს ურთიერთობების ისტორიის შესახებ ერთობლივი სამეცნიერო ტომის გამოცემის მიზნით.

    საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში იმავე დღეს კიდევ ერთი ღონისძიება გაიმართა. რადბირში საქართველოს ეროვნული მუზეუმის მოხელე ელდარ ნადირაძის მიერ მომზადებული წიგნის „ყარაბაღის სახანოს“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებაზე ისაუბრეს საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ელჩმა ელშად ისკანდეროვმა და სხვა მეცნიერებმა და აღნიშნეს, რომ წიგნი გამოიცა ელეგანტურად და დეტალური ინფორმაცია ისტორიის შესახებ. 

    საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს, საქართველოს საერთაშორისო კავკასიის უნივერსიტეტისა და ევრაზიის საერთაშორისო განვითარების ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ აზერბაიჯანელი, ქართველი დიპლომატები, მეცნიერები, მკვლევარები და მედიის წარმომადგენლები.

    ავთანდილ ოთინაშვილი

     

  • ჩრდილოეთ კორეაში კოვიდ-19-ით დაავადებულთა რიცხვი 2 მლნ აღწევს

    ჩრდილოეთ კორეაში, რომელიც ამტკიცებდა, რომ დაწყების დღიდან ბოლო დრომდე არ გავრცელებულა ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) ეპიდემია,  დაავადების შემთხვევების რაოდენობამ 2 მილიონს მიაღწია. ამის შესახებ "TRT-ქართული" იტყობინება. 

    ჩრდილოეთ კორეის ცენტრალური საინფორმაციო სააგენტოს (KCNA) ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში 262 ათას 270 ადამიანს აღენიშნებოდა მაღალი სიცხე, ამგვარად, მაღალი ტემპერატურის მქონე ადამიანების რაოდენობა ქვეყანაში აპრილის ბოლოდან დღემდე 1 მილიონ 980 ათასამდე გაიზარდა.

    ჩრდილოეთ კორეაში, სადაც ბოლო 24 საათის განმავლობაში ეპიდემიის გამო კიდევ 1 ადამიანი დაიღუპა, გარდაცვლილთა რიცხვმა 63 შეადგინა.

    მაღალი სიცხის სიმპტომის მქონე დაავადებულთაგან დაახლოებით 1,2 მილიონი გამოჯანმრთელდა, ხოლო 740 ათას 160 ადამიანი იზოლირებულია.

    13 მაისს გამოცხადდა, რომ ქვეყანაში 6 ადამიანი დაიღუპა და ოფიციალურად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ ადამიანებიდან მხოლოდ ერთი გარდაიცვალა კოვიდ-19-ის ომიკრონის ვარიანტით.

    ჩრდილოეთ კორეაში ეპიდემიამ, სადაც ჯანდაცვის სისტემა არც თუ ისე კარგია და ხალხი არ არის აცრილი კოვიდ-19-ის წინააღმდეგ, შეიძლება ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვიოს.

    ჩრდილოეთ კორეამ უარყო მილიონობით დოზის შეთავაზება, რომელიც გაკეთდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის  Covid-19 ვაქცინების გლობალური წვდომის პროგრამის (COVAX) მიერ  და მიზნად ისახავს უზრუნველყოს ვაქცინების თანაბარი ხელმისაწვდომობა დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებისთვის.

    ჩრდილოეთ კორეა აცხადებს, რომ ეპიდემია არ გავრცელდა ქვეყანაში მტკიცე ზომების წყალობით. ვრცელდება ინფორმაცია, რომ საზღვრების დახურვამ სერიოზული დარტყმა მიაყენა ქვეყნის ეკონომიკას.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური