საქართველოს პარლამენტმა ირაკლი ღარიბაშვილსა და მთავრობის შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 23 თებერვალი 2021 10:22

საქართველოს პარლამენტმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილს და მთავრობის გადახალისებულ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა.

საკანონმდებლო ორგანომ, 89 ხმით ერთხმად დაუჭირა მხარი ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობას და სამთავრობო პროგრამას „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის". 

მთავრობის გადახალისებულ შემადგენლობაში ორი ახალი მინისტრია. თავდაცვის მინისტრის პოსტს ჯუანშერ ბურჭულაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობას კი ირაკლი ქარსელაძე დაიკავებს. 

უცვლელი რჩება შვიდი მინისტრი. საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი იქნება, იუსტიციის მინისტრი - გოჩა ლორთქიფანიძე, შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს ვახტანგ გომელაური დაიკავებს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობას კი ნათია თურნავა. ფინანსთა მინისტრის პოსტს ივანე მაჭავარიანი დაიკავებს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის თანამდებობას - მიხეილ ჩხენკელი. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი იქნება.

ნდობის მისაღებად მთავრობის შემადგენლობას 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებოდა.

 

წაკითხულია 258 ჯერ

Related items

  • სომხეთის პრეზიდენტმა ა. სარქისიანმა გადადგომის შესახებ განაცხადა

    სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა გადადგომის შესახებ განაცხადა. მის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ამის მიზეზი სამთავრობო დაწესებულებებს შორის უფლებამოსილების განაწილების გამო უკმაყოფილებაა. ა. სარქისიანის თქმით, როგორც ქვეყნის კონსტიტუციის გარანტს, მას არ გააჩნდა რეალური ინსტრუმენტები კრიზისის პირობებში საშინაო პოლიტიკური პრობლემების გადასაჭრელად.
    "ჩვენ ვცხოვრობთ უნიკალურ რეალობაში, რომელშიც პრეზიდენტს არ შეუძლია გავლენა მოახდინოს ომისა და მშვიდობის საკითხებზე“, - ნათქვამია დოკუმენტში. ა. სარქისიანმა მადლობა გადაუხადა მთავრობას, ქვეყნის ძირითადი კანონის შესაცვლელად კომისიის შექმნისთვის და ხაზგასმით აღნიშნა, რომ იგი მომხრეა საპარლამენტო რესპუბლიკის ფარგლებში შემოწმებისა და ბალანსის სისტემის შექმნის აუცილებლობაზე.
    შეგახსენებთ, რომ სომხეთის პარლამენტმა არმენ სარქისიანი პრეზიდენტად 2018 წლის მარტში აირჩია. ის გახდა პირველი სახელმწიფოს მეთაური შეზღუდული უფლებამოსილებით მას შემდეგ, რაც სომხეთი საბოლოოდ გადავიდა საპარლამენტო მმართველობის ფორმაზე. მისი საპრეზიდენტო ვადის დაწყება აღინიშნა ხავერდოვანი რევოლუციით, რომლის დროსაც სომხეთის პრემიერ-მინისტრი გახდა ნიკოლ ფაშინიანი, ხოლო ბოლო თვეები ყარაბაღის ომის შემდგომი კრიზისით აღინიშნა.

  • პრემიერ-მინისტრ ი. ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა

    საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის სხდომა გაიმართა.
    სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 2021 წლის ეკონომიკური შედეგები შეაჯამა.
    ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, 11 თვის წინასწარი მონაცემების მიხედვით, ეკონომიკური ზრდა 10,7%-ს შეადგენს; ჯამში, 10,7 პროცენტის დონეზეა მოსალოდნელი წლიური ზრდის ტემპიც, რაც 2,5-ჯერ მეტია თავდაპირველად პროგნოზირებულ მაჩვენებელზე.
    „მინდა ჩვენს საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, როგორ დავასრულეთ გასული საბიუჯეტო წელი და როგორია 2021 წლის ძირითადი მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრები, მიუხედავად იმ გამოწვევებისა, რომელიც გლობალური პანდემიიდან გამომდინარე, 2021 წელსაც ჰქონდა ქვეყანას.
    როგორც ი. ღარიბაშვილმა აღნიშნა, წელს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პროექტი იქნება ახალი სამუშაო ადგილების შექმნის საკითხი. მან ასევე განაცხადა, მისი ინიციატივით უკვე დაიწყო საზოგადოებრივი სამუშაო ადგილების შექმნაზე მუშაობა და ეკონომიკურმა გუნდმა ამ მიმართულებით ევროპის რამდენიმე ქვეყნის წარმატებული მაგალითები დაამუშავა.

  • პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ შ. პაპუაშვილი აირჩიეს

    დღეს გამართულ საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ შალვა პაპუაშვილი აირჩიეს. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" პარლამენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    მათი ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილის კანდიდატურას მხარი 88-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ ხმა კი 1-მა დეპუტატმა მისცა.

    შესრულდა სახელმწიფო ჰიმნი. კენჭისყრის პროცედურამდე, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის წევრებს სიტყვით მიმართა, რის შემდეგაც, რეგლამენტის შესაბამისად, კოლეგების შეკითხვებს უპასუხა.

    განცხადებები გააკეთეს ფრაქციების წარმომადგენლებმაც. სიტყვით გამოსვლისას, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს, კახა კუჭავას გაწეული საქმიანობისთვის, ხოლო საპარლამენტო უმრავლესობას გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

    „ამ თანამდებობაზე გავაკეთებ ყველაფერს, რომ ჩვენს ქვეყანას და ხალხს ღირსეულად ვემსახურო. დიდი მადლობა კახა კუჭავას, რომელიც, პოლიტიკურად ურთულეს დროს, ღირსეულად უძღვებოდა პარლამენტს და შეძლო საპარლამენტო ცხოვრების კონსოლიდაცია“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

    სიტყვით გამოსვლისას, პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა გასული წელიც შეაფასა.

    მისი თქმით, საზოგადოება, ერთდროულად, იდგა ოკუპაციის, პანდემიის, ეკონომიკური გამოწვევებისა და თავსმოხვეული პოლარიზაციის წინაშე.

    „მიუხედავად ამ ურთულესი გამოწვევებისა, ჩვენი გუნდის ხელმძღვანელობით შევინარჩუნეთ მშვიდობა, უკან დახევის გარეშე; გადავლახეთ პანდემიის რამდენიმე მძიმე ტალღა; ქვეყნის ეკონომიკა დავუბრუნეთ პანდემიამდე მდგომარეობას, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სათანადო ჩატარებით, შევქმენით მყარი საფუძველი ქვეყნის პოლიტიკური სტაბილურობისთვის. ყველა ამ გამოწვევასთან გამკლავებაში, ქართველი ხალხის და ხელისუფლების მოკავშირეები იყვნენ ჩვენი ექიმები, ჩვენი პოლიციელები, ჩვენი ჯარისკაცები, ჩვენი პედაგოგები. დიდი მადლობა მათ და ყველა იმ ადამიანს, ვინც გვერდით ედგა სახელმწიფოს ამ ურთულეს პერიოდში. პარლამენტი არის ის ინსტიტუცია, რომელშიც ყველაზე მეტად არის გამოხატული ხალხის, როგორც ხელისუფლების წყაროს, ძალა. ამიტომ, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ვიდგები საპარლამენტო სუვერენიტეტის სადარაჯოზე,“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

    მისივე თქმით, ის, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ხალხის მიერ არჩეული ოპოზიციის ჩართულობის და თანამონაწილეობის გარანტი იქნება.

    „მე ვარ „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი, და ამით, ქართველი ხალხის უმრავლესობის ნების გამტარებელი. თუმცა, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ვიქნები ხალხის მიერ არჩეული ოპოზიციის ჩართულობის და თანამონაწილეობის გარანტი. მით უფრო, რომ ამ პარლამენტში, არსებული დაპირისპირების მიუხედავად, ჩვენ გვაქვს ოპოზიციასთან თანამშრომლობის კარგი გამოცდილება, რაც წარმატებულ საარჩევნო რეფორმას უკავშირდება. ამის ფონზე, ოპოზიციის ნაწილის მხრიდან, საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტი განსაკუთრებით გულდასაწყვეტია. მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც ჩვენი გუნდის მიერ კონსტიტუციის და პარლამენტის რეგლამენტის რეფორმის შედეგად, საქართველოს პარლამენტმა, ქართულ პოლიტიკაში, ცენტრალური ადგილი დაიკავა. ახალი დემოკრატიული სტანდარტებით, მრავალპარტიულ პარლამენტს აქვს აღმასრულებელ ხელისუფლებაზე ზედამხედველობის მძლავრი ბერკეტები. უპრეცედენტოდ გაზრდილია საპარლამენტო ოპოზიციის როლი. ეს ყველაფერი კი ქმნის განსაკუთრებულ პირობებს საქმიანი საპარლამენტო დისკუსიისთვის“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

    პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა მთავარ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტსა და ეროვნულ ამოცანაზეც ისაუბრა.

    „ჩვენი მთავარი საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტია ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენს პოლიტიკურ გუნდს აქვს ამბიციური ამოცანა 2024 წელს წარადგინოს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე. სწორედ ამიტომ, მომდევნო სამი წელი იქნება პერიოდი, როდესაც ჩვენ წინ გველის საკანონმდებლო რეფორმებით დატვირთული დღის წესრიგი, რომელმაც გარდამტეხი როლი უნდა შეასრულოს ევროკავშირთან ჩვენი ქვეყნის საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოებაში და ახალ ნიშნულზე მიიყვანოს ქვეყნის დემოკრატიული განვითარება. ჩვენი ეროვნული ამოცანაა ქვეყნის გამთლიანება და ჩვენი აფხაზი და ოსი დების და ძმების დაბრუნება. და ეს პარლამენტიც სრულფასოვანი იქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც ამ დარბაზში ჩვენთან ერთად, აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან არჩეული წარმომადგენლები ისხდებიან. ეს ის ამოცანაა, რომელიც თითოეულ ჩვენგანს უნდა აერთიანებდეს. ჩვენ გვაქვს გამორჩეული ქვეყანა, ღირსეული ხალხით, უნიკალური ისტორიით, მდიდარი კულტურით და სულიერების სადარაჯოზე მდგომი ეკლესიით. ეს ქვეყანა და ეს ხალხი იმსახურებს ერთიანობას, კეთილდღეობას, წინსვლას და განვითარებას; და სწორედ ამიტომ, ჩვენი განსაკუთრებული ვალია, ჩვენი ფიქრი და საქმე მივუძღვნათ ამ მიზანს. ეს იქნება ჩემი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის, მთავარი ამოცანა“, -  განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

  • ირაკლი ღარიბაშვილმა თურქეთთან ურთიერთობები შეაფასა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ისინი კმაყოფილნი არიან თურქეთთან არსებული სტრატეგიული ურთიერთობებით და განაცხადა, რომ ორმხრივი ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს. ამის შესახებ "TRT-ქართული" იტყობინება.

    მათი ინფორმაციით, ი. ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში გამოსვლისას,  2021 წელს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკა, მთელი წლის განმავლობაში გატარებული ეკონომიკური რეფორმები და სხვა საკითხები შეაფასა. მან პირდაპირ ეთერში, საქართველო-თურქეთის ურთიერთობებზეც ისაუბრა და აღნიშნა: „თურქეთთან ძალიან მჭიდრო, მეგობრული და ძმური ურთიერთობა გვაქვს. მიმდინარე წლის ივნისის თვეში ანკარაში ვიზიტის დროს, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მხრიდან, განსაკუთრებული და თბილი დახვედრისთვის მადლობელი ვარ. მას შემდეგაც ჩვენ გვქონდა არა ერთი სატელეფონო და სხვა კომუნიკაცია. ჩვენ თურქეთთან გვაქვს, ღია და გულწრფელი ურთიერთობა. თურქეთი რა თქმა უნდა,  ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა რეგიონში და ჩვენ გვახარებს მასთან სტრატეგიული პარტნიორობა. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ, გავაძლიეროთ და გავაღრმავოთ ეს ურთიერთობები. ამ მიმართულებით ყველაფერს ვაკეთებ და მიხარია, რომ იგივე მიდგომა აქვს თურქეთის პრეზიდენტსაც. ვფიქრობ, დღეს არის ძალიან კარგი შანსია ამ ურთიერთობის კიდევ უფრო განმტკიცებისთვის,“ განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში.

  • საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ზურაბ აზარაშვილი დანიშნა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ზურაბ აზარაშვილი დანიშნა. ამის შესახებ ი. ღარიბაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
    მისი თქმით, ზ. აზარაშვილის ხელმძღვანელობით ქვეყანაში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, და მათ შორის ქართული ავიაციის აღდგენის საქმეში.
    „ზ. აზარაშვილი არის ძალიან წესიერი, განათლებული ადამიანი. იგი გაიზარდა ექიმის ოჯახში, აქვს ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი, და ფინანსური მენეჯმენტის დიდი გამოცდილება. ასევე კარგად იცის თუ რა პრობლემები აქვს დღეს საქართველოს მოსახლეობას. მინდა ვუსურვო მას წარმატებები ახალ თანამდებობაზე მუშაობისას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
    ზურაბ აზარაშვილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. მიმდინარე წლის 2 თებერვლამდე იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტას“ გენერალური დირექტორი. ასევე იყო შპს „თბილავიამშენის“ გენერალური დირექტორი.
    გარდა ამისა, რამდენიმე წელი მუშაობდა კომერციულ სტრუქტურებში.
    შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მინისტრის თანამდებობა, საკუთარი სურვილით 9 დეკემბერს დატოვა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური