საკომიტეტო ფორმატში მინისტრობის კანდიდატების ბოლო მოსმენა გაიმართა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 22 თებერვალი 2021 13:35

საქართველოს პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ მთავრობისადმი ნდობის გამოცხადების საკითხზე იმსჯელეს.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, იურიდიულ საკითხთა, თავდაცვისა და უშიშროების, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატებმა მინისტრობის კანდიდატებს: ჯუანშერ ბურჭულაძეს, გოჩა ლორთქიფანიძეს, თეა ახვლედიანს და ვახტანგ გომელაურს მოუსმინეს.

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ კომიტეტის წევრებს უწყებაში გატარებულ რეფორმებზე, ნატოსთან თავსებადობის პროგრამებზე, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებასა და პარტნიორ სახელმწიფოებთან სამხედრო თანამშრომლობის საკითხებზე ინფორმაცია მიაწოდა.

მანვე სამინისტროს მიერ მომზადებულ ორ ძირითად დოკუმენტზე - თავდაცვის ძალების შესაძლებლობების განვითარების ათწლიან გეგმაზე და ახალი ოთხწლიანი თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტზე ისაუბრა და მათში გაწერილ და დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა.

სამომავლო გეგმებზე საუბრისას, ჯუანშერ ბურჭულაძემ ადგილობრივი სამხედრო პროდუქციის წარმოების მნიშვნელობა და საავიაციო პარკის მოდერნიზაცია აღნიშნა.

„ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტული მიმართულებაა საავიაციო ძალების მოდერნიზაციის პროცესის გაგრძელება, რომლის დასრულების შემდეგ მომდევნო წლებში მივიღებთ სრულად აღდგენილ და რეაბილიტირებულ საავიაციო პარკს. ამ ეტაპზე, თავდაცვის ძალებს უკვე მიღებული აქვს ფრანგული წარმოების საჰაერო თვალთვალის რადარები, მობილური საკომანდო პუნქტი და „მისტრალი-3“ ტიპის რაკეტები საცეცხლე მანქანებით. ასევე, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ისრაელის უმსხვილეს სამხედრო ინდუსტრიასთან ხელმოწერილი შეთანხმების შესრულებაზე, რომელიც ითვალისწინებს რაფაელის წარმოებული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების განახლებასა და მოდერნიზაციას“, - განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა.

ჯუანშერ ბურჭულაძემ ნატოსთან თავსებადობის გაზრდასა და ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო მზად არის დასკვნითი ნაბიჯები გადადგას ევროატლანტიკურ ოჯახში გასაწევრიანებლად და საქართველოში რუსეთის აგრესიის დასასრულებლად.

„მოხარული ვარ, რომ მე მქონდა საშუალება აქტიური წვლილი შემეტანა ამ პროცესში, რომელსაც ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ და შეუქცევადს გავხდით“, - აღნიშნა მომხსენებელმა.

იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა, გოჩა ლორთქიფანიძემ კომიტეტის სხდომაზე შეკრებილ საზოგადოებას კონსტიტუციის მიღების 100 წლის იუბილე მიულოცა.

მანვე სამინისტროს საქმიანობის პრიორიტეტებსა და სამომავლო გეგმებზე ინფორმაცია წარმოადგინა.

მინისტრობის კანდიდატმა სტრასბურგის ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულების პროცესზე და ქვეყნისთვის მის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტებზე ინფორმაცია წარმოადგინა და ის ცვლილებები აღნიშნა, რომლებიც აღნიშნული კანონის შესაბამისად განხორციელდა.

სამომავლო გეგმებზე საუბრისას, გოჩა ლორთქიფანიძემ ყურადღება იუსტიციის სახლებისა და საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობაზე, სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობაზე და გამარტივებულ მიდგომებზე გაამახვილა.

სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა, თეა ახვლედიანმა კომიტეტის წევრებს სამთავრობო პროგრამის ის ნაწილი გააცნო, რომელიც სამშვიდობო ინიციატივას და სტაბილურობის განმტკიცებას ემყარება. 

მან კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის და ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებზე, ჰუმანიტარულ და სოციალურ კრიზისებზე ისაუბრა და ყურადღება არსებული გამოწვევების მშვიდობიანად მოგვარების გზებზე გაამახვილა.

„საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტი, საერთაშორისო არენაზე განხორციელებული არაღიარების ძალისხმევის პარალელურად და ჩვენი ქვეყნის სრულ დეოკუპაციასთან ერთად, რაზეც გუშინ ვრცლად ისაუბრა ჩემმა კოლეგამ, ბატონმა დავით ზალკალიანმა, დარჩება ადამიანზე ორიენტირებული შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელება, რაც გულისხმობს საოკუპაციო ხაზებით გაყოფილი საზოგადოებების დაახლოებას, დიალოგისა და ნდობის აღდგენის ხელშეწყობას, ასევე ადამიანებისთვის ცხოვრების ღირსეული პირობების შექმნას“, - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა.

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა თავის გამოსვლაში გასულ წელს უწყებაში განხორციელებულ რეფორმებზე, კოვიდ პანდემიის მართვის პროცესში სამინისტროს ჩართულობის საკითხებზე და რეგისტრირებულ დანაშაულთა ტიპებსა და სტატისტიკაზე ისაუბრა.

მინისტრობის კანდიდატმა სამომავლო გეგმებზე საუბრისას რეფორმების გაგრძელების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. ამ კუთხით, მომხსენებელმა კრიმინალური პოლიციის რეფორმირების პროცესზე, პოლიციელების შეიარაღების განახლებაზე, თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე, ნარკოპოლიტიკის გამკაცრებასა და ნარკორეალიზატორთა მიმართ განსახორციელებელ ღონისძიებებზე ისაუბრა.

„კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში, თბილისის პოლიციის დეპარტამენტში შეიქმნა არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველო, რომელიც დედაქალაქის მასშტაბით არასრულწლოვნების მიერ და მიმართ ჩადენილ დანაშაულებსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ახდენს რეაგირებას. სამინისტრო აგრძელებს არასრულწლოვნის ინტერესებზე მორგებული გარემოს შექმნაზე მუშაობას. მნიშვნელოვნად განახლდება პოლიციელების შეიარაღება, რაც წლების განმავლობაში, მასშტაბურად არ განხორციელებულა. ჩვენთვის პრიორიტეტად რჩება ნარკოტიკების გამსაღებლების მიმართ მკაცრი პოლიტიკის გატარება. 2020 წელს ნარკოტიკების რეალიზაციისთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული იქნა 71 ნარკორეალიზატორი. ნარკოდანაშაულის სფეროში მთავარ გამოწვევას ნარკოტიკული საშუალებების ინტერნეტვაჭრობა წარმოადგენს, რაც მსოფლიოში ბოლო პერიოდის ყველაზე მზარდი ტენდენციაა. ამ გამოწვევის საპასუხოდ, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში ნარკოტიკებისა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების ინტერნეტით და საფოსტო გზავნილებით გავრცელების წინააღმდეგ საბრძოლველად შეიქმნა სპეციალიზებული დანაყოფი“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მინისტრობის კანდიდატმა თავის გამოსვლაში საპატრულო და სასაზღვრო პოლიციის საქმიანობაზე, სამაშველო სამსახურის მიერ გაწეულ საქმიანობაზე და მომსახურების სააგენტოს მიერ დანერგილ ახალ სერვისებზეც ისაუბრა.

მინისტრობის კანდიდატების მოსმენა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. კომიტეტის წევრებმა სხდომაზე წარმოდგენილ მინისტრობის კანდიდატებს მათი დარგობრივი მიმართულებების შესაბამისად კითხვებით მიმართეს და დამატებითი ინფორმაციები მოისმინეს.

საკითხის განხილვის დასრულების შემდეგ, კომიტეტებმა ფარული კენჭისყრით, სამთავრობო პროგრამას და მთავრობისადმი ნდობის გამოცხადების საკითხს, მხარი დაუჭირეს.

წაკითხულია 134 ჯერ

Related items

  • შინაგან საქმეთა მინისტრი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა (ვიდეო)

    საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, რიკ დემსთან შეხვედრა გამართა.

    შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს მიმდინარე აქტუალური საკითხები, მათ შორის მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და საარჩევნო პროცესის უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების მნიშვნელობა.

    შინაგან საქმეთა მინისტრმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მიმდინარე წლის 5 ივლისს თბილისში განვითარებული მოვლენებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ გამოვლენილი ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებების შესახებ.

    ვახტანგ გომელაურმა რიკ დემსს მადლობა გადაუხადა საქართველოში დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერისთვის.

    შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა ევროპის საბჭოსთან სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.

  • ირაკლი ღარიბაშვილმა და რიკ დემსმა შარლ მიშელის შუამავლობით მიღწეულ შეთანხმებაზე ისაუბრეს

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ რიკ დემსს შეხვდა.
    ირაკლი ღარიბაშვილმა რიკ დემსს საქართველოს დემოკრატიული რეფორმირების პროცესში მისი კონსტრუქციული ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველო რჩება ევროკავშირის ერთგულ მოკავშირედ და დემოკრატიის მნიშვნელოვან დასაყრდენად გეოპოლიტიკურად რთულ რეგიონში. ყურადღება გამახვილდა კავკასიაში საქართველოს პოზიტიურ როლზე და საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარმატებულ მედიაციაზე, რომლის შედეგადაც, სომხეთის 15 მოქალაქე გათავისუფლდა, ხოლო აზერბაიჯანს მნიშვნელოვანი რუკები გადაეცა დანაღმული ტერიტორიების შესახებ.
    მხარეებმა 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ისაუბრეს. მთავრობის მეთაურმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს პანდემიის მიუხედავად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამკვირვებლების გამოგზავნისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება მოტივირებულია, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდეს მშვიდ და გამჭვირვალე გარემოში. პრემიერ-მინისტრმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს თხოვნით მიმართა, რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი ჩამოვიდეს ევროპის საპარლამენტო ასამბლეიდან, რათა არავის მიეცეს ნებისმიერი მიზეზით არჩევნებთან დაკავშირებით სპეკულაციის საშუალება.
    ირაკლი ღარიბაშვილმა და რიკ დემსმა შარლ მიშელის შუამავლობით მიღწეულ შეთანხმებაზე ისაუბრეს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მმართველმა გუნდმა შეთანხმებით გათვალისწინებული პუნქტები შეასრულა და პროცესი გრძელდება. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ოპოზიციის დიდ ნაწილს ხელი არ აქვს მოწერილი შარლ მიშელის შეთანხმებაზე, რაც პოლიტიკური ვითარების სტაბილიზაციისა და დამშვიდებისთვის შემაფერხებელი ფაქტორია.
    შეხვედრაზე საუბარი შეეხო 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ პოლიციამ მაღალ დონეზე იმუშავა, ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი ყველა ძალადობის ფაქტი მოკლე დროში იქნება გამოძიებული და ყველა დამნაშავე სათანადოდ დაისჯება.
    პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობა, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჟურნალისტებს თავისუფალი მუშაობის შესაძლებლობა ჰქონდეთ. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ 2012 წლის შემდეგ საქართველო ყველა რეიტინგებით მოწინავე ქვეყანაა, ევროკავშირის ბევრ ქვეყანას უსწრებს წინ და მედია თავისუფლება გარანტირებულია.
    მთავრობის მეთაურმა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, რუსეთი განაგრძობს უკანონო ქმედებებს აღმოსავლეთ ევროპაში და ადამიანის უფლებების საკითხებს მანიპულაციისა და პოლიტიკური მიზნებისათვის იყენებს. მისი თქმით, უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის გათავისუფლება დიდი წარმატებაა, რაც საქართველოს და საერთაშორისო პარტნიორების ერთობლივი ძალისხმევით მოხდა. პრემიერმა ხაზი გაუსვა უკანონოდ დაკავებული ირაკლი ბებუას გათავისუფლებისკენ მიმართული ძალისხმევის გაძლიერების მნიშვნელობას.
    მთავრობის მეთაურმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების და ნდობის აღდგენის პროცესში ევროპის საბჭოს მიერ გაწეული ძალისხმევისთვის და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციები ადეკვატურად ასახავს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ რთულ უსაფრთხოების და ჰუმანიტარულ ვითარებას. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ კვლავ ხმამაღლა ისაუბროს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების შესახებ და შესაბამისი ნაბიჯები გადადგას იმისთვის, რომ რუსეთის ფედერაციამ მის მიერ აღებული პოლიტიკური და სამართლებრივი ვალდებულებები, მათ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება შეასრულოს.

    მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური

  • ირაკლი ღარიბაშვილი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა, რომელიც საქართველოში ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის - "საქართველოს ევროპული გზა" ფარგლებში იმყოფებოდა.

    მხარეებმა პირისპირ შეხვედრაზე საქართველოსა და უკრაინას შორის არსებულ განსაკუთრებულ მეგობრულ და სტრატეგიულ პარტნიორობაზე ისაუბრეს.

    ირაკლი ღარიბაშვილმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ რეგიონული უსაფრთხოების საკითხები და შავი ზღვის რეგიონში არსებული ვითარება მიმოიხილეს.

    პრემიერ-მინისტრმა უკრაინის პრეზიდენტს დაუდასტურა მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და
    უკრაინის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

    ირაკლი ღარიბაშვილმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ ორი ქვეყნის საერთო გამოწვევაზე - რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეებსა და ოკუპაციის მძიმე შედეგებზე ისაუბრეს და კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიანი პოლიტიკის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

    მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური

  • საქართველო რჩება ევროკავშირის ერთგულ მოკავშირედ - აცხადებს ი. ღარიბაშვილი

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პირისპირ შეხვედრა გამართა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან, რომელიც საქართველოში ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის - "საქართველოს ევროპული გზა" ფარგლებში იმყოფება. 
    ირაკლი ღარიბაშვილმა შარლ მიშელს საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ბოლო დროს განხორციელებული მაღალი დონის ვიზიტები საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობების მაღალ დონეზე მიუთითებს და ხაზს უსვამს საქართველოსთვის ევროკავშირის მნიშვნელობას.
    პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო რჩება ევროკავშირის ერთგულ მოკავშირედ და დემოკრატიის მნიშვნელოვან დასაყრდენად გეოპოლიტიკურად რთულ რეგიონში. 
    შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოს პოზიტიურ როლზე კავკასიაში. პრეზიდენტმა მიშელმა ხაზი გაუსვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარმატებულ მედიაციას, რომლის შედეგად, სომხეთის 15 მოქალაქე გათავისუფლდა, ხოლო აზერბაიჯანს გადაეცა მნიშვნელოვანი რუკები დანაღმული ტერიტორიების შესახებ. ირაკლი ღარიბაშვილმა დაადასტურა მზადყოფნა, მომავალშიც აქტიურად იყოს ჩართული დიალოგის პროცესში და საქართველო იყოს პლატფორმა მოლაპარაკებებისთვის, რაც ხელს შეუწყობს არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებას და რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას. 
    პრემიერ-მინისტრმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან კავკასიის რეგიონში ევროკავშირის ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა საქართველოში შარლ მიშელის პირადი ჩართულობით მიღწეული პოლიტიკური შეთანხმების მნიშვნელობას. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მმართველმა გუნდმა შეთანხმებით გათვალისწინებული პუნქტები შეასრულა და პროცესი გრძელდება. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, დღემდე ოპოზიციის დიდ ნაწილს ხელი არ აქვს მოწერილი შარლ მიშელის შეთანხმებაზე, რაც ძალიან დიდი შემაფერხებელი ფაქტორია პოლიტიკური ვითარების სტაბილიზაციისა და დამშვიდებისთვის. 
    პრემიერმა შარლ მიშელთან პირისპირ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ხელისუფლების მთავარი ამოცანაა საქართველოში სტაბილური ვითარების და მშვიდობის შენარჩუნება. აღნიშნულ პოზიციას იზიარებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტიც. 
    საუბარი შეეხო მოახლოებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება მოტივირებულია, არჩევნები ჩატარდეს მშვიდ გარემოში, გამჭვირვალედ და პრეზიდენტ მიშელს თხოვნით მიმართა, რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი ჩამოვიდეს ევროკავშირიდან, რათა არავის მიეცეს ნებისმიერი მიზეზით არჩევნებთან დაკავშირებით სპეკულაციის საშუალება. შეხვედრისას აღინიშნა, რომ საქართველომ უკვე გაუგზავნა მოწვევა ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციას, ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებთან დაკავშირებით. 
    პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტ მიშელის საუბრის ერთ-ერთი თემა იყო საარჩევნო რეფორმა. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მმართველმა გუნდმა, ოპოზიციის ჩართულობით, თითქმის სრულყოფილი საარჩევნო რეფორმა შეიმუშავა. პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა ხელისუფლების მზადყოფნა, გაგრძელდეს მართლმსაჯულების მიმდინარე რეფორმა. ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, წლების განმავლობაში სასამართლოში განხორციელებული რეფორმების შედეგად, მიღწეულია მნიშვნელოვანი პროგრესი, თუმცა ეს საკმარისი არ არის, პროცესი გაგრძელდება და ბოლომდე მივა.

     მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური 

  • შინაგან საქმეთა მინისტრმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გააცნო გამოძიების ფარგლებში მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების შედეგები

    საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ შსს-ს ადმინისტრაცია იუწყება.

    მათი ინფორმაცით, ვახტანგ გომელაურმა ელჩებთან შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრა 1, 3, 5 და 6 ივლისს თბილისში განვითარებულ მოვლენებზე. კერძოდ, შინაგან საქმეთა მინისტრმა სტუმრებს გააცნო „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში სამინისტროს მიერ მოქალაქეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებისა და მათი უსაფრთხოების დაცვის კუთხით განხორციელებული ღონისძიებები.
    ვახტანგ გომელაურმა ასევე ისაუბრა 5 ივლისს, "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეთა აქციის დროს, მასმედიის სხვადასხვა წარმომადგენლის - ოპერატორებისა და ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის და მათ მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტებზე. შინაგან საქმეთა მინისტრმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს დეტალურად გააცნო აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგები და ამ ეტაპზე არსებული ვითარება. მან აღნიშნა, რომ კანონის შესაბამისად დაისჯება ყველა ის პირი, ვისი დანაშაულებრივი ქმედებაც გამოიკვეთება გამოძიების ფარგლებში.
    შინაგან საქმეთა მინისტრმა აგრეთვე ვრცლად ისაუბრა 11 ივლისს ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორის - ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე პოლიციელების მიერ განხორციელებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შესახებ. როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, გარდაცვალების უშუალო მიზეზის დასადგენად დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რომელშიც ჩართულია დამოუკიდებელი ექსპერტი.
    შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, სამინისტრო განაგრძობს აქტიურ საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებებს და უწყება პერიოდულად მიაწვდის საზოგადოებას და დიპლომატიურ კორპუსს განახლებულ ინფორმაციას.

ბიზნეს ნიუსი

„PSP ფარმა“ „საქსტატმა“ საუკეთესო პარტნიორად დაასახელა

„PSP ფარმა“ „საქსტატმა“ საუკეთესო პარტნიორად დაასახელა

„PSP ფარმა“ „საქსტატმა“ საუკეთესო პარტნიორად დაასა...

პოპულარული

« აგვისტო 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური